მთავარი,სიახლეები

მერის მოვალეობის შემსრულებელმა მრჩეველთა საბჭო დაითხოვა – მის ბრძანებას გაასაჩივრებენ

23.07.2020 • 1840
მერის მოვალეობის შემსრულებელმა მრჩეველთა საბჭო დაითხოვა – მის ბრძანებას გაასაჩივრებენ

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, მრჩეველთა საბჭო დაითხოვა. მის მიერ გამოცემული ბრძანება 23 ივლისით თარიღდება, თუმცა მერიის აპარატის უფროსი, ნუკრი დეკანაძე განმარტავს, რომ მერის მრჩეველთა საბჭოს მერის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტისთანავე ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება და არჩილ ჩიქოვანის ხელმოწერილი ბრძანება ამ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალური იურიდიული დოკუმენტია.

„მერს უფლებამოსილება შეუწყდა, მეორე დღიდან ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება ამ საბჭოსაც“, – გვითხრა ნუკრი დეკანაძემ. აპარატის უფროსმა განმარტებისას თვითმმართველობის კოდექსსა და საბჭოს დებულებაზე მიუთითა.

არჩილ ჩიქოვანის [მოვალეობის შემსრულებელი] ბრძანების მიხედვით, საბჭო 2018 წლის 5 თებერვალს ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე დაითხოვეს. ამ ბრძანების მესამე მუხლში ნათქვამია, რომ საბჭოს უფლებამოსილების ვადად  განისაზღვრება მერის უფლებამოსილების ვადა.

ლაშა კომახიძეს, რომელიც 16 ივლისს გადადგა [„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას გადადგომა აიძულეს], უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა. შესაბამისად, ბუნდოვანია არჩილ ჩიქოვანს თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული ვადით უნდა ეხელმძღვანელა, თუ კონკრეტული გადამდგარი მერის – ლაშა კომახიძის უფლებამოსილების ვადით.

გუშინ, 22 ივლისს ანუ ამ ბრძანების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, საბჭოსგან რეკომენდაციები მიიღო. საბჭო მერის მოვალეობის შემსრულებელს ქალაქში არსებულ რიგ პრობლემებზე ატყობინებდა და საკითხის შესწავლას სთხოვდა.

დათხოვნილი საბჭო აპირებს მერის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საბჭოს წევრებმა დაუდასტურეს.

მერის მრჩეველთა საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებით იყო დაკომპლექტებული. ამ საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ არჩილ ჩიქოვანი კრიტიკულად განწყობილი საბჭოს ნაცვლად, მის მიმართ კეთილგანწყობილი საბჭოს შეკრებას აპირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: