ჯარას თაფლის მწარმოებელმა 18-მა ქართველმა მეფუტკრემ ბიოსერტიფიკატი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თავიანთი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანა შეუძლიათ. საქართველოში ჯარას მეფუტკრეებმა ბიოსერთიფიკატი პირველად მოიპოვეს. ჯარას მეფუტკრეები ძირითადად აჭარაში ცხოვრობენ, „ბათუმელები“ ოთხ მათგანს ესაუბრა.
ჯარას თაფლი ძირითადად აჭარაში აწარმოებენ. წელს მეფუტკრეები 24 კასრიდან 3 ტონამდე ბიოთაფლს ელიან.
ჯარა ქართული, ტრადიციული სკაა, ხის მორი, რომელშიც ფუტკარი თაფლს აწარმოებს.
53 წლის მაყვალა სურმანიძე ჯარას მეფუტკრეა. ის ხულოს მაღალმთიან სოფელში, ფუშრუკაულში ცხოვრობს. მაყვალა პროფესიით მასწავლებელია, იგი 14 წელია მეფუტკრეა.
„ჩემი მამამთილი აწარმოებდა ადრე ბიოთაფლს, თითქმის 71 წელი, ბოლო 14 წელი კი მეც მეფუტკრე გავხდი. სოფელი გოდერძის უღელტეხილთან 14 კილომეტრითაა დაშორებული და გარემოც გვიწყობს ხელს, რომ ბიოთაფლი ვაწარმოოთ“, – ამბობს მაყვალა.
ჯარას თაფლის უპირატესობა ისაა, რომ თაფლის წარმოება მაქსიმალურად ბუნებრივ გარემოში, ადამიანის ჩარევის გარეშე მიმდინარეობს.
„ერთადერთი, რაშიც ჩვენ ხელს ვუწყობთ ფუტკარს, არის ის, რომ ვაკეთებთ ჯარას და ფუტკარს ვუშვებთ შიგნით. თაფლის წარმოება, ფიჭის დამზადება და ყველა სხვა პროცესი მიდის ბუნებრივად“.
ბიოთაფლის მწარმოებლები არ იყენებენ საკვებ დანამატებს ფუტკრის გამოსაკვებად და არც აკრძალულ შხამქიმიკატებს – მავნე მწერებისგან დასაცავად.
ჯარას თაფლის უპირატესობაზე გვესაუბრება გენადი დოლიძეც, რომელიც ქედაში, სოფელ ნამონასტრევში ცხოვრობს. მისი თქმით, ჯარაში არ არის ხელოვნური ფიჭა და მას ფუტკარი ბუნებრივად ამზადებს. სწორედ ასეთი ფიჭიანი თაფლი გააქვთ საზღვარგარეთ გასაყიდად.
„გარდა იმისა, რომ ჯარაში ბიოთაფლი მზადდება, ტკიპებისგან დასაცავადაც ბიოწამალს ვიყენებთ. ყველა სტანდარტს ვიცავთ და მასზე მოთხოვნაც მაღალია“, – გვეუბნება გენადი დოლიძე.
მას ჯარა სოფლიდან 16 კილომეტრში აქვს განთავსებული. გენადის ოჯახს 40 სკაც აქვს. მეფუტკრეობას მისი ოჯახი წლებია მისდევს და აპირებს, რომ წარმოება კიდევ უფრო გაზარდოს.
ჯარას თაფლს აწარმოებს რამინ ჯიჯავაძეც, რომელიც ასევე ქედაში, სოფელ მერისში ცხოვრობს.
„ჩემი ოჯახი ისტორიულად ჩართულია მეთაფლეობაში. ჯარას თაფლი ადრე უფრო მივიწყებული იყო, ყურადღებას ნაკლებად აქცევდნენ, თუმცა დღეს ყველაზე მოთხოვნადი ბიოთაფლია და ფუტკრის ოჯახებსაც ვამრავლებთ.
ჯარაში ძალიან ბუნებრივად ცხოვრობს ფუტკარი, თავისი გუნება-განწყობით აშენებს სათლს და ამზადებს თაფლს. ტკიპაზეც მხოლოდ ბუნებრივი პრეპარატებით ვწამლავთ ჯარას“, – ამბობს რამინ ჯიჯავაძე.
ჯარა მეფუტკრეა ჯემალ ბერიძეც. ის შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში ცხოვრობს და 20 წელია რაც მეფუტკრეობას ეწევა. ჯემალ ბერიძე ჯარას თავადაც ამზადებს ხოლმე და როგორც გვეუბნება, დაახლოებით ერთი სრული დღე მაინც სჭირდება მის დამზადებას.
„სასურველია წიფლის ხისგან დამზადდეს ჯარა, თუმცა ამ ხის მოჭრაზე შეზღუდვაა და ნებართვას ხშირად ვერ ვიღებთ. ამ დროისთვის 22 ჯარა მაქვს დამზადებული, შარშან 120 კილოგრამი თაფლი ავიღე, წელს – ვნახოთ“, – გვეუბნება ის.
ჯემალ ბერიძემ ბიოსერტიფიკატი წელს პირველად მიიღო. ამბობს, რომ ეს საშუალებას მისცემს ბიოთაფლის წარმოების გაზრდაზეც იფიქროს.
ასლან შაქარაძე ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე და, ასევე, საწარმო „აგრო ქედას“ გამგეობის წევრია. სწორედ ეს ასოციაცია ეხმარება ბიოთაფლის მწარმოებლებს სტანდარტების დაცვაში და თაფლის რეალიზაციაშიც.
„წელს 18-მა მეფუტკრემ აიღო ბიოსერტიფიკატი, აგვისტოში კი კიდევ 6 მეფუტკრე ელოდება ბიოსერტიფიკატს გერმანიიდან. წელს სულ ცოტა 3 ტონამდე ბიოთაფლს ველოდებით 24 ჯარადან. იზრდება წარმოება, რადგან ბუნებრივ თაფლზე გაიზარდა მოთხოვნა“, – ამბობს ის.
ჯარადან თაფლის ამოღების პროცესს ასლან შაქარაძე უშუალოდ აკვირდება:
„ადგილზე ხდება დაფასოება, დანომვრა, კოდის მინიჭება და მწარმოებლის სახელი და გვარი იწერება. შემდეგ ეს პროდუქცია გადმოგვაქვს საწარმოში, რომელიც ასევე აგვისტოში მიიღებს ბიოსერტიფიკატს, აქედან კი თაფლის ადგილობრივ თუ ევროპულ ბაზარზე გატანაში კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ გვეხმარება, რომელმაც 2018 წელს დაიწყო ბიოთაფლის შეგროვება კომერციული მიზნით“.
ასლან შაქარაძის თქმით, 2020 წლის თებერვალში ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციამ ჯარას თაფლის ნიშანი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრში დაარეგისტრირა.
„ჯარას თაფლი წარმოდგენილი იყო არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ჯარაზე და აჭარაზე მომზადებულმა დოკუმენტურმა ფილმმა – „ჯარა“ რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა და შეიქმნა ჯარა თაფლის საპრომოუშენო გვერდიც“.
შაქარაძის თქმით, იმისათვის, რომ ბიოთაფლი დამზადდეს, სკაში არ უნდა იყოს გამოყენებული ჟანგვადი მასალა, აუცილებლად უნდა იყოს ბუნებრივი ფიჭა და არა პარაფინნარევი.
როგორც ასლან შაქარაძე ამბობს, დღეს ქვეყანაში ბიოსანთლის წარმოების პრობლემაა, სწორედ ამიტომ იყენებენ ხელოვნურ ფიჭას სკებში.
„ფაქტობრივად, ბიოცვილი არ არსებობს ბაზარზე, მაგრამ თუკი ჯარასა მეფუტკრეებისგან შეგროვდება ბუნებრივი ცვილი, დროთა განმავლობაში შევძლებთ ბიოფიჭის დამზადებასაც. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ბიოფიჭა რომ დაბეჭდო, საბეჭდიც უნდა აკმაყოფილებდეს ბიო მოთხოვნებს“.
დღეს ერთი კილოგრამი ჯარას ბიოთაფლის ფასი 25 ლარიდან იწყება, თუმცა შესაძლოა ფასი ისევ გაიზარდოს.
________________________________________
მთავარ ფოტოზე: ჯემალ ბერიძე, ჯარას მეფუტკრე შუახევიდან.