მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ თანხმდება ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე აჭარაში?

23.07.2020 • 2041
რატომ ვერ თანხმდება ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე აჭარაში?

კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი რეგიონებში და, მათ შორის, აჭარაში თავ-თავისი კანდიდატების დასახელებას აპირებს. ოპოზიციური შეთანხმება საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მხოლოდ თბილისში შედგა.

რატომ ვერ თანხმდებიან რეგიონებში საერთო კანდიდატებზე და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიციას შესაძლებლობა რომც მიეცეს, კოალიციურ რეჟიმში მუშაობა გაუჭირდება, თუკი კონსენსუსს არჩევნებამდე ვერ ახერხებს? – ამ თემაზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს იკვეთება, რომ პარტიების ნაწილი შეთანხმების რესურსს ამ თემაზე უკვე ამოწურულად თვლის, ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებლად საკუთარი კანდიდატით უნდა მივიდეს ამომრჩეველთან, ნაწილი კი ელის, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციას საერთო კანდიდატებზე შეთანხმება მოუწევს.

„ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები აჭარის სამივე ოლქში ექვსივე პოზიციაზე, ანუ პარლამენტისთვის და უმაღლესი საბჭოსთვის… როცა პოლიტიკურმა პარტიებმა კონსულტაციები დაიწყეს, მაშინ თქვეს, რომ თბილისში შეთანხმდებოდნენ და რეგიონებში ეცდებოდნენ ამას. ცოტა რთულია ამდენმა პარტიამ შეთანხმებას მიაღწიოს… კარგია, რომ თბილისში შედგა ეს შეთანხმება,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ, იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელია.

გიორგი კირთაძე ამბობს, რომ მას არ სმენია და, შესაბამისად, არც ჩართული ყოფილა პარტიების საერთო შეხვედრებში, სადაც რეგიონებში საერთო მაჟორიტარების შეთანხმებაზე იქნებოდა საუბარი. ჩვენ მას ასევე ვკითხეთ: რატომ შეიძლება ეს არ აწყობდეს ოპოზიციურ პარტიებს, როცა ამით სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების შანსი იზრდება?

„თბილისში იყო უფრო ეს საჭირო, სხვა დატვირთვა აქვს, გარდა იმისა, რომ ოლქია, პოლიტიკური მნიშვნელობა მეტია… რა თქმა უნდა, სასურველი იყო დიდ ქალაქებშიც მომხდარიყო ეს შეთანხმება, მაგრამ ეს ურთულესი საკითხია… აჭარაში ეს შეთანხმება არ იყო იოლად მისაღწევი, რადგან აქ უმაღლესი საბჭოს არჩევნებიცაა,“ – მიიჩნევს გიორგი კირთაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის აზრით, აჭარის მაღალმთიანეთში, რომელიც ახლა უკვე ერთი სამაჟორიტარო ოლქია, უმჯობესია ოპოზიციას ცალ-ცალკე კანდიდატები ჰყავდეს, რადგან იქ რამდენიმე მუნიციპალიტეტია. გიორგი კირთაძე ყურადღებას ამახვილებს ამომრჩევლის ქცევაზე – მისი დაკვირვებით, „პროპორციულზე მისაღები ხმები ხშირად მიბმულია მაჟორიტარი კანდიდატის რეიტინგზე. თბილისში 8-დან 6 დავთმეთ, იმ ექვსში არ იქნება მარტივი მუშაობა „ნაციონალური მოძრაობისთვის,“ როცა არ გყავს კანდიდატი,“ – განმარტავს გიორგი კირთაძე.

გიორგი კირთაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არ თვლის, რომ შეთანხმება და კონსენსუსი არ შედგა. იგი მიღწევად მიიჩნევს იმას, რომ ოპოზიცია, თუკი მეორე ტურამდე მივიდა საქმე, ოპოზიციის კანდიდატს დაუჭერს მხარს. გარდა ამისა, ოპოზიცია შეთანხმდა ერთიანი ძალისხმევით საარჩევნო ხმების დაცვაზე.

„…იგივე წარმატებით შეიძლებოდა შემდგარიყო შეთანხმება გურიაში და სადღაც შესაძლოა შედგეს, სადღაც ვერა, ოღონდ კავშირში არაა ეს კოალიციის ჩამოყალიბებასთან. ჩვენ შევთანხმდით საერთო რამეზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი საფრთხე ქვეყნისთვის და დროზეა გასაშვები. ჩვენ ერთიანი სტრატეგია გვქონდა ასევე პროპორციული სისტემით საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით,“ – ამბობს გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“.

ოპოზიციურ ძალებთან საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას საერთოდ გამორიცხავენ პოლიტიკურ მოძრაობაში – „ლელო საქართველოსთვის“. ეს პოლიტიკური ძალა არც თბილისზე შეუთანხმდა ოპოზიციურ პარტიებს. გამონაკლისი მხოლოდ ვაკის ოლქია, სადაც „ლელო“ არ აპირებს საკუთარი კანდიდატი დაუსახელოს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს – ელენე ხოშტარიას.

„ლელოს“ ყველა სამაჟორიტარო ოლქში ეყოლება „ლელოელი“ კანდიდატი… სხვა ტიპის შეთანხმება ჯერჯერობით არ არის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ირაკლი კუპრაძე, რომელიც „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერია აჭარაში. ირაკლი კუპრაძის თქმით, „ლელო“ ამომრჩევლის დაახლოებით 60 პროცენტთან საკუთარი კანდიდატით მივა, ანუ ე.წ. „გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან“ და დაარწმუნებს, რომ ის „ოცნებას“ არ წარმოადგენს და არც „ნაციონალურ მოძრაობას“.

ირაკლი კუპრაძე

„ლელო საქართველოსთვის“ უნდა იყოს, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა. შესაბამისად, უცნაური და რთული იქნება სხვა ტიპის შეთანხმებაზე წასვლა… ამომრჩევლის დაახლოებით 60 პროცენტს არ უნდა არც წარსული ძალა და არც თანამედროვე… ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ოლქებში დავამარცხოთ, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები, პირველ რიგში,“ „ოცნების“, რადგან ის არის სახელისუფლებო პარტია,“ – აღნიშნავს ირაკლი კუპრაძე.

„სასურველია კი არა, საჭიროა, რომ ოპოზიცია შევთანხმდეთ ერთიან კანდიდატებზე…“ – კატეგორიულია პეტრე ზამბახიძის პოზიცია. იგი „ევროპული საქართველოს“ ლიდერია აჭარის რეგიონში. პეტრე ბუნებრივად უყურებს იმას, რომ ყველა პარტიას საკუთარი კანდიდატის დასახელება სურს, თუმცა დარწმუნებულია, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს რეგიონებშიც მოძებნიან.

„მე მაქვს მოლოდინი საღი აზრი იმის, რომ დასავლური ღირებულებების პარტიები შეძლებენ, მათ შორის ჩვენს რეგიონში, ისეთი საერთო კანდიდატების დასახელებას, რომლებიც შეძლებენ სახელისუფლებო კანდიდატების დამარცხებას… აუცილებლად გამოჩნდება რამდენიმე პარტია, რომელიც ამას დასთანხმდება. კამპანია როცა დაიწყება, ნახავენ ვის რა რეიტინგი აქვს… ისინი დაინახავენ, რომ საზოგადოების დაკვეთა არის ერთიანი კანდიდატები. ადრე თბილისზეც ამბობდნენ, რომ არ გამოვიდოდა შეთანხმება, მაგრამ ხომ გამოვიდა? ვადა როცა მოდის, მაშინ რა პოზიციები ექნებათ, ამას ექნება არსებითი მნიშვნელობა,“ – მიიჩნევს პეტრე ზამბახიძე.

პოლიტიკურ პარტიებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შეუძლიათ. „ევროპულ საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თვლის, რომ სწორედ ამ პერიოდამდე, ანუ სექტემბრის ბოლომდე შედგება ამ თემაზე აქტიური მოლაპარაკებები, მანამდე კი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის კანდიდატებსაც დააკვირდებიან.

პეტრე ზამბახიძე

„ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება სჭირდება კონკრეტული კანდიდატის ცნობადობა, რეპუტაცია, პრინციპულობა, რომ ჩვენ ესა თუ ის ადამიანი დავასახელოთ ამ ნიშნით… „ევროპული საქართველო“ მზადაა დრო და ენერგია დახარჯოს, რომ რეგიონების დონეზე შევჯერდეთ კანდიდატებზე. მე, პირადად, ვიტოვებ იმედს, რომ სწორად მიიღებს ოპოზიცია გადაწყვეტილებას და შეძლებას ისეთი რეალური კანდიდატების მხარდაჭერას, რომელიც საერთო ჯამში ოპოზიციას მოუტანს გამარჯვებას,“ – გვითხრა პეტრე ზამბახიძემ.

პეტრე ზამბახიძე თვლის, რომ კონსენსუსი საერთო კანდიდატებზე იქნება გზავნილი საზოგადოებისთვისაც, რომ ეს პოლიტიკური ძალები კოალიციურ რეჟიმში მუშაობას შეძლებენ, თუკი ამომრჩეველი მათ ნდობას გამოუცხადებს.

„ეს შეთანხმება, რა თქმა უნდა, ძნელია განსაკუთრებით ისეთი პარტიებისთვის, რომელსაც მეტი რეიტინგი გვაქვს, მაგრამ ჩვენ პარტიის მზაობა ამის მიმართ არსებობს,“ – დასძინა პეტრე ზამბახიძემ.

ანალოგიურად ფიქრობენ ახლადდაარსებულ პარტიაში „მოქალაქეები“. ეს ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ მიერ დაფუძნებული პარტიაა. ეს პარტიაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას უახლოეს დღეებში აპირებს, თუმცა აქ თვლიან, რომ შეთანხმება საჭიროა და მოლაპარაკების პროცესი კანდიდატების დასახელების შემდეგ დაიწყება.

გენრი დოლიძე

„…აქტიური კონსულტაციები ამ საკითხზე ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ამის სურვილი აქვს რამდენიმე პოლიტიკურ ძალას. ჩვენ სურვილია კანდიდატებზე შეჯერება. ეს დამოკიდებული იქნება ძლიერ კანდიდატზე, რომელიც რეალურად მოიგებს,“ – გვითხრა გენრი დოლიძემ, პარტია „მოქალაქეების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და ლიდერმა აჭარაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: