ბათუმი,მთავარი,სიახლეები

თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირება 1-ელ აგვისტომდე შეუძლიათ

25.07.2020 • 3617
თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირება 1-ელ აგვისტომდე შეუძლიათ

როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა 2020 წლის 1-ელ აგვისტომდე [31 ივლისის ჩათვლით] აქვთ. საქართველოში თვითდასაქმებულების რეგისტრაციის ბოლო ვადა 1-ლი ივლისი, საზღვარგარეთ დასაქმებულთათვის კი – 15 ივლისი იყო.

რეგისტრაციის ვადა 2020 წლის პირველ აგვისტომდე რომ გაგრძელდებოდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 9 ივლისს განაცხადა, თუმცა, მთავრობის შესაბამისი დადგენილება 24 ივლისს გამოქვეყნდა და ამავე დღეს ამოქმედდა. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ის 2020 წლის 15 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.

კომპენსაციის [300 ლარი] მიღების უფლება აქვს საზღვარგარეთ თვითდასაქმებულს, რომელსაც 2019 წელს უფიქსირდება საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-იდან 120 კალენდარული დღის ჩათვლით.

პირველ აგვისტომდე გაუგრძელდათ ასევე რეგისტრაციის ვადა „ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებსა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს, რომელთაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან, ასევე მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1 აპრილამდე და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან“.

ასევე, 2020 წლის 1 აგვისტომდე, დასაქმების სააგენტოს მიერ შეტყობინების საფუძველზე, სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირებულ პირებს არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაციის განახლების საშუალებაც ექნებათ.

მთავრობის ახალი დადგენილებით, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ჯანდაცვის მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს მთავრობის წინაშე და მას საბოლოო ანგარიშს წარუდგენს.

რეგისტრაცია შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე.

იმ მოქალაქეებმა კი, რომლებთაც რეგისტრაციასთან ან კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ, უნდა დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505, ან დაუკავშირდნენ დასაქმების სააგენტოს, ელექტრონული ფოსტის საშუალებთ: infosesa@moh.gov.ge

როგორ მივიღო კომპენსაცია, 300 ლარი? – პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე  

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით: 

  • 2020 წლის 21 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 218 791 თვითდასაქმებული.
  • მათგან 121 520 პირმა უკვე მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 456 000 ლარი.
  • რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 225 756 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 45 151 200 ლარს.

ამ თემაზე:

200 და 300 ლარის კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: