მოსამართლე პრეზერვატივის წარწერაზე: რას ნიშნავს „ძლევაი საკვირველი“?

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ანანია გაჩეჩილაძემ აღწერა, რას მოიაზრებდა პრეზერვატივზე წარწერა „ძლევაი საკვირველი“, მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა გამეორება ითხოვა.

„არ მესმის კარგად, იქნებ გაიმეოროთ…“ – თქვა მოსამართლემ.

მოსარჩელის ინტერესების დამცველმა, მარი კაპანაძემ, მოსამართლეს მოკლედ უთხრა, რომ ინტერპრეტაცია შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ „ძლევაი საკვირველის“ პრეზერვატივზე დაწერა უფრო მამაკაცის დომინანტურ მდგომარეობას აღწერს სექსში. „მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ სქესობრივი კავშირი ასოცირებულია მხოლოდ მამაკაცის სიძლიერესთან“, – დასძინა იურისტმა.

„ბირთვისის ბრძოლა რომ იყოს, ან ხერთვისის ომი, ან ჯვაროსნების 25-ე ლაშქრობა, იმავე დისკურსის შემოტანა იქნებოდა, რომ ომში კაცები იბრძვიან? ვერ გავიგე, რა დისკურსის შემოტანა გინდოდათ“, – აღნიშნა მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა.

„არა, გამარჯვების სიმბოლო რომ მხოლოდ მამაკაცია მონარქის შემთხვევაში, ესაა პარალელი…“ – უპასუხა მოსამართლეს იურისტმა მარი კაპანაძემ.

„გასაგებია,“ – ჩაილაპარაკა მოსამართლემ.

დღეს, 2 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განიხილა მოქალაქე ანანია გაჩეჩილაძის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც „არაეთიკური“ რეკლამისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საუბარია „აიისას“ პრეზერვატივებზე, რომლის გამოც კომპანია „აიისა“ 2018 წელს 500 ლარით დააჯარიმეს.

„ძლევაი საკვირველი“ ძალადობრივი სექსის გაკრიტიკებაც იყო….“ – უთხრა მოსამართლეს ანანია გაჩეჩილაძემ სხდომაზე, რომელიც დისტანციურად გაიმართა. კითხვები სხვა მოსამართლეებმაც დასვეს.

მაგალითად, მოსამართლე მანანა კობახიძე დაინტერესდა, მოსარჩელეების აზრით, როდის და რა შემთხვევაში შეიძლება შეზღუდოს სახელმწიფომ გამოხატვის თავისუფლება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოტივით. მოსარჩელეების აზრით, ცალკეულმა მოქალაქემ, ან მოქალაქეთა ჯგუფმა, თუკი ისინი შეურაცხყოფილად მიიჩნევენ თავს, თავად უნდა მიმართონ სასამართლოს და სახელმწიფოს ჩარევის უფლება არ უნდა ჰქონდეს, რადგანაც ეს „საშიშ რისკებს“ აჩენს.

„…როცა კონკრეტული პირის მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებას აქვს ადგილი, გასაგებია, რომ ეს პერსონალურია და მან უნდა უჩივლოს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს ისეთი ტიპის რეკლამასთან, რომელმაც ფართო ჯგუფს ადამიანებისა მართლაც მიაყენებს შეურაცხყოფას, ხომ შეიძლება არაერთიკური რეკლამა განათავსოს პირმა, დავანებოთ კონკრეტულ ქეისს თავი, შეიძლება თუ არა ბუნებაში არსებობდეს ისეთი ტიპის რეკლამა, რომელმაც ადამიანების ფართო ჯგუფს მიაყენოს შეურაცხყოფა და ამან შეიძლება შექმნას საფრთხე, შეხლა-შემოხლა, ვნებათაღელვა?“ – იკითხა მანანა კობახიძემ.

„ვინ წყვეტს, მოხდა თუ არა პატივის და ღირსების შელახვა? ამაზე უნდა მომზადდეს ერთიანი სარჩელი, ან ცალკე, ეს არის სუბიექტებს შორის არსებული ურთიერთობა და არა სახელმწიფოს ჩარევა,“ – შეეპასუხა მოსამართლეს იურისტი შოთა ქობალია.

„ანუ ეს ჩანაწერი, რაც უკავშირდება საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ეს არ არის კანონით, სამართლის დაცვის ღირსი სიკეთე და არც კონსტიტუციიდან ეს არ გამომდინარეობს?“ – ჩაეკითხა მოსარჩელე მხარეს მოსამართლე მანანა კობახიძე.

„არაკონსტიტუციურია ის, რომ ეთიკის და მორალის ასპექტები რაც დაცული უნდა იყოს, ის ისედაც დაცულია კონსტიტუციით… სწორედ ზნეობრივი ნორმები და ღირებულებებია ასახული კონსტიტუციის მუხლებში, მაგალითად, სიცოცხლის უფლება, ქონების უფლება და ასე შემდეგ…“ – უთხრა მოსამართლეს შოთა ქობალიამ. GDI-ის იურისტის აზრით, სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ზღუდავდეს გამოხატვის თავისუფლებას, როცა არსებობს მყისიერი საფრთხე.

მოსამართლე მანანა კობახიძე ასევე დაინტერესდა, როგორ იმუშავა პრეზერვატივების რეკლამამ და როგორ გაიგო ეს საზოგადოებამ.

„საზოგადოებამაც ეს ასე გაიგო, რომ თამარ მეფე, რომელიც არის წმინდანად შერაცხული, ამ დროს იქ გაუგებარია შეიძლება, რას გულისხმობდით, ერთია, რა მესიჯს ითვალისწინებდა შემსრულებელი, მეორეა ობიექტური დამკვირვებელი როგორ აღიქვამს ამას… საზოგადოებას გააგებინეთ, რომ თამარ მეფეც ქალი იყო და მას ჰქონდა სქესობრივი ცხოვრება ხო?“ – იკითხა მოსამართლემ.

მოსარჩელის ინტერესების დამცველებმა მოსამართლეს უპასუხეს, რომ ბევრი გაღიზიანდა და თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

„მაგრამ არიან ანანია გაჩეჩილაძის მსგავსი ადამიანები, რომლებსაც მსგავს ტაბუდადებულ თემებზე საუბარი სურთ და ეს არის მათი ავტონომიურობის შემადგენელი ნაწილი… ჩვენი ისტორია გაჯერებულია საკრალური ელემენტებით და თუ ისტორია დაიცლება ამისგან, მე პირადად მგონია, რომ ეს სწორია… ჩვენ სწორედ საშუალო სტატისტიკური აღქმიდან არ გვინდა შევაფასოთ ეს საკითხი,“ – მიმართა მოსამართლეს შოთა ქობალიამ.

იურისტმა მარი კაპანაძემ მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ მიზანი გენდერული როლების სტერეოტიპების ხაზგასმაც იყო, რომ ძლიერ ქალ მმართველსაც შეიძლებოდა ჰქონოდა სექსი, როგორც ეს სერიალშია „სამეფო კარის თამაშები“.

„მიზანს მიაღწიეთ, მეტი გაყიდეთ ეს პროდუქტი?“ – ისევ იკითხა მანანა კობახიძემ. ანანია გაჩეჩილაძემ მოსამართლეს უპასუხა, რომ „ეს კარგი განაცხადი იყო“.

გადაწყვეტილებას ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

რატომ ჩამოვარდა და დაიღუპა მუშა მშენებლობიდან 

შპს „სუპერ გრუპის“ წინააღმდეგ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ განმეორებითი საქმის წარმოება დაიწყო გასულ შაბათს, 30 იანვარს. სწორედ ამ დღეს სამშენებლო ობიექტიდან 35 წლამდე მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა.

ინსპექციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სამართალდამრღვევს კანონის შესაბამისად მიეცა მითითება“. კომპანია იმავე მიზეზით – „უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო“ – გასულ წელს ორჯერ გააფრთხილეს, შესაბამისი საქმის წარმოება კი ორივე შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორების შემდეგ შეწყდა.

მუნიციპალურ ინსპექციაში არ გვიპასუხეს კითხვაზე, კონკრეტულად რა დარღვევა დააფიქსირა მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფმა 30 იანვარს, მას შემდეგ, რაც მუშა შენობიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. გვაინტერესებდა ხომ არ უკავშირდებოდა დარღვევა ე.წ. უსაფრთხოების ბადეს ან მასთან დაკავშირებულ ხარვეზს. სამსახურში არც ამ კითხვაზე გვიპასუხეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტს უსაფრთხოების ბადე შემოვლებული ჰქონდა, თუმცა უბედური შემთხვევის დროს ერთ მხარეს ეს ბადე მოხსნილი იყო, სამშენებლო მასალების ასატანად. მუშაც სწორედ ამ მხრიდან გადავარდა.

კომპანიაში გვითხრეს, რომ ჩვენს კითხვებს ვერ უპასუხებენ: „მფლობელს უნდა დაურეკოთ, ვერაფერს გეტყვით“.

კომპანიის მფლობელთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 -ე მუხლით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ლგბტქ თემის საჭიროებები სახელმწიფოს დღის წესრიგის მიღმა | კვლევა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ ლგბტქ ჯგუფის სოციალური გარიყულობისა და ძალადობის გამოცდილების კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ლგბტქ ადამიანები სხვებთან თანასწორად და თავისუფლად ვერ ცხოვრობენ, სახელმწიფოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებში კი მათი რეალური საჭიროებები ადეკვატურად არ არის ასახული. 

კვლევაში, რომელიც 2019 წელს ჩატარდა, 320 ადამიანი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის 9.40% აჭარიდან.

ჰეტეროსექსისტური კულტურის პირობებში თემს შეზღუდული აქვს საკუთარი იდენტობის გამოხატვის შესაძლებლობები და მათ მუდმივად უწევთ თვითშეზღუდვა და თვითკონტროლი.

კვლევა აჩვენებს, რომ ლგბტქ თემის წევრებისთვის ქამინგაუთს შედეგად მრავალმხრივი მოწყვლადობა შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის, ძალადობა, განათლებაზე ადეკვატური წვდომის არარსებობა, ჯანმრთელობის სერვისით სარგებლობის შეუძლებლობა და უსახლკარობის გამოწვევები.

რესპონდენტების 63.9% თავს არიდებს სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებას, განსაკუთრებით, სახლში/ოჯახში, სამეზობლოში, ქუჩასა და სხვა საჯარო სივრცეებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ლგბტქ ჯგუფის წევრებისთვის დაცული სივრცე თითქმის არ არსებობს და მათ მუდმივად უწევთ საკუთარი თავის პრეზენტირების/გამოხატვის კონტროლი.

კვლევის თანახმად  სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მასშტაბი კვლავ მაღალია, თუმცა რესპონდენტები სამართალდამცავ სისტემას კვლავ იშვიათად მიმართავენ: ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში სამართალდამცავ სისტემას რეაგირებისთვის მხოლოდ 30.4%-მა მიმართა, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში – 14.2%-მა.

კვლევა აჩვენებს, რომ ლგბტქ ჯგუფის 74.1% საერთოდ არ ენდობა ან უფრო არ ენდობა სამართალდამცავ უწყებებს, „რაც კომპლექსური ფაქტორებით არის განპირობებული, მათ შორის, წარსულში მიღებული ნეგატიური გამოცდილებებით, ამ სისტემის ჰიპერმასკულინურობითა და ინსტიტუციური ჰომოფობიით,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

ცხოვრების განმავლობაში სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობის გამოცდილების მაჩვენებელი ძალადობის ფორმების მიხედვით

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ლგბტქ ადამიანთა წვდომა განათლებაზე შეზღუდულია. ყველაზე მწვავე პრობლემები სკოლის საფეხურზე გამოვლინდა.

კვლევა აჩვენებს, რომ რესპონდენტების 32.2%-თვის, ზოგადი განათლების მიღების ბარიერია ჰომოფობიური დისკრიმინაცია პედაგოგების ან/და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, ხოლო 41.9%-თვის – კლასელების/სკოლელების მხრიდან მომდინარე ჰომოფობიური ბულინგი.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, მის ხელმისაწვდომობას, პირველ რიგში, ხელს სწავლის გადასახადთან დაკავშირებული სოციალური ბარიერები უშლის – სტუდენტებს უწევთ არჩევანი გააკეთონ განათლებასა და ფინანსურ შემოსავალს შორის.

კვლევის რესპონდენტების 93.1% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ლგბტქ ადამიანებს, სხვებთან შედარებით, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი დასაქმებაზე“. შესაბამისად, ლგბტქ ჯგუფის ნაწილი ირჩევს იმ სამუშაო გარემოს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი, დისკრიმინაციის მოლოდინის გარეშე, თუმცა ეს, ცალკეული გამონაკლისების გარდა, მათ დაბალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე კონცენტრირებისკენ უბიძგებთ. 

დასაქმებულ რესპონდენტთა მეხუთედზე მეტი (22.3%) ერთდროულად ორ სამუშაო ადგილასაა დასაქმებული, რისი მიზეზიც 88.9%-ის შემთხვევაში, დაბალი ანაზღაურებაა. ასევე აღსანიშნია, რომ კვლევაში გამოკითხულთა 82%-თვის შრომის ანაზღაურება მხოლოდ კვების, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად არის საკმარისი”. 

წვდომა ჯანდაცვის ადეკვატურ ხარისხზე – ამ თვალსაზრისით, ლგბტქ პირთა დიდი ნაწილისთვის მთავარი გამოწვევა ფსიქიკური ჯანმრთელობაა. რესპონდენტების 43.1%-ს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, რასაც რესპონდენტთა 37.1% უშუალოდ მათ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ სტიგმასთან, დისკრიმინაციულ პრაქტიკასა და სტრესთან აკავშირებს

თუმცა, რადგანაც საყოველთაო და კერძო სადაზღვევო კომპანიები ფსიქიკურ ჯანმრთელობას არ აზღვევენ, თემის წევრებს უწევთ ძალადობით, სტიგმით, დისკრიმინაციითა და მიუღებლობით გამოწვეულ ზიანს თავად გაუმკლავდნენ. 

კვლევაში ვკითხულობთ, რომ სოციალური დაცვა და უსახლკარობის რისკების პრევენცია ლგბტქ თემის წევრებისთვის არსებითი მნიშვნელობისაა; სახელმწიფოს კი არასაკმარისად აქვს გააზრებული უსახლკარობის რისკების გამომწვევი ფაქტორები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის.

უსახლკარობის გამოცდილების მქონე რესპონდენტთა 58.1% უსახლკარობის გამომწვევ მიზეზად მიუთითებს როგორც ფინანსური შემოსავლის არქონას, ასევე დაბალ შემოსავლებს. უსახლკარობის მიზეზად რესპონდენტების 43.5% -მა ოჯახის წევრებთან ქამინგაუთი დაასახელა. 41.9%-მა უსახლკარობის მიზეზად დაასახელა ოჯახის წევრების მხრიდან იდენტობის გამო ძალადობა. 

სახელმწიფოს პოლიტიკა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის თვალსაზრისით მხოლოდ საპოლიციო მიდგომაზე დგას, რაც ვერ აგვარებს ჰომოფობიის არსებობასა და ჩაგვრას, როგორც სტრუქტურულ წესრიგს.

დაპირებულ 100 ლარს ბათუმის საბავშვო ბაღებში სავარაუდოდ სექტემბერში მიიღებენ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯერ კიდევ 2019 წელს განაცხადა, რომ 2020 წლის სექტემბერში საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 100 ლარით უნდა გაზრდოდათ. თუმცა ბათუმის მერიამ უსახსრობა მოიმიზეზა და ხელფასები ბაღებში არ გაზარდა. ამჯერად ბათუმის მერიაში ირწმუნებიან, რომ ხელფასების გაზრდა 2021 წლის ბიუჯეტში აქვთ გათვალისწინებული და სექტემბერში საბავშვო ბაღების თანამშრომლები 100 ლარით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს 100 ლარი, შესაძლოა სულაც არ იყოს ასი – ისევე როგორც სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში: ხელფასის მატება პროპორციული წესითაა დაგეგმილი, ანუ მატება სამუშაო საათების რაოდენობის გათვალისწინებით მოხდება.

„ასი ლარი დაემატება პროპორციული წესით. საშტატო პროექტი უნდა წარმოადგინოს „ბაღების გაერთიანებამ“ და მერის დასტურის შემდეგ, გაზრდილი ხელფასები სექტემბერში უნდა აისახოს. ამ კუთხით ფინანსური რესურსი დათვლილია და ასახულია მუნიციპალურ ბიუჯეტში. დარჩენილია მხოლოდ პროცედურული საკითხი,“ – ამბობს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი, ედნარ ნატარიძე.

მისი თქმით, ასი ლარი ხელფასზე უნდა დაემატოს საბავშვო ბაღის პედაგოგს, ძიძას, აღმზრდელის და მზარეულის თანაშემწეს.

„ბათუმელები“ ბათუმში საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, თენგიზ აფხაზავასაც დაუკავშირდა და ჰკითხა, როდისთვის იქნება მზად ახალი საშტატო პროექტი, რომელიც მერიაში უნდა წარადგინოს.

აფხაზავა ადასტურებს, რომ ხელფასების ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებულია, „თუმცა, პროპორციულად მოხდება, თუ რომელ თანამდებობას ზუსტად რამდენი დაემატება, გვეცოდინება ივლის-აგვისტოში“, – ამბობს ის.

აფხაზავას თქმით, ამ დროისთვის ბათუმის საბავშვო ბაღებში აღმზრდელის ხელფასი 620 ლარია, ხოლო ძიძის – 600 ლარი. თუმცა აფხაზავა არ აკონკრეტებს, ამ თანხას აღმზრდელი სრულ განაკვეთზე იღებს, თუ ნახევარის შემთხვევაში. „ეს თუ გაინტერესებთ, წერილობით უნდა მოგვმართოთ“, – გვითხრა მან.

აფხაზავა დაზუსტებით ვერც იმას ამბობს, ხელფასი მხოლოდ საშუალო რგოლს გაეზრდება, თუ თანამდებობებზე დასაქმებულებსაც. „მაღალი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, არ ემატებათ არც ჩვენთან და არც ბაღის გამგეს. დანარჩენზე ვისაუბრებთ და განვიხილავთ“, – გვითხრა მან.

საბავშვო ბაღები ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მიხედვით ბაღის თანამშრომელთა ხელფასები განსხვავებულია.

ქობულეთის სოფელი ჯიხანჯური ცოფის 3 შემთხვევის გამო კარანტინშია

ქობულეთის ოთხ სოფელში – ჯიხანჯურში, ცეცხლაურში, ლეღვას სამხრეთ და ქაქუთის აღმოსავლეთი ნაწილში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა შინაურ ცხოველებს, სოფელ ჯიხანჯურში კი 60-დღიანი კარანტინია გამოცხადებული, რადგან ცოფით ინფიცირებულმა ტურამ 3 შინაური ცხოველი დაკბინა.

კარანტინის პირობებში მოსახლეობას შინაური ცხოველების გაშვება ეკრძალება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ქობულეთში, ნატო ქარდავამ  „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ცოფის შემთხვევა სამჯერ ერთსა და იმავე სოფელში – ჯიხანჯურში გამოვლინდა, შესაბამისად, საჭირო გახდა მიმდებარე სოფლების ვაქცინაციაც.

„ამავე სოფლებში ვაქცინაცია ჩავუტარეთ ყველა შინაურ ცხოველს,“- ამბობს ნატო ქარდავა.

მისი თქმით, ცოფის პირველი შემთხვევა სოფელ ჯიხანჯურში 22 დეკემბერს დაფიქსირდა და ცხოველებიც აიცრა, თუმცა ვაქცინაციის მიუხედავად, ცოფი იმავე სოფელში კიდევ ორჯერ – 27 დეკემბერს და ბოლოს 11 იანვარს კვლავ გამოვლინდა შინაურ ცხოველებში.

კითხვაზე, როგორ დადგინდა, რომ ინფიცირების წყარო ტურაა, ნატო ქარდავა ამბობს, რომ პირველმა ოჯახმა, ვისი შინაური ცხოველიც ცოფით დაავადდა, მანდარინის ბაღში შენიშნა გარეული ცხოველი.

„მივარდა პირუტყვს და ცხვირ-პირის მიდამოში გაჰკრაო. როცა თავ-პირის მიდამოშია ნაკბენი, უფრო სწრაფად ვლინდება ვირუსი. მეორე და მესამე შემთხვევაში კი უფრო გვიან გამოვლინდა. რადგან სამივე ცხოველი ერთსა და იმავე სოფელში დაეცა, ვფიქრობთ, რომ ერთი და იმავე ტურის მიერ იყო დაკბენილი,“ – ამბობს ნატო ქარდავა.

მისი თქმით, გაფრთხილებულია მოსახლეობა და რეინჯერებიც, რომ თუკი სადმე გადაეყრებიან დაცემულ ცხოველს, შეატყობინონ სააგენტოს და იქნებ ამ გზით მაინც დადგინდეს დაავადებული ტურის კვალი.

ნატო ქარდავას თქმით, ცოფისგან დაცემული შინაური ცხოველების პათანატომიური მასალა გადაგზავნილია კვლევისთვის, ნაწილი კი დაწვეს და დაფლეს ორი მეტრის სიღრმეზე.

_____________

შესწორება: თავდაპირველად მასალაში ეწერა, რომ ცოფის გამოვლენის გამო, კარანტინია ქობულეთის 4 სოფელში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კარანტინია მხოლოდ სოფელ ჯიხანჯურში, ხოლო დანარჩენ სამ სოფელში მიმდინარეობს შინაური ცხოველების ცოფზე ვაქცინაცია. 

____________________

ფოტოზე: სოფელი ლეღვა

პარიზში აპროტესტებენ მერიაში თანამშრომლის დაბრუნებას, რომელიც მოძალადის მხარდამჭერი იყო

2020 წლის 23 ივლისს პარიზში ფემინისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს ქალაქის მერიასთან. დემონსტრანტები ითხოვდნენ ჩამოშორებოდა პოსტს ქალაქის მერის თანაშემწე კულტურის მიმართულებით კრისტოფ ჟირარი, რადგან წარსულში ის მხარს უჭერდა ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ მწერალს, გაბრიელ მაცნეფს. დემონსტრაციის შემდეგ კრისტოფ ჟირარი მართლაც ჩამოაშორეს თანამდებობდას, თუმცა თითქმის ერთი წლის შემდეგ, ახლა ის აპირებს დაბრუნდეს მერიაში რიგითი მრჩევლის პოზიციაზე.

მერიაში მისი დაბრუნების მცდელობას პროტესტი მოჰყვა.

ამ თემაზე ქალაქის საბჭომ უნდა იმსჯელოს. საბჭო ქალაქის მოსახლეობის მიერაა არჩეული და მოუწოდებს პარიზის მერს, ან იდალგოს, უფრო ეფექტურად აამოქმედოს საკუთარი მექანიზმები იმ პირობებში, როცა ბოლო თვეების განმავლობაში ქალაქში გაზრდილია ძალადობის ფაქტები.

ან იდალგო ფემინისტ მმართველადაა მიჩნეული.

მერის ყოფილი თანაშემწე, კრისტოფ ჟირარი, მართალია, თავად ოფიციალურად არ ყოფილა დადანაშაულებული ძალადობაში, მაგრამ ის ამართლებდა მოზარდებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ გაბრიელ მანცენს, რომელიც საკუთარ წიგნებში ღიად წერდა სექსუალურ ტურიზმსა და პედოფილურ გამოცდილებაზე.

28 იანვარს კრისტოფ ჟირარი სოციალისტებმა საკუთარი რიგებიდან გარიცხეს.

ფემინისტი აქტივისტები პარიზის მერიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, რათა მოითხოვონ მერიიდან ჟირარის სამუდამოდ დათხოვნა.

___

მთავარი ფოტო: le monde/კრისტოფ ჟირარი

რამდენად კანონიერია პრეზერვატივზე წმინდანის გამოსახვისთვის დაჯარიმება – დავა საკონსტიტუციოში

შეიძლება თუ არა პრეზერვატივზე იმის გამოსახვა, რაც გსურს – საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 2 თებერვალს, ამ თემაზე არსებითი განხილვა დაიწყო. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, „არაეთიკური“ რეკლამა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. გასაჩივრებულია კანონის ის მუხლიც, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვისთვის.

საუბარია პრეზერვატივზე სახელწოდებით „აიისა“, რომელზეც წმინდანები სხვადასხვა წარწერით გამოსახეს. 2018 წელს კომპანია „აიისა“ 500 ლარით დააჯარიმეს. საკონსტიტუციო სასამართლოს კარიკატურისტმა ანანია გაჩეჩილაძემ მიმართა. პარლამენტის წინააღმდეგ მოსარჩელის ინტერესებს „დემოკრატიული განვითარების ინიციატივა“ იცავს.

მოსარჩელე ანი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ რელიგიური ან მორალური გრძნობების დაცვის მოტივით პირისთვის რეკლამის განთავსების ან მისი გავრცელების აკრძალვა არღვევს როგორც გამოხატვის, ისე შემოქმედების თავისუფლებას.

ასევე GDI-ს, რომელიც მოსარჩელის ინტერესებს იცავს, მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმის შინაარსი ბუნდოვანია, არ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს და წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან, რომელიც კრძალავს განუსაზღვრელი ნორმის საფუძველზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

„ევროსასამართლომ თქვა, რომ ზნეობრივ საკითხებზე სასამართლოში დავა აზრს მოკლებულია, რადგან ეს დაკავშირებულია სუბიექტურ გრძნობებთან და არაა თავსებადი გამოხატვის თავისუფლებასთან“, – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს GDI-ის იურისტმა მარი კაპანაძემ. მან „აიისას საქმის“ საერთო სასამართლოებში განხილვის შემთხვევა გაიხსენა, როცა მოსამართლემ, მაგალითად,  სამეფო გვირგვინის შებღალვად მიიჩნია ამ გვირგვინის პრეზერვატივზე გამოსახვა წარწერით – „ძლევაი საკვირველი“.

„სასამართლომ მიუთითა, რომ შებღალვა არის არა ეროვნული ძეგლის ფიზიკური დაზიანება, არამედ აბსტრაქტული შებღალვა,“ – დასძინა მარი კაპანაძემ.

მოსარჩელის ინტერესების დამცველმა ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკაზეც, სადაც, მაგალითად, დროშის შებღალვისთვის ადამიანებს სისხლის სამართლის წესითაც სჯიდნენ.

„უზენაეს სასამართლოში საქმეზე „ტეხასი ჯონსონის წინააღმდეგ წერტილი დაუსვა ამ საკითხზე დისკუსიას ფაქტობრივად, როცა სასამართლომ თქვა, რომ დროშის დაცვის საუკეთესო იარაღი მისი ხელახალი აღმართვაა“, – აღნიშნა მარინა კაპანაძემ.

GDI-ის იურისტმა მოსამართლეებს ასევე უთხრა, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას დაუშვებს, ეს სერიოზულ საფრთხეს გააჩენს.

„აღმასრულებელი ხელისუფლება არის მიდრეკილი, რომ ჩაახშოს ჯანსაღი კრიტიკა… კომუნიკაციების კომისიამაც აშკარა უპატივცემულობა გამოიჩინა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, როცა უხამსობად მიიჩნია პოლიტიკური მესიჯის მქონე სარკასტული გამოხატვა… აქ არის საფრთხე, რომ დამატებითი საფუძველი შეიქმნას რელიგიური გრძნობების გამო გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს და ისეთი რამ მოხდება, წარმოდგენაც არ მინდა,“ – მიმართა მოსამართლეებს მარინა კაპანაძემ. მან მოსამართლეებს უთხრა ისიც, რომ საზოგადოება ხშირად ცდება, როცა ამა თუ იმ მოვლენას  ჭეშმარიტებად მიიჩნევს.

„იესოც დასაჯეს. ფიქრობდნენ, რომ ის გმობდა ღმერთს,“ – დაასრულა მოსარჩელის ინტერესების დამცველმა.

იურისტმა შოთა ქობალიამ გამოხატვის თავისუფლებაზე იმ კუთხით გაამახვილა ყურადღება, რომ მას საჯარო დისკუსიაში შეაქვს წვლილი.

„მაგალითად, ეს წარწერა: „ჩამოვკრავდი, მაგრამ ნათლისღებაა“, შესაძლოა, პროვოკაციულია, მაგრამ ის შესაძლოა ფარისევლურ სულისკვეთებსაც ავლენდეს,“ – თქვა შოთა ქობალიამ.

იურისტმა ევროსასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება მიმოიხილა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ კონკრეტული კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა: შანტაჟი, ცილისწამება, ბავშვთა პორნოგრაფია…

„ასევე შესაძლოა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება არა შინაარსის, არამედ ფორმის გამო, რადგან კონკრეტულ დროსა და სივრცეში ის შესაძლოა მიიჩნიონ საფრთხის გამომწვევად…

ევროსასამართლომ განმარტა კიდეც, რა არის სატირა და თქვა, რომ ხელმომწერი სახელმწიფოები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ მსგავს შეზღუდვებს, რადგან სატირას წვლილი შეაქვს საჯარო დისკუსიაში,“ – აღნიშნა შოთა ქობალიამ.

„ორი კბილის პასტის მწარმოებელი რომ იყოს და ერთი ავრცელებდეს რეკლამას, მეორე მომწამვლელ ნივთიერებას იყენებსო, ეს ხომ არის პრობლემა?“ – იკითხა პარლამენტის ინტერესების დამცველმა, რუსუდან მუმლაურმა. მან აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ რეკლამა სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული და ავიცილოთ „არაეთიკური ქმედებები“.

რუსუდან მუმლაურმა ისაუბრა კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრულ პირობებზეც, როცა შეიძლება გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, მაგალითად, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების წესების დარღვევა“. პარლამენტის იურისტი ფიქრობს, რომ როცა ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიური ჯგუფია, ხელისუფლებამ უსაფრთხოების პირობა უნდა შექმნას.

„მართლმადიდებელ რელიგიაზე ვსაუბრობთ ახლა იმიტომ, რომ ამ რელიგიის წმინდანები იყვნენ გამოსახული, სხვა რელიგიის წარმომადგენელი რომ დაეხატათ, სახელმწიფოს ვალდებულება იქნებოდა, ორივე რელიგიის პირთა შეხედულებებისთვის საფრთხე აღეკვეთა,“ – განმარტა რუსუდან მუმლაურმა. ისიც შეეხო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს, რაც ამ საკითხებზე მიღებულა და იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ვალდებულებაა სხვადასხვა ჯგუფს შორის მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრების პირობა შექმნას.

პარლამენტის იურისტმა ისაუბრა უხამსობაზეც: „რაც შეეხება უხამსობას, სტრასბურგის გადაწყვეტილებებიც ამას აჩვენებს, რომ ფორმა ავლებს წითელ ხაზს, რომელ უფლებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა…“ – დასძინა რუსუდან მუმლაურმა.

არსებითი განხილვის პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მხარეები მოსამართლეების კითხვებს პასუხობენ.

ქედაში საკუთარი ავტომობილით მასწავლებელი ხევში გადავარდა და დაიღუპა

ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, დღეს დილით, ქედის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი ქალი საკუთარი ავტომანქანით ხრამში გადავარდა. ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას.

საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერთაღლითობის პრევენციისთვის

ბოლო პერიოდში ქვეყანაში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა.

თაღლითობის ახალი სქემის მიხედვით, კიბერდამნაშავეები შეტევის დროს იყენებენ Google-ის საძიებო სისტემას, სადაც ისინი თაღლითური ვებ-გვერდების რეკლამას აკეთებენ. ასეთი ყალბი გვერდების მისამართი, ხშირ შემთხვევაში, მიმსგავსებულია კომერციული ბანკების ინტერნეტბანკის ნამდვილ მისამართებთან. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, იხსნება კონკრეტული ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი ყალბი ვებგვერდი, რომელიც ითხოვს მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანას, რითიც ბოროტად სარგებლობენ თაღლითები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რჩევები კიბერთაღლითობის (ფიშინგის) პრევენციისთვის:

[checklist]

  • არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე. ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებგვერდის რეალური მისამართი;
  • ყურადღებით დააკვირდით იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად ბანკის ვებ-გვერდზე იმყოფებით. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან;
  • ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის, Google-ის საძიებო ველში რომელიმე კონკრეტული ბანკის სახელით მოძებნის ნაცვლად, მისამართის ველში პირდაპირ აკრიფეთ კომერციული ბანკის ვებგვერდის მისამართი.
  • მობილური მოწყობილობიდან, ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით.

[/checklist]

მშობელი ქობულეთიდან: სამინისტრო ჩემი შვილის უფლებას არღვევს, მივმართავ სახალხო დამცველს

მშობელი, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ცხოვრობს, ამბობს, რომ განათლების სამინისტრო მისი შვილის უფლებას არღვევს, რადგან მას არ უტოვებს არჩევანის თავისუფლებას. მაკა მალაყმაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ შემთხვევის გამო [დისკრიმინაციის დადგენის მიზნით] ის აპირებს სახალხო დამცველსაც მიმართოს.

„განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ქალაქში მცხოვრებ მშობელს აქვს არჩევანი – გაუშვას ბავშვი სკოლაში თუ გააგრძელოს ონლაინსწავლება. რატომღაც სოფელში მცხოვრებ მშობლებს ამის უფლება არ მოგვცეს. ეს არის დისკრიმინაცია, რადგან დაჩაგრეს და არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენეს სოფლად მცხოვრები ბავშვები“, – ამბობს მაკა მალაყმაძე.

მაკას თქმით, ის ესაუბრა განათლების სამინისტროსაც, სადაც უთხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იქედან გამომდინარე, რომ სოფლებში ნაკლები მობილობაა.

„ეს ჩემთვის არ არის არგუმენტი, ნაკლებ მობილობას რითი განსაზღვრავენ? ჩემი შვილის კლასის დამრიგებელი ქალაქიდან დადის, შესაძლოა სხვა პედაგოგებიც ქალაქიდან დადიან, ამიტომ ვირუსი ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს სოფელშიც. პირველი ტალღის დროს საერთოდ არ იყო ქობულეთში ვირუსი დაფიქსირებული, როცა ლეღვაში 3 შემთხვევა დადასტურდა. მე სამი თვის წინ გადავიტანე კორონავირუსი და დღემდე ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, არ მინდა იმავე საფრთხის წინაშე დავაყენო ჩემი შვილი.

არც ის მესმის, დაწყებითი საფეხურის ბავშვები რატომ დაავალდებულეს სკოლაში იარონ და უფროსკლასელებს არჩევანი მისცეს. პირველი-მეორეკლასელი უფრო კარგად დაიცავს თავს? ამბობენ, სოციალიზაცია უფრო მეტად სჭირდებათ პატარა ბავშვებსო, მაგრამ სოციალიზაცია უფრო მნიშვნელოვანია თუ ჯანმრთელობა?“ – ამბობს მშობელი.

მაკა მალაყმაძის თქმით, მათ სოფელშიც ძალიან ბევრს ჰქონდა კორონავირუსის სიმპტომები, თუმცა არც ტესტი გაუკეთებიათ და არც ოფიციალურად აღრიცხულან სადმე. „გრიპს ეძახდნენ და უყურადღებოდ ტოვებდნენ. ამბობდნენ – „ფილტვების ანთება ვის არ ჰქონიაო“, – გვიყვება მაკა მალაყმაძე.

მაკა მალაყმაძის შვილი მეორეკლასელია. დედას სურს, რომ ისევე როგორც ქალაქში მცხოვრებ მისი შვილის თანატოლებს, მასაც ჰქონდეს არჩევანის უფლება, – წავიდეს სკოლაში, თუ გააგრძელოს სწავლა ონლაინ.

___

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან I-IV კლასების მოსწავლეები ვალდებული იყვნენ საკლასო ოთახში გაეგრძელებინათ სწავლა. თუმცა მოგვიანებით ეს რეკომენდაცია შეიცვალა და ითქვა, რომ დისტანციურად სწავლა იმ შემთხვევაში გაგრძელდება დაწყებით საფეხურზე, თუკი მოსწავლეების 60 პროცენტი უარს იტყვის სკოლაში მისვლაზე.

მაგრამ ეს რეკომენდაცია არ ვრცელდება სოფლის სკოლებზე და სწორედ ეს იწვევს მშობლის პროტესტს.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში მოსწავლეების 73 პროცენტი გამოცხადდა სკოლებში გუშინ, ანუ პირველ დღეს.

პირველი თებერვლიდან სასწავლო პროცესი ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში განახლდა, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების გარდა.

სწავლის დაწყების წინ კორონავირუსზე  ტესტი ჩაუტარდა კერძო და საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს, ტესტირება ორი კვირის შემდეგ ისევ უნდა განმეორდეს.

მთავრობის განცხადებით, დარჩენილ სამ ქალაქში იმ შემთხვევაში მოიხსნება შეზღუდვები, თუ კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა იქნება.

რა ხდება სახლში, სადაც 100 წლის წინ პირველი კონსტიტუცია დაიბეჭდა? 

ბათუმში, კოსტავას ქუჩის 13-ში დაგხვდებათ აბრა, რომელსაც აწერია: „1921 წელს აქ დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია“, თუმცა ამ შენობაში ისტორიიდან შემორჩენილი აღარაფერია. დოკუმენტების მიხედვით, პირველი კონსტიტუცია საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, სწორედ აქ, ნესტორ ხვინგიას სახლის სარდაფში დაბეჭდეს.

„ეს იყო ერთსართულიანი ბელეტაჟი სახლი სარდაფით. ისე გავიზარდეთ, რომ არ ვიცოდით, აქ თუ კონსტიტუცია დაბეჭდეს… მერე გაირკვა, რომ საქართველოს პირველი კონსტიტუცია იმ სახლში დაიბეჭდა, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე,“ – გვიყვება ნინო ლავროვა. ის 1996 წლამდე ცხოვრობდა კოსტავას 13-ში. შემდეგ სახლი საბანკო სესხის გამო გაყიდეს და ახლა აქ 4-სართულიანი სასტუმროა. სახლის მეორე ნაწილში ნინოს დისშვილი – მიშა წულაძე ცხოვრობს. ამ ნაწილის იერ-სახეც შეცვლილია.

ნინო ლავროვა მიხეილ ლავროვის შვილია. მიხეილ ლავროვის ოჯახი ბათუმში, კოსტავას 13-ში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ცხოვრობდა.

„მამას ვიღაც ლაზისგან უყიდია ეს სახლი, გვარი არ მახსოვს… მაშინ აქ იტალიური ეზო იყო, მერე, ნელ-ნელა წავიდნენ სხვები და ახლა საერთოდ აღარაა ეზო… წლებია აღარც მივსულვარ, მიჭირს მაქაურობის ნახვა… ბავშვობაში რამდენჯერმე მომისმენია, რომ ჩვენს ქუჩაზე დაიბეჭდა საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ ეს ჩვენს სახლში თუ მოხდა, არ ვიცოდით. ჩვენი სახლის პირდაპირ იყო სტამბა და გვეგონა, რომ იქ დაბეჭდეს… მამა რკინიგზის ინჟინერი იყო და რუსეთიდან საქართველოში გამოუშვეს სამუშაოდ. ჯერ ოზურგეთში ცხოვრობდა, ოზურგეთელი ცოლი მოიყვანა და შემდეგ წამოვიდნენ ბათუმში საცხოვრებლად… სტამბიდან შემორჩენილი რაიმე ნივთი ან დოკუმენტი ყოფილიყო სახლში, არ მახსოვს,“ – იხსენებს ნინო ლავროვა.

„ამ სახლს უკან დიდი ეზო იყო, ფეხბურთს ვთამაშობდით ბავშვები… მერე, როცა 90-იანებში სახლი გაიყიდა, ეზოში შენობა გაჩნდა, სარდაფიც აღარაა…“ – გვიყვება კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები ზურაბ ჭყონია. მისი თქმით, ამ ქუჩაზე რამდენიმე სტამბა იყო და ამ დრომდე არ უნახავს დოკუმენტი, რაც დაარწმუნებდა, რომ კოსტავას 13-ში დაბეჭდეს კონსტიტუცია.

„ეს დაფა, სადაც წერია, აქ დაბეჭდეს პირველი კონსტიტუციაო, მოიტანეს 10 წლის წინ და აქ დავკიდებთო, უკვე სასტუმრო იყო გახსნილი, ახალი მესაკუთრე წინააღმდეგი იყო, მაგრამ მაინც ჩამოკიდეს… თქვეს, რომ ასე ირკვევა, აქ იყო სტამბაო, მაგრამ მე დოკუმენტი არ მინახავს“, – დასძინა „ბათუმელებთან“ ზურაბ ჭყონიამ.

___

ვრცლად: პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავი

რა ჩაწერეს 100 წლის წინ პირველ კონსტიტუციაში, რომელიც ბათუმში დაიბეჭდა

შეიცვალა აჭარის კმდს-ს ძეგლების საბჭოს დაკომპლექტების წესი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოში მხოლოდ ერთი წევრის წარდგენის საშუალება ექნებათ. გარდა ამისა, მათ უნდა შეარჩიონ დარგის სპეციალისტი ამ სფეროში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით.

ეს ის საბჭოა, საიდანაც ცოტა ხნის წინ შოთა გუჯაბიძე დაითხოვეს, მას სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა საბჭოს დისკრედიტაციაში დასდო ბრალი. საზოგადოება „ბათომში“ კი  მიაჩნიათ, რომ მისი დათხოვნა ბათუმის ბულვარში 16-სართულიან პროექტზე თანხმობასთან დაკავშირებული მწვავე კრიტიკა იყო.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭოს დაკომპლექტების წესი  მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალი წესის მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში 7 წევრი შევა.

  • აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორი წარმომადგენელი. მათ შორის ერთი სააგენტოს დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილების უფროსი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  ერთი წარმომადგენელი [დარგის სპეციალისტი]
  • ბათუმის მერიის ერთი წარმომადგენელი [დარგის სპეციალისტი]
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთი წარმომადგენელი
  • ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ერთი წარმომადგენელი
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი.
სააგენტოს განმარტებით:
„ცვლილების მიხედვით, საბჭოს წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია. საბჭოს წევრი უნდა იყოს არქიტექტორი, კონსტრუქტორი, ხელოვნებათმცოდნე, რესტავრატორი ან არქეოლოგი და უნდა ჰქონდეს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება.“
მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისიც, რომ საბჭოს წევრების უფლებამოსილება 2 წლის ვადით განისაზღვრება.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანო – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს შემადგენლობა სააგენტოს დაარსების დღიდან, 2011 წლიდან იცვლებოდა დირექტორის მიერ შერჩეული პირებით, რომლებიც თანხმდებოდა საქართველოს კულტურის მინისტრთან.

საბჭოს დებულებაში ცვლილება შევიდა 2021 წლის პირველ თებერვალს. ეს საბჭო განიხილავს აჭარაში  არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციას. საბჭო სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნას ამზადებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სააგენტოს დირექტორი იღებს.

ახალი დებულების მიხედვით, საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით, პირადი განცხადების საფუძველზე, თუ მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამება საბჭოს მიერ შესასრულებელ საქმიანობას, უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მის წინააღმდეგ ძალაში შევიდა სასამართლოს განაჩენი.

ამ დროისთვის ახალი საბჭო დამტკიცებული არ არის.

ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 29 წლამდე გაიზარდა | საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკი გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ქალის რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკი 2019 წელს 29.7 წელი იყო. იგივე მონაცემი 2009 წელს 26.5-ს შეადგენდა.

რაც შეეხება კაცებს, ბოლო ათი წლის განმავლობაში მონაცემები აქაც შეიცვალა. თუ 2009 წელს კაცის რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკი 30.2 წელი იყო, 2019 წლის მონაცემებით კაცის ქორწინების საშუალო ასაკი საქართველოში 32.6 წელია.

რაც შეეხება განქორწინებას, 2019 წლის მონაცემებით ქალებში განქორწინების საშუალო ასაკი 37.6 წელია, ხოლო კაცებში – 40.4.

ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებას ამოწმებენ

ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ მონიტორინგი დაიწყო.

მუნიციპალურ ავტობუსებში მოწმდება როგორც პირბადის სწორად გამოყენება, ასევე უბილეთოდ მგზავრობა.

მიკროავტობუსებში მძღოლები ფეხზემდგომი მგზავრების გადაყვანისთვისაც დაჯარიმდებიან.

პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის მგზავრი 20 ლარით ჯარიმდება, ხოლო მგზავრის ფეხზედგომით გადაყვანისთვის ჯარიმა 100 ლარია.

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსები საღამოს 8 საათამდე მუშაობენ, მუნიციპალური ტრანსპორტი კი – დილის 7-დან საღამოს ცხრა საათამდე.

შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს.

____________
ფოტო: ბათუმის მერია

14 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 858 ახალი შემთხვევა | 2 თებერვალი

2 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 858 ახალი  შემთხვევა  დადასტურდა, ჩატარდა 17 271 კვლევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 580 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 208 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 339 შემთხვევა
  • აჭარაში – 53
  • იმერეთში – 158
  • ქვემო ქართლში –49
  • შიდა ქართლში – 50
  • გურიაში – 38
  • სამეგრელო – ზემო სვანეთში – 85
  • კახეთში –44
  • მცხეთა-მთიანეთში – 21
  • სამცხე-ჯავახეთში – 15
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 5 686 ადამიანი. აქედან 2 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 575 მძიმე პაციენტია.

აჭარაში კოვიდის 53 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში დღეის მონაცემებით 181 ადამიანი მკურნალობს კოვიდზე. მათგან 44 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

აჭარაში კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება 746 ადამიანი.

პირველი ქართველი ფოტოგრაფი ქალი, რომელმაც მსოფლიო ომი გადაიღო

1910 წელია. ზაქარია ჯორჯაძისა და თამარ ბაგრატიონ-მუხრანელის ქალიშვილი, ნინო, გემით ბათუმიდან მარსელში მიემგზავრება ფრანგული ენის დასახვეწად. ამ დროს უკვე დამთავრებული აქვს ვენის კონსერვატორია და სორბონის უნივერსიტეტი პარიზში – ფორტეპიანოს განხრით. გზად ბათუმიდან მარსელამდე დღიურს წერს.

„ნელ-ნელა ვშორდებით ბათუმის ლამაზ ნაპირს. მარსელში მივცურავ. ქარისგან ალივლივებული ლურჯი ტალღები მზის მხიარულ სხივებს ირეკლავს. რაღაც თევზები მოყვებიან გემს მხიარული ყვინთვით. დელფინები არიან.

მთელი დღეები გემბანზე ვართ. ვსაუბრობთ ცოტას. დიდი, ლურჯი ზღვის ცქერით ვტკბებით“, – ნინოსთვის ეს მოგზაურობის ნელი ტემპით ტკბობის დღეებია. ის ამას იმსახურებს. უნდა დაუგროვდეს ასეთი დღეები, რომ შეძლოს ის, რასაც 4 წლის შემდეგ შეძლებს.

შეძლებს ერთ დღეში გადაწყვიტოს პირველ მსოფლიო ომში წასვლა 1914-1917 წლებში, წითელი ჯვრის მოწყალების დად. შეძლებს უმკურნალოს დაჭრილებს, ანუგეშოს მომაკვდავები, ახლოდან და მთელი სიცხადით ნახოს მრავალთა სიკვდილი.

ბათუმიდან მარსელისკენ გამგზავრების წელს რკინიგზის სადგურში მატარებლებთან ფოტოც გადაუღია მეგობრებთან ერთად. შეიძლება სულაც მარსელში გამგზავრების დღეა და მეგობრები აცილებენ.

 

ბათუმი-მარსელის მოგზაურობიდან  გავა 4 წელი და ნინოს დღიურში შავი ზღვით დაწყებული იდილიური მოგზაურობის ამბებს ომის საშინელებებზე მონათხრობი ჩაანაცვლებს. კავკასიის ფრონტზე წაიღებს ძმის, გიორგი ჯორჯაძის ნაჩუქარ კოდაკის ფოტოაპარატს და რასაც ომში ნახავს, ფოტოსერიებად გადაიღებს.

ნინო ჯორჯაძე პირველი ქართველი ფოტოგრაფი ქალია, რომელმაც დღიურებში და ფოტოებზე ასახა ახლო აღმოსავლეთის სამხედრო მოქმედებები, დევნილთა და მეომართა ტიპაჟები, ისტორიული პირები, ფრონტის ყოველდღიური ამბები, ქალაქების ხედები, რეგიონები და ომით დაზარალებულ დევნილთა გადაადგილება. ნინომ ფრონტზე 300-ზე მეტი ფოტო გადაიღო.

ნინო ჯორჯაძის ფოტო

სრულიად მოსაწყენ და ნაცრისფერ, გარდაცვალებებით სავსე რეალობას მოწყალების და და ფოტომოყვარული ცოცხლად, ხელშესახებად აღწერს. თუ ომის, თანაც შორეული ომის ამბები სტატისტიკურ ამბებად ვიცით, ნინო ჯორჯაძის დღიურს ამ ამბებთან ძალიან ახლოს მივყავართ.

დარდობს, რომ მორგში 12 კვირის დაუკრძალავი გვამები ასვენია, მესაფლავეები არ ჰყოფნით და უმსგავსობას, ბარბაროსობას უწოდებს, როცა დაღუპულებს მისაგებელს არ მიაგებენ.

ნინო ჯორჯაძის ფოტო

დღიურში ნინო ხშირად საუბრობს საკუთარ დამოკიდებულებებზე, არ მალავს ბრაზს და ბევრ რამეს აპროტესტებს, რაც ფრონტზე ხდება.

ირონიულად აღწერს ხელმწიფის მოლოდინს სამედიცინო პუნქტში, რომელიც მორეცხეს, გაწმინდეს სტუმრის დასახვედრად. საწოლებს ახალი ზეწრები და საბნები გადააფარეს. დაჭრილები და ავადმყოფები სხვაგან გადაიყვანეს, რომ სიმართლე მიეჩქმალათ.

„როგორი დაცინვაა! სურთ წესრიგით მოიწონონ თავი, უფროსობის თვალში გაიბრწყინონ, მაგრამ გეგმა ჩაუფლავდათ. ხელმწიფემ შეიტყო, რომ პუნქტზე დაჭრილები არ იყვნენ და შენობაში ფეხიც არ შემოუდგამს“, – წერს 30 ნოემბრის დღიურში მოწყალების და.

ხელმწიფის ჩამობრძანება გადაუღია კიდეც.

ნინო ჯორჯაძის ფოტო.

იხსენებს მოძღვარს, რომელიც მეურნეობას განაგებდა და სალაროსთან წვდომას ბოროტად იყენებდა. საღამოობით მორჩილებასა და სიყვარულზე ქადაგებდა, შემდეგ კი შუაღამემდე მოწყალების დებთან ჩამოჯდებოდა ხოლმე, რის გამოც საერთოდ აეკრძალა დათა საცხოვრებელში შესვლა.

შთამბეჭდავადაა დღიურში აღწერილი როგორ ტოვებენ ნაომარ ქალაქს დევნილები 13 დეკემბერს:

„მთელი სარიყამიში გარბის. ჩვენ გზის პირას ვცხოვრობთ და ვხედავთ ამ პანიკას. რა უსიამოვნო შეგრძნებაა. ცარიელი ფორნები და სატვირთოები, ქონების გადარჩენაც კი დავიწყებიათ. ცხენები მიჭენაობენ, ლაგამ-აღვირი ნაჩქარევად ამოუდიათ, სარტყლები ჩამოკონწიალებულია. მხედარდაკარგული მიქრის ცხენი….“

ნინო მოწყალების დების საერთო გასაჭირზეც წერს ხშირად, დღეებზე, როცა ღამის გასათევად ცივი, გაუთბობელი ყაზარმების იატაკს სთავაზობენ. იქ ძილს და გაყინვას კი ,,თურქული ტყვიის წვიმაში მოყოლა სჯობს“.

ნინო სწუხს, რომ მატარებლების ნაკლებობის გამო დაჭრილთა დიდი რაოდენობა იყრის თავს. ყაზარმებში მძიმე ჰაერია, ქრება ლამპები – ასეთ მდგომარეობაში მუშაობა კი ძნელია. მთელი დღეები გადასახვევად დადის. დაჭრილები 14 ადგილას წვანან. სავსეა კლუბები, გიმნაზიები. საკრებულოს დარბაზში თივაა გაფენილი და ყველგან დაჭრილები წვანან.

დარბეული სახლის ეზოში პატრონებისგან მიტოვებულ ქათმებს იჭერენ მოწყალების დები და სათლში წვნიანს ხარშავენ. ბულიონი ისეთი გემრიელი არასდროს მომჩვენებია, საღამოს დაჭრილებსაც ვახვრეპინეთო – წერს ნინო.

ნინო ჯორჯაძის ფოტო

საყოველთაო მწუხარებასა და სირთულეებში მოწყალების დის ნაწერებში სიხარულის პატარა ნაპერწკალიც იელვებს ხოლმე. წერს „და კლავოჩკაზე, რომელიც საუცხოოდ მუშაობს“:

„პატარა, სუსტი, კოხტა, მარად პრაპორშჩიკთა სითბოთი გარემოცული, თავისი მონდომებით გაგაოცებს. ვინ იფიქრებდა? მხოლოდ ქალს ხელეწიფება ასეთი მკვეთრი გადასვლები – მხიარულება, ვახშამი, მარხილით სეირნობა; დილით: სისხლი, კვნესა, ტანჯვა…“

ნინო დარდობს დაჭრილი თურქების მდგომარეობაზე. აუწერელ სიბინძურეში არიანო, წერს. აღშოთებულია, რომ იძულებით აჭმევენ დაჭრილებს ღორის ქონზე მოხარშულ ფაფას, რასაც მათ რელიგია უკრძალავს. ბარბაროსობას უწოდებს ამას.

ცალკე ამბავია, როგორ ხედავს მოწყალების და მომაკვდავი თუ დაჭრილი ჯარისკაცების ტანჯვას:

„პირად წევს ლამაზი კაცი, ალბათ სირიელი. მის ნაცრისფერ თვალებში ჩარჩენილია რაღაც გამოუთქმელობა, ეტყობა ეს ყოველი მას საშინელ სიზმრად ეჩვენებოდა. ზედა ტუჩი აწეული აქვს, ალბათ ისე, როგორც იმ წამს, როდესაც ტყვია მისწვდა და ასევე დარჩა“.

„სადგურზე ყველგან წვანან ფარაჯებს ქვეშ მოკუნტული ჯარისკაცები. ზოგი ამბობს, რომ რამდენიმე დღეა არაფერი უჭამია“.

„ვერ დავივიწყებ ჯარისკაცს, რომელმაც ბრძოლის დროს მოირბინა ჩემთან: თვალანთებულს, გამოხედვაში უძევს შეურყეველი რწმენა, „ჩქარა გადამიხვიე დაიკო, უნდა მივბრუნდე“. ფერდი ნაჩქარევად შევუხვიე, დასწვდა შაშხანას და შეერთო ბრძოლას. გაუგებარია, მაგრამ გრძნობ, რომ მას კავშირი აქვს რაღაც დიადთან… დიადი რამეა ბრძოლა! ადამიანი წარმოსდგება მთელი თავისი სულის სილამაზითა და სიდიადით! უარჰყოფს ყოველგვარ პირადს რაღაც დიადისათვის…“.

ნინო ჯორჯაძე 1917 წელს დაბრუნდა ფრონტიდან. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლიდან დევნასა და შევიწროებას განიცდიდა ხელისუფლებისგან. ნინოს ძმა ამ პერიოდის რეპრესიებს შეეწირა.

ძირითადად მამისეულ სახლში, კახეთში, სოფელ საბუეში ცხოვრობდა. 1950 წლიდან საცხოვრებლად ახლო ნათესავის, ელისაბედ ბაგრატიონის ოჯახთან ერთად გადადის.

გარდაიცვალა 1968 წელს, 84 წლის ასაკში. ნინოს საფლავი სოფელ საბუეში, ჯორჯაძეების საგვარეულო სასაფლაოზეა.


ნინო ჯორჯაძის დღიურების ნაწილი პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოცემაში გამოქვეყნდა სახელწოდებით ,,ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი”. გამოცემის ავტორი თამარ ლორთქიფანიძეა. ნინო ჯორჯაძის დღიურების სრული ვერსია მოიცავს მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობებს და, შესაბამისად, წიგნის ავტორმა გაასაჯაროვა მხოლოდ ის ნაწილი, რაც ომს ასახავს.

როგორ დავეხმაროთ პირველკლასელს ისწავლოს სკოლის შენობაში – ფსიქოლოგის 5 რჩევა

პირველკლასელებმა, რომლებიც მთელი პირველი სემესტრის განმავლობაში ონლაინ სწავლობდნენ, დღეს საკლასო ოთახებში განაგრძეს სწავლა. ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ პირველკლასელების რეალურ სკოლაში წასვლა შეიძლება სკოლაში პირველად წასვლას გავუთანაბროთ.

„ადამიანს 21 დღე სჭირდება იმისთვის, რომ რაღაც ჩვევაში გადაუვიდეს. ონლაინსწავლის რეჟიმი ჩვევაში ჩამოუყალიბდათ და განუმტკიცდათ კიდეც ბავშვებს. ეს მხოლოდ პირველკლასელებს არ ეხებათ. ბავშვები ერთი წელია სკოლაში არ ყოფილან, ამიტომაც მათი სკოლაში დაბრუნება, რა თქმა უნდა, ხელახალ ადაპტაციას გულისხმობს,“ – ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი.

„ბავშვები ძალიან აჟიტირებულები არიან და  უხარიათ სკოლაში მისვლა, იმიტომ, რომ განსხვავებული ფორმატია და უშუალოდ ხვდებიან ერთმანეთს. ელოდნენ, რომ სკოლაში ფეხს შეაბიჯებდნენ და სწორედ ამიტომ ამ პროცესს ძალიან ბევრი სირთულე ახლავს, რადგან ბავშვები გადაჩვეულნი არიან თანატოლებთან უშუალო კონტაქტს, უკვე ჩვევაში აქვთ სახლში ყოფნა“. 

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს რეალურ სკოლასთან შეჩვევაში? – ბავშვთა ფსიქოლოგი რამდენიმე რჩევას გვიზიარებს.

1. ბავშვები კარგად შეამზადეთ – ასწავლეთ დახმარების თხოვნა

ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ იქ განსხვავებული სასწავლო გარემო დახვდებათ. უთხარით, რომ, მართალია, იგივე მეგობრები დახვდებიან, მაგრამ სიტუაცია განსხვავებული იქნება და მან ახალი წესებით უნდა დაიწყოს ცხოვრება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ რაიმე არ იცის ან/და ვერ გაიგო, აუცილებლად უნდა ითხოვოს დახმარება.

როცა ბავშვებს უჭირთ და დახმარებას ვერ იღებენ, ღიზიანდებიან, ბრაზდებიან და ცუდ შედეგებამდე მივდივართ.

აქამდე, როცა პირველკლასელი ბავშვი დილით დგებოდა, მშობელი უმზადებდა ყველაფერს, ულაგებდა მაგიდასთან წიგნებს, რვეულებს… როცა ერთი გაკვეთილი დამთავრდებოდა, მშობელი გადმოუდებდა მათემატიკის წიგნს, აიღებდა ქართულის წიგნს… ისინი აქამდე იყვნენ მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ, ახლა კი დამოუკიდებლად უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი სკოლაში, რადგან მასწავლებელი ყველა მოსწავლეს ვერ გასწვდება. ამასთანავე, გვაქვს უამრავი აკრძალვა და შეზღუდვა, რაც მოსწავლესთან ხშირად მისვლას უკავშირდება, ნაკლები უშუალო კონტაქტი უნდა იყოს, ამიტომ ბავშვები მზად უნდა იყვნენ, რომ დამოუკიდებლად გააკეთონ ეს ყველაფერი.

2. ნუ შევაშინებთ ბავშვებს

ნუ გავუშვებთ სკოლაში შეშინებულ ბავშვს.

„შენ თუ ვიღაცას შეეხები, თუ ვიღაც ახლოს მოვა, თუ ვინმე დააცემინებს, შეიძლება რაღაც დაგემართოს, კოვიდი არ გადმოგედოს“…- ნუ დავაშინებთ, სიფრთხილის დონეზე დავტოვოთ შიში.

ვუთხრათ – „დაიცავი წესები, გაუფრთხილდი თავს“, მაგრამ მისთვის საშიში არ უნდა იყოს უშუალო ურთიერთობა.

3. სკოლიდან დაბრუნებისას მოაყოლეთ ყველაფერი

როცა ბავშვები სკოლიდან დაბრუნდებიან, აუცილებლად მოაყოლეთ ყველაფერი და მოახდინეთ ემოციების სახელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლიდან მოსულმა ბავშვმა თავისი ემოციები ვერბალურად გამოხატოს, თქვას და აღწეროს.

რა გაუხარდა, რა ეწყინა, რა მოეწონა, რა არ მოეწონა – ეს ემოციები აუცილებლად დააცლევინეთ სახლში. შემდეგ კი, მისი ემოციების გათვალისწინებით, მიეცით რეკომენდაციები, რჩევები, დარიგებები მეორე და მესამე დღისთვის.

ეს ძალიან ემოციური მომენტია, ამდენ ხანს სახლში ყოფნის, დისტანცირების შემდეგ საზოგადოებაში გასვლა და ერთბაშად ამდენი ინფორმაციის მიღება, ბავშვებთან ურთიერთობა… თუ კი ამაზე არ მოჰყვებიან, შესაძლოა ემოციების გადამუშავება გაუჭირდეთ.

აქ იგულისხმება შიში, სიხარული, წყენა, ბედნიერება… ამ ემოციებში იმედგაცრუებაც შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ ისინი ზღაპრულ სამყაროს ელოდებიან სკოლაში, ეს მათთვის იყო რაღაც მიუწვდომელი, სასურველი და ახლა, როცა იქ რეალური სამყარო დახვდებათ, გაფრთხილებებით, შეზღუდვებით, უშუალო ურთიერთობები რომ მაინც შეზღუდულია, ბავშვები შეიძლება იმედგაცრუებულები მოვიდნენ შინ.

ამ ყველაფერს შესაბამისი განმარტება სჭირდება. როცა აუხსნის მშობელი, მათთვის უფრო ადვილად გასაგები გახდება რეალობა.

4. თუ ბავშვს არ უნდა წასვლა ან დარჩენა სკოლაში

თუ ბავშვს უჭირს ან/და არ სურს სკოლაში მისვლა, ნამდვილად დიდი გამოწვევაა, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.

პირველი, რაც უნდა გააკეთოს მშობელმა, უნდა უთხრას ბავშვს, რომ ესმის მისი, შემდეგ კი ჰკითხოს, თუ რატომ არ უნდა სკოლაში დარჩენა, რა არის ამის მიზეზი?

საამისოდ შეიძლება ცოტა ხნით გამოიყვანოს ცალკე, აუცილებლად მის სიმაღლეზე ჩაიმუხლოს ან ჩამოჯდეს, თვალი თვალში გაუყაროს, რომ ზემოდან არ უყუროს ბავშვს. არ უნდა დატუქსოთ, არ ესაუბროთ ავტორიტარული ხმით. არ უთხრათ „რას ჰქვია არ დარჩები, მარცხვენ!” და ა.შ.

ბავშვმა უნდა იგრძნოს ჩვენი თანაგრძნობა და თანადგომა.

პრობლემის სახელდება საჭიროა: „მეშინია; შენთან მინდა …“ აი, როცა მიზეზს გაიგებთ, შესაბამისად უნდა აუხსნათ, უნდა მოეფეროთ და უთხრათ – „მეც მეშინოდა, მესმის შენი, მესმის, რომ ჩემთან გინდა, მე მალე დავბრუნდები” და ასეთ ბავშვს აუცილებლად ძალიან მალე უნდა მივაკითხოთ.

თუ პირველკლასელია და ძალიან უჭირს, არ დატოვოთ 3-4 გაკვეთილი, თავიდან დატოვეთ ერთი გაკვეთილი, თუნდაც იტიროს, ინერვიულოს, ერთი გაკვეთილის შემდეგ მიაკითხეთ. მეორე დღეს – ორი გაკვეთილის შემდეგ, მესამე დღეს – სამი გაკვეთილის შემდეგ და ა.შ. ბავშვი დარწმუნდება, რომ მშობელი არ ტოვებს მას (ბავშვებს მიტოვების შიში ანერვიულებთ ხშირად) და უკვე დაწყნარდება.

5. არ დაჰპირდეთ ბავშვს ის, რასაც ვერ შეუსრულებთ

მოტივაციის გაჩენა ხელოვნურად საკმაოდ გამართლებული მეთოდია, ანუ როცა ბავშვს კარგი ქცევის განსამტკიცებლად რაიმე საჩუქარს ვპირდებით და ვჩუქნით, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სისტემატიურად ვაჭრობის სახით. დავუშვათ, პირველ დღეს ბავშვი სკოლაში ტირის, მშობელი ეტყვის, რომ „აი, დარჩი და რომ გამოხვალ, რაღაცას გიყიდი“. ამის სანაცვლოდ თუ რჩება, იმ დღეს აბსოლუტურად გამართლებულია ვუყიდოთ საჩუქარი.

მეორე დღესაც თუ ტირის, ვეტყვით, რომ თუ დარჩები დღეს, ხვალ და ზეგ, შაბათ-კვირას გაგასეირნებ… უნდა მოხდეს გადავადება. მერე უკვე ერთი დღე კი არა, 2-4 დღის კარგი ქცევისთვის უნდა მივცეთ ერთი ჯილდო. თუ ბავშვი არა ჯილდოს სანაცვლოდ, არამედ თავისი ინიციატივით იქცევა კარგად, ამ შემთხვევაშიც გამართლებულია მისი რაიმე ფორმით წახალისება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვს აუცილებლად უნდა აუსრულოთ დანაპირები, არასოდეს არ დაჰპირდეთ ბავშვს ის, რასაც ვერ შეუსრულებთ. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, დავკარგავთ მის ნდობას და მერე ბავშვი აღარაფერს დაგვიჯერებს.

რატომ დუმს არჩილ ჩიქოვანი ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენებაზე

რატომ დუმს ქონების მესაკუთრე მაშინ, როცა ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას ქალაქში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა? – გაიმართა საპროტესტო აქცია, პროექტის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო სოციალურ ქსელში, ძეგლების დამცველებმა გაავრცელეს პეტიცია, რომელსაც უკვე 3500-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, მოამზადეს სარჩელი, რომელსაც უახლოეს პერიოდში სასამართლოში შეიტანენ.

ამ ყველაფრის ფონზე ბათუმში არ იციან, რას ფიქრობს ბულვარში სასტუმროს მშენებლობაზე ქონების მესაკუთრე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი. მან ამ თემაზე არც „ჰო“ გვითხრა და არც „არა“ – არჩილ ჩიქოვანი დუმილს ირჩევს.

„თხოვნა გადავეცით, არაფერი უთქვამს“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. მას რამდენჯერმე დავურეკეთ და შეტყობინებაც გავუგზავნეთ, თუმცა უშედეგოდ.

ბულვარი მუნიციპალური საკუთრებაა, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართავად უზურფრუქტის წესით აქვს გადაცემული. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, რომლის ზემდგომიც ახლა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა, როგორც შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება [შპს] ბათუმის საკრებულოს დაფუძნებულია.

ბათუმში არსებული პრაქტიკის მიხედვით, ბულვარის იერ-სახის შენარჩუნებაზე [როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის აუცილებლობაზე] მერობის მსურველები უფრო თამამად საუბრობენ, ვიდრე არჩეული მერები. წინასაარჩევნო პერიოდში კარგად ჩანს, რომ კანდიდატები აცნობიერებენ ამ თემის მიმართ ბათუმელი ამომრჩევლის მგრძნობელობას. თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ კი მათი გადაწყვეტილებები, არჩევნებამდე გამოთქმულ დაპირებებთან ძირითადად წინააღმდეგობაში მოდის.

არჩილ ჩიქოვანი არჩეული მერი არ არის, ის ბათუმის ვიცე-მერად ბათუმის არჩეულმა მერმა ლაშა კომახიძემ დანიშნა, ვიდრე თავად გადადგებოდა – რამდენიმე საათით ადრე. ის არც ნებართვის გამცემია, რადგან ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე, ნებისმიერ ცვლილებას, ხის დარგვა იქნება ეს თუ ახალი შენობის აშენება, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭო ითანხმებს, ხოლო სააგენტოს დირექტორი ნებართვას გასცემს. თუმცა არჩილ ჩიქოვანს, როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელს, შეეძლო არამხოლოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მუნიციპალურ ქონების განკარგვის თვალსაზრისით. მას, როგორც ქონების მესაკუთრეს, შეეძლო მოეთხოვა საკუთარი აზრის გათვალისწინება და პროექტის შეთანხმებაც კი.

თვითმმართველობის კოდექსით არჩილ ჩიქოვანი ვალდებულია უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მოვლა-პატრონობა. ძეგლის ხელყოფის შემთხვევაში კი, თვითნებური ან სხვა სახის დამაზიანებელი ქმედებების მოკვლევისას, კითხვები მასთან, როგორც ძეგლის მესაკუთრესთანაც გაჩნდება.

გასულ 2020 წელს არჩილ ჩიქოვანი პირადად ესწრებოდა ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ კაფეს პომპეზურ გახსნას. ეს კაფე სწორედ იმ ტერიტორიაზეა, რომლის იჯარით გადაცემის კენჭისყრას მოქალაქეები აპროტესტებდნენ, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს მაშინდელმა მერმა მისწერა: „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“.

__

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

კაფეები ბათუმში დღეს [ფოტო]

დღეს, პირველი თებერვლიდან, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.

ბათუმსა და აჭარაში:

  • აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტისა და სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა
  • სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობებში
  • გაიხსნა მაღაზიები
  • მუშაობას განაახლებენ მოლები
  • გაიხსნა ღია კაფეები 

ამავე თემაზე:

რა შეზღუდვები მოიხსნა დღეს ბათუმში და რა დარჩა

სად გაქრა „ბათუმიველოს“ ველოსიპედები? – მერია კომენტარს არ აკეთებს

პანდემიის დროს „ბათუმიველოს“ სერვისი გაუმჯობესების ნაცვლად, გაქრა – ტერმინალებში ველოსიპედი საერთოდ აღარ დაგხვდებათ. ბულვარში სასეირნოდ გასულ ადამიანებს მუნიციპალური ველოსიპედებით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე მეორე წელია აღარ აქვთ. „ბათუმიველოდან“ ბათუმის ბულვარში ველოსიპედების გასაჩერებელი მოწყობილობაღა შემორჩა.

„ბათუმიველოს“ სისტემის განახლება ბათუმის მერიამ 2020 წლის ზაფხულში გადაწყვიტა, რაც თავად მოძველებული ველოსიპედების რეაბილიტაციას და საბარათე სისტემის შემოღებას ითვალისწინებდა. „სისტემის განახლება“ ამჯერად საბარათე სისტემიდან მობილური აპლიკაციებით სარგებლობაზე გადასვლას გულისხმობდა.

2020 წლის 29 ივნისს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსმა, მარად სანიკიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ 2020 წლის ივლისის ბოლოსთვის გარემონტებულ ველოსიპედებს დააბრუნებდნენ ქსელში.

დღეს, 2021 წლის პირველ თებერვალს, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ ვერც ერთი ხელმძღვანელი პირი ვერ გააკეთებს კომენტარს ამ თემაზე და ვერც კონკრეტულ ინფორმაციას მოგვაწვდიან, რატომ ვერ შესრულდა ეს დაპირება.

„უახლოეს დღეებში გვექნება „ბათუმიუველოს“ შესახებ ინფორმაცია და შეგატყობინებთ,“ – აღნიშნეს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესცენტრში.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ბათუმის მერიის ქვემდებარე ორგანიზაციაა.

მთავარი ფოტო: „ბათუმიველოს“ საპარკინგზე ადგილი, ბათუმის ბულვარი, 2021.

16 წლის ბიჭი, რომელიც ავტომანქანის გაქურდვის მცდელობაშია ბრალდებული, გირაოთი გაათავისუფლეს

ავტომანქანის გაქურდვის მცდელობაში ბრალდებულ 16 წლის მოზარდს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 500 ლარის გადახდა დააკისრა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, პირველ თებერვალს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

საქმის მასალების მიხედვით, 16 წლის მოზარდი 12 და 13 წლის არასრულწლოვნებთან ერთად ავტომანქანის გაქურდვას ცდილობდა. შემთხვევა 29 იანვარს მოხდა. არასრულწლოვანს გამოძიება ქურდობის მცდელობას ედავება. ის შემთხვევის ადგილას დააკავეს.

„აშკარაა რესურსების პრობლემა როგორც სოციალური მუშაკის, ასევე ფსიქოლოგების კუთხით, ვინც არასრულწლოვნებთან მუშაობს…“ – მიიჩნევს ადვოკატი გვანცა თურმანიძე. ის იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტია და სასამართლოში მოზარდის ინტერესებს იცავს.

მოზარდს 9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლაში აღარ უვლია. ოჯახი ბათუმში ცხოვრობს და სოციალურად დაუცველი არ არის.

„ბათუმელები“ ხშირად წერს რთული ქცევის მქონე ბავშვების პრობლემებზე და იმაზე, რომ ამ კუთხით სპეციალური სერვისი უნდა შექმნას ადგილობრივმა მმართველობამ. ამ დრომდე სახელმწიფო რთული ქცევის მქონე მოზარდებს პრაქტიკულად ვერაფერს სთავაზობს.

ამ თემაზე:

რა უნდა „დაახვედროს“ მერიამ დანაშაულისკენ მიდრეკილ თინეიჯერებს – ინტერვიუ

ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ჯარა ქართული, ტრადიციული სკაა – სპეციალურად დამუშავებული ხის მორი, რომელშიც ფუტკარი თაფლს აწარმოებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, შესაბამისი ბრძანება 2021 წლის 26 იანვარს გამოსცა.

სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა ჯარას თაფლის წარმოების შესახებ მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის ცნობით, საქართველოში ჯარას თაფლის მწარმოებელი 24 მეფუტკრეა, რომელთაც ბიოსერტიფიკატი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თავიანთი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანა შეუძლიათ.

ჯარას მეფუტკრეები ძირითადად აჭარაში ცხოვრობენ.

ნახეთ „ბათუმელების“ სტატია:

ჯარას თაფლი ევროკავშირის ბაზარზე – 4 მეფუტკრე აჭარიდან, რომლებმაც ბიოსერტიფიკატი მოიპოვეს

 

მთავარი ფოტო: ჯარა / მაყვალა სურმანიძის ოჯახი/ფოტო: ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები და მოძრაობის გრაფიკი

მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტებში ერთადერთი ცვლილება, რაც ბათუმში მოძრაობის ახალმა სქემამ გამოიწვია, არის N11 ხაზზე. ამ ნომრით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები აღარ ივლიან პუშკინის ქუჩაზე, ამ ქუჩის ნაწილობრივ გაცალმხრივების გამო. N11 ავტობუსი პუშკინის ნაცვლად გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე იმოძრავებს.

მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა ბათუმში 1-ლი თებერვლიდან აღდგა. თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პანდემიის პრევენციის მიზნით, ავტობუსები არ ივლიან შაბათ-კვირას. ამასთან, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე იმოძრავებენ.

[ბათუმში 1-ლი თებერვლიდან სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობაც აღდგა, რომლებიც დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ შაბათ-კვირის გარდა].

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების ზუსტი მარშრუტი და ავტობუსებს შორის ინტერვალის დრო შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ, ცხრილში. ასევე შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა დროს გამოდის საღამოს ავტობუსი ბოლო პუნქტიდან.

რამდენიმე ავტობუსი ბათუმში წრეზე მოძრაობს, თუმცა, მაგალითად, N13 ელექტროავტობუსი, რომელიც ორბელიანის ქუჩიდან გამოდის, ბრუნდება საბაგიროსთან, შესაბამისად, საღამოს, ეს ავტობუსი საბაგიროდან [ჭავჭავაძის ქუჩიდან] ბოლოს გავა დაახლოებით 20:27 საათზე.

N2ა ავტობუსი კი, რომელიც ახალშენიდან ადლიის ქუჩამდე მონაკვეთში მოძრაობს, ახალშენიდან საღამოს, ბოლოს გამოვა დაახლოებით 19:32 საათზე.

N12 ავტობუსი კი ხელვაჩაურიდან საღამოს, ბოლოს დაახლოებით 19:47 საათზე გამოვა.

მოქმედი რეგულაციებით:

  • მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრობისას სავალდებულოა პირბადის ტარება.
  • აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.
  • აკრძალულია მძღოლის გვერდით წინა სავარძლით სარგებლობა.
  • ავტობუსებში მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად, მოწყობილი იქნება ბარიერები.
  • მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს.

მერიის ინფორმაციით, ყველა მუნიციპალურ ავტობუსში განთავსებული იქნება სადეზინფექციო სითხის დისპენსერები, ხოლო ახალ ელექტროავტობუსებში სპეციალური აპარატებით განხორციელდება მგზავრთა ავტომატური თერმოსკრინინგი.

მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს დეზინფექცია ყოველდღიურად ჩაუტარდება.

ბათუმი, 1 თებერვალი, 2021

ბათუმში 2020 წლის 15 დეკემბრიდან რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები შეიცვალა. მუნიციპალური ავტობუსებისთვის გარკვეულ ქუჩებზე სპეციალური სავალი ნაწილი [ე.წ. Bus lane] მოინიშნა – ამ ზოლში ავტობუსების გარდა დაშვებულია მხოლოდ ველოსიპედების მოძრაობა.

ამავე თემაზე:

1-ლი თებერვლიდან აღდგება ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა

 

 

ბათუმის სკოლებში მოსწავლეთა 73 % გამოცხადდა – სამინისტრო

დღეს, პირველ თებერვალს, აჭარის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში განახლდა. გამონაკლისი მხოლოდ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაა, სადაც სასწავლო პროცესის განახლება ორი კვირით გადაიდო, რადგან 3 პედაგოგს კოვიდი დაუდასტურდა.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადების მაჩვენებელი აჭარაში ასე გადანაწილდა:

  • ბათუმი -73.5%;
  • ხელვაჩაური-81%;
  • ქობულეთი-85 %;
  • შუახევი-93%;
  • ქედა-91%;
  • ხულო- 95%.

სამინისტროს განცხადებით, ეს არის 12:00 საათზე  მოსწავლეთა გამოცხადების სტატისტიკა (I ცვლა).

სასწავლო პროცესის დაწყებამდე კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს. ტესტირება ორი კვირის შემდეგ განმეორებით ჩატარდება.

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე სკოლებს შერეული მოდელის გამოყენების უფლებაც აქვთ და იმ მოსწავლეებს, რომლებიც საკლასო სივრცეში სწავლის გაგრძელებაზე უარს იტყვიან, დისტაციურად შეუძლიათ სწავლის გაგრძელება.

_____________________
მთავარი ფოტო: ბათუმის პირველი საჯარო სკოლა/განათლების სამინისტრო

მეწყერი ქედაში

ქედაში, სოფელ გუნდაურისა და ჭალათის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც შეფერხებულია სოფლებთან მიმოსვლა. მეწყრის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზებიც. ელექტროენერგია არ მიეწოდება 40 აბონენტს.

მეწყერი სოფელ გუნდაურისა და ჭალათის დამაკავშირებელ გზაზე

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, მიმდინარეობს გეოლოგიური სამსახურის მიერ ადგილმდებარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები.

„მანამდე კი, ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ შემოვლითი გუნდაური-სიხალიძეების საავტომობილო გზით ისარგებლონ“-აცხადებენ დეპარტამენტში.

სილქნეტი ავტომატურად განახლებად „კოსმო“ პაკეტებს გთავაზობთ

ბევრად მეტი ინტერნეტი, უამრავი სასაუბრო დრო და ულიმიტო SMS -სილქნეტის ახალი „კოსმო“ პაკეტებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა.  1 თებერვლიდან, კომპანია ავტომატურად განახლებადი პირობით შეთავაზებს ახალ პაკეტებს მობილური ქსელის მომხმარებლებს.

 „კოსმოს“ ექვსივე პაკეტში, გათვალისწინებულია ყველა ნიუანსი. 

მომხმარებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს: 14 და 28 დღიანი ინტერნეტ პაკეტები უპრეცედენტო ფასად; შეუზღუდავად გაიაქტიუროს შერეული პაკეტები და ინტერნეტ მოცულობა მისაღებ დროს, მისაღებ ფასად.

აქციით სარგებლობა შეუძლიათ,  როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს

პაკეტების აქტივაცია, მოცულობების გადამოწმება, განახლების პირობის გამორთვა შესაძლებელია კომბინაციით *200#. 

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში, აბონენტი შეძლებს ყველა პაკეტის ბონუსით სარგებლობას ვადის ფარგლებში, თუმცა განახლება მოხდება მხოლოდ ბოლოს შეძენილი პაკეტის.

განახლების მომენტისთვის ანგარიშზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, პაკეტები ავტომატურად დაპაუზდება, აპლიკაციით “My Silknet”, პორტალით ან ჩასარიცხი აპარატით საკმარისი თანხით ბალანსის შევსებამდე

სასაუბრო წუთებს მომხმარებელები გამოიყენებენ ყველა ადგილობრივ ქსელზე, გლობალსელის და ასანეტის მიმართულების გარდა

სმსები გავრცელდება სტანდარტულად ყველა იმ მიმართულებით, სადაც გზავნილის ფასი შეადგენს სტანდარტულ ფასს. 1 MB-ის ფასი პაკეტის ვადის ფარგლებში ინტერნეტ მოცულობის ამოწურვის შემდეგ 0.10 ლარი.

ბათუმში 6 თებერვლამდე არ იწვიმებს, +18 გრადუსამდე დათბება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს,  პირველი თებერვლის 21 საათიდან 2 თებერვლის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 3-4 თებერვალს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი 5 თებერვლამდე შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა კი 18 გრადუსს მიაღწევს.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

დადასტურდა კოვიდის 240 ახალი შემთხვევა, 16 პაციენტი გარდაიცვალა

პირველი თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 9 9 056 კვლევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 681 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 194 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა
  • აჭარაში – 15
  • იმერეთში – 37
  • ქვემო ქართლში –19
  • შიდა ქართლში – 21
  • გურიაში – 3
  • სამეგრელო – ზემო სვანეთში – 28
  • კახეთში –17
  • მცხეთა-მთიანეთში – 6
  • სამცხე-ჯავახეთში – 12
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 5 422 ადამიანი. აქედან 2 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 569 მძიმე პაციენტია.

ბათუმში 200-მდე მოვაჭრე „უნივერსამში“ სავაჭრო ცენტრის გახსნას ითხოვს | LIVE

დღეს, პირველ თებერვალს, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, აქციას მართავენ ყოფილი „უნივერსამის“ შენობაში მდებარე სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები. ისინი სავაჭრო ცენტრის გახსნას ითხოვენ.

დღეს ბათუმში გაიხსნა მაღაზიები და მოლები, თუმცა არა ბაზრობები. მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის თანახმად, სავაჭრო ცენტრების გახსნა 15 თებერვალს იგეგმება, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა გაიხსნა მაღაზიები, მოლები, სკოლები, სავაჭრო ცენტრების მუშაობის აკრძალვა უსამართლოა. მით უმეტეს, როცა მოვაჭრეებს თვეებია არ უმუშავიათ და უწევთ ბანკის ვალების გადახდა და ოჯახების რჩენა.

„უნივერსამის“ მოვაჭრეებს არც 2020 წლის ბოლოს მისცეს მუშაობის უფლება. სავაჭრო ცენტრი მხოლოდ ერთი დღით იყო გახსნილი, შემდეგ სავაჭრო ობიექტებს შრომის ინსპექციამ დახურვისკენ მოუწოდა, რამაც მოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია.

„ყველაფერი გახსნილია, სკოლა, მაღაზიები გაიხსნა, ტრანსპორტი მუშაობს, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ დაკეტილი?“ – აცხადებენ მოვაჭრეები.

ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიდგომა შერჩევითია, რადგან სხვა სავაჭრო ცენტრებში მოვაჭრეებს ეძლევათ მუშაობის საშუალება.

ყოფილი „უნივერსამის“ შენობაში 200-მდე ადამიანი ვაჭრობს სხვადასხვა საქონლით.

მოვაჭრეებმა ისაუბრეს ბათუმის ქუჩის გადაკეტვაზეც, თუმცა ამ განცხადებიდან მალევე ადგილზე პოლიცია გამოჩნდა. გადაწყდა, რომ დღეს, 16 საათზე მოვაჭრეებს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები შეხვდებიან.

აჭარაში სასწავლო პროცესი მხოლოდ ერთი სკოლის შენობაში არ განახლდა

დღეს, პირველ თებერვალს, აჭარაში სასწავლო პროცესი პირველად განახლდა საკლასო ოთახებში. თითქმის ერთი წელია, რაც აჭარაში მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ. სწავლის დაწყებამდე კერძო და საჯარო სკოლების პედაგოგებს ტესტირება ჩაუტარეს კორონავირუსზე, გამოვლინდა 11 შემთხვევა.

როგორც აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, ყველა სკოლაში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები. „გამონაკლისი გვაქვს შუახევში, ცინარეთის საჯარო სკოლაში 3 პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი, ამიტომ აქ სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდება და სწავლა ისევ დისტანციურად გაგრძელდება“, – გვითხრეს სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, პროტოკოლი ითვალისწინებს სასკოლო სივრცეში მოსწავლეთა ნაკადების მართვას, თერმოსკრინინგს და ჰიგიენის დაცვას.

ქვემოთ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ „ბათუმელების“ ლაივი, ბათუმში სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განახლებაზე.

__________________

მთავარი ფოტო: აჭარაში პირველ თებერვალს სასწავლო პროცესი კლასებში განახლდა/ფოტო: განათლების სამინისტრო.

აჭარაში კოვიდის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

პირველი თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან აჭარაში 59 პაციენტი განიკურნა. კოვიდკლინიკა დატოვა 19-მა პაციენტმა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 209 პაციენტი, კრიტიკულია 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

პირველი თებერვლიდან დაიწყო მოქალაქეთა 2021 წლის საგაზაფხულო გაწვევა, რომელიც 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

მთავრობის დადგენილებით:

[checklist]

  • თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1400-ით.
  • სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 585-ით.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1333-ით.
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 150-ით.

[/checklist]

გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები 1-ლი თებერვლიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო თბილისში – თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ჯანდაცვის სამინისტრომ 11 თებერვლამდე უნდა განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია გაწვევის მთლიან პერიოდში, გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება შესაბამის სამსახურებს გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან ან სავარაუდოდ თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს.“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

ტესტირების შედეგად აჭარაში 11 პედაგოგს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარაში პედაგოგების ტესტირება კორონავირუსზე დასრულდა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ტესტირების შედეგად მთლიანობაში 11 პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი.

ცენტრის ინფორმაციით, პაციენტებში ვირუსი ამ ეტაპზე მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. პედაგოგები, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდათ, მუნიციპალიტეტების სკოლებში ასწავლიან.

კითხვაზე, დაიტესტა თუ არა პედაგოგების ახლო კონტაქტები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ გაიდლაინის მიხედვით, ინფიცირებული პედაგოგები იზოლაციაში არიან გადასული და ახლო კონტაქტები მხოლოდ კლინიკური ნიშნების შემთხვევაში დაიტესტებიან.

ამ დროისთვის დაახლოებით 9 ათასი პედაგოგი და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალია დატესტილი, ორი კვირის შემდეგ კი განმეორებითი ტესტირება დაიწყება.

დღეს, პირველ თებერვალს, აჭარაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. პედაგოგების მასობრივი ტესტირებაც სწორედ ამ პროცესს უკავშირდება.

სწავლა ონლაინ, როცა სმენადაქვეითებული ხარ და არ გესმის – 16 წლის ლანას ისტორია

16 წლის ლანა დობორჯგინიძეს სმენის მეოთხე ანუ მძიმე ხარისხის დაქვეითება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, ფაქტობრივად, არ ესმის.

ლანა ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა, თუმცა ჟესტური ენის მასწავლებელი ამ სკოლაში მხოლოდ შარშან გამოჩნდა. ჟესტური ენის გაკვეთილების დაწყებიდან მალევე პანდემია დაიწყო და სწავლა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ონლაინრეჟიმზე გადავიდა.

„იქამდე ისე ესწრებოდა გაკვეთილებს, ვერ იგებდა, ლანასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის მის თანატოლებთან კომუნიკაცია, ძალიან ბევრი რამ ისწავლა მათგან, მაგრამ პანდემიის გამო მთელი წლით მოუწია იზოლირება,“ – ამბობს ლანას დედა, გულთამზე ქუთიძე.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი თებერვლიდან მოსწავლეები ვირტუალური გაკვეთილებიდან რეალურ საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან, ლანა ერთხანს კვლავ ონლაინსწავლების რეჟიმში დარჩება. ეს იმიტომ, რომ სმენის დარღვევის გარდა, ლანას ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვს – ცერებრალური დამბლის დიაგნოზი და დაბალი იმუნიტეტი, რის გამოც ის კორონავირუსის რისკჯგუფშია, ამიტომაც ლანას დედა შიშობს, რომ თებერვალში ლანა თავის კლასელებთან ერთად სკოლას ვერ დაუბრუნდება.

„ჯერ ვერ  გავუშვებ… ლანას ძალიან დაბალი იმუნიტეტი აქვს. აქამდეც ხშირი გაცდენა გვქონდა ლანას ავადობის გამო, მაგრამ საპატიოდ ეთვლება, შესაბამისი ცნობაც გვაქვს. ახლა კიდევ ახალი შტამია ვირუსის, ვერანაირად ვერ გავუშვებ სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ლანასაც ძალიან უნდა და მეც. მირჩევნია კვლავ ონლაინრეჟიმში გავაგრძელოთ ჟესტური ენის გაკვეთილები. დავაკვირდებით როგორი ვითარება იქნება… ცოტას კიდევ დავიცდით,“ – ამბობს გულთამზე.

ლანასთვის ონლაინრეჟიმზე გადასვლა ბევრად უფრო მძიმე გამოდგა, ვიდრე დანარჩენი მოსწავლეებისთვის, რომლებიც ერთმანეთისგან ფიზიკურად კი დისტანცირდნენ, მაგრამ ონლაინგაკვეთილებზე მაინც ერთ ჯგუფად იყრიდნენ თავს, ლანა კი მისთვის გაუგებარი საგაკვეთილო პროგრამის გამო თავისი კლასის ონლაინგაკვეთილებზე არ ჩართულა. 

ნაცვლად ამისა, ლანა დღემდე ყოველდღიურად ერთვება ონლაინგაკვეთილზე თავისი ჟესტური ენის მასწავლებელს, გულო ამაღლობელს, რომელიც ამბობს, რომ შედეგი ნამდვილად აქვთ, მაგრამ ონლაინფორმატის გამო გაკვეთილები ძალიან გართულდა.

ლანა

ჟესტების ენა ონლაინ – როგორ გაართულა პროცესი პანდემიამ

არასამთავრობო ორგანიზაცია „სმენის არმქონე ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვის“ ხელმძღვანელი მზია მელაძე ამბობს, რომ პანდემია განსაკუთრებით მძიმედ აისახა სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებზე, რადგან მათი განვითარებისთვის პირისპირ კომუნიკაციასა და სოციალიზაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„პანდემიამ ძალიან გაართულა ამ ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობა, მათ ისედაც უამრავი ბარიერი აქვთ სოციალიზაციისთვის, პანდემიამ და სახლში ყოფნამ მათი სოციალურ-ემოციური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, ვიდრე ადრე იყო,” – ამბობს მზია მელაძე.

მასწავლებელი გულო ამაღლობელი ამბობს, რომ ჟესტურ ენაზე გაკვეთილის თარგმნა ონლაინ, პირველ რიგში, მოსწავლისთვის არის ძალიან რთული, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ლანას შემთხვევაში დრო ფუჭად არ დაეხარჯათ და მისთვის ინდივიდუალური გაკვეთილები ჩაეტარებინათ უშუალოდ ჟესტურ ენაში:

„სულ რაღაც ორი თვე იყო, რაც რესურსოთახში ვამზადებდი ცალკე, ინდივიდუალურად. ისე კი, რამდენიმე გაკვეთილს დავესწარით საერთოს, ძალიან მოეწონა, რაღაც ელემენტარული ჟესტები იცოდა და იმით ვუხსნიდი, მაგრამ ეს დროის ფუჭად კარგვა იყო და გადავწყვიტეთ ინდივიდუალურად გვემეცადინა“.

თავიდან, როცა ჟესტური ენის გაკვეთილი სკოლის რესურსოთახში ტარდებოდა, ჟესტების ახსნა და დამახსოვრება ნახატებისა და ილუსტრაციების გამოყენებით დაიწყეს. საგნის მოქმედებისა თუ მდგომარეობის აღმნიშვნელი ჟესტების სწავლა ცოტა რთული აღმოჩნდა, რადგან მოსწავლემ ჟესტის დასასწავლად სწორედ მოქმედება უნდა დაინახოს, რაც პირისპირ ურთიერთობისას მეტ-ნაკლებად ხერხდებოდა, ონლაინრეჟიმში კი ეს რთული აღმოჩნდა.

ლანას სწავლის პროცესში ილუსტრაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ფერად ნახატებს თავადაც ხშირად ქმნის.

„ხშირად ვიმეორებდით ერთსა და იმავე ჟესტებს, რომ კარგად გაეგო მნიშვნელობა და დაემახსოვრებინა. ასე, ეტაპობრივად მივდიოდით ძალიან ნელი ნაბიჯებით, შემდეგ ძალიან კარგად აუღო ალღო, მაგრამ პანდემიამ ძალიან შეგვაფერხა.

კარგი იქნებოდა, გაგრძელებულიყო რესურსოთახში მეცადინეობა, იმიტომ, რომ რასაც ვუხსნიდი, ვახვედრებდი ხელის მოძრაობით, მიმყავდა ნახატთან ან ვეუბნებოდი მომიტანე რაღაც. ონლაინსწავლება ძალიან რთულია. როგორია ადამიანს, რომელსაც არ ესმის, კომპიუტერით აჩვენო ის, რისი თქმაც გინდა, თუმცა მაინც ვახერხებთ. კომუნიკაციაში სმს-ებიც გვეხმარება, მისთვის ასე უფრო კომფორტულია,” – ამბობს მასწავლებელი. 

მასწავლებელი გულო ამაღლობელი. ლანას ონლაინკაკვეთილი

ფასადური განათლება

რეალურად, სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვებს საჯარო სკოლებში, თუნდაც ინკლუზიური სწავლების ჯგუფში, ჟესტურ ენაზე სწავლა არ შეუძლიათ, რადგან სკოლის სპეცმასწავლებლები ჟესტურ ენას არ ფლობენ. როგორც განათლების სამინისტროში დაგვიდასტურეს, ჟესტური ენის ცოდნას სპეცმასწავლებლებს არც სახელმწიფო სტანდარტი ავალდებულებს.

„რა თქმა უნდა, ლანას პირველი კლასიდან რომ დაეწყო ჟესტურის სწავლა, ახლა ჩვეულებრივი კომუნიკაცია ექნებოდა სმენის არმქონე ბავშვებთან, ასევე  სხვებთანაც და შედეგიც გაცილებით უკეთესი იქნებოდა იმ მხრივ, რომ საგაკვეთილო პროცესსაც დაესწრებოდა და წარმოდგენა ექნებოდა საგანზეც, თუ რას შეისწავლის ესა თუ ის საგანი და რას წარმოადგენს ის მისი მომავლისთვის. ახლა ვართ პირველი კლასის პროგრამაზე. ჯერ არც ჟესტი ვიცით სრულად, რომ დავსვა მეათე კლასის ქიმიის გაკვეთილზე და გავაგებინო, მე ავუხსნი, მაგრამ მისთვის გაუგებარი იქნება,“ – ამბობს ჟესტური ენის სპეციალისტი გულო ამაღლობელი.

ლანას მშობლები მიიჩნევენ, რომ ბათუმში სპეცსკოლის არსებობა, სადაც სმენის არმქონე ბავშვები ჟესტურ ენას შეისწავლიდნენ, ბევრ პრობლემას მოაგვარებდა, შესაძლებელი იქნებოდა ასეთი მოსწავლეების კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდანვე.

დღეს ასეთი სკოლა საქართველოში მხოლოდ თბილისსა და ქუთაისშია, სადაც დაახლოებით ათასამდე სმენადაქვეითებული ბავშვი სწავლობს, ლანას დიაგნოზის მქონე მოსწავლეებს კი მშობლებისგან შორს, დამოუკიდებლად ცხოვრება უჭირთ.

„ცერებრალური დამბლის გამო ჩვენ ძალიან ძნელად ვისწავლეთ თავის მოვლა და ჯერ კიდევ ვსწავლობთ,” – ამბობს ლანას დედა, გულთამზე ქუთიძე.

ორგანიზაცია „სმენის არმქონე ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვის“ ხელმძღვანელი მზია მელაძე მიიჩნევს, რომ სპეცსკოლაზე უკეთესი ალტერნატივა სმენის არმქონე ბავშვებისთვის ის იქნება, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მათთვის სასწავლო პროცესის ადაპტაცია ადგილზე.

„მე პრიორიტეტს ვანიჭებ იმას, რომ იყოს ბევრი სპეციალისტი და ყველა მოსწავლემ იქ მიიღოს განათლება, სადაც მას სურს, მისი ინკლუზია მოხდეს იმ გარემოში, სადაც ის ცხოვრობს, სადაც მისი მეგობრები სწავლობენ,” – ამბობს მზია მელაძე.

 

რეალური გამოსავალი და სპეციალისტების დეფიციტი

იმ შემთხვევაში, თუ სმენადაქვეითებული ან სმენის არმქონე მოსწავლეები აჭარაში ლანას მსგავსად მოითხოვენ, რომ არაინკლუზიურ კლასებში სურდო-თარჯიმნის დახმარებით მოხდეს მათთვის სასკოლო პროგრამის ადაპტირება, შესაძლოა სპეციალისტების დეფიციტის გამო ეს ვერ მოხერხდეს.

აჭარაში ჟესტური ენის პედაგოგი არ არსებობს, მათ ფუნქციას ძირითადად ჟესტური ენის თარჯიმნები ითავსებენ, აჭარაში კი სულ სამი სურდო-თარჯიმანია – ამბობს  მზია მელაძე, რომელიც თავადაც სურდო-თარჯიმანია.

„ჟესტური ენის სწავლება სხვა სპეციფიკაა, სხვა პედაგოგიურ უნარებს მოითხოვს, სხვა მიდგომებს და ა.შ. საქმე ის არის, რომ მოტივაცია უნდა ჰქონდეს პედაგოგს, ჟესტური ენის თარჯიმანს თუ სხვას, რომ სწავლა დაიწყოს. თუ შესაბამისი მოტივაცია მექნება იმ დარგში, დავიწყებ იმ განხრით განვითარებას. ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს ჟესტური ენის სპეციალისტად ჩამოყალიბება. მოთხოვნადი არის, მაგრამ ანაზღაურება ძალიან დაბალია და შესაბამისად, დაინტერესება ამ სპეციალობით ნაკლებად ხდება,” – ამბობს მზია მელაძე.

16 წლის ლანას დედა, გულთამზე ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ხელშეწყობის არარსებობის გამო, ლანა და სხვა სმენადაქვეითებული ბავშვები ვერ იღებენ სრულყოფილ განათლებას.

„კარგია, რომ ნებისმიერი დარღვევისა თუ საჭიროების მქონე ბავშვს მისცეს საშუალება ნებისმიერ სკოლაში ესწავლა, მაგრამ რა შედეგი აქვს ამას მათთვის? არაფერი. აჯობებდა სმენის არმქონე ბავშვებისთვის ცალკე სკოლა ყოფილიყო. ერთი ჯგუფი მაინც რომ ჩამოყალიბდეს და რომ ჰყავდეთ სურდო-ლოგოპედი, ეს სპეციალისტი ვერ ვიშოვე რეგიონში,” – ამბობს ლანას დედა. 

„მე ვერ ვმუშაობ, ჩემი ყველა დრო ლანასთვის დახმარების აღმოჩენაში იხარჯება, ასეთი მშობლებისთვის რაიმე შეღავათები ხომ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს? კი, ახლა ლანას მამა და ძმა მუშაობენ, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო, იყო პერიოდები, როცა ძალიან გვიჭირდა,” – ამბობს ის.

მზია მელაძე ამბობს, რომ მანამ, სანამ სპეცმასწავლებლებს ჟესტური ენის ცოდნის მოთხოვნას წაუყენებენ, საჭიროა შემუშავდეს გადამზადების პროგრამები და მოხდეს ჟესტური ენის კურსების პოპულარიზაცია.

„თუ მსგავსი ნაბიჯები არ გადაიდგა, ვერ შეიტან ცვლილებას კვალიფიკაციის მოთხოვნაში, შესაბამისად ჯერ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ჟესტური ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზებისთვის, არა მარტო თბილისში, არამედ ყველა რეგიონში,” – მიიჩნევს ის.

 

 

ავტომანქანების შეჯახების შედეგად ქვეითიც დაშავდა – ავარია ხელვაჩაურში

დღეს, 31 იანვარს, ხელვაჩაურში ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ჯიპი შეეჯახა, ავარიის შედეგად დაშავდა ქვეითიც.

ამ წუთებში [17:45] ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი.

შემთხვევის ადგილი

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

________________

Exit mobile version