მთავარი,სიახლეები

რატომ დუმს არჩილ ჩიქოვანი ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენებაზე

01.02.2021 • 1617
რატომ დუმს არჩილ ჩიქოვანი ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენებაზე

რატომ დუმს ქონების მესაკუთრე მაშინ, როცა ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას ქალაქში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა? – გაიმართა საპროტესტო აქცია, პროექტის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო სოციალურ ქსელში, ძეგლების დამცველებმა გაავრცელეს პეტიცია, რომელსაც უკვე 3500-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, მოამზადეს სარჩელი, რომელსაც უახლოეს პერიოდში სასამართლოში შეიტანენ.

ამ ყველაფრის ფონზე ბათუმში არ იციან, რას ფიქრობს ბულვარში სასტუმროს მშენებლობაზე ქონების მესაკუთრე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი. მან ამ თემაზე არც „ჰო“ გვითხრა და არც „არა“ – არჩილ ჩიქოვანი დუმილს ირჩევს.

„თხოვნა გადავეცით, არაფერი უთქვამს“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. მას რამდენჯერმე დავურეკეთ და შეტყობინებაც გავუგზავნეთ, თუმცა უშედეგოდ.

ბულვარი მუნიციპალური საკუთრებაა, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართავად უზურფრუქტის წესით აქვს გადაცემული. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, რომლის ზემდგომიც ახლა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა, როგორც შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება [შპს] ბათუმის საკრებულოს დაფუძნებულია.

ბათუმში არსებული პრაქტიკის მიხედვით, ბულვარის იერ-სახის შენარჩუნებაზე [როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის აუცილებლობაზე] მერობის მსურველები უფრო თამამად საუბრობენ, ვიდრე არჩეული მერები. წინასაარჩევნო პერიოდში კარგად ჩანს, რომ კანდიდატები აცნობიერებენ ამ თემის მიმართ ბათუმელი ამომრჩევლის მგრძნობელობას. თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ კი მათი გადაწყვეტილებები, არჩევნებამდე გამოთქმულ დაპირებებთან ძირითადად წინააღმდეგობაში მოდის.

არჩილ ჩიქოვანი არჩეული მერი არ არის, ის ბათუმის ვიცე-მერად ბათუმის არჩეულმა მერმა ლაშა კომახიძემ დანიშნა, ვიდრე თავად გადადგებოდა – რამდენიმე საათით ადრე. ის არც ნებართვის გამცემია, რადგან ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე, ნებისმიერ ცვლილებას, ხის დარგვა იქნება ეს თუ ახალი შენობის აშენება, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭო ითანხმებს, ხოლო სააგენტოს დირექტორი ნებართვას გასცემს. თუმცა არჩილ ჩიქოვანს, როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელს, შეეძლო არამხოლოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მუნიციპალურ ქონების განკარგვის თვალსაზრისით. მას, როგორც ქონების მესაკუთრეს, შეეძლო მოეთხოვა საკუთარი აზრის გათვალისწინება და პროექტის შეთანხმებაც კი.

თვითმმართველობის კოდექსით არჩილ ჩიქოვანი ვალდებულია უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მოვლა-პატრონობა. ძეგლის ხელყოფის შემთხვევაში კი, თვითნებური ან სხვა სახის დამაზიანებელი ქმედებების მოკვლევისას, კითხვები მასთან, როგორც ძეგლის მესაკუთრესთანაც გაჩნდება.

გასულ 2020 წელს არჩილ ჩიქოვანი პირადად ესწრებოდა ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ კაფეს პომპეზურ გახსნას. ეს კაფე სწორედ იმ ტერიტორიაზეა, რომლის იჯარით გადაცემის კენჭისყრას მოქალაქეები აპროტესტებდნენ, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს მაშინდელმა მერმა მისწერა: „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“.

__

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: