მთავარი,სიახლეები

მოსამართლე პრეზერვატივის წარწერაზე: რას ნიშნავს „ძლევაი საკვირველი“?

02.02.2021 • 2081
მოსამართლე პრეზერვატივის წარწერაზე: რას ნიშნავს „ძლევაი საკვირველი“?

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ანანია გაჩეჩილაძემ აღწერა, რას მოიაზრებდა პრეზერვატივზე წარწერა „ძლევაი საკვირველი“, მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა გამეორება ითხოვა.

„არ მესმის კარგად, იქნებ გაიმეოროთ…“ – თქვა მოსამართლემ.

მოსარჩელის ინტერესების დამცველმა, მარი კაპანაძემ, მოსამართლეს მოკლედ უთხრა, რომ ინტერპრეტაცია შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ „ძლევაი საკვირველის“ პრეზერვატივზე დაწერა უფრო მამაკაცის დომინანტურ მდგომარეობას აღწერს სექსში. „მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ სქესობრივი კავშირი ასოცირებულია მხოლოდ მამაკაცის სიძლიერესთან“, – დასძინა იურისტმა.

„ბირთვისის ბრძოლა რომ იყოს, ან ხერთვისის ომი, ან ჯვაროსნების 25-ე ლაშქრობა, იმავე დისკურსის შემოტანა იქნებოდა, რომ ომში კაცები იბრძვიან? ვერ გავიგე, რა დისკურსის შემოტანა გინდოდათ“, – აღნიშნა მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა.

„არა, გამარჯვების სიმბოლო რომ მხოლოდ მამაკაცია მონარქის შემთხვევაში, ესაა პარალელი…“ – უპასუხა მოსამართლეს იურისტმა მარი კაპანაძემ.

„გასაგებია,“ – ჩაილაპარაკა მოსამართლემ.

დღეს, 2 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განიხილა მოქალაქე ანანია გაჩეჩილაძის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც „არაეთიკური“ რეკლამისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საუბარია „აიისას“ პრეზერვატივებზე, რომლის გამოც კომპანია „აიისა“ 2018 წელს 500 ლარით დააჯარიმეს.

„ძლევაი საკვირველი“ ძალადობრივი სექსის გაკრიტიკებაც იყო….“ – უთხრა მოსამართლეს ანანია გაჩეჩილაძემ სხდომაზე, რომელიც დისტანციურად გაიმართა. კითხვები სხვა მოსამართლეებმაც დასვეს.

მაგალითად, მოსამართლე მანანა კობახიძე დაინტერესდა, მოსარჩელეების აზრით, როდის და რა შემთხვევაში შეიძლება შეზღუდოს სახელმწიფომ გამოხატვის თავისუფლება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოტივით. მოსარჩელეების აზრით, ცალკეულმა მოქალაქემ, ან მოქალაქეთა ჯგუფმა, თუკი ისინი შეურაცხყოფილად მიიჩნევენ თავს, თავად უნდა მიმართონ სასამართლოს და სახელმწიფოს ჩარევის უფლება არ უნდა ჰქონდეს, რადგანაც ეს „საშიშ რისკებს“ აჩენს.

„…როცა კონკრეტული პირის მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებას აქვს ადგილი, გასაგებია, რომ ეს პერსონალურია და მან უნდა უჩივლოს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს ისეთი ტიპის რეკლამასთან, რომელმაც ფართო ჯგუფს ადამიანებისა მართლაც მიაყენებს შეურაცხყოფას, ხომ შეიძლება არაერთიკური რეკლამა განათავსოს პირმა, დავანებოთ კონკრეტულ ქეისს თავი, შეიძლება თუ არა ბუნებაში არსებობდეს ისეთი ტიპის რეკლამა, რომელმაც ადამიანების ფართო ჯგუფს მიაყენოს შეურაცხყოფა და ამან შეიძლება შექმნას საფრთხე, შეხლა-შემოხლა, ვნებათაღელვა?“ – იკითხა მანანა კობახიძემ.

„ვინ წყვეტს, მოხდა თუ არა პატივის და ღირსების შელახვა? ამაზე უნდა მომზადდეს ერთიანი სარჩელი, ან ცალკე, ეს არის სუბიექტებს შორის არსებული ურთიერთობა და არა სახელმწიფოს ჩარევა,“ – შეეპასუხა მოსამართლეს იურისტი შოთა ქობალია.

„ანუ ეს ჩანაწერი, რაც უკავშირდება საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ეს არ არის კანონით, სამართლის დაცვის ღირსი სიკეთე და არც კონსტიტუციიდან ეს არ გამომდინარეობს?“ – ჩაეკითხა მოსარჩელე მხარეს მოსამართლე მანანა კობახიძე.

„არაკონსტიტუციურია ის, რომ ეთიკის და მორალის ასპექტები რაც დაცული უნდა იყოს, ის ისედაც დაცულია კონსტიტუციით… სწორედ ზნეობრივი ნორმები და ღირებულებებია ასახული კონსტიტუციის მუხლებში, მაგალითად, სიცოცხლის უფლება, ქონების უფლება და ასე შემდეგ…“ – უთხრა მოსამართლეს შოთა ქობალიამ. GDI-ის იურისტის აზრით, სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ზღუდავდეს გამოხატვის თავისუფლებას, როცა არსებობს მყისიერი საფრთხე.

მოსამართლე მანანა კობახიძე ასევე დაინტერესდა, როგორ იმუშავა პრეზერვატივების რეკლამამ და როგორ გაიგო ეს საზოგადოებამ.

„საზოგადოებამაც ეს ასე გაიგო, რომ თამარ მეფე, რომელიც არის წმინდანად შერაცხული, ამ დროს იქ გაუგებარია შეიძლება, რას გულისხმობდით, ერთია, რა მესიჯს ითვალისწინებდა შემსრულებელი, მეორეა ობიექტური დამკვირვებელი როგორ აღიქვამს ამას… საზოგადოებას გააგებინეთ, რომ თამარ მეფეც ქალი იყო და მას ჰქონდა სქესობრივი ცხოვრება ხო?“ – იკითხა მოსამართლემ.

მოსარჩელის ინტერესების დამცველებმა მოსამართლეს უპასუხეს, რომ ბევრი გაღიზიანდა და თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

„მაგრამ არიან ანანია გაჩეჩილაძის მსგავსი ადამიანები, რომლებსაც მსგავს ტაბუდადებულ თემებზე საუბარი სურთ და ეს არის მათი ავტონომიურობის შემადგენელი ნაწილი… ჩვენი ისტორია გაჯერებულია საკრალური ელემენტებით და თუ ისტორია დაიცლება ამისგან, მე პირადად მგონია, რომ ეს სწორია… ჩვენ სწორედ საშუალო სტატისტიკური აღქმიდან არ გვინდა შევაფასოთ ეს საკითხი,“ – მიმართა მოსამართლეს შოთა ქობალიამ.

იურისტმა მარი კაპანაძემ მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ მიზანი გენდერული როლების სტერეოტიპების ხაზგასმაც იყო, რომ ძლიერ ქალ მმართველსაც შეიძლებოდა ჰქონოდა სექსი, როგორც ეს სერიალშია „სამეფო კარის თამაშები“.

„მიზანს მიაღწიეთ, მეტი გაყიდეთ ეს პროდუქტი?“ – ისევ იკითხა მანანა კობახიძემ. ანანია გაჩეჩილაძემ მოსამართლეს უპასუხა, რომ „ეს კარგი განაცხადი იყო“.

გადაწყვეტილებას ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: