Batumelebi | რა ჩაწერეს 100 წლის წინ პირველ კონსტიტუციაში, რომელიც ბათუმში დაიბეჭდა რა ჩაწერეს 100 წლის წინ პირველ კონსტიტუციაში, რომელიც ბათუმში დაიბეჭდა – Batumelebi
RU | GE  

რა ჩაწერეს 100 წლის წინ პირველ კონსტიტუციაში, რომელიც ბათუმში დაიბეჭდა

ბათუმში, კოსტავას ქუჩის 13-ში დაგხვდებათ აბრა, რომელსაც აწერია: „1921 წელს აქ დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია“, თუმცა ამ შენობაში ისტორიიდან შემორჩენილი აღარაფერია. დოკუმენტების მიხედვით, პირველი კონსტიტუცია საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, სწორედ აქ, ნესტორ ხვინგიას სახლის სარდაფში დაბეჭდეს.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავარი დოკუმენტი ნაჩქარევად დაიბეჭდა, თუმცა ამ მოვლენით დაინტერესებული ნებისმიერი მკვლევარი ადასტურებს, რომ პირველი კონსტიტუციის შინაარსი წლობით მუშავდებოდა, კონსტიტუციის შექმნაში კი, ჩართული იყო, როგორც იმდროინდელი ყველა პოლიტიკური პარტია, ისე მეცნიერები და საზოგადოება.

წელს, პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი სრულდება. მისი თითოეული მუხლის წაკითხვისას ხვდები, რომ ის მოქალაქეებისთვის ყველა საჭირბოროტო საკითხს არეგულირებდა. ასი წლის წინანდელი კონსტიტუციაში არსებობს მუხლი თანასწორობაზე, ადამიანების სოციალურ დაცვაზე, მათ შორის, იმაზეც, რომ, მაგალითად, ღარიბი ბავშვების სწავლაზე, ჩაცმასა და გამოკვებაზე სახელმწიფოს უნდა ზრუნავდეს.

რა ხდება სახლში, სადაც საქართველოს პირველი კონსტიტუცია დაიბეჭდა? 

„ეს იყო ერთსართულიანი ბელეტაჟი სახლი სარდაფით. ისე გავიზარდეთ, რომ არ ვიცოდით, აქ თუ კონსტიტუცია დაბეჭდეს… მერე გაირკვა, რომ საქართველოს პირველი კონსტიტუცია იმ სახლში დაიბეჭდა, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე,“ – გვიყვება ნინო ლავროვა. ის 1996 წლამდე ცხოვრობდა კოსტავას 13-ში. შემდეგ სახლი საბანკო სესხის გამო გაყიდეს და ახლა აქ 4-სართულიანი სასტუმროა. სახლის მეორე ნაწილში ნინოს დისშვილი – მიშა წულაძე ცხოვრობს. ამ ნაწილის იერ-სახეც შეცვლილია.

ნინო ლავროვა მიხეილ ლავროვის შვილია. მიხეილ ლავროვის ოჯახი ბათუმში, კოსტავას 13-ში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ცხოვრობდა.

„მამას ვიღაც ლაზისგან უყიდია ეს სახლი, გვარი არ მახსოვს… მაშინ აქ იტალიური ეზო იყო, მერე, ნელ-ნელა წავიდნენ სხვები და ახლა საერთოდ აღარაა ეზო… წლებია აღარც მივსულვარ, მიჭირს მაქაურობის ნახვა… ბავშვობაში რამდენჯერმე მომისმენია, რომ ჩვენს ქუჩაზე დაიბეჭდა საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ ეს ჩვენს სახლში თუ მოხდა, არ ვიცოდით. ჩვენი სახლის პირდაპირ იყო სტამბა და გვეგონა, რომ იქ დაბეჭდეს… მამა რკინიგზის ინჟინერი იყო და რუსეთიდან საქართველოში გამოუშვეს სამუშაოდ. ჯერ ოზურგეთში ცხოვრობდა, ოზურგეთელი ცოლი მოიყვანა და შემდეგ წამოვიდნენ ბათუმში საცხოვრებლად… სტამბიდან შემორჩენილი რაიმე ნივთი, ან დოკუმენტი ყოფილიყო სახლში, არ მახსოვს,“ – იხსენებს ნინო ლავროვა.

„ამ სახლს უკან დიდი ეზო იყო, ფეხბურთს ვთამაშობდით ბავშვები… მერე, როცა 90-იანებში სახლი გაიყიდა, ეზოში შენობა გაჩნდა, სარდაფიც აღარაა…“ – გვიყვება კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები ზურაბ ჭყონია. მისი თქმით, ამ ქუჩაზე რამდენიმე სტამბა იყო და ამ დრომდე არ უნახავს დოკუმენტი, რაც დაარწმუნებდა, რომ კოსტავას 13-ში დაბეჭდეს კონსტიტუცია.

„ეს დაფა, სადაც წერია, აქ დაბეჭდეს პირველი კონსტიტუციაო, მოიტანეს 10 წლის წინ და აქ დავკიდებთო, უკვე სასტუმრო იყო გახსნილი, ახალი მესაკუთრე წინააღმდეგი იყო, მაგრამ მაინც ჩამოკიდეს… თქვეს, რომ ასე ირკვევა, აქ იყო სტამბაო, მაგრამ მე დოკუმენტი არ მინახავს“, – დასძინა „ბათუმელებთან“ ზურაბ ჭყონიამ.

 

მუხლი – 111: „უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მიეცეს“ 

„სახელმწიფო მიზნად ისახავს პირველდაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები მიეცეს. ამ მიზნის განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობანი თავის შემოსავლის ერთ ნაწილს გადასდებენ ყოველწლიურად,“ – ეს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 111-ე მუხლია და არაა ერთადერთი ჩანაწერი ამ დოკუმენტში, რაც სახელმწიფოს კონკრეტულ სოციალურ ვალდებულებას აკისრებს – პირველი კონსტიტუცია უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის ფულადი დახმარების გაცემას ითვალისწინებდა და შრომის ბირჟის შექმნასაც, რომელიც ადამიანებს დასაქმებაში დაეხმარებოდა.

საქართველოს კონსტიტუცია – 1921 წელი

სოციალური უფლებების ნაწილში მარტივად საგრძნობია რეალობა, რომელშიც კონსტიტუცია მიიღეს – სოციალ-დემოკრატები უმრავლესობაში იყვნენ. ცნობილია, რომ პირველი კონსტიტუციის მიღებაში პოლიტიკური ოპოზიცია აქტიურად იყო ჩართული, თუმცა მემარცხენე და სოციალური ხედვები კონსტიტუციაში ყველაზე მეტად მოხვდა. ახლა სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ იდეები იყო და რეალურად იმდროინდელი საქართველო კონსტიტუციაში გაწერილ ვალდებულებებს ვერ შეასრულებდა, მეორე ნაწილი კი, ყურადღებას პრაქტიკაზე ამახვილებს, რაც დამოუკიდებელ საქართველოში ხდებოდა კონსტიტუციის მიღებამდე და საბჭოთა ოკუპაციამდე.

„დამფუძნებელ საბჭოში ორი-მესამედი იყვნენ სოციალ-დემოკრატები, ლოგიკურიც არის, რომ მათი პოლიტიკური დოქტრინა მოხვდებოდა კონსტიტუციაში… პირველ კონსტიტუციაში 70 მუხლია, რაც სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს ეხება. ბავშვთა სიღარიბის ნაწილში წერია, რომ „სახელმწიფო მიზნად ისახავს“. ეს არ იყო ვალდებულება. მაშინ ეკონომიკურად არც ისე წელში გამართული იყო საქართველო, რომ ეს მუხლები შეესრულებია. ფაქტია, რომ სახელმწიფო განსაკუთრებით დიდ სოციალურ ვალდებულებებს იღებდა,“ – გვიყვება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართალმცოდნე დიმიტრი გეგენავა.

„ამას ხშირად ამბობენ, არ უმოქმედია ახალ კონსტიტუციასო, მაგრამ ის, რაც გაიწერა პირველ კონსტიტუციაში, მანამდე გათვალისწინებული იყო სხვადასხვა კანონში 1918 წლის 26 მაისიდან. ბავშვთა სიღარიბესაც ჯერ კიდევ 1919 წელს შეეხო კანონი განათლების რეფორმის შესახებ. ასობით მაგალითი შემიძლია გაჩვენოთ არქივიდან, როგორ ეხმარებოდა იმდროინდელი სამაზრო და საქალაქო თვითმმართველობა ბავშვებს წიგნებით და ტანსაცმლით… იწერებოდა არაორგანიზებულობის შესახებაც, რომ ზოგჯერ იქ მიდიოდა ეს დახმარება, სადაც საჭირო არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ იყო, ძირითადად იმდროინდელი საჯარო მოხელეები და მათი ცოლები იყვნენ ამაში აქტიურად ჩართული, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც იყო და სოლიდარობის კამპანიების წარმოებასაც ახერხებდნენ,“ – ამბობს ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე.

ის ხაზს უსვამს იმას, რომ, მართალია, კონსტიტუცია 1921 წელს ნაჩქარევად მიიღეს, მაგრამ შიგ სპონტანურად გაჩენილი იდეები არ ჩაუწერიათ.

ისტორიკოსის თქმით, მსგავს სოციალისტურ მიდგომებზე სოციალ-დემოკრატები ჯერ კიდევ 1890 წლებიდან მსჯელობდნენ.

ირაკლი ირემაძისთვის უფრო სიამაყის მომგვრელია ტენდენცია, რომელიც პირველ კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩანდა – საითკენ მიდიოდა სახელმწიფო, რომ არა გასაბჭოება.

„ერთგვარი ეკონომიკური საფუძვლებიც შექმნეს, სესხის აღება მოხდა ბრიტანეთში და გარკვეული გაჯანსაღება იწყება ამ კუთხით 1920 წლიდან, როცა ევროპა გამოდის ომის კრიზისიდან. საქართველოს მაშინ მართლა ჰქონდა ქვანახშირის და მანგანუმის რესურსი, რომლითაც იტალიელი და გერმანელი ინვესტორებიც იყვნენ დაინტერესებული. სახელმწიფო რჩებოდა წილში ნაწილობრივ და გათვალისწინებული იყო, სხვათა შორის, კონტროლის მექანიზმები, მაგალითად, შრომის ინსპექცია, ბავშვთა შრომის შეზღუდვები და ასე შემდეგ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ისტორიკოსმა ირაკლი ირემაძემ.

დღეს მოქმედ კონსტიუტუციაში ბავშვთა სიღარიბის დაძლევის შესახებ კონკრეტულად არაფერი წერია.

მუხლი – 39: „ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით“ 

ეს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 39-ე მუხლში წერია. სამართალმცოდნე დიმიტრი გეგენავა ამბობს, რომ გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხები პირველ კონსტიტუციაში გამორჩეული საკითხი იყო.

„ხშირად ევროპიდან დაგვიანებით აღწევდა სიახლეები, მაგრამ ამ საკითხზე ყველა პოლიტიკური მოთამაშე თანხმდებოდა. ეს ერთგვარი ტრენდიც იყო იმდროინდელი ევროპის… საქართველოში ასევე ცდილობდნენ მოეგვარებინათ კონკრეტული პრობლემები, მაგალითად, ნაადრევი ქორწინების. კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ ქორწინება მეუღლეთა ნებაყოფლობითობას და თანასწორობას ეფუძნება…

ფარიხანი – არჩევნებში გამარჯვებული პირველი მუსლიმი ქალი

დამფუძნებელთა კრების 5 წევრი ქალი იყო, ქალბატონი იყო კრების მდივანიც. წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაც პირველ მუსლიმ ქალსაც ამ პერიოდში ჰქონდა, ეს იყო ფარიხან სოფიევა ყარაჯლარიდან. ფარიხანმა ადგილობრივი არჩევნები მოიგო და დეპუტატი გახდა. ამითაც გამორჩეული ვართ, რომ პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი საქართველოში იყო,“ – გვიყვება დიმიტრი გეგენავა.

პირველი კონსტიტუცია არეგულირებდა ქალთა შრომის საკითხსაც: „აკრძალულია ქალის მუშაობა დედობისთვის მავნე წარმოებაში, მუშა ქალი მშობიარობის დროს არანაკლებ ორი თვისა თავისუფალია მუშაობისგან ჯამაგირის მოუსპობლად, დამქირავებელს ევალება ძუძუმწოვარ ბავშვთა მოსავლელად შესაფერ გარემოებაში ამყოფოს მუშა ქალები,“ – აღნიშნულია 126-ე მუხლში.

მუხლი – 143: არცერთ სარწმუნოებას არ აქვს უპირატესობა

საქართველოს პირველი კონსტიტუცია რელიგიის სრულ თავისუფლებას ადგენდა, სადაც არცერთ სარწმუნოებას არ უნდა ჰქონოდა უპირატესობა. კონსტიტუციის 143-ე მუხლის მიხედვით, „ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია“.

„ეკლესიისთვის მხოლოდ ქველმოქმედებისთვის შეიძლება მიეცათ ფული, ან თუ, მაგალითად, ეპისკოპოსი წავიდოდა ზაქათალაში, უფინანსებდნენ გზის ფულს… ეკლესია ითხოვდა პრივილეგიებს, მაგრამ ცენტრალური დაფინანსება აღარ არსებობდა,“ – ამბობს ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე.

ისტორიკოსი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების პერიოდზე ამახვილებს ყურადღებას, როცა ეკლესიას და სახელმწიფოს შორის დაპირისპირების მთავარი საგანი აგრარული რეფორმა გახდა – ეკლესიას მიწების დიდი ნაწილი ჩამოართვეს და გლეხებს გადასცეს.

„ქონება იყო მიწა და მიწების ერთი-მესამედი ეკლესიას ჰქონდა, ამას ემატებოდა გადასახადები, მექრთამეობა… ტყუილად არ დასდევდნენ მაშინ წვერის გასაკრეჭად მღვდლებს ადამიანები. იმდროინდელი გლეხობა ეკლესიაზე განაწყნებული იყო… დაპირისპირება იყო განძის შენახვის გამოც პატრიარქსა და ჟორდანიას შორის, რადგან ქუთაისსა და ზუგდიდში საგანძური ბაზრობებზე გაყიდეს.

სახელმწიფომ ასევე უთხრა ეკლესიას, რომ ხაზინიდან ვეღარ დააფინანსებდა, მაგალითად, „საღვთო სჯულის“ სწავლებას და ამ საგანს მაშინ ასწავლიდნენ, თუკი მშობელი ფულს გადაიხდიდა. სახელმწიფომ ამ პერიოდში თქვა, რომ „საღვთო სჯული“ სავალდებულო საგანი ვერ იქნებოდა სკოლაში“, – აღნიშნავს „ბათუმელებთან“ ირაკლი ირემაძე.

1921 წლისგან განსხვავებით დღეს სახელმწიფო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უპირატესობის მინიჭებას იმით ასაბუთებს, რომ ეკლესია საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა. ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე თვლის, რომ ამ კუთხითაც დღევანდელ კონსტიტუცია სეკულარობის პრინციპს არღვევს.

„ეკლესია, რა თქმა უნდა, დაზარალდა, ეკლესიები დაანგრიეს, ქონება, რაც დაუტოვეს, ისიც ჩამოართვეს, მაგრამ ეს ზარალი უნდა დადგინდეს და ანაზღაურდეს გარკვეულ პერიოდში. ასე განგრძობითად ეკლესიის დაფინანსება არ არის სეკულარული და ლოგიკური,“ – მიიჩნევს ირაკლი ირემაძე.

„სარწმუნოებრივი ხასიათის აქტებს არავითარი გავლენა არა აქვს მოქალაქეობრივ უფლებასა და მდგომარეობაზე… მოქალაქის დევნა და მის პოლიტიკურ, თუ სამოქალაქო უფლებათა შეზღუდვა სარწმუნოების, ან რწმენის გამო არ შეიძლება,“ – წერია საქართველოს პირველი კონსტიტუციის 31-ე მუხლში.

მუხლი – 129: „არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობა“ 

პირველ კონსტიტუციაში ცალკე თავი ეთმობოდა ეროვნულ უმცირესობებს.

მუხლი 129: „არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება განსაკუთრებით მისი დედა ენით სწავლა-აღზრდა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა -გამგეობა“

ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე მიიჩნევს, რომ ეს მულტიეთნიკურ რეგიონში ცხოვრების, ასევე იმდროინდელი კონფლიქტების გამოძახილი იყო.

„მაშინ გაცილებით უფრო ჭრელი იყო საქართველო, იყო კონფლიქტებიც, მათ შორის, 1905 წელს იყო სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი, ქართულ-ოსური კონფლიქტიც 90-იან წლებში არ დაწყებულა, როგორც ამას ამბობს ბევრი, ეს ბევრად ადრე დაიწყო… ეროვნული უმცირესობებისთვის ცალკე თავის გამოყოფა იყო ასევე დემოკრატიულობაზე ხაზგასმა, რომ მათ აქვთ თანაბარი უფლებები,“ – აღნიშნავს ირაკლი ირემაძე.

მუხლი – 141: პირველი კონსტიტუციის მიხედვით, შეგეძლოთ საჯარო მოხელე პასუხისგებაში მიგეცათ

საქართველოს პირველი კონსტიტუციის 141-ე მუხლის მიხედვით, მოქალაქეს შეეძლო საჯარო მოხელისთვის ეჩივლა და მოეთხოვა „მოხელის უკანონო მოქმედებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება“.

ისტორიკოსის ირაკლი ირემაძის თქმით, ამ პერიოდში არაერთ მოქალაქეებს აუნაზღაურეს ზარალი, როცა დგინდებოდა სასოფლო კომისრების მიერ ძალაუფლების გადამეტება.

„მაგალითად, თიანეთის მაზრაში იყო შემთხვევა, როცა დამფუძნებელი კრების წევრის მოხსენების შემდეგ დასაჯეს კომისრები. ზარალი აუნაზღაურეს მოქალაქეებს ახალციხის აჯანყების შემდეგ, ასევე ცხინვალში, როცა 1920 წლის აჯანყებისას დაზარალდნენ ბარის სოფლები,“ – ამბობს ირაკლი ირემაძე.

„თითოეული მოხელე პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე საერთო წესისამებრ“, – ეწერა პირველ კონსტიტუციაში.

პირველი რესპუბლიკა პრეზიდენტის გარეშე

პირველი კონსტიტუცია პრეზიდენტის ინსტიტუტს არ ცნობდა. საქართველოს პირველი რესპუბლიკა მკაფიოდ საპარლამენტო მოდელს აღიარებდა, სადაც პრეზიდენტის უფლებამოსილებები მთავრობის ხელმძღვანელსა და პარლამენტს შორის იყო გადანაწილებული. მთავრობის მეთაურის გადაყენება კი, ნებისმიერ დროს შეეძლო პარლამენტს.

„ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა იყო, რომელი მოდელი გამოეყენებიათ. ეროვნულ-დემოკრატები ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების და პრეზიდენტის ინსტიტუტს ემხრობოდნენ. სოციალ-დემოკრატები კი, საპარლამენტო მმართველობაზე აკეთებდნენ აქცენტს. ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გვაზავა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო, შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და სორბონას უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. ის წერდა, რომ სოციალ-დემოკრატების შიშმა გადაგვაყოლა ყველაფერსო, ძალაუფლების უზურპაცია ვერ მოხდება, თუ მას სწორად გადაანაწილებო… მოგვიანებით იყო ვერსიაც, რომ კოტე აფხაზის, ილია ჭავჭავაძის დისშვილის გამო შეიკავეს თავი, რადგან შიშობდნენ, ინდივიდუალური არჩევნების შემთხვევაში შესაძლოა მას მოეგო არჩევნები,“ – გვიყვება პროფესორი დიმიტრი გეგენავა.

დიმიტრი გეგენავა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ამ პერიოდში ევროპის ქვეყნებში პოპულარული გახდა საპარლამენტო მმართველობის მოდელი. „ჩვენებმა ძირითადად აქცენტი შვეიცარიის მოდელზე გააკეთეს. ჩემი აზრით, სცადეს ევროპელებზე მეტი ევროპელობა გამოეჩინათ,“ – დასძენს პროფესორი.

„კოტე აფხაზზე ეს მითი მოგვიანებით გაჩნდა, ეს არ იყო რეალური,“ – მიიჩნევს ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მას უფრო ექმნება შთაბეჭდილება, რომ ნოე ჟორდანია იყო წამყვანი ფაქტორი, რის გამოც მაშინ პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებაზე უარი თქვეს.

„მთავრობის თავმჯდომარის არჩევაც კი ერთი წლით ხდებოდა… აქ მნიშვნელოვანი იყო თავად ჟორდანიას ფაქტორი. ის იმდენად გამორჩეული ფიგურა იყო, რომ ვერავინ ფიქრობდა მის ჩანაცვლებაზე. ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჯართან მიმართებაში ერეოდა ჟორდანიაო, მაგრამ მას საამისოდ არანაირი ბერკეტი არ ჰქონდა. ქვეყნის მთავარსარდალი იყო ცალკე სამხედრო პირი და როცა საომარ მდგომარეობას გამოაცხადებდა პარლამენტი, მთავარსარდალს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილებები. თბილისის დატოვებაზეც გადაწყვეტილება მთავარსარდალმა მიიღო,“ – გვიყვება ირაკლი ირემაძე.

ისტორიკოსი საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით შენიშნავს კიდევ ერთ ფაქტს – იმდროინდელმა პარლამენტმა უმაღლესი სასესიო სასამართლოს წევრებად ოპოზიციის წარმომადგენლები დანიშნა.

„ახლა სოციალური პასუხისმგებლობისგანაც დაცლილია ჩვენი კონსტიტუცია,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ ირაკლი ირემაძემ.

ნაჩქარევად მიღებული კონსტიტუციის გრძელვადიანი და საყოველთაო განხილვა

პირველი კონსტიტუციის შესწავლით დაინტერესებული პირების თქმით, მის მიღებაში არამხოლოდ პოლიტიკური სუბიექტები, არამედ მეცნიერები და საზოგადოება იყო ჩართული. კომისიაში მუშაობდნენ სწავლული წევრების სტატუსით – ივანე ჯავახიშვილი და გიორგი ნანეიშვილი.

„კონსტიტუციის რამდენიმე პროექტი არსებობდა, თითოეული პარტია თავის პროექტს აქვეყნებდა იმდროინდელ პრესაში… კომისიის თავმჯდომარე, პავლე საყვარელიძე აქვეყნებდა არამხოლოდ იმას, თუ რა იქნებოდა კონსტიტუციაში, არამედ პერიოდულად ბეჭდავდა კომენტარებს, ანუ აღწერდა, რა იქნებოდა და რატომ, რას გამოიწვევდა ამა თუ იმ მუხლის მიღება. დამფუძნებელთა კრება მკაცრად აკონტროლებდა ამ პროცესს და შენიშნავდა კიდეც, გაჭიანურდა პროცესიო. ბიუროკრატიული პრობლემების გამო ჭირდა ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. აშკარად ჩანს, რომ ცდილობდნენ გამოეჩინათ ისეთი სამოქალაქო შეგნება და პოლიტიკური კულტურა, რაც დღეს არ გაგვაჩნია,“ – ამბობს სამართალმცოდნე დიმიტრი გეგენავა.

ისტორიკოსს ირაკლი ირემაძესაც ეამაყება ის, რომ პირველი კონსტიტუციის განხილვაში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი იყო ჩართული და აქტიურად ცდილობდა ხელისუფლება, გაეგო, რომელ ქვეყანას ჰქონდა საუკეთესო მოდელი.

„იყო ანარქისტული კანონპროექტიც, რაც ასევე ქვეყნდებოდა, ისეთი სოციალისტური ხედვები იყო, რის განხორციელება მართლაც შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ იმ პერიოდში 20-მდე ქვეყნის კონსტიტუცია თარგმნეს, რომ ზუსტად გაეგოთ, რა იქნებოდა საუკეთესო საქართველოსთვის,“ – აღნიშნავს ირაკლი ირემაძე.

„საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო…“ – ასე იწყებოდა საქართველოს პირველი კონსტიტუციის პირველი მუხლი. საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს.

__

მთავარი ფოტო: სახლი ბათუმში, სადაც პირველი კონსტიტუცია დაიბეჭდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი