განათლება,მთავარი,სიახლეები

მშობელი ქობულეთიდან: სამინისტრო ჩემი შვილის უფლებას არღვევს, მივმართავ სახალხო დამცველს

02.02.2021 • 1798
მშობელი ქობულეთიდან: სამინისტრო ჩემი შვილის უფლებას არღვევს, მივმართავ სახალხო დამცველს

მშობელი, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ცხოვრობს, ამბობს, რომ განათლების სამინისტრო მისი შვილის უფლებას არღვევს, რადგან მას არ უტოვებს არჩევანის თავისუფლებას. მაკა მალაყმაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ შემთხვევის გამო [დისკრიმინაციის დადგენის მიზნით] ის აპირებს სახალხო დამცველსაც მიმართოს.

„განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ქალაქში მცხოვრებ მშობელს აქვს არჩევანი – გაუშვას ბავშვი სკოლაში თუ გააგრძელოს ონლაინსწავლება. რატომღაც სოფელში მცხოვრებ მშობლებს ამის უფლება არ მოგვცეს. ეს არის დისკრიმინაცია, რადგან დაჩაგრეს და არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენეს სოფლად მცხოვრები ბავშვები“, – ამბობს მაკა მალაყმაძე.

მაკას თქმით, ის ესაუბრა განათლების სამინისტროსაც, სადაც უთხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იქედან გამომდინარე, რომ სოფლებში ნაკლები მობილობაა.

„ეს ჩემთვის არ არის არგუმენტი, ნაკლებ მობილობას რითი განსაზღვრავენ? ჩემი შვილის კლასის დამრიგებელი ქალაქიდან დადის, შესაძლოა სხვა პედაგოგებიც ქალაქიდან დადიან, ამიტომ ვირუსი ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს სოფელშიც. პირველი ტალღის დროს საერთოდ არ იყო ქობულეთში ვირუსი დაფიქსირებული, როცა ლეღვაში 3 შემთხვევა დადასტურდა. მე სამი თვის წინ გადავიტანე კორონავირუსი და დღემდე ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, არ მინდა იმავე საფრთხის წინაშე დავაყენო ჩემი შვილი.

არც ის მესმის, დაწყებითი საფეხურის ბავშვები რატომ დაავალდებულეს სკოლაში იარონ და უფროსკლასელებს არჩევანი მისცეს. პირველი-მეორეკლასელი უფრო კარგად დაიცავს თავს? ამბობენ, სოციალიზაცია უფრო მეტად სჭირდებათ პატარა ბავშვებსო, მაგრამ სოციალიზაცია უფრო მნიშვნელოვანია თუ ჯანმრთელობა?“ – ამბობს მშობელი.

მაკა მალაყმაძის თქმით, მათ სოფელშიც ძალიან ბევრს ჰქონდა კორონავირუსის სიმპტომები, თუმცა არც ტესტი გაუკეთებიათ და არც ოფიციალურად აღრიცხულან სადმე. „გრიპს ეძახდნენ და უყურადღებოდ ტოვებდნენ. ამბობდნენ – „ფილტვების ანთება ვის არ ჰქონიაო“, – გვიყვება მაკა მალაყმაძე.

მაკა მალაყმაძის შვილი მეორეკლასელია. დედას სურს, რომ ისევე როგორც ქალაქში მცხოვრებ მისი შვილის თანატოლებს, მასაც ჰქონდეს არჩევანის უფლება, – წავიდეს სკოლაში, თუ გააგრძელოს სწავლა ონლაინ.

___

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან I-IV კლასების მოსწავლეები ვალდებული იყვნენ საკლასო ოთახში გაეგრძელებინათ სწავლა. თუმცა მოგვიანებით ეს რეკომენდაცია შეიცვალა და ითქვა, რომ დისტანციურად სწავლა იმ შემთხვევაში გაგრძელდება დაწყებით საფეხურზე, თუკი მოსწავლეების 60 პროცენტი უარს იტყვის სკოლაში მისვლაზე.

მაგრამ ეს რეკომენდაცია არ ვრცელდება სოფლის სკოლებზე და სწორედ ეს იწვევს მშობლის პროტესტს.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში მოსწავლეების 73 პროცენტი გამოცხადდა სკოლებში გუშინ, ანუ პირველ დღეს.

პირველი თებერვლიდან სასწავლო პროცესი ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში განახლდა, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების გარდა.

სწავლის დაწყების წინ კორონავირუსზე  ტესტი ჩაუტარდა კერძო და საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს, ტესტირება ორი კვირის შემდეგ ისევ უნდა განმეორდეს.

მთავრობის განცხადებით, დარჩენილ სამ ქალაქში იმ შემთხვევაში მოიხსნება შეზღუდვები, თუ კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: