მთავარი,სიახლეები

რა ხდება სახლში, სადაც 100 წლის წინ პირველი კონსტიტუცია დაიბეჭდა? 

02.02.2021 • 1838
რა ხდება სახლში, სადაც 100 წლის წინ პირველი კონსტიტუცია დაიბეჭდა? 

ბათუმში, კოსტავას ქუჩის 13-ში დაგხვდებათ აბრა, რომელსაც აწერია: „1921 წელს აქ დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია“, თუმცა ამ შენობაში ისტორიიდან შემორჩენილი აღარაფერია. დოკუმენტების მიხედვით, პირველი კონსტიტუცია საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, სწორედ აქ, ნესტორ ხვინგიას სახლის სარდაფში დაბეჭდეს.

„ეს იყო ერთსართულიანი ბელეტაჟი სახლი სარდაფით. ისე გავიზარდეთ, რომ არ ვიცოდით, აქ თუ კონსტიტუცია დაბეჭდეს… მერე გაირკვა, რომ საქართველოს პირველი კონსტიტუცია იმ სახლში დაიბეჭდა, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე,“ – გვიყვება ნინო ლავროვა. ის 1996 წლამდე ცხოვრობდა კოსტავას 13-ში. შემდეგ სახლი საბანკო სესხის გამო გაყიდეს და ახლა აქ 4-სართულიანი სასტუმროა. სახლის მეორე ნაწილში ნინოს დისშვილი – მიშა წულაძე ცხოვრობს. ამ ნაწილის იერ-სახეც შეცვლილია.

ნინო ლავროვა მიხეილ ლავროვის შვილია. მიხეილ ლავროვის ოჯახი ბათუმში, კოსტავას 13-ში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ცხოვრობდა.

„მამას ვიღაც ლაზისგან უყიდია ეს სახლი, გვარი არ მახსოვს… მაშინ აქ იტალიური ეზო იყო, მერე, ნელ-ნელა წავიდნენ სხვები და ახლა საერთოდ აღარაა ეზო… წლებია აღარც მივსულვარ, მიჭირს მაქაურობის ნახვა… ბავშვობაში რამდენჯერმე მომისმენია, რომ ჩვენს ქუჩაზე დაიბეჭდა საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ ეს ჩვენს სახლში თუ მოხდა, არ ვიცოდით. ჩვენი სახლის პირდაპირ იყო სტამბა და გვეგონა, რომ იქ დაბეჭდეს… მამა რკინიგზის ინჟინერი იყო და რუსეთიდან საქართველოში გამოუშვეს სამუშაოდ. ჯერ ოზურგეთში ცხოვრობდა, ოზურგეთელი ცოლი მოიყვანა და შემდეგ წამოვიდნენ ბათუმში საცხოვრებლად… სტამბიდან შემორჩენილი რაიმე ნივთი ან დოკუმენტი ყოფილიყო სახლში, არ მახსოვს,“ – იხსენებს ნინო ლავროვა.

„ამ სახლს უკან დიდი ეზო იყო, ფეხბურთს ვთამაშობდით ბავშვები… მერე, როცა 90-იანებში სახლი გაიყიდა, ეზოში შენობა გაჩნდა, სარდაფიც აღარაა…“ – გვიყვება კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები ზურაბ ჭყონია. მისი თქმით, ამ ქუჩაზე რამდენიმე სტამბა იყო და ამ დრომდე არ უნახავს დოკუმენტი, რაც დაარწმუნებდა, რომ კოსტავას 13-ში დაბეჭდეს კონსტიტუცია.

„ეს დაფა, სადაც წერია, აქ დაბეჭდეს პირველი კონსტიტუციაო, მოიტანეს 10 წლის წინ და აქ დავკიდებთო, უკვე სასტუმრო იყო გახსნილი, ახალი მესაკუთრე წინააღმდეგი იყო, მაგრამ მაინც ჩამოკიდეს… თქვეს, რომ ასე ირკვევა, აქ იყო სტამბაო, მაგრამ მე დოკუმენტი არ მინახავს“, – დასძინა „ბათუმელებთან“ ზურაბ ჭყონიამ.

___

ვრცლად: პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავი

რა ჩაწერეს 100 წლის წინ პირველ კონსტიტუციაში, რომელიც ბათუმში დაიბეჭდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: