განათლება,მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ დავეხმაროთ პირველკლასელს ისწავლოს სკოლის შენობაში – ფსიქოლოგის 5 რჩევა

01.02.2021 • 2875
როგორ დავეხმაროთ პირველკლასელს ისწავლოს სკოლის შენობაში – ფსიქოლოგის 5 რჩევა

პირველკლასელებმა, რომლებიც მთელი პირველი სემესტრის განმავლობაში ონლაინ სწავლობდნენ, დღეს საკლასო ოთახებში განაგრძეს სწავლა. ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ პირველკლასელების რეალურ სკოლაში წასვლა შეიძლება სკოლაში პირველად წასვლას გავუთანაბროთ.

„ადამიანს 21 დღე სჭირდება იმისთვის, რომ რაღაც ჩვევაში გადაუვიდეს. ონლაინსწავლის რეჟიმი ჩვევაში ჩამოუყალიბდათ და განუმტკიცდათ კიდეც ბავშვებს. ეს მხოლოდ პირველკლასელებს არ ეხებათ. ბავშვები ერთი წელია სკოლაში არ ყოფილან, ამიტომაც მათი სკოლაში დაბრუნება, რა თქმა უნდა, ხელახალ ადაპტაციას გულისხმობს,“ – ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი.

„ბავშვები ძალიან აჟიტირებულები არიან და  უხარიათ სკოლაში მისვლა, იმიტომ, რომ განსხვავებული ფორმატია და უშუალოდ ხვდებიან ერთმანეთს. ელოდნენ, რომ სკოლაში ფეხს შეაბიჯებდნენ და სწორედ ამიტომ ამ პროცესს ძალიან ბევრი სირთულე ახლავს, რადგან ბავშვები გადაჩვეულნი არიან თანატოლებთან უშუალო კონტაქტს, უკვე ჩვევაში აქვთ სახლში ყოფნა“. 

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს რეალურ სკოლასთან შეჩვევაში? – ბავშვთა ფსიქოლოგი რამდენიმე რჩევას გვიზიარებს.

1. ბავშვები კარგად შეამზადეთ – ასწავლეთ დახმარების თხოვნა

ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ იქ განსხვავებული სასწავლო გარემო დახვდებათ. უთხარით, რომ, მართალია, იგივე მეგობრები დახვდებიან, მაგრამ სიტუაცია განსხვავებული იქნება და მან ახალი წესებით უნდა დაიწყოს ცხოვრება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ რაიმე არ იცის ან/და ვერ გაიგო, აუცილებლად უნდა ითხოვოს დახმარება.

როცა ბავშვებს უჭირთ და დახმარებას ვერ იღებენ, ღიზიანდებიან, ბრაზდებიან და ცუდ შედეგებამდე მივდივართ.

აქამდე, როცა პირველკლასელი ბავშვი დილით დგებოდა, მშობელი უმზადებდა ყველაფერს, ულაგებდა მაგიდასთან წიგნებს, რვეულებს… როცა ერთი გაკვეთილი დამთავრდებოდა, მშობელი გადმოუდებდა მათემატიკის წიგნს, აიღებდა ქართულის წიგნს… ისინი აქამდე იყვნენ მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ, ახლა კი დამოუკიდებლად უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი სკოლაში, რადგან მასწავლებელი ყველა მოსწავლეს ვერ გასწვდება. ამასთანავე, გვაქვს უამრავი აკრძალვა და შეზღუდვა, რაც მოსწავლესთან ხშირად მისვლას უკავშირდება, ნაკლები უშუალო კონტაქტი უნდა იყოს, ამიტომ ბავშვები მზად უნდა იყვნენ, რომ დამოუკიდებლად გააკეთონ ეს ყველაფერი.

2. ნუ შევაშინებთ ბავშვებს

ნუ გავუშვებთ სკოლაში შეშინებულ ბავშვს.

„შენ თუ ვიღაცას შეეხები, თუ ვიღაც ახლოს მოვა, თუ ვინმე დააცემინებს, შეიძლება რაღაც დაგემართოს, კოვიდი არ გადმოგედოს“…- ნუ დავაშინებთ, სიფრთხილის დონეზე დავტოვოთ შიში.

ვუთხრათ – „დაიცავი წესები, გაუფრთხილდი თავს“, მაგრამ მისთვის საშიში არ უნდა იყოს უშუალო ურთიერთობა.

3. სკოლიდან დაბრუნებისას მოაყოლეთ ყველაფერი

როცა ბავშვები სკოლიდან დაბრუნდებიან, აუცილებლად მოაყოლეთ ყველაფერი და მოახდინეთ ემოციების სახელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლიდან მოსულმა ბავშვმა თავისი ემოციები ვერბალურად გამოხატოს, თქვას და აღწეროს.

რა გაუხარდა, რა ეწყინა, რა მოეწონა, რა არ მოეწონა – ეს ემოციები აუცილებლად დააცლევინეთ სახლში. შემდეგ კი, მისი ემოციების გათვალისწინებით, მიეცით რეკომენდაციები, რჩევები, დარიგებები მეორე და მესამე დღისთვის.

ეს ძალიან ემოციური მომენტია, ამდენ ხანს სახლში ყოფნის, დისტანცირების შემდეგ საზოგადოებაში გასვლა და ერთბაშად ამდენი ინფორმაციის მიღება, ბავშვებთან ურთიერთობა… თუ კი ამაზე არ მოჰყვებიან, შესაძლოა ემოციების გადამუშავება გაუჭირდეთ.

აქ იგულისხმება შიში, სიხარული, წყენა, ბედნიერება… ამ ემოციებში იმედგაცრუებაც შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ ისინი ზღაპრულ სამყაროს ელოდებიან სკოლაში, ეს მათთვის იყო რაღაც მიუწვდომელი, სასურველი და ახლა, როცა იქ რეალური სამყარო დახვდებათ, გაფრთხილებებით, შეზღუდვებით, უშუალო ურთიერთობები რომ მაინც შეზღუდულია, ბავშვები შეიძლება იმედგაცრუებულები მოვიდნენ შინ.

ამ ყველაფერს შესაბამისი განმარტება სჭირდება. როცა აუხსნის მშობელი, მათთვის უფრო ადვილად გასაგები გახდება რეალობა.

4. თუ ბავშვს არ უნდა წასვლა ან დარჩენა სკოლაში

თუ ბავშვს უჭირს ან/და არ სურს სკოლაში მისვლა, ნამდვილად დიდი გამოწვევაა, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.

პირველი, რაც უნდა გააკეთოს მშობელმა, უნდა უთხრას ბავშვს, რომ ესმის მისი, შემდეგ კი ჰკითხოს, თუ რატომ არ უნდა სკოლაში დარჩენა, რა არის ამის მიზეზი?

საამისოდ შეიძლება ცოტა ხნით გამოიყვანოს ცალკე, აუცილებლად მის სიმაღლეზე ჩაიმუხლოს ან ჩამოჯდეს, თვალი თვალში გაუყაროს, რომ ზემოდან არ უყუროს ბავშვს. არ უნდა დატუქსოთ, არ ესაუბროთ ავტორიტარული ხმით. არ უთხრათ „რას ჰქვია არ დარჩები, მარცხვენ!” და ა.შ.

ბავშვმა უნდა იგრძნოს ჩვენი თანაგრძნობა და თანადგომა.

პრობლემის სახელდება საჭიროა: „მეშინია; შენთან მინდა …“ აი, როცა მიზეზს გაიგებთ, შესაბამისად უნდა აუხსნათ, უნდა მოეფეროთ და უთხრათ – „მეც მეშინოდა, მესმის შენი, მესმის, რომ ჩემთან გინდა, მე მალე დავბრუნდები” და ასეთ ბავშვს აუცილებლად ძალიან მალე უნდა მივაკითხოთ.

თუ პირველკლასელია და ძალიან უჭირს, არ დატოვოთ 3-4 გაკვეთილი, თავიდან დატოვეთ ერთი გაკვეთილი, თუნდაც იტიროს, ინერვიულოს, ერთი გაკვეთილის შემდეგ მიაკითხეთ. მეორე დღეს – ორი გაკვეთილის შემდეგ, მესამე დღეს – სამი გაკვეთილის შემდეგ და ა.შ. ბავშვი დარწმუნდება, რომ მშობელი არ ტოვებს მას (ბავშვებს მიტოვების შიში ანერვიულებთ ხშირად) და უკვე დაწყნარდება.

5. არ დაჰპირდეთ ბავშვს ის, რასაც ვერ შეუსრულებთ

მოტივაციის გაჩენა ხელოვნურად საკმაოდ გამართლებული მეთოდია, ანუ როცა ბავშვს კარგი ქცევის განსამტკიცებლად რაიმე საჩუქარს ვპირდებით და ვჩუქნით, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სისტემატიურად ვაჭრობის სახით. დავუშვათ, პირველ დღეს ბავშვი სკოლაში ტირის, მშობელი ეტყვის, რომ „აი, დარჩი და რომ გამოხვალ, რაღაცას გიყიდი“. ამის სანაცვლოდ თუ რჩება, იმ დღეს აბსოლუტურად გამართლებულია ვუყიდოთ საჩუქარი.

მეორე დღესაც თუ ტირის, ვეტყვით, რომ თუ დარჩები დღეს, ხვალ და ზეგ, შაბათ-კვირას გაგასეირნებ… უნდა მოხდეს გადავადება. მერე უკვე ერთი დღე კი არა, 2-4 დღის კარგი ქცევისთვის უნდა მივცეთ ერთი ჯილდო. თუ ბავშვი არა ჯილდოს სანაცვლოდ, არამედ თავისი ინიციატივით იქცევა კარგად, ამ შემთხვევაშიც გამართლებულია მისი რაიმე ფორმით წახალისება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვს აუცილებლად უნდა აუსრულოთ დანაპირები, არასოდეს არ დაჰპირდეთ ბავშვს ის, რასაც ვერ შეუსრულებთ. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, დავკარგავთ მის ნდობას და მერე ბავშვი აღარაფერს დაგვიჯერებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: