მთავარი,სიახლეები

ლგბტქ თემის საჭიროებები სახელმწიფოს დღის წესრიგის მიღმა | კვლევა

02.02.2021 • 1286
ლგბტქ თემის საჭიროებები სახელმწიფოს დღის წესრიგის მიღმა | კვლევა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ ლგბტქ ჯგუფის სოციალური გარიყულობისა და ძალადობის გამოცდილების კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ლგბტქ ადამიანები სხვებთან თანასწორად და თავისუფლად ვერ ცხოვრობენ, სახელმწიფოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებში კი მათი რეალური საჭიროებები ადეკვატურად არ არის ასახული. 

კვლევაში, რომელიც 2019 წელს ჩატარდა, 320 ადამიანი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის 9.40% აჭარიდან.

ჰეტეროსექსისტური კულტურის პირობებში თემს შეზღუდული აქვს საკუთარი იდენტობის გამოხატვის შესაძლებლობები და მათ მუდმივად უწევთ თვითშეზღუდვა და თვითკონტროლი.

კვლევა აჩვენებს, რომ ლგბტქ თემის წევრებისთვის ქამინგაუთს შედეგად მრავალმხრივი მოწყვლადობა შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის, ძალადობა, განათლებაზე ადეკვატური წვდომის არარსებობა, ჯანმრთელობის სერვისით სარგებლობის შეუძლებლობა და უსახლკარობის გამოწვევები.

რესპონდენტების 63.9% თავს არიდებს სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებას, განსაკუთრებით, სახლში/ოჯახში, სამეზობლოში, ქუჩასა და სხვა საჯარო სივრცეებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ლგბტქ ჯგუფის წევრებისთვის დაცული სივრცე თითქმის არ არსებობს და მათ მუდმივად უწევთ საკუთარი თავის პრეზენტირების/გამოხატვის კონტროლი.

კვლევის თანახმად  სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მასშტაბი კვლავ მაღალია, თუმცა რესპონდენტები სამართალდამცავ სისტემას კვლავ იშვიათად მიმართავენ: ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში სამართალდამცავ სისტემას რეაგირებისთვის მხოლოდ 30.4%-მა მიმართა, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში – 14.2%-მა.

კვლევა აჩვენებს, რომ ლგბტქ ჯგუფის 74.1% საერთოდ არ ენდობა ან უფრო არ ენდობა სამართალდამცავ უწყებებს, „რაც კომპლექსური ფაქტორებით არის განპირობებული, მათ შორის, წარსულში მიღებული ნეგატიური გამოცდილებებით, ამ სისტემის ჰიპერმასკულინურობითა და ინსტიტუციური ჰომოფობიით,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

ცხოვრების განმავლობაში სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობის გამოცდილების მაჩვენებელი ძალადობის ფორმების მიხედვით

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ლგბტქ ადამიანთა წვდომა განათლებაზე შეზღუდულია. ყველაზე მწვავე პრობლემები სკოლის საფეხურზე გამოვლინდა.

კვლევა აჩვენებს, რომ რესპონდენტების 32.2%-თვის, ზოგადი განათლების მიღების ბარიერია ჰომოფობიური დისკრიმინაცია პედაგოგების ან/და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, ხოლო 41.9%-თვის – კლასელების/სკოლელების მხრიდან მომდინარე ჰომოფობიური ბულინგი.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, მის ხელმისაწვდომობას, პირველ რიგში, ხელს სწავლის გადასახადთან დაკავშირებული სოციალური ბარიერები უშლის – სტუდენტებს უწევთ არჩევანი გააკეთონ განათლებასა და ფინანსურ შემოსავალს შორის.

კვლევის რესპონდენტების 93.1% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ლგბტქ ადამიანებს, სხვებთან შედარებით, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი დასაქმებაზე“. შესაბამისად, ლგბტქ ჯგუფის ნაწილი ირჩევს იმ სამუშაო გარემოს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი, დისკრიმინაციის მოლოდინის გარეშე, თუმცა ეს, ცალკეული გამონაკლისების გარდა, მათ დაბალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე კონცენტრირებისკენ უბიძგებთ. 

დასაქმებულ რესპონდენტთა მეხუთედზე მეტი (22.3%) ერთდროულად ორ სამუშაო ადგილასაა დასაქმებული, რისი მიზეზიც 88.9%-ის შემთხვევაში, დაბალი ანაზღაურებაა. ასევე აღსანიშნია, რომ კვლევაში გამოკითხულთა 82%-თვის შრომის ანაზღაურება მხოლოდ კვების, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად არის საკმარისი”. 

წვდომა ჯანდაცვის ადეკვატურ ხარისხზე – ამ თვალსაზრისით, ლგბტქ პირთა დიდი ნაწილისთვის მთავარი გამოწვევა ფსიქიკური ჯანმრთელობაა. რესპონდენტების 43.1%-ს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, რასაც რესპონდენტთა 37.1% უშუალოდ მათ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ სტიგმასთან, დისკრიმინაციულ პრაქტიკასა და სტრესთან აკავშირებს

თუმცა, რადგანაც საყოველთაო და კერძო სადაზღვევო კომპანიები ფსიქიკურ ჯანმრთელობას არ აზღვევენ, თემის წევრებს უწევთ ძალადობით, სტიგმით, დისკრიმინაციითა და მიუღებლობით გამოწვეულ ზიანს თავად გაუმკლავდნენ. 

კვლევაში ვკითხულობთ, რომ სოციალური დაცვა და უსახლკარობის რისკების პრევენცია ლგბტქ თემის წევრებისთვის არსებითი მნიშვნელობისაა; სახელმწიფოს კი არასაკმარისად აქვს გააზრებული უსახლკარობის რისკების გამომწვევი ფაქტორები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის.

უსახლკარობის გამოცდილების მქონე რესპონდენტთა 58.1% უსახლკარობის გამომწვევ მიზეზად მიუთითებს როგორც ფინანსური შემოსავლის არქონას, ასევე დაბალ შემოსავლებს. უსახლკარობის მიზეზად რესპონდენტების 43.5% -მა ოჯახის წევრებთან ქამინგაუთი დაასახელა. 41.9%-მა უსახლკარობის მიზეზად დაასახელა ოჯახის წევრების მხრიდან იდენტობის გამო ძალადობა. 

სახელმწიფოს პოლიტიკა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის თვალსაზრისით მხოლოდ საპოლიციო მიდგომაზე დგას, რაც ვერ აგვარებს ჰომოფობიის არსებობასა და ჩაგვრას, როგორც სტრუქტურულ წესრიგს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: