ნეტგაზეთი • RU

რატომ ჩამოვარდა და დაიღუპა მუშა მშენებლობიდან 

შპს „სუპერ გრუპის“ წინააღმდეგ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ განმეორებითი საქმის წარმოება დაიწყო გასულ შაბათს, 30 იანვარს. სწორედ ამ დღეს სამშენებლო ობიექტიდან 35 წლამდე მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა.

ინსპექციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სამართალდამრღვევს კანონის შესაბამისად მიეცა მითითება“. კომპანია იმავე მიზეზით – „უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო“ – გასულ წელს ორჯერ გააფრთხილეს, შესაბამისი საქმის წარმოება კი ორივე შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორების შემდეგ შეწყდა.

მუნიციპალურ ინსპექციაში არ გვიპასუხეს კითხვაზე, კონკრეტულად რა დარღვევა დააფიქსირა მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფმა 30 იანვარს, მას შემდეგ, რაც მუშა შენობიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. გვაინტერესებდა ხომ არ უკავშირდებოდა დარღვევა ე.წ. უსაფრთხოების ბადეს ან მასთან დაკავშირებულ ხარვეზს. სამსახურში არც ამ კითხვაზე გვიპასუხეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტს უსაფრთხოების ბადე შემოვლებული ჰქონდა, თუმცა უბედური შემთხვევის დროს ერთ მხარეს ეს ბადე მოხსნილი იყო, სამშენებლო მასალების ასატანად. მუშაც სწორედ ამ მხრიდან გადავარდა.

კომპანიაში გვითხრეს, რომ ჩვენს კითხვებს ვერ უპასუხებენ: „მფლობელს უნდა დაურეკოთ, ვერაფერს გეტყვით“.

კომპანიის მფლობელთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 -ე მუხლით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.