მთავარი,სიახლეები

პირველი ქართველი ფოტოგრაფი ქალი, რომელმაც მსოფლიო ომი გადაიღო

01.02.2021 • 3263
პირველი ქართველი ფოტოგრაფი ქალი, რომელმაც მსოფლიო ომი გადაიღო

1910 წელია. ზაქარია ჯორჯაძისა და თამარ ბაგრატიონ-მუხრანელის ქალიშვილი, ნინო, გემით ბათუმიდან მარსელში მიემგზავრება ფრანგული ენის დასახვეწად. ამ დროს უკვე დამთავრებული აქვს ვენის კონსერვატორია და სორბონის უნივერსიტეტი პარიზში – ფორტეპიანოს განხრით. გზად ბათუმიდან მარსელამდე დღიურს წერს.

„ნელ-ნელა ვშორდებით ბათუმის ლამაზ ნაპირს. მარსელში მივცურავ. ქარისგან ალივლივებული ლურჯი ტალღები მზის მხიარულ სხივებს ირეკლავს. რაღაც თევზები მოყვებიან გემს მხიარული ყვინთვით. დელფინები არიან.

მთელი დღეები გემბანზე ვართ. ვსაუბრობთ ცოტას. დიდი, ლურჯი ზღვის ცქერით ვტკბებით“, – ნინოსთვის ეს მოგზაურობის ნელი ტემპით ტკბობის დღეებია. ის ამას იმსახურებს. უნდა დაუგროვდეს ასეთი დღეები, რომ შეძლოს ის, რასაც 4 წლის შემდეგ შეძლებს.

შეძლებს ერთ დღეში გადაწყვიტოს პირველ მსოფლიო ომში წასვლა 1914-1917 წლებში, წითელი ჯვრის მოწყალების დად. შეძლებს უმკურნალოს დაჭრილებს, ანუგეშოს მომაკვდავები, ახლოდან და მთელი სიცხადით ნახოს მრავალთა სიკვდილი.

ბათუმიდან მარსელისკენ გამგზავრების წელს რკინიგზის სადგურში მატარებლებთან ფოტოც გადაუღია მეგობრებთან ერთად. შეიძლება სულაც მარსელში გამგზავრების დღეა და მეგობრები აცილებენ.

 

ბათუმი-მარსელის მოგზაურობიდან  გავა 4 წელი და ნინოს დღიურში შავი ზღვით დაწყებული იდილიური მოგზაურობის ამბებს ომის საშინელებებზე მონათხრობი ჩაანაცვლებს. კავკასიის ფრონტზე წაიღებს ძმის, გიორგი ჯორჯაძის ნაჩუქარ კოდაკის ფოტოაპარატს და რასაც ომში ნახავს, ფოტოსერიებად გადაიღებს.

ნინო ჯორჯაძე პირველი ქართველი ფოტოგრაფი ქალია, რომელმაც დღიურებში და ფოტოებზე ასახა ახლო აღმოსავლეთის სამხედრო მოქმედებები, დევნილთა და მეომართა ტიპაჟები, ისტორიული პირები, ფრონტის ყოველდღიური ამბები, ქალაქების ხედები, რეგიონები და ომით დაზარალებულ დევნილთა გადაადგილება. ნინომ ფრონტზე 300-ზე მეტი ფოტო გადაიღო.

ნინო ჯორჯაძის ფოტო

სრულიად მოსაწყენ და ნაცრისფერ, გარდაცვალებებით სავსე რეალობას მოწყალების და და ფოტომოყვარული ცოცხლად, ხელშესახებად აღწერს. თუ ომის, თანაც შორეული ომის ამბები სტატისტიკურ ამბებად ვიცით, ნინო ჯორჯაძის დღიურს ამ ამბებთან ძალიან ახლოს მივყავართ.

დარდობს, რომ მორგში 12 კვირის დაუკრძალავი გვამები ასვენია, მესაფლავეები არ ჰყოფნით და უმსგავსობას, ბარბაროსობას უწოდებს, როცა დაღუპულებს მისაგებელს არ მიაგებენ.

ნინო ჯორჯაძის ფოტო

დღიურში ნინო ხშირად საუბრობს საკუთარ დამოკიდებულებებზე, არ მალავს ბრაზს და ბევრ რამეს აპროტესტებს, რაც ფრონტზე ხდება.

ირონიულად აღწერს ხელმწიფის მოლოდინს სამედიცინო პუნქტში, რომელიც მორეცხეს, გაწმინდეს სტუმრის დასახვედრად. საწოლებს ახალი ზეწრები და საბნები გადააფარეს. დაჭრილები და ავადმყოფები სხვაგან გადაიყვანეს, რომ სიმართლე მიეჩქმალათ.

„როგორი დაცინვაა! სურთ წესრიგით მოიწონონ თავი, უფროსობის თვალში გაიბრწყინონ, მაგრამ გეგმა ჩაუფლავდათ. ხელმწიფემ შეიტყო, რომ პუნქტზე დაჭრილები არ იყვნენ და შენობაში ფეხიც არ შემოუდგამს“, – წერს 30 ნოემბრის დღიურში მოწყალების და.

ხელმწიფის ჩამობრძანება გადაუღია კიდეც.

ნინო ჯორჯაძის ფოტო.

იხსენებს მოძღვარს, რომელიც მეურნეობას განაგებდა და სალაროსთან წვდომას ბოროტად იყენებდა. საღამოობით მორჩილებასა და სიყვარულზე ქადაგებდა, შემდეგ კი შუაღამემდე მოწყალების დებთან ჩამოჯდებოდა ხოლმე, რის გამოც საერთოდ აეკრძალა დათა საცხოვრებელში შესვლა.

შთამბეჭდავადაა დღიურში აღწერილი როგორ ტოვებენ ნაომარ ქალაქს დევნილები 13 დეკემბერს:

„მთელი სარიყამიში გარბის. ჩვენ გზის პირას ვცხოვრობთ და ვხედავთ ამ პანიკას. რა უსიამოვნო შეგრძნებაა. ცარიელი ფორნები და სატვირთოები, ქონების გადარჩენაც კი დავიწყებიათ. ცხენები მიჭენაობენ, ლაგამ-აღვირი ნაჩქარევად ამოუდიათ, სარტყლები ჩამოკონწიალებულია. მხედარდაკარგული მიქრის ცხენი….“

ნინო მოწყალების დების საერთო გასაჭირზეც წერს ხშირად, დღეებზე, როცა ღამის გასათევად ცივი, გაუთბობელი ყაზარმების იატაკს სთავაზობენ. იქ ძილს და გაყინვას კი ,,თურქული ტყვიის წვიმაში მოყოლა სჯობს“.

ნინო სწუხს, რომ მატარებლების ნაკლებობის გამო დაჭრილთა დიდი რაოდენობა იყრის თავს. ყაზარმებში მძიმე ჰაერია, ქრება ლამპები – ასეთ მდგომარეობაში მუშაობა კი ძნელია. მთელი დღეები გადასახვევად დადის. დაჭრილები 14 ადგილას წვანან. სავსეა კლუბები, გიმნაზიები. საკრებულოს დარბაზში თივაა გაფენილი და ყველგან დაჭრილები წვანან.

დარბეული სახლის ეზოში პატრონებისგან მიტოვებულ ქათმებს იჭერენ მოწყალების დები და სათლში წვნიანს ხარშავენ. ბულიონი ისეთი გემრიელი არასდროს მომჩვენებია, საღამოს დაჭრილებსაც ვახვრეპინეთო – წერს ნინო.

ნინო ჯორჯაძის ფოტო

საყოველთაო მწუხარებასა და სირთულეებში მოწყალების დის ნაწერებში სიხარულის პატარა ნაპერწკალიც იელვებს ხოლმე. წერს „და კლავოჩკაზე, რომელიც საუცხოოდ მუშაობს“:

„პატარა, სუსტი, კოხტა, მარად პრაპორშჩიკთა სითბოთი გარემოცული, თავისი მონდომებით გაგაოცებს. ვინ იფიქრებდა? მხოლოდ ქალს ხელეწიფება ასეთი მკვეთრი გადასვლები – მხიარულება, ვახშამი, მარხილით სეირნობა; დილით: სისხლი, კვნესა, ტანჯვა…“

ნინო დარდობს დაჭრილი თურქების მდგომარეობაზე. აუწერელ სიბინძურეში არიანო, წერს. აღშოთებულია, რომ იძულებით აჭმევენ დაჭრილებს ღორის ქონზე მოხარშულ ფაფას, რასაც მათ რელიგია უკრძალავს. ბარბაროსობას უწოდებს ამას.

ცალკე ამბავია, როგორ ხედავს მოწყალების და მომაკვდავი თუ დაჭრილი ჯარისკაცების ტანჯვას:

„პირად წევს ლამაზი კაცი, ალბათ სირიელი. მის ნაცრისფერ თვალებში ჩარჩენილია რაღაც გამოუთქმელობა, ეტყობა ეს ყოველი მას საშინელ სიზმრად ეჩვენებოდა. ზედა ტუჩი აწეული აქვს, ალბათ ისე, როგორც იმ წამს, როდესაც ტყვია მისწვდა და ასევე დარჩა“.

„სადგურზე ყველგან წვანან ფარაჯებს ქვეშ მოკუნტული ჯარისკაცები. ზოგი ამბობს, რომ რამდენიმე დღეა არაფერი უჭამია“.

„ვერ დავივიწყებ ჯარისკაცს, რომელმაც ბრძოლის დროს მოირბინა ჩემთან: თვალანთებულს, გამოხედვაში უძევს შეურყეველი რწმენა, „ჩქარა გადამიხვიე დაიკო, უნდა მივბრუნდე“. ფერდი ნაჩქარევად შევუხვიე, დასწვდა შაშხანას და შეერთო ბრძოლას. გაუგებარია, მაგრამ გრძნობ, რომ მას კავშირი აქვს რაღაც დიადთან… დიადი რამეა ბრძოლა! ადამიანი წარმოსდგება მთელი თავისი სულის სილამაზითა და სიდიადით! უარჰყოფს ყოველგვარ პირადს რაღაც დიადისათვის…“.

ნინო ჯორჯაძე 1917 წელს დაბრუნდა ფრონტიდან. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლიდან დევნასა და შევიწროებას განიცდიდა ხელისუფლებისგან. ნინოს ძმა ამ პერიოდის რეპრესიებს შეეწირა.

ძირითადად მამისეულ სახლში, კახეთში, სოფელ საბუეში ცხოვრობდა. 1950 წლიდან საცხოვრებლად ახლო ნათესავის, ელისაბედ ბაგრატიონის ოჯახთან ერთად გადადის.

გარდაიცვალა 1968 წელს, 84 წლის ასაკში. ნინოს საფლავი სოფელ საბუეში, ჯორჯაძეების საგვარეულო სასაფლაოზეა.


ნინო ჯორჯაძის დღიურების ნაწილი პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოცემაში გამოქვეყნდა სახელწოდებით ,,ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი”. გამოცემის ავტორი თამარ ლორთქიფანიძეა. ნინო ჯორჯაძის დღიურების სრული ვერსია მოიცავს მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობებს და, შესაბამისად, წიგნის ავტორმა გაასაჯაროვა მხოლოდ ის ნაწილი, რაც ომს ასახავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: