საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 9 პირი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 652 პაციენტი, ხოლო ვირუსი დაუდასტურდა 357 პირს.
stopcov.ge-ს 14 თებერვლის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ჯამში არის 265 557; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 258 093, ხოლო პანდემიის მთელ პერიოდში საქართველოში კორონავირუსისგან სულ 3 352 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 19 345 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12173, PCR ტესტით – 7172.
ამ დროისთვის ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი არის: დღიური – 1,85%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ბოლო 7 დღის – 2,76%.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა ქვეყანაში არის 4 086, აქედან მძიმე პაციენტია 435 პირი; ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 პირი. 1 900 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
14 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში რეგიონში გამოჯანმრთელდა – 58 პაციენტი, დღემდე კი გამოჯანმრთელებულია – 35 201 პაციენტი; კლინიკა დატოვა სამმა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება [მართვით სუნთქვიაზეა] – 4 პაციენტი.
ამ დროისთვის ბათუმის კლინიკაში მკურნალობს 169 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 98, ონლაინ კლინიკაში – 118.
—
კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრების ჩასატარებლად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის. კლინიკა ჯერჯერობით ერთადერთია აჭარაში, რომელიც ვაქცინაციას ამ ვაქცინით ჩაატარებს. „ფაიზერის“ ვაქცინა -70/-800C ტემპერატურის პირობებში ინახება.
სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებს – გენრი დოლიძეს, გიორგი გაბაიძეს, მიშა ქავთარაძესა და იზო სურმანიძეს ეგრეთ წოდებულ „ხოფის ბაზრობაზე“, ფლაერების დარიგების დროს, თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მაშინ პარტია “ლელოს” წევრმა, მიშა ქავთარაძემ თქვა, რომ „თავდამსხმელი სტეფანოვკას უბნის ეგრეთ წოდებული „მაყურებელი“ გიორგი გოგიჩაიშვილია“.
„კაცი მემუქრებოდა სიცოცხლის და ოჯახის მოსპობით. გთხოვეთ დახმარება და ფეხებზე დამიკიდეთ“, – ამ სიტყვებით მიმართა გუშინ, 12 თებერვალს, ოპოზიციონერმა გენრი დოლიძემ ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მყოფ აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილეს.
ირაკლი ჭედიშვილი აქციაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობის მორღვევა სცადეს. პოლიციის მაღალჩინოსანს გუშინაც შეახსენეს მოქალაქეებმა, რომ თავდამსხმელი „კრიმინალური ავტორიტეტია“.
აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილის პასუხი მოქალაქის პრეტენზიაზე იყო: „გამოძიება 2 დღეში არ ხდება“.
გენრი დოლიძეს და სხვა ოპოზიციონერებს ხოფის ბაზრობაზე გასული წლის 7 ნოემბერს დაესხნენ თავს.
„ბათუმელებმა“ დღეს, 13 თებერვალს, პარტია „მოქალაქეების“ ყოფილ წევრს, გენრი დოლიძეს ჰკითხა, გამოძიება პოლიციის უფროსთან გუშინდელი შელაპარაკების შემდეგ ხომ არ შეხმიანებია.
„არანაირი სიახლე არ არის გამოძიებაში, წაუყრუეს, როგორც წესი. თავის დროზე დავიკითხეთ, ვიყავით ექსპერტიზაზეც, აღნიშნეს ჩვენი დაზიანებები, სამ თვეზე მეტი გავიდა და არ შეგვხმიანებიან“, – ამბობს გენრი დოლიძე.
მისი თქმით, გამომძიებელს ადვოკატიც დაუკავშირდა, თუმცა პოლიციაში უთხრეს, რომ საქმის გამოძიება „ასე უცებ არ ხდება“.
„თითქოს რაიმე გარე ფაქტორებზე და დიდ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული ამის გამოძიება. ჭედიშვილს ერთი თვის წინ „თავისუფლების კვარტალში“ აქციაზეც შევახსენე ეს საქმე, „აუცილებლად გამოვიძიებო, – მითხრა“, – ამბობს გენრი დოლიძე.
ის დასძენს, რომ ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე მიჰყვება, რადგან „ღირსების საკითხია“.
„ფლაერების დარიგების დროს დაგვესხა თავზე ათამდე ადამიანი და შეურაცხყოფა მოგვაყენა. ერთ-ერთი იყო გოგიჩაიშვილი, რომელიც „ხოფის“ მაყურებელია და კრიმინალურ სიტუაციებს „ალაგებს“. საპარლამენტო არჩევნებზეც აქტიურობდა და ერთ-ერთ უბანზე შეხლა-შემოხლაშიც მონაწილეობდა. თვითონ მითხრა მაშინ – „შენ არ იცი ვინ ვარ, მე არ დამიჭერენო“, – ამბობს დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2020 წლის 7 ნოემბერს მოხდა – ოპოზიციის წევრებს ფლაერების დარიგების დროს დაესხნენ თავს.
„გამარჯობათ! ჩვენ სკოლა „სხივის” მოსწავლეები ვართ და ვაკეთებთ პრეზენტაციას იმის შესახებ, რომ შევიფაროთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. შენც ძალიან დაგვეხმარები თუ ამას გააკეთებ და მალევე შეიფარებ ცხოველს. ჩვენი მიზანია გავაქროთ მაწანწალა ცხოველები და მათ ბედნიერად იცხოვრონ. იმედია შენც გვეთანხმები და ამ საქმეში დაგვეხმარები“, – წერია ხელნაწერ ბროშურებში, რომლებიც მარტვილში გაავრცელეს 9-10 წლის ბავშვებმა.
როგორც 9 წლის ოლღა გაგუა გვიყვება, სასკოლო საგანში ,,მე და საზოგადოება“ ბავშვებს ჰქონდათ დავალება. მათ საზოგადოებრივ პრობლემაზე უნდა მოემზადებინათ პროექტი. ოლღას და მის კლასელებს მიაჩნიათ, რომ მარტვილში დიდი პრობლემაა მიუსაფარი ძაღლებისა და კატების მდგომარეობა: ისინი ხშირად რჩებიან მშივრები და არ აქვთ თავშესაფარი, მათზე იშვიათად ზრუნავს ვინმე.
ბავშვებს მასწავლებელი ნანა ჭიჭაღუა დაეხმარა. გადაინაწილეს ფუნქციები, იყიდეს ჯამები, საკვები, მოიარეს ადგილები, სადაც ერთად იყრის თავს ბევრი მიუსაფარი ძაღლი, კატა და დააპურეს ისინი.
ოლღა გაგუა და მისი კლასელები მიუსაფარ ძაღლებს აპურებენ
„მე და ჩემმა კლასელებმა ჩვენით ვწერეთ, ვკეცეთ, ვხატეთ ბროშურები, მერე ხალხს მარკეტებში და სადღაც-სადღაც დავურიგეთ. ერთგან ორ ადამიანს ვაჩუქეთ ბროშურა, ისხდნენ და მიირთმევდნენ. ძაღლები მშივრები უყურებდნენ, 4, 7 ძაღლი იქნებოდა.
ბროშურა რომ გადაიკითხეს უწილადეს ძაღლებსაც თავისი საჭმელი. მარკეტშიც დავტოვეთ ბროშურა და მერე სხვა დროს, სხვა საქმეზე რომ გავიარეთ იქ, დავინახეთ როგორ აჭმევდნენ ცუგებს.
ოლღა გაგუა კლასელებთან ერთად
ჩემმა კლასელმა თავის ქუჩაზე ნაგვის ურნასთან პარკში ჩასმული 3 ლეკვი იპოვა. ჯერ თვალიც კი არ ჰქონდათ ახელილი. სახლში მიიყვანა. ახლა გაჩუქებას შეუდგა – ესეც ჩვენი პროექტის ნაწილია. ძალიან მწყინს ასეთი ამბები რომ ხდება.
ჩვენს სკოლაშიც ბევრი ძაღლია. სულ ვაჭმევთ, ვეფერებით, ვცდილობთ ვიზრუნოთ მათზე, მაგრამ მრავლდებიან და მრავლდებიან. თუ შევიფარებთ, არ გავაგდებთ სახლიდან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, ძალიან კარგი იქნება“, – ამბობს 9 წლის ოლღა გაგუა.
ოლღა გაგუა კლასელებთან ერთად
ოლღა, მისი 7 წლის და, მაშო, და ოლღას კლასელები: ნიკა ქაჯაია, სოფი ჩქოფოია, ლიზი ჯიქია, ელენე გვალია, ტასო კიკალიშვილი და დათო დანელია მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლების აშენებაზეც ფიქრობენ.
„მინდა, რაც შეიძლება ნაკლები ძაღლი იყოს გარეთ და ბედნიერად იცხოვრონ. არ მომწონს, როცა ძაღლს, კატას ეფერები და ვინმე გიშლის, გარიგებს, რომ გიკბენს, რომ რწყილები ჰყავს და გიჭამენ ტვინს – ესეც გამოსასწორებელია. არ უნდა ეშინოდეთ მიუსაფარი ცხოველების.
მარვილის სკოლა ,,სხივის” მოსწავლეებმა მიუსაფარი ცხოველები გამოკვებეს
ბავშვები ვცდილობთ პატარ-პატარა რამეებს, მაგრამ დიდებიც, საქმიანი ადამიანებიც თუ დაფიქრდებიან მიუსაფარ ცუგებზე და კატებზე ძალიან გამიხარდება: თუ დაიწყებენ მათ გამოკვებას, მათთვის სახლების აშენებას და მიტოვებული ცხოველების გაჩუქებას.“ – ამბობს ოლღა.
რამდენიმე დღის წინ ბაღდათის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელში, წყალთაშუაშიც დაიწყეს ბავშვებმა მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა. ამ სოფლის სკოლის მოსწავლეებმა მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები ააშენეს. პროექტი ბავშვებმა სკოლის ეკოკლუბ ,,არტემიდას“ ფარგლებში გააკეთეს, რომლის ხელმძღვანელიც ბიოლოგიის მასწავლებელი ელეონორა ლომსიანიძეა.
როგორც ბავშვების ისტორიის მასწავლებელი, თეა თავაძე გვეუბნება, ბავშვებმა სახლების ასაშენებლად ფიცრები, ლურსმანი და სახურავი თავად მოიძიეს, მათ მამები და ბაბუებიც დაეხმარნენ.
მათე და ნინო თოლორდავამ, ლუდმილა კბილაშვილმა, ნანა მახარაძემ, ნინო გელაშვილმა და ლევან მსხვილიძემ ორი სახლი უკვე დაამზადეს ქუჩაში მცხოვრები ძაღლებისთვის.
სოფელ წყალთაშუას სკოლის მოსწავლეებმა მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები დაამზადეს
იდეა სხვებსაც მოეწონათ და მეორე ეტაპზე მათ ჯონი და ნათია მანძულაშვილი, გიორგი მაშანეიშვილი, ფრიდონ კარკაძეც შეუერთდათ. ახლა ისინიც ამზადებენ სახლებს მიუსაფარი ცხოველებისთვის.
ქუჩაში მცხოვრები ძაღლებისთვის თბილი საფენებისა და საკვების შეგროვებაზე ლანა ტყეშელაშვილი, მარიამ სოსელია, გიორგი მაჭავარიანი და ლანა გელაშვილი ზრუნავენ.
ბავშვების ისტორიის მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სოფელ წყალთაშუას სკოლიდან, ერთობლივად გეგმავენ ,,ერთი პურის აქციას“. ეს ნიშნავს, რომ კვირაში ერთხელ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები თითო პურს შეაგროვებენ ხოლმე მიუსაფარი ძაღლებისთვის, რაც კვირაში დაახლოებით 50 პური იქნება, ეს ბაღდათის მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად კვირაში ერთხელ მაინც იქნება საკმარისი.
„ოცნების ქალაქში“ მშენებარე კორპუსის მინიმუმ ერთი სართული ჩამოიშალა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მოქალაქეებმა აცნობეს. რატომ ჩამოიშალა აშენებული სართული – ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვკითხეთ. სამინისტროდან წერილობით გვიპასუხეს, რომ „ე.წ. ოცნების ქალაქში“, კომპანიას ხელშეკრულების შესაბამისად აღებული აქვს მშენებლობის ხარისხის ვალდებულება, რომელიც ყველა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს“, – სხვა განმარტება სამინისტრომ არ გააკეთა.
„ოცნების ქალაქში“ ამ დროისთვის სამ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“.
ოცნების ქალაქში მშენებარე კორპუსი
შეგახსენებთ, რომ „ოცნების ქალაქში“ კორპუსების ბიუჯეტი აფინანსებს სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიაზე რამდენიმე წლის უკანონოდ ჩასახლდნენ.
ბოლო ცვლილებების თანახმად, მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს.
პროგრამა, თავდაპირველად, 48 750 000 ლარით იყო განსაზღვრული და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი, შემდეგ 2020-2023 წლებზე გაიწერა და 73 მილიონი ლარით განისაზღვრა; იგივე პროგრამა ამჯერად 2021-2024 წლებზეა გაწერილი და 70 მილიონი ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.
„ბათუმელები“ ცდილობს დაუკავშირდეს გამარჯვებულ კომპანია „დაგს“ მინიმუმ ერთი სართულის ჩამოშლის მიზეზების გასარკვევად. კომპანიის კომენტარის მოპოვების შემთხვევაში ინფორმაცია აქვე განახლდება.
14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის ნ.ტ-ს დღეს 13 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ეს პირველი სასამართლო სხდომა იყო დღეს ამ საქმეზე. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი იხილავდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 აპრილს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.
ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) აქვს ბრალი წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 14 წლის მოზარდი რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილი არა მარტო სექსუალური, არამედ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც იყო. საუბარია იმაზე, რომ სექსუალური ძალადობის შემდეგ, მასზე ფიზიკურად იძალადეს ნათესავებმაც, რის შესახებ ინფორმირებული იყო პოლიცია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაწესდა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ენათმეცნიერების მიმართულებით მოღვაწე დოქტორის ხარისხის მქონე საქართველოს თუ უცხოეთის მოქალაქეს.
გარდა პრემიისა, როგორც სამინისტრო აცხადებს, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამაზ გამყრელიძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება, „ხოლო სტუდენტებისათვის მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება“.
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე ევროპის აკადემიის პირველი ქართველი ნამდვილი წევრი იყო, ასევე არჩეული იყო ბრიტანეთის, ავსტრიის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიების, ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ საპატიო წევრად.
გამყრელიძე წლების განმავლობაში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი და მისი საპატიო პრეზიდენტი სიცოცხლის ბოლომდე. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ასევე მრჩეველთა საბჭოს წევრი.
„თამაზ გამყრელიძემ უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და განვითარების საქმეში, სწორედ მან მოაწერა ხელი 1991 წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა! ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად, ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!
დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!“- განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა.
პოლიციამ 14 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 23 წლის ნ.ტ მას შემდეგ დააკავა, რაც გოგონამ თავი მოიკლა. შემთხვევა ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მოხდა. ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს, 13 თებერვალს პირველად გაიმართება.
ორშაბათს 15 თებერვალს, შეზღუდვების ერთი ეტაპი იხსნება, რაც გულისხმობს იმას, რომ რესტორნები ღია სივრცეებში მუშაობას განაახლებენ, თუმცა მათ დახურულ სივრცეებში მუშაობა არ შეუძლიათ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ბედი ელით იმ რესტორნებს, რომლებსაც ღია ტიპის კაფეები არ აქვთ, თურნავა ამბობს, რომ მათი ესმის.
„ჩვენ გვესმის რესტორნების წუხილი, თუმცა მათი პირველი მტერი არის პანდემია. ჩვენ მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და კიდევ ვისაუბრებთ, ვნახოთ გახსნის პირველი დღიდან რა ტენდენციები გამოჩნდება“-ამბობს მინისტრი.
ორშაბათიდან მუშაობა შეუძლიათ სავაჭრო ობიექტებსაც, თუმცა შაბათ-კვირის შეზღუდვა რესტორნების მსგავსად, მათზეც ვრცელდება. ასევე ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვაც.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ,,სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან 24 500 კილოგრამი კარტოფილი შემოვიდა, რომელიც ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კარტოფილი დაავდებულია. „კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ კვლევისთვის აღებულ ნიმუშში საკარანტინო მავნე ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა“.
დაავადებული კარტოფილი საქართველოში 11 თებერვალს შემოვიდა და ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს.
გუშინ, 12 თებერვალს, ბათუმში 25 წლის მეხანძრე-მაშველი, თორნიკე კიპაროიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
ოფიციალური ინფორმაციით, იგი გამოძახებაზე იმყოფებოდა და მისი გარდაცვალების მიზეზი სახანძრო კიბიდან გადმოვარდნა გახდა.
„მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა“ – აღნიშნულია პრესრელიზში, რომელიც გუშინ გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.
„ბათუმელებს“ სხვადასხვა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეხანძრის გარდაცვალების მიზეზი არა კიბიდან გადმოვარდნა, არამედ დენის დარტყმა გახდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოიძახეს, სადაც 25 წლის მეხანძრეს კიბით ელექტროგადამცემ ბოძზე ასვლა დაავალეს. სწორედ ამ დროს მოხდა უბედური შემთხვევა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჯერჯერობით არ აზუსტებენ, რა გახდა 25 წლის მეხანძრის დაღუპვის მიზეზი. აქ გვითხრეს, რომ მეხანძრე კიბიდან ნამდვილად ჩამოვარდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ თქვან, რა გახდა ახალგაზრდა მეხანძრე-მაშველის სიკვდილის ზუსტი მიზეზი.
ოფიციალური ინფორმაციით, ჩატარდა ექსპერტიზაც, რომლის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.
ხვალ, 13 თებერვალს, მოსამართლე დავით მამისეიშვილი დახურულ სხდომაზე განიხილავს „14 წლის ნინის საქმეს“. ეს პირველი სასამართლო სხდომა იქნება ამ საქმეზე. სექსუალური ძალადობის საქმეზე ბრალდებული 23 წლის ნიკაა. საქმე სავარაუდოდ დახურული იქნება, რადგან ის არასრულწლოვანს ეხება და სექსუალურ ძალადობას.
„ვწუხვართ“ – ძირითადად ამ ფრაზით გამოიხატება ხელისუფლების თუ მისი ცალკეული მაღალჩინოსნის დამოკიდებულება „14 წლის ნინის საქმეზე“.
ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავის აუღია პასუხისმგებლობა იმაზე, რომ სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ნინი ცეცხლაძე ვერც პოლიციამ დაიცვა და ვერც ჯანდაცვის უწყებამ. ორივე უწყებამ პრობლემის და საფრთხის წინაშე მდგომი მოზარდის შესახებ თვეების განმავლობაში იცოდნენ.
14 წლის ნინიზე რომ სექსუალურად იძალადეს, ამის შესახებ პოლიციელებმა მინიმუმ გასული წლის 10 დეკემბერს გაიგეს. ეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ 10 დეკემბერს მისცა ნინი ცეცხლაძემ გამოძიებას ჩვენება და თქვა, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ჩვენების მიცემიდან ზუსტად ორი თვის გასვლის შემდეგ ნინიმ საკუთარი სახლის ეზოში თავის მოკვლა გადაწყვიტა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა მოზარდმა დაინახა გამოძიება შედეგს ვერ დებდა.
ნინის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ბრალდებული, 23 წლის კაცი დააკავეს.
„დედასთან უნდოდა თურქეთში წასვლა, მაგრამ მას ვერ უკავშირდებოდა…“
„ბოლო დღეებში განსაკუთრებით პოზიტიურად გამოიყურებოდა. მოტივირებული ჩანდა, თურქეთში წავალ, დედასთან ცოტა ხნითო… მერე, მე-9 კლასს რომ დავასრულებ, სკოლიდან გამოვალ და კოლეჯში ჩავაბარებ, კულინარიას ვისწავლიო. ასეთი გეგმები ჰქონდა… ვერ ამიხსნია, რა მოხდა იმ ორ დღეში, როცა არ მინახავს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ინფორმირებული წყარო.
„… შემდეგ გაიგო გოგოს ოჯახმა ამ კავშირის შესახებ და ბაბუამ მიმართა პოლიციას. ნინისაც სურდა, ბიჭს პასუხი ეგო… მას პატივისცემის აღდგენა სურდა, ნათესავებიც ეჩხუბებოდნენ. ნინიმ ასევე გაიგო ისიც, თუ რას თხზავდნენ ბიჭის ოჯახის წევრები, რომ მას თითქოს სექსუალური კავშირი სხვასთანაც ჰქონდა. ასე ამბობდა, არ მინდა, ნიკა სხვასაც ასე მოექცესო,“ – გვიყვება წყარო.
ნინი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე – 4 თებერვალსაც ყოფილა პოლიციის განყოფილებაში. მას პოლიციელებმა ფეხზე დაფიქსირებული ჩალურჯების შესახებ ჰკითხეს. ნინიმ სამართალდამცველებს უპასუხა, რომ საწოლს მიარტყა ფეხი.
„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, ნინის არასდროს არაფერი უთქვამს ოჯახში ძალადობის შესახებ: „არც მე შემიტყვია, რომ ძმა ან ბაბუა ძალადობდა მასზე… აწუხებდა ის, რაც მოხდა ნიკასთან დაკავშირებით… ნინი თავს მოტყუებულად და დამცირებულად გრძნობდა, მას ნებაყოფლობით ჰქონდა სექსი, მაგრამ აპირებდა, რომ შეექმნა ოჯახი,“ – გვიყვება წყარო.
წყაროს თქმით, ნინის ემოციური მდგომარეობა მძიმე იყო ორი თვის წინ, ბოლო პერიოდში კი, ძირითადად, პოლიციის უმოქმედობის გამო ბრაზობდა.
ნინის მამა დაახლოებით 8 წლის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რამდენიმე წელში კი მისი დედა თურქეთში დაქორწინდა.
ნინი ქობულეთში, სოფელ ქაქუთში 20 წლის ძმასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა. ნინის უფროსი და გასულ წელს დაოჯახდა. სწორედ ის იყო ნინის მეურვე.
ნინის დედა: სად არის ექსპერტიზის დასკვნა?
„სად არის ექსპერტიზის დასკვნა?“ – ჰკითხა დღეს ჟურნალისტებს გარდაცვლილი ნინის დედამ. ისიც ამბობს, რომ მოზარდი დამნაშავის დაუსჯელობას განიცდიდა. დედის თქმით, მოზარდს ბაბუამ „სახეში ხელი ერთხელ გაარტყა“, ბიძიებმა კი სასტიკად სცემეს.
14 წლის ნინის დედის – მერი რომანაძის თქმით, ის შვილებს ხშირად ვერ უკავშირდებოდა, რადგან ყოფილი მამამთილი მის შვილებს, მათ შორის სრულწლოვნებს, ამის უფლებას არ აძლევდა.
საპირისპიროს ამტკიცებს წყარო, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა:
„დედასთან დაკავშირება იყო პრობლემა. ნინის უნდოდა მასთან, მაგრამ ის ან საერთოდ არ გამოდიოდა კონტაქტზე, ან იშვიათად გამოდიოდა კონტაქტზე…“ – გვიყვება ის.
რატომ დააკავა პოლიციამ ბრალდებული 14 წლის გოგოს გარდაცვალების შემდეგ?
შსს ამ დრომდე არ მიიჩნევს საჭიროდ საზოგადოებას უთხრას უფრო მეტი, მაგალითად, როდის დაიწყო ქობულეთში სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება? რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა? რატომ დააკავეს 23 წლის ბრალდებული ნინის გარდაცვალების შემდეგ?
სამართალდამცავების, კონკრეტულად კი ქობულეთის პოლიციის მიმართ არსებულ კითხვებს პასუხს არავინ სცემს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით კი, გამოძიება გასული წლის დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. 14 წლის ნინის და 23 წლის ნიკას ექსპერტიზაც ამ პერიოდში ჩაუტარდათ. ნინის ბაბუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთი ექსპერტიზის პასუხი მოვიდა, მაგრამ მეორეს დააგვიანდა და მოზარდი წუხდა, „მოსკოვიდან ხომ არ მოდის ეს დასკვნაო“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ექსპერტიზით იანვარშივე დადასტურდა ის, რომ ნინის სექსუალური კონტაქტი ჰქონდა, თუმცა გამომძიებლებს არ ჰქონდათ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უნდა დადგინდეს – ჰქონდა თუ არა სექსუალური კავშირი სრულწლოვან ნიკას ჯერ კიდევ 13 წლის მოზარდთან.
16 წლის მიუღწეველ პირთან სექსუალური კონტაქტი, თანხმობის შემთხვევაშიც, სისხლის სამართლის დანაშაულია.
ბრალდებულ ნიკა ტ-ს ადვოკატი, ირაკლი შავაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ნიკამ გამოძიებასთან ნებაყოფლობით ითანამშრომლა და იმის მიუხედავად, რომ ვალდებული არ იყო, გენეტიკური ნიმუში ჩააბარა: ნიკა ტ-მ თქვა, რომ ჩვენებას მხოლოდ მოსამართლეს მისცემდა.
დეკემბრიდან ამ დრომდე ბრალდებული მოსამართლეს არ დაუკითხავს [მოწმეს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე დაკითხვა. ამ შემთხვევაში პროკურატურის მოთხოვნას სასამართლო უნდა დათანხმდეს].
ნიკას მშობლები: სამი კაცი გავუგზავნეთ ოჯახში, არ დაგველაპარაკნენ
ნიკა ტ-ს მშობლები და ადვოკატები გამორიცხავენ იმას, რომ ნიკას სექსი ჰქონდა ნინისთან.
„მეგობრობდნენ, ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი და ამ გოგომ რამდენჯერმე სთხოვა მანქანით სადღაც წაყვანა… მერე ურეკავდა, მიშველე, ნიკა, მე ესენი მომკლავენო. ნიკა ამბობდა, არაფერი მომხდარაო“ – უყვება „ბათუმელებს“ ბრალდებულ ნიკა ტ-ს მამა, ჯუმბერ ტ.
„ბათუმელების“ ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, ნინის თბილი ურთიერთობა ჰქონდა ბაბუასთან და ძმასთან და ამას მისი მეზობლებიც დაადასტურებენ.
„ხშირად ვიყავი ამ ოჯახის სტუმარი ნოემბრის შემდეგ და არ შემინიშნავს რამე დაძაბულობა, ან გაღიზიანება ნინის მიმართ,“ – გვიყვება წყარო.
ბრალდებულის ოჯახის ვერსიით, ნინის სქესობრივი კავშირი სხვა პირთან ჰქონდა და შემდეგ შეუყვარდა ნიკა.
ნიკა ტ-ს მამის თქმით, მან „სამი კაცი გააგზავნა გოგოს ოჯახში მოსალაპარაკებლად“, თუმცა ეს არ უკავშირდებოდა ოჯახის შექმნას.
„ნიკას ურეკავდა, გავიგონე, მიშველეო და გავუგზავნე ჩემი მეგობრები, რომ გაგვერკვია, რამდენად ამბობდა სიმართლეს ნიკა, მაგრამ გოგოს ოჯახი არ დაგველაპარაკა“, – ამბობს ჯუმბერ ტ-ე.
ქობულეთში მხოლოდ ერთი სოცმუშაკია
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ნინისთან მუშაობდა სოცმუშაკი, ფსიქოლოგის დახმარებაზე კი, მოზარდი უარს ამბობდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში არ უპასუხეს „ბათუმელების“ კითხვებს: კონკრეტულად რითი დაეხმარა სოცმუშაკი მოზარდს და თუ იყო სერვისის მიწოდების პრობლემა იმ ფონზე, როცა მთლიანად ქობულეთის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი სოცმუშაკი მუშაობს?
„ზრუნვა ცარიელი ხელებით“ – ამ ლოზუნგით სოცმუშაკები გასულ წელს გაიფიცნენ და შესაბამისი რესურსები ითხოვეს, მათ შორის, იმისთვის, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ეფექტურად დახმარებოდნენ. გაძლიერების ნაცვლად, მაგალითად, ქობულეთში ორი სოცმუშაკის ნაცვლად, უკვე ერთი მუშაობს. სოცმუშაკებს აჭარის მთელს რეგიონში მხოლოდ ერთი ავტომანქანა ემსახურება და ფსიქოლოგიც ამ რეგიონში ერთია.
14 წლის ნინის სოცმუშაკთან კომუნიკაცია ჰქონდა. თუმცა ფაქტია, რომ მოზარდი ამ რთულ სიტუაციაში მარტო აღმოჩნდა.
ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდა თუ არა სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია სკოლას, სადაც სწავლის განახლების შემდეგ ნინი სკოლაში არ გამოჩენილა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ნინის, ან მის ოჯახს მასწავლებლებისთვის არაფერი უთქვამს, სკოლაში გამოუცხადებლობის მიზეზად კი, ნინიმ სტომატოლოგებთან ვიზიტი დაასახელა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საქართველოში ჯამში 3825 – მა თინეიჯერმა [13-დან 19 წლამდე პირმა] გაიკეთა აბორტი.
მათგან, ამავე პერიოდის კვლევით:
აბორტი გაიკეთა 15 წლამდე ასაკის 29 გოგომ.
2018, 2019 წლებში 15 წლამდე ასაკის გოგოებში აბორტის შემთხვევები საქსტატის კვლევების მიხედვით არ დაფიქსირებულა, თუმცა აბორტი გაიკეთა:
2015 წელს – 9 მოზარდმა
2016 წელს – 19-მა მოზარდმა
2017 წელს – 1-მა მოზარდმა
ხუთი წლის განმავლობაში 15-დან 19 წლამდე ასაკის 3796-მა თინეიჯერმა გაიკეთა აბორტი ამავე პერიოდში. წლების მიხედვით სტატისტიკა ასე ნაწილდება:
2015 წელს – 1321-მა თინეიჯერმა
2016 წელს – 919-მა თინეიჯერმა
2017 წელს – 596-მა თინეიჯერმა
2018 წელს – 510-მა თინეიჯერმა
2019 წელს – 450-მა თინეიჯერმა
საქართველოში სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები სკოლაში არ ისწავლება. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, მოზარდთა სქესობრივ განვითარებაზე ნათქვამია, რომ სექსუალობის კვლევისას მოზარდები ბევრ შეკითხვას და პრობლემას აწყდებიან.
საქართველოში კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ინდექსი 52.9%-ია. ეს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ნ.ტ.-ს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა და აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება.
ნ.ც.-მ 2021 წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“.
სამართალდამცავებმა 23 წლის ნ.ტ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 10 თებერვალს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.
ბათუმის ბულვარში მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა „ამბასდორ ბათუმის“ სამშენებლო ღობის მორღვევა სცადეს. ეს კომპანია ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს.
ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა.
აქამდე კომპანიას მხოლოდ 4-სართულიან მშენებლობაზე ჰქონდა ნებართვა.
„ამბასადორ ბათუმის“ დაკვეთით ბულვარში 16-სართულიან შენობას კომპანია „ანაგი“ აშენებს.
აქციის მონაწილეებს სამშენებლო მოედნიდან გადმოასხეს ტალახი.
„ამბასადორ ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან.
ქობულეთში დაღუპული 14 წლის მოზარდის შესაძლო სუიციდის საქმეს ადგილობრივი თვითმმართველობის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია.
„ბათუმელები“ ქობულეთის საკრებულოში გენდერული საბჭოს ხელმძღვანელს ლია შაქარიშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, ხედავს თუ არა მოზარდის ტრაგედიაში სისტემურ პრობლემას და მან, როგორც გენდერული საბჭოს ხელმძღვანელმა, რა გააკეთა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მოზარდების მიმართ ძალადობა შემცირებულიყო.
ლია შაქარიშვილი ამბობს, რომ „საკითხი ძალიან სენსიტიურია“ და სჯობს გამოძიებას დაველოდოთ, თუმცა დასძენს, რომ მომხდარი ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია.
„ძალიან შეწუხებული ვარ ამ ფაქტით, მაგრამ ამ ეტაპზე, სწორი მიდგომა იქნება საგამოძიებო ორგანოებს ვანდოთ გარკვეული გარემოებების თვალსაჩინოდ დადება, რადგან ასეთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, ნაჩქარევი დასკვნები, მით უმეტეს, ემოციურ დონეზე შეფასებები, არ იქნებოდა სწორი.
ჩემი ზოგადი დამოკიდებულება არის ის, რომ მიუღებელია ჩემთვის ფაქტი თავისი შინაარსით, ის, რაც მოხდა და რა სახითაც ვრცელდება ინფორმაცია. მიუღებელია ძალადობის ფაქტი, მასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები, რაც ძალადობას მოჰყვა. ეს თავისთავად ტრაგედიაა,“ – ამბობს ლია შაქარიშვილი.
მისი თქმით, ამ პრობლემას სხვადასხვა ჭრილი აქვს, მათ შორის უნდობლობა შვილებსა და მშობლებს შორის.
„ბევრი და ერთმანეთთან ძალიან ჯაჭვურად გადაბმული პრობლემებია. გასაძლიერებელია ფსიქოლოგის ინსტიტუტიც სასკოლო დონეზე, შესაძლებელია მოზარდების მეტი გათვიცნობიერება ფიზიოლოგიურ ასპექტებში.
საჭიროა სწორად მიწოდებული ინფორმაცია სკოლაშივე იმაზე, რა შეიძლება იყოს ძალადობის შემცველი ნიშნები, ინფორმაციის სწორად მიწოდება ზოგადად ანატომიასა და სქესობრივ განვითარებაზე, რაც თავიდან ააცილებთ მოზარდებს ძალადობის მსხვერპლად აღმოჩენას.
რა თქმა უნდა, კონკრეტული ფაქტის დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა ვეჭვობ, რომ რაც მოხდა, სწორედ ამის უცოდინრობა, უნდობლობა საკუთარ ოჯახთან, უნდობლობა საზოგადოების მიმართ გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი,“ – ამბობს შაქარიშვილი.
კითხვას, ხედავს თუ არა ამ კონკრეტული საქმის მაგალითზე ის სამართალდამცავი უწყებების გულგრილობას მოზარდების, კონკრეტულად კი გოგონების ძალადობის მიმართულებით, ლია შაქარიშვილი პირდაპირ არ პასუხობს.
„ერთი წლის წინ მქონდა მცდელობა ადგილობრივი პოლიციის სამმართველოსგან გამომეთხოვა ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ, თუმცა სწრაფად ვერ მივიღე. ვფიქრობ, შესაძლებელია უფრო ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია თუნდაც გენდერული საბჭოებისთვის, რადგან თვითმმართველობას აძლევს საშუალებას იფიქროს შესაბამისი პროგრამების შექმნაზე,“ – ამბობს ლია შაქარიშვილი.
მას ისიც ვკითხეთ, თვითმმართველობის დონეზე ხომ არ უმსჯელიათ სოციალური მუშაკების გაძლიერებაზე, რადგან ქობულეთს მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი ემსახურება, რაზეც შაქარიშვილი ამბობს, რომ ეს სტრუქტურა ცენტრალიზებულია და საკრებულოს დონეზე საკითხები ვერ გადაწყდება.
რაც შეეხება მოზარდების პრობლემატიკაზე მუშაობას, ლია შაქარიშვილი ამბობს, რომ ქობულეთში ახალგაზრდებისთვის გარკვეულ აქტივობებს ახორციელებენ.
„პირდაპირ შეიძლება არ ვისაუბროთ ძალადობაზე, მაგრამ მათი ჩართვა სხვადასხვა ჯგუფში, რომლებიც მხარდაჭერილია მუნიციპალიტეტის მიერ, მათ ბევრ უკეთურებას ააცილებს,“ – ამბობს ის.
ქობულეთში 23 წლის კაცი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით შსს-მ მას შემდეგ დააკავა, რაც დაზარალებულმა 14 წლის გოგომ თავი მოიკლა.
გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია. მოზარდზე სავარაუდო ძალადობის შესახებ პოლიცია და სხვა შესაბამისი უწყებები რამდენიმე თვეა, რაც ინფორმირებულნი არიან.
მრავალწლოვანი ხეების გაჩეხვის ხარჯზე ქობულეთის სანაპიროს განაშენიანების პროცესი აქტიურად გრძელდება. თამარ მეფის სანაპირო, რომელიც ზღვისპირა პარკს მიუყვება, მეორე მხარეს კი კარგად გამწვანებული ეზოები ორსართულიანი სახლებით დიდ ხანს მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ ქუჩად აჭარაში, მშენებლების ინტერესს ვერ გადაურჩა, პატარა სახლები დიდი მწვანე ეზოებით თანდათან გაქრა და მათ ადგილზე მრავალბინიანი მაღლივი კორპუსები გაჩნდა.
ქობულეთის სანაპიროზე შეხვდებით ისეთ მასშტაბურ მშენებლობებსაც, როცა კონკრეტული სამშენებლო პროექტი რამდენიმე კორპუსს აერთიანებს და პირდაპირ პლაჟს ითვისებს, ასეთი ნაკვეთები აჭარის მთავრობამ აქ სწორედ მშენებლობის პირობით გაყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთს განაშენიანების გეგმა დიდი ხანია აქვს დამტკიცებული, ეს ქალაქის ქაოსური განაშენიანებისგან დაცვის გარანტად ვერ იქცა.
მწვანედ მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია
ფოტოზე მწვანედ მონიშნულია მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა ახლახან დაიწყეს. რამდენიმე მაღალსართულიანი სახლის მიმდებარედ ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროს #114-ში, შპს „ქობულეთი პალასი“ ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ტერიტორია, რომლის ათვისებაც კომპანიას უკვე დაწყებული აქვს, 1193 კვადრატული მეტრია. ამ ნაკვეთის უმეტესობა მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეებით იყო დაფარული.
მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებაშია და როგორც საინფორმაციო დაფაზეა მითითებული, კომპანიას მშენებლობის ნებართვა აქვს. კომპანია ძირითად ტერიტორიას ითვისებს, ზღვისპირა პარკზე გასასვლელად კი საცალფეხო ბილიკს ტოვებს.
ეს პირველი სამშენებლო პროექტი არ არის, რაც ამ ქუჩის გასწვრივ ორსართულიანი სახლებისა და მათი დიდი მწვანე ეზოების ათვისების ხარჯზე ახალ მშენებლობას ითვალისწინებს, თამარ მეფის სანაპიროდან ასევე გაქრა მრავალწლოვანი ხეები ამ ქუჩის სხვა მისამართებზეც.
მშენებლობა თამარ მეფის სანაპირო #114 – ში
არის შემთხვევები, როცა მშენებელმა ადრე შეთანხმებული პროექტის მიხედვით მშენებლობა დაასრულა. შემდეგ კი დასრულებულ კორპუსზე სართულის დამატება გადაწყვიტა და დაამატა კიდეც. როგორც ამბობენ, „კანონი ამას არ კრძალავს“.
თამარ მეფის სანაპირო #44
შპს “ჯეი თი არ გრუპის“ პროექტი კი მათ შორისაა, რომელიც, ფაქტობრივად, პლაჟზე შენდება და 5 მრავალსართულიან შენობას აერთიანებს. 5941 კვადრატული მეტრი ტერიტორია ზღვის სანაპიროზე კომპანიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პირობიან აუქციონზე შეისყიდა.
არ ვიცით რამდენი ხე შეეწირება შპს „კრისტალ ბილდინგის“ მასშტაბურ მშენებლობას, რომელსაც ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ასრულებს. ამ ტერიტორიის გასხვისებას ადგილობრივები აპროტესტებდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ დაგეგმილი მშენებლობა მათ ზღვაზე გასასვლელს ჩაუკეტავდა, რაც ცუდად აისახება აქ მოპირდაპირედ მცხოვრებლებზე, რომლებიც დამსვენებლებზე ოთახებს აქირავებენ.
აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, გასხვისებულ ტერიტორიაზე განთავსდება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და დამხმარე [გასართობი] შენობები. სასტუმროს უნდა ჰქონდეს 220 ნომერი, არანაკლებ 300 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების რამდენიმე ოთახი, ორი ან მეტი რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები.
დღეს, 12 თებერვალს, თბილისში, საქართველოს პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა ქალთა მოძრაობამ, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგოს დაღუპვის საქმეს გამოეხმაურა.
„გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ასდღიანი კამპანია „ნინის გამო“, რადგან პრობლემა, რაც ამ ბავშვს ჰქონდა და ვერ მოუგვარა სახელმწიფომ, არის სისტემური და უამრავი სამინისტროა ამაში გარეული, რომელთაც ვერ შეასრულეს ვალდებულებები,“ – განაცხადა ბაია პატარაიამ, „საფარის“ ხელმძღვანელმა.
იგი ყველა ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიას და ცალკეულ ადამიანს მოუწოდებს კამპანიაში ჩართვისკენ, რათა მოხდეს იდეების გაზიარება და შედეგად სახელმწიფომ გაატაროს რეალური რეფორმები, რომლებიც სისტემას შეცვლის.
პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე ქალთა მოძრაობამ გააჟღერა კონკრეტული მოთხოვნები:
შეცვალოს პარლამენტმა გაუპატიურების კანონი და ცენტრალური ასპექტი გახადოს თანხმობის არარსებობა;
შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;
ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისთვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა, რომ ბავშვებმა შეძლონ სქესობრივი ძალადობისაგან თავის დაცვა;
გაიზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ენიშნებოდეს ფსიქოლოგი.
„ჩვენ კონკრეტულად ვითხოვთ იმ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელიც მუშაობდა ამ საქმეზე. ვნახეთ, რომ ერთ დღეში იყო შესაძლებელი მოძალადის დაკავება, როცა თვეების განმავლობაში პროკურორმა ბრალი არ წაუყენა ამ პირს, რის გამოც დადგა ეს ტრაგიკული შედეგი.
აუცილებელია სისტემური ცვლილებები, რომ გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე.
ასი დღის განმავლობაში ჩვენ შემოგთავაზებთ სხვადასხვა აქტივობას ამ საქმესთან დაკავშირებით,“- განაცხადა ბაია პატარაიამ.
წინასწარი ინფორმაციით, ქობულეთში 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ოჯახი ამბობს, რომ ბავშვზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს და მათ ჯერ კიდევ ორი თვის წინ მიმართეს სამართალდამცავებს, თუმცა პოლიციამ ბრალდებული მხოლოდ გოგოს დაღუპვის შემდეგ დააკავა. დაკავებულს ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.
ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო თანხა 1 592 098 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 4 მარტს დაიწყება და 9 მარტს დასრულდება. ბინებში ქსელის მოწყობის სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.
გაზის, წყლისა და კანალიზაციის ქსელი, ტენდერის მიხედვით სამ თორმეტსართულიან კორპუსში მდებარე, ჯამში, 582 ბინაში უნდა მოეწყოს [დოკუმენტების მიხედვით, თითოეულ მშენებარე კორპუსში არის 213, 285 და 84 ბინა].
ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში კორპუსების მშენებლობის პროგრამა, რომელიც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს, ერთი წლით გახანგრძლივდა და 2024 წელს უნდა დასრულდეს. აჭარის ბიუჯეტში კი, პროგრამისთვის ჯამში 86 მილიონი ლარია გაწერილი.
კომპლექსში საბოლოოდ 1 550 ბინა იქნება. 2021 წელს უნდა დასრულდეს 582 ბინა, ხოლო 2023 წლისთვის, დამატებით კიდევ 968 ბინა.
იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ესაუბრა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღევანდელს სხდომაზე ის თქვა, რომ ქობულეთში მომხდარი ტრაგედია „არის უმძიმესი ტრაგედია“, „მოუშუშებელი ჭრილობა“ და „მანუგეშებელი სიტყვები არ არსებობს“.
პარლამენტს კანონი ავალდებულებს მთავრობის კონტროლს. 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის შესახებ კი, ინფორმირებული იყო როგორც პოლიცია, ისე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო.
საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა.
პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ზოგადად სერვისების ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„გაცილებით მეტი გულისხმიერებითა და მონდომებით უნდა ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ეფექტიანობის გაზრდა იმ სერვისების, იმ პროცედურების და ყველა იმ რეგულაციის, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს, რომ, ერთი მხრივ, მსგავსი პრობლემები საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ბავშვებთან მიმართებაში იქნას იდენტიფიცირებული და ეს არ რჩებოდეს ყურადღების მიღმა არც ერთ შემთხვევაში და რეაგირება იყოს ისეთი, რომელიც უზრუნველყოფს თავიდან ბოლომდე სრულ და აბსოლუტურ პრევენციას მსგავსი შემთხვევებისა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რატომ ვერ დაიცვა სახელმწიფომ მოზარდი? რატომ ვერ დადო გამოძიებამ შედეგი და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა? რას ნიშნავდა ბრალდებულის დაკავება მას შემდეგ, როცა მოზარდმა თავი მოიკლა? – ეს და სხვა კითხვები ჩვენ უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან გვქონდა, თუმცა პარლამენტის პრესცენტრიდან გვაცნობეს, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას სხდომაზე გამოეხმაურა.
დღეს ინტერნეტის და ციფრული სერვისების გარეშე ცხოვრება ბევრი ჩვენთაგანისთვის წარმოუდგენელია. ამ ევოლუციამ ყოველდღიურობა ძალიან გაამარტივა – ონლაინშოპინგიდან დაწყებული, საბანკო მომსახურებით დამთავრებული – ყველაფერს უფრო სწრაფად და მარტივად ვაკეთებთ. ამ დიდ კომფორტს თავისი საფრთხეებიც ახლავს თან, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
ალბათ, გსმენიათ, რომ ინტერნეტსამყაროში არსებობენ „მოხერხებული“ თაღლითები, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობენ ჩვენს მოტყუებას და ჩვენი საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვას. ასეთი ტიპის თაღლითობას “ფიშინგი” ჰქვია. ეს სიტყვა კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რადგან მასთან გამკლავება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
ინტერნეტთაღლითების მთავარი იარაღი ჩვენ წინააღმდეგ სწორედ ჩვენი უყურადღებობაა. ისინი სარგებლობენ იმით, რომ ჩვენ ხშირად ინტერნეტში სწრაფად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და არ ვაკვირდებით დეტალებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ანგარიშებიდან თანხა ქრება, უფრო სწორად, მათ ანგარიშებზე ირიცხება.
ფიშინგისგან არაფერი დაგიცავთ უკეთ, ვიდრე საკუთარი თავი და პირადი პასუხისმგებლობა.
მოდით, დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება:
[checklist]
ინტერნეტთაღლითები თქვენს ანგარიშზე წვდომის მისაღებად იყენებენ სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბ ბმულებს, რომელსაც მეილზე, მესინჯერში ან სხვა მსგავს აპლიკაციებში გიგზავნიან. ამ დროს, აუცილებლად უნდა დააკვირდეთ ვებგვერდის მისამართის მაგალითად, ჩვენივე უყურადღებობის გამო, შესაძლოა აღმოვჩნდეთ ვებგვერდზე, რომელიც Amazon.com გვგონია, სინამდვილეში კი ვიყოთ ხაფანგში სახელად Amzon.com; შენიშნეთ? – დიახ, სწორედ აქ ვუშვებთ პირველ შეცდომას; თუკი მისამართი არ ემთხვევა ორიგინაზაციის რეალურ მისამართს, ესე იგი , თქვენ საფრთხის ქვეშ ხართ;
ინტერნეტთაღლითები თქვენი ყურადღების მისაქცევად იყენებენ ემოციური მანიპულაციის ტექნიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ მესიჯები, რომელსაც გიგზავნიან, აუცილებლად საგანგაშო იქნება. ეს შეიძლება იყოს, როგორც შეტყობინება, რომ თქვენ მოიგეთ iPhone 12, ასევე ის, რომ თქვენს ანგარიშზე ხორციელდება შეტევა და, ამის გამო, საჭიროა იდენტიფიკაციის გავლა. თუკი ასეთ მესიჯს მიიღებთ, აუცილებლად გადაამოწმეთ იმ კომპანიასთან, რომლის სახელითაც მოგდით შეტყობინება. მაგ: თუკი ბანკისგან მეილზე მიიღეთ შეტყობინება, დარეკეთ ქოლცენტრში და გადაამოწმეთ. კომპანიების უმრავლესობა თქვენთვის მნიშვნელოვანი შეტყობინების გამოსაგზავნად ოფიციალურ არხებს, ინტერნეტბანკს ან პირად ზარს იყენებს.
ერთ-ერთი მარტივი გზა საფრთხის აღმოსაჩენად თქვენი ბრაუზერის ფუნქციონალია. დააკვირდით ბრაუზერის მარცხენა კუთხეში ბოქლომის ნიშანს, რომელიც გკარნახობთ, რამდენად უსაფრთხოა ესა თუ ის ვებგვერდი. თუკი ბოქლომი გადახაზულია, ესე იგი, თქვენ სახიფათო ზონაში ხართ და დროა დატოვოთ იქაურობა. გარდა ამისა, ბრაუზერების უმრავლესობას აქვს ფიშინგის დეტექტორი დამატებები, რომელთა დაყენებაც უფასოდ და მარტივად შეგიძლიათ. ამისათვის კი საჭიროა უბრალოდ დაგუგლოთ anti phishing add on chrome / mozilla / opera და სხვა.
[/checklist]
თუ, კიბერთაღლითების მახეში მაინც გაებით:
[checklist]
თუ ყალბ საიტზე აღმოჩნდით და ტრანზაქციის შესრულებას გთხოვთ, დარწმუნდით, რამდენად უსაფრთხო გადახდის მეთოდს იყენებს ესა თუ ის საიტი. თუკი გადახდის მეთოდი არ არის სანდო, სასწრაფოდ დატოვეთ ის.
თუკი თქვენ უკვე დაუშვით შეცდომა, აუცილებლად, დაუყოვნებლივ მიმართეთ კომპანიას დროულად. ისინი დაგეხმარებიან პრობლემის მოგვარებაში, გირჩევენ საუკეთესო გზას და შეეცდებიან თავიდან აგარიდონ ზიანი;
ყოველი შემთხვევისთვის, დააზღვიეთ თქვენი საბანკო ანგარიში, რომ ზიანის ასანაზღაურებლად ლეგიტიმური გზა გქონდეთ.
[/checklist]
გახსოვდეთ, რომ ფიშინგთან გამკლავება მარტივია, თუკი შესაბამის ინფორმაციას ფლობთ და ყურადღებით ხართ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, 5.4 მილიონად ყიდის პლაჟის გასწვრივ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ჯერ 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ბოლო აუქციონზე კი, 75%-იანი ფასდაკლებით, 1 146 250 ლარად გაყიდა.
მყიდველი შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანი“ იყო, რომელიც პირველი აუქციონის გამოცხადებამდე თვე-ნახევრით ადრე დაარეგისტრირეს პარტნიორებმა. ამ კომპანიის მეწილე რუსული კომპანიაა.
სამინისტროში ბათუმელებს უთხრეს, რომ „ჯორჯიან რიზორთს კომპანიმ“ ბე [საგარანტიო თანხა] 300 ათასი ლარი გადაიხადა, მაგრამ განსაზღვრულ ვადაში ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, აუქციონი გაუქმდა, კომპანიის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა კი ბიუჯეტში დარჩა.
„ბათუმელები“ კომპანია „ჯორჯიან რიზორთს კომპანის“ ვერ დაუკავშირდა.
როგორც წინა, ასევე მიმდინარე აუქციონის მთავარი პირობაა – ინვესტორმა ამ ნაკვეთზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვეში ააშენოს და აამოქმედოს ობიექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო ცენტრებს, რესტორანს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს.
ამასთან, მომავალ ინვესტორს ევალება არანაკლებ 20 წლის განმავლობაში ობიექტისთვის პროფილის შენარჩუნება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.
„ჯორჯიან რიზორთს კომპანის“ ამ პროექტში [ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში] არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება ექნებოდა.
მიმდინარე აუქციონის პირობის მიხედვით კი, სავალდებულო საინვესტიციო თანხა 30 მილიონი ლარითაა შემცირებული, ანუ მომავალ მყიდველის ექნება ვალდებულება, იმავე პროექტში არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადოს.
მიმდინარე პირობებიან აუქციონში 11 235 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 5 450 000 ლარია; ვაჭრობის ბიჯია 130 ათასი ლარი; საგარანტიო თანხა ამჯერად 1 362 500 ლარია.
სამოქალაქო ორგანიზაციები ქობულეთში 14 წლის გოგონაზე შესაძლო სექსუალური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სახელმწიფო უწყებებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ და მოითხოვენ, გამოძიების ფარგლებში დროულად შეისწავლონ ყველა შესაძლო ორგანოს/თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ვისაც მსხვერპლის მიმართ მხარდაჭერისა და მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების წარმოების ვალდებულება ჰქონდა. ისინი ასევე მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს, რომ საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების დინამიკისა და შედეგების შესახებ.
აღნიშნულ საქმეში ჩანს ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმესი სოციალური პრაქტიკა და საპოლიციო და სოციალური ინსტიტუტების დანაშაულებრივი გულგრილობისა და არაეფექტიანობის ნიშნები.
განცხადებაში წერია, რომ აღნიშნულ საქმეში აშკარად იკვეთება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჯეროვანი გულისხმიერების სტანდარტის დარღვევა, რაც საქართველოში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გავრცელებული პრაქტიკაა. “ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში, მოძველებული, დისკრიმინაციული მიდგომებით და გენდერული დანაშაულებისთვის შეუსაბამო მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს”.
არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფოს არსებული პოლიტიკის რადიკალური ცვლილებების ნება არ გამოუვლენია, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას. სისტემა უკიდურესად გულგრილი რჩება მოზარდებზე ზრუნვის პოლიტიკის, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავების კუთხით …
ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს არასრულწლოვნების მხარდაჭერის და დაცვის სპეციალური მიდგომები გამოძიების პროცესში, იგი საკუთარ როლს ვიწროდ პასუხისმგებელი პირის გამოვლენაში ხედავს.
ორგანიზაციების მოთხოვნები სამართალდამცავ უწყებებს:
ეფექტიანად, ჯეროვნად და დროულად იყოს გამოძიებული ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის, ისევე როგორც მის მიმართ სექსუალური ძალადობის ეპიზოდები და საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დინამიკისა და შედეგების შესახებ.
გამოძიების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დადგინდეს რამდენად ქმედითი და დროული იყო პირველადი გამოძიება არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამოძიების ნაწილში;
ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალურ ძალადობასთან საბრძოლველად მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ დანაშაულთა დროულ იდენტიფიცირებას, ეფექტურ გამოძიებას და სისხილსსამართლებრივ დევნას, მსხვერპლზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით.
საქართველოს მთავრობას:
საზოგადოების მაღალი ჩართულობით გააანალიზოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები და სხვადასხვა უწყების კოორდინირებით შეიმუშავოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს;
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალური ძალადობისა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის საკითხებზე და უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის მიმართ ინტერ-უწყებრივი ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას, მსხვერპლთა მხარდაჭერასა და დამნაშავეთა სათანადო პასუხისმგებლობას.
უზრუნველყოს, რომ იმ საქმეებზე, სადაც არასრულწლოვანი პირები ფიგურირებენ, განსაკუთრებით სქესობრივი დანაშაულის შემთხვევებში, ექსპერტიზა მაღალი მგრძნობელობით, დროულად და ჯეროვნად ჩატარდეს.
დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკაში გაიაზროს დანაშაულის სტრუქტურული სოციალური მიზეზები, მსხვერპლის სპეციალური საჭიროებები და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და გააძლიეროს სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაციისა და ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული მუშაობა, შექმნას შესაბამისი სერვისები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
[checklist]
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)[/checklist]
შეგახსენებთ, რომ 10 თებერვლის საღამოს ქობულეთში არასრულწლოვანი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის ოჯახის ცნობით მოზარდი გასული წლის ზაფხულში მამაკაცის მხრიდან გოგონაზე შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე მიუთითებს, რის შესახებაც მათ ორი თვის წინ, სავარაუდო მოძალადის განმეორებით გამოჩენის შემდეგ შეიტყვეს და პოლიციას მიმართეს.
“გარდაცვლილი ბავშვის ბაბუის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირების მიუხედავად, პოლიციამ პირი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ლოდინის მიზეზით არ დააკავა, რასაც მოზარდი ემოციურად განიცდიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის პირის დაკავების თაობაზე, თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი მოზარდის თვითმკვლელობის თაობაზე, რაზეც ცალკე დაიწყო გამოძიება სუიციდამდე მიყვანის მუხლით,” – წერია განცხადებაში.
ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2021 წლის 9 თებერვალს გამოსცა.
შენობა დაბა ხულოში, რუსთაველის N11-ში მდებარეობს და ის, დოკუმენტების მიხედვით, 1930-იან წლებშია აგებული. სააგენტოს დირექტორის ამავე ბრძანებით ძეგლის სტატუსი სხვადასხვა რეგიონში მდებარე კიდევ 8 ობიექტს მიენიჭა.
აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „ხულოში თეატრის დაარსება ცნობილი ქართველი რეჟისორის სიკო დოლიძის სახელს უკავშირდება. XX საუკუნის ათიან წლებში ხულოს რაიონში სიკო დოლიძის თაოსნობით პირველი თეატრალური წარმოდგენები დაიდგა, ხოლო თეატრისათვის შენობის აგება 1931 წელს დაიწყო. 1937 წელს რეჟისორ მ. ქორელის სპექტაკლით „ანზორი“ [ს. შანშიაშვილი] გაიხსნა ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი. ამ დადგმას მოჰყვა მომდევნო წლებში სხვა ქართველი კლასიკოსი დრამატურგების ნაწარმოებები: „ყვარყვარე თუთაბერი“, „სამშობლო“, „დარისპანის გასაჭირი“ და სხვები.
1952 წელს თეატრი დაიხურა და სამოციანი წლების ბოლოდან თეატრმა სახალხო თეატრის სტატუსით დაიწყო ფუნქციონირება.
1992 წელს თეატრს კვლავ მიენიჭა სახელმწიფო დრამატული თეატრის სტატუსი“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 12 თებერვლის 21 საათიდან ხვალ, 13 თებერვლის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, პერიოდულად ქარი შესაძლოა გაძლიერდეს 17-22მ/წმ-დე.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 0 –3 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 14 თებერვალს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში კი – თოვა, თუმცა ორშაბათს, 15 თებერვალს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
დღეს, 16:00 საათზე ბათუმის ბულვარის დამცველები შპს „ამბასადორი ბათუმის“ 16-სართულიან მშენებლობაზე ნებართვის გაცემას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ, საპროტესტო აქცია ბულვარის კოლონადებთანაა დაგეგმილი.
ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა ბულვარში მშენებლობის შეჩერებაა. მათივე განმარტებით, ამ მოთხოვნის საფუძველი პეტიციაა, რომელსაც 5 ათასზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს.
პეტიციის მოთხოვნა ბათუმის ძველ ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის შეჩერებაა, ასევე ის, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე აღარ გაიცეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობის ნებართვა.
პეტიციით გათვალისწინებული ხელმომწერების რაოდენობა სულ 4 დღეში შეგროვდა. მოძრაობა „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრის, ნათია აფხაზავას ინფორმაციით, პეტიცია ოფიციალურად გაგზავნილია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტთან, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში, განათლების სამინისტროში, აჭარის მთავრობაში, აჭარის განათლების სამინისტროში.
ბათუმის ბულვარში ოთხსართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებარე პროექტში ცვლილება, რომელიც ოთხიდან – 16 სართულამდე გაზრდას და ნაწილობრივ მისი ფუნქციის შეცვლასაც ითვალისწინებდა [ბალნეოლოგიური ცენტრი და სასტუმრო] აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ შეითანხმა, სააგენტოს დირექტორმა კი შესაბამისი ნებართვა გასცა.
ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას კანონი იცავს.
ბულვარის დამცველები მიიჩნევენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა თუ სხვა გავლენიანი ბიზნესმენებისგან ბათუმის ბულვარი ამჯერადაც თავად უნდა დაიცვან.
ბათუმის ბულვარში სასტუმროს აშენებას რუსეთის მოქალაქეები აპირებენ. შპს „ამბასადორი ბათუმის“ 50% წილის მფლობელი ვართან ვართანოვია, 50 % კი ეკუთვნის ელგუჯა ქებურიას, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა. ელგუჯა ქებურია საქართველოს მოქალაქეცაა.
ინტერნეტაპლიკაციებით და სოციალური ქსელებით ნარკოტიკის რეალიზების საქმეზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებულ ა.კ.-ს გამოძიება ედავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, იგი, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ბათუმში სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა ნარკოტიკს და აღნიშნული ადგილმდებარეობის ვიდეოგადაღებას ახდენდა.
სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 7 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მცირე ზომის სასწორი.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ დღეს, 12 თებერვალს, ბრიფინგზე.
ეკა დგებუაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, არჩევანი გააკეთონ დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
„მნიშვნელოვანია, რომ ამავე შესაძლებლობით სარგებლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე“, – ამბობს დგებუაძე.
დგებუაძის თქმით, სკოლებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში შეზღუდვები იქნება წერტილოვანი.
„სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით,“ – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე.
საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა.
გარდაცვლილის ბაბუას თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო, შემთხვევა კი გასულ ზაფხულს მოხდა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, გამოძიება ამ საქმეზე შსს-მ 2020 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა 23 წლის კაცი შსს-მ გუშინ, გოგოს თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა. შსს ამ დრომდე არ ამბობს, როდის დაიწყო გამოძიება.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და წარმოადგენს იმ სისტემური უმოქმედობის, კვალიფიკაციის ნაკლებობისა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობის შედეგს, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი წლებია მიუთითებს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ პასუხისმგებელი უწყებები ვერ ახდენენ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე დროულ, ეფექტიან და კოორდინირებულ რეაგირებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო რეაგირებას და სისტემური ცვლილებების გატარებას საჭიროებს,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეების მესამედზე შეწყდა გამოძიება, რომლის საფუძველი მათ შორის, მტკიცებულებების არარსებობა გახდა. ეს, თავის მხრივ, განპირობებული იყო დანაშაულის გამოძიების დაგვიანებით და არასრულწლოვნებთან სათანადო კომუნიკაციის არარსებობით.
2018-2019 წლებში სექსუალური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 317 არასრულწლოვანს. თუმცა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე თითო რეგიონში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მუშაობს, რაც შეუძლებელს ხდის ყველა შემთხვევაზე დროულ და სათანადო რეაგირებას. ბავშვის მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით ეფექტური ღონისძიებების გატარებას ართულებს სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, მათი სამუშაო პირობები და რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
გამოძიების ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვანთან შესაბამისი სპეციალისტების ჩართვას და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მიერ არ არის ზუსტად განსაზღვრული რა შემთხვევებში და რა გარემოებების საფუძველზე უნდა მოხდეს ფსიქოლოგის ჩართვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამომძიებელი და პროკურორი იღებენ, რომლებსაც უშუალოდ სექსუალური ძალადობის თემაზე სათანადო და პერიოდულ გადამზადება არ აქვთ გავლილი, რაც არსებითად უშლის ხელს ამ სპეციფიკის საქმეებში არსებულ რისკის სათანადო შეფასებას.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებთან მიმართებით საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას.
„მიუხედავად აღნიშნული პრობლემის სიმწვავისა და სისტემური ხასიათისა, სახელმწიფო უწყებები ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას უშუალოდ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკაზე მორგებული გადამზადების მოდულით. სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე პროფესიონალების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება არსებულ საჭიროებას. სახელმწიფო სერვისები ვერ უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის და მისი ოჯახის რეაბილიტაციას და ვერ ქმნის მათ ეფექტიან მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გარემოს,“ – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
„გაიღვიძეთ“, „გულგრილობა დანაშაულია“, „ნუ მომკლავ“ – ამ ლოზუნგებით დღეს, 11 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე.
აქციის ორგანიზატორი იყო პოლიტიკური პარტია „ლელო“.
საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა.
გარდაცვლილის ბაბუას თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო, შემთხვევა კი გასულ ზაფხულს მოხდა.
ბრალდებულის ადვოკატის თქმით, გამოძიება ამ საქმეზე შსს-მ 2020 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა 23 წლის კაცი შსს-მ გუშინ, გოგოს თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა.
ომანში, სოჰარის პორტში გაჩერებულ გემზე მესამე თვეა 15 ქართველი მეზღვაურია, რომლებიც ვერც გემის დატოვებას ახერხებენ და ვერც სამშობლოში დაბრუნებას. მეზღვაურებს ჩამორთმეული აქვთ პასპორტები.
ოფიციალური ინფორმაციით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი პორტში გემის ბერძენ მფლობელსა და გემზე არსებული ტვირთის ომანელ მფლობელს შორის დავის გამო გაჩერდა.
გემზე ქართველი მეზღვაურების ყოფნის შესახებ პირველი ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 22 იანვარს გაავრცელა. ამ განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ სააგენტომ ინფორმაცია 19 იანვარს მიიღო.
დღეს, 11 თებერვალს, „ბათუმელები“ გემზე მყოფ რამდენიმე მეზღვაურს ესაუბრა. მეზღვაურები ამბობენ, რომ მათი მომავალი გაურკვეველია. თუმცა სანამ მათი საქართველოში დაბრუნების საკითხი გადაწყდება, ამჟამად აქვთ გადაუდებელი საჭიროებები – არ აქვთ საკმარისი საკვები და ტექნიკური წყალი. დღეს „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მეზღვაურმა უთხრა, რომ 15-დან 4 მეზღვაური ცუდად გახდა და რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ეს 4 მეზღვაური სასტუმროშია, 11 მეზღვაური კი გემზე.
„ჩამორთმეული გვაქვს პასპორტები და ოფიციალურად გემის დატოვების უფლება არ გვაქვს. უპასპორტოდ გემს ვერ დავტოვებთ, რადგან იქნება საზღვრის უკანონო, არალეგალურად კვეთა. ამაში ჩართული უნდა იყოს აგენტი, კომპანია, მათ უნდა მოაგვარონ და მხოლოდ ლეგალური გზით უნდა დავბრუნდეთ ხმელეთზე.
ასევე გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი საკვებით და წყლით მომარაგება. ეს კონტრაქტით არის გათვალისწინებული, მაგრამ ახლა აღარ მოაქვს კომპანიას და გვეუბნებიან ვეღარც მოვიტანთო.
ჩვენს კომპანიას იქეთკენ მიჰყავს სიტუაცია, რომ გვავალებს ომანის ტერიტორიული წყლებიდან გავიყვანოთ გემი ჩუმად. ჩვენ ამას არ ვთანხმდებით და ამის გამო შეიძლება ითქვას, რომ გვსჯის. ვერც სახლში მივდივართ და არც პირობები გვაქვს ნორმალური,“- უთხრა „ბათუმელებს“ ომანში გემზე მყოფმა ერთ-ერთმა მეზღვაურმა.
მეზღვაურები ამბობენ, რომ საკვები სჭირდებათ ფოტო: მეზღვაურების მაცივარი გემიდან
მისივე თქმით, მეზღვაურებს ეკონტაქტება როგორც საელჩო საუდის არაბეთში, ისე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
„საზღვაო ადმინისტრაცია კი ბატონო, ყოველდღე გვეუბნება, რომ მუშაობენ, მაგრამ ამ მუშაობის რეზულტატი ჯერჯერობით არის მხოლოდ ის, რომ 4 კაცი არის სასტუმროში. არც მათ იციან, როდის წავლენ სახლში, ისევე როგორც ჩვენ. აიღებენ თუ არა თავიანთ ხელფასს, ისევე როგორც ჩვენ და ა.შ.“ – გვეუბნება მეზღვაური.
იმ ოთხი მეზღვაურიდან, რომლებიც სასტუმროში იმყოფებიან, ერთ-ერთი ზურა თურმანიძეა. ზურა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თავად ნორმალურ სასტუმროშია, თუმცა გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საკვების პრობლემა აქვთ.
„სასტუმროში ვინც ვართ, ჩვენ კარგად ვართ. ის 11 მეზღვაური, ვინც გემზე დარჩა, ძალიან ცუდ პირობებშია. პასპორტები ჯერ არ დაუბრუნებიათ, შესაბამისად, სასტუმროს დატოვების უფლება არ გვაქვს. არც ის ვიცით, ბილეთები როდის იქნება,“ – გვეუბნება ზურა.
რას ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
დღეს, 11 თებერვალს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტო ყველაფერს აკეთებს მეზღვაურების საქართველოში დასაბრუნებლად.
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ომანში მყოფმა მეზღვაურებმა დახმარების თხოვნით 19 იანვარს, 20:22 სთ-ზე მომართეს. ამავე მომენტიდან დაიწყო აღნიშნული საქმის მართვა სააგენტოს მიერ და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. საქმეში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საელჩო საუდის არაბეთში. პრობლემა მდგომარეობდა ტვირთის მფლობელსა და გემთმფლობელს შორის მიმდინარე კერძო სამართლებრივი ხასიათის დავაში, რის გამოც გემი გაჩერებული იყო ომანში. მსგავსი საქმეები საჭიროებს დელიკატურ მართვას და გარკვეულ პერიოდს საბოლოო გადაწყვეტამდე.
აღსანიშნია, რომ მეზღვაურების პასპორტები, ბერძენმა კაპიტანმა საკუთარი ნებით გაატანა ტვირთმფლობელის წარმომადგენელს, რომელიც დავის ფარგლებში უარს აცხადებდა პასპორტების დაბრუნებაზე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საქმეში ჩართვის შემდეგ:- მეზღვაურებისათვის მაღალკვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის გაწევის შემდეგ მოხერხდა ქართველი მეზღვაურების დაცვა არასასურველი პროცესებისგან, რომელიც შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირდებოდა.
მეზღვაურებს გაუკეთდათ ვიზები და მათი რეპატრიაციის უზრუნველსაყოფად 24/7-ზე მიმდინარეობს მუშაობა. დღეის მდგომარეობით ომანის სახელმწიფოს მხრიდან გაცემულია ეკიპაჟის შეცვლის ნებართვა, ხოლო დროშის სახელმწიფოსგან – ქართველი მეზღვაურების ჩამოწერის დოკუმენტი გემზე მათი შემცვლელების ასვლის გარეშე, რაც საკმაოდ რთული კონსულტაციების შედეგია.
მეზღვაურთა ნაწილი გადაყვანილია სასტუმროში და გემზე დარჩენილია მხოლოდ ის მეზღვაურები, რომლებმაც თავად არ ისურვეს სასტუმროში გადასვლა.
მეზღვაურები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებელი პირობებით, სურსათით და ყველა სახის დახმარებით, მათ შორის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით.
სააგენტოს დირექტორის მოადგილე პირდაპირ კავშირზეა როგორც მეზღვაურებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. აქვე აღვნიშნავთ, რომ რამდენიმე მეზღვაურის კონტრაქტს ვადა გაუვიდა, ან გასდის 2-3 დღის განმავლობაში. მეზღვაურები გემზე იმყოფებიან 2020 წლის ივნისის თვიდან და პანდემიით შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით ამ რანგის მეზღვაურებისათვის გემზე ყოფნის ვადა ჯდება ნორმის ფარგლებში.
მეზღვაურებს ხელფასები სრულად აუნაზღაურდებათ. ომანიდან ყველა ქართველი მეზღვაური უახლოეს მომავალში შეუფერხებლად დაბრუნდება საქართველოში. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ ამ დრომდე მსოფლიოს არც ერთ წერტილში ქართველი მეზღვაურები არ დარჩენილან სათანადო ყურადღების გარეშე,“ – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.