Batumelebi | „კაცი მემუქრებოდა ოჯახის მოსპობით“, – პოლიტიკოსის თქმით, მასზე თავდასხმის საქმეს არ იძიებენ „კაცი მემუქრებოდა ოჯახის მოსპობით“, – პოლიტიკოსის თქმით, მასზე თავდასხმის საქმეს არ იძიებენ – Batumelebi
RU | GE  

„კაცი მემუქრებოდა ოჯახის მოსპობით“, – პოლიტიკოსის თქმით, მასზე თავდასხმის საქმეს არ იძიებენ

სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებს – გენრი დოლიძეს, გიორგი გაბაიძეს, მიშა ქავთარაძესა და იზო სურმანიძეს ეგრეთ წოდებულ „ხოფის ბაზრობაზე“, ფლაერების დარიგების დროს, თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მაშინ პარტია “ლელოს” წევრმა, მიშა ქავთარაძემ თქვა, რომ „თავდამსხმელი სტეფანოვკას უბნის ეგრეთ წოდებული „მაყურებელი“ გიორგი გოგიჩაიშვილია“.

„კაცი მემუქრებოდა სიცოცხლის და ოჯახის მოსპობით. გთხოვეთ დახმარება და ფეხებზე დამიკიდეთ“, – ამ სიტყვებით მიმართა გუშინ, 12 თებერვალს, ოპოზიციონერმა გენრი დოლიძემ ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მყოფ აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილეს.

ირაკლი ჭედიშვილი აქციაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობის მორღვევა სცადეს. პოლიციის მაღალჩინოსანს გუშინაც შეახსენეს მოქალაქეებმა, რომ თავდამსხმელი „კრიმინალური ავტორიტეტია“.

აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილის პასუხი მოქალაქის პრეტენზიაზე იყო: „გამოძიება 2 დღეში არ ხდება“.

გენრი დოლიძეს და სხვა ოპოზიციონერებს ხოფის ბაზრობაზე გასული წლის 7 ნოემბერს დაესხნენ თავს.

„ბათუმელებმა“ დღეს, 13 თებერვალს, პარტია „მოქალაქეების“ ყოფილ წევრს, გენრი დოლიძეს ჰკითხა, გამოძიება პოლიციის უფროსთან გუშინდელი შელაპარაკების შემდეგ ხომ არ შეხმიანებია.

„არანაირი სიახლე არ არის გამოძიებაში, წაუყრუეს, როგორც წესი. თავის დროზე დავიკითხეთ, ვიყავით ექსპერტიზაზეც, აღნიშნეს ჩვენი დაზიანებები, სამ თვეზე მეტი გავიდა და არ შეგვხმიანებიან“, – ამბობს გენრი დოლიძე.

მისი თქმით, გამომძიებელს ადვოკატიც დაუკავშირდა, თუმცა პოლიციაში უთხრეს, რომ საქმის გამოძიება „ასე უცებ არ ხდება“.

„თითქოს რაიმე გარე ფაქტორებზე და დიდ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული ამის გამოძიება. ჭედიშვილს ერთი თვის წინ „თავისუფლების კვარტალში“ აქციაზეც შევახსენე ეს საქმე, „აუცილებლად გამოვიძიებო, – მითხრა“, – ამბობს გენრი დოლიძე.

ის დასძენს, რომ ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე მიჰყვება, რადგან „ღირსების საკითხია“.

„ფლაერების დარიგების დროს დაგვესხა თავზე ათამდე ადამიანი და შეურაცხყოფა მოგვაყენა. ერთ-ერთი იყო გოგიჩაიშვილი, რომელიც „ხოფის“ მაყურებელია და კრიმინალურ სიტუაციებს „ალაგებს“. საპარლამენტო არჩევნებზეც აქტიურობდა და ერთ-ერთ უბანზე შეხლა-შემოხლაშიც მონაწილეობდა. თვითონ მითხრა მაშინ – „შენ არ იცი ვინ ვარ, მე არ დამიჭერენო“, – ამბობს დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2020 წლის 7 ნოემბერს მოხდა – ოპოზიციის წევრებს ფლაერების დარიგების დროს დაესხნენ თავს.

მთავარი ფოტო: გიორგი გოგიჩაიშვილი და გენრი დოლიძე

___

ამავე თემაზე

ბათუმში ოპოზიციის წევრებზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com