მთავარი,სიახლეები

ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია – საპროტესტო აქცია ბათუმში

23.01.2021 • 2281
ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია – საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, 23 იანვარს, ბათუმის ძველი ბულვარიც ცენტრალურ ნაწილში, კოლონადებთან ბათუმელებმა,  იმ მაღლივი მშენებლობის წინააღმდეგ, რომელიც კომპანია „ამბასადორ ბათუმს“ აქვს დაგეგმილი. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაუშვებელია 16-სართულიანი შენობის აგება ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ფაქტობრივად ერთადერთი რეკრეაციული ზონაა ამ ქალაქისთვის. საპროტესტო აქცია საზოგადოება „ბათომის“ ორგანიზებით გაიმართა.

ბათუმელი ნატალია ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ბულვარში მაღალი შენობების მშენებლობა დაუშვებელია, რადგან კულტურული მემკვიდრეობა ხელშეუხებელია. „მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აშენებს. ბულვარი ერთადერთია, რითიც სუნთქავს ქალაქი და პანდემიამ გვაჩვენა, რომ ეს ბულვარი გვაქვს, სადაც შეიძლება სუფთა ჰაერზე გაიყვანო ბავშვები და მოხუცები. ამიტომ, ხელისუფლება უნდა შეჩერდეს და არ უნდა გააგრძელოს ამ პროექტის მშენებლობა“, – ამბობს ის.

ნატალია ნაკაიძე

ირმა ზოიძე – საზოგადოება „ბათომის“ აქტივისტის შეფასებით, „ეს სივრცე არ არის თორნიკე რიჟვაძის და ახვლედიანის [სააგენტოს დირექტორი]. ეს საზოგადოებრივი სივრცეა, კეთილი ინებონ და დაიცვან ის, რისთვისაც მოვიდნენ ხელისუფლებაში. იმოქმედონ სამართლებრივად, დაიცვან კანონი. ვიცით, რომ რეკრეაციული ზონაა. ბათუმის განაშენიანების გეგმა დაიდოს – 400 ათასი ლარია გადახდილი. იყვნენ თანმიმდევრულები.

სამართლებრივად ვდაობთ, რადგან დანაშაულია ის, რაც ხდება. „ამბასადორ ბათუმს“ სამი სართული უნდა აეშენებინა და უკვე ჩაბარებული უნდა ყოფილიყო ეს მშენებლობა. არც კი დაუჯარიმებიათ ის მშენებლობის ვადების დარღვევისთვის. არც მოუკითხავთ, რატომ არ დაუმთავრებია აქამდე“, – ამბობს ირმა ზოიძე.

აქცია ბათუმის ბულვარი

ირმა ზოიძე – საპროტესტო აქციაზე – „ბათუმი ისევ ჩვენი დასაცავია“.

მისი თქმით, საზოგადოების ბერკეტია გამოვიდეს და უთხრას ხელისუფლებას, რომ ეს ჩვენი სივრცეა: „იმედი გვაქვს, რომ ეს ასე მოხდება, რადგან ბათუმელებს ბევრჯერ დაგვიცვია ბულვარი. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების ამ გადაცდომებზე გვქონდეს რეაქცია და პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ გადაცდომას ხელი მოაწერა“.

ეკატერინე ორბელაძის აზრით, ნებისმიერი პროტესტი მნიშვნელოვანია, როცა არსებობს შინაგანი პროტესტი. „ამ აქციაზე დგას დანიელი, რომელიც არის 7 წლის და ზუსტად იცის, რატომ არის მოსული აქ. ეკოლოგიური თვალსაზრისითაც, არქიტექტორული თვალსაზრისითაც, სპეციალისტების განმარტებითაც და ჩვენი შეხედულებითაც აქ დაგეგმილი მშენებლობა არის გაუმართლებელი. ჯერ ისედაც ეკოლოგიის პრობლემა გვაქვს და შუა ბულვარში კედელი იქმნება. როცა კაკო ძნელაძე [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე] ამბობს, რომ არქიტექტურას მივეცი ხმაო, უნდა ვუთხრა მას, რომ არქიტექტურა არ არის მხოლოდ ერთი შენობა, არქიტექტურაა შენობის ირგვლივ არსებული გარემოც და ყველაფერი, რაც ამ შენობის ირგვლივ ხდება“.

ბულვარი აქცია

ეკატერინე ორბელაძე

ნათია ჯინჭარაძე არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტია. ის, როგორც აქციაზე მყოფი სხვა მოქალაქეები, წინააღმდეგია „ამბასადორ ბათუმის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობის. „როგორც ყველა ქალაქს, ამ ქალაქსაც გააჩნია თავისი ზონირება, ეს არის რეკრეაციული სივრცე და აქ არ შეიძლება აშენდეს მსგავსი ფუნქციის შენობა-ნაგებობა“, – ამბობს ნათია. მისი თქმით, ჯერ ადამიანია მნიშვნელოვანი და შემდეგ ინვესტიცია.

ნათია ჯინჭარაძე

ბულვარში დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს ნინო ნაკაშიძეც: სულ პატარა ვიყავი, როცა დედას სასეირნოდ ვყავდი და უცხოელი ფოტოგრაფი შეგვხვდა ქუჩაში, გადამიღო ფოტო ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე და მისი სიტყვები ჩამრჩა გონებაში, როცა თქვა, ბათუმი არის ტიპიური ევროპული ქალაქიო. ახლა დავდივარ ჩემს ქალაქში და მეშინია, თავს დაბლა ვწევ, რომ არ წამომემხოს თავზე ეს შენობები. აღარ არის საუბარი ბულვარზე, რადგან ის, რაც აქ ხდება, არის კანონის დარღვევა. „იუნესკომ“ ბათუმი ერთ-ერთ საფრთხის ქვეშ მყოფ ქალაქად დაასახელა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საფრთხის მიხედვით. ბულვარი არის ქალაქელების, ძეგლი და ზედმეტ ჩარევას არც შთამომავლობა გვაპატიებს და არც ბუნება“, – ამბობს ის.

ნინო ნაკაშიძე

აქციაზე იმყოფებოდა გიორგი კირთაძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში. ის ამბობს, რომ სახელმწფო ქონების გასხვისება ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში მთავარი და მნიშვნელოვანი, რადგან მან უნდა დაიცვას ქალაქის იერ-სახე და შეითანხმოს პროექტი.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ასე არ ყოფილა“, – გვეუბნება ის. მას ვკითხეთ, იყო თუ არა მისი აზრით მათი ხელისუფლების შეცდომა, როცა რეკრეაციულ ზონაში მაღლივი მშენებლობები დაიწყო, თუნდაც ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სახით? რაზეც კირთაძე ასე გვპასუხობს: „ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე ლაპარაკობთ? უნივერსიტეტზე? ჩემი აზრით, მნიშვნელობა აქვს რა ფუნქციური დატვირთვის შენობაზე ვსაუბრობთ.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ ბინებზე, ბუნებრივია, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ბინები არ უნდა აშენებულიყო, მაგრამ თუ ვსაუბრობთ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე, რომელიც კავკასიაში საუკეთესო უნდა ყოფილიყო, მაშინ შეიძლებოდა მსჯელობა“, – გვეუბნება ის. მისი თქმით, ვინც ტექნოლოგიურის მშენებლობას რადიკალური ფორმით აპროტესტებდა, სწორედ მათ მოაწერეს ხელი 16-სართულიანი შენობის მშენებლობაზე.

„მართლა შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი და ნამუსი აღარ არსებობს. თუკი იმას მეკითხებით, რომ თავის დროზე ჩვენც გავიწყვიტეთ თუ არა შუბლის ძარღვი, როცა ტექნოლოგიურს ვაშენებდით, დღესაც ვფიქრობ, რომ არა, რადგან იმ მოცემულ ბათუმში, „შერატონის“ აშენებაც მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა „ამბასადორ ბათუმს“ ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება მისცა. კომპანიამ გასულ, ანუ საარჩევნო წელს სცადა აქ 15-სართულიან მშენებლობაზე ნებართვის მოპოვება. მას უარი უთხრეს. თუმცა, 2021 წელს, პირველივე სამუშაო კვირას, ამ კომპანიას მისცეს ბულვარში უკვე 16-სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება, რასაც მოქალაქეების ნაწილი კატეგორიულად აპროტესტებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: