ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთში 1 მილიონად გაყიდულ მიწას სამინისტრო ხელახლა 5 მილიონად ყიდის

12.02.2021
ქობულეთში 1 მილიონად გაყიდულ მიწას სამინისტრო ხელახლა 5 მილიონად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, 5.4 მილიონად ყიდის პლაჟის გასწვრივ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ჯერ 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ბოლო აუქციონზე კი, 75%-იანი ფასდაკლებით, 1 146 250 ლარად გაყიდა.

მყიდველი შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანი“ იყო, რომელიც პირველი აუქციონის გამოცხადებამდე თვე-ნახევრით ადრე დაარეგისტრირეს პარტნიორებმა. ამ კომპანიის მეწილე რუსული კომპანიაა.

სამინისტროში ბათუმელებს უთხრეს, რომ „ჯორჯიან რიზორთს კომპანიმ“ ბე [საგარანტიო თანხა] 300 ათასი ლარი გადაიხადა, მაგრამ განსაზღვრულ ვადაში ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, აუქციონი გაუქმდა, კომპანიის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა კი ბიუჯეტში დარჩა.

„ბათუმელები“ კომპანია „ჯორჯიან რიზორთს კომპანის“ ვერ დაუკავშირდა.

როგორც წინა, ასევე მიმდინარე აუქციონის მთავარი პირობაა – ინვესტორმა ამ ნაკვეთზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვეში ააშენოს და აამოქმედოს ობიექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო ცენტრებს, რესტორანს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს.

ამასთან, მომავალ ინვესტორს ევალება არანაკლებ 20 წლის განმავლობაში ობიექტისთვის პროფილის შენარჩუნება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

„ჯორჯიან რიზორთს კომპანის“ ამ პროექტში [ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში] არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება ექნებოდა.

მიმდინარე აუქციონის პირობის მიხედვით კი, სავალდებულო საინვესტიციო თანხა 30 მილიონი ლარითაა შემცირებული, ანუ მომავალ მყიდველის ექნება ვალდებულება, იმავე პროექტში არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადოს.

მიმდინარე პირობებიან აუქციონში 11 235 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 5 450 000 ლარია; ვაჭრობის ბიჯია 130 ათასი ლარი; საგარანტიო თანხა ამჯერად 1 362 500 ლარია.

აუქციონი 2021 წლის 26 თებერვალს დასრულდება.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: