სამოქალაქო ორგანიზაციები ქობულეთში 14 წლის გოგონაზე შესაძლო სექსუალური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სახელმწიფო უწყებებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ და მოითხოვენ, გამოძიების ფარგლებში დროულად შეისწავლონ ყველა შესაძლო ორგანოს/თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ვისაც მსხვერპლის მიმართ მხარდაჭერისა და მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების წარმოების ვალდებულება ჰქონდა. ისინი ასევე მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს, რომ საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების დინამიკისა და შედეგების შესახებ.
აღნიშნულ საქმეში ჩანს ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმესი სოციალური პრაქტიკა და საპოლიციო და სოციალური ინსტიტუტების დანაშაულებრივი გულგრილობისა და არაეფექტიანობის ნიშნები.
განცხადებაში წერია, რომ აღნიშნულ საქმეში აშკარად იკვეთება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჯეროვანი გულისხმიერების სტანდარტის დარღვევა, რაც საქართველოში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გავრცელებული პრაქტიკაა. “ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში, მოძველებული, დისკრიმინაციული მიდგომებით და გენდერული დანაშაულებისთვის შეუსაბამო მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს”.
არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფოს არსებული პოლიტიკის რადიკალური ცვლილებების ნება არ გამოუვლენია, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას. სისტემა უკიდურესად გულგრილი რჩება მოზარდებზე ზრუნვის პოლიტიკის, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავების კუთხით …
ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს არასრულწლოვნების მხარდაჭერის და დაცვის სპეციალური მიდგომები გამოძიების პროცესში, იგი საკუთარ როლს ვიწროდ პასუხისმგებელი პირის გამოვლენაში ხედავს.
ორგანიზაციების მოთხოვნები სამართალდამცავ უწყებებს:
- ეფექტიანად, ჯეროვნად და დროულად იყოს გამოძიებული ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის, ისევე როგორც მის მიმართ სექსუალური ძალადობის ეპიზოდები და საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დინამიკისა და შედეგების შესახებ.
- გამოძიების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დადგინდეს რამდენად ქმედითი და დროული იყო პირველადი გამოძიება არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამოძიების ნაწილში;
- ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალურ ძალადობასთან საბრძოლველად მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ დანაშაულთა დროულ იდენტიფიცირებას, ეფექტურ გამოძიებას და სისხილსსამართლებრივ დევნას, მსხვერპლზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით.
საქართველოს მთავრობას:
- საზოგადოების მაღალი ჩართულობით გააანალიზოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები და სხვადასხვა უწყების კოორდინირებით შეიმუშავოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს;
- განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალური ძალადობისა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის საკითხებზე და უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის მიმართ ინტერ-უწყებრივი ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას, მსხვერპლთა მხარდაჭერასა და დამნაშავეთა სათანადო პასუხისმგებლობას.
- უზრუნველყოს, რომ იმ საქმეებზე, სადაც არასრულწლოვანი პირები ფიგურირებენ, განსაკუთრებით სქესობრივი დანაშაულის შემთხვევებში, ექსპერტიზა მაღალი მგრძნობელობით, დროულად და ჯეროვნად ჩატარდეს.
- დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკაში გაიაზროს დანაშაულის სტრუქტურული სოციალური მიზეზები, მსხვერპლის სპეციალური საჭიროებები და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და გააძლიეროს სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაციისა და ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული მუშაობა, შექმნას შესაბამისი სერვისები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
[checklist]
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)[/checklist]
შეგახსენებთ, რომ 10 თებერვლის საღამოს ქობულეთში არასრულწლოვანი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის ოჯახის ცნობით მოზარდი გასული წლის ზაფხულში მამაკაცის მხრიდან გოგონაზე შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე მიუთითებს, რის შესახებაც მათ ორი თვის წინ, სავარაუდო მოძალადის განმეორებით გამოჩენის შემდეგ შეიტყვეს და პოლიციას მიმართეს.
“გარდაცვლილი ბავშვის ბაბუის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირების მიუხედავად, პოლიციამ პირი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ლოდინის მიზეზით არ დააკავა, რასაც მოზარდი ემოციურად განიცდიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის პირის დაკავების თაობაზე, თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი მოზარდის თვითმკვლელობის თაობაზე, რაზეც ცალკე დაიწყო გამოძიება სუიციდამდე მიყვანის მუხლით,” – წერია განცხადებაში.