მთავარი,სიახლეები

უნდობლობა საზოგადოების მიმართ გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი – გენდერული საბჭოს თავმჯდომარე

12.02.2021 • 1421
უნდობლობა საზოგადოების მიმართ გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი – გენდერული საბჭოს თავმჯდომარე

ქობულეთში დაღუპული 14 წლის მოზარდის შესაძლო სუიციდის საქმეს ადგილობრივი თვითმმართველობის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია.

„ბათუმელები“ ქობულეთის საკრებულოში გენდერული საბჭოს ხელმძღვანელს ლია შაქარიშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, ხედავს თუ არა მოზარდის ტრაგედიაში სისტემურ პრობლემას და მან, როგორც გენდერული საბჭოს ხელმძღვანელმა, რა გააკეთა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მოზარდების მიმართ ძალადობა შემცირებულიყო.

ლია შაქარიშვილი ამბობს, რომ „საკითხი ძალიან სენსიტიურია“ და სჯობს გამოძიებას დაველოდოთ, თუმცა დასძენს, რომ მომხდარი ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია.

„ძალიან შეწუხებული ვარ ამ ფაქტით, მაგრამ ამ ეტაპზე, სწორი მიდგომა იქნება საგამოძიებო ორგანოებს ვანდოთ გარკვეული გარემოებების თვალსაჩინოდ დადება, რადგან ასეთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, ნაჩქარევი დასკვნები, მით უმეტეს, ემოციურ დონეზე შეფასებები, არ იქნებოდა სწორი.

ჩემი ზოგადი დამოკიდებულება არის ის, რომ მიუღებელია ჩემთვის ფაქტი თავისი შინაარსით, ის, რაც მოხდა და რა სახითაც ვრცელდება ინფორმაცია. მიუღებელია ძალადობის ფაქტი, მასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები, რაც ძალადობას მოჰყვა. ეს თავისთავად ტრაგედიაა,“ – ამბობს ლია შაქარიშვილი.

მისი თქმით, ამ პრობლემას სხვადასხვა ჭრილი აქვს, მათ შორის უნდობლობა შვილებსა და მშობლებს შორის.

„ბევრი და ერთმანეთთან ძალიან ჯაჭვურად გადაბმული პრობლემებია. გასაძლიერებელია ფსიქოლოგის ინსტიტუტიც სასკოლო დონეზე, შესაძლებელია მოზარდების მეტი გათვიცნობიერება ფიზიოლოგიურ ასპექტებში.

საჭიროა სწორად მიწოდებული ინფორმაცია სკოლაშივე იმაზე, რა შეიძლება იყოს ძალადობის შემცველი ნიშნები, ინფორმაციის სწორად მიწოდება ზოგადად ანატომიასა და სქესობრივ განვითარებაზე, რაც თავიდან ააცილებთ მოზარდებს ძალადობის მსხვერპლად აღმოჩენას.

რა თქმა უნდა, კონკრეტული ფაქტის დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა ვეჭვობ, რომ რაც მოხდა, სწორედ ამის უცოდინრობა, უნდობლობა საკუთარ ოჯახთან, უნდობლობა საზოგადოების მიმართ გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი,“ – ამბობს შაქარიშვილი.

კითხვას, ხედავს თუ არა ამ კონკრეტული საქმის მაგალითზე ის სამართალდამცავი უწყებების გულგრილობას მოზარდების, კონკრეტულად კი გოგონების ძალადობის მიმართულებით, ლია შაქარიშვილი პირდაპირ არ პასუხობს.

„ერთი წლის წინ მქონდა მცდელობა ადგილობრივი პოლიციის სამმართველოსგან გამომეთხოვა ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ, თუმცა სწრაფად ვერ მივიღე. ვფიქრობ, შესაძლებელია უფრო ხელმისაწვდომი იყოს  ინფორმაცია თუნდაც გენდერული საბჭოებისთვის, რადგან თვითმმართველობას აძლევს საშუალებას იფიქროს შესაბამისი პროგრამების შექმნაზე,“ – ამბობს ლია შაქარიშვილი.

მას ისიც ვკითხეთ, თვითმმართველობის დონეზე ხომ არ უმსჯელიათ სოციალური მუშაკების გაძლიერებაზე, რადგან ქობულეთს მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი ემსახურება, რაზეც შაქარიშვილი ამბობს, რომ ეს სტრუქტურა ცენტრალიზებულია და საკრებულოს დონეზე საკითხები ვერ გადაწყდება.

რაც შეეხება მოზარდების პრობლემატიკაზე მუშაობას, ლია შაქარიშვილი ამბობს, რომ ქობულეთში ახალგაზრდებისთვის გარკვეულ აქტივობებს ახორციელებენ.

„პირდაპირ შეიძლება არ ვისაუბროთ ძალადობაზე, მაგრამ მათი ჩართვა სხვადასხვა ჯგუფში, რომლებიც  მხარდაჭერილია მუნიციპალიტეტის მიერ, მათ ბევრ უკეთურებას ააცილებს,“ – ამბობს ის.

ქობულეთში 23 წლის კაცი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით შსს-მ მას შემდეგ დააკავა, რაც დაზარალებულმა 14 წლის გოგომ თავი მოიკლა.

გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია. მოზარდზე სავარაუდო ძალადობის შესახებ პოლიცია და სხვა შესაბამისი უწყებები რამდენიმე თვეა, რაც ინფორმირებულნი არიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: