მთავარი,სიახლეები

ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე სახელმწიფო ვერ ახერხებს ეფექტიან რეაგირებას – ომბუდსმენი

11.02.2021 • 935
ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე სახელმწიფო ვერ ახერხებს ეფექტიან რეაგირებას – ომბუდსმენი

„სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით,“ – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე.

საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა.

გარდაცვლილის ბაბუას თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო, შემთხვევა კი გასულ ზაფხულს მოხდა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, გამოძიება ამ საქმეზე შსს-მ 2020 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა 23 წლის კაცი შსს-მ გუშინ, გოგოს თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა. შსს ამ დრომდე არ ამბობს, როდის დაიწყო გამოძიება.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და წარმოადგენს იმ სისტემური უმოქმედობის, კვალიფიკაციის ნაკლებობისა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობის შედეგს, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი წლებია მიუთითებს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ პასუხისმგებელი უწყებები ვერ ახდენენ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე დროულ, ეფექტიან და კოორდინირებულ რეაგირებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო რეაგირებას და სისტემური ცვლილებების გატარებას საჭიროებს,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეების მესამედზე შეწყდა გამოძიება, რომლის საფუძველი მათ შორის, მტკიცებულებების არარსებობა გახდა. ეს, თავის მხრივ, განპირობებული იყო დანაშაულის გამოძიების დაგვიანებით და არასრულწლოვნებთან სათანადო კომუნიკაციის არარსებობით.

2018-2019 წლებში სექსუალური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 317 არასრულწლოვანს. თუმცა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე თითო რეგიონში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მუშაობს, რაც შეუძლებელს ხდის ყველა შემთხვევაზე დროულ და სათანადო რეაგირებას. ბავშვის მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით ეფექტური ღონისძიებების გატარებას ართულებს სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, მათი სამუშაო პირობები და რესურსებზე ხელმისაწვდომობა.

გამოძიების ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვანთან შესაბამისი სპეციალისტების ჩართვას და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მიერ არ არის ზუსტად განსაზღვრული რა შემთხვევებში და რა გარემოებების საფუძველზე უნდა მოხდეს ფსიქოლოგის ჩართვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამომძიებელი და პროკურორი იღებენ, რომლებსაც უშუალოდ სექსუალური ძალადობის თემაზე სათანადო და პერიოდულ გადამზადება არ აქვთ გავლილი, რაც არსებითად უშლის ხელს ამ სპეციფიკის საქმეებში არსებულ რისკის სათანადო შეფასებას.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებთან მიმართებით საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას.

„მიუხედავად აღნიშნული პრობლემის სიმწვავისა და სისტემური ხასიათისა, სახელმწიფო უწყებები ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას უშუალოდ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკაზე მორგებული გადამზადების მოდულით. სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე პროფესიონალების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება არსებულ საჭიროებას. სახელმწიფო სერვისები ვერ უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის და მისი ოჯახის რეაბილიტაციას და ვერ ქმნის მათ ეფექტიან მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გარემოს,“ – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: