მთავარი,სიახლეები

ბავშვები, რომლებიც ქუჩის ძაღლებს საკვებს უგროვებენ და სახლებს უშენებენ

13.02.2021 • 2543
ბავშვები, რომლებიც ქუჩის ძაღლებს საკვებს უგროვებენ და სახლებს უშენებენ

„გამარჯობათ! ჩვენ სკოლა „სხივის” მოსწავლეები ვართ და ვაკეთებთ პრეზენტაციას იმის შესახებ, რომ შევიფაროთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. შენც ძალიან დაგვეხმარები თუ ამას გააკეთებ და მალევე შეიფარებ ცხოველს. ჩვენი მიზანია გავაქროთ მაწანწალა ცხოველები და მათ ბედნიერად იცხოვრონ. იმედია შენც გვეთანხმები და ამ საქმეში დაგვეხმარები“, – წერია ხელნაწერ ბროშურებში, რომლებიც მარტვილში გაავრცელეს 9-10 წლის ბავშვებმა.

როგორც 9 წლის ოლღა გაგუა გვიყვება, სასკოლო საგანში ,,მე და საზოგადოება“ ბავშვებს ჰქონდათ დავალება. მათ საზოგადოებრივ პრობლემაზე უნდა მოემზადებინათ პროექტი. ოლღას და მის კლასელებს მიაჩნიათ, რომ მარტვილში დიდი პრობლემაა მიუსაფარი ძაღლებისა და კატების მდგომარეობა: ისინი ხშირად რჩებიან მშივრები და არ აქვთ თავშესაფარი, მათზე იშვიათად ზრუნავს ვინმე.

ბავშვებს მასწავლებელი ნანა ჭიჭაღუა დაეხმარა. გადაინაწილეს ფუნქციები, იყიდეს ჯამები, საკვები, მოიარეს ადგილები, სადაც ერთად იყრის თავს ბევრი მიუსაფარი ძაღლი, კატა და დააპურეს ისინი.

ოლღა გაგუა და მისი კლასელები მიუსაფარ ძაღლებს აპურებენ

„მე და ჩემმა კლასელებმა ჩვენით ვწერეთ, ვკეცეთ, ვხატეთ ბროშურები, მერე ხალხს მარკეტებში და სადღაც-სადღაც დავურიგეთ. ერთგან ორ ადამიანს ვაჩუქეთ ბროშურა, ისხდნენ და მიირთმევდნენ. ძაღლები მშივრები უყურებდნენ, 4, 7 ძაღლი იქნებოდა.

ბროშურა რომ გადაიკითხეს უწილადეს ძაღლებსაც თავისი საჭმელი. მარკეტშიც დავტოვეთ ბროშურა და მერე სხვა დროს, სხვა საქმეზე რომ გავიარეთ იქ, დავინახეთ როგორ აჭმევდნენ ცუგებს.

ოლღა გაგუა კლასელებთან ერთად

ჩემმა კლასელმა თავის ქუჩაზე ნაგვის ურნასთან პარკში ჩასმული 3 ლეკვი იპოვა. ჯერ თვალიც კი არ ჰქონდათ ახელილი. სახლში მიიყვანა. ახლა გაჩუქებას შეუდგა – ესეც ჩვენი პროექტის ნაწილია. ძალიან მწყინს ასეთი ამბები რომ ხდება.

ჩვენს სკოლაშიც ბევრი ძაღლია. სულ ვაჭმევთ, ვეფერებით, ვცდილობთ ვიზრუნოთ მათზე, მაგრამ მრავლდებიან და მრავლდებიან. თუ შევიფარებთ, არ გავაგდებთ სახლიდან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, ძალიან კარგი იქნება“, – ამბობს 9 წლის ოლღა გაგუა.

ოლღა გაგუა კლასელებთან ერთად

ოლღა, მისი 7 წლის და, მაშო, და ოლღას კლასელები: ნიკა ქაჯაია, სოფი ჩქოფოია, ლიზი ჯიქია,  ელენე გვალია, ტასო კიკალიშვილი და დათო დანელია მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლების აშენებაზეც ფიქრობენ.

„მინდა, რაც შეიძლება ნაკლები ძაღლი იყოს გარეთ და ბედნიერად იცხოვრონ. არ მომწონს, როცა ძაღლს, კატას ეფერები და ვინმე გიშლის, გარიგებს, რომ გიკბენს, რომ რწყილები ჰყავს და გიჭამენ ტვინს – ესეც გამოსასწორებელია. არ უნდა ეშინოდეთ მიუსაფარი ცხოველების.

მარვილის სკოლა ,,სხივის” მოსწავლეებმა მიუსაფარი ცხოველები გამოკვებეს

ბავშვები ვცდილობთ პატარ-პატარა რამეებს, მაგრამ დიდებიც, საქმიანი ადამიანებიც თუ დაფიქრდებიან მიუსაფარ ცუგებზე და კატებზე ძალიან გამიხარდება: თუ დაიწყებენ მათ გამოკვებას, მათთვის სახლების აშენებას და მიტოვებული ცხოველების გაჩუქებას.“ – ამბობს ოლღა.

რამდენიმე დღის წინ ბაღდათის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელში, წყალთაშუაშიც დაიწყეს ბავშვებმა მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა. ამ სოფლის სკოლის მოსწავლეებმა მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები ააშენეს. პროექტი ბავშვებმა სკოლის ეკოკლუბ ,,არტემიდას“ ფარგლებში გააკეთეს, რომლის ხელმძღვანელიც ბიოლოგიის მასწავლებელი ელეონორა ლომსიანიძეა.

როგორც ბავშვების ისტორიის მასწავლებელი, თეა თავაძე გვეუბნება, ბავშვებმა სახლების ასაშენებლად ფიცრები, ლურსმანი და სახურავი თავად მოიძიეს, მათ მამები და ბაბუებიც დაეხმარნენ.

მათე და ნინო თოლორდავამ, ლუდმილა კბილაშვილმა, ნანა მახარაძემ, ნინო გელაშვილმა და ლევან მსხვილიძემ ორი სახლი უკვე დაამზადეს ქუჩაში მცხოვრები ძაღლებისთვის.

სოფელ წყალთაშუას სკოლის მოსწავლეებმა მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები დაამზადეს

იდეა სხვებსაც მოეწონათ და მეორე ეტაპზე მათ ჯონი და ნათია მანძულაშვილი, გიორგი მაშანეიშვილი, ფრიდონ კარკაძეც შეუერთდათ. ახლა ისინიც ამზადებენ სახლებს მიუსაფარი ცხოველებისთვის.

ქუჩაში მცხოვრები ძაღლებისთვის თბილი საფენებისა და საკვების შეგროვებაზე ლანა ტყეშელაშვილი, მარიამ სოსელია, გიორგი მაჭავარიანი და ლანა გელაშვილი ზრუნავენ.

ბავშვების ისტორიის მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სოფელ წყალთაშუას სკოლიდან, ერთობლივად გეგმავენ ,,ერთი პურის აქციას“. ეს ნიშნავს, რომ კვირაში ერთხელ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები თითო პურს შეაგროვებენ ხოლმე მიუსაფარი ძაღლებისთვის, რაც კვირაში დაახლოებით 50 პური იქნება, ეს ბაღდათის მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად კვირაში ერთხელ მაინც იქნება საკმარისი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: