ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ოცნების ქალაქში მშენებარე ბინებში გაზისა და წყლის სისტემები ოქტომბრამდე უნდა მოეწყოს

12.02.2021 • 1266
ოცნების ქალაქში მშენებარე ბინებში გაზისა და წყლის სისტემები ოქტომბრამდე უნდა მოეწყოს

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო თანხა 1 592 098 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 4 მარტს დაიწყება და 9 მარტს დასრულდება. ბინებში ქსელის მოწყობის სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

გაზის, წყლისა და კანალიზაციის ქსელი, ტენდერის მიხედვით სამ თორმეტსართულიან კორპუსში მდებარე, ჯამში, 582 ბინაში უნდა მოეწყოს [დოკუმენტების მიხედვით, თითოეულ მშენებარე კორპუსში არის 213, 285 და 84 ბინა].

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში კორპუსების მშენებლობის პროგრამა, რომელიც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს, ერთი წლით გახანგრძლივდა და 2024 წელს უნდა დასრულდეს. აჭარის ბიუჯეტში კი, პროგრამისთვის ჯამში 86 მილიონი ლარია გაწერილი.

კომპლექსში საბოლოოდ 1 550 ბინა იქნება. 2021 წელს უნდა დასრულდეს 582 ბინა, ხოლო 2023 წლისთვის, დამატებით კიდევ 968 ბინა.

ამ თემაზე:

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

 

მთავარი ფოტო: კორპუსები ოცნების ქალაქში / რენდერი პროექტიდან

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: