მთავარი,სიახლეები

ქობულეთის სანაპიროზე მრავალწლოვანი ხეების ადგილას კორპუსებს აშენებენ [ფოტო]

12.02.2021 • 1532
ქობულეთის სანაპიროზე მრავალწლოვანი ხეების ადგილას კორპუსებს აშენებენ [ფოტო]

მრავალწლოვანი ხეების გაჩეხვის ხარჯზე ქობულეთის სანაპიროს განაშენიანების პროცესი აქტიურად გრძელდება. თამარ მეფის სანაპირო, რომელიც ზღვისპირა პარკს მიუყვება, მეორე მხარეს კი კარგად გამწვანებული ეზოები ორსართულიანი სახლებით დიდ ხანს მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ ქუჩად აჭარაში, მშენებლების ინტერესს ვერ გადაურჩა, პატარა სახლები დიდი მწვანე ეზოებით თანდათან გაქრა და მათ ადგილზე მრავალბინიანი მაღლივი კორპუსები გაჩნდა.

ქობულეთის სანაპიროზე შეხვდებით ისეთ მასშტაბურ მშენებლობებსაც, როცა კონკრეტული სამშენებლო პროექტი რამდენიმე კორპუსს აერთიანებს და პირდაპირ პლაჟს ითვისებს, ასეთი ნაკვეთები აჭარის მთავრობამ აქ სწორედ მშენებლობის პირობით გაყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთს  განაშენიანების გეგმა დიდი ხანია აქვს დამტკიცებული, ეს ქალაქის ქაოსური განაშენიანებისგან დაცვის გარანტად ვერ იქცა.

 

მწვანედ მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია

ფოტოზე მწვანედ მონიშნულია მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა ახლახან დაიწყეს. რამდენიმე მაღალსართულიანი სახლის მიმდებარედ ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროს #114-ში, შპს „ქობულეთი პალასი“ ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ტერიტორია, რომლის ათვისებაც კომპანიას უკვე დაწყებული აქვს, 1193 კვადრატული მეტრია. ამ ნაკვეთის უმეტესობა მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეებით იყო დაფარული.

მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებაშია და როგორც საინფორმაციო დაფაზეა მითითებული, კომპანიას მშენებლობის ნებართვა აქვს. კომპანია ძირითად ტერიტორიას ითვისებს, ზღვისპირა პარკზე გასასვლელად კი საცალფეხო ბილიკს ტოვებს.

ეს პირველი სამშენებლო პროექტი არ არის, რაც ამ ქუჩის გასწვრივ ორსართულიანი სახლებისა და მათი დიდი მწვანე ეზოების ათვისების ხარჯზე ახალ მშენებლობას ითვალისწინებს, თამარ მეფის სანაპიროდან ასევე გაქრა მრავალწლოვანი ხეები ამ ქუჩის სხვა მისამართებზეც.

მშენებლობა თამარ მეფის სანაპირო #114 – ში

არის შემთხვევები, როცა მშენებელმა ადრე შეთანხმებული პროექტის მიხედვით მშენებლობა დაასრულა. შემდეგ კი დასრულებულ კორპუსზე სართულის დამატება გადაწყვიტა და დაამატა კიდეც. როგორც ამბობენ, „კანონი ამას არ კრძალავს“.

თამარ მეფის სანაპირო #44

შპს “ჯეი თი არ გრუპის“  პროექტი კი მათ შორისაა, რომელიც, ფაქტობრივად, პლაჟზე შენდება და 5 მრავალსართულიან შენობას აერთიანებს. 5941 კვადრატული მეტრი ტერიტორია ზღვის სანაპიროზე კომპანიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  პირობიან აუქციონზე შეისყიდა.

არ ვიცით რამდენი ხე შეეწირება შპს „კრისტალ ბილდინგის“ მასშტაბურ მშენებლობას, რომელსაც ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ასრულებს. ამ ტერიტორიის გასხვისებას ადგილობრივები აპროტესტებდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ დაგეგმილი მშენებლობა მათ ზღვაზე გასასვლელს ჩაუკეტავდა, რაც ცუდად აისახება აქ მოპირდაპირედ მცხოვრებლებზე, რომლებიც დამსვენებლებზე ოთახებს აქირავებენ.

აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, გასხვისებულ ტერიტორიაზე განთავსდება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და დამხმარე [გასართობი] შენობები. სასტუმროს უნდა ჰქონდეს 220 ნომერი, არანაკლებ 300 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების რამდენიმე ოთახი, ორი ან მეტი რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები.

შპს „კრისტალ ბილდინგის“ სამშენებლო მოედანი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: