მთავარი,სიახლეები

„ნინის გამო“ – ქალთა მოძრაობა ასდღიან კამპანიას აანონსებს 14 წლის გოგოს საქმეზე

12.02.2021 • 2688
„ნინის გამო“ – ქალთა მოძრაობა ასდღიან კამპანიას აანონსებს 14 წლის გოგოს საქმეზე

დღეს, 12 თებერვალს, თბილისში, საქართველოს პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა ქალთა მოძრაობამ, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგოს დაღუპვის საქმეს გამოეხმაურა.

„გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ასდღიანი კამპანია „ნინის გამო“, რადგან პრობლემა, რაც ამ ბავშვს ჰქონდა და ვერ მოუგვარა სახელმწიფომ, არის სისტემური და უამრავი სამინისტროა ამაში გარეული, რომელთაც ვერ შეასრულეს ვალდებულებები,“ – განაცხადა ბაია პატარაიამ, „საფარის“ ხელმძღვანელმა.

იგი ყველა ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიას და ცალკეულ ადამიანს მოუწოდებს კამპანიაში ჩართვისკენ, რათა მოხდეს იდეების გაზიარება და შედეგად სახელმწიფომ გაატაროს რეალური რეფორმები, რომლებიც სისტემას შეცვლის.

პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე ქალთა მოძრაობამ გააჟღერა კონკრეტული მოთხოვნები:

  • შეცვალოს პარლამენტმა გაუპატიურების კანონი და ცენტრალური ასპექტი გახადოს თანხმობის არარსებობა;
  • შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;
  • ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისთვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა, რომ ბავშვებმა შეძლონ სქესობრივი ძალადობისაგან თავის დაცვა;
  • გაიზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ენიშნებოდეს ფსიქოლოგი.

„ჩვენ კონკრეტულად ვითხოვთ იმ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელიც მუშაობდა ამ საქმეზე. ვნახეთ, რომ ერთ დღეში იყო შესაძლებელი მოძალადის დაკავება, როცა თვეების განმავლობაში პროკურორმა ბრალი არ წაუყენა ამ პირს, რის გამოც დადგა ეს ტრაგიკული შედეგი.

აუცილებელია სისტემური ცვლილებები, რომ გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე.

ასი დღის განმავლობაში ჩვენ შემოგთავაზებთ სხვადასხვა აქტივობას ამ საქმესთან დაკავშირებით,“- განაცხადა ბაია პატარაიამ.

წინასწარი ინფორმაციით, ქობულეთში 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ოჯახი ამბობს, რომ ბავშვზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს და მათ ჯერ კიდევ ორი თვის წინ მიმართეს სამართალდამცავებს, თუმცა პოლიციამ ბრალდებული მხოლოდ გოგოს დაღუპვის შემდეგ დააკავა. დაკავებულს ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

_____________________

ამავე თემაზე: 

პოლიციამ რამდენიმე თვე არაფერი გააკეთა – ადვოკატი 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებაზე 

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ:

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: