მთავარი,სიახლეები

„დედასთან უნდოდა წასვლა“ – ახალი დეტალები 14 წლის ნინის დაღუპვის საქმეში

12.02.2021 • 4156
„დედასთან უნდოდა წასვლა“ – ახალი დეტალები 14 წლის ნინის დაღუპვის საქმეში

ხვალ, 13 თებერვალს, მოსამართლე დავით მამისეიშვილი დახურულ სხდომაზე განიხილავს „14 წლის ნინის საქმეს“. ეს პირველი სასამართლო სხდომა იქნება ამ საქმეზე. სექსუალური ძალადობის საქმეზე ბრალდებული 23 წლის ნიკაა. საქმე სავარაუდოდ დახურული იქნება, რადგან ის არასრულწლოვანს ეხება და სექსუალურ ძალადობას.

„ვწუხვართ“ – ძირითადად ამ ფრაზით გამოიხატება ხელისუფლების თუ მისი ცალკეული მაღალჩინოსნის დამოკიდებულება „14 წლის ნინის საქმეზე“.

ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავის აუღია პასუხისმგებლობა იმაზე, რომ სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ნინი ცეცხლაძე ვერც პოლიციამ დაიცვა და ვერც ჯანდაცვის უწყებამ. ორივე უწყებამ პრობლემის და საფრთხის წინაშე მდგომი მოზარდის შესახებ თვეების განმავლობაში იცოდნენ.

14 წლის ნინიზე რომ სექსუალურად იძალადეს, ამის შესახებ პოლიციელებმა მინიმუმ გასული წლის 10 დეკემბერს გაიგეს. ეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ 10 დეკემბერს მისცა ნინი ცეცხლაძემ გამოძიებას ჩვენება და თქვა, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ჩვენების მიცემიდან ზუსტად ორი თვის გასვლის შემდეგ ნინიმ საკუთარი სახლის ეზოში თავის მოკვლა გადაწყვიტა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა მოზარდმა დაინახა გამოძიება შედეგს ვერ დებდა.

ნინის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ბრალდებული, 23 წლის კაცი დააკავეს.

„დედასთან უნდოდა თურქეთში წასვლა, მაგრამ მას ვერ უკავშირდებოდა…“

„ბოლო დღეებში განსაკუთრებით პოზიტიურად გამოიყურებოდა. მოტივირებული ჩანდა, თურქეთში წავალ, დედასთან ცოტა ხნითო… მერე, მე-9 კლასს რომ დავასრულებ, სკოლიდან გამოვალ და კოლეჯში ჩავაბარებ, კულინარიას ვისწავლიო. ასეთი გეგმები ჰქონდა… ვერ ამიხსნია, რა მოხდა იმ ორ დღეში, როცა არ მინახავს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ინფორმირებული წყარო.

„… შემდეგ გაიგო გოგოს ოჯახმა ამ კავშირის შესახებ და ბაბუამ მიმართა პოლიციას. ნინისაც სურდა, ბიჭს პასუხი ეგო… მას პატივისცემის აღდგენა სურდა, ნათესავებიც ეჩხუბებოდნენ. ნინიმ ასევე გაიგო ისიც, თუ რას თხზავდნენ ბიჭის ოჯახის წევრები, რომ მას თითქოს სექსუალური კავშირი სხვასთანაც ჰქონდა. ასე ამბობდა, არ მინდა, ნიკა სხვასაც ასე მოექცესო,“ – გვიყვება წყარო.

ნინი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე – 4 თებერვალსაც ყოფილა პოლიციის განყოფილებაში. მას პოლიციელებმა ფეხზე დაფიქსირებული ჩალურჯების შესახებ ჰკითხეს. ნინიმ სამართალდამცველებს უპასუხა, რომ საწოლს მიარტყა ფეხი.

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, ნინის არასდროს არაფერი უთქვამს ოჯახში ძალადობის შესახებ: „არც მე შემიტყვია, რომ ძმა ან ბაბუა ძალადობდა მასზე… აწუხებდა ის, რაც მოხდა ნიკასთან დაკავშირებით… ნინი თავს მოტყუებულად და დამცირებულად გრძნობდა, მას ნებაყოფლობით ჰქონდა სექსი, მაგრამ აპირებდა, რომ შეექმნა ოჯახი,“ – გვიყვება წყარო.

წყაროს თქმით, ნინის ემოციური მდგომარეობა მძიმე იყო ორი თვის წინ, ბოლო პერიოდში კი, ძირითადად, პოლიციის უმოქმედობის გამო ბრაზობდა.

ნინის მამა დაახლოებით 8 წლის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რამდენიმე წელში კი მისი დედა თურქეთში დაქორწინდა.

ნინი ქობულეთში, სოფელ ქაქუთში 20 წლის ძმასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა. ნინის უფროსი და გასულ წელს დაოჯახდა. სწორედ ის იყო ნინის მეურვე. 

ნინის დედა: სად არის ექსპერტიზის დასკვნა? 

„სად არის ექსპერტიზის დასკვნა?“ – ჰკითხა დღეს ჟურნალისტებს გარდაცვლილი ნინის დედამ. ისიც ამბობს, რომ მოზარდი დამნაშავის დაუსჯელობას განიცდიდა. დედის თქმით, მოზარდს ბაბუამ „სახეში ხელი ერთხელ გაარტყა“, ბიძიებმა კი სასტიკად სცემეს.

14 წლის ნინის დედის – მერი რომანაძის თქმით, ის შვილებს ხშირად ვერ უკავშირდებოდა, რადგან ყოფილი მამამთილი მის შვილებს, მათ შორის სრულწლოვნებს, ამის უფლებას არ აძლევდა.

საპირისპიროს ამტკიცებს წყარო, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა:

„დედასთან დაკავშირება იყო პრობლემა. ნინის უნდოდა მასთან, მაგრამ ის ან საერთოდ არ გამოდიოდა კონტაქტზე, ან იშვიათად გამოდიოდა კონტაქტზე…“ – გვიყვება ის.

რატომ დააკავა პოლიციამ ბრალდებული 14 წლის გოგოს გარდაცვალების შემდეგ? 

შსს ამ დრომდე არ მიიჩნევს საჭიროდ საზოგადოებას უთხრას უფრო მეტი, მაგალითად, როდის დაიწყო ქობულეთში სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება? რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა? რატომ დააკავეს 23 წლის ბრალდებული ნინის გარდაცვალების შემდეგ?

სამართალდამცავების, კონკრეტულად კი ქობულეთის პოლიციის მიმართ არსებულ კითხვებს პასუხს არავინ სცემს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით კი, გამოძიება გასული წლის დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. 14 წლის ნინის და 23 წლის ნიკას ექსპერტიზაც ამ პერიოდში ჩაუტარდათ. ნინის ბაბუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთი ექსპერტიზის პასუხი მოვიდა, მაგრამ მეორეს დააგვიანდა და მოზარდი წუხდა, „მოსკოვიდან ხომ არ მოდის ეს დასკვნაო“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ექსპერტიზით იანვარშივე დადასტურდა ის, რომ ნინის სექსუალური კონტაქტი ჰქონდა, თუმცა გამომძიებლებს არ ჰქონდათ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უნდა დადგინდეს – ჰქონდა თუ არა სექსუალური კავშირი სრულწლოვან ნიკას ჯერ კიდევ 13 წლის მოზარდთან.

16 წლის მიუღწეველ პირთან სექსუალური კონტაქტი, თანხმობის შემთხვევაშიც, სისხლის სამართლის დანაშაულია.

ბრალდებულ ნიკა ტ-ს ადვოკატი, ირაკლი შავაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ნიკამ გამოძიებასთან ნებაყოფლობით ითანამშრომლა და იმის მიუხედავად, რომ ვალდებული არ იყო, გენეტიკური ნიმუში ჩააბარა: ნიკა ტ-მ თქვა, რომ ჩვენებას მხოლოდ მოსამართლეს მისცემდა.

დეკემბრიდან ამ დრომდე ბრალდებული მოსამართლეს არ დაუკითხავს [მოწმეს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე დაკითხვა. ამ შემთხვევაში პროკურატურის მოთხოვნას სასამართლო უნდა დათანხმდეს].

ნიკას მშობლები: სამი კაცი გავუგზავნეთ ოჯახში, არ დაგველაპარაკნენ

ნიკა ტ-ს მშობლები და ადვოკატები გამორიცხავენ იმას, რომ ნიკას სექსი ჰქონდა ნინისთან.

„მეგობრობდნენ, ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი და ამ გოგომ რამდენჯერმე სთხოვა მანქანით სადღაც წაყვანა… მერე ურეკავდა, მიშველე, ნიკა, მე ესენი მომკლავენო. ნიკა ამბობდა, არაფერი მომხდარაო“ – უყვება „ბათუმელებს“ ბრალდებულ ნიკა ტ-ს მამა, ჯუმბერ ტ.

„ბათუმელების“ ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, ნინის თბილი ურთიერთობა ჰქონდა ბაბუასთან და ძმასთან და ამას მისი მეზობლებიც დაადასტურებენ.

„ხშირად ვიყავი ამ ოჯახის სტუმარი ნოემბრის შემდეგ და არ შემინიშნავს რამე დაძაბულობა, ან გაღიზიანება ნინის მიმართ,“ – გვიყვება წყარო.

ბრალდებულის ოჯახის ვერსიით, ნინის სქესობრივი კავშირი სხვა პირთან ჰქონდა და შემდეგ შეუყვარდა ნიკა.

ნიკა ტ-ს მამის თქმით, მან „სამი კაცი გააგზავნა გოგოს ოჯახში მოსალაპარაკებლად“, თუმცა ეს არ უკავშირდებოდა ოჯახის შექმნას.

„ნიკას ურეკავდა, გავიგონე, მიშველეო და გავუგზავნე ჩემი მეგობრები, რომ გაგვერკვია, რამდენად ამბობდა სიმართლეს ნიკა, მაგრამ გოგოს ოჯახი არ დაგველაპარაკა“, – ამბობს ჯუმბერ ტ-ე.

ქობულეთში მხოლოდ ერთი სოცმუშაკია

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ნინისთან მუშაობდა სოცმუშაკი, ფსიქოლოგის დახმარებაზე კი, მოზარდი უარს ამბობდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში არ უპასუხეს „ბათუმელების“ კითხვებს: კონკრეტულად რითი დაეხმარა სოცმუშაკი მოზარდს და თუ იყო სერვისის მიწოდების პრობლემა იმ ფონზე, როცა მთლიანად ქობულეთის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი სოცმუშაკი მუშაობს?

„ზრუნვა ცარიელი ხელებით“ – ამ ლოზუნგით სოცმუშაკები გასულ წელს გაიფიცნენ და შესაბამისი რესურსები ითხოვეს, მათ შორის, იმისთვის, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ეფექტურად დახმარებოდნენ. გაძლიერების ნაცვლად, მაგალითად, ქობულეთში ორი სოცმუშაკის ნაცვლად, უკვე ერთი მუშაობს. სოცმუშაკებს აჭარის მთელს რეგიონში მხოლოდ ერთი ავტომანქანა ემსახურება და ფსიქოლოგიც ამ რეგიონში ერთია.

14 წლის ნინის სოცმუშაკთან კომუნიკაცია ჰქონდა. თუმცა ფაქტია, რომ მოზარდი ამ რთულ სიტუაციაში მარტო აღმოჩნდა.

ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდა თუ არა სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია სკოლას, სადაც სწავლის განახლების შემდეგ ნინი სკოლაში არ გამოჩენილა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ნინის, ან მის ოჯახს მასწავლებლებისთვის არაფერი უთქვამს, სკოლაში გამოუცხადებლობის მიზეზად კი, ნინიმ სტომატოლოგებთან ვიზიტი დაასახელა.

ნინი წელს მე – 9 კლასს დაამთავრებდა.

___

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ:

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: