მთავარი,სიახლეები

ომანში გაჩერებულ გემზე მყოფი 15 მეზღვაური დახმარებას ითხოვს

11.02.2021 • 1980
ომანში გაჩერებულ გემზე მყოფი 15 მეზღვაური დახმარებას ითხოვს

ომანში, სოჰარის პორტში გაჩერებულ გემზე მესამე თვეა 15 ქართველი მეზღვაურია, რომლებიც ვერც გემის დატოვებას ახერხებენ და ვერც სამშობლოში დაბრუნებას. მეზღვაურებს ჩამორთმეული აქვთ პასპორტები.

ოფიციალური ინფორმაციით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი პორტში გემის ბერძენ მფლობელსა და გემზე არსებული ტვირთის ომანელ მფლობელს შორის დავის გამო გაჩერდა.

გემზე ქართველი მეზღვაურების ყოფნის შესახებ პირველი ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 22 იანვარს გაავრცელა. ამ განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ სააგენტომ ინფორმაცია 19 იანვარს მიიღო.

დღეს, 11 თებერვალს, „ბათუმელები“ გემზე მყოფ რამდენიმე მეზღვაურს ესაუბრა. მეზღვაურები ამბობენ, რომ მათი მომავალი გაურკვეველია. თუმცა სანამ მათი საქართველოში დაბრუნების საკითხი  გადაწყდება, ამჟამად აქვთ გადაუდებელი საჭიროებები – არ აქვთ საკმარისი საკვები და ტექნიკური წყალი. დღეს „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მეზღვაურმა უთხრა, რომ 15-დან 4 მეზღვაური ცუდად გახდა და რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ეს 4 მეზღვაური სასტუმროშია, 11 მეზღვაური კი გემზე.

„ჩამორთმეული გვაქვს პასპორტები და ოფიციალურად გემის დატოვების უფლება არ გვაქვს.  უპასპორტოდ გემს ვერ  დავტოვებთ, რადგან იქნება საზღვრის უკანონო, არალეგალურად კვეთა. ამაში ჩართული უნდა იყოს აგენტი, კომპანია, მათ უნდა მოაგვარონ და მხოლოდ  ლეგალური გზით უნდა დავბრუნდეთ ხმელეთზე.

ასევე გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი საკვებით და წყლით მომარაგება. ეს კონტრაქტით არის გათვალისწინებული, მაგრამ ახლა აღარ მოაქვს კომპანიას და გვეუბნებიან ვეღარც მოვიტანთო.

ჩვენს კომპანიას იქეთკენ მიჰყავს სიტუაცია, რომ გვავალებს ომანის ტერიტორიული წყლებიდან გავიყვანოთ გემი ჩუმად. ჩვენ ამას არ ვთანხმდებით და ამის გამო შეიძლება ითქვას, რომ გვსჯის. ვერც სახლში მივდივართ და არც პირობები გვაქვს ნორმალური,“- უთხრა „ბათუმელებს“ ომანში გემზე მყოფმა ერთ-ერთმა მეზღვაურმა.

მეზღვაურები ამბობენ, რომ საკვები სჭირდებათ  ფოტო:  მეზღვაურების მაცივარი გემიდან

მისივე თქმით,  მეზღვაურებს ეკონტაქტება როგორც საელჩო საუდის არაბეთში, ისე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

„საზღვაო ადმინისტრაცია კი ბატონო, ყოველდღე გვეუბნება, რომ მუშაობენ, მაგრამ ამ მუშაობის რეზულტატი ჯერჯერობით არის  მხოლოდ  ის, რომ 4 კაცი არის სასტუმროში. არც მათ იციან, როდის წავლენ სახლში, ისევე როგორც ჩვენ. აიღებენ თუ არა თავიანთ ხელფასს, ისევე როგორც ჩვენ და ა.შ.“ – გვეუბნება მეზღვაური.

იმ ოთხი მეზღვაურიდან, რომლებიც სასტუმროში იმყოფებიან, ერთ-ერთი ზურა თურმანიძეა. ზურა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თავად ნორმალურ სასტუმროშია, თუმცა გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საკვების პრობლემა აქვთ.

„სასტუმროში ვინც ვართ, ჩვენ კარგად ვართ. ის 11 მეზღვაური, ვინც გემზე დარჩა, ძალიან ცუდ პირობებშია. პასპორტები ჯერ არ დაუბრუნებიათ, შესაბამისად, სასტუმროს დატოვების უფლება არ გვაქვს. არც ის ვიცით, ბილეთები როდის იქნება,“ – გვეუბნება ზურა.

რას ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

დღეს, 11 თებერვალს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტო ყველაფერს აკეთებს მეზღვაურების საქართველოში დასაბრუნებლად.

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ომანში მყოფმა მეზღვაურებმა დახმარების თხოვნით 19 იანვარს, 20:22 სთ-ზე მომართეს. ამავე მომენტიდან დაიწყო აღნიშნული საქმის მართვა სააგენტოს მიერ და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. საქმეში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საელჩო საუდის არაბეთში. პრობლემა მდგომარეობდა ტვირთის მფლობელსა და გემთმფლობელს შორის მიმდინარე კერძო სამართლებრივი ხასიათის დავაში, რის გამოც გემი გაჩერებული იყო ომანში. მსგავსი საქმეები საჭიროებს დელიკატურ მართვას და გარკვეულ პერიოდს საბოლოო გადაწყვეტამდე.

აღსანიშნია, რომ მეზღვაურების პასპორტები, ბერძენმა კაპიტანმა საკუთარი ნებით გაატანა ტვირთმფლობელის წარმომადგენელს, რომელიც დავის ფარგლებში უარს აცხადებდა პასპორტების დაბრუნებაზე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საქმეში ჩართვის შემდეგ:- მეზღვაურებისათვის მაღალკვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის გაწევის შემდეგ მოხერხდა ქართველი მეზღვაურების დაცვა არასასურველი პროცესებისგან, რომელიც შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირდებოდა.

მეზღვაურებს გაუკეთდათ ვიზები და მათი რეპატრიაციის უზრუნველსაყოფად 24/7-ზე მიმდინარეობს მუშაობა. დღეის მდგომარეობით ომანის სახელმწიფოს მხრიდან გაცემულია ეკიპაჟის შეცვლის ნებართვა, ხოლო დროშის სახელმწიფოსგან – ქართველი მეზღვაურების ჩამოწერის დოკუმენტი გემზე მათი შემცვლელების ასვლის გარეშე, რაც საკმაოდ რთული კონსულტაციების შედეგია.

მეზღვაურთა ნაწილი გადაყვანილია სასტუმროში და გემზე დარჩენილია მხოლოდ ის მეზღვაურები, რომლებმაც თავად არ ისურვეს სასტუმროში გადასვლა.

მეზღვაურები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებელი პირობებით, სურსათით და ყველა სახის დახმარებით, მათ შორის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით.

სააგენტოს დირექტორის მოადგილე პირდაპირ კავშირზეა როგორც მეზღვაურებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. აქვე აღვნიშნავთ, რომ რამდენიმე მეზღვაურის კონტრაქტს ვადა გაუვიდა, ან გასდის 2-3 დღის განმავლობაში. მეზღვაურები გემზე იმყოფებიან 2020 წლის ივნისის თვიდან და პანდემიით შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით ამ რანგის მეზღვაურებისათვის გემზე ყოფნის ვადა ჯდება ნორმის ფარგლებში.

მეზღვაურებს ხელფასები სრულად აუნაზღაურდებათ. ომანიდან ყველა ქართველი მეზღვაური უახლოეს მომავალში შეუფერხებლად დაბრუნდება საქართველოში. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ ამ დრომდე მსოფლიოს არც ერთ წერტილში ქართველი მეზღვაურები არ დარჩენილან სათანადო ყურადღების გარეშე,“ –  ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: