ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობის პროგრამა ერთი წლით გახანგრძლივდა

20.11.2020 • 2280
„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობის პროგრამა ერთი წლით გახანგრძლივდა

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში კორპუსების მშენებლობის პროგრამა, რომელიც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს, ერთი წლით კიდევ გახანგრძლივდა და 2024 წელს უნდა დასრულდეს.

პროგრამა, თავდაპირველად, 48 750 000 ლარით იყო განსაზღვრული და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი, შემდეგ 2020-2023 წლებზე გაიწერა და 73 მილიონი ლარით განისაზღვრა; იგივე პროგრამა ამჯერად 2021-2024 წლებზეა გაწერილი და 70 მილიონი ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.

მთლიანობაში კი „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობისთვის, აჭარის ბიუჯეტიდან 2020-2024 წლებში ჯამში 86 მილიონი ლარია გაწერილი:

  • 2020 წელი – 16 მილიონი
  • 2021 წელი – 30 მილიონი
  • 2122 წელი – 10 მილიონი
  • 2023 წელი – 20 მილიონი
  • 2024 წელი – 10 მილიონი

აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ პროგრამისთვის 30 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„აღნიშნული 30 მილიონი უნდა მოხმარდეს სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობის დასრულებას მომავალ წელს. როცა იქვე მცხოვრებ ოჯახებს ბინები გადაეცემათ და გამოთავისუფლდება ტერიტორია, შემდეგ დაიწყება პროექტირება [შედგება ხარჯთაღრიცხვა] და დამატებით ახალი კორპუსების მშენებლობა. დეტალები პროექტირებისას დაზუსტდება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

პროგრამაში, რომელიც აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს ახლავს, აღნიშნულია, რომ „დასრულებულია ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში ე.წ „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ეტაპის მშენებლობა და შემუშავებულია საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მეორე ეტაპის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი“.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა, ბინების რაოდენობა რჩება იგივე, რაც თავიდანვე იყო გათვლილი – ჯამში 1 550 ბინა. პროგრამის მიხედვით, 2021 წელს უნდა დასრულდეს 582 ბინა, ხოლო 2023 წლისთვის, დამატებით კიდევ 968 ბინა.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ოჯახებმა აჭარის მთავრობის სახლთან ერთი თვის წინ აქცია გამართეს მოთხოვნით – მთავრობამ ჩამოაყალიბოს კონკრეტული კრიტერიუმები, რომ თითოეულმა ოჯახმა იცოდეს, უწევს თუ არა საცხოვრებელი ბინა და როდის.

___

ამავე თემაზე:

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

მთავარი ფოტო: კორპუსები „ოცნების ქალაქში“ / რენდერი პროექტიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: