რა შეიცვალა სოფელში, სადაც მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა – „გაწვიმდება თუ არა, გავრბივართ“

„მოდიან და მიდიან,“ –  ეს ფრაზა რამდენჯერმე ახსენეს ჯოჭოელებმა, როცა მათ გეოლოგებსა და მეწყრის შემდეგ გაკეთებულ საქმეზე ვკითხეთ.

ქვედა ჯოჭო ხელვაჩაურში ის პატარა სოფელია, სადაც დაახლოებით 5 თვის წინ მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა. ქვედა ჯოჭოში 2020 წლის 2 ოქტომბერს ჩამოწოლილმა მეწყერმა ლევან თედორაძის სახლი წაიღო. დაიღუპა ცოლ-ქმარი და 14 წლის ბიჭი. ცხედრები მაშველებმა მეორე დღეს იპოვეს.

ჯოჭოელები სახლებისა და მიწის ნაკვეთების დროულ შესწავლას, რეაგირებას და დახმარებას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მეწყრული კერები შესაძლოა ისევ გააქტიურდეს. აქ რთული არაა იპოვო ადამიანი, რომელიც გეტყვით, რომ წვიმაში უსაფრთხო ადგილისკენ გარბის.

იქ, სადაც გასული წლის ოქტომბრამდე ლევან თედორაძის სახლი იდგა, ახლა მხოლოდ ღიად დარჩენილი ჭიშკარია. მეწყრისგან ჩამოშლილი მიწის მასა ისევ ისეა,  მხოლოდ გზა აღუდგენიათ. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ მიწას ხელი არ ახლეს, ახალი მეწყრის გააქტიურების შიშით.

ლევან თედორაძის ნასახლარზე მხოლოდ წაქცეული ელექტრობოძი დაგვხვდა, სადაც მრიცხველის ყუთია მიმაგრებული. მიწის მასაში აქა-იქ ორმოებია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გეოლოგები მუშაობდნენ… შემორჩენილა პოლიციის ლენტიც, რომლითაც მეწყრის შემდეგ ტერიტორია შემოსაზღვრეს. მეწყერს დარჩენილი რამდენიმე ხიდან ტყემლის ხე უკვე აყვავებულა.

ლევან თედორაძის დამეწყრილი სახლის ჭიშკარი

დამეწყრილი ადგილი სოფელ ქვედა ჯოჭოში
  • „მერთან ჩამოვალ და პირისპირ ვეტყვი ყველაფერს“ 

„მერთან ჩამოვალ და პირისპირ ვეტყვი ყველაფერს. ვეტყვი, რომ არაფერს აკეთებენ – მოდიან, ფოტოებს გვიღებენ, დაზიანებულ ადგილებს ნახულობენ და მიდიან,“ – გვიყვება თემურ თედორაძე. მისი სახლი ნამეწყრალთან ყველაზე ახლოსაა.

მეწყრის შემდეგ ლევან თედორაძის 11 წლის შვილს [რომელიც 2 ოქტომბრის ღამით სახლში არ იყო] საცხოვრებელი ბინა გადასცეს, 6 ოჯახი კი ქირით გაიყვანეს. ეს ის ოჯახებია, რომლებზეც გეოლოგები წლების წინ ამბობდნენ და დოკუმენტებით ადასტურებდნენ, რომ გამაგრების გარეშე ისინიც საფრთხის წინაშე იყვნენ. მათთვის ყურადღების მიქცევა ხელვაჩაურის მერიამ მხოლოდ 2 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ შეძლო.

თემურ და ხუსეინ თედორაძეები, ქვედა ჯოჭო

„ამ უბედურების შემდეგ ყველასთან მივიდნენ გეოლოგები, ყველასთან იმუშავეს, მაგრამ რა იცვლება?“ – კითხულობს თემურ თედორაძე. ის საკუთარი სახლის დაბზარულ კედლებს გვაჩვენებს და საკარმიდამო ნაკვეთში ადგილებს, სადაც მეწყრის შემდეგ წყალი გამოვიდა. ათეულობით სხვა ოჯახის მსგავსად ახლა თემურ თედორაძესაც აქვს გეოლოგის დასკვნა, რომ მის მიწის ნაკვეთზე კონკრეტული სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.

„ეს ჩამიწერეს მეც და არ მჯერა, ვინ იცის, რა მოხდება? გეოლოგმა ტუსკიამ ჩამიწერა, გამაგრებაა საჭიროო, მაგრამ სად არიან, რა გაამაგრეს?… ჩემს ზემოთაც მიწის მასაა, ეს რომ წამოვიდეს, ხომ დავიღუპები? გამგეობის ხალხმა მითხრა, ხეებია მაქ და ნუ გეშინიაო, მარა შეხედეთ, სადაა ხეები, სამი ნაძვი დააკავებს მეწყერს?“ – გვეუბნება თემურ თედორაძე და ახალ მშენებლობასაც გვაჩვენებს, რომელიც მოულოდნელად გაჩენილი ბზარების გამო შეუჩერებია.

თემურ თედორაძე

გეოლოგები არ მისულან ხუსეინ თედორაძესთან. იგი გვიყვება, რომ ბზარები მის სახლზეც გაჩნდა. იგი სახლის ეზოში იმ ადგილს გვაჩვენებს, სადაც ფუნდამენტის გასამაგრებლად ჩამოსხმა დაიწყო, მაგრამ ისიც მიწის მასამ წაიღო.

„ეს ტრაგედია რომ მოხდა და დიდი წვიმები იყო, მაშინ წაიღო ეს „კოლონები“, ჩამოსხმული მქონდა, რადგან მანამდე სახლზე ბზარები გაჩნდა, თან ჩემი ძველი სახლია. ყველას ეშინია ახლა, ყველას,“ – გვიყვება ხუსეინ თედორაძე და დამეწყრილ ადგილებს გაჰყურებს.

ხუსეინ თედორაძე გვთხოვს იმაზეც დავწეროთ, რომ უმუშევარი დარჩა. მისი აზრით, სახელმწიფოს მისთვის ასაკის გამო სამსახურზე უარი არ უნდა ეთქვა.

„სახელმწიფო დაცვის პოლიციაში ვმუშაობდი 1993 წლიდან, ხელფასი 350 ლარამდე მქონდა, მეტი არა, მაგრამ ესეც კარგი იყო. არც პენსია მაქვს ახლა და არც არაფერი, 55 წლის რომ გავხდი, გამომიშვეს,“ – ამბობს ხუსეინ თედორაძე.

  • „გაწვიმდება თუ არა, შვილებს ხელს ჩავკიდებ და გავრბივარ“ 

ეს ქვედა ჯოჭოში მცხოვრებმა ია მახარაძემ გვითხრა. მისი თქმით, გეოლოგებმა დასკვნა მის სახლზე არ მოამზადეს, რადგან ხელახლა შესწავლაა საჭირო. იას ოჯახი ადგილმონაცვლეობას არ გამორიცხავს, თუმცა მანამდე ყოველ გაწვიმებას შიშით ხვდებიან.

„2 ოქტომბრამდეც, ზაფხულში მივმართეთ ჩვენ გამგეობას, მაგრამ არ მოსულან. მერე მოვიდნენ და შეისწავლეს, მაგრამ კიდევ უნდა მოვიდეთო… იმდენად დიდია ბზარები ამ ძველ სახლზე, ისინიც არ გამორიცხავენ ადგილმონაცველობას, მაგრამ მანამდე როგორ გინდა იცხოვრო? გაწვიმდება თუ არა, ჩემს ორ პატარა შვილს ხელს ჩავკიდებ და გავრბივარ, ბათუმში მივდივარ ჩემებთან,“ – გვიყვება ია მახარაძე.

იას დედამთილი, ეთერ გორგოშაძე ამატებს, რომ ბევრმა და მათ შორის, თვითონაც სახლს  იმიტომ მიაშენა, რომ სახლი გამყარდეს, მაგრამ ბზარები ახალ კედლებზეც გაჩნდა.

ია მახარაძე და ეთერ გორგოშაძე, ქვედა ჯოჭო
ბზარები ეთერ გორგოშაძის სახლის კედლებზე

ჯოჭოელებმა გვაჩვენეს სახლებიც, სადაც აღარავინ ცხოვრობს. საფრთხის გამო ისინი ქირით გაიყვანეს. გზისპირას მდებარე ერთ-ერთი ასეთი სახლის ფანჯრის მინა ჩამტვრეულა, სახლში მხოლოდ თოჯინები დაუტოვებიათ.

თოჯინები მიტოვებულ სახლში
  • „ტყე აღარაა, გზებიც სანიაღვრეების გარეშე გააკეთეს…“ 

„ტყე აღარაა, გაიჩეხა… კიდევ ახალ გზებზე რომ სანიაღვრეები არაა, მაგის გამოც მოხდა ის, რაც მოხდა,“ – გვიყვება ვახტანგ გორგოშაძე. მისი თქმით, სოფელში წლების წინ მეწყრული პროცესები არ იყო და მეწყერი ტყის უსისტემო ჩეხვამ  გაააქტიურა.

„ტყეები აქ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გაჩეხეს, კოლმეურნეობები იყო… მერე ის ადგილები დაუმუშავებელი დარჩა. 5-6 წლის წინ დიდი მიწისძვრა რომ იყო, მაშინ დაიწყო მეწყრული პროცესები, მანამდე არ იყო ასეთი ამბავი, მიწისძვრის დროს გაჩნდა ბზარები“, – გვიამბობს ვახტანგ გორგოშაძე.

გეოლოგებს მისი საკარმიდამოც შეუსწავლიათ.

„ეზოში რაცაა ჩამოშლილი მიწის მასა, ეს უნდა გამაგრდეს, ალბათ გაზაფხულზე მოვლენ, ზუსტად არ ვიცი, რაც უფრო ადრე – მით უკეთესი ჩვენთვის, თორემ ხომ გაგიგიათ, „დღენეხვალიე კაცსაო, თოვლი მოადგა კარსაო“. ისე არ მოხდეს, რომ მეწყერი მოგვადგეს ისევ,“ – ამბობს ვახტანგ გორგოშაძე და სახლის ქვემოთ, მანდარინის ბაღში ჩამოშლილ მიწის მასასაც გვაჩვენებს.

„ამის დასკვნა ჯერ არ მოსულა, არ ვიცი, რას გააკეთებენ,“ – დასძინა ვახტანგ გორგოშაძემ.

ვახტანგ გორგოშაძე

ვახტანგ გორგოშაძე  ჯოჭოში არაა ერთადერთი, ვინც პრობლემას ხედავს ახალ გზებში, რომლებიც სანიაღვრე არხების გარეშე მოაწყვეს. ოქტომბერში ჩამოწოლილი მეწყრისგან გზის კიდეები, სადაც ნიაღვარი ბუნებრივად მიედინება, ისევ არ არის გაწმენდილი. იმის მიუხედავად, რომ არ წვიმს, ახალ გზებზე მარტივად მისახვედრია, სად მიედინება ნიაღვარი წვიმის დროს.

შიდასასოფლო გზა სოფელ ქვედა ჯოჭოში, ხელვაჩაური

 

  • „ჩვენ საერთოდ უგზოდ დავრჩით“ 

2 ოქტომბერს ქვედა ჯოჭოში 6 ოჯახი უგზოდ დარჩა, თუმცა თედორაძეების ტრაგედიის გამო ამ ადამიანების პრობლემა ამ დრომდე არ გაშუქებულა. ამ ოჯახებს საავტომობილო გზა დაახლოებით ერთი წლის წინ გაუკეთეს, თუმცა ადიდებულმა მდინარემ გზა წაიღო. ახალი გზის მოსაწყობად კი აქ ჯერ არავინ გამოჩენილა.

„ღამის საათებში წაიღო მდინარემ ჩვენი გზა“, – გვიყვება ბინალი ცივაძე, რომელიც სახლში მისვლას მოშლილი გზიდან ისე ცდილობს, რომ სადმე არ ჩავარდეს, არ დაზიანდეს. სახლებთან ავტომანქანით ვერავინ მიდის.

„ღმერთმა დაგვიფაროს, ან სასწრაფო დაგვჭირდეს, ან რამე, ვერ მოვა ვერავინ… ჩვენ მანამდე გვქონდა საფეხმავლო გზა და მდინარის პირას გამოდიოდნენ მანქანებიც, რადგან ეს მდინარე ზაფხულში პატარავდება, მდინარის პირას მოგვიწყვეს სამანქანე გზა. როცა აკეთებდნენ, ინჟინრებს ვუთხარი, რომ ეს წყალი ისე დიდდება, ჭოროხი გეგონებათ-მეთქი, გავთვლით ყველაფერსო და რა გითხრათ… პირობას გვაძლევენ, რომ გააკეთებენ, მაგრამ როდის, არ ვიცით. არაფერი ისმის,“ – გვითხრა ბინალი ცივაძემ.

მოშლილი საავტომობილო გზა, სოფელი ქვედა ჯოჭო, ხელვაჩაური
  • ხელვაჩაურის მერია: დრო სჭირდება ყველაფერს

„საპროექტოზე გვქონდა გამოცხადებული ტენდერი, შესრულებაზე ჯერ არ გამოგვიცხადებია,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, არჩილ ბარამიძემ. ის ვერ ასახელებს კონკრეტულ დროს, თუ როდის ექნება 6 ოჯახს გზა. მერის მოადგილე განმარტავს, რომ ტენდერს, პროექტის შეძენას თუ შესაბამისი თანხის მოძიებას დრო სჭირდება.

მოსთხოვა თუ არა ხელვაჩაურის მერიამ პასუხი კომპანიას, რომელმაც ახალი გზა გააკეთა ქვედა ჯოჭოში? რამდენად იყო გათვალისწინებული საფრთხეები გზის გაყვანის დროს? – ხელვაჩაურის მერის მოადგილემ გვითხრა, რომ სტიქიის დროს მდინარემ მიმართულება შეიცვალა, რასაც პროექტის შედგენის დროს ვერ გაითვალისწინებდნენ.

„ამის გათვალისწინება შეუძლებელი იყო, ეს იყო სტიქია ანუ ფორსმაჟორი. შესაბამისად, კომპანიას ვერაფერს მოვთხოვდით…“ – აღნიშნა არჩილ ბარამიძემ „ბათუმელებთან“.

რამდენი დაიხარჯა ამ გზის მოსაწყობად და რომელმა კომპანიამ ჩაატარა სამუშაოები? – ხელვაჩაურის მერის მოადგილე ამ მონაცემების მოწოდებას პრესცენტრის დახმარებით დაგვპირდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია.

რაც შეეხება კონკრეტულ სამუშაოებს, რომლებიც  გეოლოგების დასკვნების შესაბამისად სოფელ ქვედა ჯოჭოში უნდა შესრულდეს, ხელვაჩაურის მერის მოადგილე, არჩილ ბარამიძე ამბობს, რომ მაქსიმუმ თვე-ნახევარში ეს სამუშაოები სოფლად დაიწყება და ჯერ კიდევ ტენდერის შედეგად იმ კომპანიების გამოვლენას ელიან, რომლებმაც სამუშაოები უნდა ჩაატარონ.

მეწყრული პროცესების პრევენციის მიზნით, ხელვაჩაურის მერია, ჯამში, ყველა სოფლისთვის დაახლოებით 3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

თურქეთთან სახმელეთო საზღვარი ისევ არ იხსნება

დღეს, 24 თებერვალს, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის ცნობილი გახდა იმ ქვეყნების ჩამონათავლი, რომელთაც საქართველო საჰაერო საზღვარს უხსნის.

„საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე. კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით, 1-ლი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს. ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლით შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებები მიიღება მიმდინარე ეპიდვითარების ანალიზის საფუძველზე. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოქალაქეთა მხრიდან გამოჩენილი იქნება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს“, –  განაცხადა დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

___

ამავე თემაზე:

რა შემთხვევაში შეძლებენ თურქეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას

მოლები და ბაზრობები 8 მარტიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 8 მარტის შემდეგ მოლები, ბაზრები და ყველა ტიპის ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. შაბათ-კვირას იმუშავებს ასევე ყველა ტიპის არასასურსათო მაღაზიაც.

ამასთან, ძალაში რჩება კომენდანტის საათი – გადაადგილების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე.

ამავე თემაზე:

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 25 თებერვლიდან – მოკლედ

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 25 თებერვლიდან – მოკლედ

საქართველოს მთავრობასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.

კერძოდ:

  • სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება 25 თებერვლიდან
  • სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან
  • საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება 25 თებერვლიდან
  • რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ [შაბათ-კვირის გარდა] ბათუმში 1-ლი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან
  • ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა
  • რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა
  • კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1-ლი მარტიდან
  • სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ლი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ლი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან
  • სასკოლო წრეები განახლდება 15 მარტიდან
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ლი მარტიდან
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1-ლი აპრილიდან
  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან
  • იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ლი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 15 მარტიდან განახლდება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აუდიტორიებში სასწავლო პროცესი 15 მარტიდან განახლდება. ხოლო კონფერენცია-ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება პირველი მარტიდან.

სხდომის შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამატებით განმარტა, რომ  პირველი მარტიდან უმაღლეს სასწავლებლებს და კოლეჯებს უფლება ექნებათ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ.

„ეს ნებაყოფლობითია. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მიიღებენ უმაღლესი სასწავლებლები ჩვენთან შეთანხმებით. შემდგომი ეტაპი ანუ საქმიანობის სრულად აღდგენაა“, – განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

შეზღუდვები მოიხსნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზეც და ისინი, როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღები, მუშაობას განაახლებენ პირველი მარტიდან, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა 20 პროცენტის სავალდებულო ტესტირების პირობით.

ამასთან, პირველი მარტიდან რეგულაციების სრული დაცვით, საქართველოს მასშტაბით, ამუშავდება მუზეუმები და ბიბლიოთეკები. ასევე, რეგულაციების სრული დაცვით 15 მარტიდან მუშაობას განაახლებენ სკოლებთან არსებული სახელოვნებო და სპორტული წრეები.

რაც შეეხება თეატრებს, პროფესიულ ანსამბლებსა და სპორტულ კლუბებს, აქაც პროცესი 2 ეტაპადაა დაყოფილი, 15 მარტიდან სარეპეტიციო პროცესს განაახლებენ თეატრები და პროფესიული ანსამბლები, ხოლო საწვრთნელ პროცესს – სპორტული კლუბები.

საქმიანობის სრულად აღდგენა, კერძოდ, თეატრალური წარმოდგენების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება მაყურებლის დასწრებით, დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით, შესაძლებელი იქნება პირველი აპრილიდან.

__________________________________

ამავე თემაზე:

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან ამოქმედდება – მთავრობა

რესტორნები შიდა სივრცეში სტუმრების მიღებას ბათუმში 1-ლი მარტიდან შეძლებენ

ბათუმში რესტორნები სტუმრების მიღებას შიდა სივრცეში პირველი მარტიდან შეძლებენ, თუმცა შაბათ-კვირის გარდა, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი – 8 მარტიდან.

ამასთან, ძალაში რჩება კომენდანტის საათი – გადაადგილების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე.

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამავე თემაზე:

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 25 თებერვლიდან – მოკლედ

კომენდანტის საათი ძალაში რჩება

კომენდანტის საათი ძალაში რჩება. ამის შესახებ დღეს, 24 თებერვალს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

კომენდანტის საათი საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდეა.

დღეს, 24 თებერვალს, პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა, მაგალითად, საბავშვო ბაღები პირველი მარტიდან გაიხსნება, 15 მარტიდან ამუშავდება სპორტული დარბაზები.

საბავშვო ბაღები პირველი მარტიდან გაიხსნება

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები მუშაობას პირველი მარტიდან განაახლებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 24 თებერვალს, განაცხადა.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, ბაღების გახსნის წინაპირობა ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირება იქნება.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან ამოქმედდება – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დღეს, 24 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარმოადგინა. მისი თქმით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის ეტაპობრივი გეგმის მიხედვით, სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, საბაგიროები სამთო კურორტებზე – 8 მარტიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, ანუ 25 თებერვლიდან.

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ – ბათუმში პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში – 8 მარტიდან, შაბათ-კვირის გარდა.

ამასთან, ძალაში დარჩა გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

15 მარტიდან შეზღუდვები მოიხსნა უნივერსიტეტებზეც და მათ შეეძლებათ ლექციები აუდიტორიებში განაახლონ. კონფერენცია და ტრენინგები პროტოკოლის დაცვით განახლდება პირველი მარტიდან. მუშაობის უფლება ეძლევათ კერძო სა საჯარო საბავშვო ბაღებსაც.

სკოლა ვალდებულია I კლასში მისაღები რაოდენობიდან 10 % სსმ ბავშვებისთვის გამოყოს

განათლების მინისტრის ბრძანებით, სკოლებს განესაზღვრათ პირველ კლასში მისაღები სსმ ბავშვების კონტინგენტი.

ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების მიხედვით, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, რომელიც ვალდებულია პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

სკოლამ უნდა უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პროპორციულად გადანაწილება პარალელურ კლასებში. რიცხოვნობის განსაზღვრისას დამრგვალება ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასარგებლოდ,“- ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც გუშინ, 23 თებერვალს, გამოქვეყნდა.

ამავე ბრძანების მიხედვით, სსმ  ბავშვების  სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხი რიცხოვნობის განსაზღვრის ვადები დგინდება სამინისტროს მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

„საჯარო სკოლა ვალდებულია პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა, მათ შორის, სსმ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, განსაზღვრული დროის ფარგლებში“.

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ უმაღლესი სასწავლებელი საინტერესო ცხოვრებას გვთავაზობს

თუკი 18 წლის ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოგიწევს: გარდა იმისა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადები, ასევე უნდა აირჩიო ის უმაღლესი სასწავლებლები, სადაც გსურს სწავლის გაგრძელება.

ალბათ უკვე ბევრი მოგიყვა თავგადასავლებით სავსე და დაუვიწყარი სტუდენტური წლების შესახებ, რომელთა  შთაბეჭდილებებიც მთელი ცხოვრება გაგყვება; შეიძენ განუყრელ მეგობრებს და საოცარ დროს გაატარებ მათთან ერთად.

თუმცა არავინ ამბობს, ვინ ზრუნავს რეალურად იმისთვის, რომ სტუდენტებმა არამხოლოდ კარგად ისწავლონ, არამედ – ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარონ მომდევნო 4 წელი.

როგორ უნდა გავიგოთ, თუ რას გვთავაზობს ჩვენ მიერ შერჩეული უმაღლესი სასწავლებელი?

პირველ რიგში, ეწვიე მათ ვებგვერდებს. თითოეული უმაღლესი სასწავლებელი ვებგვერდზე ათავსებს ინფორმაციას, თუ რა ტიპის კლუბები და გაერთიანებები ფუნქციონირებს მათთან.

შემდეგ კი აუცილებლად გადაამოწმე ეს ყველაფერი უმაღლესი სასწავლებლის ფეისბუქის გვერდზე. თუკი სპორტული და ხელოვნების კლუბები აქტიურად მუშაობენ, ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში აუცილებლად იქნება განთავსებული. 

სპორტი

დაინტერესდი, სპორტის რა სახეობებში აქვთ კლუბები შენ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებელს. მაგალითად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის, ფუტსალისა და ფრენბურთის გუნდები საქართველოს ჩემპიონატებში წარმატებით ასპარეზობენ. გარდა ამისა, აქვე ფუნქციონირებს ავტოკლუბი, ბოულინგისა და ბილიარდის მოყვარულთა კლუბებიც.

აღსანიშნავია, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში სტუდენტებისთვის ხშირად იმართება შიდა თუ გარე ჩემპიონატები, რაც მათ სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო ხალისიანსა და მრაფალფეროვანს ხდის.

ხელოვნება და კულტურა

თუკი სპორტი არ გიტაცებს, მაშინ ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით გაეცანი უმაღლესი სასწავლებლების შეთავაზებებს. CIU-ში ფუნქციონირებს სტუდენტური თეატრალური დასი, მუსიკალური ბენდი, ხალხური ანსამბლი და ხატვის სტუდია.

ამას გარდა, უნივერსიტეტი სტუდენტებს ინტელექტკლუბში თამაშსა და მხიარულთა და საზრიანთა კლუბში გაწევრიანებასაც სთავაზობს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შემეცნებითი შეთავაზება კი ექსპედიციებია, რომლებსაც უნივერსიტეტი ყოველწლიურად მართავს სტუდენტებისთვის.

რა ხდება მაშინ, თუკი უმაღლესი სასწავლებლის მიერ შემოთავაზებული არც ერთი სტუდენტური კლუბი არ მოგწონს? პასუხი მარტივია: CIU-ში გთავაზობენ, რომ დააფუძნო შენი ინტერესების შესაფერისი კლუბი, მოიწვიო თანამოაზრეები და უმაღლეს სასწავლებელს სახელი შენი მიმართულებითაც გაუთქვა. ამაში მთელი უნივერსიტეტი მოგეხმარება.

ასე რომ, თუ ხარ აბიტურიენტი, შემოხაზე 115, აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ ან მეორე ნომრად და პირველი სემესტრიდანვე დასაჩუქრდი ლეპტოპითა და 100-ლარიანი სტიპენდიით!

უნივერსიტეტის სხვა მიმზიდველი შემოთავაზებების სანახავად კი ეწვიე ბმულს.

ავტომანქანის ძველი ნომრის ახლით შეცვლა დღეიდან შეგიძლიათ დისტანციურად მოითხოვოთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან, 24 თებერვლიდან, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით იმ შემთხვევაში, თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.

ამასთან, ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მიყვანა და დათვალიერება იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრივას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.

დისტანციურად შეცვლილი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

ამ ეტაპზე დისტანციურად ნომრის შეცვლის სერვისი ვრცელდება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ახლით შეცვლისას.

სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა უნარჩუნდება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

მომსახურების ტარიფი 72 ლარია. ფასიანი ნომრების შემთხვევაში კი განსხვავებული ტარიფია.

დისტანციური მომსახურების მიღების თაობაზე შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა 2021 წლის 23 თებერვალს გამოსცა.

ამავე თემაზე:

თუ პარკირების თანხა გადახდილი გაქვს, მაგრამ ავტომანქანის ნომერი განაახლე, მაინც დაგაჯარიმებენ

 

მედიკამენტი 5-NOK-ი რეგულირების სააგენტომ ბაზრიდან გამოითხოვა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული პროდუქტის – 5-NOK-ის ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მათთან შევიდა მწარმოებელი კომპანიისა და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის – Lek Pharmaceuticals d.d, Slovenia-ს წერილი, რომლის მიხედვით, ხარისხობრივი მაჩვენებლის შესაბამის მოთხოვნასთან შეუსაბამობის გამო ხდება საქართველოს ბაზარზე მიმოქცევისთვის დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის 5-NOK-ი, 50 მგ შემოგარსული ტაბლეტი N50-ის სერიების ბაზრიდან გამოთხოვა (ამოღება).

“სააგენტო მიმართავს ფარმაცევტული პროდუქტის ყველა რეალიზატორს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ფარმაცევტული პროდუქტის – 5-NOK, 50 მგ შემოგარსული ტაბლეტი N50-ის დანართში მითითებული სერიების რეალიზაცია და უზრუნველყონ მისი გამოთხოვა ფარმაცევტული ბაზრიდან”.

5-ნოკი / 5-Nok – საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) nitroxoline, შარდსადენი გზების ინფექციური დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებაა. ეს ანტიმიკრობული მედიკამენტია და ურეცეპტოდ გაიცემა.

„სასამართლოს იყენებენ პოლიტიკურ იარაღად“ – კინზინგერი მელიას საქმეზე

საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ.  რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ თქვა, რომ რაც ნიკა მელიას დაკავების კადრებში ნახა, ძალიან შემაშფოთებელი იყო.

„განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არსებობს შეკითხვები ბრალდებაზე და მაშინ, როცა ახალ კონგრესში ბევრი სამუშაო გავწიეთ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე, ეს ძალიან ცუდი გზავნილია და იმედია, რომ გადავხედავთ. სიმართლე გითხრათ, მთავრობამ ბევრი რამ უნდა განმარტოს.

შეერთებული შტატები ძალზე დაინტერესებულია იმით, რაც საქართველოში ხდება და ვითარება ძალიან შემაშფოთებელია. რაც შეეხება ინსტრუმენტებს, არ მინდა ვისაუბრო საბაზისო განსჯის და დაჯილდოების, წკეპლისა და თაფლაკვერის საბაზისო საკითხებზე, როცა საქმე პოზიტიურ ინიციატივას ეხება. ჩვენ გვაქვს საქართველოს მხარდამჭერი აქტი, გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. ეს ისაა, რისი გადაფასებაც მოგვიწევს, თუ ღრმა დემოკრატიულ უკუსვლას ვიხილავთ, მაგრამ იმედია ეს უბრალოდ ჩავარდნაა და არ იქნება საჭირო აგრესიული ნაბიჯების გადადგმა ამის შესაბრუნებლად“, – ამბობს კინზინგერი „ამერიკის ხმასთან“.

კინზინგერის თქმით, დემოკრატიას ექნება დღეები, როცა ვითარება ისე გამოიყურება თითქოს ნაბიჯს უკან დგამს, მაგრამ მთავარი კითხვაა, როგორ შეცვლი, გამოასწორებ და შემოაბრუნებ ვითარებას.

„ეს არის ის, რასაც საქართველო და ქართველები უნდა გაუმკლავდნენ. რა გზავნილია ის, როცა ოპოზიციის მთავარ ოფისში მასშტაბურ საპოლიციო რეიდს ატარებ ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ, ძალიან შემაშფოთებელი, გაბუქებული ბრალდების საფუძველზე. ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. ეს არ არის ის, რაც მსოფლიოს სურს იხილოს. და ეს არ არის ის, რასაც უნდა აკეთებდეს ქვეყანა, თუ მას ნატოსა და დასავლეთის ნაწილი სურს, რომ გახდეს.

დემოკრატია ყოველთვის საფრთხის წინაშეა, ბევრი რამ ვისწავლეთ ბოლო წლებში, განსაკუთრებით ამერიკაში განვითარებული მოვლენების შედეგად, ყოველთვის იქნებიან ძალები, რომლებიც შეეცდებიან დემოკრატიას საფრთხე შეუქმნან, ბევრი ინფორმაცია ვრცელდება და რუსები ამას იყენებ დეზინფორმაციისთვის, საფრთხე ყოველთვის არის, მთავარია, როგორ უპასუხებ ამას. და ის, დადგება თუ არა საქართველოს დემოკრატია საფრთხის წინაშე „ქართული ოცნების“ და მთავრობის პასუხისმგებლობაა“, – ამბობს კინზინგერი.

კინზინგერის თქმით, შეერთებული შტატები კვლავ დარჩენა გუშაგის როლში და ისინი დიდი ინტერესით დააკვირდებიან, თუ როგორ გადაწყდება ეს სიტუაცია.

„მე ვეტყოდი საქართველოს მთავრობას, რომ ისინი ძალიან ცუდ მესიჯს გზავნიან. დიახ, მე ძალიან მაშფოთებს,  დემოკრატიიდან დაშორება და ავტორიტარიზმისკენ სვლა. ახალ პრემიერ-მინისტრზე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ ნათელია, რომ წინა პრემიერ-მინისტრისთვის არ იყო მისაღები ის, რაც გუშინ მოხდა. ეს აჩვენებს განსხვავებას პარტიის შიგნით. ვისაც არ უნდა მიეღო დაკავების გადაწყვეტილება, იქნება ეს მთავრობის დონეზე თუ ხელოვნურად მაღალ დონეზე, ვინც არ უნდა იყოს ის, გამოვიდეს და ახსნას, რატომ აქვთ მათ იმის უფლება, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგან და რას ეფუძნება ეს. არ შეიძლება ვიყოთ ქვეყნები, რომლებსაც პიროვნებები მართავენ, უნდა ვიყოთ სახელმწიფოები, სადაც კანონი მართავს“.

კინზინგერი ინტერვიუში ამბობს, რომ აქამდე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდებოდა, თუმცა „როცა ვუყურებ საქმეების რაოდენობას ხალხის წინააღმდეგ, რომელიც მთავრობისადმი კრიტიკულია, ამას მივყავართ დასკვნისკენ, რომ სასამართლოს იყენებენ როგორც პოლიტიკურ იარაღად.

ეს არ უნდა ხდებოდეს, ამიტომ ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ და იმედია, ეს სწრაფად შეიცვლება. თუ ვინმე დარჩა საქართველოს მთავრობაში, ვინც ფიქრობს, რომ ის, რაც გუშინ მოხდა ჭკვიანური ნაბიჯი იყო, მას ვეტყოდი, რომ დანარჩენი მსოფლიო ნამდვილად არ ხედავს ასე“.

ადამ კინზინგერმა ინტერვიუში საქართველოს მიმართ შესაძლო სანქციებზეც ისაუბრა.

„არ ვფიქრობ, რომ ამ წუთში სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ. საქართველო ჩვენი მეგობარია, იქ შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ვისაუბრებთ პოზიტიური ინიციატივების უკან წაღებაზე, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს მხარდამჭერი აქტი, წინ წაწევა ძალიან გართულდება, თუ ავტორიტარიზმში ვარდნას ვიხილავთ, მე საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან თანამშრომლობა მსურს, ეს არ მოდის სიბრაზიდან, არამედ ეს მოდის იმედიდან, რომ ვიხილოთ წარმატება იქ“, – ამბობს ადამ კინზინგერი.

___

ნიკა მელია გუშინ, 23 თებერვალს, პარტიის ოფისში დააკავეს. ენმ- ოფისში პოლიციასთან ერთად სპეცრაზმიც შეიჭრა. გუშინ ნიკა მელიასთან ერთად ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა პირებიც დააკავეს და მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გუშინვე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მეგობარი სახელმწიფოების შემაშფოთებელი შეფასებების შემდეგ განაცხადა, რომ „პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში“. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ კონკრეტული გვარებიც დაასახელა: „ამ პერიოდში, რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღრმავებით ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ სწორედ ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც მხილებული ან ბრალდებული არიან სხვადასხვა მძიმე დანაშაულში – მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარიამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, გიგი უგულავა და სხვები“.

ირაკლი კობახიძის განცხადებიდან მალევე ქვეყნის ახლადარჩეულმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ოპოზიციას მოუწოდა, რომ „გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი“. 

წინა დღით პარლამენტში გაკეთებული რადიკალური განცხადებებისა და ნიკა მელიას დაკავების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიცია ღარიბაშვილის ამ მოწოდებას „ცინიზმად“ აფასებს.

დასავლეთის რეაქცია ნიკა მელიას დაკავებაზე

9 პედაგოგს და 5 მოსწავლეს ქობულეთის მესამე სკოლაში კოვიდი დაუდასტურდა

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში 9 პედაგოგს და 5 მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა. ინფორმაციას სკოლის დირექტორი ნანა მენაბდე „ბათუმელებთან“ ადასტურებს.

ამჟამად სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. როგორც დირექტორი ამბობს, ელოდება რეკომენდაციებს თუ უნდა გააგრძელონ მუშაობა.

„12 დღით არის სკოლა ონლაინსწავლებაზე გადასული ჯერჯერობით. პირველი შემთხვევა 19 თებერვალს გამოვლინდა და დაწყებითი საფეხურის ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდი, რომელსაც სავარაუდოდ მშობლისგან გადაედო. ამ ბავშვის კლასში 27 მოსწავლე გადავიყვანეთ ონლაინზე, თუმცა 20 თებერვალს კიდევ დაუდასტურდა მერვე ბ კლასის ერთ მოსწავლეს კოვიდი და ის კლასიც ონლაინზე გვყავდა გადაყვანილი.“

როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, გუშინ, 23 თებერვალს, სკოლაში იმყოფებოდნენ  აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც გეგმიური PCR-ტესტი ჩაუტარეს პედაგოგებს და დღეს, 24 თებერვალს, უკვე 8 პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი.

„მანამდე ერთ პედაგოგს უკვე დადასტურებული ჰქონდა კოვიდი და ახლა მთლიანობაში სკოლაში 9 პედაგოგს და 5 მოსწავლეს აქვს დადასტურებული კოვიდი. ორი მასწავლებელი ემოციურ ფონზე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ხვალ დავჯდებით ალბათ დირექცია და გადავწყვეტთ, ონლაინზე გადასვლის საკითხს,“- ამბობს სკოლის დირექტორი.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რისკების შეფასების საფუძველზე სკოლა ონლაინრეჟიმზე გადავიდა, – „სკოლაში ეპიდემიოლოგიური კვლევები ისევ გაგრძელდება.“

 

აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 24 თებერვალი

24 თებერვლის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა ასევე 15 პაციენტი. ვირუსისგან დღემდე აჭარაში  გამოჯანმრთელებულია სულ 35 474 პაციენტი.

ბათუმში ამჟამად კრიტიკულია (მართვით სუნთქვაზეა) 5 პაციენტის მდგომარეობა.

კლინიკაში მკურნალობს 120 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 74, ონლაინკლინიკაში – 96.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 6 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 461.

ამავე თემაზე:

კოვიდით 10 ადამიანი გარდაიცვალა | ბოლო 24 საათის მონაცემები საქართველოში

გარდაიცვალა 6 პაციენტი, გამოვლინდა 443 ახალი შემთხვევა – 24 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 6 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 461.

24 თებერვლის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში ჩატარებულია 19051 კვლევა ტესტით , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11825, PCR ტესტით – 7226.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,33%, ბოლო 7 დღის – 2,36%.

კარანტინშია 307 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1600, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 193 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  269 438-ს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  263 257-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 463 პირი დაიღუპა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 443 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 213 შემთხვევა, აჭარაში – 15, იმერეთში – 61, ქვემო ქართლში – 12, შიდა ქართლში – 37, გურიაში – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 39, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 692, საიდანაც: 1 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში; მძიმე პაციენტია – 302, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი. 899 პირი  მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 105, ხოლო აჭარაში – 91.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 025 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 152 პირი, აჭარაში – 440, იმერეთში – 763.

ამავე თემაზე:

კოვიდით 10 ადამიანი გარდაიცვალა | ბოლო 24 საათის მონაცემები საქართველოში

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის გამო კომპანიის დირექტორი დააკავეს

შატილში მომხდარი ავარიის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა. საუბარია 2020 წლის 23 აგვისტოს დუშეთში, სოფელ ბისოს ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომლის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, 3 – მძიმედ დაშავდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტურისტული კომპანია შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი – 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე – 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის ექსპლუატაციაში გაშვება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საბაჟოზე 11 745 ლარის არადეკლარირებული საათები და სხვა ნივთები აღმოაჩინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც ერთი მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გერმანიაში შეძენილი მსუბუქი ავტომანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში განათავსა სხვადასხვა სახის საქონელი, მათ შორის, ძვირადღირებული საათები, ტყავის ნაწარმი, ბიჟუტერია და სხვ.

დანაშაულში მხილებულმა პირმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ავტომანქანა ბათუმის პორტის გავლით შემოიყვანა საქართველოში და არ დაადეკლარირა მასში არსებული საქონელი“.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ავტომანქანაში აღმოჩენილი საათების საბაჟო ღირებულება 11 745 ლარია. „ხოლო დანარჩენ საქონელზე დანიშნულია ექსპერტიზა“.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

სილქნეტი მომხმარებელს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებული სერვისებით მოემსახურება

სილქნეტში მასიური სისტემური განახლება მიმდინარეობს – IT ტრანსფორმაციის პროექტი სილქნეტს ციფრული სერვისების მიმწოდებელ კომპანიად გარდაქმნის. 10 მარტიდან სილქნეტი თავის მომხმარებელს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებული სერვისებით მოემსახურება.

პირველ რიგში, გვინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადოთ თითოეულ ჩვენს აბონენტს, რომელსაც წუთით მაინც ჰქონდა ტექნიკური შეფერხება ჩვენი სერვისების მიღებისას. განუწყვეტელი ტექნოლოგიური პროგრესი და მომხმარებელზე ზრუნვა სილქნეტის ყოველდღიური სამუშაო პროცესია და ამას ემსახურება სილქნეტის ათასობით თანამშრომელი.

24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროსა და გარემოში ჩვენი კომპანიის ტექნიკური გუნდი ასრულებს სამუშაოს, რომლის მიზანია, მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო მომსახურება – ყველა ის სატელეკომუნიკაციო სერვისი, რაც დღეს თანამედროვე ადამიანის განუყოფელი ნაწილია.  ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილება. ჩვენი მიზანია, IT ტრანსფორმაციის პროექტის მეშვეობით,   სწრაფად და მოქნილად ვუპასუხოთ  ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს და ჩვენს მომხმარებელს მივაწოდოთ ყველაზე თანამედროვე და კომფორტული მომსახურება.

ვწუხვართ, ბოლოდროინდელი დისკომფორტისა და შეფერხებების გამო. ამჟამად, პრობლემების უმეტესობა უკვე აღმოფხვრილია და ახალ სისტემაზე გადასვლა, ფაქტიურად, დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ საბოლოო სამუშაოები, რის შემდეგაც, ჩვენ შეგვიძლია ყოველგვარი შეფერხების გარეშე, განვაგრძოთ მომსახურების უზრუნველყოფა.

გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი მომხმარებელი, რომ ეს დროებითი ხარვეზები სულ მალე გამოსწორდება და ისინი სილქნეტისგან მიიღებენ უმაღლესი დონის, მსოფლიო კლასის მომსახურებას. მათი ყოველი სურვილი და მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება ჩვენს მიერ გაცილებით მოკლე დროში, ვიდრე ეს ხდებოდა აქამდე. ეს იქნება ახალი ციფრული პლატფორმის მქონე კომპანიის მიერ მოწოდებული შეუფერხებელი სერვისები, როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ ქსელში. უკვე მარტის დასაწყისში, კონკრეტულად 10 მარტიდან, სილქნეტი თავის მომხმარებელს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებული სერვისებით მოემსახურება.

განათლების მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

განათლების მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია დაგვიდასტურეს განათლების სამინისტროში.

ლევან ხარატიშვილი განათლების მინისტრის მოადგილედ 2018 წელს დაინიშნა. სამინისტროში ვიკითხეთ, რატომ  დატოვა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა და ხარატიშვილის პოსტიდან წასვლა ხომ არ უკავშირდება   დღეს განვითარებულ მოვლენებს, რაზეც სამინისტროში გვითხრეს რომ – არა.

„პირადი განცხადების საფუძველზე, სამსახურის ცვლილებასთან დაკავშირებით“, – მოგვწერეს სამინისტროს პრესსამსახურიდან.

თანამდებობის დატოვების შესახებ ლევან ხარატიშვილმა ფეისბუქზეც დაწერა, თუმცა მოტივი არც აქ დაუსახელებია.

„გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი“ – ღარიბაშვილი ოპოზიციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახლა, როცა ნიკა მელიას დაკავებით „კანონი აღსრულდა“, მოვიდა „ნამდვილი და გულწრფელი დიალოგის“ დრო.

„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

კანონის აღსრულებაზე ჩვენი ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ვინაიდან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე.

დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს.

ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში.

ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციაზე.

ჩვენს სამშობლოს დასაკარგი დრო აღარ აქვს. დღეს არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დროა,“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღეს, 23 თებერვალს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. სამართალდამცავებმა ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისი შტურმით აიღეს. დაკავების დროს შეამტვრიეს ენმ-ის ოფისის კარები და გამოიყენეს წიწაკის სპრეი. კადრებში, რომელიც ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გავრცელდა „ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან“, ჩანს რომ ოფისი დარბეულია – დაზიანებულია ტექნიკა და ინვენტარი.

ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა.

ნახეთ ამ თემაზე:

დასავლეთის რეაქცია ნიკა მელიას დაკავებაზე

85 წლის ქალი, რომელიც მოწყალებას ითხოვს და შვილს სესხს უხდის

85 წლის ტანია გორგილაძე ბათუმში, სულაბერიძის ქუჩაზე, ორსართულიან სახლში, ორ პატარა ოთახში ცხოვრობს.

ფარღალალა ოთახებში ცივა. ფანჯარასთან ღუმელი დგას, რომელსაც ტანია მხოლოდ მაშინ ანთებს, თუ ძალიან შესცივდება, ასე შეშის ნაჭრებს იზოგავს. აქვს გაზის პატარა ბალონიც, რომელსაც, როგორც ამბობს, გასათბობად იყენებს, მაგრამ გაზის პატარა ბალონი ოთახს, რომელსაც ღრიჭოები აქვს, აშკარად ვერ ათბობს.

თითქმის ყოველ დღე ტანია ქუჩაში გადის და მოწყალებას იმისთვის ითხოვს, რომ 59 წლის ერთადერთ შვილს ვალის დაფარვაში დაეხმაროს.

„ხან ინასარიძის ქუჩაზე ვარ, ხან ბონის ბაზრის წინ… ზოგი გეტყვის – შვილი არ გყავს? პენსია არ გაქვს? მრცხვენია დედა, მრცხვენია, მაგრამ ვაძალებ ჩემს თავს.

ორი წლის წინ, ნაქირავები მანქანით, ავარია მოუხდა ჩემს შვილს, მისი შვილიშვილი, ჩემი შვილთაშვილი დაიღუპა ავარიის დროს, მანქანაში იყო ბავშვი.

შვილს ასთმა აქვს, ორ კაპიკს გავაკეთებო – იფიქრა და მთლად დავიღუპეთ. რძალი ავადაა, პარალიჩი აქვს გადატანილი და წევს. არ მისცეს სოციალური დახმარება. ვეცოდები, მაგრამ კიდევ შენი იმედი მაქვსო, მეუბნება ჩემი რძალი.

ჩემი შვილი მუშაობს, ხვეტავს და მანქანის ვალს ვიხდით დედა-შვილი, აბა რა ვქნა, დავეხმარო უნდა,“ – ცრემლებს იწმენდს ტანია.

ტანია გორგილაძე

პატარა ოთახებს, სადაც ცხოვრობს, ტანია ქირაობს და ყოველ თვე ას ლარს იხდის ბინისთვის. ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს მისი შვილის ოჯახიც, ოღონდ სხვა ქუჩაზე. ვერ მითმენს გული, თითქმის ყველა დღე დავდივარო – ამბობს ტანია.

ორი წლის წინ, შვილის ავტოავარიის შემდეგ, ტანიამ ბანკიდან 2 000 ლარი გამოიტანა, რომ შვილს დახმარებოდა. „ამ თანხას ვიხდი, ვიხდი და არ მთავრდება“, – წუხს და გვაჩვენებს ფურცელს, რომელიც ბანკში მისცეს. ფურცელზე წერია, რომ ტანიას კიდევ 387 ლარი აქვს გადასახდელი ამ წლის ბოლომდე.

ვალის გამო ტანია პენსიის მხოლოდ ნახევარს იღებს და სოციალურ დახმარებას – თვეში 60 ლარს. ამბობს, რომ ეს თანხა არაა საკმარისი მისთვის და შვილის დასახმარებლად, ამიტომაც გახდა იძულებული ქუჩაში გასულიყო მოწყალების სათხოვნელად.

ტანიას ოთახი

„ხელი მიკანკალებს. ხუთჯერ ვარ ნაავარიევი, მხარი გატეხილი მქონდა. ხანდახან მეუბნებიან ნაცნობები – „აფსუს ტანია, სად ზიხარ შენო“…

რა ვქნა, გამიჭირდა და თხოვნა დავიწყე, გაჭირვება ძალიან ცუდია

მე რაფერი ქალი ვიყავი იცი? მსოფლიო მაფასებდა, საავადმყოფოში რომ ვმუშაობდი, პატივს მცემდნენ, ნდობა ჰქონდათ ჩემი“, – ამბობს ტანია. იგი მიყვება, რომ 37 წელი მუშაობდა სანიტრად საავადმყოფოში, სამსახური დატოვა, როცა მუშაობა უკვე აღარ შეეძლო, მაგრამ ახლა იძულებული გახდა ქუჩაში გასულიყო.

ტანიას შეშის ღუმელთან ახლოს, პატარა ტახტზე სძინავს. ძველი მაცივარი წლების წინ გაფუჭდა და აღარ მუშაობს, არც ტელევიზორი აქვს. ოთახში, მაგიდაზე ჭურჭელი და სხვადასხვა ნივთია. აქვე დევს ერთი ფილა შოკოლადი და კანფეტები, რომელიც ტანიას ქუჩაში აჩუქეს.

ბევრი კეთილი ადამიანი მხვდება ქუჩაშიო – ამბობს ტანია, ხან პურს მჩუქნიან, ხან ყიდულობენ რამეს და მატანენო.

„მრცხვენია, ასეთი ოთახი რომ მაქვს. ადრე ყველაფერი გარეთ გამქონდა,  ვასუფთავებდი, მაგრამ აღარ შემიძლია უკვე. ახლა სიკვდილს ველი, რომ დავისვენო“, – ამბობს ტანია.

იგი მიყვება, რომ სამეგრელოში, აბაშაში დაიბადა და შემდეგ გადმოვიდა ბათუმში საცხოვრებლად.

„ქმარი მყავდა აჭარელი. რაფერი ქმარი მყავდა იცი?! ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, მე ასე არ ვიქნებოდი,“ – ცრემლს იწმენდს ქალი.

სახლში, სადაც ტანია ცხოვრობს, მეპატრონეს ოთახები აქვს გაქირავებული. ტანია მეუბნება, რომ აქ ყველა სოციალურად დაუცველია და მეზობელს მაცნობს, ნატოს, ესაა ჩემი იმედიო.

„ესაა ჩემთვის მეზობელიც და ქალიშვილიც, ამის იმედი მაქვს, ყოველ დილას ეს შემომძახებს – ბებო, როგორ ხარ? კოფესაც არ დალევს დილას უჩემოდ“, – ამბობს ტანია.

სულ მალე, აპრილში, 86 წლის გავხდებიო, ამბობს.

„ერცახე გამიხარდება, ერცახე მეწყინება – ასეთი გავხდი ამ ბოლო დროს. რას იზამ, მოვხუცდი… ასეთ წვალებაში და გაწამაწიაში ვარ“, – ამბობს ტანია.

კითხვაზე, რაში სჭირდება დახმარება, ტანია ცოტა ხანს ფიქრობს.

„ბინას მომცემენ ნეტა?“ – მეკითხება და იმედიანად მიყურებს.

ტანია მისი ოთახის შესასვლელთან

____________________

ნახეთ ვიდეო

 

რეგიონების მიხედვით კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას NCDC-ი არ ასაჯაროებს

საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების ყველა შემთხვევას საქართველოში სპეციალურად შექმნილი კლინიცისტთა ჯგუფი დეტალურად განიხილავს, შედეგები კი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში კორონავირუსით პანდემიის დაწყებიდან დღემდე  რეგიონების მიხედვით, მონაცემებს NCDC-ი ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

NCDC-ის ინფორმაციით, „Covid19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან დაკავშირებული ის ინფორმაცია, რომელიც ცხადდება ყოველდღიურად, წარმოადგენს ოპერატიულ, ყოველდღიურ რაოდენობრივ წინასწარ მონაცემებს… ყველა ის მონაცემი, რომელიც ხელმისაწვდომია ცენტრისთვის, ვრცელდება ცენტრის ვებგვერდის და ასევე Covid19-თან დაკაშირებული ხუთივე ანგარიშის მეშვეობით“.

23 თებერვლის დილის მდგომარეობით, ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის შედეგად, ჯამში, 3 457 ადამიანი გარდაიცვალა.

„ბათუმელებმა“ დააჯამა კორონავირუსით გარდაცვლილთა ის მონაცემები, რომლებიც NCDC-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული თვეების მიხედვით. მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა – NCDC-ის მონაცემებით, დღემდე საქართველოში კორონავირუსით 3 473 ადამიანია გარდაცვლილი, ანუ 16-ით მეტი იმ რაოდენობაზე, რაც stopcov.ge-ზე არის მითითებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი – 1 225 ადამიანი, 2020 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.

გარდაცვალების სტატისტიკა თვეების მიხედვით:

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოში –  2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში / წყარო: NCDC

გარდაცვალების სტატისტიკა / თებერვალი [1-23], 2021 წ.

კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა / 1 თებერვალი – 23 თებერვალი / წყარო: NSDC

„დღემდე რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის შედეგად  საქართველოში რეგიონების მიხედვით“, – ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ NCDC-დან 2021 წლის 27 იანვარს ოფიციალურად გამოითხოვა.

„ცენტრი კორექტირებულ მონაცემებს წელიწადში ერთხელ გადასცემს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, რომელიც დადგენილ ვადებში (მონაცემები სიკვდილის მიზეზების მიხედვით ქვეყნდება 30 ივნისს) აქვეყნებს მათ. შესაბამისად, Covid19-ით განპირობებული სიკვდილიანობის სტატისტიკის მოთხოვნა გეოგრაფიულ, სქესობრივ-ასაკობრივ და სიკვდილის მიზეზების ჭრილში, შესაძლებელი გახდება 2021 წლის 30 ივნისის შემდეგ,“ – მოგვწერეს NCDC-დან 22 თებერვალს.

„აქვე გაცნობებთ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, Covid19-ით განპირობებული სიკვდილიანობის იდენტიფიცირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროს ინიციატივით, შექმნილია კლინიცისტთა ჯგუფი, რომელიც მოახდენს ყველა შემთხვევის დეტალურ განხილვას, რის საფუძველზეც მოხდება 2020 წელს Covid19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის ჩაღრმავებული ანალიზი,“ – აღნიშნულია NCDC-ისგან მიღებულ პასუხში.

23 თებერვლის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა; დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა:

კოვიდით 10 ადამიანი გარდაიცვალა | ბოლო 24 საათის მონაცემები საქართველოში

რას ნიშნავს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა – რა იცვლება სწავლებაში

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება. რას შეცვლის მესამე თაობის გეგმა და მოიტანს თუ არა ძირეულ ცვლილებებს სწავლებაში – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ახალი სკოლის  მოდელის ექსპერტი ლიდერობის მიმართულებით, თამთა კვარაცხელია საუბრობს.

  • ქალბატონო თამთა, რა უპირატესობები აქვს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას და რას მიაღწევს ამით სკოლა ხარისხის გაზრდის მხრივ?

ეროვნული სასწავლო გეგმა იმიტომ არის უმთავრესი დოკუმენტი საგანმანათლებლო სივრცეში, რომ ის განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მუშაობას. ის ერთგვარი საშუალებაა, რომ მივაღწიოთ ზგემით (ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები) გათვალისწინებულ შედეგებს. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა მესამე წელია ინერგება სკოლაში. პირველ წელს I-VI კლასი ჩაერთო, შემდეგ განხორციელდა მე-7 კლასში, წელს კი მე-8 კლასში. ასე ეტაპობრივად, ნელ-ნელა დაინერგება როგორც საბაზო, ასევე საშუალო საფეხურზე.

საინტერესო იმით არის, რომ გათვალისწინებულია ცნებებით სწავლება, ანუ ცნებების დამუშავება და თემატური დაგეგმვა. მოსწავლეები და მასწავლებლები მუშაობენ თემებზე, მსხვილ თემატურ ბლოკზე,  ერთ  ცნებას ამუშავებენ სხვადასხვა თემის ფარგლებში და ეს ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლის ცოდნა გახდეს უფრო მოქნილი და მოსწავლეს ეხმარება ერთ საგანში მიღებული ცოდნა სხვა საგანშიც გამოიყენოს. პანორამულად ანუ ერთიანობაში ხედვას უწყობს ხელს.

  • შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითი მოიყვანოთ, თუ რას ნიშნავს ცნებებით სწავლება?

მაგალითად, როცა მიდის მუშაობა იმაზე, თუ რა არის კომპოზიცია, სად ვლინდება კომპოზიციური ელემენტები და ასე შემდეგ, ერთი და იგივე ცნება მრავალი თემის ფარგლებში მუშავდება. ამის საფუძველზე იქმნება კომპლექსური დავალებები. ცნებებზე ორიენტირებული სწავლება, თემატური დაგეგმვა და კომპლექსური დავალებები არის მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კომპლექსურ დავალებებს, რადგან ის მოითხოვს დეკლარატიული, ფუნქციური და პირობისეული ცოდნის გამოვლენას. ეს არ არის მხოლოდ სტატიკური ცოდნა, ის ავითარებს  უნარებს, მათ შორის – ტრანსფერის უნარს, ანუ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

ისეთი დავალებები ეძლევა მოსწავლეს, რომლებიც თანამედროვეობასთან კავშირშია. მაგალითისთვის ავიღოთ ისეთი ნაწარმოები, როგორიცაა „ვეფხისტყაოსანი“ – როგორ გააშუქებდა თანამედროვე ჟურნალისტი, ვთქვათ, ჭაშნაგირის მოკვლის ეპიზოდს, როგორ სტატიას დაწერდა ის გაზეთისთვის, ან როგორ რეპორტაჟს მოამზადებდა ტელევიზიისთვის. რაზე გააკეთებდა აქცენტს. აქედან გამომდინარე, მრავალმხრივ უვითარებს მოსწავლეს უნარს, აჩვევს აზროვნებას და მსჯელობას. აჩვევს კრიტიკულ აზროვნებას, არგუმენტირებულ მსჯელობას და რაც მთავარია, აჩვევს ცოდნის ტრანსფერს, ანუ ცოდნის გადატანას სხვა საგნებში და ცხოვრებაშიც. თეორიულად მიღებული ცოდნა მოსწავლემ პრაქტიკულად უნდა გამოიყენოს და შეხედოს ამ თაობის პერსპექტივიდან, რათა გაყინული არ დარჩეს ის ცოდნაც ან ლიტერატურა და ისტორიული მოვლენები. მოარგოს თანამედროვე ცხოვრებას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით.

ახლა ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა. საგნობრივი ექსპერტები მუშაობენ მასწავლებლებთან, დგება საგნის კურიკულუმები და ამაზე დაყრდნობით დგება სკოლის კურიკულუმი. ყველა სკოლას ექნება თავისი კურიკულუმი. შესაძლოა ერთ უბანში არსებულ სხვადახვა სკოლას ჰქონდეს სხვადასხვა კურიკულუმი.

  • სკოლებისთვის სხვადასხვა კურიკულუმი რამ განაპირობა?

იმან, რომ ყველა სკოლა არის სპეციფიკური, აბსოლუტურად უნიკალური. აქვთ ზოგადი საერთო მახასიათებლები, მაგრამ მაინც აბსოლუტურად სხვა კულტურაა თითოეულ სკოლაში. ამ კულტურას და ამ გარემოს ქმნიან მოსწავლეები და მასწავლებლები და ისინი უნიკალურები არიან. ყველა სკოლას სხვადასხვა საჭიროება აქვს, ისე როგორც ყველა მოსწავლეს და ყველა კლასს. როდესაც ყველა მოსწავლე განსხვავებულია, კლასის პროფილიც განსხვავებულია და შეუძლებელია ყველა კლასს ერთნაირად ასწავლო.

  • ანუ აქ გულისხმობთ იმას, რომ კონკრეტულ ბავშვზე იქნება სასწავლო პროცესი მორგებული?

რა თქმა უნდა. თანაც, თავისი შესაძლებლობისა და წინარე ცოდნის გათვალისწინებით, ეს კომპლექსური დავალებები შეიძლება ნებისმიერმა მოსწავლემ შეასრულოს თავისი ინტერესებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე. ანუ, ყველამ დაწეროს, მაგალითად, ტექსტი ამ რეპორტაჟისთვის ან სტატიისთვის ისე, რომ დაამუშაოს, ვთქვათ, ცნება „კომპოზიცია“ და ეს კარგად ჩანდეს მის ნამუშევარში. კომპოზიცია რაც არის, ამის განმარტებას სწავლობს და პრაქტიკულადაც ახორციელებს თავისივე ნაშრომში.

  • ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თემები უნდა ისწავლებოდეს სხვადასხვა საგანთან ინტეგრაციაში, ამას თუ ითვალისწინებს ახალი ეროვნული გეგმა?

რა თქმა უნდა, მაგრამ გააჩნია მასწავლებლის შესაძლებლობებს. „ვეფხისტყაოსნისა“ და მათემატიკის ინტეგრირება შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ „ვეფხისტყაოსანი“ ოქროს კვეთის პრინციპით არის აგებული და თუნდაც ერთი საკითხი – ოქროს კვეთა, მათემატიკაში რომ ისწავლება, შეიძლება გამოიყენოს ქართულის მასწავლებელმა და პირიქით. გარდა ამისა, ვთქვათ, ისტორიული თვალსაზრისით, პოლიტიკური სიტუაციების ანალიზის თვალსაზრისით, გეოგრაფია, ვაჭრობა, კულტურა, ეთნოგრაფია  – ყველაფერი ჩანს აქ. „ვეფხისტყაოსანი“ ისეთი უნიკალურია, რომ ნებისმიერ საგანთან შეიძლება ინტეგრირება. მასწავლებლის შესაძლებლობას, ოსტატობას, გემოვნებას გააჩნია და ცხადია, მოსწავლეების ინტერესებს, იმიტომ, რომ მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს მრავალმხრივი შესაძლებლობა და მოსწავლეების ინტერესები იყოს განსხვავებული.

  • ადრე მასწავლებლები საუბრობდნენ იმაზე, რომ ვერ ასწრებდნენ პროგრამის გავლას იმ დროში, რაც დათმობილი ჰქონდა ამა თუ იმ ნაწარმოებს და უწევდათ საკითხების გადარბენა და არა სიღრმისეული სწავლება. მესამე თაობის სასწავლო გეგმა იძლევა ჩაღრმავების შესაძლებლობას, როგორ დგას აქ ეს საკითხი?

მაშინაც არ ვეთანხმებოდი იმ მასწავლებლებს, რომლებიც ამას ამბობდნენ. რატომ უნდა გაიარო ყველა ნაწარმოები, მაგალითად, ქართულში. სხვა საგნების სპეციფიკას ვერ შევეხები, რადგან არ ვიცი, მაგრამ მე გეტყვით ქართულში და აქ შემიძლია დავაჯგუფო მსგავსი ნაწარმოებები, ზოგიერთი მათგანი ვასწავლო, ზოგიერთი – არა და დამატებით საკითხავად მივცე. მასწავლებელს აქვს დიდი თავისუფლება, ოღონდ ამ თავისუფლების გამოყენებისთვის ის არ არის მზად. მასწავლებლების დიდ ნაწილს სამწუხაროდ ურჩევნია, რომ მოვიდეს დაბეჭდილი გეგმებით და იყოს უბრალოდ გაკვეთილის ჩამტარებელი.

  • ანუ მასწავლებელს აქვს თავისუფლება და ვერ იყენებს? რატომ?

ვერ ვიყენებთ, რადგან სჭირდება მეტი დრო, მეტი უნარი, მეტი შემოქმედებითობა. ეს ერთი და მეორე, ახალი სასწავლო გეგმა თემების გაერთიანების საშუალებას იძლევა. არ არის კატეგორიული ტონი, თვითონ საგნების შინაარსი, რაც უნდა ვასწავლოთ, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის და არა სავალდებულო.

ჩვენ, მასწავლებლები, შინაარსში ვართ თავისუფალი. მაგალითად, როცა მინდა ვასწავლო ბრბოს შესახებ, სასწავლო გეგმა მეუბნება, რომ შემიძლია ვასწავლო „მარიტა“ ან „ეშმაკი და ქვა“ . მასწავლებელმა უნდა აირჩიოს, ორივეს ასწავლის თუ ერთს. თუ კლასი ყოჩაღია და სწრაფად ითვისებს, მაშინ ორივე შეუძლია ასწავლოს. აი, ეს შინაარსი, საგნის პროგრამის შინაარსი არის სარეკომენდაციო, თვითონ დოკუმენტი ეს არის სავალდებულო, ნომერ პირველი დოკუმენტი ჩვენთვის ზგემი-ს შემდეგ.

თუმცა, გეთანხმებით იმაში, რომ ეს საკითხი მაინც გადასახედია და უბრალოდ, ჩემი აზრია, რომ დიდი ნაწარმოებები სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეს ან ძალიან ადაპტირებულად უნდა ისწავლებოდეს. შეგვიძლია ჩვენ მწერლის შემოქმედება, ეპოქის სული ვასწავლოთ მცირე ზომის ნაწარმოებებითაც.

  • რომელ ნაწარმოებს ამოიღებდით, მაგალითად?

„ჯაყოს ხიზნები“, „დიდოსტატის მარჯვენა“ ძალიან დიდია. შეიძლება ან ადაპტირებულად ვასწავლოთ, ან ამავე მწერლის სხვა ნაწარმოებებით ჩავანაცვლოთ.

  • „ჯაყოს ხიზნები“ ეპოქალური ნაწარმოებია, რით შეიძლება ის ჩავანაცვლოთ?

„ლამბალო და ყაშა“, იმავე ავტორის. ეს ჩემი მოსაზრებაა. პროგრამა განსატვირთია, რადგან ჩვენ არ გვაქვს პროფილური სკოლები, ჰუმანიტარული პროფილის სკოლაში შეიძლება ვასწავლოთ დიდტანიანი ნაწარმოებები, მაგრამ როდესაც ყველა ტიპის მსწავლელია სკოლაში და მეტ-ნაკლებად უნიფიცირებულია, მაშინ ამ სიტუაციაში დიდი ტექსტები ნამდვილად ტვირთავს მოსწავლეს.

  • მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას სახელმძღვანელოები უწყობს ხელს?

პირველ ეტაპზე I-VI კლასის სახელმძღვანელოები შეიცვალა, რომლებიც მორგებულია ამ ახალ მიდგომებზე, მეორე ეტაპზე მე-7 კლასის და წელს იყო მე-8 კლასის სახელმძღვანელოები. დანერგვის პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ, იმიტომ, რომ სახელმძღვანელოებზე მუშაობენ ექსპერტები და ყოველ წელს თითო კლასის სახელმძღვანელოები გამოდის დღის სინათლეზე.

  •  სკოლაში ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა და ეროვნული გამოცდების თემატიკა აცდენილია ერთმანეთს. მესამე თაობის გეგმა როგორ წყვეტს ამ პრობლემას?

ეროვნული გამოცდების ჩაბარება საერთოდ არ არის პრობლემა, თუ ბავშვი აზროვნებს. მეტსაც გეტყვით, მოაზროვნე ბავშვები გაცილებით უფრო კარგად და საინტერესოდ წერენ უცნობი ტექსტის შესახებ თემებს, იმიტომ, რომ არსებობს სხვა ინტერესი და არსებობს უნარები. მთავარია, მოსწავლეს ჰქონდეს წერა-კითხვის, ტექსტის გაგების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი და ნებისმიერ გამოცდას დაძლევს. თანამედროვე ეროვნულ გამოცდებზე ნამდვილად არ ითხოვენ მაინცადამაინც სასკოლო პროგრამის ცოდნას, ისეთ თხზულებებს სთავაზობენ აბიტურიენტს, რომ ნებისმიერ კარგ მოსწავლეს შეუძლია დაწეროს. ესეს წერა ერთ-ერთი მსუყე ნაწილია ეროვნულზე, ამიტომ მოსწავლეს ესეს წერის კულტურა უნდა ჰქონდეს და შეთავაზებული ორი ნაწარმოებიდან, რომელთაგან ერთი საპროგრამოა და მეორე უცხო, შეუძლია აირჩიოს. მე ვსაუბრობ ქართულის სპეციფიკაზე ოღონდ და არც ვიცი მათემატიკის ან ქიმიის სპეციფიკა. იქ შესაძლოა აცდენა იყოს.

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ამჯერად 94 700 განაცხადი დარეგისტრირდა

23 თებერვლის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 94 70 განაცხადია დარეგისტრირებული 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად.

2021 წლის იანვრის თვის მონაცემების წარდგენა 22 თებერვალს დასრულდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, თებერვალში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის [იანვრის] განაცხადებს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დეკემბრის თვის 200-ლარიანი დახმარება [იანვარში] 106 080 პირს ჩაერიცა, ჯამში 21 216 000 ლარი.

იანვრის თვის კომპენსაციების დარიცხვა კი, კანონის მიხედვით, 28 თებერვლიდან უნდა დაიწყოს.

კომპენსაცია ეკუთვნის იმ დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, თუნდაც 2 თვეს მაინც მუშაობდა, იღებდა ხელფასს, მაგრამ პანდემიის გამო დაკარგა სამსახური/შვებულებაშია და არ აუღია ხელფასი 2020 წლის დეკემბერში, ვერ აიღებს ხელფასს 2021 წლის იანვარში ან თებერვალში. წინა თვის მონაცემების წარდგენა დამსაქმებელს ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით შეუძლია [6 თვის განმავლობაში].

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მისწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@rs.ge.

ამ თემაზე:

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების წარდგენა დაიწყო – ბოლო ვადა 20 იანვარია 

 

 

აშშ-ში მექსიკელი ნარკობარონის ცოლი დააკავეს

აშშ-ში, ვაშინგტონის აეროპორტში, დააკავეს მექსიკელი ნარკობარონის, ელ ჩაპოს ცოლი, კორონელ აისპურო.

31 წლის აისპუროს ბრალად ედება ნარკოტიკებით: კოკაინით, ჰეროინითა და მეტამფიტამინებით ვაჭრობა და დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა. ასევე, მას ბრალად ედება ქმრის მექსიკის ციხიდან გაქცევის ორგანიზება 2015 წელს.

აისპუროს ქმარი, 63 წლის ხოაკინ გუსმანი, იგივე ელ ჩაპო, 2019 წლიდან იხდის სამუდამო სასჯელს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის აშშ-ში. იგი ხელმძღვანელობდა ნარკოკარტელს და მიიჩნეოდა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დამნაშავედ.

აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ელ ჩაპოს ნარკოკარტელი პასუხისმგებელია ქვეყანაში 25 წლის განმავლობაში ასობით ტონა კოკაინის კონტრაბანდაზე. 2009 წელს ელ ჩაპო „ფორბსის“ მილიარდერების სიაში მოხვდა.

______________

ფოტო: cnn

„ოცნება მოქმედებს რუსეთის დაკვეთით“ – საპროტესტო აქცია ბათუმში| LIVE

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც ოპოზიცია ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება მიღებული ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება.

დღეს, 23 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელია დააკავეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ს ოფისის შტურმისას სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ენმ-ს ოფისთან დილიდან პოლიციელები და მაშველები იყვნენ მობილიზებული. ადგილზე ასევე მიიტანეს სპეციალური სახანძრო კიბე, რომლითაც პოლიციელები შენობის სახურავზე ავიდნენ და ოფისში ამ გზით შეაღწიეს.

დღეს, 23 თებერვალს, ამ წუთებში [15:30 სთ] თბილისში, კანცელარიასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად აქცია იმართება.

აქციას უერთდებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.

“სილქფესტი“ ულიმიტო ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს აბრუნებს

სილქფესტი“ 24 თებერვალს მობილური ქსელის მომხმარებლებს ულიმიტო ინტერნეტ და ულიმიტო სასაუბრო პირობებს შესთავაზებს:

[checklist]

  • ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად – ჩართვა კომბინაციით *019#
  • ულიმიტო სასაუბრო* – 10 ლარად – ჩართვა კოდით *202#

[/checklist]

პაკეტებით სარგებლობის ვადა 30 დღეა.

ერთდროულად ორივე პაკეტის გააქტიურების შესაძლებლობა მიეცემათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

*უსასრულო ზარები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

კოვიდის ვაქცინას „სანოფი“ და Johnson & Johnson-ი საფრანგეთში დაამზადებენ

ფრანგული კომპანია „სანოფი“ დაეხმარება Johnson & Johnson-ს Covid 19-ის ვაქცინის საფრანგეთში წარმოებაში.

Sanofi პარტნიორ ბრიტანულ კომპანია GSK-სთან ერთადაც მუშაობს Covid 19-ის სხვა, კანდიდატ ვაქცინაზე,  რომლის ცდის პირველი ეტაპიც დასრულდა და 22 თებერვალს კომპანიამ განაცხადა, რომ იწყება კლინიკური ცდების მეორე ეტაპი.

ცდები მოხალისეებზე ჩატარდება. Sanofi პასუხისმგებლობას იღებს ვაქცინის შემადგენლობასა და ჩამოსხმაზე ლიონთან ახლოს განთავსებულ ლაბორატორიაში. კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ Sanofi თვეში ვაქცინის 12 მილიონი დოზის წარმოებას შეძლებს.

Sanofi-სა და GSK-ს ერთობლივი ვაქცინის პირველმა ცდებმა არასაკმარისი შედეგები აჩვენა ყველაზე ხანდაზმულ პაციენტებში. ვაქცინის ამ ვარიანტის დასამზადებლად რეკომბინირებული პროტეინების ტექნოლოგია გამოიყენება. „სანოფი“ იმედოვნებს, რომ ვაქცინის გავრცელებას 2021 წლის ბოლოს დაიწყებს. თავდაპირველად კომპანიაში ფიქრობდნენ, რომ ვაქცინის გამოყენება  2021 წლის ზაფხულისთვის იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ პროცესი შეყოვნდა.

„სანოფის“ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სურთ პრიორიტეტად აქციონ საკუთარი წარმოების სხვადასხვა კანდიდატი-ვაქცინის დამუშავება, რისი მიზანიც მცირე დროში რაც შეიძლება მეტი დოზის წარმოებაა.

Sanofi სხვა შემთხვევაშიც იყენებს საკუთარ საწარმოო რესურსსა და ინსტრუმენტებს კონკურენტებთან სათანამშრომლოდ. მაგალითად, 2021 წლის ზაფხულიდან ფრანკფურტში მდებარე Sanofi-ს ლაბორატორიებში დაამზადებენ  Pfizer-BioNTech-ის მიერ შემუშავებულ Covid 19-ის ვაქცინის 125 მილიონზე მეტ დოზას.

კომპანია Sanofi ამერიკულ კომპანია Translate Bio-სთან ერთადაც შეიმუშავებს კანდიდატ ვაქცინას, რომელიც ინფორმაციული რნმ ტიპის ვაქცინაა, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმში გენეტიკური მასალის, ი-რნმ-ის შეყვანით მუშაობს, შეიცავს კორონავირუსის ე.წ. „წვეტოვანი“ ცილის შექმნის ინსტრუქციას. ეს ტექნოლოგიაა გამოყენებული Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს უკვე ნებადართულ ვაქცინებშიც.

საფრანგეთში ვაქცინაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Covid 19-ის ვაქცინის საშუალოდ 1 დოზა უკვე გაიკეთა 2 560 982-მა ადამიანმა.

“სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი” – ვოლსკი ნინო ლომჯარიაზე

პარლამენტის  პირველი ვიცე-სპიკერი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას „ნაცდამცველს“ უწოდებს და ამბობს, რომ დროა „ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს“.

„სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, რომელიც აბსოლუტურად, მთელი ცხოვრების მანძილზე, ვერ ჩამოიშორებს აი, ამ შეფასებას. ნინო ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ჯობია და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა აკავებდნენ. რამდენად გადააჭარბა თუ არ გადააჭარბა ძალას პოლიციამ. სწორი გადაწყვეტილება არის სასამართლოსი თუ არ არის სწორი გადაწყვეტილება, ამაზეც კი შეუძლია იმსჯელოს. მაგრამ რა იყო სამარცხვინო მე უკეთ ვიცი. სამარცხვინოა, როდესაც ადამიანებს დედას აგინებენ პირდაპირ ეთერში. პრეზიდენტს ამკობენ ისეთი სიტყვებით, რომელიც გამოწვევაა მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის და სახალხო დამცველი დუმს,“ –  თქვა გია ვოლსკიმ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

ვიცე-სპიკერის კომენტარს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

ვოლსკის კომენტარი სახალხო დამცველის მწვავე განცხადებას მოჰყვა.

https://netgazeti.ge/news/521277/

დღეს,  23 თებერვალს პოლიციამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი შტურმით აიღო და ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნიკა მელია დააკავა.

ის მოიყვანეს ეგზეკუტორად და უნდა წავიდეს – ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი ღარიბაშვილზე 

ღია საზოგადოების ფონდის დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა ტვ პირველის ეთერში ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შეფასებისას თქვა: „დღეს ფაქტობრივად დავრწმუნდით იმაში, რომ საქართველოში რუსეთის გავლენები გაიზარდა“. ფონდის დირექტორმა მელიას დაკავებას უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, ხოლო პრემიერ ღარიბაშვილს „ეგზოკუტორი“, რომელიც „ბრძოლის ტერმინებით მოვიდა“.

ქეთი ხუციშვილის შეფასება:

„დღეს ძალიან მძიმე და სამწუხარო ფაქტო მოხდა. ხელისუფლებამ, რომელიც ისედაც უკვე გვიჩვენებდა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესს წარმართავდა, დღეს ომი გამოუცხადა ოპოზიციას და საქართველოს იმ ნაწილს, რომელიც ერთიანად ოპოზიციურ სპექტრს უჭერს მხარს. მე ვიტყოდი, რომ დღეს გადალახეს ძალიან ბევრი წითელი ხაზი – ეს იყო ძალადობრივი შევარდნა ოპოზიციის ოფისში, სადაც ყველა ოპოზიცiის ლიდერი იმყოფებოდა.

ეს იყო ვითომცდა კანონის უზენაესობის სახელით ძალიან მძიმე ძალადობა. ის მცირე დემოკრატიული მონაპოვარი, რაც საქართველოს აქამდე ჰქონდა, შესაძლოა მთლიანად დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ…

დღეს ხელისუფლებამ უკან უნდა დაიხიოს, ეს მძიმე ფაქტი რამენაირად გამოასწოროს… პირველი, რაც უნდა მოხდეს, ის ერთი დღის დანიშნული პრემიერი, რომელიც მხოლოდ ოპოზიციას ბრძოლის ტერმინებით მოვიდა და რომელსაც არ ახსოვს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი სხვა პრობლემაა, ალბათ დღესვე უნდა გადადგეს. ფაქტობრივად ის მოიყვანეს ეგზეკუტორად და უნდა წავიდეს, როგორც ეგზეკუტორი. შემდეგ უნდა მოხდეს სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის განხილვა და ბოლოს და ბოლოს ერთხელაც სასამართლომ გამოიჩინოს დამოუკიდებლობა…

თუ ჩვენ აქამდე ვმარჩიელობდით, ხომ არ იწყებოდა რუსეთის გავლენის ზრდა საქართველოში ბოლო წლებში, დღეს ფაქტობრივად უკვე დავრწმუნდით და დავრწმუნდით იმაში, რომ მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო, დასავლეთი მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ არ წასულიყო ესკალაციაზე, კონფრონტაციაზე და მშვიდად, თუნდაც სამართლებრივად მოეგვარებინა საქმე, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დღეს კმაყოფილი იქნება იმით, რაც დღეს საქართველოში მოხდა, იქნება სამწუხაროდ რუსეთი.

მე არ მინდა ეს ვთქვა, მაგრამ მართლაც არის დიდი საფრთხე, რომ უკვე ვადგებით ბელარუსიის გზას და ეს გზა არ მიგვიყვანს ჩვენ ევროპაში, ეს გზა მხოლოდ რუსეთის ორბიტაზე დაგვაბრუნებს.

ქვეყანა ვერ გაუძლებს კიდევ ერთ დიდ სამოქალაქო დაპირისპირებას. ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება არ ესხმის თავს ოპოზიციას და არ მიდის საზოგადოების დიდი ნაწილის წინააღმდეგ.

მინდა მივმართო მას [ბიძინა ივანიშვილს] – ის ილუზორული წასვლა პარტიიდან და ხელისუფლებიდან შეიძლება ითქვას, აღმოჩნდა „აფიორა“. მე მინდა მას ვუთხრა, კარგად დაფიქრდეს მიდის თუ არა იგი მთელი დასავლეთის წინააღმდეგ, იწყებს თუ არა იგი საბოლოოდ პუტინის თამაშის თამაშს და სად იცხოვრებს შემდეგ. იფიქროს ამაზე. მას ამ შემთხვევაში არც საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი  უშველის. ცივილიზებული დასავლეთი მას არ მიიღებს“.

„ღარიბაშვილი ომის პარტიაა, გუშინ დანიშნული პრემიერი უნდა გადადგეს“ – ზვიად ქორიძე

მედიის სპეციალისტი ზვიად ქორიძე დღეს, 23 თებერვალს, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ „საქართველოს პარლამენტმა, თუ მას შერჩენია პოლიტიკური ინტუიცია და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, გადააყენოს გუშინ დანიშნული პრემიერი ღარიბაშვილი თანამდებობიდან“.

ზვიად ქორიძე წერს:

„ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ წერტილი დაუსვას საქართველოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული განვითარების პროცესს.

ნიკა მელიას დაპატიმრებითა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევით მან მხოლოდ “სამართალი კი არ აღასრულა”, არამედ ქართულ საზოგადოებას შესთავაზა კონფრონტაციისა და შეუწყნარებლობის პოლიტიკა;

განსხვავებული შეხედულებების, პოლიტიკური ოპონენტების, კრიტიკული მედიის მიუღებლობა არის ავტორიტარიზმის პოლიტიკა და სწორედ ამას დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტის 89 დეპუტატმა, როდესაც აირჩია ღარიბაშვილი პრემიერად. ეს ფორმალურად არის ნდობის ვოტუმი, მაგრამ არ არის საერთო-სახალხო ნდობა;

დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება მშვიდობა და სამოქალაქო თანხმობა. ირაკლი ღარიბაშვილი ომის პარტიაა. იგი დარწმუნებულია, რომ სწორედ აგრესიული რიტორიკითა და ქმედებით გააძლიერებს თავის ავტორიტარიზმს.

გუშინაც ასე ვფიქრობდი, როდესაც მას პარლამენტი ნიშნავდა პრემიერ-მინისტრად, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმომედგინა, თუ მეორე დილითვე შეუქმნიდა უკვე პრემიერი ღარიბაშვილი  საქართველოს ასეთ სერიოზულ პრობლემებს და გაწირავდა პოლიტიკური კრიზისისა და საერთაშორისო იზოლაციისთვის.

დღეს მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საზოგადოებამ გაიაზროს ეს რისკები და მოითხოვოს ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა;

დღეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების და დემოკრატიული წრეების მხარდაჭერა, რომ არ გაიწიროს ჩვენი სახელმწიფო;

დღეს მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა, თუ მას შერჩენია პოლიტიკური ინტუიცია და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, გადააყენოს გუშინ დანიშნული პრემიერი ღარიბაშვილი თანამდებობიდან.

სხვა შემთხვევაში, ქართული სახელმწიფო შედის ისეთ ჩიხში, სადაც იკარგება დამოუკიდებლობაც და დემოკრატიული განვითარებაც. ამ სტატუსით არ ვარკვევ, დამოუკიდებლად მივიდა ირაკლი ღარიბაშვილი ასეთ პოლიტიკამდე თუ სხვისი დავალებით. ფაქტია, რომ იგი დღეს პირისპირ დგას საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების დაკარგვის საფრთხესთან“.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისის შტურმი დღეს, 23 თებერვალს, დილით დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ს ოფისის შტურმისას სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ნიკა მელიას დაკავებას უკვე გამოეხმაურა დასავლეთი. „დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე,” – ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

“ქართული ოცნება” კიბერშეტევაზე განცხადებას ავრცელებს

პარტია “ქართული ოცნება” კიბერშეტევის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია პროვაიდერი კომპანიების აპარატურის მუშაობის შეფერხება.

არსებული მოვლენების ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, თუ საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ეს დანაშაულებრივი აქტი. აშკარაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის დანაშაული იქცა მოქმედების თითქმის ერთადერთ ფორმად.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული კიბერდანაშაული,” –  ნათქვამია პარტიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

„შეძრწუნებული ვართ საქართველოს ხელმძღვანელი პირების განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით“ – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო  საქართველოში ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო.

შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა.

დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე,” – ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს დილით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს. შტურმის შედეგად დაარბიეს პარტიის ოფისიც.

___

დასავლეთის რეაქცია ნიკა მელიას დაკავებაზე

დასავლეთის რეაქცია ნიკა მელიას დაკავებაზე

დღეს, 23 თებერვალს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. სამართალდამცავებმა ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისი შტურმით აიღეს. დაკავების დროს შეამტვრიეს ენმ-ის  ოფისის კარები და გამოიყენეს წიწაკის სპრეი. კადრებში, რომელიც ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გავრცელდა „ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან“, ჩანს რომ ოფისი დარბეულია  – დაზიანებულია ტექნიკა და ინვენტარი.

ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა.

შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ენმ-ის ოფისის შტურმს და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას შემაშფოთებელს უწოდებს.

“უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენები განვითარდა საქართველოში, როცა პოლიციამ ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისი შტურმი მიიტანა და მისი ლიდერი დააკავა. კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულება უნდა იყოს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პირობა”, – წერს ბილდტი.

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი, რომელიც 2014 წლიდან აღარ იკავებს ოფიციალურ თანამდებობას, საქართველოში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად ეხმაურება.

„ნავალნის დაკავება პირველი ტესტი იყო. მიანმარი — მეორე. საქართველო მესამეა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაიდენმა პირობა დადო, რომ მეტს გააკეთებს დემოკრატიის გასაძლიერებლად და ადამიანის უფლებებისთვის. ახლა დროა, ეს სიტყვები საქმით დამტკიცდეს“, – აცხადებს მაიკლ მაკფოლი.

„ბაიდენი იცნობს საქართველოს. მე მასთან ერთად ვარ იქ ნამყოფი 2009 წელს. მას შეუძლია იქაურობაზე გავლენა მოახდინოს“, – დაწერა მან ტვიტერზე.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავაკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ენმ-ის თავმჯდომარის დაკავებას ეხმაურება.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოში. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელის, რომ საქართველო — ახლო პარტნიორი და ასპირანტი — შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ძალიან ბევრი იმუშავა. ეს გულისხმობს პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრას დიალოგის გზით, პოლარიზებული რიტორიკისა და მოქმედებების თავიდან აცილებას”, – წერს აპატურაი.

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ტვიტერზე შემაშფოთებელს უწოდებს ნიკა მელიას დასაკავებლად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შტურმს.

“ძალიან შემაშფოთებელია, რაც დღეს საქართველოში მოხდა. პირველი, ვინც დაზარალდა, არის ქართველი ხალხი. მოვუწოდებ საქართველოს თავშეკავებისკენ და არა უკან დახევისკენ. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც იცავს კანონის უზეანესობასა და დემოკრატიას საქართველოში”, — წერს რასმუსენი ტვიტერზე.

გადამდგარი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა და ამას საქართველოსთვის უკან გადადგმული უდიდესი ნაბიჯი უწოდა.

“საქართველოსთვის უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი. ამით მხოლოდ კრემლი, ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა სარგებლობენ. ამაში არაფერია კარგი ქართველებისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ძლიერი აღმოჩნდება ამაში. კრემლი უყურებს”, — წერს ბენ ჰოჯესი ტვიტერზე.

ესტონელი ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “Renew Europe” წევრი ურმას პაეტი ასევე ეხმაურება ნიკა მელიას დაკავებას.

“ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით  მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების შესახებ. უთანხმოებათა აღმოსაფხვრელად ძალის გამოყენების ნაცვლად, საჭიროა სათანადო დიალოგი და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება”, — აღნიშნავს ის.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ნიკა მელიას დასაკავებლად მიმდინარე შტურმს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს დრამატული ქმედებები შეწყვიტოს:

“პირდაპირ ეთერში ვადევნებდი თვალს ამ რეიდს. ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ახლახან ისევ დავაინიცირეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს არაა ისეთი რამ, რაც ავტომატურად ხდება. ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან. მოცემულ დაძაბულ სიტუაციაში მთავრობას მოვუწოდებ ამ დრამატულ ქმედებებს შეეშვას,” – წერს ტვიტერზე კინზინგერი.

ენმ-ის ოფისთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი. კლეიტონის თქმით, ის შოკირებულია და აცხადებს, რომ ძალადობა და ქაოსი ახლა საქართველოს ყველაზე ნაკლებას სჭირდება:

“შოკირებული ვარ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დღეს დილით განვითარებულუ მოვლენებით. ახლა საქართველოს არ სჭირდება ძალადობა და ქაოსი თბილისში. მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში”, – ამბობს კლაიტონი.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი ასევე ტვიტერზე ეხმაურება ნიკა მელიას დაკავებას.

“მოვლენები ძალიან სავალალოდ ვითარდება საქართველოში, სადაც ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისზე შტურმი განხორციელდა. ვიმედოვნობ, საღი აზრი გაიმარჯვებს და ვითარების დეესკალაცია ჯერ ჯიდევ შესაძლებელია” — წერს კარპენტერი ტვიტერზე.

https://twitter.com/mikercarpenter/status/1364076310742597634

ფეისბუქზე ეხმაურება ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას.

“როგორც ჩანს, მართალი ვიყავი მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებმა ლიეტუვაში და რა თქმა, უმაღლესი ტრიბუნის მქონე პირებმა საქართველოს ხელისუფლებაში გამაკრიტიკეს მცდელობის გამო, შემეჩერებინა, რაც ახლა ხდება. ენმ-ის სათავო ოფისზე შტურმი მოხდა გაზის გამოყენებით ისე, როგორც ერთხელ პუტინმა გააკეთა. ოპოზიციის ლიდერი დააკავეს მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოპოზიცია დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამდა, ივანიშვილის სარდლები პუტინივით და ლუკაშენკოსავით იქცეოდნენ”, — წერს პავილიონისი.

Twitter-ზე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიას დაკავებას.

“ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. ოპოზიციის ოფისების შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაკავება შეუთავსებელია იმ მისწრაფებებთან, რომლებიც, საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ აქვს. ეს კრიტიკული მომენტია დემოკრატიისთვის საქართველოში”, — წერს მიხელსონი

მელიას დაკავებას განცხადებით ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში.

ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა.

დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე,” – ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

 

Exit mobile version