მთავარი,სიახლეები

ბათუმელები, რომლებიც დღეს „სინოფარმით“ აიცრნენ – „შიშით ვერ ვიცხოვრებთ“

04.05.2021 • 18522
ბათუმელები, რომლებიც დღეს „სინოფარმით“ აიცრნენ – „შიშით ვერ ვიცხოვრებთ“

სერა ძნელაძე ბათუმელი ფოტოგრაფია. მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დღეს, 4 მაისს, გაიკეთა. სერა ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასამარცხებლად აცრაა.

„მე პირადად ნებისმიერი ვაქცინის მომხრე ვარ. მიმაჩნია, რომ ვაქცინაციით უნდა შევუწყოთ ხელი ვირუსების დამარცხებას. ყველა რომ გაჯიუტდეს და არ აიცრას, მაშინ გადავშენდებით და ეს არის. ლოგიკურია, რომ პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანმა ახლა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაიკეთოს ვაქცინა.

მომბეზრდა ცხრა საათზე სახლში ჯდომა და ისედაც, ამდენი შეზღუდვა არც ბიზნესს არგია, არც ადამიანის ჯანმრთელობას. მშვიდად მაინც ვიქნები,“ – ამბობს სერა ძნელაძე.

„სინოფარმი“ ამ დროისთვის ათეულობით მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული. „მოდი, ვიქნები მეც მათ რიცხვში,“ – ამბობს ფოტოგრაფი.

სერა გვეუბნება, რომ ვაქცინებთან დაკავშირებულ ყველა სანდო წყაროს გაეცნო და მას აქვს ნდობა, თუმცა სამედიცინო პერსონალის განწყობები ჯერ კიდევ ასამაღლებელია.

„სანამ გამიკეთებდა ვაქცინას, ექთანმა პირჯვარი გადაიწერა – „ღმერთო მიშველეო“ და მერე გამიკეთა ვაქცინა. ამას სხვა რომ შესწრებოდა, ხომ გაბრუნდებოდა უკან.

მე ფეისბუქზე ფოტოებიც იმიტომ დავდე, რომ პირველ რიგში ჩემი მეგობრებისთვის მინდოდა მაგალითი მიმეცა. ვაქცინაცია აუცილებელია და ყველა უნდა ავიცრათ, თორემ, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ლოდინში კორონა მოგვისწრებს,“ – ამბობს სერა ძნელაძე.

დღეს „სინოფარმით“ აიცრა ჟურნალისტი ნაზიბროლა რეხვიაშვილიც.

„კარგად ვგრძნობ თავს. ვაქცინაცია იმიტომ გადავწყვიტე, რომ მიმაჩნია, ეს არის გამოსავალი. ჩვენი ორგანიზაცია ანტივაქსერული კამპანიის ნარატივზე მუშაობს და გვაქვს განწყობა, რომ აუცილებლად უნდა გავიკეთოთ ვაქცინა. ეს არის ერთადერთი გამოსავალი და დასასრული კოვიდპანდემიის. სხვა ხსნა არ არსებობს.

რაც შეეხება „სინოფარმს“, იმიტომ ავიცერი, რომ ბევრ ინფორმაციას ვეცნობი, რაც ქვეყნდება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და იქაც არის საუბარი, რომ უკუჩვენებები არ აქვს ამ ვაქცინას.

ამ გარემოში, ისედაც ყველაფერი რისკია, შიშებით ხომ არ ვიცხოვრებთ. თანაც ხელმისაწვდომი ჩვენთვის მხოლოდ ეს ვაქცინა იყო,“ – ამბობს ნაზიბროლა რეხვიაშვილი.

ნაზიბროლა ამბობს, რომ ვაქცინა ონლაინ დაჯავშნა. ვაქცინაციის შემდეგ ნახევარ საათზე მეტი ხნით ხდება მოსაცდელ ოთახში დაყოვნება, მანამდე ანკეტას ავსებენ. „სასურველია, რომ ვაქცინაციაზე უზმოზე არ მივიდეს ადამიანი,“ – ამბობს ნაზიბროლა.

„სინოფარმით“ აიცრა საჯარო პოლიტიკის ადმინისტრატორი, ტრენერი სოფლის განვითარების მიმართულებით, ასლან ართმელაძეც.

„ვფიქრობდი, რომ როცა ჩემი ასაკის ადამიანებისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი ვაქცინა, მაშინ ავიცრიდი, რადგან მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის გარდა სხვა შანსი არ გვაქვს, დროს ვერ გავწელავთ, რადგან ისედაც გაიწელა ამ აკრძალვებით.

„სინოფარმი“ ამ ეტაპზე ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც ახალგაზრდებისთვისაა ხელმისაწვდომი. „სინოფარმს“ სხვადასხვა სტატისტიკით კარგი შედეგები აქვს, 79-86 პროცენტამდე აქვს დაცვის მაჩვენებელი. ვიცი, ვირუსი არ გადამედება და თუ გადამედო, მაგ შემთხვევაშიც მცირდება გართულებების რისკი,“ – ამბობს ასლან ართმელაძე.

მისი თქმით, ბევრია ვაქცინაციის მიმართ ნეგატიურად განწყობილი, თუმცა ასლანი ფიქრობს, რომ ვაქცინას დღეს ალტერნატივა არ აქვს.

„34 მლნ გაკეთდა ჩინეთში და ერთი იყო თრომბოზის შემთხვევა. ეს თითქმის არაფერია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არც სხვებს უნდა ჰქონდეთ გართულება, თუ რაიმე ალერგიული რეაქცია არ აწუხებთ“.

ასლან ართმელაძე ამბობს, რომ მისი მეგობრებიც აპირებენ აცრას.

ამ დროისთვის საქართველოში „სინოფარმის“ ასი ათასი დოზაა შემოტანილი, ჯავშანი კი 18 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია საქართველოში დღეს დაიწყო.

___

ამავე თემაზე

სად და როგორ დავრეგისტრირდეთ covid 19-ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: