მთავარი,სიახლეები

როცა ქალზე იმიტომ ძალადობ, რომ ქალია – ინტერვიუ

04.03.2021 • 1492
როცა ქალზე იმიტომ ძალადობ, რომ ქალია – ინტერვიუ

ორი დღის წინ, როცა პროკურატურამ მორიგ ქალზე ძალადობის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, იქვე აღნიშნა, რომ „პროკურატურა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრად რეაგირებს. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 208 პირის მიმართ“.

გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობა, როგორც სასჯელის დამამძიმებელი გარემოება, სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წელს გაჩნდა. პროკურატურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ 2019 წელს 119 საქმე იყო ასეთი, 2018 წელს – 111.

გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა ის შემთხვევაა, როცა, მაგალითად, ქალზე ძალადობ, ან მის ჯანმრთელობას აზიანებ იმის გამო, რომ ის ქალია. ამ შემთხვევაში, პროკურატურა პირს ცემის გამო ედავება, მუქარის, თუ ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით, მოსამართლეს მოუწევს დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინება, ანუ იმის, რომ დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით.

რამდენით მძიმდება ამ დროს სასჯელი და რისი მაჩვენებელია ეს ციფრები – „ბათუმელები“ ანა თავხელიძეს ესაუბრა, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტს.

  • რას ნიშნავს პროკურატურის მონაცემი – 208 პირის მიმართ დაიწყო დევნა, როცა ქალზე იმიტომ იძალადეს, რომ ის ქალია? 

ეს, პირველ რიგში, არ ნიშნავს იმას, რომ გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა, წინა წლებში სრულყოფილად არ ხდებოდა ასეთი შემთხვევების შესწავლა და რეაგირება. სრულყოფილად ახლაც არ რეაგირებენ, მაგრამ გაუმჯობესებულია რეაგირების მაჩვენებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურამ ისწავლა დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთა სისხლის სამართლის საქმეებში.

ეს მონაცემი არ ასახავს რეალობას სინამდვილეში და შემთხვევები გაცილებით მეტია, როცა გენდერის ნიშნით ძალადობენ ქალზე. არის ბევრი სისხლის სამართლის საქმე, სადაც ვერ გამოიკვეთა სათანადოდ გენდერული ნიშანი, თუმცა წინა წლებთან შედარებით რომ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ეს მონაცემი ამას ნამდვილად ადასტურებს. თითქმის ყველა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 90 პროცენტი ქალია. საერთაშორისო სტანდარტებში პირდაპირ გვიწერია, რომ ეს არის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა, ამიტომ დისკრიმინაციული მოტივი ავტომატურად უნდა მიენიჭოს ოჯახში ძალადობის საქმეებს. პროკურატურა კი ამ საქმეებში დამატებით არგუმენტებს ეძებს.

  • მანამდე და ახლაც რა ქმნის ამ პრობლემას – მგრძნობელობა, თუ კომპეტენცია? 

გამომძიებლებს და პროკურორებს ჰქონდათ დამოკიდებულების და კომპეტენციის პრობლემაც. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა გენდერული ნიშანი აშკარად იყო სახეზე და პროკურორმა არ წაუყენა ბრალი დისკრიმინაციული მოტივით, რაც იყო მნიშვნელოვანი დარღვევა.

წინა წლებში იყო საკანონმდებლო ხარვეზი, როცა არ იყო დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეული დისკრიმინაციული ნიშანი. მას შემდეგ, რაც დისკრიმინაციული ნიშანი დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა, რამდენიმე წელი დასჭირდათ პროკურატურას და სახელმწიფოს იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საქმეებში გენდერული შეუწყნარებლობის მოტივი, დისკრიმინაცია გამოეკვეთათ. ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ხდება ძირითადად გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

  • რას ნიშნავს კონკრეტულად გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა?

მარტივად ეს ნიშნავს იმას, რომ ქალზე ძალადობენ იმის გამო, რომ ის ქალია. საზოგადოებაში, როგორც ცნობილია, დამკვიდრებულია არაერთი გენდერული სტერეოტიპი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა არის ქალის ვალდებულება, რა არის კაცის ვალდებულება. სტერეოტიპების მიხედვით, ქალის ვალდებულებაა, რომ მან საჭმელი მოამზადოს, ბავშვები აღზარდოს, არ იმუშაოს და ოჯახს მოუაროს. თუ, მაგალითად, ქალზე იძალადებენ იმის გამო, რომ მან ცხელი საჭმელი არ მოუმზადა ქმარს, ეს არის გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობა.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა? 

პირველ რიგში, მოტივის გამოკვეთა ნიშნავს პრობლემის აღიარებას, იმის ხაზგასმას, რომ საქართველოში, მაგალითად, ქალებზე იმიტომ ძალადობენ, რომ ისინი ქალები არიან, ან შშმ პირებზე იმიტომ ძალადობენ, რომ ისინი შშმ პირები არიან. მოტივის გამოკვეთა მნიშვნელოვანია, რადგან სამართლიანობის აღდგენა ხდება. მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ამ ყველაფრის დათვლა და მოტივის გამოკვეთა ეხმარება იმაში, რომ სწორად დაგეგმოს პოლიტიკა, ხოლო შემდეგ გაატაროს პრევენციული ღონისძიებები. ეს არის საჭირო იმისათვის, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა იყოს სწორი, შეისწავლოს ეს საქმეები, შესაბამისად იმუშაოს მსხვერპლებთან და ასე შემდეგ.

  • გენდერული მოტივის გამოკვეთა რამდენად ამძიმებს პასუხისმგებლობას?

ეს სასჯელის დამამძიმებელი გარემოებაა. აღსანიშნავია, რომ თუ ამ მოტივზე თავად პროკურატურამ არ აღნიშნა ბრალის შესახებ დადგენილებაში, სასამართლო თავისი ინიციატივით [თუნდაც დაინახოს საქმის მსვლელობის დროს, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი] ვერ დაუმძიმებს სასჯელს, თუკი თავის დროზე პროკურორმა მოთხოვნა არ დააყენა. შემდეგ მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად უნდა დაუმძიმოს სასჯელი.

  • როგორია სასამართლო პრაქტიკა, რამდენით მძიმდება ამ დროს სასჯელი? 

როგორც წესი, სასამართლო იზიარებს პროკურატურის კვალიფიკაციას, თუმცა ზოგადად სასამართლოს დამოკიდებულება და მიდგომა ოჯახში ძალადობის საქმეებზე მაინცდამაინც მგრძნობიარე არ არის, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა.

53-ე პრიმა ერთი მუხლი ამბობს, რომ ამ დროს მინიმალურ სასჯელს ვერ დანიშნავს მოსამართლე, თუმცა მან უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის ხასიათი და ქმედების სიმძიმე. მაგალითად, თუკი კონკრეტული დანაშაული ითვალისწინებს 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ერთ წელს მოსამართლე ვეღარ დანიშნავს, როცა გენდერული ნიშნითაა ჩადენილი დანაშაული. მოსამართლე მაქსიმალურ სანქციას ვერ გასცდება, თუმცა მინიმალურსაც ვერ დანიშნავს.

  • რამდენად არსებობს გენდერული მოტივის გამოკვეთაში პრევენციის მიზანი? 

მკაცრი სასჯელი არის გარკვეულწილად პრევენციული, მაგრამ ეს არ არის ეფექტური, თუკი მთავარი აქცენტი არ არის ცნობიერების ამაღლება, რაც ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლია. რეალურად სკოლებსა და საგანმანათლებლო სივრცეებში ასწავლიან ისევ გენდერულ სტერეოტიპებს, არაჯანსაღ დამოკიდებულებებს. ზოგადად, მკაცრი სასჯელი არის პრევენციის ხელშემწყობი გარემოება, მაგრამ არა ერთადერთი.

ხელისუფლებას კანონით ევალება ამ სტატისტიკის წარმოება – მაგალითად, „სტამბოლის კონვენციის“ მე-11 მუხლი ავალდებულებს სწორედ გენდერული სტატისტიკის წარმოებას, ამის საფუძველზე ვედავებოდით პროკურატურას, ასევე შსს-ს, რომ დაეთვალა ძალადობის ფორმები, რამდენი იყო გენდერული ნიშნით ძალადობა, რასაც არ ითვლიდა სახელმწიფო და ჩვენ მიმდინარე დავა გვაქვს შსს-თან, რომ გენდერული სტატისტიკა აწარმოოს, რომ უფრო აღქმადი იყოს, სად აქვს სახელმწიფოს ჩავარდნა, სად ვერ რეაგირებას, სად რეაგირებს. სხვაგვარად მტკიცებულებებზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკას ვერ შეიმუშავებს ვერცერთი უწყება, მათ შორის, სასამართლო, რომელსაც სჭირდება გარკვეული პოლიტიკა, როგორ უნდა იმუშაოს ამ საქმეებზე.

  • თქვენი ინფორმაციით, რამდენად ხდება დისკრიმინაციის სხვა ფორმების გამოვლენა, მაგალითად, როცა ადამიანზე ძალადობენ გენდერული იდენტობის გამო? 

სიტუაცია არის თითქმის იგივე, უბრალოდ, ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი არის ბევრად მეტი, ვიდრე სხვა კატეგორიის საქმეები. განსაკუთრებული პრობლემაა, როცა ძალადობენ შშმ პირზე იმის გამო, რომ ის შშმ პირია. მათ განცხადებას სერიოზულად ჯერ კიდევ არ იღებს სახელმწიფო, არც დაზარალებულის სტატუსს ანიჭებს. შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციული ნიშნის გამოკვეთა უცვლელი პრობლემაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: