მთავარი,სიახლეები

როგორ მოვიქცე, როცა ქუჩაში პოლიციელი მაჩერებს? – იურისტის რჩევები [ვიდეო]

03.05.2021 • 14509
როგორ მოვიქცე, როცა ქუჩაში პოლიციელი მაჩერებს? – იურისტის რჩევები [ვიდეო]

ჰქონდა თუ არა მოქალაქეს გაქცევის უფლება, ვისი შეჩერებაც რამდენიმე დღის წინ პოლიციელმა ქუჩაში პირბადის არქონის გამო სცადა? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც იურისტს, გიორგი ხიმშიაშვილს დავუსვით. იურისტს ყველაზე აქტუალურ კითხვებზე ვთხოვეთ პრაქტიკული ინფორმაციის მოწოდება – შემთხვევა, როცა ქუჩაში პოლიციელი გვაჩერებს, ფოტოს გვიღებს, ჩხრეკას გვიპირებს…

  • გიორგი, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა პოლიციელი ქუჩაში გვაჩერებს და ინტერესდება ვინ ვართ, სად მივდივართ ან რატომ ვართ ქუჩაში?  

თქვენი მონაწილეობა საპოლიციო ღონისძიებებში არის ნებაყოფლობითი. მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიციელთან კომუნიკაციის დროს უნდა იცოდეთ თითოეული მოქმედების შესახებ. განსხვავებით სისხლისსამართლებრივი პოლიტიკისგან, იქ თუ თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ უარი განაცხადოთ, ან მითითება მისცეთ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს მათ მიერ კანონით განხორციელებულ პროცედურებზე, ამ შემთხვევაში, საპოლიციო ღონისძიებებს როდესაც ეხება საკითხი, საუბარია უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და სტანდარტზე, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

პირის გამოკითხვა არის საპოლიციო ღონისძიება, რომელიც არის პირველადი კომუნიკაციის შესაძლებლობა და საშუალება, მაგრამ პოლიციელს ასე მარტივად, ცხადია ამ კითხვების დასმის უფლება არ აქვს. პირველ რიგში, თქვენი შეჩერება და გამოკითხვა უნდა იყოს დაკავშირებული გარკვეულ გარემოებებთან. ეს შესაძლოა იყოს თქვენი მსგავსება სამართალდარღვევაში მონაწილე პირთან, ან უშუალოდ თქვენ იყოთ ჩართული სამართალდარღვევაში, ან პოლიციელს აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თქვენ რაიმე ტიპის სამართალდარღვევას ჩაიდენთ.

ასევე შესაძლებელია, რომ სამძებრო ღონისძიებას ატარებდეს პოლიციელი და მას სჭირდება თქვენი იდენტიფიცირება იმისთვის, რომ დაადგინოს თქვენსა და ძებნილ პირს შორის შესაძლო კავშირი. თქვენი გამოკითხვა უნდა იყოს დაკავშირებული ობიექტურ მიზეზთან. პოლიციელის სუბიექტური სურვილი, რომ მას სურს რაღაც გაიგოს თქვენს შესახებ, ამის უფლება მას არ აქვს.

  • რა უნდა ვიცოდეთ ამ დროს, როცა პოლიციელი იწყებს ჩვენს გამოკითხვას ქუჩაში? 

პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ვესაუბრებით სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს. პოლიციელის აღქმის პირველი შესაძლებლობა არის პოლიციელის უნიფორმა. თუ ეს ფორმა მას არ აცვია და არც სხვა გარემოებები არ გაძლევთ მოლოდინის საფუძველს, რომ პოლიციელთან გაქვთ ურთიერთობა, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ, მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის წარმოდგენის ვალდებულებაც აქვს პოლიციელს. თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, ვინ არის პოლიციელი, ვისთანაც პირველ ეტაპზე გაქვთ ეს კომუნიკაცია.

რაც შეეხება ჩვენი შეჩერების საფუძველს და მიზეზებს – ეს უნდა განმარტოს პოლიციელმა და ამის ვალდებულება მას აქვს. ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც პოლიციელმა შესაძლოა ვერ მოასწროს ამ უფლებების განმარტება, ან ამის ობიექტური შესაძლებლობა არ იყოს, ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა. პირის გამოკითხვა და ნებისმიერი სხვა საპოლიციო ღონისძიება, რომელშიც თქვენ შესაძლოა მიიღოთ მონაწილეობა, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ნებაყოფლობითია, ანუ ეს დაკავშირებულია თქვენს სურვილზე, გქონდეთ პოლიციელთან კომუნიკაცია, ითანამშრომლოთ და მიაწოდოთ მას გარკვეული ინფორმაცია. არანაირად ეს არ შეიძლება იყოს დაკავშირებული ძალადობასთან, პირის იძულებასთან, ფიზიკურ შეურაცხყოფასთან. თქვენ გაქვთ უფლება, რომ არ გასცეთ ინფორმაცია და პოლიციელს არ აქვს უფლება, რომ რაიმე სახის ზემოქმედებით გაიძულოთ ინფორმაციის გაცემა.

  • რისი უფლება აქვს პოლიციელს, რასაც უარით ვერ ვუპასუხებ? 

პერსონალური მონაცემი არის მხოლოდ სახელი და გვარი, პირადი ნომერი. თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ პოლიციელს თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან პასპორტი, რომლითაც პოლიციელს თქვენი იდენტიფიცირება შეეძლება. სხვა ინფორმაციის გაცემის ვალდებულება, მაგალითად: საიდან მოდიხართ, სად მიდიხართ, რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ უფლება, რომ ეს ინფორმაცია არ გასცეთ. ზოგადად, არც პოლიციელი უნდა სვამდეს ამ კითხვებს, რადგან ეს არ არის დაკავშირებული პირის იდენტიფიცირებასთან. თუ ადამიანს შეუძლია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მიაწოდოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს, ცხადია ამ კითხვების დასმის უფლება პოლიციელს არ აქვს.

  • აქვს თუ არა პოლიციელს უფლება ფოტო გადამიღოს? 

ფოტოს გადაღება არის პირის იდენტიფიცირების ერთ-ერთი საშუალება, მაგრამ ფოტოს გადაღება არის ისეთი საპოლიციო ღონისძიება, როდესაც ვერ ხერხდება პირის იდენტიფიცირება. ფოტოს გადაღება არის უკიდურესი აუცილებლობა, როდესაც პოლიციელი გვეკითხება, ვინ ვართ და ამას ვერ ვპასუხობთ, ან დაგვავიწყდა ჩვენი პერსონალური მონაცემები, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს პოლიციელს უფლება, გადაგვიღოს ფოტო. მას აქვს უფლება ასევე გადაგვიღოს ფოტო ფიზიკურ მახასიათებელზე, მაგალითად, ტატუზე, გაზომოს ჩვენი სიმაღლე, ჩაიწეროს ხმა, თითის ან ხელის გულების ანაბეჭდები აიღოს.

ეს პროცედურა მოითხოვს სპეციალური ოქმის შედგენას, სადაც უნდა გაიწეროს ყველა ღონისძიება, რაც განახორციელა პოლიციელმა. თქვენ თუ არ ეთანხმებით ამ საპოლიციო ღონისძიებას, ან თვლით, რომ პოლიციელმა კანონის დარღვევით გადაგიღოთ ფოტო, ან სხვა საპოლიციო ღონისძიება განახორციელა, უფლება გაქვთ ეს დააფიქსიროთ ოქმში, დაადასტუროთ ხელმოწერით და მიიღოთ ამ ოქმის ასლი. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, ეს შესაძლებლობას მოგცემთ, საპოლიციო ღონისძიებები გაასაჩივროთ, მიმართოთ სასამართლოს. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურებაც, რაც მოგადგათ თქვენ ამ საპოლიციო ღონისძიებით.

არსებობს პრაქტიკა, როცა ოქმზე ხელს არ აწერენ. მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ოქმზე ხელის მოწერა არ ადასტურებს და არც უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენას. ოქმზე ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ იმ საპოლიციო ღონისძიების ჩატარებას, რაც განახორციელა პოლიციელმა.

ოქმში ინფორმაციის შეტანა არის პირველადი წყარო იმისთვის, რომ შემდეგ ნებისმიერმა იურისტმა შეძლოს ინფორმაციის მიღება, ეს ინფორმაცია არის იმისთვის, რომ თქვენი სამართლებრივი დაცვის ინტერესები დაეფუძნოს ოქმში ასახულ ინფორმაციას. ასე რომ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ოქმზე ხელის მოწერაზე ნუ ვიტყვით უარს. პირიქით, მოვითხოვოთ ოქმი, მასში ინფორმაციის შეტანა და თუ ვთვლით, რომ რაღაც ინფორმაცია მიაკლო პოლიციელმა, ან არ შეიტანა განზრახ, გაუფრთხილებლობით, უფლება გაქვთ, ეს თავად ასახოთ ოქმში.

  • მაქვს თუ არა უფლება არ მივიდე პოლიციის განყოფილებაში, როცა იქ მიბარებენ? 

პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებაც არის ნებაყოფლობითი პროცედურა. თუ მე არ მსურს გამოვცხადდე სამართალდამცავ ორგანოში, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და პოლიციელი ვალდებულია, ჩემი ეს სურვილი გაიზიაროს. ამას თქვენი არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყვება. თქვენ იძულებით მიყვანას პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველი ვერ მოახდენს, მაგრამ, ცხადია, რომ თანამშრომლობა და პოლიციელებთან კომუნიკაცია სწორი სამართლებრივი პრაქტიკაა. პოლიციელი საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვაში ვერ იქნება მხოლოდ სუბიექტი საზოგადოების გარეშე და როცა საზოგადოება ხელს უწყობს მას, ეს ერთგვარი დემოკრატიული პროცესის ზრდის კარგი შესაძლებლობა და საშუალებაა.

რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა უნდა იყოს მორგებული ადამიანის დროის შესაძლებლობაზე: თუ მე ვმუშაობ და არ მაქვს საშუალება, მითითებულ დროს გამოვცხადდე პოლიციის განყოფილებაში, შემიძლია შევთავაზო პოლიციის თანამშრომელს კონკრეტული დრო, რაც აბსოლუტურად გაზიარებული უნდა იყოს, ვინაიდან თუ ისიც დაინტერესებულია, რომ ჩემგან ინფორმაცია მიიღოს, უნდა მომცეს შესაძლებლობა, რომ მას შევხვდე ჩემთვის სასურველ დროს.

  • როდის შეიძლება გამჩხრიკოს პოლიციელმა? 

გაჩხრეკა არის ყველაზე მკაცრი საპოლიციო ღონისძიება და ჩხრეკის ჩატარება უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესს, ანუ ეს უნდა იყოს დანაშაულის შემადგენლობა. ჩხრეკის დროს პოლიციელს უფლება აქვს ტანსაცმელსა და ტანსაცმლის შიგნით ჩაყოს ხელი, ან კონკრეტული საგნის გამოყენებით შეგამოწმოს. რაც შეეხება პოლიციელის მხრიდან შემოწმებას, როცა ის ქუჩაში გვაჩერებს და ეს არ უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეს, ეს უნდა იყოს დაკავშირებული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ან აკრძალული ნივთის ფლობასთან, გადატანასთან, ან პოლიციელს უნდა უქმნიდეს საფუძვლიან ვარაუდს, რომ ჩვენ ამ ნივთს ვფლობთ. სხვა შემთხვევაში რომ გამაჩეროს ვინმემ და მოითხოვოს ჩემი შემოწმება, ეს არ გამოვა. პოლიციელს ამ დროს არ აქვს ჩხრეკის უფლება. მას არ შეუძლია, მაგალითად, ჯიბეში ხელი ჩამიყოს, გახსნას ავტომანქანის სალონი და დაათვალიეროს დახურული ნაწილები, რასაც გახსნა სჭირდება. მას შეუძლია მხოლოდ გარეგანი დათვალიერება, ანუ, მაგალითად, თუ ჩემს ტანსაცმელს აქვს გარედან ჯიბე, პოლიციელს უფლება აქვს მას გარედან ხელი მიადოს და დაათვალიეროს, მაგრამ მას არ აქვს უფლება, ჯიბეში ხელი ჩაგიყოთ, ან ჯიბეები გადმოატრიალოს.

მნიშვნელოვანია, რომ შემოწმების ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს. ცხადია, ეს შემოწმებაც არის ნებაყოფლობითი. პოლიციელმა ასევე უნდა განგიმარტოთ, რომ თუ მართლაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს ფლობთ, თავად წარმოადგინოთ ეს ნივთი, მაგრამ თუ თქვენ ამ ნივთს არ ფლობთ, ან ეს დამაჯერებელი არ არის პოლიციელისთვის, მას აქვს ტანსაცმლის გარეგანი დათვალიერების უფლება. თუ ის საპირისპირო სქესის წარმომადგენელია, მას არ აქვს თქვენი გარეგანი დათვალიერების უფლება.

  • გახმაურებულ შემთხვევაზე მინდა გკითხოთ – ბათუმში პოლიციელი ქუჩაში გაეკიდა კაცს, რომლის დაჯარიმებაც სცადა პირბადის არქონის გამო. კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა არის „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა“? 

როდესაც გარკვეული სამართალდარღვევის ჩადენაში შემჩნეულია პირი და არსებობს ლეგიტიმური საფუძველი, რომ პოლიციელმა მის მიმართ გაატაროს ღონისძიებები, რა თქმა უნდა, პოლიციელის მოქმედება კანონიერია. როდესაც პოლიციელმა ამ შემთხევაში სცადა შეემოწმებინა პირის მონაცემები, დაინტერესდა, თუ რატომ არ ატარებდა იგი პირბადეს, ამ დროს გაქცევა არ იყო კანონიერი პროცედურა. გაქცევის დროს ჩვენ შეგვიძლია ჩავიდინოთ მეორე სამართალდარღვევა უნებლიეთ  – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა.

ჩვენ უნდა გავმიჯნოთ პროცედურულად ორი ძირითადი მომენტი: პირველი, როდესაც ჩვენ არ მიგვიძღვის ბრალი სამართალდარღვევის ჩადენაში, ამ დროს ჩვენი უფლებაა, ნებაყოფლობით მივიღოთ მონაწილეობა საპოლიციო ღონისძიებაში და მეორეა, როცა ძალიან აშკარაა პირის მონაწილეობა კონკრეტულ სამართალდარღვევაში და პოლიციის მოთხოვნა ჩემ მიმართ, შესაძლოა იყოს დაკავშირებული კანონიერ მოთხოვნასთან და მისი შეუსრულებლობა იწვევდეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

  • როდესაც მაკავებენ, მაქვს თუ არა უფლება დავურეკო ოჯახის წევრს, ადვოკატს?

დაკავება ეს არის ყველაზე მკაცრი ფორმა, საშუალება, რომელსაც პოლიციელი უნდა იყენებდეს უკიდურესი აუცილებლობის დროს. დაკავება არ უკავშირდება მაინცადამაინც სამართალდარღვევას, ეს უნდა იყოს გარდაუვალი აუცილებლობა. პასუხისმგებლობის თავიდან არიდების, მიმალვის ან ახალი სამართალდარღვევის ჩადენის რისკი უნდა არსებობდეს. ხშირად დაკავება ატარებს ფორმალურ ხასიათს, ანუ გვეუბნება სამართალდამცველი, რომ დაკავებული არ ვართ, მაგრამ გვიზღუდავს გადაადგილებას, არ გაძლევთ საშუალებას, რომ დაუკავშირდეთ თქვენი ოჯახის წევრებს, ადვოკატს და ასე შემდეგ.

დაკავების დროს, რა თქმა უნდა, თქვენი უფლებაა, რომ დაუკავშირდეთ ოჯახის წევრებს, ადვოკატს. ადვოკატთან შეხვედრის უფლება უნდა იყოს ცალსახად რეალიზებული, ეს დაკავშირებულია საპროცესო, თუ სხვა სახის უფლებებთან. ასევე თქვენ გაქვთ დუმილის უფლება, რაც კონსტიტუციური უფლების ნაწილია. დუმილის უფლებით სარგებლობა არ ნიშნავს თქვენს ბრალეულობას, ან თქვენ უდანაშაულობას. დუმილის უფლება უბრალოდ არის ფაქტობრივი მოცემულობა, როცა თქვენ არ გასცემთ ინფორმაციას.

ადმინისტრაციული დაკავების დროს სამართალდამცავი ორგანო ვალდებულია თქვენი დაკავების ოქმი წარადგინოს სასამართლოში. თქვენი აღიარება რომც არსებობდეს, ეს არაა საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ სამართალდარღვევა ჩაიდინეთ. ყველა შემთხვევაში თქვენ მიმართ გატარებული იძულებითი ღონისძიებები მოითხოვს მტკიცებას. თქვენი ბრალეულობა უნდა იყოს დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: