მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა არის თრომბი და როგორ ავიცილოთ თავიდან – ექიმის რჩევები

03.05.2021 • 83140
რა არის თრომბი და როგორ ავიცილოთ თავიდან  – ექიმის რჩევები

სისხლის შედედების თვისება ყოველთვის ნეგატიური მოვლენა არ არის. თრომბები, იგივე სისხლის კოლტები სასარგებლოა, როდესაც ისინი ფიზიკური დაზიანების ან ჭრილობის საპასუხოდ წარმოიქმნებიან, კეტავენ დაზიანებულ სისხლძარღვს, რაც აჩერებს სისხლდენას. მაგრამ ზოგიერთი თრომბი ვენების შიგნით ყოველგვარი სასარგებლო მიზეზის გარეშე წარმოიქმნება და არ იშლება ბუნებრივი გზით.  ასეთ შემთხვევაში შესაძლოა სამედიცინო დახმარება გახდეს საჭირო, განსაკუთრებით, თუ თრომბი ფეხების არეში ან უფრო კრიტიკულ ადგილებშია, მაგალითად, ფილტვებსა და თავის ტვინში.

რა არის თრომბი, როგორ ჩნდება ის და როგორ ავიცილოთ თავიდან სისხლის შედედება? – ამ და სხვა კითხვებზე ნევროლოგმა ჯამბულ მაკარაძემ გვიპასუხა.

  • ბატონო ჯამბულ, რა არის თრომბი, როგორ ჩნდება ის?

თრომბი წარმოადგენს სისხლძარღვში, ვენაში ან არტერიაში სისხლის კოლტს, ანუ შედედებულ სისხლს. თრომბის წარმოქმნა საკმაოდ რთული პროცესია. ის შეიძლება განვითარდეს ორი – სისხლძარღვის კედელზე მოქმედი მექანიზმითა და კოაგულაციური ფაქტორებით განპირობებული მექანიზმით.

ერთის შემთხვევაში უნდა დაზიანდეს სისხლძარღვის კედელი და ამ სისხლძარღვში გამავალი სისხლის ელემენტები, რასაც ჰქვია თრომბოციტები. თრომბოციტების აგრეგაცია ანუ დაგროვება-დაჯგუფება ხდება დაზიანებული სისხლძარღვის კედელთან. შესაბამისად, მიდის რთული ქიმიური პროცესი, გამომუშავდება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც მერე თრომბის წარმოქმნას უწყობს ხელს და შესაბამისად, სისხლძარღვიც ვიწროვდება ამ ადგილას.

მეორე მექანიზმი უფრო ნელია, როცა ფიბრინოგენი, სისხლში არსებული ცილა, რომელიც მონაწილეობს სისხლის შედედებაში, გარდაიქმნება ფიბრინად. ფიბრინი ქმნის ისეთ ბადეს, სადაც უკვე  თრომბოციტები ილექება და ამდაგვარად მოხდება თრომბის/კოლტის წარმოქმნა.

ზოგადად თრომბის წარმოქმნა არის დიდი ჯაჭვი, 12-13 ფაქტორი მოქმედებს სისხლის შედედებაზე.

  • რამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვის დაზიანება?

ეს შესაძლოა გარეგანი დაზიანების შედეგად მოხდეს, იგივე ტრავმების დროს. არის კიდევ ქიმიური პროცესები, რაც აზიანებს სისხლძარღვის კედელს. მაგალითად, ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი რეაქციები. შესაძლოა სისხლძარღვი დააზიანოს საყოველთაოდ ცნობილმა ნიკოტინმა, რომელიც ქიმიურად აზიანებს სისხლძარღვის კედელს და ამიტომ არის ნიკოტინი მიჩნეული ათეროსკლეროზის და შემდგომში თრომბოზის ფორმირების ერთ-ერთ გავრცელებულ მიზეზად.

მნიშვნელოვანი ფაქტორებია ორგანიზმში არსებული გარკვეული ნივთიერებების სიჭარბე ან ნაკლებობა, ან სხვადასხვა ორგანოში  განვითარებული დაავადებები და მათ ფონზე მიმდინარე ცვლილებები შემდედებელი სისტემის მხრივ.

არსებობს დაავადებები, რომლებიც შეეხება უშუალოდ სისხლის დაავადებებს. მაგალითად, თრომბოციტოზი, როცა ჭარბი რაოდენობითაა სისხლის ის უჯრედები, რომლებიც ადედებს სისხლს, ეს ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას. არსებობს საპირისპირო მოვლენა – თრომბოციტოპენია – როცა თრომბოციტები ცოტაა და სისხლდენის საშიშროება არსებობს. ეს შესაძლოა გამოიწვიოს თრომბის საწინააღმდეგო სამკურნალო ნივთიერებების უკონტროლო მიღებამაც.

  • რა ტიპის მედიკამენტები ან პროდუქტებია საყურადღებო, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას?

აი, მაგალითად, K ვიტამინი (რომელიც ჩვენთან ცნობილია ვიკასოლის დასახელებით), ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას. არსებობს მედიკამენტები, რომლებითაც ჩვენ თრომბს ვებრძვით, მაგალითად ჰეპარინი, იგი სწორედ ამ K ვიტამინზე მოქმედებს, ანუ ბოჭავს მას და ხელს უშლის, რომ K ვიტამინმა შეადედოს სისხლი და წარმოქმნას თრომბი.

რაც შეეხება ასეთ პროდუქტს, ეს შეიძლება იყოს ფოთლოვანი მწვანილეული, განსაკუთრებით წიწმატი, რომელშიც შედის დიდი რაოდენობით K ვიტამინი.

  • კვებასთან დაკავშირებით რა რეკომენდაციები არსებობს  თრომბის პრევენციისთვის? რა საკვებს უნდა მოვერიდოთ, რომ თრომბი ავიცილოთ თავიდან? 

ცხიმოვანი საკვები, განსაკუთრებით ცხოველური ცხიმი – ქონი და კარაქი, ხელს უწყობს ათეროსკლეროზის ანუ ცხიმის გროვების დაგროვებას სისხლში, შესაბამისად, ეს ხელს უწყობს თრომბების განვითარებას ანუ სისხლძარღვთა დახშობას.

როდესაც სისხლძარღვის კედელზე ჩნდება ათეროსკლეროზული ფოლაქი, ცხიმოვანი ლაქა, დროთა განმავლობაში ეს სისხლძარღვი ზიანდება და გარკვეული დროის მანძილზე ხდება თრომბოციტებისა და შემდედებელი ნივთიერებების აგრეგაცია ანუ დალექვა. ასე ყალიბდება ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც საბოლოო ჯამში თრომბოზის მიზეზია.

ის იმხელა ხდება ზომით, რომ ან ადგილზევე დაახშობს ამ სისხლძარღვს ან, შესაძლოა, რომ თრომბის ფრაგმენტი/ნაწილი მოწყდეს სისხლძარღვის კედელს, გაჰყვეს სისხლის ნაკადს, სადაც  ვიწრო დიამეტრის სისხლძარღვი იქნება იქ შეიძლება დაახშოს და ინფარქტი გამოიწვიოს.

გამოშრობა, სითხის დაკარგვა – ახლა ზაფხული მოდის და განსაკუთრებით ასაკოვან ხალხს ეხებათ ეს, რადგან მათ უფრო აწუხებთ ეს პრობლემები. ჩვენი ორგანიზმი 65-70% წყლისგან შედგება, თუ ორგანიზმში გაჩნდა სითხის დეფიციტი, სითხის დეფიციტი ვითარდება ჩვენს ორგანიზმში მოცირკულირე სისხლშიც. სისხლი თუ გახდა ბლანტი, ამ შემთხვევაში დიდი რისკია, რომ გაჩნდეს თრომბი. განსაკუთრებით ეს ეხება ასაკოვან ადამიანებს, რომელთაც სისხლძარღვები ისეც დაზიანებული აქვთ და თუ სითხის დანაკარგიც ექნებათ, ფაღარათის გამო, თუ სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღების გამო, ასევე, სხვა დაავადების გამო დანიშნული შარდმდენი მედიკამენტების მიღებისას თუ ჭარბად მოხდა ორგანიზმიდან სითხის გამოდევნა, შეიძლება სადღაც მოხდეს თრომბის წარმოქმნა.

  • რატომ არიან ორსულები თრომბოზის რისკჯგუფში?

ორსულობა და მშობიარობა გარკვეულწილად დაკავშირებულია სისხლის დაკარგვასთან. ორგანიზმს აქვს ფუნქცია, როცა იკარგება სისხლი, ის საპირისპიროდ ისეთ ნივთიერებებსა და მექანიზმებს ამუშავებს, რომ სისხლი შედედდეს, არ დაიკარგოს. ამ პროცესში შესაძლოა მოხდეს თრომბის წარმოქმნა, მათ შორის მცირე მენჯის ღრუში, იქ ვენურ სისტემაში… ეს არ არის იშვიათი. ეს თრომბი შესაძლოა წავიდეს ფილტვში და ეს ძალიან საშიშია.

კოვიდის დროს სისხლძარღვის კედელში მუშაობს თრომბის წარმოქმნის მექანიზმი. სისხლძარღვის ანთებითი რეაქციისას წარმოიქმნება თრომბები და მათი დაშლის პროდუქტი არის ე.წ.  D-დიმერი. როცა თრომბი დაიშლება, უკვე ლაბორატორიულ  ანალიზში ჩანს, რომ თრომბი სადღაც დაიშალა და D-დიმერმა აიწია. ამიტომ ეშინიათ კოვიდის დროს ექიმებსა და პაციენტებს. თუ D-დიმერის კონცენტრაცია ძალიან მაღალია, ეს ნიშნავს, რომ გულის, ფილტვისა და ტვინის თრომბოზის რისკი მაღალია.

  • ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის გარდა რა კონკრეტულ ჩვევებს უნდა მივაქციოთ ყურადღება თრომბოზის პრევენციისთვის?

ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი რომ არა მარტო თრომბოზის, არამედ ყველა სხვა დაავადების პრევენციაა, თეორიულად ვიცით, მაგრამ პრაქტიკულად არ ვითვალისწინებთ.

ფიზიკური აქტივობისა და სწორი კვების გარდა ყურადღება უნდა მივაქციოთ სითხის დროულად და საკმარისი რაოდენობით მიღებას,  ძილის მოწესრიგებასა და ნიკოტინისა თუ სხვა ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტას.

გარკვეული დაავადებების დროს აქტუალურია თრომბის წარმოქმნა. მაგალითად, თავის ტვინის იშემიური ინფარქტი/ინსულტი, მისი არსი ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ თავის ტვინის რომელიმე სისხლძარღვში ჩნდება თრომბი. ის შეიძლება ადგილზე გაჩნდეს, შეიძლება გულიდან ან სხვა არტერიიდან გაიქცეს, იქამდე მივიდეს და დაითრომბოს.

ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება პრეპარატები, ანტიაგრეგანტები – ანუ თრომბოციტების შედედებას რაც უშლის ხელს და მეორეა ანტიკოაგულანტები – რომლებიც ხელს უშლიან თრომბის წარმოქმნას და მიგრაციას ქვემო კიდურებიდან ზემოთ, ასევე გულიდან ტვინში.

სითხის დეფიციტი არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მდგომარეობა ამ დროს. 

ადამიანებმა, რომლებიც რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაციით მიიღონ შესაბამისი მედიკამენტები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უკონტროლოდ – რათა მეორე უკიდურესობაში არ გადავიდნენ და არ გაჩნდეს სისხლდენებისკენ მიდრეკილება. ამიტომ არის აუცილებელი პერიოდულად ლაბორატორიული ანალიზები და კლინიკური შეფასება ასეთი პაციენტებისთვის.

თუ ადამიანმა შეამჩნია, რომ წინა მხარი/ხელი გაუცივდა და ფერი დაკარგა, გაფითრდა ან გალურჯდა და პულსი არ ისინჯება მაჯაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მხრის არტერიაში რაღაც მოხდა ისეთი, რომ ჩაიკეტა არტერია. ამ დროს სასწრაფო გადაუდებელი ჩარევის აუცილებლობაა.

ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზს თუ  დაერთო ანთებითი რეაქცია, ამ შემთხვევაში  ანთებითი ვენა არის ძალიან მტკივნეული და ვიზუალურად არის შეწითლებული, ხელის შეხებით არის გამაგრებული. ასეთი ვენა არის ძალიან სახიფათო, რადგან ვენის კედელში ანთებითი რეაქციის გამო თრომბი წარმოიქმნება, შესაბამისად დიდი რისკია, რომ თრომბი გადავიდეს სხვაგან.

ქვემო კიდურების ვარიკოზული გაგანიერებისას, რა დროსაც ქვემო კიდურები შესივებულია, ვენების კვალი ამჩნევია ან გაფართოებულია ვენები, ეს უკვე არის რისკი თრომბოზის, ასეთმა ადამიანებმა მუდმივად უნდა მიიღონ შესაბამისი მედიკამენტები ექიმის დანიშნულებით.

გადაბეჭდვის წესი