განათლება,მთავარი,სიახლეები

და-ძმა ბათუმში, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ [Video]

01.05.2021 • 23042
და-ძმა ბათუმში, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ [Video]

მარიამი, ჯანი და აზიფე – სამი ბავშვი ერთ ოჯახში ცხოვრობს. სკოლაში არც ერთი მათგანი არ დადის. ბავშვები ძველი ბათუმის უბანში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ.

მარიამი ამბობს, რომ ყველაზე დიდი ტკივილი, რაც განიცადა, სწორედ იმის გააზრება იყო, რომ სკოლაში ვეღარ ივლიდა. „უსწავლელი დამტოვეს“- გვეუბნება ის და ამაში სახელმწიფოს ადანაშაულებს. ის დარწმუნებულია, რომ ქართულმა სახელმწიფომ მისი განათლებისთვის არაფერი გააკეთა. მარიამი ცდილობს არ გვაჩვენოს ცრემლი, თუმცა მაინც იგრძნობა მის ხმაში ბზარი.

„სკოლაში პირველად რვა წლის ასაკში წავედი. მაშინ თურქეთში ვცხოვრობდით და იქ შემიყვანეს სკოლაში. რადგან დედა არალეგალი იყო, სკოლაში ფორმალურად დავდიოდი, ოფიციალურად არ ვიყავი ჩარიცხული. მალე საქართველოში მოგვიწია გადმოსვლა საცხოვრებლად და ქართულ სკოლას მივაკითხეთ, თუმცა არ მიმიღეს, რადგან თურქულმა სკოლამ დოკუმენტი ვერ მომცა“, – გვიყვება საკუთარ ისტორიას მარიამი.

მარიამი ახლა 16 წლისაა.

მარიამ ონდერი

ჯანი და აზიფე კი სკოლის გარეთ იმიტომ დარჩნენ, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

მარიამის და-ძმას – ჯანის, რომელიც ახლა 11 წლისაა და აფიზეს, რომელიც 9 წლისაა, სკოლაში არასდროს უვლია.

სკოლის გარეშე დარჩენილი მარიამი ცდილობს სამუშაო იშოვოს. გასულ ზაფხულს რესტორანში მუშაობდა მიმტანად. ჰქონდა პერიოდი, როცა სამუშაოს დილის 10:00 საათიდან იწყებდა და საღამოს 12:00 საათამდე მუშაობდა.

„ძალიან რთულია, ხელფასი გამომუშავებაზე იყო დამოკიდებული და ისიც 5 პროცენტი. იყო დღეები, როცა მკვდარივით ვიყავი, ისეთი დაღლილი მოვდიოდი სახლში, თუმცა ფული მაინც არ მქონდა. ვიცი, რომ არასრულწლოვნისთვის ასეთი შრომა კანონითაც არაა დაშვებული, თუმცა ვერაფერს ვამბობდი. ბოლოს ვეღარ გავუძელი და მივატოვე. ახლა კოსმეტიკურ კომპანიაში ვმუშაობ და ეს ბევრად უფრო კომფორტულია, რადგან ონლაინ ვმუშაობ“, – გვეუბნება მარიამი.

მარიამი ამბობს, რომ მისი ცხოვრება ბევრად უკეთესი იყო მაშინ, როცა მამა ცოცხალი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ კი ბევრი პრობლემა გაჩნდა ოჯახში. „მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ვარ და ამ ქვეყნის მოქალაქე, აქ გატარებული თითქმის ყოველი დღე პრობლემებით იყო სავსე ჩემს ცხოვრებაში. გაჭირვება, უფულობა, ქირით ცხოვრება… გული იმაზე მტკივა, რომ ქართველებს ერთმანეთის გვერდით დგომა არ შეგვიძლია. ნამდვილად შეეძლოთ, რომ ჩემთვის განათლების მიღების შესაძლებლობა არ წაერთმიათ, მაგრამ წამართვეს და დამტოვეს განათლების გარეშე. ვცდილობ, არ ვიფიქრო ამაზე, რადგან რომ ჩავუღრმავდე, შეიძლება გავგიჟდე“, – ამბობს მარიამი.

საკუთარი თავის გარდა ახლა ის უმცროს და-ძმაზეც დარდობს, რომლებსაც მისგან განსხვავებით არასდროს უვლიათ სკოლაში.

ჯანი ხალისიანი, ენერგიული ბიჭია. ყველაზე მეტად ფეხბურთი უყვარს. ჯერ არც ბურთი აქვს და არც ბუცები, მაგრამ ამბობს, რომ მალე იყიდის და ფეხბურთზეც შევა.

„ერთი უფროსი მეგობარი მყავს, ის შემპირდა, რომ ბავშვთა ფეხბურთში მიმიღებს და ველოდები“, – გვეუბნება ჯანი. მანამდე კი ფეხბურთს პატარა, იტალიურ ეზოში, თავის 9 წლის დასთან – აზიფესთან ერთად წყლით სავსე ბოთლით თამაშობს.

წყლიანი ბოთლი მათ სხვა გართობაშიც ეხმარება. ჯანი და აზიფე ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო სწრაფად დასვამს ჰაერში აქნეულ ბოთლს მაგიდაზე ისე, რომ ბოთლი არ წაიქცეს. ამჯერად აზიფეს გაუმართლა. წყლიანი ბოთლი სწრაფად დასვა მაგიდაზე.

მოწყენილობის დასაძლევად ჯანი და აზიფე ცდილობენ ტელეფონში მუსიკა მოძებნონ და იცეკვონ. რადგან ინტერნეტი ჭედავს, მუსიკა შიგადაშიგ წყდება და რიტმები ერევათ.

ჯანი და აზიფე ბოთლით ფეხბურთს თამაშობენ

ჯანი ამბობს, რომ ქართულად თავისი სახელ-გვარის დაწერა შეუძლია, „კითხვა დაახლოებით 30 პროცენტი ვიცი, მიჭირს, მაგრამ ვცდილობ უკეთესად ვისწავლო. ერთი მეგობარი მყავს, ზოგჯერ მასთან დავდივარ და ის მეხმარება სწავლაში. უფრო მეტად კი დედაჩემი და ჩემი და მეხმარება. როცა ვერ ვიგებ, ვეკითხები და ისინი მიხსნიან“, – ამბობს ჯანი.

ჯანი ამბობს, რომ სწავლაზე ხელი არ ჩაუქნევია და იმედი აქვს, რომ სექტემბერში აუცილებლად მივა სკოლაში.

მარიამი, ჯანი და აზიფე – ინგა ზაქარაშვილის შვილები არიან. ინგას ბავშვები სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს.

ინგა ზაქარაშვილი – მარიამის, ჯანის და აზიფეს დედა

„მარიამის გვარი აბესაძე იყო. როცა მისი ბიოლოგიური მამა გარდაიცვალა, მარიამი ორი წლის მყავდა. ოჯახი რომ მერჩინა, თურქეთში წავედი სამუშაოდ. მოგვიანებით მარიამიც წავიყვანე, მაგრამ რადგან არალეგალი ვიყავი, ოფიციალურად ვერ ჩარიცხეს სკოლაში. სკოლის დირექტორი ეროვნებით ქართველი იყო და არაფორმალურად მაინც მიიღო მარიამი. შემდეგ, თურქეთის მოქალაქეზე როცა ვიქორწინე, მან მარიამს თავისი გვარი – ონდერი მისცა. გვარი თურქული აქვს, თუმცა მარიამი საქართველოს მოქალაქეა“, – ამბობს ინგა ზაქარაშვილი.

მარიამი დაახლოებით ათი წლის იყო, როცა ოჯახი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. ჯანი და აზიფეც ბათუმში ცხოვრობდნენ მშობლებთან ერთად.

„ჩემი ქმარი კარგი ადამიანი იყო, ოჯახზე ზრუნავდა. მშენებლობებზე მუშაობდა და ასე არჩენდა ოჯახს. თუმცა სამი წლის წინ, კუჭის სიმსივნე დაემართა და გარდაიცვალა. იმასაც ძალიან დარდობდა, რომ ბავშვები სკოლაში არ მიიღეს“, – გვეუბნება ინგა.

რადგან ჯანი და აზიფე საქართველოში დიდი ხანია ცხოვრობენ, თურქული ენა აღარ ახსოვთ, ქართულად საუბრობენ და მომავალშიც აქ აპირებენ ცხოვრებას. „აქ უფრო კარგად გრძნობენ თავს ბავშვები, თურქეთში დაბრუნება არ უნდათ“, – ამბობს დედა.

ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოს ცოტა მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა მისი შვილების მიმართ, რომ არაფორმალურად მაინც ევლოთ სკოლაში და სასწავლო პროცესის მიღმა არ დარჩენილიყვნენ.

ინგა ზაქარაშვილი შვილებთან ერთად

„სკოლებში გვეუბნებოდნენ, რომ საბოლოო პასუხი განათლების სამინისტროსგან უნდა მიეღოთ. ერთი თვე უნდა გვადროვოო, თუმცა ერთი თვეც გავიდა და 6 წელიც. სადაც მივდივარ, ყველგან იმას მეუბნებიან, თურქეთის მოქალაქეები გყავს ოჯახში და ვერ დაგეხმარებითო. დანაშაულია, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩემი შვილები? ბევრს ჰყავს უცხოელი შვილიც და ქმარიც, მაგრამ სახელმწიფო ეხმარება მათ. მე მხოლოდ იმაში ვთხოვ დახმარებას, რომ განათლება მიიღონ ჩემმა შვილებმა და რაღაცას ეწიონ ცხოვრებაში“, – გვეუბნება დედა.

სულ რაღაც ერთი თვეა, რაც ინგას სამი შვილით სოციალური მუშაკი დაინტერესდა და ბავშვები დღის ცენტრში მიიყვანა. დღის ცენტრი ბათუმში საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქნის“ ბაზაზე ახლახან გაიხსნა და ინგა ცდილობს ამ ცენტრში მაინც ატაროს ბავშვები წერა-კითხვის შესასწავლად.

„ახლა ვცდილობ, რომ ბავშვებს ქართული პირადობის მოწმობები ავუღო და სექტემბრიდან მაინც მივიყვანო სკოლაში“, – გვეუბნება ის.

განათლების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სკოლის გარეთ 10 ათასზე მეტი ბავშვი იმყოფება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: