მთავარი,სიახლეები

300-500 ადამიანის აცრა, ეს არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე – გამყრელიძე

04.05.2021 • 962
300-500 ადამიანის აცრა, ეს არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე – გამყრელიძე

დღეს, 4 მაისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. აცრის შემდეგ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან ვაქცინაციის პროცესზე კომენტარი გააკეთა.

მისი ინფორმაციით, 15 მარტის შემდეგ (სწორედ ამ დღეს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი საქართველოში), 45 ათასზე მეტი აცრაა გაკეთებული.

„45 ათასზე მეტი აცრიდან 25 ათასი ასტრაზენეკაა, 13 ათასი – ფაიზერი და ფაიზერის მეორე დოზით უკვე 6 ათასი ადამიანია აცრილი. ანუ მათ უკვე აქვთ სრული აცრა.

დღეიდან დაიწყო ასევე აცრა ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმით“, რომელიც უკვე საკმაოდ აპრობირებული აცრაა. 45 ქვეყანაში მიმდინარეობს ამ ვაქცინით აცრები. ის დამზადებულია ე.წ. ტრადიციული ტექნოლოგიით, რომელსაც ყველა თქვენ მიჩვეული ხართ,  ბევრს გაკეთებული გაქვთ ამ ტექნოლოგიით ბავშვობის დროს აცრები. ეს არის ე.წ. ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა, რომლის 200 მილიონი დოზა უკვე არის ადმინისტრირებული ჩინეთსა და მთელს მსოფლიოში. მოგეხსენებათ ჩვენთან ის შემოვიდა აპრილში 100 ათასი დოზა და დღეიდან იწყება აცრა,“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რადგან „აცრების და იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დასრულდება“.

„მთავარი გზა, პანდემიის დასრულებისკენ გადის ჩვენს ჩვევებზე. ყველას გვიკეთია ნიღბები. მივეჩვიეთ ამას არა. აუცილებელია და დაგვჭირდება კიდევ გარკვეული პერიოდი. მაგრამ თუ ჩვენი მოსახლეობის 60 % აიცრება ორჯერ, ჩვენ  გარეთა სივრცეში ამ ნიღაბს მოვიხსნით. თუ ჩამოგვიყალიბდა კოლექტიური იმუნიტეტი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ მივიდნენ იმუნიზაციის ცენტრებში და აიცრან,“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეისათვის იმუნიზაცია მოქმედებს საქართველოს 91 სამედიცინო პუნქტში და 137 ბრიგადა მუშაობს.

„დღემდე საშუალო გვქონდა 1200-1500 აცრა დღიურად. დღეს უკვე, ჯავშნების მიხედვით, 2800-მდე ადამიანი უნდა აიცრას სამივე ვაქცინით ქვეყანაში. უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის ოდენობა მაის-ივნისში იყოს 5000 დღეში.

ჩვენი მიზანია ჯანმრთელი საქართველო, რომ ყოველდღიურად აღარ იყოს 10-15-20 ადამიანის გარდაცვალება კოვიდით.

ხაზს ვუსვამ, 300-500 ადამიანის აცრა, ეს არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. ამიტომ ყოველდღიურად თუ აიცრება 300-500 ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვზოგავთ ერთი ადამიანის სიცოცხლეს და გადავარჩენთ მას,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: