მთავარი,სიახლეები

ზვიად ქორიძე: პოლარიზებული მედიის ველიდან ყველაზე მეტად გარიყულია საზოგადოება

03.05.2021 • 1621
ზვიად ქორიძე: პოლარიზებული მედიის ველიდან ყველაზე მეტად გარიყულია საზოგადოება

„ყველა ტიპის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემა ჩვენ გვაქვს იმიტომ, რომ ამ თემებზე არ მიდის დისკუსია. ყველაფერი დაიყვანება მხოლოდ პრიმიტიულ შეფასებებამდე: „ყველაფერში დამნაშავეა ხელისუფლება“ ან „ყველაფერში დამნაშავეა ოპოზიცია,“ – გვითხრა მედიაექსპერტმა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრმა ზვიად ქორიძემ, როცა მას ქართული მედიის გამოწვევებზე ვესაუბრეთ 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს.

ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ მთავარი გამოწვევა დღეს საზოგადოებაა, რომელიც საქართველოში პოლარიზებული მედიაგარემოს დღის წესრიგში უფრო და უფრო უკანა პლანზე გადადის.

  • ბატონო ზვიად, ბევრჯერ გვისაუბრია მედიის გამოწვევებზე: პოლარიზებული გარემო, სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემები, ფინანსური გამჭვირვალობა… რამდენად შეიცვალა ეს გამოწვევები დღეს? 

ბევრი კვლევა და მედიამონიტორინგი აჩვენებს იმას, რომ მედიის მდგომარეობა პრაქტიკულად იმეორებს თავის თავს და ისევ ვაწყდებით მედიის პოლარიზების პრობლემას. რა არის ეს პოლარიზება, რაზეც ასე გაუთავებლად ვსაუბრობთ? ეს არის ის, რომ თავისი სარედაქციო პოლიტიკის გამო პოზიციონირებას იწყებენ მედიასაშუალებები ერთი ან მეორე რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების გარშემო. რა თქმა უნდა, მედიასაშუალებები, რომლებსაც აქვთ მთავრობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და კრიტიკული მიდგომა მტკივნეული პრობლემების მიმართ, მთლიანობაში მათი სარედაქციო პოლიტიკა ეხმიანება იმ პოლიტიკური ოპოზიციური ძალების განწყობებს, რომლებიც ცდილობენ ხელისუფლების ცვლილებას დღეს. მეორე ნაწილი მედიისა ახლოსაა მთავრობის პოზიციებთან, მათი სარედაქციო პოლიტიკა არის მთავრობის განწყობების, დამოკიდებულებების გამოხატულება.

აი, ასეთ ვითარებაში საზოგადოებას ხშირ შემთხვევაში ძალიან უჭირს სწორი პოზიციონირება. ეს არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის ბრალი, მაგრამ მოქალაქეებს არ სურთ მხოლოდ ორტონალობაში დაინახონ  ქვეყნის განვითარების დღის წესრიგი, მათ სურთ მრავალფეროვანი მედია. ამ მრავალფეროვანი მედიის დეფიციტია დღეს და ეს არის, ჩემი აზრით, მუხრუჭი ჩვენი საზოგადოებრივი განვითარებისთვის.

  • არის ამ პოლარიზების შედეგი ისიც, რომ მოქალაქეები უპირისპირდებიან გარკვეულ შემთხვევაში ჟურნალისტებს, თუ მიიჩნევთ, რომ ეს ადამიანები მხოლოდ ხელისუფლების წახალისებით მოქმედებენ, როცა ისინი ჟურნალისტებს თავს ესხმიან? 

ბუნებრივია, როდესაც არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ მოსწონს მის მიმართ კრიტიკული შინაარსის მქონე მედია, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აგრესია ამ მედიასაშუალებების და ჟურნალისტების მიმართ. ამიტომაც, მათი პროპაგანდისტული ინსტრუმენტები მთლიანად არის მომართული ცალკეული ჟურნალისტების, თუ პროდიუსერების ან არხის მიმართ, რომ არსებობდეს რადიკალური განწყობები. მერე ეს აისახება ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეს, რომლებსაც შესაძლოა არც კი ახალისებდეს მთავრობა აგრესიული ქმედებისკენ, თავისთავად, ბუნებრივად უჩნდება ეს აგრესია. ეს, რა თქმა უნდა, არის ის მექანიზმი, რომელზეც ხელისუფლება გვეტყვის ყოველთვის: „მე რა შუაში ვარ?“, მაგრამ ჩვენ ხომ განყენებულად არ განვიხილავთ ამა თუ იმ მოვლენას? ჩვენ ვსაუბრობთ კონტექსტზე. კონტექსტი ასეთია: ხელისუფლება ქმნის შეუწყნარებლობის გარემოს, სადაც ადამიანები აგრესიული ქმედებით გამოხატავენ დამოკიდებულებას, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკაში ჯდება.

ყველაზე გახმაურებული შემთხვევა „ვახო სანაიას საქმეა“ – ღამის საათებში ადამიანებმა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტეს გასწორებოდნენ მას, რომ ამოიცნეს. რატომ შეიძლება ადამიანს დაუწყო ჩხუბი შუაღამისას, რომელსაც უჭირს, მანქანა გაუფუჭდა, რატომ უნდა სცემო ადამიანს? მაგრამ ზუსტადაც აი ეს მომენტი, რომ ეს ის ჟურნალისტია, რომელიც არ აწყობს ხელისუფლებას, შესაბამისად, ის არ შეიძლება მაწყობდეს – უპირისპირდება ჟურნალისტს და სცემს.

მეორე მხრივ, ხელისუფლებისგან წახალისებული საზოგადოებრივი ჯგუფები იწყებენ ამ ადამიანების დაცვას. ეს ნიშნავს იმას, რომ წავახალისოთ ასეთი ქმედება, ხელი შევუწყოთ იმას, რომ ასეთი რამ თუ მოხდა, ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც იტყვიან, რომ ამ ადამიანების დასჯა არ შეიძლება. ეს არის ირიბად პოლიტიკური განზომილება, რომელშიც იმყოფება ხელისუფლება.

ყველაზე მარტივი ფორმა ამ მედიაპოლარიზაციის არის მაგალითად ის, რომ ხელისუფლების მხარდამჭერ არხებზე თქვენ ვერ ნახავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს და კრიტიკულად განწყობილი მედიის სივრცეში ვერ ნახავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. როცა ხელისუფლება არ აძლევს ინტერვიუს ან კომენტარს რომელიმე მედიასაშუალებას, ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის სურვილი. ამ პოლიტიკური პოლარიზების ველიდან ყველაზე მეტად გარიყულია საზოგადოება.

  • ხელისუფლება და ოპოზიციაც ორივე სტუმრობს, მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, თუმცა არ არის დისკუსია. ეს რას აჩვენებს თქვენი დაკვირვებით? 

მე ვერ ვიხსენებ საჯარო დებატს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, ან აჭარის ტელევიზიის ეთერში, როდესაც ისაუბრეს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე. დებატი ნიშნავს იმას, რომ იქ ისმება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მას პასუხობს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია, ისინი ერთმანეთს ეპაექრებიან და არის საზოგადოებისთვის კარგი სივრცე, რომ კარგად დაინახოს მტყუან-მართალი, ვისკენ შეიძლება გადაიხაროს მისი განწყობები. მაუწყებელი, პირველ რიგში, იქნებოდა სწორედაც იმაზე ორიენტირებული, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებს ოპოზიციას, პრობლემები, რომლებიც აქვს ხელისუფლებას და აქვს პოზიციები, ყოფილიყო დეტალურად გარჩეული.

ეს არის იმის მაჩვენებელიც, რომ საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება ყველა ტიპის მედიას გადააქვს უკანა პლანზე. თუ დავაკვირდებით დღევანდელი მედიის სარედაქციო პოლიტიკას, მის შინაარსს, კარგად დავინახავთ, რომ ასეთი არაპლურალისტური გარემოს პირობებში ყველაზე მეტად ზარალდება მოქალაქე, საზოგადოება. ეს არის ყველაზე მწვავე პრობლემა დღეს.

  • ხედავთ ამ მოთხოვნას საზოგადოებაში, რომ მას სურს მეტი დოზით მიუკერძოებელი და პლურალისტური სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალება? 

დარწმუნებული ვარ, რომ კი. ამას შესაძლოა კვლევები სჭირდებოდეს, თუმცა ის კვლევები, რომლებსაც სანდოობის ან ყურებადობის თვალსაზრისით აქვეყნებენ სოციალური სამსახურები, ერთი შეხედვით და ზედაპირულად იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ მოქალაქეებს აქვთ ძალიან მძაფრი დეფიციტი ასეთი პლურალისტური მედიასივრცის. შესაბამისად, ეს პირდაპირ აისახება პოლიტიკურ გარემოზეც. ეს აისახება სოციალურ გარემოზეც. ის, რაც არის დღეს ჩვენი საზოგადოების პრობლემები, რომ გააჩეროთ ქუჩაში 50 ან 100 ადამიანი, დავინახავთ იმას, რომ ყველაზე მეტად ამ პრობლემების მოუგვარებლობა მდგომარეობს იმაში, რომ არ არის სათანადო დონის დემოკრატიული გარემო და საზოგადოება ვერ იღებს იმ სიკეთეებს, რასაც, დემოკრატიის არსებობის შემთხვევაში, ყოველთვის უნდა იღებდეს. ჩემი დაკვირვებით, ყველა ტიპის პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური პრობლემა გვაქვს იმიტომ, რომ ამ თემებზე არ მიდის დისკუსია, ყველაფერი დაიყვანება პრიმიტიულ შეფასებამდე, რომ „ამ ყველაფერში დამნაშავეა ხელისუფლება“ ან „ამ ყველაფერში დამნაშავეა ოპოზიცია“.

  • როგორ შევინარჩუნებთ ამ ვითარებაში თავისუფალ მედიას? ჩვენ ვხედავთ ფაქტს – აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი, რომელსაც იმპიჩმენტი მოუწყვეს, მისი საქმის განხილვას უკვე 2 წელია არც კი იწყებს სასამართლო. 

ეს თემა არის მტკივნეული და უკავშირდება სამართლიანი სასამართლოს პრობლემას. დემოკრატიას, პირველ რიგში, დაიცავს მუდმივი სიფხიზლე. თუ ჩვენ წავუყრუებთ ამ პროცესს და ვერ დავინახავთ რისკს, არაფერი გამოვა. ისე კი არ გავთვალოთ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება, რომ აი, ჩემთვის რა იქნება კარგი, არამედ რამდენად კარგი იქნება ეს დემოკრატიული გარემოსთვის – ეს მიდგომა უნდა იყოს.

ნათია კაპანაძის ორი წლის წინანდელი ისტორიაც რომ გავიხსენოთ, ალბათ, ცოტათი მიდგომა რომ ყოფილიყო საზოგადოებაში და თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაშიც, რომ გადაწყვეტილება იმის მიხედვით კი არ მივიღო, ჩემთვის რა იქნება კარგი, არამედ მივიღო იმისთვის: რამდენად იქნება ეს დემოკრატიული პროცესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, ასეთი მიდგომა თუ იქნებოდა, გაცილებით უკეთესად წავიდოდა პროცესი.

მთავარი ბერკეტი, რაც დაგვიცავს ჩვენ ამ რისკებისგან, არის თავად ჩვენი აქტიურობა, სხვა არაფერი.  მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ძალიან მკაფიო პოზიცია, რატომ არის ეს დასაცავი, რატომ არის დემოკრატიის დაცვა საჭირო. თუ მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ, რომ ეს მე არ უნდა შემეხოს, მაშინ აუცილებლად წავაგებთ, ხოლო თუ უფრო გლობალურ კონტექსტში შევხედავთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: