ბათუმში კვირის ბოლომდე იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 23 თებერვლის 21 საათიდან 24 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა.

აჭარის მაღალმთიანეთში თოვა და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით:  3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 25 თებერვალს შენარჩუნდება წვიმა, მთაში – თოვა, შაბათ-კვირას კი მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

კოვიდით 10 ადამიანი გარდაიცვალა | ბოლო 24 საათის მონაცემები საქართველოში

23 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 19 869 ტესტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 552 პირი.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 2 716 აქტიური შემთხვევაა, მათგან 1 606 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, რომელთა შორის 321 მძიმე პაციენტია. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 302 ადამიანი.

22 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.4%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.4%.

აჭარაში კოვიდის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 23 თებერვალი

23 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა 22-მა პაციენტმა.

ბოლო მონაცემებით აჭარაში, კოვიდკლინიკაში 117 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 მართვით სუნთქვაზეა.

პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 22 თებერვალს,  ახალი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა.

პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა. 89 ხმით ორის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

—————————————————————————

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი  18 თებერვალს გახდა ვაკანტური, მას შემდეგ, რაც მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა.

ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა იმავე დღესვე გახდა ცნობილი. პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ პოსტზე მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.  ირაკლი ღარიბაშვილი 2013-2015 წლებში, ერთხელ უკვე იკავებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს.

მინისტრის ინიციატივა არათანაბარ პირობებში ჩააყენებს ღარიბ ბავშვებს – რისი შეცვლა სურთ სკოლებში

განათლების მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების დროს განაცხადა, რომ სამინისტროში განიხილავენ ახალ მიდგომას, რომელიც უმაღლესში მიღების წესს შეეხება. ჩხენკელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აშშ-ის უნივერსიტეტები აბიტურიენტების მისაღებად, გარდა საგამოცდო ქულისა, ითვალისწინებენ სასკოლო საშუალო ქულას და კლასგარეშე აქტივობებსაც.

მისი აზრით, უნივერსიტეტებმა რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად უნდა გაითვალისწინონ „საშუალო ნიშანი ან რეკომენდაციები, ან შესაძლებელი იყოს კლასგარეშე მუშაობის გათვალისწინება“.

რამდენად გააზრებულია ინიციატივები და რას შეცვლის ეს სისტემაში, ამაზე ჩხენკელს არ უსაუბრია. განათლების სფეროს სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ წერტილოვანი ცვლილებები არაფერს ცვლის და შესაძლოა საზიანოც იყოს როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე უმაღლესი განათლების სისტემისთვის.

ირინა დარჩია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, „ერაზმუს +“-ის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტია. „ბათუმელები“ მას მიხეილ ჩხენკელის ინიციატივაზე ესაუბრა და ჰკითხა, რას მიიჩნევენ უნივერსიტეტები ყველაზე მთავარ პრობლემად მისაღები გამოცდების სისტემაში და რატომ შეიძლება აღმოჩნდეს ჩხენკელის იდეა საზიანო?

ირინა დარჩიას აზრით, როდესაც უმაღლესში აბიტურიენტების მიღებაზე ვსაუბრობთ, აქ ამოსავალი უნდა იყოს ის, რომ არ დავუშვათ ძალიან მავნე სისტემის დაბრუნება, რისი გამოცდილებაც წლების წინ არსებობდა ქვეყანაში.

„უნივერსიტეტებს, ერთი მხრივ, ჰქონდათ ვითომ ავტონომია და სტუდენტების შერჩევის პროცესი იყო ძალიან სერიოზული ნეპოტიზმის და კორუფციის წყარო. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ უმაღლესებში მიღებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს 90-იანი წლების ძალიან მძიმე და ცუდი გამოცდილება, რაც დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებით“, – ამბობს ის.

დარჩიას თქმით, ის, რომ მისაღებ გამოცდებზე უნივერსიტეტები არ არიან პასუხისმგებლები და გამოცდები ცენტრალიზებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ ტარდება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რაც უმაღლესი განათლების რეფორმაში გვაქვს. თუმცა გამოყოფს იმ ძირითად პრობლემებს, რაც ხელს უშლის უნივერსიტეტების განვითარებას.

„მთავარი პრობლემა, რაც გვაქვს არის ის, რომ ორი წლის წინ განხორციელებული რეფორმის შედეგად, უნივერსიტეტებს არ გვეძლევა საშუალება ჩვენს სპეციალობებზე, ჩვენს ფაკულტეტებზე თავად განვსაზღვროთ იმ საგნების ჩამონათვალი, რომელი საგნებიც უნდა ჩააბარონ სტუდენტებმა. რა თქმა უნდა, გამოცდები უნდა ჩატარდეს ცენტრალიზებულად, მაგრამ ის, რაც სჭირდება აბიტურიენტს ჩემს კონკრეტულ სპეციალობაზე, ეს არის პროფესორის და უნივერსიტეტის განსასაზღვრი“, – ამბობს ირინა დარჩია.

მისი თქმით, ორი წლის წინ, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა განათლების სამინისტრომ, როდესაც ხისტად დააწესა ჩასაბარებელი საგნების სია. „ამან გამოიწვია ის, რომ მთელ რიგ სპეციალობებზე მოდიან სტუდენტები, რომელთაც არ აქვთ ის ცოდნა, რაც უნდა ჰქონდეთ კონკრეტულ სპეციალობაზე სწავლისას.

გარდა ამისა, ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია სტუდენტების მომზადების ზოგად ცოდნაზე. შეცდომა იყო ეგრეთ წოდებული CAT-ის გამოცდების გაუქმება, რადგან აბიტურიენტები სათანადო დროს აღარ უთმობენ მთელ რიგ საგნებს და მოდიან იმ საბაზისო ცოდნით, რომელსაც უნდა დაეფუძნოს საუნივერსიტეტო ცოდნა. ეს უარყოფითად აისახება საუნივერსიტეტო განათლებაზე“, – ამბობს დარჩია.

პროფესორის შეფასებით, პრობლემურია უნივერსიტეტების დაფინანსების დღეს არსებული სისტემაც – იმის გამო, რომ უნივერსიტეტებმა ბევრი სტუდენტი მიიზიდონ, საკმაოდ დაბალ ბარიერს აწესებენ და ხშირ შემთხვევაში იღებენ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ სათანადო ცოდნა და უნარები. „უჭირთ საუნივერსიტეტო პროგრამის ათვისება ან ცუდ ნიშნებს იღებენ ან კიდევ, უნივერსიტეტები თვალს ხუჭავენ და საბოლოოდ ვიღებთ დიპლომირებულ და არაკვალიფიციურ სპეციალისტებს“.

დარჩიას თქმით, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს ჰქონდა ბევრი პრობლემა, ეს პრობლემები უნდა მოგვარებულიყო და არა გამოცდები გაუქმებულიყო. „უნდა გაიზარდოს სასკოლო განათლების მნიშვნელობა, რომ უნივერსიტეტებში ვიღებდეთ სტუდენტებს უკეთესი ცოდნით მთელ რიგ დარგებში, განსაკუთრებით კი მათ მიერ შერჩეული სპეციალობებზე“, – ამბობს ის.

საუბარია იმაზეც, რომ ნიშნების პარალელურად განიხილონ მოსწავლის პორტფოლიოც, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება ირინა დარჩია. მისი თქმით, ეს კიდევ უფრო გაზრდის სოციალურ უთანასწორობას მოსწავლეებში.

დარჩიას თქმით, ისევე როგორც არსებობს საფრთხე, რომ ცენტრალიზებული გამოცდების გარეშე გაჩნდება კორუფციის რისკი, ასევე ძალიან დიდი რისკია იმის, რომ სკოლის ნიშნები, კლასგარეშე აქტივობები ან მასწავლებლის რეკომენდაცია შეიძლება გახდეს დამატებითი ნეპოტიზმის და კორუფციის წყარო.

„ჩვენი საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ დანერგოს ამ ტიპის მეთოდი, რომელიც შეიძლება აპრობირებულია აშშ-ში, მაგრამ საქართველოში არ გამოდგება.

ეს დამატებითი კრიტერიუმები ძალიან დიდ უთანასწორობას გამოიწვევს, რადგან არათანაბარ პირობებში ჩააყენებს მოსწავლეებს, შედარებით უფრო ღარიბი ოჯახებიდან, ან ქალაქის სკოლებიდან, რეგიონებში, ვიდრე სოციალურად დაუცველ ოჯახებში, სოციალურად მოწყვლად თემებში – ბევრ ოჯახს ნაკლები შესაძლებლობა აქვს  შვილები ჩართონ სხვადასხვა ტიპის კლასგარეშე აქტივობაში და შეუქმნან პორტფოლიო. მოსწავლის პორტფოლიოს შექმნას სჭირდება ოჯახის ინტელექტუალური, სოციალური და ფინანსური მზაობაც. ამიტომ ამ კომპონენტის შემოტანა გაზრდის უთანასწორობას და ხელს შეუშლის განათლების ხელმისაწვდომობას სოციალური კუთვნილების მიუხედავად“, – ამბობს დარჩია.

რაც შეეხება თვითონ გამოცდას, ეს იქნება მრავალკომპონენტიანი თუ სხვა, ამაზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ. „სჯობს მივმართოთ საერთაშორისო პრაქტიკას, როგორიცაა მაგალითად A Level – ბრიტანეთში, როგორიცაა აბიტური – გერმანიაში, როდესაც სკოლის დონეზე ტარდება გამოსაშვები გამოცდები სხვადასხვა საგანში და ამ გამოცდის ქულები არის განმსაზღვრელი უნივერსიტეტში ჩაბარებისას. ოღონდ ეს გამოცდები აუცილებლად უნდა იყოს ცენტრალიზებულია“, – მიაჩნია ირინა დარჩიას.

მინისტრ ჩხენკელის მიერ გაჟღერებულ ინიციატივასა და უმაღლესში მიღების საკითხზე „ერაზმუს +“-ის ეროვნული ოფისის კოორდინატორს ლიკა ღლონტსაც ვესაუბრეთ, რომლის კვლევისა და ინტერესის სფეროს წარმოადგენს განათლების პოლიტიკა და განათლების ხარისხის განვითარება.

მისი აზრით, ეროვნული გამოცდები თავის დროზე იყო წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან მან ბევრი პრობლემა მოხსნა დღის წესრიგიდან. დღეს, 2021 წელს, შესაძლებელია ვისაუბროთ ცვლილებებზე, თუმცა ეს ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს დაფუძნებული მსჯელობაზე, გააზრებაზე და უნდა არსებობდეს ნათელი და არგუმენტირებული პასუხი იმაზე, რას ცვლის სასიკეთოდ ეს სისტემაში.

„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ საკითხში, საჭიროა ძალიან მკაფიო და კარგი დაგეგმვა იმისა, თუ რა მიმართულებით წავა ცვლილებები. სკოლაში განხორციელებული ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს ბმაში უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელთან, რომლის ახალ სქემას უკვე წლებია ველოდებით და ჯერ არც ის დადებულა.

ვიცით, რომ დღეს არსებული სისტემა სტუდენტების დაფინანსებაზეა მიბმული. ამიტომ, არც ის ვიცით, როგორი იქნება უნივერსიტეტების დაფინანსების სქემა, რა მიმართულებით მიდის და როგორ წყვეტს ამას სამუშაო ჯგუფი მსოფლიო ბანკთან ერთად ან რა ეტაპზეა. ცალკე თემაა ის, რომ ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია უნივერსიტეტებს არ აქვთ“, – ამბობს ლიკა ღლონტი.

მისი თქმით, დღეს საქართველოში სახელმწიფოს მიერ აღიარებული 64 უმაღლესი სასწავლებელია და ეს ციფრი იზრდება. „გაითვალისწინეთ ის, რომ ყოველ წელს ეს ციფრი მზარდია იმის მიუხედავად, რომ სადღაც 8, 10-ათასამდე სტუდენტური სასწავლო ადგილი რიგ უნივერსიტეტებში რჩება შეუვსებელი. შესაბამისად, ამ უნივერსიტეტების მიზანი და ამოცანა არ იქნება მისაღები გამოცდების გართულება. ისინი თანახმა არიან მაქსიმალურად შეამსუბუქონ აბიტურიენტებს მოხვედრა, სხვანაირად ისინი სტუდენტებს ვერ მიიღებენ“, – ამბობს ლიკა ღლონტი.

ლიკა მიიჩნევს, რომ ამ და სხვა მიზეზების გამო, კონსენსუსი უნივერსიტეტებს შორის მარტივად არ შედგება და, შესაბამისად, ის სასწავლებლები, ვისაც სიტყვა ეთქმის ამ საკითხზე, თუ ასწევენ მიღებისას ბარიერს, არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

„მივედით ისევ დაფინანსების მოდელამდე: ითქვა, რომ დაფინანსების ახალი სქემა performance based ანუ შესრულებაზე იქნება დაფუძნებული. ეს გულისხმობს სწავლების და კვლევის ხარისხის მიხედვით დაფინანსებას. ეს თუ იქნება ერთ-ერთი წამყვანი იდეა, მაშინ შეიძლება გადავრჩეთ არათანაბარ მდგომარეობას“, – ამბობს ლიკა ღლონტი.

ევროპასა და ამერიკაში უნივერსიტეტების ერთ-ერთი მთავარი დაფინანსების წყარო სამეცნიერო კვლევებია, რისთვისაც ხდება გრანტების მოძიება. საქართველოში კი სამეცნიერო გრანტებს ერთადერთი კვლევითი დონორი ორგანიზაცია – რუსთაველის სამეცნიერო ფონდი გასცემს და მაქსიმუმი, რაც კვლევისთვის შეიძლება გაიცეს, 50 ათასი ლარია. „უბრალოდ, უხერხულია. მეცნიერების დაფინანსებაზე ისეთი პასუხები გასცა ჩხენკელმა, რომ ესეც ძალიან უხერხული მოსასმენი იყო, რომ Horizon Europe-ის (ევროკავშირში არსებული პროგრამა, რომელიც კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსებას გულისხმობს) გრანტი უნდა მოიპოვოს, რომ ქვეყანაში კოსმოსური სააგენტო აღადგინოს. „ჰორიზონტი“ არის საკონკურსო პროგრამა, რომელსაც ან დაგიფინანსებენ ან არა. იცით რამდენი პროექტია საქართველოდან წარდგენილი და წარმატების რა ხარისხი გვაქვს? სრული ტყუილია მხოლოდ ამით მეცნიერების განვითარებაზე საუბარი“, – ამბობს ღლონტი.

მისი თქმით, საერთაშორისო გრანტის მოპოვების უნარი ბევრ უნივერსიტეტს არ აქვს, ცალკე საკითხია ხარისხის უზრუნველყოფა, შიდა და საერთაშორისო კონკურენცია, ის, რომ სასწავლებლებს არ აქვთ სწორი სტრატეგია დაგეგმილი, ამას ემატება პანდემიის თემა და მოსახლეობის გადახდისუნარიანობის შემცირება.

„ეს კომპლექსური თემაა და როცა პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით რაღაც განცხადებები კეთდება, ამას შლეიფივით მოჰყვება ხოლმე სხვა მილიონი მასთან გადაბმული პრობლემა. ამიტომ მისაღები გამოცდების ასეთი სახით შეცვლა რა დადებით ძვრებს გამოიწვევს, ამის მოდელირება ხომ უნდა მოხდეს?“ – ამბობს ლიკა ღლონტი.

მისი აზრით, მარტო ერთი წერტილოვანი ცვლილებით – მისაღები გამოცდებით განათლების სისტემაში უკეთესობას ვერ დავინახავთ.

გერმანიაში 2021 წელს საქართველოს 500 მოქალაქე დასაქმდება

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა პორტალზე დარეგისტრირებული 100 ათასამდე საქართველოს მოქალაქიდან პირველ ეტაპზე გერმანიაში მხოლოდ 500 დასაქმდება.

„ნეტგაზეთი“ რამდენიმე დღის განმავლობაში არკვევდა, რამდენი სამუშაო ადგილია გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 2021 წელს გერმანიაში, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული გამგზავრება და საშუალო გათვლებით რა შემოსავალს მიიღებენ დასაქმებული პირები.

გერმანიის საკვებისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე დასაქმების საპილოტე პროგრამით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მხოლოდ 500-ადგილიანი კვოტაა დაწესებული. საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო საგენტო  “ნეტგაზეთის”  ამ კითხვას არ პასუხობს, მოქალაქეებს კი  სააგენტოს ფეისბუქგვერდზე ასე პასუხობენ: “ამ ეტაპზე 500 აპლიკანტის დასაქმება იგეგმება, მაგრამ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა კვოტა გაიზარდოს”.

რეალურად რამდენი ადამიანი შეძლებს გერმანიაში გამგზავრებას?

გერმანიის საკვებისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს მიერ 2021 წლის 16 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველ, საპილოტე ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა კვოტა, რომელიც 500 სეზონური მშრომელით განისაზღვრა, გარდა ამისა, გერმანული სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ:

  • სეზონური დასაქმება არის ნაწილი იმ საპილოტე პროგრამისა, რომელიც ემსახურება მესამე ქვეყნებიდან სეზონური მუშახელის შერჩევისა და დასაქმების პროცესის შექმნასა და გამოცდას;
  • საპილოტე პროგრამა განხორციელდება ბადენ-ვიურტემბერგისა [დასავლეთ გერმანია] და ბერლინ-ბრანდერბურგის [აღმოსავლეთ გერმანია] რეგიონში;
  • სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებს საქართველოდან გერმანიაში 2021 წლის მაისის დასაწყისში ელიან;
  • საპილოტე პროგრამის მიზანი გახლავთ მომავალი შეთანხმებების გაფორმება მესამე ქვეყანასთან [საქართველოსთან] დაწესებული კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, გერმანული მხარის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში წერია, რომ გერმანიაში სოფლის მეურნეობის სფეროში 2021 წლის პირველი იანვრიდან მინიმალური ხელფასი განისაზღვრა – 9.50 ევროდ [სრული ჯამი; გადასახადების ჩათვლით], ხოლო ამავე წლის ივლისიდან იგი 9.60 ევრო გახდება.

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა რეალურად რამდენი მოქალაქის გაშვებას გეგმავდა ქართული მხარი გერმანიაში სამუშაოდ. ამ კითხვებით დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მივმართეთ, სადაც განაცხადეს, რომ გერმანიაში იმდენი ადამიანი წავიდოდა, რამდენზეც იქნებოდა მოთხოვნა გერმანული მხარის მიერ.

„ნეტგაზეთმა“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შეკითხვებით გასულ პარასკევს მიმართა. გვაინტერესებდა, არსებობდა თუ არა გერმანული ბაზრის კვლევა, თუ რამდენი სამუშაო ადგილი იყო გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეებისთვის; ასევე, იმ შემთხვევაში, თუ დასაქმების პორტალზე იმაზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდებოდა, ვიდრე ეს გერმანული მხარის მიერ წინასწარ გაწერილი კვოტით ან ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნით იქნებოდა განპირობებული, როგორ მოხდებოდა სამუშაო კადრების შერჩევა, რადგან დასაქმების პორტალზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელთა მახასიათებლები, გარდა პირადი მონაცემებისა, პრაქტიკულად მსგავსია, თუმცა ამ კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

“თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც შესაბამისად გაუმკლავდებიან მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება, მსურველთა და დაინტერესებულ მხარეთა რიცხვი გაიზრდება”, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მინისტრობის განდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ, თუმცა უცნობია ტიკარაძემ კონკრეტულად გერმანიაში დასაქმებულთა რიცხვის ზრდა თუ სხვა ქვეყნებთან მსგავსი შეთანხმებების გაფორმება იგულისხმა.

რა დაჯდება გამგზავრება და რამდენს გამოიმუშავებენ დასაქმებულები

გერმანიაში გამგზავრებისთვის საჭიროა რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის:

  • კორონავირუსის PCR-ტესტი, რომელიც 100-150 ლარი ღირს.
  •  საქართველოს ბიომეტრიული [ე.წ. უცხოეთის] პასპორტი, რომლის ღირებულებაც, არქონის შემთხვევაში, შეკვეთიდან მე-10 სამუშაო დღეს 100 ლარია.
  • ჯანმრთელობის ცნობა, იგივე ფორმა 100, რომლის აღებაც საშუალოდ 40-120 ლარი ღირს.
  • ორმხრივი ავიაბილეთი, რომელიც დაახლოებით 600- 1500 ლარი ეღირება [ღირებულებაც იცვლება სხვადასხვა საავიაციო კომპანიებისა და ბილეთების შეძენის დროის შესაბამისად].
  • ნასამართლეობის ცნობის აღება [დაჩქარებული წესის გამოყენების გარეშე] უფასოა.

გარდა ამისა, სეზონურად დასაქმებულებს მოუწევთ აეროპორტიდან დასაქმების ადგილზე ავტობუსით, მატარებლით ან ტაქსით ჩასვლა, რაც განსხვავებული იქნება გამომდინარე დასაქმების ადგილის დაშორებისა და გადაადგილების ფორმის მიხედვით.

გერმანიაში მოქალაქეები კვირაში 5 ან 6 დღის განმავლობაში, დღეში 8-10 საათი იმუშავებენ. შესაბამისად მათ მიერ გამომუშავებული თანხა 3 თვის განმავლობაში მინიმუმ 5000-დან 7 400 ევრომდე იქნება, რომელსაც გამოაკლდება გამგზავრების, საცხოვრებლისა და კვების ხარჯები. ასევე, ხელფასიდან დაიქვითება 5 %, როგორც გერმანიის საშემოსავლო გადასახადი.

“დამსაქმებელი უზრუნველჰყოფს იმას, რომ ამ ადამიანს იქ დახვდეს კარგი საცხოვრებელი პირობები, ოღონდ დასაქმებული თვითონ იხდის ამ საცხოვრებელ ქირას. ეს არის შეღავათიანი ფასები, ეს არ არის რაღაც სტანდარტული საბაზრო ფასები, რაც გერმანულ ბაზარზეა.  ერთ-ერთი მაგალითი გვაქვს, დამსაქმებელს უწერია, რომ დღეში 6 ევროს გადავახდევინებო. თუმცა ზუსტი ხარჯი გამგზავრებამდე ადამიანს ეცოდინება აუცილებლად, კვებაც თვითონ უნდა დაფაროს”, – „ნეტგაზეთს“ განუცხადა გასულ კვირას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა.

რატომ მიემგზავრებიან

“ვგეგმავ გერმანიაში წასვლას და მინდა ფული დავაგროვო. რთული სამუშაო არ ჩანს, რაც ვნახე. გამოცდილებაც მაქვს და მინდა სამი თვით ვიმუშაო. მე თურქეთშიც მიმუშავია. როდესაც თურქეთში ადამიანი ჩადის სამუშაოდ, იქ დასაქმებული დაცული არ არის. დამსაქმებელს შეუძლია რამდენიც უნდა იმდენი გადაგიხადოს, რამდენი ხანიც უნდა, იმდენი გამუშაოს და არ დაიცვას შენი უფლებები. იქ დამსაქმებლის კეთილ ნებაზე ხარ დამოკიდებული და არა კანონზე. ამასთან შედარებით, გერმანიაში გაცილებით კარგი ვითარება იქნება, არამხოლოდ პირობების, არამედ ანაზღაურების კუთხითაც”, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბრისას 24 წლის გივი.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას გერმანიაში გასამგზავრებელი თანხა, გივი პასუხობს, რომ ამჟამად გასამგზავრებელი თანხა სრულად არ აქვს, თუმცა მოაგროვებს.

“ამ წუთას არ მაქვს თანხა, მაგრამ ან ბანკის სესხით ვისარგებლებ, ან ახლობლისგან ვისესხებ, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ გერმანიაში მუშაობით სრულად გადავიხდი ვალს”, – ამბობს ის.

კიდევ ერთი აპლიკანტი, რომელსაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა, ამბობს, რომ გერმანიაში გამგზავრების მთავარი მოტივაცია იქაური ცოდნისა და გამოცდილების მიღებაა, რამელსაც შემდგომში საკუთარ მეურნეობაში გამოიყენებს.

“მშობლებს ადრეული ასაკიდან ვეხმარები. პირველი, როდესაც ამ პროგრამის შესახებ შევიტყვე, იყო უდიდესი ინტერესი იქაური სოფლის მეურნეობის შესახებ. მატერიალურმა მხარემ შედარებით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა იმის გამო, რომ ანაზღაურებაც შესაბამისია, რა თქმა უნდა, გამგზავრება ღირს”, – ამბობს 19 წლის საბა.

არიან ისეთებიც, ვინც უკვე შეავსო დასაქმების აპლიკაცია, თუმცა ჯერჯერობით კვლავ არ აქვთ გადაწყვეტილი, გაემგზავრებიან თუ არა გერმანიაში.

“დაველოდები იმ პირობებს, რასაც შემომთავაზებენ. კონკრეტულად რა საქმიანობა იქნება და იმის მიხედვით მივხვდები, რამდენად შევძლებ ან ვერ შევძლებ. ბევრმა დაწერა, რომ რთულია მუშაობა, მაგან ცოტა დამაეჭვა, მაგრამ თუ ოდნავ შესაძლებელი იქნება მუშაობა, უკან არ დავიხევ. სიახლის საკუთარი თვალით ხილვა და უშუალოდ პროცესში მონაწილეობა დამეხმარება, რომ აქ, საქართველოში, უკეთესად მოვაწყო ჩემი მეურნეობა”, – გვითხრა 30 წლის მარიტამ თბილისიდან.

მოქალაქეები, რომლებმაც უკვე შეავსეს სარეგისტრაციო ფორმა, აცხადებენ, რომ გამგზავრებისთვის საშუალოდ 1000-1500 ლარი დაეხარჯებათ, ხოლო გერმანიაში მუშაობის დროს 12 000-დან 15 000-მდე ლარის დაგროვებას ვარაუდობენ.

რა არის სეზონური სამუშაო

სეზონური სამუშაო გერმანიის ფედერალურ რეგიონებში   მდებარე ფერმებში   მოკლევადიანი პერიოდის განმავლობაში მუშაობას გულისხმობს. როგორც წესი, ასეთ ფერმებს შინამეურნეობები, ფერმერული ოჯახები მართავენ, რომლებიც თავად აფორმებენ კონტრაქტს სეზონურად დასაქმებულ პირებთან, ხოლო სახელმწიფო, ზოგჯერ, ერთგვარი შუამავალია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.

2016 წლის მონაცემებით, გერმანიაში დაახლოებით 940 000 ადამიანი იყო დასაქმებული სოფლის მეურნეობაში. აქედან თითქმის 449 000 ათასი შინა მეურნეობების წევრები იყვნენ, ხოლო 490 900 – დაქირავებული მუშახელი, რომელთა 58 პროცენტს სწორედ სეზონურად დასაქმებული პირები შეადგენდნენ.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, რადგან ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და სხვა სექტორებში უფრო მაღალი შემოსავლების არსებობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა თავს იკავებს სოფლის მეურნეობაში დასაქმებისგან.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა 2020 წლის განმავლობაში. ევროკავშირისა და მისი მეზობელი ქვეყნების მთავრობებმა, კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე მნიშვნელოვნად შეზღუდეს ქვეყნებს შორის გადაადგილება, რამაც გერმანიაში სოფლის მეურნეობის სფეროში შრომითი ძალის ნაკლებობა გამოიწვია.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში სეზონური დასაქმების პილოტური პროგრამა 2020 დასაწყისიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, იგი დროში გადავადდა. საბოლოოდ, პროგრამით დასაქმებას მოქალაქეები აპრილი-მაისიდან შეძლებენ.

გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, გერმანიაში სეზონურად დასაქმება ბოსნია&ჰერცოგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთისა და მოლდოვის მოქალაქეებსაც შეუძლიათ. აღნიშნულ ქვეყანათა ჯგუფს “მესამე ქვეყნები” ეწოდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არ არიან. ასეთი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, გერმანიაში ლეგალურად სეზონურად დასაქმებისთვის, როგორც წესი, მთავრობებს შორის მიღწეული შეთანმხებაა საჭირო.

გარდა “მესამე ქვეყნებისა”, გერმანიაში სეზონურად საქმდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, რომელთაც არ სჭირდებათ მთავრობათაშორისი შეთანხმება. ამ შემთხვევაში შეთანხმება უშუალოდ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის იდება, დასაქმების ადგილზე საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციისა და შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს მუშაობის შესაძლებლობა შედარებით მარტივად ეძლევათ.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქეების უმეტესობაც სწორედ რუმინეთის, ბულგარეთისა და პოლონეთის მოქალაქეებზე მოდის.

გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე 86 395 პირი დარეგისტრირდა – 22 თებერვლის მონაცემი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 22 თებერვლის მდგომარეობით, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების სურვილი გამოთქვა 86 395-მა პირმა.

გერმანიაში დასაქმების მსურველები რეგისტრირდებიან სპეციალურ პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ და ავსებენ სააპლიკაციო ფორმას „დროებითი დასაქმება გერმანიაში“.

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები  კი აპრილიდან დაიწყება.

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დროებით დასაქმებაზე მოლაპარაკებები გერმანიის გარდა საფრანგეთის, საბერძნეთისა და ისრაელის მთავრობებთანაც მიმდინარეობს.

___

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/519847/

______________________________________

ამავე თემაზე:

42 კითხვა და პასუხი გერმანიაში დროებით დასაქმებაზე

 

ბრახუნი ბულვარში მშენებარე 16-სართულიანის ღობეზე – დემონსტრანტები რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმის ბულვარში მორიგი საპროტესტო აქციის გამართვის შემდეგ აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობასთან გადაინაცვლეს და მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები მთავრობის სახლთან არიან შეკრებილი და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ

მანამდე აქციის მონაწილეები ბულვარში შეიკრიბნენ და „ამბასდორის” 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქცია 13:00 საათზე იყო დაგეგმილი. დემონსტრანტების შეკრებამდე კი მშენებლობასთან პოლიციელები უკვე იყვნენ მობილიზებული.

 

აქცია ბათუმის ბულვარში 13:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა დემონსტრანტების შეკრებამდე მშენებლობასთან პოლიციელები უკვე იყვნენ მობილიზებული

კომპანია „ამბასდორს” ბათუმის ბულვარში აქამდე მხოლოდ 4-სართულიან მშენებლობაზე ჰქონდა ნებართვა. შემდეგ კი მათ შენობის სიმაღლის გაზრდა 16 სართულამდე მოითხოვეს, რაზეც ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 21 იანვარს გასცა, ამას ბათუმში მაშინვე მოჰყვა პროტესტი.

კომპანიის მესაკუთრეები, რომლებიც ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს აშენებენ, რუსეთის მოქალაქეები არიან. მათი დაკვეთით მრავალსართულიან სასტუმროს ბულვარში კომპანია „ანაგი“ აშენებს.

____

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გუშინ 21 თებერვალს მშენებლობის დამცავი ღობე მოარღვიეს. დღეს ისინი კომპანია ,,ამბასადორ” ბათუმის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, მაგრამ აქციაზე არავინ გამოჩენილა, რამაც დემონსტრანტების გაღიზიანება გამოიწვია. მათ პროტესტი მშენებლობის ღობეზე ხელების ბრახუნითა და ხმაურით გამოხატეს.

აქციის მონაწილეებსა და მშენებლობის მცველ პოლიციელებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა იყო.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ბათუმის ისტორიულ ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია, 16-სართულიანი სასტუმრო არ უნდა აშენდეს.


ამავე თემაზე:

„ამბასადორს“ ბულვარში პარკინგის მოსაწყობად კიდევ 600კვ/მეტრი უნდა – დღემდე უცნობი დოკუმენტი

ლოპოტაზე მზის ელექტროსადგური თიბისი ლიზინგის დაფინანსებით აშენდება

ლოპოტას ტბაზე თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით 460 კილოვატიანი მზის ელექტროსადგური აშენდება. თიბისი ლიზინგის დაფინანსების შედეგად „ლოპოტა ტბის სპა რეზორტი“ შეძლებს მაღალი ხარისხის, ელექტროენგიის გამომუშავების თანამედროვე სისტემის გამართვას.

ლოპოტას შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის ლიზინგით შეძენა 7 წლით დაუფინანსდება, რომლის დაფარვის შემდეგაც, 20 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის მოთხოვნა განპირობებულია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით, რომელიც ამ ეტაპზე შეადგენს 0.3196 თეთრს 1 კილოვატზე.

ამ მასშტაბის პროექტს თიბისი ლიზინგი პირველად ახორციელებს. თიბისი ლიზინგი პროექტის ღირებულების 100 % -ს დააფინანსებს, რაც დანადგარების ყიდვის გარდა, ასევე, მათ მონტაჟს და დამატებით აქსესუარების შეძენასაც მოიცავს. ელექტროსადგურის ტექნიკურ აღჭურვას კომპანია „ჰელიოს ენერჯი“ უზრუნველყოფს.

მზის ენერგია განახლებად ენერგეტიკულ რესურს მიეკუთვნება, რომელიც ამოუწურავია, არ საჭიროებს მოპოვებას და ტრანსპორტირებას. მზის პანელები აგროვებენ სუფთა, განახლებად ენერგიას სინათლის სახით და მას ელექტროენერგიად გარდაქმნიან.

მზის ელექტრო სადგურის უპირატესობები:

[checklist]

  • მინიმალური ზიანი გარემოზე;
  • სერვისისა და მოვლის დაბალი ხარჯები;
  • გამარტივებული ექსპლუატაცია და დემონტაჟი;
  • ცენტრალურ ქსელზე დაერთების შესაძლებლობა;
  • გრძელვადიანი ინვესტიცია;
  • ინვესტიციის უკუგების მცირე პერიოდი.

[/checklist]

„ჩვენთვის მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ლოპოტას, რომ ის თანხები, რომელიც წლების განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადებს ხმარებოდა, გამოათავისუფლოს და ლიზინგის დაფარვის შემდეგ ისევ ბიზნესის განვითარებას მოახმარს,“ – განაცხადა გაგა გოგუამ, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორმა.

ლოპოტამ „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის ასაშენებლად ნებართვა უკვე მოიპოვა, სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება.

განახლდება თუ არა მარტიდან გეგმიური ოპერაციები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით

განახლდება თუ არა პირველი მარტიდან გეგმიური ოპერაციების ჩატარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

„ამ საკითხზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეპიდსიტუაცია გვექნება ქვეყანაში. იქნება საკითხის განხილვა და კონკრეტული პასუხი თებერვლის ბოლოს გვექნება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.

22 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.6%.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ზოგიერთ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე [გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა] საგარანტიო ფურცლის გაცემა საქართველოს მთავრობამ, პანდემიის გამო, 2020 წლის ნოემბერში შეაჩერა [2020 წლის 11 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე].

ამავე თემაზე:

ვის ავნებს გეგმიური ოპერაციების გადავადება – კომენტარი

ბათუმელი კაცი, რომელიც ხმელი ფოთლებითა და ხის ქერქებით ხატავს 

ბროწეულის კანი კრამიტად აქცია, ასანთის ღერები – კედლებად და ასე ააშენა ძველი თბილისის ერთი უბანი ჩარჩოში. შემდეგ ნივრის ფურცლებით შექმნა მდინარე და თანდათან ტექნოლოგია უფრო განავითარა.

ბუნებრივი, ხმელი მასალებით შექმნილი პეიზაჟები, საქართველოს კუთხეები და თბილისის ძველი უბნები, კონკრეტული შენობები, საკუთარი სახლის კედლებზე გამოფინა – ეს საქმე პანდემიის დროს იზოლაციაში დარჩენილმა დავით გოგავამ  სტრესის დაძლევის მთავარ იარაღად გამოიყენა.

დავით გოგავას მიერ ხმელი მასალებით შექმნილი ნამუშევრები

მისი ნამუშევრები ერთი შეხედვით ნახატებს ჰგავს, თუმცა საღებავს საერთოდ არ იყენებს და ყველაფერი ბუნებრივი მასალით აქვს შექმნილი.

დავით გოგავა გვიყვება, რომ მისი ცხოვრება პანდემიამდე ცოტა ადრე შეიცვალა, მაშინ როცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამსახურისთვის თავის დანებება მოუწია, პანდემიამ კი სახლში გამოკეტა და ნათესავებსა და მეგობრებს დააშორა, რაც არ იყო მისთვის მარტივი:

„სახლში გამოკეტვამ სტრესულ მდგომარეობამდე მიმიყვანა, უკვე ქუჩაში  გასვლაც აღარ შემეძლო. ფსიქოლოგიური სტრესი იყო ისიც, რომ ასაკოვნები რისკჯგუფში ვიყავით, ამან ჩვენი სრული იზოლაცია გამოიწვია, რაც ძალიან რთული იყო. რაღაც უნდა მეკეთებინა და ამ დროს 40 წლის წინ ნასწავლი საქმე გამახსენდა“.

დავით გოგავამ ხმელი ფოთლების, სხვადასხვა ქერქის, გამხმარი მცენარეების შეგროვება და ამ ნივთებით „ხატვა“ დაიწყო.

„პირველად გამიჭირდა საჭირო მასალების შეგროვება, ძირთადად ვიყენებ ნაძვის მასალას. ასევე, ბროწეულის კანს. თეთრი ფერის პრობლემა მქონდა, არყის ხის მასალები გამომიგზავნა ჩემმა ძმამ, ეს საქმეც მისგან ვისწავლე. არყის ხის ქერქში უნიკალური ფერებია, ოთხი-ხუთი ფერია, მათ შორის თეთრიც. შემდეგ ვაკვირდებოდი ბუჩქებს, ყვავილებს, მასალების უმეტესობა ქუჩაში ვიპოვე, ქვაფენილის გაკეთება თუ მინდა, ამის პრობლემაც აღარ მაქვს უკვე“.

დავით გოგავას მიერ ხმელი მასალებით შექმნილი ნამუშევრები

დავით გოგავა მიიჩნევს, რომ შრომატევადი, მაგრამ საინტერესო საქმე იპოვა:

„ძალიან საინტერესოა, თუმცა შრომატევადი. სულ მცირე 15 დღე უნდა ერთი ნამუშევრის დასრულებას, დღეში 3 საათი მაინც უნდა იმუშაო, შეცდომას ვეღარ გამოასწორებ, პატარა გადახრა სიზუსტეს და ხაზებს არღვევს, ახალ რაღაცებს ნახულობ და თანდათან ტექნოლოგიას ავითარებ.“

დავით გოგავას ნამუშევრებში ძველი თბილისის არქიტექტურა სჭარბობს. ამბობს, რომ პროგრესის მომხრეა, თუმცა მოსწონს ყველაფერი ძველი, განსაკუთრებით კი ძველი ეკლესიების არქიტექტურა ხიბლავს, გაკეთებული აქვს ბათუმის მეჩეთიც:

„ვფიქრობ, რომ ძველი ეკლესიების არქიტექტურა საოცარია, ეს არის მოვლენა, ისტორია მიყვარს, ვამბობ თვითნასწავლი ისტორიკოსი ვარ-მეთქი, მიყვარს ძველი ფილმები და ასევე ძველი მანქანებით ვარ გატაცებული“.

პორტრეტი ჯერ არ შეუქმნია, ახლა აპირებს. ამბობს, რომ ჩაფიქრებული აქვს შვილიშვილისა და რძლის პორტრეტი შექმნა.

დავით გოგავას ჯერ არ უცდია თავისი საქმე კომერციულ პროექტად ექცია, მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევრების ფეისბუქში გამოფენის შემდეგ ბევრი მოწონება დაიმსახურა და იმითაც დაინტერესდნენ, იყიდება თუ არა მისი ნამუშევრები.

ჯერ არც ერთი არ გაუყიდია, მხოლოდ ორი მათგანი გააჩუქა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომავალში ეს საქმე მართლაც აქციოს კომერციულ პროექტად, იცის, რომ მსგავსი ნამუშევრები, განსაკუთრებით ეროვნულ თემატიკაზე, ტურისტებს  მოსწონთ, თუმცა პანდემიის პირობებში შესაძლოა ჯერ ონლაინაუქციონში სცადოს მონაწილეობა.

გვიყვება, რომ ცოტა ხნის წინ იტალიაში ხელოვანი ქალი გაიცნო, ის ქარგავს, ერთმანეთს საკუთარ ნამუშევრებს და მოსაზრებებს უზიარებენ, გეგმავენ, რომ მომავალში ერთად გააკეთებენ გამოფენას:

„რატომაც არა, ამ ყველაფერს სიმშვიდე მოაქვს, ვიცი, რომ ვიღაც ბათუმში კვერცხის ნაჭუჭისგან ქმნის ნამუშევრებს, მინდა ისიც გავიცნო.“

საქართველოში დადასტურდა კოვიდის 147 ახალი შემთხვევა, 12 პაციენტი გარდაიცვალა

22 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 5 275 ტესტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 2 785 აქტიური შემთხვევაა, მათგან 1 713 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, რომელთა შორის 336 მძიმე პაციენტია. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 937 ადამიანი

21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.6%.

დღეს აჭარაში კოვიდის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 22 თებერვალი

22 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა 2-მა პაციენტმა.

ბოლო მონაცემებით აჭარაში, კოვიდკლინიკაში 138 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 მართვით სუნთქვაზეა.

„მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს იზამს“ – გომელაური 14 წლის ნინის საქმეზე

„გრძნობთ თუ არა პირად პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა ქაქუთში, როდესაც 14 წლის ბავშვი აღმოჩნდა მოძალადეების წინაშე დაუცველი? რატომ მოხდა ეს?“ – ეს შეკითხვა საქართველოს შს მინისტრს [დღეის მდგომარეობით მინისტრობის კანდიდატს] ალეკო ელისაშვილმა დაუსვა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა.

„უმძიმესია და კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვიღებ მე და ყველა ჩვენგანმა უნდა აიღოს. ეს არ არის ერთი შემთხვევა, ერთი თვის წინ 16 წლის ბიჭმა ჩამოიხრჩო თავი. იმის წინ კიდევ.. სრულწლოვანმა, არასრულწლოვანმა…

ეს არის ძალიან დიდი პრობლემა საზოგადოებაში, ამას მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს ვერ უზამს, თუ არ ჩაერთო მთელი საზოგადოება, ოჯახიდან დაწყებული, ყველა სამინისტრო, ამას ვერაფერს ვერ გავუკეთებთ ჩვენ.

კი ბატონო, აიღოთ პასუხიმგებლობა და კი, პასუხიმგებლობას ვიღებთ, ძალიან შეწუხებული ვართ, უმძიმესი თემაა, ძალიან დიდი სტრესია ახალგაზრდებში მით უმეტეს და ძალიან ბევრია სამუშაო.

მე ვფიქრობ ამაზე არა მარტო მე, პირადად და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ ყველა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოთ [პასუხისმგებლობა], როგორც განათლების მიმართულებით, ასევე ოჯახებმა.

მსოფლიოშიც არის ეს პრობლემა, არამარტო საქართველოშია, თუმცა საქართველოშიც არის ძალიან ბევრი სამუშაო“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

9 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგომ, წინასწარი ინფორმაციით, თავი მოიკლა. ოჯახის თქმით, ტრაგიკულ შემთხვევას წინ უძღოდა მისი გაუპატიურება.

გოგოს დაღუპვიდან მალევე 23 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 140-ე და 115 მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას   წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში და თვითმკვლელობამდე მიყვანას.

ამ საქმეზე 15 თებერვალს პოლიციამ ასევე დააკავა დაღუპული გოგოს ბაბუა, მუქარისა და ძალადობის ბრალდებით.

14 თებერვალს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ პოლიციამ რაც შეძლო ყველაფერი გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ 14 წლის ნინიზე საქმე გამოძიება ორი თვის წინ დაიწყო და ბრალდებული მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, როცა მოზარდმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

26 თებერვალს საქართველოს ქალაქებში გაიმართება 1000 მშობლის მარში. აქციის ერთ-ერთ მოთხოვნაა დადგეს ნინის საქმის  პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

 

იგეგმება მოპედზე მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება – გომელაური

„იგეგმება მოპედის რეგისტრაცია, მოპედზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის გაცემა“ – განაცხადა დღეს, 21 თებერვალს, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

მოპედის მძღოლებისთვის მართვის მოწმობის გაცემაზე ორი წლის წინაც იყო საუბარი, როცა საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ავტომობილის მართვის მოწმობას 17 წლის პირები ვეღარ აიღებდნენ.

 

 

კოვიდი მოსწავლეების 0,03%-სა და სკოლის თანამშრომელთა 1,05%-ს გამოუვლინდა

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის [ამჟამად მინისტრობის კანდიდატის] განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში ქვეყნის მასშტაბით Covid19 სკოლის თანამშრომელთა  1,05 პროცენტს დაუდასტურდა. საჯარო და კერძო სკოლების 600 ათასამდე მოსწავლიდან კი კოვიდი მხოლოდ 0.03 პროცენტს გამოუვლინდა.

ჩხენკელის თქმით, 15 თებერვლიდან  დღემდე მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 34 სკოლა, ხოლო ონლაინრეჟიმში 116 კლასი სწავლობს.

„გაფართოებული ტესტირების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია  85 141 მასწავლებელი, რომლებიც სავალდებულო  ტესტირებას ეტაპობრივად გაივლიან,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა დღეს, 21 თებერვალს.

მისი თქმით, სკოლების მონიტორინგი, ისევე როგორც მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება, მომავალშიც სისტემატურად გაგრძელდება.

„ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები იმოქმედებს, ისე როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით არის გათვალისწინებული, კერძოდ,  დისტანციურ სწავლებაზე გადავა კონკრეტული კლასი/სართული ან მთლიანად სკოლა,“ – განაცხადა ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებზე მოსმენისას.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა საქართველოს პარლამენტმა თავიდან უნდა დაამტკიცოს. აქ უკვე განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მთავრობის დამტკიცებამდე მინისტრის მოვალეობას ასრულებს.

ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობის ღობის ნაწილი მოარღვიეს

დღეს, 21 თებერვალს, მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრებმა ბათუმის ბულვარში სასტუმრო „ამბასადორის“ მშენებლობის ღობის ნაწილი მოარღვიეს.

„ამ ფორმით ვაპროტესტებთ ბათუმის ბულვარში 16 სართულის მშენებლობას“ – გვითხრა ალექსანდრე მილორავამ, აქციის მონაწილემ. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა. აქამდე კომპანიას მხოლოდ 4-სართულიან მშენებლობაზე ჰქონდა ნებართვა.

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდა 5000-ზე მეტი ხელმოწერა.

_______________

განახლებული ინფორმაცია: „ბათუმელები“ იმყოფებოდა ბულვარში მშენებლობასთან, სადაც მორღვეულია მშენებლობის ღობის ნაწილი, ადგილზეა პოლიცია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. ნახეთ პირდაპირი ჩართვა ადგილიდან.

ამავე თემაზე:

ბულვარში სასტუმროს აშენება დაუშვებელია – კულტურის სამინისტროს კვლევითი ცენტრი

რას ჰყვებიან ქართველი მოსწავლეები აშშ-სა და ბრიტანეთის სკოლებში სქესობრივ განათლებაზე

სკოლებში სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სწავლებაზე საუბრისას საზოგადოების ნაწილს ხშირად მწვავე რეაქცია აქვს, ხშირად ტერმინებიც კი არასწორადაა გაგებული და სქესობრივი განათლება „სექსის სწავლებასთანაა“ გაიგივებული.

რა საკითხებს განიხილავენ მოსწავლეებთან იმ ქვეყნების სკოლებსა და კოლეჯებში, სადაც სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სემინარები არათუ ნებადართული, სავალდებულოც კი არის?

მარიამ მიქელაძემ შარშან, 2020 წელს, დაამთავრა ბრიტანეთში ჰემფშირის წმ. კატერინას სახელობის კოლეჯი ბრემლიში, სადაც 2 წელი სწავლობდა. ბრიტანეთში დაამთავრა ვინჩესტერის წმ. სიუზენის სახელობის სკოლა ნინო სიჭინავამაც 2020 წელს.  ამიკო გოგიტიძემ საშუალო სკოლის დამამთავრებელ წელს აშშ-ში, კანზასის შტატში ისწავლა. სამივე ახალგაზრდა ამბობს, რომ სემინარები და გაკვეთილები სქესობრივი განათლების საკითხებზე მათ სასწავლებლებში სავალდებულო იყო.

„ამერიკაში არავინ იტყუებს თავს, რომ 17, 18, 19 წლის ახალგაზრდას სექსი არ აქვს, და რახან რაღაცას აკეთებ, აუცილებელია იცოდე, რას რა შეიძლება მოჰყვეს, სავალალო შედეგებამდე რომ არ მიხვიდე,“ – ამბობს ამიკო.

სამივე ახალგაზრდის მონათხრობის მიხედვით ბრიტანეთისა და აშშ-ს კოლეჯებში მოზარდებს აუცილებლად ესაუბრებიან ხუთ მთავარ საკითხზე:

  • თანხმობის უზენაესობა

მარი ამბობს, რომ კოლეჯში ძალიან ხშირად ესაუბრებოდნენ წყვილებს შორის თანხმობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. იმაზე, რომ სქესობრივი კავშირი მხოლოდ წყვილის ორმხრივი, ცხადი თანხმობითაა შესაძლებელი, რომ ნებისმიერი სიახლისას სექსის დროს მნიშვნელოვანია ყველაფერზე პარტნიორის თანხმობა და წინასწარ მისი აზრის გაგება, მანამ, სანამ რომელიმე რაიმეს მოიმოქმედებს.

„მე გოგოების სკოლაში ვსწავლობდი და სქესობრივი განათლების საკითხებზე ლექციები გოგოებისთვის საინტერესო თემებზე იყო მორგებული. გვასწავლიდნენ, რომ ყოველთვის უნდა დაფიქრდე წინასწარ, რა არის შენთვის კომფორტული და რა არა, რომ აუცილებელია ამაზე პარტნიორთან საუბარი დარცხვენის გარეშე.

ნინო გვიყვება, რომ „თანხმობის“ საკითხები მის გაკვეთილებზეც მნიშვნელოვანი იყო. უხსნიდნენ, რომ სწორედ თანხმობით, კონსესუსით იწყება ყველანაირი ურთიერთობა და საკუთარი სურვილების იძულებით თავსმოხვევა სხვისთვის ძალადობაა.

„გვიხსნიდნენ, რომ ხშირად ქალი უბრალოდ იძულებულია დათანხმდეს სექსს და სხვის ინიციატივას, რაც დაუშვებელია და გვარიგებდნენ, რომ ასეთი რამ არასდროს არ უნდა გამოვცადოთ,“- ამბობს ნინო.

ამიკო გვეუბნება, რომ შტატებში ყველა მეცხრეკლასელმა ბიჭმა თუ გოგომ უკვე იცის, რომ თანხმობის გარეშე ყველაფერს ძალადობა ჰქვია.

  • სექსუალური შევიწროება და ძალადობა

ამიკო იხსენებს, რომ თუ რომელიმე ბიჭი, თუნდაც არასრულწლოვანი, დადანაშაულებული იქნებოდა სექსუალურ შევიწროვებაში, მის ცხოვრებაზე ეს დიდ, შავ ლაქას ტოვებდა.

„მთავრდება იმ საზოგადოებაში ასეთი ბიჭის რეპუტაცია, თუნდაც არასრულწლოვნის. სექსუალური შევიწროება დიდ სირცხვილად ითვლება და სამართლებრივი დევნაც იწყება ასეთ დროს.

გოგოებმაც იცოდნენ, რომ თანხმობის გარეშე არავის შეეძლო ისინი დაეყოლიებინა სექსზე და ყველამ იცოდა ნათლად საკუთარი უფლებები, იცოდნენ რას ნიშნავს ძალადობა,“ – ამბობს ამიკო.

ნინოს ბრიტანეთის სკოლაში აუხსნეს, რომ სრულწლოვნები ბარებსა და კლუბებში ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, რომ ხშირია შემთხვევა, როცა მსგავს ადგილებში სასმელს ურევენ გამაბრუებელ ნივთიერებებს და მარტივად ითანხმებენ გოგოებს სექსზე. უხსნიდნენ როგორ აერიდებინათ თავიდან მსგავსი სიტუაცია და როგორ ამოეცნოთ სახიფათო გარემო, როგორ დაეღწიათ თავი შესაძლო ძალადობისგან, ვისთვის უნდა მიემართათ.

  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

მარიამის თქმით, მის კოლეჯში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე ისეთივე სერიოზულობით საუბრობდნენ სპეციალისტები, როგორც ნარკოდამოკიდებულებასა და ალკოჰოლზე. ამბობს, რომ მის კლასში მოწვეულმა სპეციალისტმა ერთი ლექცია სრულად ამ გზით გადამდებ დაავადებებზე საუბარს დაუთმო.

დაავადებების გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები მარის კლასს დაწვრილებით აღუწერეს. აჩვენეს ილუსტრაციებიც, რომ კონკრეტულ დაავადებაზე წარმოდგენა ჰქონოდათ და თუ ვერ ამოიცნობდნენ, ეჭვი მაინც გასჩენოდათ, რის შემდეგაც ექიმს მიაკითხავდნენ.

„ეს ვიზუალური მასალა ძალიან კარგი ხერხი იყო გაგვეანალიზებინა თავიდანვე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს დაუცველ კავშირებს,“ – ამბობს მარიამი.

ნინოს კლასს აუხსნეს, როგორ უნდა ამოეცნოთ, აქვს თუ არა პარტნიორს სქესობრივი გზით გადამდები ესა თუ ის დაავადება, ასწავლეს რისკების გაცნობიერება და უთხრეს სამედიცინო ცენტრების შესახებაც, სადაც გინეკოლოგის კონსულტაცია იქნებოდა შესაძლებელი.

ამიკო ჰყვება, რომ ამერიკაში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების მშობლები ხშირად ითხოვენ, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად ესაუბრებოდნენ სკოლაში მათ შვილებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებსა და ზოგადად სქესობრივი განათლების საკითხებზე.

„ასეა, რადგან მშობლებმა კარგად იციან: მნიშვნელოვანი ინფორმაციის უცოდინრობა მათ შვილებს სავალალო შედეგებამდე მიიყვანს,“ – ამბობს ამიკო.

  • თავდაცვის საშუალებები

„80-იან წლებში ამერიკაში ნაადრევი ორსულობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო ახალგაზრდებისთვის, ეს ხელს უშლიდა გოგოებს სწავლა-განათლების პროცესში, კარიერის აწყობაში. საზოგადოება მივიდა იმ აზრამდე, რომ თავდაცვის საშუალებებზე ინფორმაციის ნაკლებობა იყო მიზეზი.

სწორედ ამის მერე დაიწყეს ამერიკულ სკოლებში სქესობრივი განათლების საკითხების სწავლება,“ – ამბობს ამიკო.

მარიამის სკოლაშიც ამახვილებდნენ ყურადღებას თავდაცვის საშუალებების აუცილებლობაზე. უხსნიდნენ მოზარდებს, რომ არ უნდა დაეშვათ შემდგომში ისეთი შეცდომები, რაც მათ დააზარალებდა.

ნინოს ბრიტანულ კოლეჯში მოწვეული სპეციალისტები თავდაცვის სხვადასხვაგვარ საშუალებებს აცნობდნენ მოზარდებს, ესაუბრებოდნენ თითოეული მათგანის გამოყენების თავისებურებებზე, უკუჩვენებებსა და ეფექტურობის ხარისხზე.

  • კითხვების დასმის აუცილებლობა

მარიამი და ნინო ამბობენ, რომ სკოლაში ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ მოზარდებს სქესობრივი განათლების საკითხებზე  თავისუფლად დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები მასწავლებლების, მოწვეული სპეციალისტებისთვის.

მეტიც, ნინო გვიყვება, რომ მოწვეული სპეციალისტების ლექციებს კურსის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, რადგან მას შემდეგ, რაც სპეციალისტები ამოწურავდნენ ამ თემებზე სემინარებს და დატოვებდნენ სკოლას, მოსწავლეებს შეძლებოდათ სკოლაში მუდმივად მყოფი მასწავლებლებისთვის მიემართათ საჭიროების შემთხვევაში.

„ჩვენ მასწავლებლებთან გახსნილად შეგვეძლო ამ თემებზე საუბარი, რადგან ისინი იწვევდნენ სქესობრივ საკითხებზე სასაუბროდ სპეციალისტებს, ესწრებოდნენ ჩვენთან ერთად საუბრებს და შესაბამისად, აღარ იყო თემები ტაბუდადებული“, – ამბობს ნინო.

ნინოს კლასში, ისევე როგორც მარიამისა და ამიკოს კლასში, სქესობრივ საკითხებზე სემინარები ყოველთვის კითხვა-პასუხით მთავრდებოდა სპეციალისტებსა და მოზარდებს შორის.

  • მარიამის კოლეჯში სქესობრივი განათლების სპეციალური სახელმძღვანელოები არ ჰქონიათ. ამ ტიპის საჯარო სემინარები მის კოლეჯში კვირაში ერთხელ ტარდებოდა. სემინარებზე სასწავლებელი სასაუბროდ იწვევდა ამა თუ იმ მიმართულების სპეციალისტს, ექსპერტს.
  • ნინოს კოლეჯში ბოლო ორ დამამთავრებელ კლასში ტარდებოდა ლექციები. მხოლოდ ორჯერ. მაგრამ როგორც მან გვითხრა, მას შემდეგ, რაც მან სწავლა დაამთავრა, მოსწავლეებმა ამ კოლეჯში მოითხოვეს უფრო ინტენსიური ყოფილიყო ლექციები რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სქესობრივი საკითხების შესახებ.
  • ამიკოს სკოლაში, აშშ-ში, სემინარები მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს უტარდებოდათ, დასწრება სავალდებულო იყო.

ამიკოც, მარიამიც და ნინოც ამბობენ, რომ გოგოებისა და ბიჭების ჯგუფებს მათ სასწავლებლებში სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ცალ-ცალკე ესაუბრებოდნენ, რომ დისკუსია უფრო თავისუფალი, შეუზღუდავი და ნაკლებად უხერხული ყოფილიყო.

საქართველოში სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები სკოლაში არ ისწავლება.  გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, მოზარდთა სქესობრივ განვითარებაზე ნათქვამია, რომ სექსუალობის კვლევისას მოზარდები ბევრ შეკითხვას და პრობლემას აწყდებიან.

საქართველოში კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ინდექსი 52.9%-ია. ეს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

2021 წელს უნივერსიტეტებში აღმზრდელი პედაგოგის საბაკალავრო პროგრამა იქნება – მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2021 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტები დაიწყებენ აღმზრდელი პედაგოგის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას.

ჩხენკელმა ამის შესახებ დღეს, 21 თებერვალს, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

„შემუშავებულია და ინერგება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ვმუშაობთ ბილინგვური განათლების დასანერგად.

2021 წელს უნივერსიტეტები დაიწყებენ აღმზრდელი პედაგოგის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას. დაგეგმილია აღმზრდელი პედაგოგის სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა,“ – განაცხადა განათლების მინისტრმა.

აღმზრდელ-პედაგოგი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონის თანახმად, არის პირი, რომელიც დაწესებულებაში სააღმზრდელო-პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებს.

რა დავკარგეთ 100 წლის წინ საბჭოთა ოკუპაციის დროს – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

უჭირს კონკრეტული ჩამონათვალის გაკეთება იმისა, თუ რა დავკარგეთ, რადგან თვლის, რომ წარსულის შანსებზე საუბარი 100 წლის შემდეგ რთულია. ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ზუსტად 100 წლის წინ, როცა ბათუმში პირველი რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია დაბეჭდეს, საქართველო „ძალიან კარგ გზაზე“ იდგა და გამორჩეულიც კი იყო მსოფლიოში თავისი სოციალური ექსპერიმენტებით. კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის შემდეგ ლაშა ბაქრაძე დამოუკიდებელი საქართველოს მთავარ გამოწვევად გლობალური ხედვის არარსებობას ასახელებს და ხაზგასმით ამბობს, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვებით იყო გამორჩეული საქართველოს პირველი რესპუბლიკა.

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი შესრულდა. „ბათუმელები“ ისტორიკოსს ლაშა ბაქრაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ლაშა, 100 წლის წინ საქართველოში, კონკრეტულად კი, ბათუმში პირველი კონსტიტუცია მიიღეს. თუმცა რამდენიმე დღეში წითელი არმია შემოვიდა… რეალურად რა იყო ეს, რა შესაძლებლობა დავკარგეთ? 

რეალურად ჩვენ დავკარგეთ იმის შანსი, რომ ფეხი აგვეწყო კაცობრიობის განვითარებისათვის, მათთან ერთად საქართველოს განეცადა ნორმალური აღმშენებლობა. ერთი საკითხია, რომ 1921 წელს სხვა ქვეყანამ დაიპყრო საქართველო, მაგრამ მეორე, კიდევ უფრო უარესი იყო ის, რომ ეს ქვეყანა იყო კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი. ამას მოჰყვა, რასაკვირველია, წარმოუდგენელი ტერორი ყველგან, მათ შორის, საქართველოში და წარმოუდგენელი ტვინის გარეცხვა საზოგადოებისა, რომლის მსგავსი მანამდე კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა.

ასე რომ, საქართველომ 100 წლის წინ არა მხოლოდ დამოუკიდებლობა დაკარგა, არამედ გახდა ნაწილი ქვეყნისა, სადაც ადამიანებზე წარმოუდგენელი ტერორი განხორციელდა. შეიძლება ითქვას, რომ ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, ის, ვინც ემიგრაციაში ვერ წავიდა, ფაქტობრივად განადგურდა.

რაც მთავარია – ახალი თაობებიც გაიზარდნენ მავნებლური იდეოლოგიით, რომლის შედეგებს ჩვენ დღესაც განვიცდით. ხშირად არც კი გვესმის, რამხელა კვალი დააჩნია ადამიანებს კომუნისტურმა აზროვნებამ და როგორ არ გვაქვს ჩვენ დღესაც იმის გაგება, თუ რას ნიშნავს, მაგალითად, სამართლიანობა, რომ არსებობდეს ნორმალური სასამართლო, რას ნიშნავს კერძო საკუთრება რეალურად და არა ისე, როგორც დღეს გაიგეს საქართველოში: ფაქტობრივად კაპიტალიზმი, რომელიც დღეს გვაქვს.

აი, კომუნისტებს რომ წარმოედგინათ, როგორი ცუდი იყო კაპიტალიზმი, ისეთია, სადაც წარმოუდგენლად დიდი განსხვავებაა ღარიბსა და მდიდარს შორის, სადაც არ იცავენ ელემენტარულ უფლებებს.

კომუნისტები ამბობდნენ, რომ ახალი ადამიანი უნდა შეექმნათ. მართალია, ვერ შექმნეს, მაგრამ გადააგვარეს და ეს არ ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მოესწრნენ ამ პერიოდს, არამედ ეს ახალ თაობაზეც გადადის, რადგანაც ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა გავლენა აქვს დღესაც ამ სასტიკ წარსულს.

  • რა ტიპის ქვეყანა შესაძლოა ყოფილიყო საქართველო, რომ არა საბჭოთა ოკუპაცია? 

არ მიყვარს წარსულ შანსებზე საუბარია, რთულია… მაგრამ საქართველო იდგა ძალიან კარგ გზაზე დღევანდელისგან განსხვავებით. ის ბრმად არ იღებდა იგივე დასავლურ გამოცდილებას. რეალურად ქვეყნის შიგნით იყო საკმარისად მომწიფებული ხედვა იმისათვის, რომ საქართველო გამხდარიყო სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი. ვფიქრობ, საქართველო შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი დემოკრატიული, სამართლიანი ქვეყანა და ეკონომიკურად წელში გამართული, როგორიც ჩვენ ყველას გვინდა.

  • საიდან გაჩნდა პირველ კონსტიტუციაში სოციალისტური ხედვები? მაშინაც და ახლაც ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ დღეს არ გვყავს მემარცხენე, სოციალისტური პოლიტიკური პარტიები. რას უკავშირებთ ამას? 

მაშინ, რასაკვირველია, სოციალისტური ხედვები განაპირობა იმან, რომ ხელისუფლებაში იყვნენ „სოციალ-დემოკრატები“. მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ ნამუშევარი ამ ხედვებზე. იმ დროს საქართველო მსოფლიოში მართლაც სამაგალითო ქვეყანა იყო ამ სოციალური ექსპერიმენტის თვალსაზრისით. ამას განაპირობებდა „სოციალ-დემოკრატების“ ხელისუფლებაში მოსვლა და არა მენშევიკების, სხვათა შორის, როგორც ეს ტერმინი თავს მოგვახვიეს კომუნისტებმა – „მენშევიკური საქართველო“, „გასაბჭოება“ ოკუპაციის მაგივრად და ასე შემდეგ.

ეს იყო უბრალოდ დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება და ქართველმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდა. მათ ჰქონდათ პროგრამაში ჩადებული სერიოზული სოციალური თემატიკა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა იქნებოდა ევროპის ისეთი ქვეყნების მსგავსი, სადაც სოციალ-დემოკრატებმა ბევრი რამ გააკეთეს.

  • არსებობს მოსაზრება, რომ რეალურად კონსტიტუციაში 100 წლის წინ ჩაწერილი ხედვები ვერ განხორციელდებოდა, რადგან ქვეყანას ეკონომიკურად უჭირდა. 

ქვეყანა, რასაკვირველია, ძალიან ღარიბი იყო.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ომის ბოლო წელს, როდესაც არამცთუ ჩვენნაირი ქვეყანა, არამედ ევროპის მდიდარი ქვეყნებიც კი, ომმა დიდ გასაჭირში ჩააგდო. წლები დასჭირდათ ევროპულ ქვეყნებს ომისგან თავსდატეხილი ეკონომიკური უკუსვლისგან თავის დასაღწევად.

მაგალითად, მანამდე მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა – გერმანია ამ პერიოდში ეკონომიკურმა კატასტროფამ დააქცია და ამან შეუწყო ხელი გაღარიბებული გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლას. ასე რომ, საქართველოს სიღარიბეში არაფერი განსაკუთრებული არ იყო. მთავარია, რომ არსებობდა ხედვა, როგორ განვითარებულიყო ქვეყანა. დღეს ჩვენ ძალიან ხშირად ეს ხედვა არა გვაქვს – როგორი ქვეყანა გვინდა სინამდვილეში გვქონდეს.

  • ხედვის არარსებობა რამდენად უკავშირდება საბჭოთა წარსულს, საიდანაც მოვდივართ? 

რასაკვირველია, ეს არის საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა. მხოლოდ სოციალურ თემატიკაზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, დღეს ამ თემაზე ყურადღების გამახვილება ჰგონიათ, რომ არის ბოლშევიკური ამბავი და უნდა იყოს ველური კაპიტალიზმი, რაც გაიარა 100 წლის წინ დასავლეთმა და ამ ველური კაპიტალიზმის გარეშე ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ნორმალური მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას. როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ თემატიკაზე, ძალიან ბევრს მართლაც ჰგონია, რომ ეს კომუნისტებთან უნდა იყოს აუცილებლად კავშირში, რაც ასე არ არის.

იგივე გერმანიის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეკონომიური საოცრების ავტორი იყო მემარჯვენე ლუდვიგ გერჰალდი, რომელმაც დაწერა წიგნი „კეთილდღეობა ყველასთვის“. მან კარგად გაიგო, რომ მიუხედავად მემარჯვენე ხედვებისა, თუ კეთილდღეობა ყველასთვის არ იქნებოდა, იყო საშიშროება იმისა, რომ ექსტრემისტები მოვიდოდნენ ხელისუფლების სათავეში, რაც გერმანიამ საკუთარ ტყავზე გამოსცადა ნაცისტების სახით, მსგავსი რამ მოხდებოდა კიდევ ერთხელ.

  • როგორი იყო დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრები და რა დავკარგეთ ოკუპაციის პირობებში? 

დამოუკიდებლობის პერიოდშიც საქართველოს მუდმივი პრობლემები ჰქონდა საზღვრებთან დაკავშირებით. ერთია რუკები, რომელზეც ახლა ხშირად საუბრობენ, მაგრამ ესაა ხშირად უფრო სასურველი რუკა, რაც ასახავს საქართველოს სურვილს, აკონტროლოს ესა თუ ის ტერიტორია.

ძალიან ხშირად საზღვრისპირა რეგიონები ერთი ხელიდან მეორეში გადადიოდა. მაგალითად, არის საუბარი, რომ საინგილო დავკარგეთ, მაგრამ საინგილოსთან დაკავშირებით მუდმივად პრობლემა იყო აზერბაიჯანთან. ლორესთან დაკავშირებითაც იყო პრობლემა სომხებთან, ნეიტრალური ზონა იყო ლორეში. დამოუკიდებლობის წლებში საქართველომ პატარა ზოლი მოიგო რუსეთთან შეთანხმებით, როდესაც ფსოუზე გავიდა საზღვარი, მანამდე უფრო სამხრეთით გადიოდა. პატარა ზოლია, მაგრამ 1920 წლის ხელშეკრულებით დადგინდა და საქართველომ მეტი ტერიტორია მიიღო.

ასეთივე პრობლემა იყო თურქეთთანაც, გარკვეული საზღვრები დაიკარგა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთს კიდევ უფრო მეტზე ჰქონდა პრეტენზია. გარდა ბუნებრივი საზღვრისა, რომელსაც წარმოადგენს კავკასიის ქედი, ფაქტობრივად სხვა საზღვრები არასდროს იყო დაზუსტებული და შეთანხმებული მეზობელ ქვეყნებთან.

იგივე დავით გარეჯის მხარეზე როდესაც ვლაპარაკობთ, ეს ნაწილი ნამდვილად შედიოდა და ეფექტურადაც აკონტროლებდა საქართველო, მაგრამ სხვა საზღვრები – ლორე, საინგილო, თურქეთში დღეს არსებული ტერიტორიები, რომელიც მაშინდელ საქართველოს საქართველოდ მიაჩნდა და იყო რუსეთის იმპერიის ნაწილი, მთელი სამი წლის განმავლობაში არ იყო საქართველოს გამგებლობის ქვეშ. ამიტომაც, მე უფრო ფრთხილად ვისაუბრებდი საზღვრებზე, ვიდრე დღეს არის საუბარი, რომ აი, ეს დავკარგეთ, ის დავკარგეთ. ეს საკითხი ასე ადვილად დასანახი არ არის. როცა საუბრობენ, მაგალითად, რომ სოჭი საქართველოს ეკუთვნოდა, კი, სოჭში ქართული ჯარი შევიდა, მაგრამ მალევე უკან გამოვიდა და საქართველოს არასდროს არ გამოუცხადებია, რომ სოჭი საქართველოა.

  • რა შეიცვალა საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საზღვრების ნაწილში? 

თითქმის ყველა სადავო ტერიტორიის საკითხი საქართველოს საწინააღმდეგოდ გადაწყდა, რადგან ქართველ ბოლშევიკებს მიაჩნდათ, რომ ინტერნაციონალიზმი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ტერიტორიები.

რეალურად, ნაღმი, რაც დაგვიტოვეს, არის აზროვნება, რომელიც დღემდე არ არის აღმოფხვრილი და არც აღმოიფხვრება, თუკი ის მუდმივად არ შევისწავლეთ, გავაანალიზეთ. ამის სურვილი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, უნდა იყოს შესწავლილი საბჭოთა პერიოდი, ისევე, როგორც დამოუკიდებლობის პერიოდი. სასურველია გადაიხედოს ჩვენი ისტორია და შესაბამისად ისწავლებოდეს სკოლებში, ადვილად ხელმისაწვდომი მასალები უნდა არსებობდეს.

  • როგორ ისწავლება სკოლებში პირველი რესპუბლიკის პერიოდი? 

ფაქტობრივად არაფერი ისწავლება და სკოლიდან გამოსულ ადამიანს ვერაფერს მოსთხოვ, რადგან აბსოლუტურად არასაკმარისია, რასაც ჩვენ ვხვდებით სკოლის სახელმძღვანელოებში. ეს საკითხი არის სრულიად მიგდებული… რაც მთავარია, სწავლების ეს ფორმა არასწორ ინფორმაციას უტოვებს დიდ გასაქანს. შესაძლოა გასაკვირად მოგვეჩვენოს, მაგრამ არიან ახალგაზრდები, რომლებიც არ მოსწრებიან საბჭოთა კავშირს, მაგრამ აქვთ გარკვეული ტიპის სიმპათიები საბჭოეთისადმი, თვლიან, რომ თითქოსდა მეტი იყო თანასწორობა, რაც არანაირად არ შეესაბამება რეალობას.

ვფიქრობ, დღეს გამოწვევები წარმოუდგენლად დიდია, რადგან ძალიან ჩქარი ტემპებით იცვლება სამყარო. ხშირად მგონია, რომ აი ამ კონტექსტს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ვერ ვხედავთ – წვრილმანი საკითხები შედარებით უფრო ახლოს არის ჩვენს თვალებთან და ვერ ვხედავთ გლობალურ ცვლილებებს, რაც სამყაროში ხდება. თუ ფეხი ვერ ავუწყვეთ სამყაროს, მაშინ ჩვენ მუდმივად ასეთ გაჭირვებულ ქვეყნად დავრჩებით, რომელსაც არ ჰყავს მეგობრები. იმისათვის, რომ გყავდეს მეგობრები პოლიტიკაში, საჭიროა, რომ იყო მნიშვნელოვანი.

ამ თემაზე:

რა ჩაწერეს 100 წლის წინ პირველ კონსტიტუციაში, რომელიც ბათუმში დაიბეჭდა

დააკავეს კაცი, რომელმაც 10 წლის გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა

შს სამინისტროს ცნობით, კახეთში ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 31 წლის კაცი დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, კაცი არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 126′-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა,” “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 21 თებერვლის 21 საათიდან 22 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით:  0 – 5 გრადუსი ყინვა 

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 23-24 თებერვალს, უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

10 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 258 ახალი შემთხვევა

21 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 258 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 9 653 ტესტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 571 პირი.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 3 257 აქტიური შემთხვევაა, მათგან 1 723 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, რომელთა შორის 344 მძიმე პაციენტია. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 524 ადამიანი

20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე 2.5%.

აჭარაში კოვიდის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 21 თებერვალი

21 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა 2-მა პაციენტმა.

ბოლო მონაცემებით აჭარაში, კოვიდკლინიკაში 146 პაციენტი მკურნალობენ, მათგან 6 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ავარია ავტობანზე – დაშავდა სამი ადამიანი

დღეს, 21 თებერვალს ავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტობანზე.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთ ავტომანქანაში მყოფი მძღოლი და ორი მგზავრი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

„ბათუმმა“ 139:3 დაამარცხა გორის „ჯიქები“ – რაგბი

დღეს, 20 თებერვალს, ბათუმის „ბათუმმა“ რაგბიში გორის „ჯიქებს“ რეკორდული ანგარიშით – 139:3 სძლია. ბათუმელმა მორაგბეებმა 21 ლელო ისე დაუდეს მეტოქეს [რომელთგან 17 გარდასახვა ზუსტი იყო], რომ საპასუხოდ არც ერთი ლელო არ მიუღიათ.

დიდი 10-ის მეცხრე ტურის “ბ” ჯგუფში ბათუმური კლუბი დღევანდელი გამარჯვების შემდეგ 30 ქულით მეორე ადგილს იკავებენ, ხოლო გორელები 6 ქულით ბოლო პოზიციაზე არიან.

ბათუმის მერია იაფი სახლის კრიტერიუმებს ისევ აზუსტებს

ბათუმის მერიას იაფი სახლის კრიტერიუმებში დაზუსტებების შეტანა სურს, შესაბამისი მოთხოვნა საკრებულოში დასამტკიცებლად უკვე გადააგზავნეს. განკარგულების პროექტის მიხედვით კრიტერიუმებს რამდენიმე ახალი ჩანაწერი  ემატება .

მთავარი სიახლე კი პროგრამის სავარაუდო ბენეფიარის სარეიტინგო ქულის განსაზღვრაა.

ახლი ჩანაწერის მიხედვით ეგრეთ წოდებულ იაფ სახლში ბინის შეძენის მსურველი არ უნდა მიკუთვნებოდეს სოციალურად დაუცველთა ჯგუფს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001 – მდეა.

ახალი ჩანაწერის მიხედვით იაფ სახლში ბინის შეძენის მსურველმა მერიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ფლობს თუ არა ის საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთად რეგისტრირებულ მიწას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მემცენარეობის ან მეცხოველობისთვის, ასევე არის თუ არა ამ ნაკვეთზე რაიმე სახის სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობა.

ასევე პროგრამის ბენეფიციარმა ზუსტად უნდა განსაზღვროს ამჟამინდელი საცხოვრებლის სტატუსი, აქვს თუ არა ეს სახლი საკუთრებაში, ქირის შემთხვევაში უნდა მიუთითონ გადასახდელი თანხის ოდენობა, ასევე, ცხოვრობენ თუ არა ნათესავის სახლში ან  სხვა რაიმე სახის არასაცხოვრებელ ფართში უსასყიდლოდ.

ბათუმის მერიამ იაფი სახლის კრიტერიუმები გაასაჯაროვა

 

 

აჭარის მთავრობა ბათუმის ცენტრში მუნიციპალურ ქონებას ითხოვს

აჭარის მთავრობა ბათუმის მერიას ქალაქის ცენტრში,  ზღვასთან ახლოს მდებარე სამსართულიანი შენობის საკუთრებაში გადაცემას სთხოვს, ამ შენობაში უკვე წლებია გარემოს დაცვის სამმართველო ფუნქციონირებს, რამდენიმე ოთახს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები იყენებენ, ქონება 2021 წლის თებერვლამდე არა მუნიციპალური, არამედ სახელმწიფოს საკუთრება იყო და ზემოთ ჩამოთვლილ სტრუქტურებზე, სარგებლობის უფლებით, ქონების ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა გადაცემული.

2021 წლის 11 თებერვალს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინიტროს მიმართვის საფუძველზე, ბათუმში გორგასლის #124-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი [ 929კვ.მ]  და შენობა [ 982,30 კვ.მ. ] ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცა, 17 თებერვალს კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიმართა ბათუმის მერიას, შენობა აჭარის მთავრობას უსასყიდლოთ უნდა გადასცეო.

მერიას შესაბამისი განკარგულების პროექტი უკვე მზად აქვს, რომლის განმარტებით ბარათშიც  გადაწყვეტილების მიზეზი კარგად არ არის განმარტებული, საინტერესოა ისიც, რომ როგორც სხვა შემთხვევაში ამჯერად განკარგულების პროექტს მხოლოდ განმარტებითი ბარათი ახლავს, თორნიკე რიჟვაძის წერილი კი არა.

გარმარტებით ბარათში არსებული ბუნდოვანი ინფორმაციით  მთავრობა  შენობისა და მიწის ნაკვეთის გადაცემას მხოლოდ იმიტომ ითხოვს, რომ კაპიტალური ხარჯები გაწიოს, რაც შეიძლება იყოს მაგალითად სარემონტო სამუშაოები.

მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოებზე მთავრობა შეთანხმებას ქონების მესაკუთრესთანაც შეძლებდა, პანდემიის დროს დაკორექტირებულ ისედაც შემცირებულ ბოუჯეტში კი სამთავრობო შენობისთვის მაღაბიუჯეტიანი სარემონტო სამუშაოების ჩატარება ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.

არის თუ არა ამ შენობით რომელიმე ბიზნესმენი დაინტერესებული ეს ჯერ არ ვიცით, თუმცა ბათუმში სხვა მაგალითებიც გვაქვს როცა დაინტერესებულ ინვესტორს სამთავრობო შენობა მიყიდეს და მასზე დაშენების ნებართვა მისცეს.

საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი, რომ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ბათუმში ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს, მიწის ნაკვეთი, სადაც შენობა უნდა აშენდეს, აჭარის საკუთრებაა და ის სააგენტოს სარგებლობის უფლებით გადაეცა. სააგენტოს ახალი შენობის აშენებაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა 1 619 060 ლარია.

ბათუმში თევზის ბაზართან გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ შენობას ააშენებს

 

 

ბლექსის ადგილზე ახალი სკოლის პროექტს სამინისტრო კონკურსით შეისყიდის

ბათუმში, კოლეჯ „ბლექსის“ ადგილზე ახალი სკოლის ასაშენებლად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციას აჭარის განათლების სამინისტრო კონკურსის წესით შეისყიდის, თუმცა, როდის გამოცხადდება კონკურსი, კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია.

მანამდე, ჩატარდება ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, განაშენიანების კვლევა და ტექნიკური დავალების შედგენა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ახალი შენობის მშენებლობას [სავარაუდო მოცულობის განსაზღვრას]. ამ სამუშაოებისთვის კი, სამინისტრო მაქსიმუმ 6 000 ლარს გადაიხდის.

ანალოგიურ და სხვა სახის მომსახურებას სამინისტრო აჭარის მასშტაბით კიდევ 13 სკოლისთვის შეისყიდის, რაზედაც ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა 60 ათასი ლარია და წინადადებების მიღება პირველ მარტს დაიწყება.

სკოლების ჩამონათვალი:

 

[toggle title=”კონკრეტული სამუშაოები იხილეთ აქ:“]

N საჯარო სკოლა სამუშაოები, რაც უნდა აისახოს პროექტში მაქსიმალური ღირებულება ლარში
1 სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლა ტოპოგეგმა, განაშენიანების კვლევა და ტექნიკური დავალების შედგენა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ახალი შენობის მშენებლობას (სავარაუდო მოცულობის განსაზღვრა). აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ძირითადი საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა განხორციელდება ცალკე შესყიდვით. 4,000 ₾
2 სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიაკონიძეების საჯარო სკოლა შენობის სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია, ღობის რეაბილიტაცია 3,000 ₾
3 სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლა ტერიტორიის გეოლოგიური და შენობის კონსტრუქციული კვლევა, ტოპოგეგმა, განაშენიანების კვლევა და ტექნიკური დავალების შედგენა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შენობის ერთი ნაწილის (ერთსართულიანი) დემონტაჟს, მეორე ნაწილის (სპორტდარბაზი) რეაბილიტაციას და ახალი კორპუსის მშენებლობას საკლასო ოთახებისთვის (სავარაუდო მოცულობის განსაზღვრა). შემსყიდველთან შეთანხებით შესაძლებელია ტექნიკური დავალების კორექტირება ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ძირითადი საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა განხორციელდება ცალკე შესყიდვით. 7,000 ₾
4 სსიპ თემური ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლა ტერიტორიის გეოლოგიური და შენობის კონსტრუქციული კვლევა, ტოპოგეგმა, განაშენიანების კვლევა და ტექნიკური დავალების შედგენა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს არსებული შენობის დემონტაჟს და ახალი შენობის მშენებლობას (სავარაუდო მოცულობის განსაზღვრა). შემსყიდველთან შეთანხებით შესაძლებელია ტექნიკური დავალების კორექტირება ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ძირითადი საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა განხორციელდება ცალკე შესყიდვით. 7,000 ₾
5 სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულის საჯარო სკოლა შენობის სახურავის რეაბილიტაცია და სხვა მცირე სამუშაოები შემსყიდველთან შეთანხმებით 2,500 ₾
6 სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისის საჯარო სკოლა შენობის სახურავის რეაბილიტაცია და სხვა მცირე სამუშაოები შემსყიდველთან შეთანხმებით 2,500 ₾
7 სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლა ფასადის რეაბილიტაცია, პანდუსი, სველი წერტილების რეაბილიტაცია და სხვა 3,000 ₾
8 სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, ტოპოგეგმა, არსებული ძველი უფუნქციო შენობის დემონტაჟისთვის შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, განაშენიანების კვლევა და ტექნიკური დავალების შედგენა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობას (სავარაუდო მოცულობის განსაზღვრა). აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ძირითადი საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა განხორციელდება ცალკე შესყიდვით. 4,000 ₾
9 სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლა შენობის ნაწილობრივი და ტერიტორიის (ეზო, ღობე) რეაბილიტაცია (შენობის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ უნდა გადაწყდეს თუ რას უნდა შეეხოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან) 3,000 ₾
10 სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლა სრული რეაბილიტაცია 7,000 ₾
11 სსიპ ჯემალ ნოღაიდელის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლა ღია სპორტული მოედნის მოწყობა 3,000 ₾
12 ქალაქ ბათუმში დემეტრე თავდადებულის ქ. N61-ში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, ტოპოგეგმა, განაშენიანების კვლევა და ტექნიკური დავალების შედგენა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ახალი შენობის მშენებლობას (სავარაუდო მოცულობის განსაზღვრა). აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ძირითადი საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა განხორციელდება ცალკე შესყიდვით (კონკურსით). 6,000 ₾
13 სსიპ ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლა ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, ტოპოგეგმა, განაშენიანების კვლევა და ტექნიკური დავალების შედგენა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს სკოლის ტერიტორიაზე ახალი კორპუსის (სააქტო დარბაზი, სარეპეტიციო დარბაზები, საკლასო ოთახები და სხვა სათავსები) მშენებლობას (სავარაუდო მოცულობის განსაზღვრა). აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ძირითადი საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა განხორციელდება ცალკე შესყიდვით. 5,000 ₾
14 სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლა; სახურავის რეაბილიტაცია 3,000 ₾
 სულ 60,000

[/toggle]

 

ბათუმში, თავდადებულის #61-ში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის კოლეჯ „ბლექსის“ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი [2775 კვ.მ.] და მასზე განთავსებული ისტორიული შენობა სამინისტრომ მერიას მოსთხოვა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კოლეჯი „ბლექსი“  თავდადებულის ქუჩაზე არსებული შენობით მაინც არ სარგებლობს, რადგან შენობა ამორტიზებულია და ეს ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება.

„ბლექსისთვის“ ახალი შენობა განათლებისა და მეცნიერების ქალაქის ტერიტორიაზე შენდება.

ამავე თემაზე:

ბათუმში ახალი სკოლის ასაშენებლად ბლექსის შენობას დაანგრევენ

აჭარაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 20 თებერვალი

20 თებერვლის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 30 პაციენტი; დღემდე გამოჯანმრთელებულია სულ 35 384 პაციენტი; კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა.

აჭარაში კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) – 5 პაციენტი.

ამ დროისთვის ბათუმში კლინიკაში მკურნალობს – 143 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 90, ონლაინ კლინიკაში – 107.

20 თებერვლის კოვიდსტატისტიკა საქართველოში:

კოვიდით 19 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 396 ახალი შემთხვევა

„ბათომის“ წერილი ზაურ ახვლედიანს ძეგლების საბჭოს შებოჭვასა და სხვა საკითხებზე

საჯაროობა, პროფესიული შეზღუდვა და განსახილველი მასალების წინასწარ გაცნობის აუცილებლობა იმ საკითხებს შორისაა, რასთან დაკავშირებითაც ორგანიზაცია „ბათომს“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს. შესაბამისი წერილით ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო ინაიშვილმა სააგენტოს დირექტორს, ზაურ ახვლედიანს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ სააგენტოს დირექტორმა 2021 წლის თებერვალში საბჭოს დაკომპლექტების წესში რამდენიმე ცვლილება შეიტანა.

შეიცვალა აჭარის კმდს-ს ძეგლების საბჭოს დაკომპლექტების წესი

განახლებული დებულების თანახმად, საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება პარიტეტის პრინციპით სხვადასხვა სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების  წარმომადგენელი პირებისგან, სადაც მოწვეულ წევრებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.

ამავე ცვლილებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოში მხოლოდ ერთი წევრის წარდგენის საშუალება ექნებათ.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანოა, რომლის შემადგენლობაც მტკიცდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, შექმნილია და ფუნქციონირებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე. შესაბამისად, საბჭო და მისი წევრები სრულად უნდა აკმაყოფილებდნენ იმ მოთხოვნებსა, რაც განსაზღვრულია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით.

„ბათომში“ მიიჩნევენ, რომ მართალია, სააგენტოს თავმჯდომარეს გააჩნია დისკრეცია შეარჩიოს საბჭოს წევრები მინისტრთან შეთანხმებით, თუმცა ეს დისკრეცია შეზღუდულია კულტურული მემკვიდრეობის კანონით საბჭოსთვის განსაზღვრული მოთხოვნებით.

კანონის თანახმად, საბჭო წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკაზე არსებულ ცენტრალურ სათათბირო ორგანოს, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებითა და საზოგადო მოღვაწეებით.“

კანონით საბჭოს შექმნის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, კონტროლის გარე საკონსულტაციო სისტემის გაჩენა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას დარგის ექსპერტები და საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი საზოგადო მოღვაწეები, კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობით განსაზღვრული პრინციპებიდან გამომდინარე, საჯარო პერსპექტივით, ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე და შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაბამის კონსულტაციას გაუწევენ სააგენტოს თავმჯდომარეს.

წერილის მიხედვით „ბათომში“ დაუშვებლად მიიჩნევენ, საბჭოს წევრთა კონკრეტული სპეციალობებით შემოსაზღვრას:

„ მივიჩნევთ, რომ საბჭოს წევრობის უფლება უნდა მიეცეთ როგორც დარგის ექსპერტებს, ასევე ამ სფეროს საზოგადო მოღვაწეებს. ამავე დროს, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, დებულებით ვიწროდ არ უნდა განიმარტოს დარგის ექსპერტის ცნება და მისი მხოლოდ ვიწრო სპეციალობებამდე დაყვანა.“- ნათქვამია ნინო ინაიშვილის წერილში.

  • გადაწყვეტილების დასაბუთება – დებულების მოთხოვნა და „ბათომის“ მოსაზრება

საბჭოს დებულება ითვალისწინებს საბჭოს წევრის ვალდებულებას დაასაბუთოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება, მას უფლება აქვს წერილობით დააფიქსიროს განსხვავებული პოზიცია.

ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოებზე ნებართვის გაცემა ან უარის თქმა სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომლის გამოყენებისას,  წერილობით დასაბუთებაში უნდა მიუთითონ ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

საბჭო, როგორც სააგენტოს სათათბირო ორგანო, გამოსცემს დასკვნას, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტია სააგენტოს თავმჯდომარისთვის და სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილების სწორ, დასაბუთებულ გამოყენებაში უნდა დაეხმაროს. შესაბამისად, აუცილებელია საბჭოს სხდომის ოქმში ან დასკვნაში მკაფიოდ იყოს წარმოდგენილი საბჭოს წევრთა დასაბუთებები, ყველა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რის გათვალისწინებითაც კონკრეტულ განცხადებაზე სააგენტოს თავმჯდომარეს ურჩევენ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპებით.

აუცილებელია საბჭოს წევრთა წერილობითი დასაბუთება არსებობდეს, როგორც პრინციპული განსხვავებული გადაწყვეტილების, ასევე საბჭოს უმრავლესობასთან არსებული თანმხვედრი მოსაზრების შემთხვევაშიც, რათა არსებული წერილობითი დასაბუთებიდან გამომდინარე, სააგენტომ კანონმდებლობის ჩარჩოებში საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება შეძლოს.

აუცილებელია დებულებაში გათვალისწინებული იქნას შესაბამისი ნორმა, რომელიც საბჭოს წევრებს პირდაპირ ვალდებულებას დააკისრებს წერილობით დაასაბუთოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე მიღებული როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გადაწყვეტილება და შესაბამისი წერილობითი დასაბუთება აისახოს საბჭოს სხდომის ოქმში.

  •  საჯაროობა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, კანონმდებლობის თანახმად, კოლეგიური საჯარო დაწესებულებაა6 და შესაბამისად ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს ყველა სხდომა.

ამას გარდა, საბჭო როგორც კოლეგიური საჯარო დაწესებულება, ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე. მიუხედავად მსგავსი საკანონმდებლო ვალდებულებისა, საბჭოს საქმიანობის პრაქტიკა კარგად აჩვენებს, რომ საბჭოს სხდომებზე ინფორმაცია საჯაროდ არ ქვეყნდება და არც ამ სხდომების საჯაროობა უზრუნველყოფილი.

„ბათომის“ თავმჯდომარის მოსაზრებით ასეთ არაგასაჯაროებულ, დახურულ სხდომაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს:

„შესაბამისად აუცილებელია, პრაქტიკაში აღსრულდეს და საბჭოს დებულებაში დამატებით გაჩნდეს ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ საბჭო ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს ყველა სხდომა. სააგენტო, ერთი კვირით ადრე საჯაროდ აცხადებს საბჭოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.“

  • საბჭოს წევრთათვის წარმოების მასალების წინასწარ გაზიარების ვალდებულება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, კანონმდებლობის თანახმად, კოლეგიური საჯარო დაწესებულებაა6 და შესაბამისად ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს ყველა სხდომა. ამას გარდა, საბჭო როგორც კოლეგიური საჯარო დაწესებულება, ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.8
მიუხედავად მსგავსი საკანონმდებლო ვალდებულებისა, საბჭოს საქმიანობის პრაქტიკა კარგად აჩვენებს, რომ საბჭოს სხდომებზე ინფორმაცია საჯაროდ არ ქვეყნდება და არც ამ სხდომების საჯაროობა უზრუნველყოფილი, რაც ასეთ არაგასაჯაროებულ, დახურულ სხდომაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად აუცილებელია, პრაქტიკაში აღსრულდეს და საბჭოს დებულებაში დამატებით გაჩნდეს ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ საბჭო ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს ყველა სხდომა. სააგენტო, ერთი კვირით ადრე საჯაროდ აცხადებს საბჭოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.

  • საბჭოს მუშაობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებით შებოჭვა

დებულების თანახმად, საბჭო  მუშაობას წარმართავს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. „ბათომის“ რეკომენდაციით მნიშვნელოვანია, მსგავსი ზოგადი ჩანაწერის მიღმა, დებულებაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც საბჭოს წევრი ვალდებულია საკუთარი გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მარეგულირებელი ადგილობრივი კანონმდებლობით, მათ შორის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტებსა და აჭარის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ჩარჩო დოკუმენტებზე დაყრდნობით.

  • საბჭოს წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

„საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია დებულებით ამომწურავად განისაზღვროს იმ კონკრეტული გარემოებების ამომწურავი ჩამონათვალი, რომლის შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.“ – წერია ზაურ ახვლედიანისთვის გაგზავნილ წერილში.

„ბათომის“ რეკომენდაციით უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ უნდა იყოს აბსტრაქტული და არ უნდა იძლეოდეს თვითნებური, ნებისმიერი საფუძვლით საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, განსაკუთრებით საბჭოს წევრის მხრიდან კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შემთხვევაში.

განახლებული დებულებით საბჭოს წევრისთვის სტატუსის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილება წარმოადგენს, რაც საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, ყოველგვარი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე დირექტორის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით ხდის შესაძლებელს.

უფლებამოსილების შეწყვეტის მსგავს ფართო საფუძველს ცალსახად უარყოფითი ეფექტი ექნება საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხზე და აკნინებს საბჭოსთვის კულტურული მემკვიდრეობის კანონიდან გამომდინარე არსებულ მიზნებს. გაუგებარია, რა შეიძლება იყოს დებულებაში დამატებით მსგავსი საფუძვლის არსებობის ლეგიტიმური დასაბუთება, იმ პირობებში, როდესაც უფლებამოსილების შეწყვეტის ლეგიტიმური საფუძვლები დებულებაში ისედაც ამომწურავად გვხვდება და საბჭოს წევრთა უფლებამოსილება კონკრეტული ვადით არის შემოსაზღვრული. უკიდურესად მნიშვნელოვანია, დებულებიდან დაუყოვნებლივ იქნას ამოღებული საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესაძლებლობა დირექტორის გადაწყვეტილებით – ნათქვამია მიმართვაში.

  • საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ დებულების ცვლილების თაობაზე სოციალურ ქსელში გაკეთებულ საჯარო განცხადებაში საუბარია, რომ განახლებული დებულებით, „საბჭოს წევრების უფლებამოსილება განისაზღვრება 2 წლის ვადით“, თუმცა უშუალოდ დებულებაში მსგავსი ჩანაწერი არ გვხვდება.

ნინო ინაიშვილის წერილში ნათქვამია, რომ საზოგადოება ბათომი მიესალმება, საბჭოს წევრების უფლებამოსილების კონკრეტულ ვადაზე მიბმას, თუმცა აუცილებელია ამ თემაზე შესაბამისი ჩანაწერი გაჩნდეს დებულების ტექსტში.

შეიცვალა აჭარის კმდს-ს ძეგლების საბჭოს დაკომპლექტების წესი

 

კოვიდით 19 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 396 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 19 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში გამოვლინდა 396 ახალი შემთხვევა.

20 თებერვლის მდგომარეობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  18 015 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 021 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 994 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  268 097-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.4%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  261 066-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 425 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 170 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 11, შიდა ქართლი – 41, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 580, საიდანაც: 1 769 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  766, აჭარაში – 200, იმერეთში – 401.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 349 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი,

228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 281 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 98, ხოლო აჭარაში – 45.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 875 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 983 პირი, აჭარაში – 569, იმერეთში – 1 043.

კოვიდპაციენტებისთვის სამინისტრო მონიტორინგის სისტემებს შეისყიდის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-19 ინტენსიური მართვის პროცესში პაციენტების სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციისა და შემდგომი დამუშავების მიზნით, პაციენტების მონიტორინგის ცენტრალური სისტემ(ებ)ის შესყიდვას გეგმავს.

სისტემამ უნდა მიიღოს განგრძობადი ინფორმაცია და მონაცემები ცალკეულ საწოლებთან დაკავშირებული მონიტორებიდან; უნდა გააჩნდეს მაქსიმუმ 66 მონიტორთან დაკავშირების უნარი, რაც ასევე უზრუნველყოფს პერსონალის მიერ ერთდროულად რეალურ დროში 32 პაციენტის მონაცემების ნახვას და მონიტორინგს; სისტემამ ასევე უნდა უზრუნველყოს თითოეული პაციენტის 240 საათი ხანგრძლივობის ინფორმაციის და 30 000 პაციენტის ისტორიული მონაცემების შენახვა.

სამინისტრო, აღნიშნულ სისტემებს მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში შეიძენს. ფასების დასადგენად კი, ამ ეტაპზე, ბაზარს იკვლევს.

დაინტერესებულმა მიმწოდებლებმა თავიანთი წინადადებები სამინისტროს 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით უნდა წარუდგინონ. სამინისტტრო ამჯერად 4 ასეთი სისტემის შესყიდვას გეგმავს.

[highlight color=”red”]ტექნიკური მონაცემები:[/highlight]

პაციენტების მონიტორინგის ცენტრალური სისტემა (Patient Central Monitoring System) –

  • დანიშნულება – რამდენიმე პაციენტის სასიცოცხლო მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დამუშავება შემდგომი რეაგირებისთვის
  • დიზაინი – ქსელური მოწყობილობა, რომელიც თავის მხრივ შეიცავს სენსორებს, დისპლეის ხელსაწყოებს, საპროცესო კომპონენტებსა და საკომუნიკაციო ბმულებს, დაფიქსირებული და გადამუშავებული მონაცემების რეალურ დროში გამოსახვის, გადაცემისა და შემდგომი გამოყენებისთვის;
  • ფუნქცია – სისტემა იღებს განგრძობად ინფორმაციას და მონაცემებს ცალკეულ საწოლებთან დაკავშირებული მონიტორებიდან, ასევე შესაძლოა დაკავშირდეს მოძრავ/სატარებელ და ე.წ. უკონტაქტო მონიტორებთან; სისტემას შეუძლია შეკრიბოს ცალკეული მონიტორების სერიები, და ასევე დაუკავშიროს ისინი სხვა, ცენტრალურ ჰაბს, და/ან სამედიცინო ინფორმაციის მართვის სხვა ცენტრალიზებულ სისტემას ან სისტემებს;
  • სეგმენტირება – მაქსიმუმ 66 მონიტორთან დაკავშირების უნარით, რაც ასევე უზრუნველყოფს პერსონალის მიერ ერთდროულად რეალურ დროში 32 პაციენტის მონაცემების ნახვას და მონიტორინგს;
  • თავსებადობა/ქსელი – ადვილად გამოსაყენებელი Windows-ზე დაფუძნებული სისტემით და ინტერფეისით, კაბელით და/ან უკაბელოდ მოფუნქციონირე, ასევე LAN ქსელთან თავსებადობით; დისტანციური მართვის რეჟიმით; ასევე, ე.წ. HL7 (Health Level Seven) ინტერფეისით (ჰოსპიტალური დონის ცენტრალურ სისტემასთან დასაკავშირებლად), და ელექტრონული სამედიცინო მონაცემების (EMR – Electronic Medical Records) სხვა ცენტრალურ სისტემებთან დაკავშირების და მონაცემების შესაძლო მიმოცვლის უნარით.
  • თითოეული პაციენტის 240 საათი ხანგრძლივობის ინფორმაციის და 30 000 პაციენტის ისტორიული მონაცემების შენახვის უნარი;
  • სხვადასხვა კლინიკურ გარემოსთან – გადაუდებელი, ოპერაციისწინა, ანესთეზიის შემდგომი, ამბულატორიული, ტრანსპორტირებისა და ზოგადი განყოფილებებისთვის – მორგებული სხვადასხვა მოდულების შესაძლებლობით;
  • განგაშის შეტყობინების ადვილად სამართავი ალგორითმითა და განგაშის სიგნალის პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებთან ადაპტირების სისტემით.

სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო პროცედურების გამოცხადებისას პრეტენდენტის მიმართ განსაზღვრული იქნება შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:

  • მონაწილე ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მინიმუმ სამი წლის გამოცდილება სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მიწოდების;
  • მსგავსი სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მიწოდების თაობაზე შესრულებული წარმატებული ხელშეკრულებები;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებელი ქვეყნის სერთიფიკატი.

20 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 19 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში გამოვლინდა 396 ახალი შემთხვევა:

კოვიდით 19 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 396 ახალი შემთხვევა

 

 

 

კობახიძის დაჯილდოება გზავნილია, რომ რაც არ უნდა უკმაყოფილო ვიყოთ, უნდა შევეგუოთ – ხვადაგიანი

ხვალ, 20 თებერვალს, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან მეასე წელს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვებენ.

რას ნიშნავს კობახიძისთვის ამ ჯილდოს გადაცემა მას შემდეგ, როცა სწორედ მისი მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში  სერგეი გავრილოვი, რომელსაც საზოგადოების ძლიერი პროტესტის ფონზე მოუწია საქართველოს დატოვება, ირაკლი კობახიძეს კი – პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის? – ამ თემაზე  „ბათუმელებთან“ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი საუბრობს.

  •  რა შეფასება შეიძლება მივცეთ კობახიძისთვის ამ ჯილდოს გადაცემას?

ეს შემთხვევაც ერთ-ერთი დემონსტრირება ჩვენი ხელისუფლების სტილის, რომ მაქსიმალურად დაამციროს საზოგადოება და ასეთი ოდიოზური ფიგურა გახადოს  საკუთარი მმართველობის სახედ.

ყველა ვაცნობიერებთ, რომ ჩრდილოვანი მმართველობა გვაქვს, გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანი, რომელიც ფუნქციურად არც აღმასრულებელ ხელისუფლებაშია წარმომადგენილი, არც საკანონმდებლოში, არც პარტიული ფორმალური ფუნქცია უკავია და სუროგატად გვასაღებს ამ კონკრეტულ ადამიანს, რომლის მიმართაც საკმაოდ დიდი აგრესიაა საზოგადოებაში მისი კონკრეტული ქცევებიდან გამომდინარე, როგორც ვიცით, ის ასოცირდება გავრილოვთან და ზოგადად, მისი რიტორიკისა და დამოკიდებულების გამო.

ამ ხელისუფლებას სჯერა, რომ ნებისმიერი მესიჯი შეუძლია გაიტანოს და დაამკვიდროს საზოგადოებაში თავისი პიარტექნოლოგიებით, თავისი ვირტუალური მხარდამჭერების – ტროლებისა და ბოტების ფაბრიკის მობილიზებით და რაც არ უნდა გამაღიზიანებელი და მიუღებელი იყოს კონკრეტული ნაბიჯი ან კონკრეტული პერსონა, მაინც თქვას, რომ ასე არ არის და გამრუდებული სარკის რეალობას გვთავაზობენ.

  • კობახიძის დაჯილდოებით დასცინის „ქართული ოცნება“ საზოგადოებას?

რა თქმა უნდა, დაცინვაც არის და იმ პროექტის ნაწილიც, რომ კობახიძე გადაქცეულია ხელისუფლების განსახიერებად,  რომლის ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ის ამ ფიგურით გველაპარაკება საზოგადოებას. ამ ორდენით დაჯილდოება კი ძალიან კომიკური და გამაღიზიანებელია იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციის ასი წელია.

ასეთი ფიგურა, რაც არ უნდა ამტკიცებდეს, რომ დიდი სამართალმცოდნე და კონსტიტუციონალისტია… მით უმეტეს, ვერაფრით ვერ დაიკვეხნის ჩვენი თანამედროვე კონსტიტუცია და ბევრი მხრივ ჩამორჩება ასი წლის წინანდელ კონსტიტუციას.

  • კობახიძის რაიმე განსაკუთრებულ წვლილს ხედავთ თანამედროვე კონსტიტუციაში?

არანაირ. საცირკო წარმოდგენის მსგავსია, თითქოს სახალხო განხილვებით იყო მიღებული ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლის არსი, ჩემის ჩათვლით, არავის ახსოვს.

ერთია კონსტიტუცია ქაღალდზე და მეორე – რეალობაში როგორ ხორციელდება.

ჩვენი რეალობა კი არის ტრაგიკული და სამარცხვინო, ამ კონსტიტუციის გადამწერების და საკუთარი თავის დამჯილდოვებლების ხელში კონსტიტუციის ასი წლის იუბილეზე, როცა ერთპარტიული პარლამენტით, ფაქტობრივად არალეგიტიმური მთავრობით და ამ საშინელი კრიზისით ხვდება ქვეყანა ასეთ მნიშვნელოვან თარიღს.

  • რატომ სჭირდება ივანიშვილს საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა, არის ეს რუსული პოლიტიკის გაგრძელება?

ერთგვარი გზავნილია ეს საზოგადოებისთვის, რომ რაც არ უნდა უკმაყოფილო და გაღიზიანებული ვიყოთ, უნდა შევეგუოთ. წესით ნორმალური პოლიტიკური ძალა უნდა აცნობიერებდეს, რომ ასეთი კომუნიკაცია არ უნდა სჭირდებოდეს საზოგადოებასთან.

ერთის მხრივ საზოგადოებისთვის გზავნიან სიგნალებს, რომ ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ და ჩვენი ემოციები, მოსაზრებები ან ღირებულებები მათთვის არ არის მნიშვნელოვანი და მეორეს მხრივ, ეკეკლუცებიან რაღაც ბირთვს და აჩვენებენ, რომ აი, ასეთი შეურიგებელი, ოპოზიციისადმი მტრული რიტორიკის და საქციელის მქონე ადამიანები არიან ჩვენი სახე და ამით თქვენი დაკვეთა სრულდება.

რაც შეეხება რუსულ გავლენებს, რა თქმა უნდა, პირდაპირი ილუსტრაცია იყო გავრილოვის ჩამოყვანა. შემდეგ იგრძნეს ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე და ამან განაპირობა მათი მხრიდან ეს ძალადობაც და გარკვეული უკანდახევებიც.

პირდაპირი გაგებით არავის სჭირდება, არც ჩვენ მეზობელს და არც ამ ხელისუფლებას, რომ მაინც და მაინც რუსული ჯავშანტექნიკა დადგეს რუსთაველზე.

თუ სახელმწიფო იქნება არსობრივად იგივე, რაც არის დღევანდელი რუსეთი – მოძალადე, კორუფციული, მაფიოზური მმართველობით, ასეთი ქვეყანა არასდროს გახდება რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის პრობლემის შემქმნელი, არასდროს დაუშვებს დასავლეთს ამ რეგიონში საპირწონედ რუსეთისთვის და ისედაც, რუსეთს ყოველთვის ექნება არგუმენტად, რომ ეს არის შეუმდგარი, მაჩანჩალა, ჩამორჩენილი და მომაკვდავი ქვეყანა, რომელსაც არანაირი წონა არ აქვს და არანაირი ნაწილი არ იქნება საერთაშორისო პოლიტიკის.

2012 წელს პირდაპირ ისმოდა ეს რიტორიკა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ საქართველო არ უნდა იყოს რუსეთისთვის პრობლემა საერთაშორისო დონეზე და შესრულდა კიდეც.  საქართველოს სახელი არსად აღარ ისმის.

რას უქადის საქართველოს ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა?

„ღარიბაშვილი არის ივანიშვილი ავატარით… მას ერთი სურვილი აქვს, შევარდეს დროზე ნაციონალების ოფისში, იქ ყველა დაარბიოს და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, აწი რაც იქნება, ჩვენ ეგ უკვე ნანახი გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა იქნება კვადრატში, რადგან ახლა 2014 წელი აღარ არის, „ოცნებას“ აღარ აქვს იგივე ნდობა, რაც მაშინ ჰქონდა, კრიზისი კი, ღრმაა,“ – ჯერ „ოცნებიდან,“ ხოლო შემდეგ პოლიტიკიდან წასულ დათო ზურაბიშვილს ეს მოლოდინი აქვს ქართულ პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლაზე.

ღარიბაშვილის ხელახლა გაპრემიერებაზე საუბრის დროს 2014 წელს ახსენებენ პოლიტოლოგები – ზვიად დიასამიძე და ლევან ცუცქირიძეც, თუმცა დათო ზურაბიშვილისგან განსხვავებით, იმედი აქვთ, რომ ღარიბაშვილს ცალსახად შეცვლილი რეალობის გათვალისწინება ადრე თუ გვიან მოუწევს.

დღეს, 19 თებერვალს, პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის კანდიდატები უკვე დაასახელა.

შეიცვლება ღარიბაშვილის მართვის სტილი? – „გააჩნია, როგორ შეაშინებენ ივანიშვილს დასავლეთიდან“

პოლიტოლოგები ერთნაირად ხედავენ მიზეზს, თუ რა მიზანს ემსახურება ღარიბაშვილის „მეორედ მოსვლა“ – „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება, თუმცა განსხვავებულია ხედვები, რა შეიცვლება ღარიბაშვილის რიტორიკაში.

„ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერს, ღარიბაშვილი იქნება თუ სხვა, დასჭირდება დაფიქრება, რა ნაბიჯებით შეიძლება გამოასწორო ვითარება, რადგან შეუძლებელია იგივე მეთოდებით განაგრძო სვლა, რასაც აკეთებდი 2014 წელს და ეს არანაირად შედეგიანი არ იყო. პირიქით, ამან საზოგადოების პოლარიზება დააჩქარა,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ზვიად დიასამიძე. მისი აზრით, ღარიბაშვილს უპირველესად დასავლელი პარტნიორების შეხედულებების გათვალისწინება მოუწევს, რომელიც უფრო და უფრო კრიტიკული ხდება.

„ცალსახაა, რომ დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება არ ყოფილა საქართველოს შიდა პროცესების შეფასებისას ისეთი, როგორიც ახლაა. ისინი ყოველთვის ცდილობენ გააკეთონ ფრთხილი შეფასებები. დღეს და გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პირდაპირი და უჩვეულოდ მკაფიო განცხადებები დასავლელი პარტნიორებისგან, რომელიც, პირველ რიგში, მიმართულია მმართველი გუნდის მიმართ. ახლა კრიზისი არის უმძიმესი და კრიზისიდან გამოსავალი არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში კრიზისიდან გამოსვლა ასე ხდება,“ – აღნიშნავს „ბათუმელებთან“ ზვიად დიასამიძე.

არჩევნებს ნაკლებად ელის, თუმცა პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე თვლის, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკების მაგიდაა, სადაც მისხდომა მალე ყველას მოუწევს.

„ღარიბაშვილი არის რადიკალური დამოკიდებულების პოლიტიკოსი არამხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებით, არასამთავრობო სექტორსაც ის უწოდებდა სახელმწიფოს მტრებს და ძირგამომთხრელებს. ამიტომაც, მე ვხედავ რისკს, რომ ამან შესაძლოა დაძაბულობა გაამწვავოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ აღარ არის იმ ვითარებაში, როგორიც იყო 2014 წელს, როცა ღარიბაშვილი იყო პრემიერი: ადრე თუ გვიან, ღარიბაშვილი იქნება ეს თუ სხვა ლიდერი, მოუწევთ არა მხოლოდ იმის დანახვა, რა სჭირდება ქვეყანას, არამედ მათ პოლიტიკურ თვითგადარჩენას,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან ცუცქირიძე.

ლევან ცუცქირიძე

„გააჩნია, როგორ შეაშინებენ ივანიშვილს დასავლეთიდან,“ – ასე ფიქრობს „ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი. მისი დაკვირვებით, ახლა საქართველოს პოლიტიკურ არენაზე არც მოლაპარაკების რესურსი არსებობს, ოპოზიციიდანაც აღარ ჩანს ამის სურვილიო, შენიშნავს ის და ამტკიცებს, რომ არჩევნებს „ქართული ოცნება“ გამორიცხავს. დათო ზურაბიშვილი ელის, რომ კრიტიკა დასავლეთიდან, განსაკუთრებით კი, შეერთებული შტატებიდან კიდევ უფრო გამწვავდება და ამის გათვალისწინება მოუწევს ივანიშვილს.

„მთავარია, აქ რას იზამს ივანიშვილი, ღარიბაშვილი ვიცით, რომ იმის გამკეთებელია, რასაც ივანიშვილი ეტყვის… მე ვფიქრობ, ახლა უფრო ძლიერი იქნება ეს ზეწოლა, ვიდრე იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის გადაგდების დროს… ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამერიკის მოტყუებას არაფერი უნდა, მაგრამ არ გაგიტარებს ამას ზესახელმწიფო, მით უმეტეს, ბაიდენის ადმინისტრაცია. იძახი, წავედი, წავედიო და ღარიბაშვილი დანიშნე ბოლოს. ეს სრულიად ამოვარდნაა ყველაფრისგან… მე არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, ვადამდელ არჩევნებიც არ იქნება, ამას არ მოსთხოვენ „ოცნებას“, მაგრამ ეტყვიან, რომ დაანებოს თავი ოპოზიციის დევნას, ძალადობას და იყოს პოლიტიკური პლურალიზმი,“ – გვიყვება დავით ზურაბიშვილი.

რა ბერკეტი აქვს დასავლეთს, რომ ივანიშვილმა სტრატეგია შეცვალოს? – დათო ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოიყენოს სანქციები შეერთებულმა შტატებმა და ეს მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.

„ხომ ვიცით ყველამ, რომ ივანიშვილს თავისი აქციების 90 პროცენტი იქა აქვს? ვიცით ასევე, რომ ოფშორშია ბიზნესის დიდი წილი. მე არც იმას გამოვრიცხავ, გამოძიებაც დაიწყონ იმდენად ცუდად და შეურაცხმყოფლად იქცევა ივანიშვილი საერთაშორისო დონეზე,“ – დასძინა დავით ზურაბიშვილმა.

რა კრიზისის დაძლევა მოუწევს ღარიბაშვილს? 

„7 წლის წინ, როცა ღარიბაშვილი იყო პრემიერი, სულ სხვა იყო „ოცნების“ ლეგიტიმაცია, ვიდრე ახლა. მაშინ მნიშვნელოვანი პარტნიორები ჰყავდა და მეტი მოლოდინიც იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან… ღარიბაშვილის დამოკიდებულებებს მაშინ ნაკლებად დამანგრეველი ეფექტი ჰქონდა ქვეყნისთვის, ახლა კი სრულიად შეცვლილი ვითარებაა. შესაბამისად, რთული სათქმელია, გაამართლებს თუ ვერა ახლა ღარიბაშვილი მხარდამჭერების მოლოდინებს,“ – ამბობს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე.

პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი – ამ ფაქტორებს ასახელებენ პოლიტიკის ანალიტიკოსები დღეს ქვეყანაში არსებული კრიზისის საფუძვლად, რომელსაც „ქართული ოცნება“ და შესაბამისად ახალი პრემიერი გვერდს ვერ აუვლის.

„ღარიბაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა უნდა გაიაზრონ ეს რეალობა, თუ არადა, დაშვებაც არ მინდა იმის, რაც მოხდება… ვფიქრობ, „ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ამას იაზრებენ,“ – ამბობს პოლიტოლოგი ზვიად დიასამიძე, რომელიც ახლა ღარიბაშვილის პირველ ოფიციალურ განცხადებას ელის. იგი თვლის, რომ პირველივე კომენტარებში გამოჩნდება, რაზე იქნება ორიენტირებული პრემიერის პოსტზე მეორედ მოსული ირაკლი ღარიბაშვილი.

„თუ შეთანხმება და კომპრომისი არ მიიღწევა, ეს ქვეყანა ჩამოიშლება… პოლიტიკოსებს შეუძლიათ ეს ცეცხლი გაანელონ, ან ზედ ნავთი დაასხან,“ – უჭირს ლევან ცუცქირიძეს იმის უარყოფა, რომ შესაძლოა, შეთანხმება არ შედგეს. მისი აზრით, მთავარი საფრთხე ისაა, თუკი მოსახლეობა საბოლოოდ დაკარგავს პოლიტიკოსების იმედს და თავად ეცდება „წესრიგის დამყარებას“.

„თუ პოლიტიკოსები ამ ღატაკ ქვეყანაში რეალურ პრობლემებს კი ვერ ჭრიან, არამედ ერთმანეთს ჯიხვებივით ეჭიდავებიან, რაში გვჭირდება ასეთი პოლიტიკოსები?“ – რიტორიკულ კითხვას სვამს ლევან ცუცქირიძე.

პოლიტოლოგის ხედვით, ახლა მთავარი გამოწვევა ქართული პოლიტიკისთვის იმის დემონსტრირებაა, გვაქვს თუ არა კომპრომისის უნარი.

„არცერთმა მხარემ არ უნდა წარმოაჩინოს კომპრომისი, როგორც ვიღაცის დამარცხება. უნდა იყოს გაგებული, რომ კომპრომისი არის არა ვინმეს დამარცხება, არამედ ყველას გამარჯვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პროცესიდან გამარჯვებული ვერავინ გამოვა. მოგება-მოგების რეჟიმი არის მხოლოდ დიალოგში. პოლარიზებაში კი არის მხოლოდ წაგება-წაგება. მთლიანობაში წაგებული გამოვა საქართველო,“ – გვითხრა ლევან ცუცქირიძემ.

რა გზავნილია ღარიბაშვილის პრემიერად დასახელება? 

„ჩემთვის ეს გზავნილი მარტივია – ამით საზოგადოებას უთხრეს, რომ ივანიშვილი არსად არ წასულა,“ – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი.

„თვითონ ღარიბაშვლი არის პერსონა, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა „ოცნების“ [რბილად რომ ვთქვათ] კონსერვატიულ ნაწილში, რეალურად კი, მოფაშისტო, ოპოზიციის მიმართ რადიკალურად განწყობილ, რეტროგრადულ, რეაქციულ ნაწილში… ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დავით გარეჯის საქმის სულის ჩამდგმელიც ღარიბაშვილი იყო. ღარიბაშვილის გაპრემიერებაში ასევე ჩანს ამ რეტროგრადული ნაწილის კოორდინაციის სურვილი, რომ აი, მკაცრი ხელი მოვიდა სათავეში. თუმცა მე არც ის გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს დროებითი ფიგურა და მალე გამოცვალონ, თუ იქნება შესაბამისი ზეწოლა დასავლეთიდან,“ – აღნიშნავს დავით ზურაბიშვილი „ბათუმელებთან“.

„ეს უფრო იყო შოკური გადაწყვეტილება,“ – ფიქრობს პოლიტოლოგი ზვიად დიასამიძე. მისი აზრით, „ოცნებაში“ სახელდახელოდ შეარჩიეს კადრი, რომელიც გახარიას მსგავსად მოულოდნელ სვლას არ გააკეთებს.

ზვიად დიასამიძე

„გახარიას წასვლა იყო აშკარად მოულოდნელი, ამიტომაც შეარჩიეს კადრი იმის მიხედვით, ვისაც 100 პროცენტით ენდობიან, ენდობა თავად ივანიშვილი, რომელიც ისევ პოლიტიკაში რჩება… იფიქრეს, რომ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მოულოდნელ სვლას არ გააკეთებს. ამიტომაც, ეს იყო შოკური გადაწყვეტილება, როგორი შოკიც იყო გახარიას წასვლა,“ – გვიყვება ზვიად დიასამიძე.

ლევან ცუცქირიძის აზრით, „ეს არის გზავნილი თავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, რომ აი, ჩვენ ვართ მონოლითური პარტია და არ შეგეშინდეთ, დავამყარებთ წესრიგს… მხარდამჭერები, რომლებიც ამბობდნენ, რომ კოჰაბიტაცია დანაშაულია, ღარიბაშვილის გაპრემიერება ასეთი ტიპის მხარდამჭერების გაერთიანების მცდელობაცაა“.

პოლიტოლოგ ზვიად დიასამიძისთვის განსხვავებული პოლიტიკური რეალობა ახლა იმ კუთხითაც გვაქვს, რომ „ოცნების“ ამომრჩევლის რეალური სურვილი აღარაა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის „ოცნების“ ამომრჩევლის სურვილი, მათი უპირველესი ინტერესია ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესება და პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნა, რეალური ნაბიჯები კრიზისის განსამუხტავად, ამისთვის კი, საჭიროა მაგიდასთან მიიწვიო ყველა,“ – მიიჩნევს ზვიად დიასამიძე.

რას უპირებს ღარიბაშვილი ევროინტეგრაციას? 

„პროევროპულობის დემონსტრაცია იქნება პროევროპულად მოქცევა. ამ კრიზისს როგორ გადაჭრის, აქ გამოჩნდება, საით მივდივართ: დაეტაკება ტანკივით, თუ იტყვის, მოდით, საკითხი გადავწყვიტოთ ცივილურად. ევროპულობა ქვეყნის ევროპულად მართვაა,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე, რომელსაც „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ გზავნილზე ვკითხეთ – „ღარიბაშვილი ასოცირების ხელშეკრულებას აწერს ხელს“.

ლევან ცუცქირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მასობრივი მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველოში ინსტიტუტები ვერ გაძლიერდნენ და აბსურდულია მმართველი პოლიტიკური გუნდის აქცენტი იმაზე, რომ ღარიბაშვილი ამჯერად ევროკავშირში შეიყვანს საქართველოს.

„რომ დაგუგლავს საქართველოს ფრანგი და ჰოლანდიელი და ნახავს ალყაშემორტყმულ პარტიას, მართლმსაჯულებას, რომელზეც ყველამ ვიცი, როგორი პოლიტიკური გავლენაცაა, გაიცინებს და იტყვის, ეს ხალხი ევროკავშირის ოჯახში შემოსაშვები არ არის…“ – დასძენს ლევან ცუცქირიძე.

პოლიტოლოგს პოზიტიური მოლოდინი აქვს ბაიდენის ადმინისტრაციისგან. ლევან ცუცქირიძის აზრით, ბოლო წლებში ეს ყველაზე კომპეტენტური ადმინისტრაციაა, რომელმაც იცის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი და მას აღარ ექნება ამბივალენტური დამოკიდებულება, რაც ტრამპის ადმინისტრაცია ჰქონდა.

„ტრამპს დიდად არ აინტერესებდა, აქ რა ხდებოდა, უფრო თვალის დახუჭვის პოლიტიკა ჰქონდა. ბაიდენმა კი, კარგად იცის ამ რეგიონის პრობლემები და თვლის, რომ დემოკრატიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა ლევან ცუცქირიძემ „ბათუმელებთან“.

„საგარეო ორიენტაცია ივანიშვილს არასდროს აინტერესებდა, არც ახლა აინტერესებს,“ – პესიმისტური მოლოდინი აქვს დავით ზურაბიშვილს. ის არ გამორიცხავს, საქართველო რუსეთს უფრო მეტად დაუახლოვდეს, თუკი ივანიშვილი საკუთარი უსაფრთხოების გარანტიებს დასავლეთში ვეღარ დაინახავს.

დათო ზურაბიშვილი

„ეს არ არის მთავარი თემა ივანიშვილისთვის, სადაც კარგად იქნება, ის იქნება მისი ორიენტაციაც, რაც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს… თუ ისე დაინახა, რომ რუსეთშია ხსნა, გახდება პრორუსი, თუ ასე არ ჩათვალა, არ გახდება, სულ ესაა,“ – ფიქრობს დავით ზურაბიშვილი.

რატომ არ მისცეს აფთიაქში პენსიონერს მედიკამენტები პროგრამის ფარგლებში

რატომ ვერ ახერხებენ მოქალაქეები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების მიღებას? „ბათუმელებთან“ მოქალაქე ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს აფთიაქები არ გასცემენ, რის გამოც, იძულებულია მედიკამენტები საკუთარი ხარჯებით შეიძინოს.

„დედაჩემი არის პენსიონერი და სარგებლობს მასწავლებლის სახელმწიფო დაზღვევით, ექიმმა გამოუწერა „ატორვასტატინი“ და „კარდიომაგნილი“. სამ აფთიაქში: „ავერსში“, „პსპ“-ში და „ფარმადეპოში“ მივედი და ყველგან, როცა დედაჩემის ბარათით მოვითხოვე მედიკამენტი, მითხრეს, რომ მედიკამენტი არ აქვთ.

ეჭვი გამიჩნდა, ამიტომ ერთ-ერთ აფთიაქში ისევ შევედი და ვკითხე ფარმაცევტს, ჰქონდათ თუ არა „კარდიომაგნილი“. მითხრეს რომ კი. შემდეგ, როცა დედაჩემის სადაზღვევო ბარათი გავუწოდე და ვუთხარი, რომ პროგრამის ფარგლებში მინდოდა შეძენა, უარი მითხრეს წამლის გაცემაზე“ – გვეუბნება არჩილ ხახუტაიშვილი, რომელიც დედისთვის აპირებდა მედიკამენტის შეძენას.

ის ამბობს, რომ აფთიაქისგან ვერ მიიღო არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ უმალავდნენ პენსიონერ პედაგოგს მედიკამენტებს.

„ერთადერთი, ის მითხრეს, რომ სხვადასხვა პროგრამული კოდით არის ეს წამლები და თუ ყიდვა გინდათ, მაშინ მოგცემთ, მაგრამ თუ დაზღვევით ყიდულობთ, არაო.

აქამდე დედაჩემი თავისუფლად ყიდულობდა ამ მედიკამენტებს, მხოლოდ 2021 წლიდან ეუბნებიან უარს აფთიაქები გაცემაზე. ითქვა ისიც, რომ  2021 წელს მედიკამენტები სახელმწიფოსგან [პროგრამის ფარგლებში] შესყიდული არ არისო. იქნებ ვინმემ განუმარტოს პენსიონერ პედაგოგებს, რას ნიშნავს სხვადასხვა კოდები, ორი სია“- ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.

კომენტარისთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ. აქ გვითხრეს, რომ სკოლის მასწავლებლებს მედიკამენტები არ უფინანსდებათ სადაზღვევო პროგრამით, თუმცა თუ მასწავლებელი პენსიონერია, მაშინ მისი მედიკამენტები სხვა პროგრამიდან, კონკრეტულად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამიდან ფინანსდება:

„ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის კონკრეტულ კრიტერიუმში ჯდება“ – გვითხრა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა თეა პერტაიამ.

მან „ბათუმელებიდან“ შესული ინფორმაციის შემდეგ გადაამოწმა პენსიონერი მასწავლებლის მონაცემები და დაგვიდასტურა, რომ არჩილ ხახუტაიშვილის დედის სახელზე ნამდვილად იყო გამოწერილი ის მედიკამენტები, რომლის გაცემის ვალდებულებაც აქვთ აფთიაქებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

„ამ პედაგოგს, როგორც პენსიონერს, მართლაც ეკუთვნის გამოწერილი მედიკამენტი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და აფთიაქი ვალდებულია, რომ გასცეს. მის რეცეპტს 3 მარტამდე აქვს ვადა. ამ დროისთვის 10 ათასი ცალი „კარდიომაგნილია“, მაგალითად „ავერსის“ ქსელში და დეფიციტი ნამდვილად არ არის“ – გვითხრა თეა პერტაიამ.

„ბათუმელები“დაუკავშირდა სააფთიაქო ქსელებსაც კითხვით, რატომ არ გაიცემა პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტები.

„ავერსისა“ და „ფარმადეპოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში გვითხრეს, რომ სახელმწიფო პროგრამით აღნიშნული მედიკამენტი აფთიაქებში ჩვეულებრივ გაიცემა.

„მაგრამ, რომ გავარკვიოთ კონკრეტულ მოქალაქეს რატომ შეექმნა პრობლემა, ამისთვის უნდა ვიცოდეთ მისი პირადი ნომერი, კონკრეტული აფთიაქის მისამართი და დრო“- გვითხრეს „ავერსში“.

თითქმის იგივე თქვეს „ფარმადეპოშიც“. 

მოგვიანებით კომპანია „ავერსის“ წარმომადგენელმა „ბათუმელებთან“ რომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო პროგრამის ნაშთი არის ცალკე და ჩვეულებრივ გასაყიდი არის ცალკე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პროგრამის ნაშთი იყო არასაკმარისი რაოდენობა და ამიტომ ვერ გასცეს“.

თუმცა სხვა რამეს ამბობენ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში. აქ გვითხრეს, რომ 2021 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო წინასწარ შესყიდვებს აღარ ახორციელებს და  დაფინანსებას, ფარმაცევტული დაწესებულების მიერ  წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თვის ბოლოს ახდენს.  „ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამაში ჩართული მიმწოდებელი ვალდებულია, ბრძანებით დამტკიცებული მედიკამენტი თავად შეისყიდოს და გასცეს“ – აცხადებენ სააგენტოში.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 2017 წელს დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ, 2018 წელს კი პროგრამით მოსარგებლეებს დაემატნენ ასაკით პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები.

პროგრამით მოსარგებლე არიან არიან ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მასზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; საპენსიო ასაკის მოსახლეობა (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, ვეტერანები.

აგრეთვე: გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა; პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები; ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები.

ექიმი,  შესაბამისი დიაგნოზის დადასტურების შედეგად, პაციენტს უწერს  რეცეპტს, რის საფუძველზეც აფთიაქი ვალდებულია, მედიკამენტი  უსასყიდლოდ გასცეს.

ექიმის მიერ გაცემული რეცეპტი აისახება ერთიან საინფორმაციო პორტალზე, რომელიც, პარალელურად,  ფარმაცევტულ დაწესებულების ელექტრონულ სისტემაში ისახება. რაც აფთიაქს საშუალებას აძლევს, რომ თითოეული ბენეფიციარის დანიშნულებაზე ელექტრონული წვდომა ჰქონდეს.

Exit mobile version