Batumelebi | 9 წლის შემდეგ ძლივს აღვიდგინე სტუდენტის სტატუსი, ახლა უფულობის გამო ისევ ვკარგავ 9 წლის შემდეგ ძლივს აღვიდგინე სტუდენტის სტატუსი, ახლა უფულობის გამო ისევ ვკარგავ – Batumelebi
RU | GE  

9 წლის შემდეგ ძლივს აღვიდგინე სტუდენტის სტატუსი, ახლა უფულობის გამო ისევ ვკარგავ

იზა ფუტკარაძე ახლა 26 წლისაა და მეორე კურსზე სწავლობს. ის პირველკურსზე 17 წლის ჩაირიცხა – ბათუმში ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში 2012 წელს ჩააბარა. თუმცა პირველი კურსის მეორე სემესტრის ბოლოს მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს, მიზეზი – სწავლის საფასური ვერ გადაიხადა. „ძალიან განვიცადე“, – იხსენებს იზა თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე სტრესულ დღეს.  

ცხრა წლის შემდეგ იზამ კვლავ მოახერხა სტუდენტის სტატუსის აღდგენა, გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სტიპენდიაც მოიპოვა, თუმცა სტატუსის დაკარგვის წინაშე ისევ დგას.

„ამდენი წლის შემდეგ ძლივს შევძელი სტატუსის დაბრუნება და სწავლის გაგრძელება. ძალიან მძიმეა ჩემთვის, რომ ისევ იმავე პრობლემის წინაშე ვარ. მეორე კურსის პირველი სემესტრის თანხა – 1125 ლარი, როგორც სოციალურად დაუცველს, სახელმწიფომ დამიფარა პანდემიის პროგრამის ფარგლებში, თუმცა მეორე სემესტრის საფასური ისევ ჩემი გადასახდელია“.

იზა გვიყვება, რომ 2012 წელს ანუ  სტუდენტის სტატუსის პირველად დაკარგვის შემდეგ, 9 წლის განმავლობაში ცდილობდა ემუშავა და სწავლის თანხა როგორმე შეეგროვებინა. „შევაგროვე კიდეც რაღაც რაოდენობა, მაგრამ მეც და დედასაც ოპერაცია დაგვჭირდა. საკმაოდ მძიმე ოპერაცია გავიკეთე. დედის ოპერაცია სახელმწიფომ მხოლოდ ნაწილობრივ დააფინანსა, ჩემი კი საერთოდ არ დააფინანსეს, რის გამოც ბანკიდან მომიწია ვალის აღება.  

ბოლოს კი პანდემიის გამო სამუშაო დავკარგე. წინდების ფაბრიკაში ვმუშაობდი, თუმცა შემამცირეს და ისევ შემოსავლის გარეშე ვარ. ვცდილობ სხვა სამუშაო ვიპოვო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოჩნდა. დღის მეორე ნახევარში რომ შევძლო მუშაობა, ისეთი სამუშაო მჭირდება“, – ამბობს იზა.

მისი თქმით, ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, თუმცა ქულები, რაც მათ მიანიჭეს – 100 ათასზე მეტი, სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას არ ითვალისწინებს. „მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, ოჯახში მხოლოდ დედა მუშაობს, სანდასუფთავებაში მცირე ხელფასი აქვს და ამით ძლივს გაგვაქვს თავი. ბოლო წლებში ჩემმა დებმა ცალკე ოჯახი შექმნეს და ახლა ოთხი ვცხოვრობთ ოჯახში, თუმცა ფინანსურად მაინც გვიჭირს.“

იზა ამბობს, რომ ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით აჭარის განათლების სამინისტროსაც მიმართა. უწყებაში მას უთხრეს, რომ სახელმწიფო პროგრამების კრიტერიუმებში ვერ ჯდება. „პირველ კურსზეც უარი მითხრეს და ახლაც“, – ამბობს ის.

იზას ოჯახი ამჟამად ბათუმში ცხოვრობს. „სახლი საკუთრებაში არ გვაქვს“, – ამბობს იზა. ორი პატარა ოთახია. მიუხედავად ამისა, მისი ოჯახი ვერც მაღალმთიანი ოჯახის სტატუსით სარგებლობს. „როგორც გავიგეთ, ეს სტატუსიც შეუჩერებიათ ჩვენთვის“.

იზა ფუტკარაძეს ამ დროისთვის 1375-მდე ლარი აქვს გადასახდელი უნივერსიტეტში. უახლოეს პერიოდში თუ ამ თანხას არ გადაიხდის, სტუდენტის სტატუსს ისევ შეუჩერებენ და ვერც მეორე კურსის დასრულებას შეძლებს.

იზა ფიქრობს, რომ თუ მოახერხებს ამ თანხის გადახდას, „შემდეგი წლისთვის იქნებ გამოჩნდება რაიმე სამუშაო“.

____________________________________

იზას დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ მის პირად ანგარიშზე საქართველოს ბანკში: GE78BG0000000777648600

____________________________

ამავე თემაზე:

ბსუ-ს სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვენ – პეტიცია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com