მთავარი,სიახლეები

როგორ აირიდა ბათუმის მერმა „დიდი სკანდალი“ – ინტერვიუ ქალაქის ყოფილ მთავარ არქიტექტორთან

09.03.2021 • 2716
როგორ აირიდა ბათუმის მერმა „დიდი სკანდალი“ – ინტერვიუ ქალაქის ყოფილ მთავარ არქიტექტორთან

ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტის შესყიდვის ჩავარდნა მერიამ პანდემიის გამო კომისიაში სპეციალისტების ჩართულობის პრობლემით ახსნა. კონკურსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოქმში ჩაწერეს, რომ კომისიის რამდენიმე წევრი, მათ შორის, დარგის სპეციალისტები ჯგუფიდან თავიანთი განცხადების საფუძველზე გავიდნენ. ოქმში არ ჩაუწერიათ, რომ რამდენიმე მათგანს ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა და მაღალი იყო რისკი, რომ კონკურსის ბოლო ეტაპზე ეს ყველაფერი სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდებოდა. საქმე ბათუმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის, გენგეგმის მთავარი ნაწილის, სივრცითი დაგეგმვის დოკუმენტის მომზადებას და 2-მილიონიან შეკვეთას ეხება.

კომისიაში იყვნენ ისინიც, ვინც მერიის დაკვეთით საკონკურსო პირობების [ტექნიკური დავალება] მომზადებაზე იმუშავა, შემდეგ კი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მათთან დაკავშირებული კომპანიები დარეგისტრირდნენ. კომისიაში კონკურსის მონაწილე ხუთივე მონაწილეს აღმოაჩნდა თავისი ლობი, ამიტომ ისინი კომისიიდან გავიდნენ. ბოლოს კი მერიას რესურსი აღარ დარჩა, რომ ხუთი პრეტენდენტიდან ერთი შეერჩია.

პროცესს აქტიურად აკვირდებოდა ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი. მას კონკურსთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხის შეფასება ვთხოვეთ.

  • ბატონო გიორგი, ეს სფერო თქვენთვის კარგად ნაცნობია, იცნობთ მერიის მუშაობასაც, აკვირდებოდით ტენდერთან დაკავშირებულ პროცესებს. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, მიზანმიმართულად ჩაშალა მერიამ კონკურსი?

მაღალი თანამდებობის პირი როცა ხარ, მერი ან მოადგილე, ელემენტარული ხედვა უნდა გქონდეს. რეალურად პირიქითაა მდგომარეობა. საფრთხეს უფრო ხედავენ ამ დოკუმენტის არსებობაში, მაინც და მაინც მოქმედ მერს არ ვგულისხმობ, არამედ ყველას, ამ დრომდე ვინც იყო. ისიც უნდა შეგეძლოს იდეები გაიზიარო, ამათ ჰქონდათ შანსი, რომ ბოლომდე გაყოლოდნენ პროცესს…

რთულია ახლა ამის ახსნა ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ხელისუფლებაში. ყველა, ვინც იყო ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, რეალურად არიან შემთხვევით, არსაიდან მოსული ადამიანები, რომელთაც საქალაქო მეურნეობის, ურბანული სისტემის მართვის გამოცდილება არ აქვთ და ვერც ამის აუცილებლობას ხედავენ, ვერ ხედავენ ასევე პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ისინი მოჰყავთ.

ჰგონიათ, რომ თუ ხარ კარგი მინისტრი, ბიბლიოთეკის გამგე ან მფრინავი, ამის გამო შეიძლება დაინიშნო მერად. რაც შეეხება გენგეგმას, უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც სჭირდება ყურადღება და თანამონაწილეობა ყველა ეტაპზე – არ შეიძლება რომელიმეს გამოყოფა, დავალების დაწერა არის პირველი.

დიახ, ვამბობ, რომ ჩააგდეს კონკურსი და პროცესი დიდი ხანი მიდიოდა ამ მიმართულებით. იდეა თუ არ გაქვს კარგად გააზრებული… იმიტომ კი არ უნდა აკეთებდე გენგეგმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა, ან მოსახლეობა გთხოვს, არამედ იმისთვის, რომ შენი იდეების რეალიზაცია მოახერხო, მმართველობის ელემენტარული ინსტრუმენტები გჭირდება, ერთ-ერთი მთავარი სწორედ გენგეგმაა. ეს არ არის მხოლოდ მშენებლობის მართვა, როგორც ყველას წარმოუდგენია, ეს არის მთელი ქალაქის სისტემის მართვა, რადგან დოკუმენტი ინტეგრირებულია და ყველა სფეროს მოიცავს, ტრანსპორტიც გენგემით იმართება, ეკონომიკაც – უახლოესი ათი წლის ქალაქის განვითარების ყველა ხედვა უნდა იყოს ამ დოკუმენტში თავმოყრილი.

ამიტომ, როცა დავალება იწერება, სჭირდება ძალიან სწორი მიდგომა. მერის განყოფილებები წერენ ხოლმე ეკონომიკური განვითარების დარგობრივ ხედვებს, განათლების განვითარების ხედვებს, მაგრამ ქალაქის ყველა დარგის განვითარებას რომ თავი მოუყარონ ერთ დოკუმენტში, ამის პოტენციალი მერიას არ აქვს.

  • როცა დაიწყო ტექნიკური დავალების მომზადება, მაშინ გამოჩნდა, რომ მერია მხოლოდ საკუთარი რესურსით ამას  ვერ შეძლებდა, დაიქირავეს სპეციალისტი, რომელიც დაეხმარა მათ. კონკურსის შეწყვეტის ოქმის მიხედვით, ეს სპეციალისტი კომისიიდან გავიდა, გავიდნენ სხვებიც. არ უნდა გაეთვალისწინებინა მერიას, რომ ამავე ხელშეკრულებით დაევალდებულებინა მათთვის კომისიაში მუშაობა?

სწორედ ეს მაქვს მხედველობაში, როცა გეუბნებით, რომ ვინც არ უნდა დაიქირავოს, პროცესს  მერია მართავს, დამკვეთი მართავს – მერიის ყველა სამსახურის დაინტერესება უნდა ჩანდეს. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ არასწორად დააკომპლექტეს როგორც კომისია, ასევე პირობებიც. თავისი პრეისტორია აქვს მაგ პირობებსაც. ჩანდა გაუგებარი დამოკიდებულება ამ პირობების მიმართ. არ მინდა მაგაზე საუბარი. ეს წინა მერის დროს იყო, ისე გაიტაცა იმ პირობებმა, რომ ღრუბლებიდან ლაპარაკობდა – პირველი სატენდერო პირობების შემქმნელები და დამკვეთებიც ლიტერატურაში იყვნენ გადავარდნილები, არასერიოზული მიდგომები იგრძნობოდა თავიდანვე. თან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მხოლოდ არქიტექტურის სამსახურს შერჩა ეს საქმე. რეალურად ასე არ უნდა იყოს, მერიის მთელმა შემადგენლობამ უნდა გაიაზროს ამ დოკუმენტის მნიშვნელობა, ყველამ უნდა იმუშაოს ყველა ეტაპზე, მათ შორის კომისიის დაკომპლექტება არის პრინციპული საკითხი.

მითხრეს, ხომ არ შემოხვალ კომისიაშიო, არავისგან არავითარი გარანტია არ გვქონდა – ეს მართლა რთული დოკუმენტია, რომელსაც სერიოზული კვალიფიკაციის მქონე ჯგუფმა უნდა მოჰკიდოს ხელი. აქ ასეთი ჯგუფის შექმნას არც ველოდი, შესაბამისად არც ვიყავი გარანტირებული… შემდეგ ისე მოხდა, რომ სხვებმა მიმიწვიეს [გულისხმობს კონკურსში მონაწილე კომპანიას – ავტ.] თავიდანვე ვთქვი უარი კომისიის წევრობაზე – ან იქ უნდა იყო, ან აქ – ორივე, თავისთავად, არ შეიძლება.

ისე მიდიოდა პროცესი, რომ ეჭვებს ტოვებდა. კომისიაში არიან ადამიანები, რომლებსაც რაღაც ჯგუფში შეიძლება გავლენა ჰქონდეთ. კონკურსის ჩაშლის მიზეზად რაც დასახელდა, არასერიოზულია. ერთ სხდომას თუ სპეციალისტები არ ან ვერ დაესწრნენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეიძლებოდა ორი კვირის შემდეგ იმავე სხდომის ჩატარება.

  • ოქმები რაც გვაქვს ამ კონკურსთან დაკავშირებით, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კომისიას არ უმუშავია? 

არ ვიცი, არ გავცნობივარ ოქმებს. მთავარი იცით რა არის? – თითქოს თავს არიდებენ ამ კომისიაში მონაწილეობას, პასუხისმგებლობის ეშინიათ ან არ აქვთ გარანტია, რომ პროცესი სწორად იმართება. იგივე განცდა აქვთ კონკურსის მონაწილეებსაც, კომისიის წევრებსაც – რაღაცა არასწორია, ვერ გიხსნით. დეტალები არ ვიცი. კომისიებს უნდა ჰქონდეთ საკვალიფიკაციო მონაცემები. ის, რომ მოსაზრების დონეზე რაღაც ხედვა დაფიქსირებულიყო, ასეთი სავალდებულო მოთხოვნა არ იყო. ძირითადი იყო ასევე სპეციალისტების გამოცდილება.

როგორც ჩანს, რამდენიმე მონაწილესთან ინტერესების საფრთხე გამოჩნდა, მონაწილეებს ალბათ ჰყავდათ პირობითად თავიანთი წარმომადგენელი კომისიაში, ვინ ვის რთული სათქმელია, მაგრამ შეიძლება იეჭვიანა ვიღაცამ, რომ მეორე ტურში დარჩებოდა ორი ან სამი კომპანია, როცა თითოეულს ეყოლებოდა თავისი დამცველი, ლობისტი კომისიაში. შეიძლება ამას მოჰყოლოდა სკანდალი, სერიოზული კონფლიქტი ბოლო ეტაპზე. მე უფრო ამ ვერსიისკენ ვიხრები.

  • რომ დავაკონკრეტოთ – გაჩნდა ეჭვი, რომ კონკურსანტ კომპანიებს ჰქონდათ კავშირები კომისიის წევრებთან?

დიახ. ვიცით, რომ რამდენიმე წევრი გავიდა კომისიიდან, მაგრამ გავიდნენ გარკვეული სამუშაოების შესრულების შემდეგ. შეიძლება ესეც იყო კონკურსის ჩაშლის მიზეზი. რთულია ყველა დეტალზე საუბარი, თუ მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაინახა ასეთი საფრთხეები, შესაძლოა რეალურად ამის გამო ჩაშალა კონკურსი და არა დაუსწრებლობის და რაღაც სხვა მიზეზით. ანუ დაინახა საფრთხე, რომელსაც ის ვერ გააკონტროლებდა. შესაძლებელია სხვადასხვა ჯგუფს დაეწყო ერთმანეთთან ბრძოლა ბათუმის გენგეგმისთვის. შეიძლება მან აღმოაჩინა, რომ ეს პროცესი არ იძლეოდა გარანტირებულ შედეგს.

  • 17-კაციან კომისიაში ფაქტობრივად მერიის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი შედის, მათ შორის მთავარი ფინანსისტი, ქონების მართვის სპეციალისტი და სხვები. დარგის სპეციალისტებზე მეტნიც არიან შესაძლოა, მაგრამ გამოდის მაინც ვერ შეაფასა არჩილ ჩიქოვანმა კომისიის რესურსი – ხომ შეეძლო სხვა ქალაქებიდანაც მოეწვია სპეციალისტები, თუ ამის საჭიროება იყო?

ვფიქრობ, მერიის ბევრი თანამშრომელი არც უნდა იყოს კომისიაში, მერია ისედაც სრულად უნდა იყოს მობილიზებული. არავინ უკრძალავდა მას, რომ პირადად აეღო პასუხისმგებლობა პროცესის მართვაზე, ან დაენიშნა ვინმე, უფრო ხშირი შეხვედრები ყოფილიყო ამ საკითხზე მერიის სხვადასხვა სამსახურს შორის, განეხილათ დეტალები. მთელი პროცესი ტექნიკური დავალების დაწერიდან შედეგების შეჯამებამდე საყურადღებოა და თავისით არ ხდება ეს. სიმართლე გითხრათ, ჩანდა არასერიოზული დამოკიდებულება.

ურბანისტიკა რთული საკითხია და იმ შემადგენლობით, როგორც არის დაკომპლექტებული კომისია, ბათუმის მერიის სამსახურს, ამ პროცესის მართვა გაუჭირდებოდა. მე მგონი, გაექცათ პროცესი…

იგივე კომისია თუ დარჩებოდა, გარანტირებულად გეუბნებით, რომ ვერ შეძლებდა [მუშაობას], ან დაუშვებდნენ  სამ-ოთხ სპეციალისტს, რომლებიც შესაძლებელია ვიღაცის ლობისტები იყვნენ. მოლოდინი იმისა, რომ ისინი დოკუმენტს შეაფასებდნენ და გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ჩემთვის პირადად ძალიან დაბალი იყო. ამიტომ  მერის გადაწყვეტილება თავის დაღწევას ჰგავდა – შესაძლოა ეს იყო მოსალოდნელი სკანდალის განეიტრალება – სკანდალი ბოლოს აუცილებლად იქნებოდა.

  • გამოდის, მერი ვერც კომისიას დაეყრდნობოდა და ვერც კომპანიის კეთილსინდისიერების იმედად დარჩებოდა? 

დიახ. კომისიაში ჰყავდა თავისი თანამშრომლები და მოწვეული სპეციალისტები, რომლებიც საჭირო მომენტში გამოეცალნენ ხელიდან. ამ ამბის არც არქიტექტურის სამსახურზე შეტოვება იყო სწორი, ამიტომაც მერმა თავისი შეცდომის გამოსწორება სცადა და წინასწარვე გაანეიტრალა სიტუაცია, შეიძლება მან კონკრეტული საფრთხეებიც დაინახა. შესაძლოა იმიტომაც არ ჩანს ოქმებში სამუშაო პროცესი, რომ იყო ქვედა დინებები. აჭარის ტელევიზიას მისცა მერმა კომენტარი ამ საკითხზე სამი დღის წინ, სადაც მან თქვა, რომ ერთ კვირაში ისევ აპირებს კონკურსის გამოცხადებას. ეს რადიკალურად ცვლის სიტუაციას. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველაფერი გაიაზრა, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ან პირიქით, გამოჩნდა ვიღაცა ახალი მონაწილე, რომელმაც თავის დროზე დარეგისტრირება ვერ მოასწრო და მისთვის მოასუფთავეს ველი – რთულია ამაზე ლაპარაკი.

  • ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ უნდა ჩაატაროს კონკურსი მერიამ, რომ მაქსიმალურად დააზღვიოს პროცესი?

მაგის მზა რეცეპტი არ მაქვს. შესაძლოა ეს დოკუმენტი ყველა გავლენისგან არ იყოს დაზღვეული, მაგრამ მინიმუმ სანდო უნდა იყოს პროცესი. მისაუბრია დეველოპერებთან და მათგან ყოველთვის იგრძნობა დამოკიდებულება – წერეთ და იკითხეთ ან ჩამოკიდეთ კედლებზე და გქონდეთო.

ბათუმის მერიის სამსახურს არ ჰყოფნის გავლენები, რომ ასეთი სერიოზული პროცესის ორგანიზება მოახდინოს… ისიც უნდა ითქვას, რომ მენაშენეების დამუშავებული ხელისუფლება გვყავს, თავის თავს რომ დეველოპერებს უწოდებენ, არწმუნებენ მას, რომ არ არის საჭირო ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია. ამ საფრთხეს ვხედავ და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს განეიტრალებულია.

  • როგორ შეიძლება დეველოპერმა დაარწმუნოს მერი, რომ არ სჭირდება ქალქმშენებლობითი დოკუმენტი, როცა ამხელა პასუხისმგებლობა აქვს აღებული. რას უნდა დაჰპირდეს, რა უნდა უთხრას?

რა ვიცი, როგორ უნდა დაუჯერო. ძალიან მიამიტები რომ ვიყოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებას იდეის დონეზე სჯერა დეველოპერების. ადამიანების მიმართ, ვინც რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ, არის დამოკიდებულება, რომ ისინი აჩერებენ აჭარის განვითარებას, მტრები არიან და პრიმიტიულად ესმით ეკონომიკური განვითარება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: