მთავარი,სიახლეები

,,იაფი სახლის” კორპუსში მოქალაქეები ისევ შეიჭრნენ

10.03.2021 • 1606
,,იაფი სახლის” კორპუსში მოქალაქეები ისევ შეიჭრნენ

ბათუმში, „იაფი სახლის“ ერთ-ერთ კორპუსში, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩის N78-ის მიმდებარედ მერიამ ააშენა, მოქალაქეები შეიჭრნენ. სამართალდამცავებმა ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. სახლის ეზოში ახლა ათობით მოქალაქე და სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

ბათუმის მერიის მიერ აშენებული ხელმისაწვდომი „იაფი სახლის“ კორპუსებში, ბათუმის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის მიხედვით, 2021 წელს ქალაქის მერიამ საცხოვრებელი ბინა 80 ოჯახს უნდა გადასცეს. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ოჯახებს/ბენეფიციარებს ხელმისაწვდომი საცხოვრისის [იაფი სახლის] პროგრამის ფარგლებში შეარჩევენ. მერიაში ამ პროგრამის ფარგლებში ბინის მსურველთა 245 განაცხადია შესული.

ცნობილია ის ძირითადი კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის მონაწილე, თუმცა ამ კრიტერიუმებს ბინის ყველა მსურველი ვერ აკმაყოფილებს.

„იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში შეჭრილი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მერია მათ უსამართლოდ ექცევა და ისინიც იმსახურებენ მოხვდნენ სიაში, რის მიხედვითაც ბინის საფასური მცირე თანხით მომავალმა მესაკუთრემ 15 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.

„150 ლარს ვიხდი ახლა ქირაში, კატა არ ჩერდება, ისეთი სახლია, რომ მოვკვდე, ჩემს შვილს პატრონი აღარ ეყოლება, სახლიც არ დარჩება. უნარშეზღუდულია, წერა-კითხვა არ იცის. ადრე დავდიოდი და სიგარეტს ვყიდდი. გადავიხდი მეც მაგ 200 ლარს თვეში, რომ ვიმათხოვრო, გადავიხდი, ოღონდ მომცენ ბინა”, – ამბობს გოგუცა ელიაშვილი, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც დღეს „იაფი სახლის კორპუსში“ სხვებთან ერთად შეიჭრა.

„ჩვენ არ ვართ რეციდივისტები, ტყუილად არაფერს ვითხოვთ. მე, ქმარი და შვილიშვილები ნაქირავებ ერთ ოთახში, ხუთნი ვცხოვრობთ ერთად. ხან ვაშლს ვყიდით, ხან რას. სოციალური დახმარება არ გვაქვს. ესაა ქვეყანა? გაღატაკებულები ვართ. როცა ხმები სჭირდებოდათ, მიიღეს. ზედა ლეღვაში ვცხოვრობდით, გადაყირავებულია სახლი, უკანონოდ არაფერს ვითხოვთ, გეოლოგის დასკვნაც გვაქვს, 2 კომლი ვცხოვრობდით იქ ერთ სახლში, 15 წელია ამ დღეში ვართ, დაგაკმაყოფილებთო, მაგრამ არაფერი”, – ამბობს „იაფ სახლში“ შეჭრილი კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ასევე სამართალდამცავებმა გამოიყვანეს სახლიდან ეზოში.


ამავე თემაზე:

ბათუმის მერიისგან ბინას 4567 ოჯახი ითხოვს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: