Batumelebi | განათლების მინისტრს „ამბასადორის“ ფინანსური ზიანი უფრო ადარდებს, ვიდრე ბულვარი განათლების მინისტრს „ამბასადორის“ ფინანსური ზიანი უფრო ადარდებს, ვიდრე ბულვარი – Batumelebi
RU | GE  

განათლების მინისტრს „ამბასადორის“ ფინანსური ზიანი უფრო ადარდებს, ვიდრე ბულვარი

აჭარის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა არ გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა არ შეაჩერა. სამაგიეროდ ადმინისტრაციულ საჩივარზე პასუხით დაადასტურა, რომ „ამბასადორის“ შესაძლო ფინანსური ზიანი უფრო ადარდებს, ვიდრე ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება.

EMC- სა და „ბათომისთვის“ გაგზავნილ წერილებში, სადაც ის მშენებლობის შეჩერების შემთხვევაში კომპანიის შესაძლო ზიანზე წუხს, გამოჩნდა მინისტრის წინასწარი განწყობაც, რა შეიძლება იყოს სამინისტროს გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის შემდეგ.

მაია ხაჯიშვილი საერთოდ არ უშვებს, რომ შესაძლოა ნებართვა გაბათილდეს და თუ კომპანიას გაცილებით მეტი სამუშაო ექნება შესრულებული, უფრო დიდ  ფინანსურ ზარალს მიიღებს, ვიდრე შეჩერების შემთხვევაში.

მეტიც, მაია ხაჯიშვილი მიიჩნევს, რომ ბულვარში მშენებლობის შეჩერება რეგიონის სოციალურ ფონს დაამძიმებს.

ადმინისტრაციული საჩივრით „ბათომმა“ და EMC-მ მინისტრს 26 თებერვალს მიმართეს და ითხოვეს შეისწავლოს ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის სამშენებლო ნებართვის კანონიერება. მანამდე კი მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს.

ამონარიდი აჭარის განათლების მინისტრის წერილიდან, რომელიც არასამთავრობოებს გაუგზავნა:

„სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე ცალსახად დაადგინეს, რომ შპს ,,ამბასადორი ბათუმმა“, რომელსაც გააჩნდა კანონიერი ნდობა აღმჭურველი ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ, მათ საფუძველზე განახორციელა სამართლებრივი და ფინანსური ხასიათის მოქმედებები და აქტის მოქმედების შეჩერება მიაყენებდა მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს.“

 მინისტრის განმარტებით, ზიანი გამოიხატება შემდეგში:

„სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში, შპს ,,ანაგი“ [მშენებელი კომპანია – ავტ] უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა შპს ,,ამბასადორი ბათუმთან“ დადებული ნარდობის ხელშეკრულება [ნარდობის ხელშეკრულებით კომპანია კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო წინასწარ განსაზღვრული პირობების თანახმად, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური – ავტ.]. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შპს ,,ამბასადორი ბათუმს“ ეკისრებოდა როგორც მიყენებული ზიანის საკომპენსაციო თანხა, ასევე ჯარიმა. ამასთანავე, შეწყდებოდა შრომითი ხელშეკრულებები დაქირავებულ პერსონალთან, რაც გამოიწვევდა პანდემიის პირობებში არსებული სოციალური ფონის დამძიმებას პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის.“

მინისტრის თქმით, წარმოდგენილი მასალებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ:

შპს ,,ამბასადორი ბათუმის“ მიერ, მიღებული ნებართვის საფუძველზე, განხორციელდა მასშტაბური ხასიათის ფინანსური ოპერაციები და შესრულდა მოცულობითი სამუშაოები, რის შედეგადაც უფლებააღმჭურველი აქტი გარკვეულ ნაწილში აღსრულდა, ხოლო დარჩენილი, მიმდინარე სამუშაოების შეჩერება გამოიწვევდა მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, რომლის ანაზღაურების უზრუნველყოფის მექანიზმი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა. საპირწონედ არსებობდა მხოლოდ საჩივრის განხილვამდე აქტის შეჩერების მოთხოვნა. როგორც წესი, აქტის შეჩერების მიზანია, აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში არ გართულდეს მისი აღსრულება. აქედან გამომდინარე, წარმოადგენს ერთგვარ მექანიზმს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ რამდენიმე არგუმენტით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა​ EMC-ისა და “საზოგადოება ბათომის” მოთხოვნა.

რას ამბობს კანონის მუხლი, რომლითაც მინისტრი თავის გადაწყვეტილებას ამართლებს

აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი ასევე განმარტავს, რომ მას არ შეეძლო მშენებლობის შეჩერება საქართველოს „ნებართვებისა და ლიცენზირების“ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად და განმარტავს: „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, სამინიტროს ბრძანებით დასაბუთდა, თუ რატომ არ იქნა მიღებული ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება და რატომ არ შეჩერდა გასაჩივრებული აქტის მოქმედება.“

ამონარიდი სამინიტროს წერილიდან

კანონის იმ თავში, რომელზეც მინისტრი მიუთითებს, სიტყვა-სიტყვით წერია:

ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ შეჩერდება, თუ ნებართვის გამცემი ან საჩივრის [სარჩელის] განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ანდა სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

EMC- ის იურისტის, ვლადიმერ ქუთათელაძის განმარტებით, ეს მუხლი იმას გულისხმობს, რომ გასაჩივრება ავტომატურად არ აჩერებს პროცესს, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სამინისტროს შეეძლო:

„როგორც წესი, ადმინისტრაციული აქტი, მისი გასაჩივრების მომენტიდან ჩერდება, მაგრამ არის გამონაკლისი, როცა გასაჩივრება ავტომატურად არ იწვევს გაჩერებას. იქვე არის მინაწერი, რომ მხარის მოთხოვნით ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ის. სამინიტროს ამის სრული რესურსი და ბერკეტი აქვს. თუმცა ეს არის მათი დისკრეციული უფლება, ანუ კანონი არჩევანის საშუალებას აძლევს, შეუძლია შეაჩეროს ან არ შეაჩეროს.“

EMC-ის შეფასებით ამ გადაწყვეტილებით სამინისტრომ არ გაითვალისწინა, რომ მშენებლობით შეუქცევადი ზიანი ადგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის მნიშვნელობა და ღირებულება ქალაქისთვის შეუფასებელია. მეტიც, მისი დასაბუთება ემყარება მხოლოდ კომპანიის ინტერესისა და მისი ფინანსური ზარალის შესახებ მსჯელობას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში „საზოგადოება ბათომის” სახელით EMC სასამართლოს მიმართავს და მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.
____
ამავე თემაზე:
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი