მთავარი,სიახლეები

ონლაინში აზარტულ თამაშებს ფარულად ვეღარ ითამაშებთ – იცვლება თანხის გატანის წესიც

08.03.2021 • 1643
ონლაინში აზარტულ თამაშებს ფარულად ვეღარ ითამაშებთ – იცვლება თანხის გატანის წესიც

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2021 წლის პირველი მარტიდან შევიდა ძალაში.

ელექტრონული ფორმით ლატარიის ან/და აზარტული/მომგებიანი თამაშობების მომწყობი [ოპერატორი] ვალდებულია მოთამაშის რეგისტრაციისას მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია.

პირის იდენტიფიკაცია ნიშნავს ისეთი საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვებას, რომლებიც ამ პირის მოკვლევისა და სხვა პირისგან გამორჩევის საშუალებას იძლევა; ხოლო ვერიფიკაცია − ისეთი ინფორმაციის (დოკუმენტის) მოპოვებას, რომელიც პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტის გადამოწმების საშუალებას იძლევა.

ოპერატორის მიერ მოთამაშის პირისპირ (არაელექტრონულად) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციაზე ვრცელდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“.

მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი სრულად ნახეთ ამ ბმულზე

ახალი წესის მიხედვით, ოპერატორი ვალდებულია:

  • არ დაუშვას მოთამაშე სათამაშოდ და არ მიიღოს თანხა ან/და ფსონები ამ წესის შესაბამისად იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გარეშე;
  • გამოიყენოს მოთამაშეთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის პროგრამული (ელექტრონული) უზრუნველყოფა;
  • სრულფასოვანი შემოწმების მიზნით, მის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვით, უზრუნველყოს სანებართვო პირობების შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის წვდომა მოთამაშეთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის შიდა სისტემაზე;
  • არ დაუშვას ერთი და იგივე პირისათვის ორი ან მეტი სათამაშო ანგარიშის გახსნა;
  • შეინახოს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტები კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით და დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოებს;
  • განახორციელოს მოთამაშის ვერიფიკაცია მისი რეგისტრაციისას და რისკზე დაფუძნებული მიდგომით;
  • მოთამაშის ვერიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტები/ინფორმაცია შეინახოს იმგვარად, ინფორმაციის შესაბამის მატარებელზე, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოთამაშის რეგისტრაციის თარიღისთვის მისი ვერიფიცირების დასაბუთება;
  • ვებგვერდზე ამ წესის შესაბამისად ვერიფიცირებული მოთამაშისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მინიჭებული უნიკალური კოდი.

მოთამაშის ვერიფიკაცია შესაძლებელია შემდეგი წესებით:

[checklist]

  • ვებგვერდზე მოთამაშის ვერიფიკაციის მიზნით საჭიროა წარმოდგენილ იქნეს მოთამაშის ფოტოსურათი, გადაღებული ამ მოთამაშის დოკუმენტთან ერთად, სადაც გარკვევით იკითხება დოკუმენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ჩანს ფოტოსურათი და მოთამაშის სახე;
  • ვიდეოზარის მეშვეობით მიღებული გამოსახულება პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს;
  • მოთამაშესთან უშუალო კონტაქტის გზით, რა დროსაც ოპერატორი პირისპირ მოახდენს მის ვერიფიკაციას;
  • მოთამაშის აქტიურ ტელეფონის ნომერზე მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნის გზით. ლატარიის ორგანიზატორის შემთხვევაში, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნის გზით;
  • ტექნოლოგიური გადაწყვეტით, რომელიც იყენებს ბიომეტრიულ მონაცემებს გადაღებულ ფოტოსურათსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ფოტოსურათზე ან/და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებულ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობის დასადგენად.

[/checklist]

2021 წლის 1-ელ მარტამდე რეგისტრირებული მოთამაშეების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისთვის მოქმედებს შემდეგი წესი:

  • თუ 2021 წლის 1-ელ მარტამდე რეგისტრირებულ მოთამაშეს ვერიფიკაცია გავლილი აქვს ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე წესის შესაბამისად, ასეთი მოთამაშე 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ითვლება კანონის შესაბამისად იდენტიფიცირებულად და ვერიფიცირებულად;
  • თუ 2021 წლის 1-ელ მარტამდე რეგისტრირებულ მოთამაშეს ვერიფიკაცია გავლილი არ აქვს აღნიშნული რომელიმე წესის შესაბამისად, მაშინ 2021 წლის 1-ელ აპრილამდე ასეთი მოთამაშის აქტიურ ტელეფონის ნომერზე მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით ვერიფიცირების შემთხვევაში, ეს მოთამაშე 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაითვლება კანონის შესაბამისად იდენტიფიცირებულად და ვერიფიცირებულად;

2022 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ კი, მოთამაშე მხოლოდ იმ შემთხვევაში [იმ მომენტიდან] ჩაითვლება კანონის შესაბამისად იდენტიფიცირებულად და ვერიფიცირებულად, როდესაც ის დააკმაყოფილებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას [ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების დროის მიუხედავად]:

  • გავლილი აქვს ვერიფიკაცია ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე წესის შესაბამისად;
  • გააქტიურებული აქვს ტელეფონის ნომერი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნილი მოკლევადიანი ერთჯერადი კოდით;
  • საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები გადამოწმებულია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

ფინანსთა მინისტრმა ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის ახალი წესიც დაამტკიცა, რომელიც ძალაში ასევე 2021 წლის პირველი მარტიდან შევიდა.

ეს წესი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

ამ წესის მიხედვით, სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანა და გატანა შესაძლებელია მხოლოდ „რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ შესაბამისად ვერიფიცირებული მოთამაშეებისთვის;

ოპერატორი ვალდებულია ვერიფიკაციის დასრულებამდე არ მიიღოს ან/და არ გასცეს თანხა მოთამაშის ანგარიშიდან; არ დაუშვას მოთამაშეებს შორის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის გვერდის ავლით.

ამასთან, ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს „მოთამაშეების მიერ სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანისა და გატანის ოპერაციების მის სისტემაში სრულად აღრიცხვა, სისტემატიზება და შენახვა იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მათ შესახებ ინფორმაციის გონივრულ ვადაში მოძიება და ამოღება“.

საქართველოში 2020 წლის მარტის თვიდან არც ერთი სლოტკლუბი და კაზინო არ მუშაობს. პანდემიის გამო მათი მუშაობა მთავრობამ 2020 წლის მარტში შეაჩერა, თუმცა შეზღუდვა არ შეხებია ონლაინკაზინოებსა თუ სხვა ელექტრონულ აზარტულ/მომგებიან თამაშობებს.

აჭარაში 2021 წლის პირველი მარტიდან, ხოლო სხვა რეგიონებში პირველი აპრილიდან სათამაშო ბიზნესს შეუძლია მუშაობა განაახლოს. თუმცა ბათუმში კაზინოები, დიდი ალბათობით, მუშაობას იქამდე არ განაახლებენ, ვიდრე თურქეთთან სახმელეთო საზღვარი [სარფი] არ გაიხსნება.

ამ თემაზე:

აზარტული თამაშები, როგორც დიაგნოზი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: