მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

დასჯა გამოსავალი არ არის, გამოსავალი – აღიარებაა!

08.03.2021 • 2079
დასჯა გამოსავალი არ არის, გამოსავალი – აღიარებაა!

ავტორი: თამარ კორძაია, იურისტი, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი

__

ქალის უფლებებს როგორც კი ვახსენებთ, არ აყოვნებს შეკითხვა: ქალი ადამიანი არ არის?

დიახ, ქალი ადამიანი არ არის!

ადამიანი არის სუბიექტი, ამ “ჩამჭრელი” შეკითხვის ავტორებისთვის – ობიექტი. ობიექტი იმიტომ, რომ არ უნდა დაინახოს ის, რომ ქალს საკუთარი სქესის გამო ტკივილი, შერცხვენა, დამცირება, შიში და უამრავი რამ აქვს მოთმენილი და გადატანილი.

ქალს არა აქვს სიყვარულის თავისუფლება, ის თუ ამას გაბედავს, ქმარი თუ პარტნიორი (ყოფილიც კი) კი არ დაშორდება, 5 საათის განმავლობაში ცემს, ცივი შხაპის ქვეშ დააყენებს, აწამებს, მერე მიუვარდება მის მამას, ძმას “კაცურად” შეარცხვენს, მათი ოჯახის წევრი ქალის “აღვირახსნილობის” გამო. ჯამში მამა და ძმაც ამ “მარცხის სიმწარის” და სირცხვილნაჭამი ოჯახის სახელის გამო, პასუხს მოსთხოვს ქალს.

14 წლის გოგონა თავს იკლავს მხოლოდ იმის გამო, რომ ენდო, სითბოთი და სიყვარულით ტკბობა უნდოდა. ბედნიერებას ეძებდა… ვინც უყვარდა, იმან აგრძნობინა, რომ სახმარი ნივთი იყო, ვინც ზრდიდა, იმან უთხრა: შეგვარცხვინე, თავი მოგვჭერიო! სხვისი ნახმარი აბა ვიღას სჭირდება?!

12 წლის გოგონას აუპატიურებენ, ბავშვი ბავშვს აჩენს და ამას მალავს დედა, მეზობელი, ნათესავი… იმიტომ, რომ გამჟღავნების შემთხვევაში უფრო მეტი სირცხვილის, დაცინვის, გაკიცხვის ეშინიათ. სრულიად გაოგნებულია საზოგადოება დედის რეაქციით, რომელიც სოციალურ მუშაკს ემუქრება დასჯით, რადგან “მის” საქმეებში ჩაერია. მთელი მედია ეძებს დამნაშავეს, რომელიც სასტიკად უნდა დაისაჯოს…

შინაგან საქმეთა მინისტრიც გვპირდება დასჯას. უფრო მეტიც არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ამკაცრებს სასჯელს და უვადო თავისუფლების აღკვეთას გვთავაზობს. თუ ყველანი სასჯელში ვხედავთ გამოსავალს, შესაძლოა სიკვდილით დასჯის შემოღებაზეც გვეფიქრა?! (უვადო თავისუფლების აღკვეთა, სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი ყველაზე სასტიკი “გამოსავალია”, თუმცა ეს სხვა მსჯელობის საკითხია).

დასჯა რომ გამოსავალი არ არის, ეს ხომ სრულიად ნათელია.

“ღირსებაშელახული” კაცი “ღირსების” აღსადგენად კლავს ქალს და “თავაწეული” იღებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ სასჯელს.  იქიდან ხომ “კაცის” სახელით გამოვა… ძმაკაცები ვერ იქილიკებენ, ქალის თავისუფალი გადაწყვეტილებით, რასაც ღალატს ვეძახით. მიყენებული სირცხვილი ჩამორეცხილი იქნება.

არადა, როგორ შეიძლება ადამიანმა უღალატოს მეორე ადამიანს. ადამიანი ინდივიდია, თავისი სურვილებით, სისუსტეებით, სიყვარულის და ამ სიყვარულით ტკბობის სურვილით, ბედნიერების მოპოვების იმედით. ამიტომ, თუ ვინმეს ღალატი შესაძლებელია, მხოლოდ საკუთარი თავის, როდესაც უარს ამბობ საკუთარ სიხარულსა და ბედნიერებაზე, უარს ამბობ სიცოცხლეზე. სხვა დანარჩენი კონტრაქტის/ხელშეკრულების დარღვევაა. ჩვენი კანონმდებლობითაც ქორწინების ხელშეკრულება არ ცნობს პირად არაქონებრივ ურთიერთობს. მაგრამ ეს მხოლოდ კანონმდებლობით…

გამოსავალი დასჯა არ არის. გამოსავალი – აღიარებაა. აღიარება იმის, რომ ქალსაც უყვარს, ისწრაფვის ბედნიერებისკენ, იღებს თავისუფალ გადაწყვეტილებებს, უნდა სექსი/ფიზიკური ტკბობა, მუშაობა, თვითრეალიზება, წარმატება… უბრალოდ, უნდა თავისუფლებაში ცხოვრება. ამ აღიარებას კი მხოლოდ თამამი გადაწყვეტილებებით მოვიპოვებთ, პატრიარქალურ საზოგადოებაში იმის მოთხოვნით, რომ სკოლებში უნდა შევიდეს სქესობრივი განათლება, ადრეული ბავშვობიდან უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ორი ადამიანის ურთიერთობის შესახებ, თუ რას ნიშნავს თავისუფალ ადამიანთა შორის თანასწორი ურთიერთობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: