კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ბათუმის ბულვარისთვის  

09.03.2021 • 3694
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ბათუმის ბულვარისთვის  

ავტორთა ჯგუფი – ახალგაზრდა ევროპელი ელჩები

მარიამ მორჩაძე

საქართველოს კულტურა და ისტორია ჩვენი – საქართველოს მოქალაქეების, ფასდაუდებელი და ყველაზე დიდი საგანძურია, რომელიც წინაპრებისგან გვერგო და რომელსაც ყველანი ერთად უნდა ვიცავდეთ და ვუფრთხილდებოდეთ. ბათუმის ბულვარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელმაც შექმნა ქალაქის იდენტურობა, ახლა საფრთხეშია, რადგან დაიწყო კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა საერთაშორისო გამოცდილების, საერთაშორისო კონვენციების მიმართ ვალდებულებების და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის გათვალისწინების გარეშე. ამის იმედად დარჩენილი ბათუმელები დღეს ზღვისპირა ბულვარის ისტორიულ კოლონადებთან საპროტესტო აქციებს მართავენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაიცვან ქალაქის კულტურული სივრცე – ბათუმის ბულვარი განადგურებისგან.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ზღვისპირა ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით[1], 2011 წლის 21 თებერვალს მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს კი იცავს კანონი[2] „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო 2011 წლიდან არის ევროპის საბჭოს მიერ მიღებული ფაროს კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა სხვა ბევრ საერთაშორისო კონვენციასთან ერთად, ვალდებულია არა მხოლოდ უზრუნველყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და შენარჩუნება, არამედ წაახალისოს ინოვაციური მიდგომები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მეტი პოპულარიზაციისთვის.

აგრეთვე, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ორგანიზაცია ICOMOS-მა ინგლისურენოვან კრებულში „მემკვიდრეობა საფრთხეშია“[3] ყურადღება გაამახვილა ისტორიული ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის განადგურების საფრთხეებზე, ცხადია, საკითხს კიდევ უფრო დიდი ყურადღება უნდა ეთმობოდეს.

ამ სტატიის საშუალებით ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს გვინდა ხაზი გავუსვათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობას და აგრეთვე, ბულვარის ცენტრალურ ნაწილში მაღლივი მშენებლობის შედეგად გამოწვეულ ეკოლოგიურ და ურბანულ საფრთხეებს.

მარიამ მორჩაძე

ეს საკითხი ჩემში ინტერესსა და პროტესტს იწვევს პირველ რიგში იმიტომ, რომ თავს ვალდებულად ვთვლი, ჩვენი წინაპრების მიერ ჩემს ქალაქში დატოვებულ ისტორიულ და კულტურულ სიმდიდრეს გავუფრთხილდე და ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღო მისი განსაკუთრებულობის შენარჩუნებასა და დაცვაში.

მეორე რიგში იმიტომ, რომ მინდა ვიცხოვრო ისეთ ქალაქში, რომელსაც გააჩნია განვითარების გენერალური ურბანული გეგმა, სადაც მშენებლობები არ მიმდინარეობს ქაოტურად და უკანონოდ და სადაც პროექტები ხორციელდება უპირველესად ქალაქის მცხოვრებლების სასარგებლოდ. მესამე რიგში კი იმიტომ, რომ ვალდებული ვარ ხმა ამოვიღო უსამართლობის წინააღმდეგ იმისთვის, რომ მჯეროდეს, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამასთან, უმნიშვნელოვანესია დღევანდელ ეპოქაში არსებული გამოწვევების გათვალისწინება და ქალაქების ურბანული განვითარების თანამედროვეობასთან ოპტიმიზება.

თანამედროვე ქალაქს სჭირდება მეტი ინვესტირება ახალგაზრდებში, ადგილობრივ დონეზე კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარებაში, ინოვაციური იდეების წახალისებასა და გონიერი ქალაქის შექმნაში, რაც უნდა ხდებოდეს სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით.

სალომე წერეთელი

სალომე წერეთელი

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ინახავენ ჩვენს იდენტობას, ხასიათსა და ისტორიას.  მათი შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის გადაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თითქოს „გატკეპნილი“ სიტყვებია ეს, მაგრამ ჩვენი წარსული სწორედ ამ ძეგლებით ცოცხლობს ჩვენში. ისინი გვახსენებენ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. მათი მოსპობით ვანადგურებთ ჩვენს ისტორიას და არაფერს ვუტოვებთ მომავალ თაობას. ბათუმის ბულვარი უნდა შენარჩუნდეს.

 

 

დავით ბიბილეიშვილი

ბათუმის ბულვარი, რომელიც ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და არის უნიკალური ადგილი ყველა ადამიანისთვის – მათ შორის, ახალგაზრდების თვითგამოხატვისთვის, არ შეიძლება ამ ერთიანი სივრცის განადგურება.

დავით ბიბილეიშილი

მაშინ, როცა ევროპა ცდილობს მწვანე სივრცეები დაიცვას, გააფართოოს და გაამრავლოს  იმისთვის, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს და სხვა მომავალ თაობებს გვქონდეს  შესაძლებლობა ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, ბათუმის ბულვარში დაგეგმილი მშენებლობა ევროპული ხედვის უკუპროპორციული გადაწყვეტილებაა. ეს მშენებლობა პირდაპირ ეწინააღმდეგება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.

ბათუმის ბულვარი ყველასია, როგორც ბათუმელების, ასევე საქართველოს სხვა მოქალაქეების. ის, ასევე ღიაა საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვიზიტორებისა და ტურისტებისთვისაც. არ შეიძლება ამ ერთიანი სივრცის განადგურება, ყველას უნდა ჰქონდეს სოციალიზაციის შესაძლებლობა ბათუმის ბულვარში.

ესმა გუმბერიძე

საჯარო კულტურულ-დასასვენებელი სივრცეები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. ისინი სხვადასხვა პროფესიის, წარმოშობის, მრწამსისა და შეხედულების ადამიანებს ერთად ყოფნის, ერთმანეთის გაცნობის, აზრთა გაცვლისა და ურთიერთობის საშუალებას აძლევს. ასეთი საჯარო სივრცეები მრავალფეროვნებას უწყობს ხელს. მათი გაქრობა პირიქით, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის დიალოგისთვის, ერთმანეთზე დაკვირვების, ერთმანეთის მოტივირების შესაძლებლობას გააქრობს.

ესმა გუმბერიძე

ბულვარის შეკუმშვა ან გაქრობა გამოიწვევს იმას, რომ სოციალურად გაჭირვებულებით დასახლებული უბნებიდან ადამიანები ვეღარ ისეირნებენ მდიდრების გვერდით. ერთად სეირნობა თანასწორობის მოჩვენებით განცდას მაინც ქმნის. ადამიანები ერთმანეთის ცხოვრების წესს, პრობლემებს უყურებენ, ბაძავენ, იზიარებენ გამოცდილებას და თუ მართლა გვინდა, რომ „ქართველობა“, ანუ საქართველოსთვის უნიკალურად დამახასიათებელი თვისებები არ დავკარგოთ, უნდა შევინარჩუნოთ ასეთი სივრცეები. სწორედ პარკები, ბულვარები და სხვა საერთო საჯარო სივრცეები სძენს ქალაქებს თვითმყოფადობას. ასეთ ადგილებში ჩანს საზოგადოების დასვენების, ურთიერთობის, გართობის კულტურა.

მარიამ ხუროშვილი

მარიამ ხუროშვილი

იმის გამო, რომ ჰაერის ნაკადი ზღვიდან შემოდის, სანაპირო ზოლზე დაწყებულმა ნებისმიერმა ინფრასტრუქტურულმა პროექტმა საგრძნობი ეკოლოგიური ზიანი შეიძლება მოიტანოს. უშუალოდ ამ პროექტთან დაკავშირებით, საინტერესოა, რამდენად არის ჩატარებული გარემოსა და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება (ESIA), რა სახის რისკები და გადაჭრის გზებია შემოთავაზებული. ასევე, მნიშვნელოვანია თუ რამდენად დაიცავს რეგულაციებს კომპანია იმ მხრივ, რომ მშენებლობის ნარჩენი მთლიან ქალაქში არ გაიფანტოს. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ერთ-ერთი მწვავე ეკოლოგიური ზიანი იქნება ჰაერის დაბინძურება. ამ უკანასკნელმა შესაძლოა გამოიწვიოს ტურისტების ნაკადის შემცირებაც, რაზეც დიდად არის დამოკიდებული ქალაქის მცხოვრებლების შემოსავალი.

კულტურული მემკვიდრეობა ევროპის საბჭოს კონტექსტში

ევროპის საბჭო, თავის 47 ევროპულ წევრ ქვეყანასთან ერთად, ბოლოს დამატებულ კულტურასა და კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად, როგორც დემოკრატიული მმართველობის ელემენტებზე, ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე.

საზოგადოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების შესახებ 2005 წლის ჩარჩო კონვენცია  (ფარო კონვენცია) [4] ხაზს უსვამს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს, როგორც მდგრადი განვითარების მიღწევის წინაპირობას. მასში ზოგადად განისაზღვრა მეხსიერების, გაგებისა და იდენტურობის საერთო წყაროს კონტექსტით გააზრებული საერთო ევროპული მემკვიდრეობა. ყურადღება გამახვილდა ამ მემკვიდრეობის წვლილზე შემოქმედებასა და სოციალურ ერთობაში, აგრეთვე იდეალებზე, პრინციპებსა და ღირებულებებზე, რომლებიც წარმოიშვა წარსული კონფლიქტების გამოცდილებით და პროგრესის მიღწევის მცდელობებით.

კულტურული მემკვიდრეობა ევროკავშირის პოლიტიკის დოკუმენტებში

ევროკავშირის ხელშეკრულებებში კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირების შედეგად ინსტიტუციონალურად გადაიდგა პირველი ნაბიჯები კულტურის მხარდასაჭერად და 1995 წელს დაიწყო კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი სპეციალური სამოქმედო პროგრამების შემუშავება და განხორციელება. 1996-2000 წლებში განხორციელებული პროგრამა მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და მასზე ხელმისაწვდომობას, ქსელებისა და პარტნიორობის დამყარებას, აგრეთვე მესამე ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც არის იუნესკო და ევროსაბჭო, დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ევროკავშირის მიერ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განხორციელებული პოლიტიკის ინიციატივებისა და მხარდამჭერი ქმედებების პირველი ჩანაწერი გაკეთდა ევროკომისიის მიერ 2014[5] წელს, რომლის მიზანი იყო ევროპული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და შეფასების სტრატეგიული მიდგომის შემუშავება. ამ დოკუმენტის მეორე გამოცემა გამოქვეყნდა 2017[6] წლის აგვისტოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: