მთავარი,სიახლეები

როგორ მიულოცეს პოლიტიკოსებმა ქალებს 8 მარტი მშობლების მარშის ფონზე

08.03.2021 • 1036
როგორ მიულოცეს პოლიტიკოსებმა ქალებს 8 მარტი მშობლების მარშის ფონზე

„გილოცავთ 8 მარტს“, „გილოცავთ ქალთა დღეს“ – ძირითადად ასე მიულოცეს მაღალჩინოსნებმა და ოფიციალურმა უწყებებმა 8 მარტი ქალებს იმ ფონზე, როცა ქალების და განსაკუთრებით მოზარდი გოგონების უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა: რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გაუპატიურების მსხვერპლმა, 13 წლის გოგომ გორში იმშობიარა, თებერვალში კი ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა, 14 წლის ნინიმ ქობულეთში სიცოცხლე სავარაუდოდ სუიციდით დაასრულა.

„ნინის გამო“ – 100-დღიანი კამპანიის ფარგლებში დღეს, 8 მარტს, საქართველოს 11 ქალაქში გაიმართა საპროტესტო მსვლელობა, 1000 მშობლის მარში“ ქალთა მოძრაობის ინიციატივით. აქციაზე ხელისუფლებას პასუხისმგებლობის გაზიარებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვეს.

მშობლების მარშს ხელისუფლება არ გამოხმაურებია. მაღალჩინოსნების ნაწილმა დუმილი არჩია, თითქოს პრობლემა საერთოდ არ არსებობს, უმრავლესობამ კი სტერეოტიპულად, ყვავილებიანი ფოტოს/ქარდის გამოყენებით მიულოცა ქალებს 8 მარტი.

მაგალითად, 2018 წელს მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ფეისბუქპოსტში ქალების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვაზე გაამახვილა ყურადღება, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი თქვა, რომ სავალდებულო კვოტირებას „ძლიერად გულშემატკივრობდა“.

„იმედს გამოვთქვამ, რომ კანონპროექტი მალე გადაიქცევა კანონად და მას მოჰყვება ასევე ის ზემოაღნიშნული ღონისძიებები სახელმწიფოს თუ საზოგადოების მხრიდან, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქალებმა რეალურად შეძლონ აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკასა და საჯარო ცხოვრებაში,“-  წერდა 2018 წელს ფეისბუქში გიორგი მარგველაშვილი.

2018 წელს, როცა ნეტგაზეთი პოლიტიკოსების სარვამარტო გამოხმაურებაზე წერდა, მოხვდა პარლამენტარი ნინო წილოსანის ფეისბუქპოსტიც, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებს უფრო აძლიერებს, ვიდრე ქალებს: „ყვავილებიც მიყვარს და პატივისცემის ნიშნად კარებში რომ მატარებენ ისიც… ხანდახან ვტირი ხოლმე … “

ნინო წილოსანი წელსაც გამოეხმაურა 8 მარტს. „ქალთა საერთაშორისო დღეს კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ ქალები ამ ქვეყანაში ხმას არ ჩაიგდებენ“ – წერს პარლამენტარი.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა, პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტის შექმნა, ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდა – ამ და სხვა მოთხოვნის დღეს მარშზე გაჟღერების პარალელურად პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე მხოლოდ მოკლე მილოცვით შემოიფარგლა.

ამ დრომდე [20:00 სთ.] 8 მარტს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე დუმილი არჩია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი ბოლო პოსტი მიშელის ვიზიტის დასრულებას ეხება და 2 მარტსაა გამოქვეყნებული.

ამ დრომდე 8 მარტი საერთოდ არ შეამჩნია ირაკლი ღარიბაშვილმა – დუმილი და პრობლემის ვერ დანახვა არჩია პრემიერმა. მან დედის დღე მიულოცა საზოგადოებას, თუმცა მისი ბოლო პოსტი 4 მარტით თარიღდება და მთავრობის სხდომა გამოქვეყნებული.

8 მარტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტში ძლიერი ქალები იყვნენ და „მომავალ თაობებს თანასწორობის შესანიშნავი მაგალითი მისცეს“.
პარლამენტის თავმჯდომარე არაფერს ამბობს პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში ქალთა უფლებების, კონკრეტულად კი, მოზარდების სექსუალური ძალადობის კუთხით არსებობს.

„1919 წელს, ამ ბრწყინვალე ქალებმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში, მომავალ თაობებს თანასწორობის შესანიშნავი მაგალითი მისცეს. ყველა ქალს ვუსურვებ, წარმატებისთვის ეს მემკვიდრეობა გამოიყენოს და დასახულ მიზნებს მიაღწიოს! გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

 

„გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს“ – ამ მისალოც ტექსტს ყვავილებით ნახავთ პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე. საერთოდაც, სახელმწიფო უწყებების ფეისბუქგვერდებზე ძირითადად ამ ფრაზას შეხვდებით. უფლებებსა და პრობლემებზე თითქმის არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს არ უსაუბრია დღეს.

ქალთა უფლებების შესახებ რაიმეს საჯაროდ შეფასებას და თუნდაც სურვილებს თავი აარიდა კახა კალაძემაც. მისი ბოლო პოსტი გზის რეაბილიტაციას ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსებმა და მაღალი თანამდებობის პირებმა წელს უფრო აქტიურად დედის დღე მიულოცეს ქალებს საჯაროდ, ვიდრე 8 მარტი. დედის დღის მილოცვაც უფრო შაბლონური იყო, ვიდრე პრობლემებზე თვალის გასწორება, თუმცა 8 მარტის მომლოცველი ჩინოვნიკების რაოდენობაც შემცირდა: მაგალითად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დედის დღე მიულოცა დედებს, დღეს, 8 მარტს კი, თორნიკე რიჟვაძის გვერდზე სარვამარტო მილოცვა არ გამოქვეყნებულა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: