მთავარი,სიახლეები

ქართველი ქალების პროფესიონალიზმი ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს – კარლ ჰალცერი

08.03.2021 • 1156
ქართველი ქალების პროფესიონალიზმი ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს – კარლ ჰალცერი

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალების მნიშვნელოვან როლზე და მათ გაძლიერებაზე  საუბრობს.

„ამ ქვეყანაში (საქართველოში) ორწელიწად-ნახევარია, რაც ვიმყოფები. ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო, იქნებიან ეს ქალი მეწარმეები,  ჟურნალისტები,  აღმასრულებელი დირექტორები, საზოგადოებრივი ლიდერები თუ პოლიტიკოსები როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლად.

ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, ან მუშაობენ თავიანთ თემებში პირობების გაუმჯობესებაზე, რომ არაფერი ვთქვათ ბევრად ნაკლებად წარმოჩინებულ სამუშაოზე, რომელსაც ბევრი ქალი ისედაც ასრულებს სახლში და ბავშვების თუ მოხუცების მოვლისას.

მათი წვლილი ძალზე მნიშვნელოვანია და მაინც, საშუალოდ, ქალები მამაკაცებზე გაცემული ანაზღაურების მხოლოდ 2/3-ს გამოიმუშავებენ და ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებული სახლს გარეთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისგან, ან უარესი, გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რაც ყოვლად დაუშვებელია.

საერთო ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გზაა გასავლელი“, – ამბობს კარლ ჰარცელი ვიდეორგოლში, რომელსაც „ევროკავშირი საქართველოში“ ავრცელებს.

ჰარცელი ამბობს, რომ მისი გზავნილი მარტივია – ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი.

„დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოფხვრაზე, რომელიც ხელს უშლის გოგონებს და ქალებს სრულყოფილად შეიტანონ წვლილი საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში.

სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელსაც ჩვენი სოციალური მედიის საინფორმაციო არხებით გავაჟღერებთ. მარტის თვეში დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში დევიზით, „ძლიერი ქალები – ძლიერი საქართველო“.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენც ისურვებთ ამ დისკუსიაში მონაწილეობას  და შემოგვიერთდებით.  ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა – ერთად“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: