მთავარი,სიახლეები

გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს – კელი დეგნანი ღარიბაშვილს შეხვდა

09.03.2021
გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს – კელი დეგნანი ღარიბაშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსაც, „სადაც აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში  არსებული გამოწვევების ფონზე,   მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისკენ“.

„გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს მის წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენას.

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება,“ – განაცხადა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას –  „ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ყოველისმომცველი დღის წესრიგი გააჩნიათ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივებზე მუშაობა გაგრძელდეს ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა“, – თქვა კელი დეგნანმა.

 

მთავარი ფოტო: შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში / ფოტო: მთავრობის პრესსამსახური

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: