განათლება,მთავარი,სიახლეები

რას ჰყვებიან ქართველი მოსწავლეები აშშ-სა და ბრიტანეთის სკოლებში სქესობრივ განათლებაზე

21.02.2021 • 1695
რას ჰყვებიან ქართველი მოსწავლეები აშშ-სა და ბრიტანეთის სკოლებში სქესობრივ განათლებაზე

სკოლებში სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სწავლებაზე საუბრისას საზოგადოების ნაწილს ხშირად მწვავე რეაქცია აქვს, ხშირად ტერმინებიც კი არასწორადაა გაგებული და სქესობრივი განათლება „სექსის სწავლებასთანაა“ გაიგივებული.

რა საკითხებს განიხილავენ მოსწავლეებთან იმ ქვეყნების სკოლებსა და კოლეჯებში, სადაც სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სემინარები არათუ ნებადართული, სავალდებულოც კი არის?

მარიამ მიქელაძემ შარშან, 2020 წელს, დაამთავრა ბრიტანეთში ჰემფშირის წმ. კატერინას სახელობის კოლეჯი ბრემლიში, სადაც 2 წელი სწავლობდა. ბრიტანეთში დაამთავრა ვინჩესტერის წმ. სიუზენის სახელობის სკოლა ნინო სიჭინავამაც 2020 წელს.  ამიკო გოგიტიძემ საშუალო სკოლის დამამთავრებელ წელს აშშ-ში, კანზასის შტატში ისწავლა. სამივე ახალგაზრდა ამბობს, რომ სემინარები და გაკვეთილები სქესობრივი განათლების საკითხებზე მათ სასწავლებლებში სავალდებულო იყო.

„ამერიკაში არავინ იტყუებს თავს, რომ 17, 18, 19 წლის ახალგაზრდას სექსი არ აქვს, და რახან რაღაცას აკეთებ, აუცილებელია იცოდე, რას რა შეიძლება მოჰყვეს, სავალალო შედეგებამდე რომ არ მიხვიდე,“ – ამბობს ამიკო.

სამივე ახალგაზრდის მონათხრობის მიხედვით ბრიტანეთისა და აშშ-ს კოლეჯებში მოზარდებს აუცილებლად ესაუბრებიან ხუთ მთავარ საკითხზე:

  • თანხმობის უზენაესობა

მარი ამბობს, რომ კოლეჯში ძალიან ხშირად ესაუბრებოდნენ წყვილებს შორის თანხმობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. იმაზე, რომ სქესობრივი კავშირი მხოლოდ წყვილის ორმხრივი, ცხადი თანხმობითაა შესაძლებელი, რომ ნებისმიერი სიახლისას სექსის დროს მნიშვნელოვანია ყველაფერზე პარტნიორის თანხმობა და წინასწარ მისი აზრის გაგება, მანამ, სანამ რომელიმე რაიმეს მოიმოქმედებს.

„მე გოგოების სკოლაში ვსწავლობდი და სქესობრივი განათლების საკითხებზე ლექციები გოგოებისთვის საინტერესო თემებზე იყო მორგებული. გვასწავლიდნენ, რომ ყოველთვის უნდა დაფიქრდე წინასწარ, რა არის შენთვის კომფორტული და რა არა, რომ აუცილებელია ამაზე პარტნიორთან საუბარი დარცხვენის გარეშე.

ნინო გვიყვება, რომ „თანხმობის“ საკითხები მის გაკვეთილებზეც მნიშვნელოვანი იყო. უხსნიდნენ, რომ სწორედ თანხმობით, კონსესუსით იწყება ყველანაირი ურთიერთობა და საკუთარი სურვილების იძულებით თავსმოხვევა სხვისთვის ძალადობაა.

„გვიხსნიდნენ, რომ ხშირად ქალი უბრალოდ იძულებულია დათანხმდეს სექსს და სხვის ინიციატივას, რაც დაუშვებელია და გვარიგებდნენ, რომ ასეთი რამ არასდროს არ უნდა გამოვცადოთ,“- ამბობს ნინო.

ამიკო გვეუბნება, რომ შტატებში ყველა მეცხრეკლასელმა ბიჭმა თუ გოგომ უკვე იცის, რომ თანხმობის გარეშე ყველაფერს ძალადობა ჰქვია.

  • სექსუალური შევიწროება და ძალადობა

ამიკო იხსენებს, რომ თუ რომელიმე ბიჭი, თუნდაც არასრულწლოვანი, დადანაშაულებული იქნებოდა სექსუალურ შევიწროვებაში, მის ცხოვრებაზე ეს დიდ, შავ ლაქას ტოვებდა.

„მთავრდება იმ საზოგადოებაში ასეთი ბიჭის რეპუტაცია, თუნდაც არასრულწლოვნის. სექსუალური შევიწროება დიდ სირცხვილად ითვლება და სამართლებრივი დევნაც იწყება ასეთ დროს.

გოგოებმაც იცოდნენ, რომ თანხმობის გარეშე არავის შეეძლო ისინი დაეყოლიებინა სექსზე და ყველამ იცოდა ნათლად საკუთარი უფლებები, იცოდნენ რას ნიშნავს ძალადობა,“ – ამბობს ამიკო.

ნინოს ბრიტანეთის სკოლაში აუხსნეს, რომ სრულწლოვნები ბარებსა და კლუბებში ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, რომ ხშირია შემთხვევა, როცა მსგავს ადგილებში სასმელს ურევენ გამაბრუებელ ნივთიერებებს და მარტივად ითანხმებენ გოგოებს სექსზე. უხსნიდნენ როგორ აერიდებინათ თავიდან მსგავსი სიტუაცია და როგორ ამოეცნოთ სახიფათო გარემო, როგორ დაეღწიათ თავი შესაძლო ძალადობისგან, ვისთვის უნდა მიემართათ.

  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

მარიამის თქმით, მის კოლეჯში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე ისეთივე სერიოზულობით საუბრობდნენ სპეციალისტები, როგორც ნარკოდამოკიდებულებასა და ალკოჰოლზე. ამბობს, რომ მის კლასში მოწვეულმა სპეციალისტმა ერთი ლექცია სრულად ამ გზით გადამდებ დაავადებებზე საუბარს დაუთმო.

დაავადებების გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები მარის კლასს დაწვრილებით აღუწერეს. აჩვენეს ილუსტრაციებიც, რომ კონკრეტულ დაავადებაზე წარმოდგენა ჰქონოდათ და თუ ვერ ამოიცნობდნენ, ეჭვი მაინც გასჩენოდათ, რის შემდეგაც ექიმს მიაკითხავდნენ.

„ეს ვიზუალური მასალა ძალიან კარგი ხერხი იყო გაგვეანალიზებინა თავიდანვე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს დაუცველ კავშირებს,“ – ამბობს მარიამი.

ნინოს კლასს აუხსნეს, როგორ უნდა ამოეცნოთ, აქვს თუ არა პარტნიორს სქესობრივი გზით გადამდები ესა თუ ის დაავადება, ასწავლეს რისკების გაცნობიერება და უთხრეს სამედიცინო ცენტრების შესახებაც, სადაც გინეკოლოგის კონსულტაცია იქნებოდა შესაძლებელი.

ამიკო ჰყვება, რომ ამერიკაში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების მშობლები ხშირად ითხოვენ, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად ესაუბრებოდნენ სკოლაში მათ შვილებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებსა და ზოგადად სქესობრივი განათლების საკითხებზე.

„ასეა, რადგან მშობლებმა კარგად იციან: მნიშვნელოვანი ინფორმაციის უცოდინრობა მათ შვილებს სავალალო შედეგებამდე მიიყვანს,“ – ამბობს ამიკო.

  • თავდაცვის საშუალებები

„80-იან წლებში ამერიკაში ნაადრევი ორსულობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო ახალგაზრდებისთვის, ეს ხელს უშლიდა გოგოებს სწავლა-განათლების პროცესში, კარიერის აწყობაში. საზოგადოება მივიდა იმ აზრამდე, რომ თავდაცვის საშუალებებზე ინფორმაციის ნაკლებობა იყო მიზეზი.

სწორედ ამის მერე დაიწყეს ამერიკულ სკოლებში სქესობრივი განათლების საკითხების სწავლება,“ – ამბობს ამიკო.

მარიამის სკოლაშიც ამახვილებდნენ ყურადღებას თავდაცვის საშუალებების აუცილებლობაზე. უხსნიდნენ მოზარდებს, რომ არ უნდა დაეშვათ შემდგომში ისეთი შეცდომები, რაც მათ დააზარალებდა.

ნინოს ბრიტანულ კოლეჯში მოწვეული სპეციალისტები თავდაცვის სხვადასხვაგვარ საშუალებებს აცნობდნენ მოზარდებს, ესაუბრებოდნენ თითოეული მათგანის გამოყენების თავისებურებებზე, უკუჩვენებებსა და ეფექტურობის ხარისხზე.

  • კითხვების დასმის აუცილებლობა

მარიამი და ნინო ამბობენ, რომ სკოლაში ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ მოზარდებს სქესობრივი განათლების საკითხებზე  თავისუფლად დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები მასწავლებლების, მოწვეული სპეციალისტებისთვის.

მეტიც, ნინო გვიყვება, რომ მოწვეული სპეციალისტების ლექციებს კურსის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, რადგან მას შემდეგ, რაც სპეციალისტები ამოწურავდნენ ამ თემებზე სემინარებს და დატოვებდნენ სკოლას, მოსწავლეებს შეძლებოდათ სკოლაში მუდმივად მყოფი მასწავლებლებისთვის მიემართათ საჭიროების შემთხვევაში.

„ჩვენ მასწავლებლებთან გახსნილად შეგვეძლო ამ თემებზე საუბარი, რადგან ისინი იწვევდნენ სქესობრივ საკითხებზე სასაუბროდ სპეციალისტებს, ესწრებოდნენ ჩვენთან ერთად საუბრებს და შესაბამისად, აღარ იყო თემები ტაბუდადებული“, – ამბობს ნინო.

ნინოს კლასში, ისევე როგორც მარიამისა და ამიკოს კლასში, სქესობრივ საკითხებზე სემინარები ყოველთვის კითხვა-პასუხით მთავრდებოდა სპეციალისტებსა და მოზარდებს შორის.

  • მარიამის კოლეჯში სქესობრივი განათლების სპეციალური სახელმძღვანელოები არ ჰქონიათ. ამ ტიპის საჯარო სემინარები მის კოლეჯში კვირაში ერთხელ ტარდებოდა. სემინარებზე სასწავლებელი სასაუბროდ იწვევდა ამა თუ იმ მიმართულების სპეციალისტს, ექსპერტს.
  • ნინოს კოლეჯში ბოლო ორ დამამთავრებელ კლასში ტარდებოდა ლექციები. მხოლოდ ორჯერ. მაგრამ როგორც მან გვითხრა, მას შემდეგ, რაც მან სწავლა დაამთავრა, მოსწავლეებმა ამ კოლეჯში მოითხოვეს უფრო ინტენსიური ყოფილიყო ლექციები რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სქესობრივი საკითხების შესახებ.
  • ამიკოს სკოლაში, აშშ-ში, სემინარები მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს უტარდებოდათ, დასწრება სავალდებულო იყო.

ამიკოც, მარიამიც და ნინოც ამბობენ, რომ გოგოებისა და ბიჭების ჯგუფებს მათ სასწავლებლებში სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ცალ-ცალკე ესაუბრებოდნენ, რომ დისკუსია უფრო თავისუფალი, შეუზღუდავი და ნაკლებად უხერხული ყოფილიყო.

საქართველოში სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები სკოლაში არ ისწავლება.  გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, მოზარდთა სქესობრივ განვითარებაზე ნათქვამია, რომ სექსუალობის კვლევისას მოზარდები ბევრ შეკითხვას და პრობლემას აწყდებიან.

საქართველოში კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ინდექსი 52.9%-ია. ეს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: