მთავარი,სიახლეები

1000 მშობლის მარში ბათუმში – რას ითხოვენ საპროტესტო აქციის მონაწილეები

08.03.2021 • 1239
1000 მშობლის მარში ბათუმში – რას ითხოვენ საპროტესტო აქციის მონაწილეები

დღეს, 8 მარტს, საპროტესტო აქცია „1000 მშობლის მარში” საქართველოს 11 ქალაქში, მათ შორის, ბათუმშიც გაიმართა.  ეს აქცია ნაწილია 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოებისა და ქალების მიმართ.

კამპანია ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება, მასზე 23 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა. ნინიმ დასახმარებლად პოლიციას მიმართა, თუმცა მოძალადე მხოლოდ ნინის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს.

1000 მშობლის მარში ბათუმში

„ვითხოვთ, მოხდეს ამ ქვეყანაში ცვლილებები როგორც საკანონმდებლო, ისე ფორმალური განათლების მხრივ, რომ სკოლებში ბავშვები სწავლობდნენ სქესობრივი განათლების საკითხებს და ასევე, დადგეს იმ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ნინის საქმეს იძიებდა.  აქცია დაგეგმილია 100-დღიანი საპროტესტო კამპანიის ფარგლებში და ნიშნავს, რომ მოთხოვნები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება ცვლილებები ამ ქვეყანაში.

ეს არ არის ერთი ტრაგედია, ნინის შემდეგაც გახმაურდა 13 წლის ბავშვის გაუპატიურების ფაქტი… ჩვენ უნდა ვებრძოლოთ პატრიარქალურ სისტემას და გავარღვიოთ მოჯადოებული წრე,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბათუმში, აზა გაბუნია.

საპროტესტო კამპანია და 1000 მშობლის მარში მხოლოდ მშობლებს არ ეხება. ის აერთიანებს ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანს ვისთვისაც ეს საკითხი მნიშვნელოვანია.

„ეს პროტესტი ეხება ყველას, განსაკუთრებით მშობლებს, ცხადია მამებსაც, დროა მათაც ამოიღონ ხმა, რადგან დღეს არავინ არის დაცული,“ – ამბობს აზა გაბუნია.

აქციის მონაწილე, თანასწორობის ცენტრის დირექტორი, ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ ქალების/გოგოების ჩაგვრა ადრეული ასაკიდანვე იწყება, დანაშაულის პრევენცია კი ვერ ხდება იმის გამო, რომ საკმარისი რესურსი არ არის ჩადებული იმისთვის, რომ დაცვის მექანიზმმა მწყობრად იმუშაოს:

„სოციალური მუშაკის ფინანსური რესურსები, არ ვსაუბრობ მხოლოდ ხელფასზე, სოციალური მუშაკების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, განათლება, ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეთ საკმარისი… ძალიან ბევრია ამაზე სამუშაო, ფსიქოლოგებიც არ გვყავს… სკოლის ფსიქოლოგები ძალიან ცოტანი არიან, მათი კვალიფიკაციაც არ არის სათანადო… ამ ჯაჭვის ყველა ნაწილი უგულებელყოფილია და ბოლოს მივდივართ იქ, სადაც ვართ. ეს არის კაცის დაუსჯელობა,“ – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

1000 მშობლის მარში ბათუმში

„ადრეულ ასაკში გოგონებს სჭირდებათ ცოდნა სქესობრივი მომწიფების შესახებ, ეს არის მენსტრუაცია, სქესობრივი ცხოვრება, სქესობრივი ძალადობის ნიშნები, რომლითაც ჩვენ უნდა შეგვეძლოს ძალადობის ამოცნობა. დღეს ოჯახის უნარებზეა მინდობილი გოგონების განათლება, როგორც ეს ხდებოდა 100 წლის წინ. ეს არ არის კერძო დონეზე მისატოვებელი საქმე, ეს სახელმწიფო დონეზე დასარეგულირებელი საკითხია ელემენტარული განათლების მიწოდების გზით.

ჩვენამდე,  უფლებადამცველებამდე ვერ მოდის საქმეები, როცა სქესობრივი ძალადობა ხდება ოჯახში, ოჯახის რომელიმე წევრის მხრიდან, ოჯახის მეგობრის მხრიდან… ქალი, გოგონა ზიანდება მანამ, სანამ სქესობრივად მომწიფდება, მას უკვე მთელი რიგი ბარიერები და პრობლემები აქვს.

ასევე, ჩაგვრა ეფუძნება განსხვავებულ ხედვას სექსუალობის მიმართ – კაცის სექსუალობა არის წახალისებული, მხარდაჭერილი, ქალის სექსუალობა არის დათრგუნული, ჩაწიხლული და ამის გამოა, რომ ხშირად დედებსაც კი გაუცხოვება აქვთ შვილის, გოგოს სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებით. ძალიან არათანაბარი სტარტი აქვს გოგოსა და ბიჭს ჩვენს სისტემაში,“ – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

1000 მშობლის მარში ბათუმში

1000 მშობლის მარში ბათუმში

1000 მშობლის მარში ბათუმში

ბათუმის პარალელურად იგივე აქცია საქართველოს კიდევ 10 ქალაქში მოეწყო.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/525017/?fbclid=IwAR3WyF8kOu78SvcCeZN7he4WtGIym_DCphas5jqxF_q2G3Z1QYf0yjWUhyc

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: