ჯანმო მოუწოდებს საქართველოს, გაზარდოს პირველადი ჯანდაცვის დაფინანსება

საქართველოში, WHO-ს ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, პირველად ჯანდაცვაში გაწეული სახელმწიფო ხარჯები გაცილებით დაბალია.

„2018 წელს ის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0.3%-ს შეადგენდა, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.

2019 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 7% დაიხარჯა პირველად ჯანდაცვაზე, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლები იყო” – წერია  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკის უახლეს ნარკვევში– „საქართველოში პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების გადასინჯვა“.

თუმცა ნარკვევში ხაზგასმულია, რომ მხოლოდ დაფინანსების ზრდა, რარიგ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, ვერ გამოიწვევს სასურველ შედეგს.

„მხოლოდ დაფინანსების სისტემაში ცვლილებები არ არის საკმარისი.

ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამა მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს, რათა მოიცვას მეტი მედიკამენტი და მეტი ადამიანი.

„აუცილებელია ფასების უფრო მკაცრი რეგულირება, გენერიკული მედიკამენტების უფრო ფართო მოხმარება და მედიკამენტების რაციონალური გამოწერისა და გამოყენების წახალისებისკენ ნაბიჯების დაუყოვნებლივი გადადგმა. ასევე, ინვესტიციის განხორციელება პირველადი ჯანდაცვის მუშაკებში, გაუმჯობესებული მიმაგრება-რეგისტრაცია და ციფრული მონაცემების შეგროვება და მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს კარგი პერფორმანსის სტიმულირებას,“ –  ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აკაკი ზოიძე.

ნარკვევი ასახავს ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად. კერძოდ:

  • მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს სახელმწიფო ინვესტიციები პირველად ჯანდაცვაში;
  • პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და უფასო მისი გამოყენების ადგილზე;
  • უნდა გადაიხედოს დაფინანსების სისტემა, რათა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების ანაზღაურების ადეკვატური დაფინანსება.

„დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად,“ – ამბობს ტრიინ ჰაბიხტი, WHO-ს ბარსელონას ჯანდაცვის სისტემების ფინანსირების ოფისის ჯანდაცვის უფროსი ეკონომისტი, „ადეკვატური სახელმწიფო დაფინანსების გარეშე შეუძლებელია მაღალი ხარისხის, მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ხელმისაწვდომი და ადამიანებზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის მიღწევა.“

ნარკვევში მოცემულ რეკომენდაციებში ასევე ვკითხულობთ, რომ საკმარისი სახელმწიფო დაფინანსების გარეშე შეუძლებელია მაღალხარისხიანი, მტკიცებულებებზე დამყარებული, ხელმისაწვდომი და პაციენტზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის ხედვის რეალიზება.

  • პირველადი ჯანდაცვის ძირითადი სერვისები პაციენტებისათვის უფასო უნდა გახდეს, ყოველგვარი თანადაფინანსების გარეშე. უნდა გაიზარდოს ამბულატორიულ მედიკამენტებზე შეღავათების მოცულობა და მასშტაბი, რათა პაციენტებისათვის უზრუნველყოფილი იყოს ყველა საჭირო მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა და მისაღები ფასები, თანადაფინანსებისა (ან მინიმალური თანადაფინანსების) და მათთვის ყოველგვარი ფინანსური სირთულეების შექმნის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობისათვის მედიკამენტები არ იქნება ხელმისაწვდომი, პირველადი ჯანდაცვის გაზრდილი სერვისების ეფექტურობა ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესების თვალსაზრისით შეზღუდული დარჩება.
  • სტრუქტურულად შეცვალეთ და შესაბამისად დააფინანსეთ პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლის გადასახადები. ანაზღაურების ახალი მოდელი უნდა გავრცელდეს როგორც სოფლად, ასევე ქალაქში მომუშავე პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებზე, რათა დაიძლიოს არსებული ფრაგმენტაცია და ხელი შეეწყოს თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან სერვისებზე ადგილმდებარეობის მიუხედავად. საჭიროა დამატებითი ფინანსური შეღავათები სოფლად მომუშავე პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებისათვის, რათა არ მოხდეს ექიმებისა და ექთნების გადინება და უზრუნველყოფილი იყოს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა სოფლის პირობებშიც.
  •  პირველადი ჯანდაცვის სისტემა უნდა ტრანსფორმირდეს პასიური, დაავადების მკურნალობაზე ორიენტირებული მოდელიდან უფრო პროაქტიურ (პრევენციაზე ორიენტირებულ) და კომპლექსური მიდგომების სისტემად, რომელიც პასუხობს ჯანდაცვის მზარდ მოთხოვნებს და უმკლავდება თემში დაავადების გამომწვევ ძირითად მიზეზებს.

ამავე თემაზე:

ტაში ექთნებს, ღირსეული ხელფასის ნაცვლად – „გაიზარდოს ხელფასი 1590 ლარამდე“

აჭარის უმაღლესი საბჭო ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში მუშაობს. „ოცნების“ ინფორმაციით, ისინი ბოლო სამ სხდომას არ დასწრებიან, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

„ოცნების“ უმრავლესობა განმარტავს, რომ ბოიკოტი უნდა შეეხოს მხოლოდ პლენარულ სხდომებს და ოპოზიციამ კომიტეტებში მუშაობა უნდა გააგრძელოს.

საკითხის მომხსენებელია იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი. მან უმაღლეს საბჭოს წარუდგინა მონაცემები, თუ რამდენ სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია. მისივე განმარტებით, ეს მონაცემები დღის წესრიგში დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დასმის საფუძველია.

დავით ბაციკაძის თქმით, კომიტეტებში ოპოზიციიდან მხოლოდ მედეა ვასაძე მუშაობს. გადაწყვეტილება არ ეხება ასევე ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში არ არის.

დეპუტეტებმა კენჭი უყარეს უკვე რამდენიმე  ოპოზიციონერი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს და  მხარი არ დაუჭირეს.  ამ პროცესის პარალელურად საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მოუწოდებს ოპოზიციას, დაბრუნდეს სხდომათა დარბაზში სამუშაოდ.

სხდომას 14 წევრი ესწრება.

გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2021-ის გამარჯვებულები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ფორმატით ჩატარდა და გამარჯვებულები გამოავლინა. წელს დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა: საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის და გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში. კონკურსში 360-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათგან საუკეთესოები კი დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოარჩია.

ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც მომავლის სატრანსპორტო მომსახურებას ქმნის

„ელექტროტრანსპორტი არის მომავალი“, – ამბობს „ქარის“ დამფუძნებელი დანიელ დონეციანი, რომელმაც აპლიკაციის საშუალებით მოპედების გაზიარების სერვისი შექმნა.

„ქარი“ ეკო-მეგობრული ელექტრომოპედების საზიარო სერვისია, რომელიც შეიქმნა ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის. მოპედების გამოყენება შესაძლებელია „ქარის“ აპლიკაციით, რომელიც უშუალოდ სამგზავრო დანიშნულების გარდა მომხმარებელთან საკომუნიკაციო ეფექტურ არხადაც მოქმედებს.

სერვისის საზიარო ბუნება მომხმარებელს ათავისუფლებს მოპედის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული უხერხულობებისგან, ხოლო მთავარი ბენეფიტები რჩება : 24/7 ხელმისაწვდომობა, საცობებში მოძრაობის თავისუფლება, გარანტირებული საპარკინგე ზონები, ეკო-მეგობრულობა და ასე შემდეგ.

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის ნომინაციაში ფინტექ კომპანია „ფეიზიმ“ გაიმარჯვა, ამით სტარტაპმა თავის მრავალრიცხოვან ჯილდოებს თიბისი ბიზნესდაჯილდოების ჯილდოც მიამატა. როგორც „ფეიზის“ თანადამფუძნებელი გეგა წურწუმია ამბობს, „ფეიზი“ არის ფულის მიღების ონლაინ საშუალება, რომელიც გადახდების გაციფრულებით ბიზნეს პროცესებს ამარტივებს.“

„ფეიზი“ ონლაინ გადახდების პლატფორმაა, ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის თუ ფიზიკური პირისთვის, ვინც ვაჭრობს ონლაინ სივრცეში. „ფეიზის“ ტექნოლოგია ადამიანებს აძლევს საშუალებას ონლაინ გადახდები მიიღონ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერი ბარათით.

სტარტაპი 2021 წლის დასაწყისში გაეშვა, ძალიან ამბიციური მიზნით, რომ გამხდარიყო ფულის მიღების ყველაზე ეფექტური ონლაინ საშუალება.  გაშვებიდან დღემდე „ფეიზიმ“ უკვე 250 000-ზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა, გახდა VISA-ს სტრატეგიული პარტნიორი, გავიდა უზბეკეთის ბაზარზე, 2022 წლის პირველ კვარტალში კი მისი სერვისები ხელმისაწვდომი იქნება უკრაინასა და ყაზახეთში, ხოლო წლის ბოლოს კი „ფეიზი“ გაეშვება პოსტ-საბჭოთა სივრცის 10 ქვეყანაში.

ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის გაიმარჯა სოციალურმა საწარმომ „კოდალა”, რომელიც 2016 წლიდან არსებობს.

„კოდალა“ ხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ხის ასაწყობ სათამაშოებს, რომელიც ავითარებს ბავშვის წარმოსახვას და მეხსიერებას, ეხმარება მას თვალის გავარჯიშებაში. საღებავი ხის სტრუქტურას ბოლომდე არ ფარავს, რაც ხელს უწყობს ბავშვმა შეიგრძნოს ხის ენერგეტიკა. ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით, რომელიც სრულიად უსაფრთხოა ბავშვისათვის და შეესაბამება სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს.

კომპანიის ღირებულებათა ჯაჭვი თანხვედრაში მოდის გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებთან. „კოდალას“ საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი, მათ შორის 16 შშმ პირია, რითაც კომპანია ხელს უწყობს მათ რესოციალიზაციას, საზოგადოებაში ინტეგრაციას და ღირსეულ დასაქმებას.

ნომინაციაში რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისთვის გაიმარჯვა Nunisi Forest Hotel- მა – ეს 2001 წელს დაწყებული პროექტია, რომელიც კურორტ ნუნისს ახალ სიცოცხლეს სძენს. პროექტის ფარგლებში აშენდა სასტუმროები, გარემონტდა არსებული კოტეჯები და დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა, გაჩნდა ახალი ჰოსტელები, რომლებმაც რეგიონს გამორჩეული იერი მიანიჭა.

ნუნისი არის სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც ბორჯომ-ხარაგაული ეროვნული პარკის ტერიტორიზე ზღვის ზონიდან 750 მეტრზე მდებარეობს. ამ რთულად მისადგომ ადგილას კურორტის გახსნამ ხელი შეუწყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივები დაასაქმა.

სამომავლოდ დაგეგმილია, რომ კურორტმა 4-ვე სეზონზე შეძლოს დამსვენებლის მიღება, ამისათვის იგეგმება 120 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო მშენებლობა, ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა, სპა/საპროცედურო ცენტრის რენოვაცია, რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას და შესაბამისად დასაქმებულების რიცხვს.

DODO Designs x Ska Juice Bar, როგორც წარმატებული კოლაბორაციის მაგალითი, გახდა გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობა.

DODO Designs ქართული დიზაინ სტუდიაა, რომელიც 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს თეატრის, კინოს, სარეკლამო რგოლების, მუსიკალური ფესტივალების მხატვრულ გაფორმებაზე, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინზე. 2018 წლიდან დამფუძნებლებმა დოდო და თაკო ჩხეიძეებმა ამავე სახელწოდების კომპანიაც დააარსეს.

DODO Designs-ი ცდილობს, რომ თითოულ ნამუშევარს თავისი კონცეფცია ჰქონდეს, მოიტანოს ემოციები და იყოს გამორჩეული.

კომპანიის პორტფოლიოში ბევრ დასამახსოვრებელი პროექტია: ყვავილების პავილიონები ორბელიანის მოედანზე, საახალწლო დეკორაციები გეგეშიძის და მრგვალ ბაღებში, მანათობელი გულის ინსტალაციაგალერეა თბილისისთვის“. მიმდინარე მასშტაბური პროექტებიდან კი გამორჩეულია ვარკეთილის მეტროს ინტერიერის დიზაინი, რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს.

წარმატებული კოლაბორაციის მაგალითია DODO Designs-ის და Ska Juice Bar-ის თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 1 წლის განმავლობაში 6 ფილიალისთვის შეიქმნა ინტერიერის დიზაინი. ენერგიული და ნათელი ჯანსაღი კვების ობიექტების ქსელი მომხმარებელს საუკეთესო გარემოს სთავაზობს.

„ქსელურ კვების ობიექტზე მუშაობამ დიდი გამოცდილება მოგვცა და ჩვენი კომპანია კიდევ უფრო განვითარდა და მასშტაბი გაიზარდა“, – ამბობს დოდოშკა ჩხეიძე, DODO Designs-ის თანადამფუძნებელი.

წელს ჟიურის გადაწყვეტილებით საპატიო ჯილდო გადაეცა სპა რეზორტ ლოპოტას, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებაში, დაასაქმა უამრავი ადამიანი და განავითარა ინფრასტრუქტურა. ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე სიცოცხლის განმავლობაში განაგრძობდა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის საზღვრების გაფართოებას. მისმა შორსმჭვრეტელმა იდეამ, შორეულ ტბაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ, წარმოშვა ლოპოტა სპა რეზორტი, რომელიც სავსეა ფართო ინფრასტრუქტურითა და პრემიუმ კლასის მომსახურებით.

რეზორტის წარმატებამ კი გზა გაუხსნა მთლიანად კახეთის რეგიონს, დაანახა ხალხს მისი ტურისტული პოტენციალი და დღეს უკვე კახეთი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ლოპოტას განვითარების და წარმატების ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამხელა ცვლილების მოტანა შეუძლია კერძო ინიციატიავას.

ასევე, ქვეყნის ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა აჭარა ჯგუფს, რომელიც წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარმასპინძლობის, ცხოვრების სტილის განვითარებისა და აგროწარმოების სფეროებში. კომპანიამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა ე.წ. lifestyle ბრენდების განვითარებისა და მართვის პროცესში ტენდენციების დამამკვიდრებელი დაწესებულებებისა და სამეწარმეო პროექტების შექმნისთვის.

აჭარა ჯგუფის დაარსებული რესტორნები საერთაშორისო გასტრონომიულ ტალანტებსა და ადგილობრივ, ცოცხალ პროდუქტებს აერთიანებს.

ქვეყნის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალი სტანდარტების დაწესების გარდა, აჭარა ჯგუფი აღმოსავლეთ საქართველოში უმსხვილეს სასოფლო-სამეურნეო და ფერმერულ პროექტსაც ახორციელებს.

39 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 3 123 ახალი შემთხვევა

16 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3 123 ახალი შემთხვევა. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 371  ადამიანი.

გასულ 24 საათში 39 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 12 918 პირი დაიღუპა.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევათა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ასე გამოყურება: თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, აჭარაში – 243, იმერეთში – 481, ქვემო ქართლში – 115, შიდა ქართლში – 211, გურიაში – 88, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 214, კახეთში – 160, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -17.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა მილიონს უახლოვდება. დღეის მონაცემებით უკვე ინფიცირებულია 901 202 ადამიანი.

აჭარაში კოვიდით 3 პირი დაიღუპა, 243 კი – დაინფიცირდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კოვიდით ინფიცირების 243 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ასევე გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალა 3 ადამიანი.

დღეს აჭარაში მკურნალობის კურსს გადის 1905 პირი, Covid სასტუმროებში კი 256 პირი იმყოფება. ონლაინკლინიკებში 1148 ინფიცირებული მკურნალობს.

ნათია კაპანაძე მოსამართლეს: „ისევ ვაპირებ მუშაობას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“

„იქნებ, სხვა კუთხით შეხედოთ,“ – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ აჭარის ტელევიზიის ბორდის ყოფილ ხელმძღვანელს, ნატა იმედაშვილს, რომელმაც დღეს, 15 დეკემბერს, მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს და მიიჩნევს, რომ ტელევიზიის ყოფილი დირექტორის – ნათია კაპანაძის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი თანამშრომლებთან კომუნიკაცია იყო.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის 17 მიზეზიდან ერთ-ერთი სწორედ კომუნიკაციის პრობლემა დაასახელა მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის აპრილში ნატა იმედაიშვილის ხელმძღვანელობით. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეს ძირითადად ამ საკითხის ირგვლივ დაუსვეს კითხვები.

„დირექტორი ხელმძღვანელია და იქნებ მისი გვერდის ავლით არ უნდა მომხდარიყო ეს შეხვედრები სამსახურების უფროსებთან?… იქნებ სწორი ფორმა ის იქნებოდა, რომ დირექტორთან ერთად დასმულიყო ეს საკითხები,“ – შეკითხვა გაუჩნდა მოსამართლესაც მას შემდეგ, როცა ნატა იმედაშვილმა თქვა, რომ აჭარის ტელევიზიაში სამსახურების უფროსები თავს იკავებდნენ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან კომუნიკაციაზე.

ნატა იმედაშვილმა ჩვენება მისცა სასამართლოს 23 ივნისსაც. დღეს კი, მისი გამოკითხვის პროცესი გაგრძელდა.

ნატა იმედაშვილის განმარტებით, ბორდმა ნათია კაპანაძისგან წერილიც მიიღო სამსახურების უფროსების ბორდში დაბარებაზე. მოწმემ ამონარიდიც წაუკითხა მოსამართლეს ამ წერილიდან. წერილის მიხედვით, ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს სთხოვდა დირექტორის ინფორმირებას.

„მე ეს წერილი აღვიქვი, როგორც კომუნიკაციის შეზღუდვა, ეს იყო პრობლემა გამოხატვის თავისუფლების კუთხით… ჩვენი ინტერესი იყო ის, რომ პრობლემები, რომლებიც იყო ტელევიზიაში, გვესაუბრა მმართველი საბჭოს წევრებთან,“ – აღნიშნა ნატა იმედაშვილმა.

„ეს მმართველი საბჭო რომელი რგოლია?“ – დაინტერესდა მოსამართლე.

„ის, დირექტორი რომ ხელმძღვანელობს და საქმის კურსში რომ არ უნდა ყოფილიყო,“ – ნათია კაპანაძემ უპასუხა მოსამართლის კითხვას.

„ამ წერილით ირკვევა, რომ ის არაა წინააღმდეგი კომუნიკაციის, იმის, რომ მოხდეს შეხვედრა, მაგრამ ინფორმაცია მომაწოდეთ და მითხარითო,“ – დიალოგში პაატა დიასამიძე ჩაერთო და ნათია კაპანაძის წერილი დაიჭირა ხელში. პაატა საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია. საია სასამართლოში ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს.

„ჩვენ ვაწვდიდით მას ამ ინფორმაციას,“ – თქვა ნატა იმედაშვილმა.

„სად არის ეს წერილები?“ – იკითხა ისევ პაატა დიასამიძემ. მას ნატა იმედაშვილმა წერილები ვერ აჩვენა, მაგრამ დასძინა, რომ „დირექტორი საქმის კურსში იყო“.

„ეს სიცრუეა,“ – მოსამართლეს გახედა ნათია კაპანაძემ და მხოლოდ ეს თქვა.

„თქვენი ფუნქცია ხომ ეს იყო, რომ მედიატორის როლი შეგესრულებინათ,“ – მიმართა აჭარის ტელევიზიის ბორდის ყოფილ ხელმძღვანელს საია-ს იურისტმა ილონა დიასამიძემ და განმარტება ითხოვა, რატომ იყო ბორდისთვის მისაღები სამსახურების უფროსები ცალ-ცალკე დაბარება ბორდის სამუშაო ოთახში და არა დირექტორთან ერთად.

„თქვენ ქმნიდით რაღაც ცალკე კლასტერს,“ – მოწმეს მიუბრუნდა საია-ს იურისტი ილონა დიასამიძე.

„ვის რა შეუზღუდა დირექტორმა?“ – პრობლემის დაკონკრეტება ითხოვა მოსამართლემ.

„აუკრძალა საერთოდ ჩვენთან შემოსვლა მმართველი საბჭოს წევრებს,“ – უპასუხა მოსამართლეს ნატა იმედაშვილმა. მისივე განმარტებით, მმართველი საბჭოს წევრებთან ბორდს კითხვები სამართლიანი შრომის ანაზღაურების საკითხზე ჰქონდა.

„თქვენ საჯარო სხდომა მოიწვიეთ ამ საკითხზე, რაც მიგაჩნიათ, რომ ასეთი მწვავე იყო?“ – მიმართა ნატა იმედაშვილს ნათია კაპანაძემ და მაუწყებლობის შესახებ კანონის კონკრეტულ ჩანაწერზე მიუთითა. კანონის ჩანაწერის მიხედვით, როცა ბორდი პრობლემად მიიჩნევს კონკრეტულ საკითხს, მან საჯარო სხდომა უნდა მოიწვიოს და ორივე მხარის პოზიცია მოისმინოს.

„დირექტორიც იყო ვალდებული, დასწრებოდა ამ სხდომას,“ – თქვა ნათია კაპანაძემ.

„არა, საჯარო სხდომა არ მოგვიწვევია,“ – ტელევიზიის ყოფილ დირექტორს უპასუხა ნატა იმედაშვილმა.

„როცა ამბობთ, რომ კომუნიკაცია იყო შეზღუდული, მინდა გკითხოთ, კომუნიკაციისთვის რა მექანიზმებს იყენებდა ნათია კაპანაძე?“ – მოწმეს მიუბრუნდა  ნათია კაპანაძე. როცა ბორდის ყოფილმა ხელმძღვანელმა და იმპიჩმენტის ერთ-ერთმა ავტორმა პასუხი შეაყოვნა, მან კომუნიკაციის კონკრეტული გზებიც დაასახელა:

„პირადი საუბრები იყო? სოციალური ქსელი? ტელეფონი?“ – თითოეულ კითხვაზე მოწმე თავის დაკვრით ადასტურებდა, რომ კომუნიკაცია დირექტორთან ჰქონდათ.

„სხვა რამე მტკიცებულება ხომ არ გაქვთ, აბა, შემთხვევით, რაც დაადასტურებს იმას, რომ კაპანაძემ თქვენთან საუბარი, ან ყავის დალევა აუკრძალა ვინმეს?“ – ჰკითხა  ნათია კაპანაძემ.

„მტკიცებულება რა სახით უნდა არსებობდეს?“ – ჰკითხა საპასუხოდ ნატა იმედაშვილმა.

„გასაგებია პასუხი,“ – სიტუაციის განმუხტვა სცადა მოსამართლემ.

„როცა ამბობთ, რა სახის მტკიცებულება უნდა არსებობდეს, მე რა სახის მტკიცებულება უნდა მქონდეს, აბა, რომ არ შემიზღუდია კომუნიკაცია?… თქვენ ცილი დამწამეთ და სიმართლე აუცილებლად გაირკვევა,“ – დაამატა ნათია კაპანაძემ და შემდეგ ისევ მოსამართლეს მიმართა.

„მე უნდა ვიყო მართალი საკუთარ სინდისთან, მე ისევ ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის,“ – დაასრულა ნათია კაპანაძემ.

სასამართლოს წინა სხდომაზე მრჩეველთა საბჭოს წევრმა გიგა ჩხარტიშვილმა, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატორი იყო,  ვერ დაასახელა შიდა ან გარე აუდიტის მომზადებული რომელიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმპიჩმენტის კიდევ ერთ და ერთ-ერთ მთავარ საფუძველს – „საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას“.

ნატა იმედაშვილის გამოკითხვა დასრულდა. სასამართლოში „ნათია კაპანაძის საქმის“ განხილვა გრძელდება.

აჭარის ტელევიზიის წინა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2019 წლის 30 აპრილს მიმართა.

ამ თემაზე:

რა თქვეს მოწმეებმა „ნათია კაპანაძის საქმეზე“

 

 

მასწავლებლობის მაძიებლად მიიჩნევა პირი, ვისაც სახელოვნებო პროფესიული განათლება აქვს

საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

კანონპროექტი ითვალისწინებს ტერმინის – „მასწავლებლობის მაძიებელი“ განმარტების ცვლილებას, რომლის მიხედვით, მასწავლებლის მაძიებლად მიიჩნევა პირი, ვისაც სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს.

ინიციატივის ავტორი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძეა. მისი თქმით, მასწავლებლად ვერ საქმდებიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და ცვლილებას 73-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

სმარტ ტელევიზორების აპლიკაციებს ქართული პლატფორმა Silk Go დაემატა

ტელევიზორის ფუნქციები იმდენად განვითარდა, რომ მთავარია, დააკავშიროთ ინტერნეტს და გაგეხსნებათ წვდომა მსოფლიო კონტენტთან: კინო, სპორტი, საბავშვო პროგრამები, ონლაინ მაღაზიები, გასართობი და თამაშების პორტალები, სოციალური ქსელები და სხვა ნებისმიერი შინაარსის საიტი. 

თანამედროვე სმარტ ტელევიზორების უმეტესობას უკვე მოჰყვება ჩაშენებული აპლიკაციები, მათ შორისა მსოფლიო ბრენდები Netflix, Youtube, Amazon, facebook და სხვა. თუმცა, როგორც მობილური ტელეფონის შემთხვევაში, აქაც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ნებისმიერი აპლიკაცია, რომელიც თავსებადია ანდროიდის ან სხვა ოპერაციულ სისტემასთან. 

სილქნეტმა, სმარტ ტელევიზორებისთვის შექმნა აპლიკაცია SILK Go. ტელევიზორში ჩამოტვირთვის შემდეგ, ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობის მიერთების გვერდის ავლით, მაყურებელს Silk TV-ის  რეიტინგულ არხებთან  ექნება წვდომა. 

სმარტ ტელევიზორებზე მომსახურების რეგისტრაცია მიმდინარეობს:

 ტელევიზორში “Silk Go” აპლიკაციის ჩამოტვირთვით;

 მობილურის  QR კოდის გამოყენებით;

ტელევიზორის  ვებ ბრაუზერიდან საიტის http://silktv.ge/register მეშვეობით.

Silk Go პლატფორმასთან ერთად სილქნეტმა საახალწლო საჩუქარი გაუკეთა მომხმარებელს – ტელემაყურებელს შეუძლია პაკეტ „პრემიუმ ჯეორჯიას“ არხებით უფასოდ ისარგებლოს 15 იანვრის ჩათვლით. ქართულ არხებს შორისაა: 1 არხი; ტვ პირველი; იმედი; რუსთავი 2; მაესტრო; GDS TV; ფორმულა; მთავარი არხი; Music Box; არტარეა და სხვა; ასევე ევრონიუს ჯორჯია; Silk Sport-ის სამივე არხი, სადაც სპორტული ექსკლუზივებია ეთერში: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ლა ლიგა, სერია A, რაგბისა და  NBA ჩემპიონატები; სილქ უნივერსალი, სილქ კინო არხები, სილქ დოკუმენტური და Silk Kids.

უცხოურ კატეგორიაში გასართობი, საინფორმაციო, მუსიკალური, საბავშვო, სპორტული, შემეცნებითი არხებია თავმოყრილი: BBC; Дождь; CNBC; Mezzo. ასევე, ავტომოყვარულები, კინომოყვარულები და კულინარიით დაინტერესებული მომხმარებელი სამაუწყებლო ბადეში სასურველ არხებს აღმოაჩენენ. არხების გარდა, მომხმარებელს 15 იანვრის ჩათვლით, დამატებით წვდომა ექნება სხვადასხვა კონტენტთან: წინანდლის მუსიკალური კონცერტების პროგრამასთან, ფილმებთან და სერიალებთან. 

Silk GO აპლიკაციით სარგებლობა Smart TV-ზე შესაძლებელია ნებისმიერი პროვაიდერის ქსელით (როგორც LAN კაბელით, ისე WiFi კავშირით). რეგისტრაცია

Silk GO აპლიკაციით სარგებლობენ ასევე, მობილურებზე, პლანშეტებზე, პერსონალურ კომპიუტერებზე, ნებისმიერი პროვაიდერის ქსელის პირობებში. გაიგე მეტი.

გატეხილი მაღაზია და მოპარული მობილურები – ქურდობის ორი ფაქტი ბათუმში

ბათუმში 15 დეკემბერს ორი მაღაზია გაქურდეს. ერთი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „ზუმერია“, მეორე კი, სურსათის მაღაზია ჯავახიშვილზე – „ორი ნაბიჯი“.

დღეს, დაახლოებით 14 საათზე, მაღაზია „ზუმერიდან“ მობილური ტელეფონები მოიპარეს. როგორც „ბათუმელებს“ მაღაზიაში მყოფმა პირმა უთხრა, ახალგაზრდა კაცმა 2 მობილური მოიპარა, ჩაირთო სიგნალიზაცია და იგი გაიქცა. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს პოლიცია.

ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა გამთენიისას, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში – „ორი ნაბიჯი“. ახალგაზრდა ბიჭებმა, სავარაუდოდ თინეიჯერებმა, მაღაზია გატეხეს, სიგარეტის ბლოკები წაიღეს და ადგილიდან მიიმალნენ.

„ბათუმელები“ შს სამინისტროსთან აზუსტებს, დაწყებულია თუ არა გამოძიება აღნიშნულ შემთხვევებზე.

 

„ცხოვრება და ლოცვა მთაში“ – ფოტოგამოფენა ბათუმში

ბათუმში, 17 დეკემბერს, პარასკევს, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება ტბელ აბუსერიძის ფოტოების გამოფენა  – „ცხოვრება და ლოცვა მთაში“.

ფოტოგამოფენა 17:00 საათზე გაიხსნება.

„ღია საზოგადოების ფონდი საქართველოს მხარდაჭერით ეს ზაფხული ზორტიყელის მთაში გავატარე, სადაც ვაკვირდებოდი და ვიხსენებდი აჭარის მთის ცხოვრებას. ამ პროექტისა და ფოტოგამოფენის მიზანიც სწორედ ისაა, რომ დავინახოთ აჭარელი მემთეურების ცხოვრება, გავიგოთ მათი ამბები და ისტორიები,“ – ვკითხულობთ ფეისბუქზე, ღონისძიების გვერდზე.

ფოტოგამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია თან იქონიოთ მწვანე პასპორტი ან ნეგატიური სწრაფი ტესტის პასუხი კოვიდზე.

 

„წამოვედი 1 წლით და უკვე 17 წელია აქ ვარ“ – ემიგრანტი ქალი სტამბოლიდან

17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნანული დუმბაძემ სარფის საზღვარი გადაკვეთა და თურქეთში, ანკარაში წავიდა სამუშაოდ. ერთი წლით მივდივარ – ასე ფიქრობდა მაშინ ნანული და შვილებსაც, რომლებიც უკვე 20 წელს იყვნენ გადაცილებული, ასე უთხრა.

ერთი წელი 17 წლად იქცა. პერიოდულად ჩამოდიოდა, შვილებს და ნათესავებს მოინახულებდა და ისევ უკან ბრუნდებოდა სამუშაოდ.

„არც საქართველოში ვყოფილვარ უქმად არასდროს, 17 წლის დავქორწინდი და მას შემდეგ სულ ვშრომობ, არასდროს გავჩერებულვარ“, – გვითხრა მან. ახლა იგი სტამბოლში მუშაობს, ბავშვებს უვლის და საოჯახო საქმეებს ასრულებს. ამბობს, რომ ოჯახი, სადაც მუშაობს, მოსწონს და ამას ისიც მოწმობს, რომ უკვე 7 წელია სამსახური არ შეუცვლია.

„მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაცია დამეხმარა ჩემი ოჯახის გაძლიერებაში, დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, აღარ დავტოვებდი ჩემს ოჯახს“, – ამბობს ნანული დუმბაძე.

მოუსმინეთ კიდევ ერთ ემიგრანტ ქალს ქალაქ სტამბოლიდან: 

  • „წამოსვლის დღეს რომ ვიხსენებ, დღესაც მეტირება“ 

17 წელია ემიგრაციაში ვარ. თავიდან ანკარაში წავედი, იქ ვმუშაობდი ოჯახში, პატარა ბავშვებს ვუვლიდი. ძალიან ძნელი იყო, მაგრამ რა მექნა აბა, იძულებული ვიყავი წამოვსულიყავი და 2 კაპიკი მეშოვა.

წამოვედი ერთი წლით და აგერ უკვე 17 წელიწადია აქ ვარ.

როცა მე ჩამოვედი ანკარაში, მაშინ ძალიან ცოტა იყვნენ ქართველები, მერე უფრო გაიხსნა გზა და წამოვიდა ქართველობა თურქეთში სამუშაოდ.

იმ წლებს და იმ დღეებს რომ ვიგონებ, დღესაც მეტირება, ჩემი შვილები დავტოვე, ავდექი და აქეთ წამოვედი. ეს იყო ძალიან რთული გადასაწყვეტი, ძალიან მტკივნეული. აი, რომ მაგონდება ის ტკივილი და ის სიმწარე, დღესაც მეტირება.

ყოველთვის, როცა ღამე ძილი გამიკრთება და ვერ ვიძინებ, სულ იმ წამოსვლის დღეებს ვიგონებ

ისე წამოვედი, არავის ვუთხარი შვილების გარდა. უკვე დიდი შვილები მყავდა, მაგრამ განა დედისთვის მნიშვნელობა აქვს, რამხელა შვილებს დატოვებს?

მოულოდნელად წამოვედი ემიგრაციაში. მანამდე ვლადიკავკაზში ვიყავი, ვმუშაობდი. ნამუშევარი ფული გადავახურდავე ჯიხურში და უცებ ხელიდან წამგლიჯეს. უკაპიკოდ დავრჩი. სხვა გზა არ იყო.

  • „ჩემთვის ემიგრაციაში ყოფნა ნიშნავს ჩემს დაკარგულ წლებს“

2 წელი ვიმუშავე ანკარაში, შემდეგ გადმოვედი სტამბოლში და მას შემდეგ ძირითადად აქ ვმუშაობ.

ამ ოჯახში უკვე 7 წელია ვარ. ძირითადად ბავშვებთან ვმუშაობ, დალაგება, დაუთოება – სახლის ყველა საქმეს ვასრულებ. კარგი ოჯახია, ვერ ვიტყვი, რომ უცხო ვარ, მაგრამ მაინც რთულია და მაინც დაძაბული ხარ.

ყველაზე მეტად მონატრება მაწუხებს. ჩემი სამშობლოს ჰაერი, ოჯახი და ახლობლები მენატრება სულ.

ადრე, როცა სამთვიანი  ვიზები იყო, 8-10 დღით ჩამოვდიოდი სახლში. მეტს არ გვიშვებდნენ სამსახურიდან. არ იყო საკმარისი ეს 8 დღე, ვერ ავსებდა მონატრებას და ისევ გაორებული უკან ბრუნდებოდი.

ნანული დუმბაძე შვილიშვილის ქორწილში

ჩემთვის ემიგრაციაში ყოფნა ნიშნავს ჩემს დაკარგულ წლებს, ემიგრაციაში ყოფნამ მე თავისუფლება წამართვა. მაგრამ ჩემი შრომით გავაძლიერე ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები და ახლობლები. ემიგრაციაში ყოფნით მოვახერხე ეს ყველაფერი.

  • „დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, არ წავიდოდი ემიგრაციაში“ 

ემიგრაციაში ყოფნას აღარ ვაპირებ. ვფიქრობ, რამე მოვიფიქრო და გავაკეთო, ისეთ ადგილზე ვცხოვრობ [სოფელ ბუკნარში], შეიძლება საოჯახო სასტუმრო გავაკეთო.

დრო რომ უკან დაბრუნდებოდეს, ნამდვილად არ წავიდოდი ემიგრაციაში. ამხელა სულიერ ტკივილს არ ავიკიდებდი.

სამშობლო ვერ გვპატრონობს. მე არ მეგონა, რომ ჩვენი ქვეყანა ასე დაეცემოდა ეკონომიკურად.

მე რაც არ უნდა კარგად ვიყო აქ, ვერ ვსუნთქავ ისე, როგორც ჩემს სამშობლოში.

უბედურება ისაა, გვაქვს კი სამშობლო?! ვინმეს ვუნდივართ?! არავის.

_______________________________________

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 დეკემბრის 21 საათიდან 16 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 
  • ღამით: 0 – 3

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 17 დეკემბერს გაავდრდება. 17-18 დეკემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში კი – თოვა.

დადასტურდა კოვიდის 3988 ახალი შემთხვევა, 53 პაციენტი გარდაიცვალა

15 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3 278  ახალი შემთხვევა. ჩატარდა 50 585 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 53 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 444 შემთხვევა, აჭარაში – 189, იმერეთში – 472, ქვემო ქართლში – 175, შიდა ქართლში – 286, გურიაში – 81, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 231, კახეთში – 188, მცხეთა-მთიანეთში – 86, სამცხე-ჯავახეთში – 103, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -23.

 

აჭარაში კოვიდის 189 ახალი შემთხვევაა | 15 დეკემბერი

15 დეკემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 509 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 261 ინფიცირებული.

დღეის მონაცემებით აჭარაში 124 მძიმე პაციენტია, მათგან 38 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

15 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 3 278 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 53 პაციენტი გარდაიცვალა.

საშიშია, როცა მიიჩნევ, რომ უხამსობა ლახავს ადამიანის უფლებას – ზვიად ქორიძე

ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც მათ შორისაა, ვინც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების გაუარესებაზე შიშობს. მისი აზრით, გამოხატვის თავისუფლების, როგორც მთავარი კონცეპტუალური საკითხის მიმართ, იცვლება დამოკიდებულება.

ზვიად ქორიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოხატვის თავისუფლება გადააქციოს რაღაც ქიმერად, რომელსაც თითქოს შეუძლია ქვეყანას ნორმალურ განვითარებაში შეუშალოს ხელი და ამას აჯერებს კიდეც გარკვეულ საზოგადოებას.

„ამიტომ აცხადებენ გამოხატვის თავისუფლებას დესტრუქციულ ქმედებად, აკავებენ ადამიანებს გამოხატვის გამო და აჯარიმებენ. ბევრი რამ ხდება ისეთი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ამახინჯებს, აუარესებს და პრობლემატურს ხდის.

ამის მაგალითია თუნდაც კომუნიკაციების კომისიის მიერ „მთავარი არხის“ დაჯარიმება 112 ათასი ლარით, რომელმაც სამოქალაქო პლატფორმის ვიდეორგოლი გაუშვა ეთერში. რა იყო მათი არგუმენტი? – რომ მედიას არ ჰქონდა პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არასაარჩევნო პერიოდში.

როგორ შეიძლება ცხოვრება დავყოთ წინასაარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდად, ეს ხომ არანორმალურია“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

მისი თქმით, მოქალაქეებს, საზოგადოებრივ გაერთიანებას ან პოლიტიკურ პარტიებს ყოველთვის აქვთ აქტიურობის უფლება.

„2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ თურმე გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეზღუდო, თუ ადამიანის ფუნდამენტური უფლება იზღუდება; გამოხატვის თავისუფლების გამო შეიძლება უჩივლო მედიასაშუალებას. ეს თავისთავად სარისკო ნორმად მიმაჩნია და მსგავსი ნაღმები ბევრია შემორჩენილი.

კომუნიკაციების კომისია დადგა კონსტიტუციურ ნორმებზე მაღლა და თქვა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ასე განვმარტავო“. კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ დააჯარიმა ბექა ყორშიას სიუჟეტის გამოც, როცა მიიჩნია, რომ სიუჟეტში „უხამსად იყო ნაჩვენები ფინანსთა მინისტრი“ და ჩათვალა, რომ უხამსობა ლახავს ადამიანის უფლებას. ეს არის საშიში პრეცედენტები. ხვალ კომუნიკაციების კომისია კი აღარ იმსჯელებს რაიმე მსგავსი ტიპის შემთხვევაზე, იტყვის, რომ როგორც მე განვმარტე “ყორშიას საქმეზე“, ამის საფუძველზე ვასკვნი, რომ შენმა უხამსობამ გამოიწვია ადამიანის უფლებების შელახვა და ამიტომ გაჯარიმებო. ეს არის პრობლემური“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

ზვიად ქორიძის განმარტებით, კომუნიკაციების კომისია კონსტიტუციური ორგანოა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, მაგრამ მას არ აქვს უფლება, დაიწყოს საკუთარი მსოფლმხედველობით ნორმების ინტერპრეტაცია და ამით შექმნას საშინელი საკანონმდებლო პრაქტიკა ქვეყანაში.

„დაახლოებით იგივე გააკეთა „სირცხვილიას“ რეკლამასთან დაკავშირებითაც. დააკვირდით, რას ეუბნება ის ტელეკომპანიას – შენ არ გქონდა რეკლამის განთავსების უფლება, რომელიც მოგიტანა სამოქალაქო ჯგუფმა, რადგან შეიცავს პოლიტიკურ ნიშნებსო. რომც ყოფილიყო პოლიტიკური პარტიის რეკლამა, რა, პარტიას არ აქვს უფლება არჩევნების შემდეგ გამოიყენოს პოლიტიკური აქტივობა?

ეს ხომ თავისთავად ნიშნავს, რომ სამოქალაქო გაერთიანება დაფიქრდეს, შეიძლება მისი რეკლამა აღარ განათავსონ ეთერში და მეორე, დაიწყონ იმაზე ფიქრი, ხომ არ სჯობს სხვანაირად გავაკეთო.

ეს არამხოლოდ მედიის ნაწილში, არამედ, ზოგადად, აუარესებს გამოხატვის თავისუფლებას, რადგან ეხება ყველას, პირველ რიგში, მოქალაქეს. როცა მოქალაქე თვითცენზურას რთავს – რაღაც არ უნდა თქვას, ან არ მოიმოქმედოს, ეს არის ზუსტად გამოხატვის თავისუფლების გაუარესება“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

ზვიად ქორიძის თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის და მათი მხარდამჭერების მთავარი აქცენტი მოდის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონზე.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ გიორგი გაჩეჩილაძემ („უცნობი“) პარლამენტს სთხოვა შეიმუშაოს ცვლილებები „მაუწყებლობის კანონში“, რათა „ჟურნალისტების მხრიდან ცილისწამება გამოირიცხოს“.

ერთ-ერთი პარლამენტარი კი არასამთავრობო ორგანიზაციების „ჩარჩოებში ჩასმისკენ“ მოუწოდებს მთავრობას.

ზვიად ქორიძის თქმით, რა თემასაც არ უნდა შეეხონ, საითაც არ უნდა წავიდნენ, ბიზნესი იქნება თუ კორუფცია, საბოლოოდ მაინც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონთან მიდიან, „რომ თითქოს ეს კანონი არის თავსმოხვეული, თითქოს ვიღაცამ საიდუმლოდ ჩამოაგდო ამ ქვეყანაში და თითქოს არ არის გააზრებული ქართულ საზოგადოებაში.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი ძალიან მაღალი სტანდარტის ჩარჩო კანონია, რომელიც არ ითხოვს ცალკე მარეგულირებელ ნორმებს. ეს არის ნაყოფი იმ პროცესის, რაც მიდიოდა საქართველოში წლების განმავლობაში. პრინციპულად ითხოვდა საზოგადოება, რომ ადამიანი არ უნდა დაისაჯოს საკუთარი აზრის გამოხატვის გამო. დღეს კი, რომელიღაც დეპუტატი ზის პარლამენტში და იმაზე მსჯელობს, რომელიღაც მედია თურმე პროპაგანდისტულია და რომელიღაც არა. როდესაც დეპუტატის ტვინი მიმართულია აქეთკენ, ეს სახიფათოა,“ – ამბობს ზვიად ქორიძე.

რაც შეეხება სიძულვილის ენის „დარეგულირებას“, როგორც მმართველი პარტია საუბრობს, ეხება სოციალური მედიის კონტროლს, სადაც ადამიანები თავისუფლად გამოხატავენ აზრს.

„ქართულ ოცნებას“ უნდა ციფრულ საუკუნეში დაიწყოს ადამიანების კონტროლი და გაუჩინოს ფილტრი გამოხატვაში. ამის რისკებიც რეალურია და თუკი გამწვავდება პოლიტიკური ვითარება, არ არის გამორიცხული, რაღაც კანონი ამაზეც მიიღონ“, – გვეუბნება ზვიად ქორიძე.

ასეთ შემთხვევაში საქართველო დაადგება ნაკლებად დემოკრატიული მეზობელი ქვეყნების – აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის და თუნდაც სომხეთის გზას, სადაც ახლახან მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ სიუჟეტი ან პუბლიკაცია შეურაცხმყოფელია პირისთვის, მედიასაშუალება 10 ათასი დოლარით დაჯარიმდება.

____

ამავე თემაზე: სტატია და ვიდეო

როცა გტაცებენ ხელს და გტენიან მანქანაში – რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას

8 იდეა, რომლებიც ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება

პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ ხმის მიცემა დასრულდა. შედეგად, 8 იდეა გამოვლინდა, რომლებიც ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება და განხორციელდება.

იდეებს ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეები ხმას აძლევდნენ 15 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით. ხმის მიცემის ეტაპზე მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული 21 იდეა გადავიდა. გამარჯვებული იდეების დაფინანსებისთვის ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი.

რომელ რვა იდეას მისცეს ხმა ბათუმელებმა და რა სიახლეები შეემატება ქალაქს 2022 წლიდან:

  • თეატრალური ფესტივალი – „პერპეტუმ მობილე“ ფესტივალი – Theater Cruise
  • გოგებაშვილის ქუჩაზე ტროტუარში ჩაფლული კნეხტის მინით დაფარვა
  • ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ლაბორატორია
  • ტელეფონების დამტენი მოწყობილობები მზის ენერგიაზე
  • თათების მეგობარი ქალაქი
  • საქანელები ყველას
  • სკვერი სამრეწველო უბანს
  • საფეხმავლო ბილიკი

თეატრალური ფესტივალი – „პერპეტუმ მობილე“ ფესტივალი – Theater Cruise

ეს იდეა სოფიკო თოქმაჯიშვილს ეკუთვნის და გულისხმობს ავტობუსში მოძრავი და ტრანსფორმირებადი სცენის მოწყობას და აღჭურვას, რომელიც ბათუმის ყველა მუნიციპალურ გამგეობაში ერთი თვის მანძილზე იმოგზაურებს და უფასო სანახაობას წარმოადგენს მაყურებლისთვის. პროექტის მიზანია ყველა სოციალური მდგომარეობის მქონე მაყურებელს შეაყვაროს ხელოვნების ეს სფერო და ხელი შეუწყოს ხელოვნების თეატრალური სფეროს განვითარებას და  პოპულარიზაციას.

გოგებაშვილის ქუჩაზე ტროტუარში ჩაფლული კნეხტის მინით დაფარვა

ზურაბ ბეჟანოვის ეს იდეა გულისხმობს გოგებაშვილის ქუჩაზე ტროტუარში ჩაფლული კნეხტის მინით დაფარვას და მცირე საინფორმაციო სტენდის დამონტაჟებას, რომელზეც განთავსდება სანაპიროს ისტორიული სურათი და მოკლე ტექსტი სანაპიროს საუკუნოვანი განვითარების შესახებ. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს არსებული საზღვაო ისტორიული ობიექტის დაცვას და ახალი ტურისტული ადგილის შექმნას.

ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ლაბორატორია

პროექტი მოიცავს ბათუმში თანამედროვე კინოლაბორატორიის შექმნას, რომელიც  აღჭურვილი იქნება საჭირო ტექნიკით და რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ დამწყებ კინორეჟისორებს, შექმნან ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

ლაბორატორიაში ყოველწლიურად შეიქმნება სამი ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. პროექტის განხორციელება დაეხმარება ახალგზარდა, დამწყებ რეჟისორებს თავიანთი პოტენციალის რეალიზებაში.

იდეის ავტორები გიორგი თებიძე და ოთარ ქათამაძე არიან.

ტელეფონების დამტენი მოწყობილობები მზის ენერგიაზე

ამ იდეის მიხედვით ბათუმის მასშტაბით, ხალხმრავალ ადგილებში (მათ შორის, ერას მოედანზე და ცენტრალურ პარკში)  ტელეფონებისა და პლანშეტების მზის ენერგიაზე მომუშავე დამტენი მოწყობილობები დამონტაჟდება. დამტენებით სარგებლობას ყველა შეძლებს და უფასოდ დამუხტავენ თავიანთ ელექტრომოწყობილობებს. ეს იდეა სოფიო ნიკოლაიშვილმა წარადგინა პროექტში „შენი იდეა ბათუმს”.

თათების მეგობარი ქალაქი

ლევან ჩხაიძეს პროექტით: „ცხოველებზე მზრუნველი ქალაქი” სურს შემდეგი აქტივობების განხორციელება: ბულვარის ტერიტორიაზე, პარკებსა და სკვერებში მიუსაფარი ცხოველებისთვის სასმელი „წყლის ჯამების“ დამონტაჟება, თვეში ერთხელ გაჩუქების დღის დამკვიდრება, როცა შეძლებ იჩუქო ან გააჩუქო ცხოველი, ზებრა გადასასვლელების მოხატვა სხვადასხვა ფერადი თათებით, ფრინველებისა და ცხოველების კერების განთავსება, „ერთგული მეგობრის სამაგრის“ დამონტაჟება.

საქანელები ყველას

ნინო ლომაიას სურს, რომ ქალაქ ბათუმის სკვერებსა და პარკებში ისეთი საქანელები განთავსდეს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ზრდასრული ადამიანებისთვისაც. შედეგად, ზრდასრულებს მიეცემათ განტვირთვისა და დროის სასიამოვნოდ გატარების მეტი შესაძლებლობა.

საფეხმავლო ბილიკი

იდეა გულისხმობს ქალაქ ბათუმში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე უსაფრთხო საფეხმავლო ბილიკის მოწყობას ქვეითთათვის. იდეის ფარგლებში განხორციელდება ტერიტორიის რეაბილიტაცია, მოეწყობა ბილიკი და განთავსდება დასასვენებელი სკამები, რის შედეგადაც მოქალაქეები აღნიშნულ ტერიტორიაზე უსაფრთხოდ შეძლებენ გადაადგილებას.

იდეის ავტორი ნინო ლომაიაა.

სკვერი სამრეწველო უბანს

,,სკვერი სამრეწველო უბანს” ასევე ნინო ლომაიას პროექტია და გულისხმობს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სამრეწველო უბანში სკვერის მოწყობას. აღნიშნული უბანი ქალაქის ცენტრიდან მოშორებითაა და ძირითადად მრეწველობის ობიექტების სიმრავლით და გამწვანებული სივრცეების ნაკლებობით გამოირჩევა. მოსახლეობის სიმრავლიდან გამომდინარე, არსებობს სკვერის საჭიროებაც, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, განიტვირთონ მწვანე/რეკრეაციულ სივრცეებში.

როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ედნარ ნატარიძე ამბობს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ უკვე მეოთხე წელია ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ბათუმი ერთ-ერთი პირველია, სადაც მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა დაინერგა საერთაშორისო პრაქტიკის და სტანდარტების გათვალისწინებით.

„იდეების გამოვლენა ხმის მიცემის გზით მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართულები იყვნენ ბათუმში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები. ზოგადად, პროექტის მიმართ ინტერესი და ჩართულობის დონე მზარდია. წელს ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო 2806-მა მოქალაქემ, ხოლო იდეებმა ჯამში 4654 ხმა დააგროვა. აღნიშნული იდეები წარედგინება საკრებულოს და ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში აისახება,“ – ამბობს ედნარ ნატარიძე

.

Continue reading “8 იდეა, რომლებიც ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება”

18 სართული – როგორ იცვლება „ამბასადორის“ პროექტი ბულვარში | ესკიზი

შპს „ამბასადორი ბათუმი“ პროექტის შეთანხმებისას ირწმუნებოდა, რომ ბათუმის ბულვარში ბალნეოლოგიურ- გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებდა.

„ბალნეოლოგიური ცენტრი-სასტუმრო“ – მოგვიანებით ასე უწოდა კომპანიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის წარდგენილი პროექტის ბოლო, კორექტირებულ მასალას.

სასტუმროს მშენებლობა ბულვარში, როგორც მწვანე ზოლში, რომელსაც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, დაუშვებელი იყო ყველა იმ რეგულაციით, რომელიც მოქმედი იყო მაშინ, როცა ბულვარში „ამბასადორმა“ მშენებლობის ნებართვა მიიღო და დაუშვებელია ახლაც, როცა ახალი სამშენებლო კოდექსი უკვე ამოქმედდა.

„ამბასადორი“ ამტკიცებდა, რომ სასტუმროს კონცეფცია საპარკე არქიტექტურაა, თუმცა საპარკე არქიტექტურაში ვერ თავსდება 18 ბეტონის სართული ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკით.

ერთ-ერთი ცვლილებისას, რაც სააგენტოსთან შეთანხმებული 4-სართულიანი პროექტი 16-სართულიან პროექტად გადაქცევას ითვალისწინებდა, კომპანია აცხადებდა, რომ მთელი შენობის ფასადების გადაწყვეტა მინისა და ლითონისგან შედგებოდა, რომელიც დაფარული იქნებოდა სიმწვანის ეფექტით.

ახლა კომპანიამ ეს გადაწყვეტილებაც შეცვალა და როგორც სააგენტოს პროექტში ცვლილების დოკუმენტებში წერს, ასეთი გადაწყვეტა მხოლოდ ფასადების ქვედა ნაწილში შენარჩუნდება.

ბოლოს შეთანხმებული ცვლილების მიხედვით:

  • ტექნიკური სართულის სიმაღლე  გაიზარდა 2.70 მ.-დან 3.00 მ.-დე.
  • რესტორნის სართულის სიმაღლე შემცირდა და 5,30 მ.-ის ნაცვლად გახდა 3,40 მ.
  • დაემატა რესტორნის ერთი სართული.
  • დაემატა ბოლო ერთი სართული, სადაც განთავსდა 8 ერთეული VIP ნომერი.
  • სახურავზე მოეწყო ვერტოდრომი.
  • მოეწყო დამატებითი აივნები.

ეს ცვლილებები პროექტში კომპანიამ ჯერ განახორციელა და სააგენტოს, როგორც ნებართვის გამცემს, პოსტფაქტუმ მიმართა. სავარაუდოდ, კომპანიაში ჰქონდათ მოლოდინი, რომ პრობლემებს არ შეუქმნიდნენ და ნებართვას მიიღებდნენ. ასეც მოხდა – სააგენტომ „ამბასადორის“ მოლოდინი გაამართლა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის სათათბირო საბჭოში მიიჩნიეს, რომ ორი სართულის დამატება არ ახდენს მნიშვნელოვან ვიზუალურ ცვლილებას შეთანხმებულ პროექტთან მიმართებაში.

პროექტი 16-დან 18 სართულამდე გაიზარდა, თუმცა ზოგიერთი სართულის სიმაღლის გაზრდასაც თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი სამი სართულის სიმაღლით გაიზარდა და არა ორით.

ოქმის მიხედვით, სხდომას, რომელზეც პროექტი განიხილეს, საბჭოს ოთხი წევრი ესწრებოდა: თავმჯდომარე აკაკი ძნელაძე, საბჭოს წევრები: ზვიად ბურჭულაძე, გაიოზ ფარცხალაძე და საბჭოს მდივანი მაგდა სარჯველაძე.

ამონარიდი ოქმიდან

_______________________

შპს „ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა 2018 წელს მოიპოვა. ეს ნებართვა მაშინ 4-სართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა.

2019 წლის ბოლოს „ამბასადორი ბათუმმა“ სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანა და ოთხსართულიანი კონსტრუქციის 16 სართულამდე [პლუს 3 მიწისქვეშა სართული] გაზრდა მოითხოვა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, რომელსაც მაშინ ზაურ ახვლედიანი ხელმძღვანელობდა, ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ბათუმის ბულვარში მრავალსართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდა 5000-ზე მეტი ხელმოწერა.

რას შეცვლის პედაგოგებისთვის სასწავლო პროცესში რესურსცენტრების ჩარევა

განათლების მინისტრმა  მასწავლებლის კარიერული სქემის ცვლილებები დააანონსა მომავალი წლიდან და ასევე თქვა, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე პასუხისმგებელი რესურსცენტრები იქნებიან.

რას მოუტანს ცვლილებები სკოლებს და რა სჭირდება რეალურად მასწავლებელს პროფესიული განვითარებისთვის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მზია სალაძეს ესაუბრა. ის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის, კურიკულუმის დანერგვის ექსპერტია ბათუმსა და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში.

  • ქალბატონო მზია, თქვენი, როგორც პედაგოგის აზრი გვაინტერესებს, რა არის მასწავლებლისთვის პროფესიული განვითარების ყველაზე კარგი გზა?

მასწავლებლის პროფესიული ზრდის ყველაზე კარგი საშუალება თვითგანვითარებაა, თვითრეფლექსია, საკუთარ თავზე მუშაობა.

არც ტრენინგი, არც ზემდგომის წაქეზება ან წახალისება, თუნდაც ჯილდო, არ მოქმედებს მასწავლებლის პროფესიონალიზმზე ისე, როგორც მასწავლებლის სურვილი და მზაობა, რომ იყოს პროფესიონალი, მუდმივად იზრდებოდეს და ვითარდებოდეს.

უამრავი გზაა განვითარებისთვის. მასწავლებელს შეუძლია დაესწროს ტრენინგებს, გაეცნოს ლიტერატურას, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ პრაქტიკაში უნდა გამოიყენოს პედაგოგმა, მუდმივად უნდა ეძიებდეს სიახლეებს,  ფეხი რომ აუწყოს თანამედროვეობას.

დღეს ისეთი ახალგაზრდები, ისეთი ბავშვები გვყავს სკოლაში, რომ არ აკმაყოფილებთ ჩვეულებრივად ჩატარებული გაკვეთილი – „წაიკითხე, მოყევი, თვალი გააყოლე“.  მაგალითად, ძალიან კარგად მუშაობს კომპლექსური დავალებები, რომლებიც მეტ ჩართულობას და დასაბუთებას მოითხოვს. სხვათა შორის, ბავშვები ხალისით აკეთებენ ამ დავალებას.

სამწუხაროდ, მასწავლებლების ძალიან დიდ პროცენტს უჭირს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. რას ნიშნავს კომფორტის ზონა? მივიდა, ჩაატარა ჩვეულებრივი გაკვეთილი – ის, რაც მან იცის და რაც მიაჩნია მართებულად.

ქალაქის სკოლებში ბავშვების უმრავლესობა კერძო სექტორში მეცადინეობს და მშობლებსაც მთელი აქცენტი ამაზე აქვთ გადატანილი. ეს არ უნდა ხდებოდეს, რადგან კლასში მასწავლებელთან უნდა იღებდეს ბავშვი იმ ცოდნას, რომ სახლში მშობლის წახმარება საკმარისი იყოს დავალების შესრულებისას თუ სწავლისას.

თუ მასწავლებელს არ აქვს მზაობა მიიღოს სიახლეები, შემდეგ დანერგოს ეს სიახლეები, დამერწმუნეთ, ვერასდროს განვითარდება. სამწუხაროდ, ბევრ ასეთ მასწავლებელთან მაქვს შეხება.

  • მასწავლებლები სოციალურ ქსელებში ხშირად აკრიტიკებენ პროფესიულ ტრენინგებს. ამბობენ, რომ „არაფრისმომცემია“. მართლა არაფერს იძლევა ეს ტრენინგები, თუ ეს ის კატეგორიაა, ვისზეც ამბობთ, რომ არ უნდათ კომფორტის ზონის დატოვება?

ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი – ვინც თავიდანვე კარგად მუშაობდა, ვისაც აინტერესებდა, ვინც ახალ მეთოდებს ნერგავდა, ახლაც ამ მასწავლებლების ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი. ვინც ინერტული და სხვის ხარჯზე გამსვლელი მასწავლებელი იყო, ახლაც ასეა.

შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ მათ, უყვართ თავიანთი საქმე და როგორც მიაჩნიათ ისე აკეთებენ, მაგრამ არ აქვთ სურვილი და მზაობა, მიიღონ სიახლეები. არ უნდათ სიღრმეებში წასვლა და გონების დაძაბვა.

მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2019 წლიდან ვარ ჩართული და ყველა ახალი მეთოდი საკლასო ოთახში, ბავშვების ჩართულობით გამოიცდება. პრინციპები, მიდგომები ყოველთვის იცვლება. ამიტომ, ტრენინგები ყველაფრისმომცემია, მე ტრენინგებით ვიზრდები და კარგი ტრენერები გვასწავლიან.

მთავარია, მასწავლებელი რამდენად არის მზად, ეს ყველაფერი საკლასო ოთახში დანერგოს და რამდენად არის მზად, რომ პროფესიულად გაიზარდოს.

მასწავლებლების ის არმია, რომლებიც აპროტესტებენ ტრენინგებს, ახლაც წუწუნებს – არ უნდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ის, ვინც საქმეს აკეთებდა და შრომობდა, ახლაც ისე შრომობს. ამ კატეგორიას ურჩევნია ორ სკოლაში იმუშაოს, ჩაატაროს 5 გაკვეთილი ერთში, 5 – მეორეში. ამ დროს კლასგარეშე მუშაობა, ფაქტობრივად, მკვდარია.

  • პარლამენტში გამოსვლის დროს მინისტრი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ 11 მლნ ლარი დაიხარჯა პედაგოგების გადამზადებაზე, თუმცა არ არის შედეგი და განათლების ხარისხი მაინც დაბალია. ეს ნორმალურია?

მე ვიყავი ესტონეთში, პოლონეთში, სადაც მასწავლებლები ყოველ მეორე წელს აბარებენ გამოცდებს, თავის კურიკულუმებს ქმნიან, ვითარდებიან. ჩვენთან კი, რატომღაც ისეთი მიდგომა აქვს სახელმწიფოს მასწავლებლების მიმართ, რომ გული არ ატკინოს, არ გაუშვას. არ არის ისეთი მექანიზმი შემუშავებული, რომელიც განაპირობებს რაღაც გააკეთოს მასწავლებელმა.

მშობლისგანაც უნდა იყოს დაკვეთა – მშობელი მასწავლებელს არ სთხოვს მის შვილს მისცეს ცოდნა, რომ არ დასჭირდეს თვეში 150 ლარი გადაიხადოს ერთ საგანში და ცალკე ამეცადინოს ბავშვი.

ამ ცვლილებებს უნდა ახალი მასწავლებლები, ახალგაზრდები, რომლებიც სულ სხვა მენტალობით მოდიან, ეროვნული გამოცდები ჩააბარეს, სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ საქმისადმი, სხვანაირად მუშაობენ მე რაც მინახავს. ჩვენ კი იმ ასაკში ვართ, რომ უნდა წავიდეთ დამსახურებულად და ახალი თაობა მოვიდეს.

  • აქვთ ახალგაზრდებს ინტერესი სკოლის მიმართ?

როგორ არა. ოღონდ კონკურსი გამოცხადდეს, კადრების პრობლემა არ არის, მასწავლებლის ხელფასი საკმაოდ მაღალია. მაგრამ, რატომ გამოაცხადებს სკოლა ვაკანსიებს, როცა სამინისტრო მუდმივად აძლევს შანსებს მათ.

  • როგორ ფიქრობთ, ვინც ვერ ჩააბარა საგნობრივი გამოცდა, მათ უნდა დაეტოვებინათ სისტემა?

მინიმალური კომპეტენცია პედაგოგმა უნდა დაადასტუროს, მაგრამ თუ რაღაც პრობლემის გამო ვერ გავიდა გამოცდაზე, ესეც უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ. სკოლა ისეთი სისტემაა, მიჩვევა იცის. როცა ადამიანი წლებია მუშაობს სკოლაში და შემდეგ თავს ანებებს, მასზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს. ძალიან რთულია.

ჩემი აზრით, სწორი მიდგომაა, რადგან აქამდე ვერ დავინახეთ რესურსცენტრების დანიშნულება მეთოდოლოგიური მიმართულებით. მას რაიმე ფუნქცია რომ გაუჩნდეს, სკოლაში უნდა მივიდეს, დააკვირდეს საგაკვეთილო პროცესს.

მეთოდისტი იქნება თუ სხვა სპეციალისტი, უნდა დაეხმაროს მასწავლებელს იმაში, რისი საჭიროებაც გამოჩნდება. თუმცა პროფესიული ტრენინგებიც უნდა დარჩეს და დაეხმაროს პედაგოგს პროფესიულ განვითარებაში.

რესურსცენტრებში პროფესიონალები, საქმის კარგი მცოდნეები უნდა მუშაობდნენ და არა ისინი, ვინც საერთოდ არ იცნობენ განათლების სისტემას და დანიშნეს იმის გამო, რომ იქ შტატი გამოჩნდა ან ვიღაცის ვიღაცაა. საუკეთესოები უნდა შეირჩეს რესურსცენტრებში, სხვებზე დახმარება რომ შეძლონ. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში გაამართლებს ეს სისტემა.

  • როცა ხარისხის გამო საყვედურობენ პედაგოგებს, მათი მხრიდან ასევე გვესმის პრეტენზიები, რომ არ არის სკოლები ტექნიკურად აღჭურვილი, არ აქვთ კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი. ეთანხმებით ამაში პედაგოგებს?

ვეთანხმები, რა თქმა უნდა. ამ მიმართულებით მასწავლებლების პრეტენზიები სამართლიანია. ყველა სკოლა უნდა იყოს აღჭურვილი ტექნიკით. სკოლაში უნდა იყოს ინტერნეტი, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს კომპიუტერი, პროექტორი. მე, მაგალითად, ჩემი ძველი კომპიუტერი მივიტანე სკოლაში და არც ერთი გაკვეთილი არ ჩამიტარებია კომპიუტერის გარეშე.

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს ბუქებიც გვაქვს და ამ მხრივ არ გვაქვს საწუწუნო, საბაზო და საშუალო საფეხურზეა აქვთ უფრო პრობლემები. დღეს მასწავლებლების ძალიან მცირე პროცენტი ახერხებს საკუთარი კომპიუტერი შეიძინოს – ტექნიკის უქონლობა რომ არ აისახოს სწავლის ხარისხზე.

თუმცა, როგორც ვიცი, მომავალი სასწავლო წლიდან უნდა აღიჭურვოს ყველა სკოლა ტექნიკით და ინტერნეტით, რადგან მასწავლებელს ყველა გაკვეთილზე სჭირდება ელექტრონული რესურსი. მე, მაგალითად, დღეს მცენარის ზრდა-განვითარებაზე მქონდა გაკვეთილი და კარგად გამოვიყენე ელექტრონული რესურსები. აბა, სანამ თესლს ჩავაგდებთ და ის 25 დღეში გაღვივდება, მანამდე გავივლით ამ გაკვეთილს.

  • ხშირად პედაგოგები ამბობენ, რომ გამოცდებისა თუ სხვადასხვა ვალდებულების გამო მოწყდნენ ბავშვებს, სასწავლო პროცესებს. თქვენ მენტორი მასწავლებელი ხართ – ასე ფიქრობთ, ნაკლები დრო გრჩებათ ბავშვებისთვის?

არა, რადგან ყველა ჩემი აქტივობა კეთდება ჩემს მოსწავლეებთან ერთად. ჩემი მოსწავლეები არიან ყველა ჩემი წარმატებული საკონფერენციო თემის თანაავტორები.

კონფერენციაზე გაგვაქვს თემა, სადაც რაღაც განსხვავებულ მეთოდზეა საუბარი, რომელიც გამოვიყენე და დავნერგე საკლასო ოთახში. ეს ვისთვის გავაკეთე, ბავშვებთან ერთად არ გავაკეთე? რატომ მოწყდნენ მოსწავლეებს, გეგმის დაწერა საგაკვეთილო პროცესზე მოწყვეტაა?

იმ გაკვეთილის რეფლექსია, ანუ ანალიზი რომ დავწერო, რა გამომივიდა და არა კარგად, ეს დროის კარგვაა? მე მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი მასწავლებლის განვითარებაში, მის პროფესიულ ზრდაში, არის მზაობა.

ქობულეთის საკრებულო ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომაზე განსახილველ პროექტებს არ აწვდის

დღეს, 14 დეკემბერს, ქობულეთის საკრებულოში ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე ჩაატარეს. სხდომას ვერ დაესწრო ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა კომახიძე. თავდაპირველად ის ენმ-ის ორგანიზებულ აქციაზე იმყოფებოდა და სხვა რამდენიმე საკითხთან ერთად იმასაც აპროტესტებდა, რომ ბიუროზე განსახილველი პროექტები არ მიაწოდეს.

გარდა ამისა, ლაშა კომახიძე სამსახურში, ანუ სხდომათა დარბაზში იმის გამოც ვერ მოხვდა, რომ პოლიციის კორდონის გავლა ვერ შეძლო.

„ბიუროს სხდომა როდესაც არის ჩანიშნული, ბიუროს წევრებს ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ წინასწარ. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რა საკითხები გადის, წინასწარ უნდა მოგვეცეს მათი გაცნობის საშუალება.

მე მინდა, ბიუროზე მივიდე მომზადებული. ამის თაობაზე კონკრეტული პასუხები მოვითხოვე დღეს საკრებულოს თავმჯდომარისგან, რომელმაც მითხრა, რომ გადმოგზავნილი იყო პროექტები. ეს ტყუილია, მეილი რამდენჯერმე გადავამოწმე და საკითხები არ მომსვლია“, – გვითხრა ლაშა კომახიძე დღის ბოლოს.

საკითხების დროულად მიწოდების პრობლემებზე ოპოზიცია ქობულეთის წინა მოწვევის საკრებულოშიც საუბრობდა. როგორც ჩანს, საკრებულოს უცვლელი თავმჯდომარე, დავით მჭედლიშვილი მუშაობის სტილს არ ცვლის და ოპოზიციონერ კოლეგებს განსახილველ პროექტებს სხდომის წინა საღამოს აწვდის. ამჯერადაც ასე მოხდა.

ლაშა კომახიძის თქმით, დღეს ამ თემის განხილვისას პრობლემა საკრებულოს თავმჯდომარემ აპარატის თანამშრომლებს გადააბრალა:

„ხელი გაიშვირეს აპარატისკენ, მაგრამ მე მათ არაფერს ვერჩი, რადგან გადაწყვეტილებას დავით მჭედლიშვილი იღებს. მე მაქვს კითხვა მასთან – როდესაც საკრებულოს ოპოზიციონერი ბიუროს წევრი ვალდებულია დაესწროს ბიუროს სხდომას, მას განსახილველი საკითხები უნდა მიეწოდოს წინასწარ.“

საკრებულოს პრესსამსახურის  განმარტებით, ლაშა კომახიძეს, როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს, პროექტები სხდომამდე მიაწოდეს, ამის დასადასტურებლად კი „ბათუმელებს“ გამოუგზავნეს სქრინი, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს აპარატს გუშინ, 13 დეკემბერს, 17:03 წუთზე აქვს გადაგზავნილი 11 ელექტრონულ მისამართზე დოკუმენტები. მათ შორის არის ლაშა კომახიძის  ელექტრონული მისამართიც, თუმცა შეცდომით.

ლაშა კომახიძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი საკრებულოა, მან რამდენჯერმე სცადა დაზუსტება, რაიმე ხარვეზი ხომ არ დაფიქსირდა პროექტების მიწოდებისას, თუმცა უშედეგოდ.

რაც შეეხება საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ბიუროს სხდომაზე არ დაშვებას, საკრებულოში ჯერ გვითხრეს, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო, როცა საკრებულოს წევრებმა ოპოზიციიდან ბიუროს სხდომაზე შესვლა გადაწყვიტეს, შემდეგ კი დაგვიზუსტეს, რომ ამ დროს სხდომა დასრულებული იყო.

სატელევიზიო პირდაპირი ჩართვების თანახმად, საკრებულოს წევრები სხდომაზე დაშვებას 12:13 წუთზე უკვე ითხოვდნენ. მათ უპასუხეს, რომ სხდომა დასრულებულია. წინასწარი განცხადების მიხედვით, ბიუროს სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, სადაც 4 საკითხი უნდა განეხილათ. შესაბამისად, 4 საკითხის განხილვა ბიურომ 13 წუთში მოასწრო.

ბიუროს გახმაურებული სხდომის შემდეგ ქობულეთის საკრებულომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სხდომა ხვალ, 15 დეკემბერს, 12:00 საათზე უნდა გაიმართოს. სხდომის მოწვევის თაობაზე საკრებულომ გამოაქვეყნა მხოლოდ განცხადება, როგორც საკრებულოს ვებგვერდზე ასევე ფეისბუქის  გვერდზე, განცხადებას თან არ ახლავს არც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ჩამონათვალი და არც პროექტები.

სქრინი საკრებულოს ფეისბუქის გვერდიდან

 

სქრინი საკრებულოს ვებგვერდიდან – წითლად მონიშნული ლინკი კი სხდომის შესახებ საერთოდ არ იხსნება

ქობულეთის საკრებულო, სხვა საკრებულოებისგან განსხვავებით, არღვევს თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნას საჯაროობასთან დაკავშირებით – განსახილველი საკითხების პროექტებს სხდომის თაობაზე განაცხადთან ერთად არასდროს აქვეყნებს.

ქაფშია შემცირდა, მეთევზეები საქართველოში მიდიან სათევზაოდ – თურქული მედია 

თურქეთში ქაფშიას რაოდენობა სამი თვის განმავლობაში შემცირდა. თურქული მედიის ცნობით, ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებებია, რამაც შავ ზღვაში ტემპერატურის მატება გამოიწვია.

თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს, რომ სულ უფრო მეტი მეთევზე გადის საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე  ქაფშიას დასაჭერად.

„ქაფშია თურქეთის, რუსეთის, ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთისა და უკრაინის საერთო თევზია. ამ ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ მის გადასარჩენად“- განაცხადა ოსმან სამსუნმა, სინოპის უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერების ექსპერტმა  Demirören News Agency-თან. 

„დეილი საბაჰი“ წერს, რომ გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ანჩოუსის ეს სახეობა ჩვეულებრივ,  9 სანტიმეტრიან ქაფშიასთან შედარებით ბევრად მოკლე იყო და  ნაკლები ხორცი ჰქონდა, რის გამოც მისი დაჭერა თურქეთის ტერიტორიულ წყლებში მთავრობამ 10 დღით აკრძალა.

ოსმან სამსუნი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი მარაგის შემცირებასთან გასამკლავებლად: 

„შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ექვსმა ქვეყანამ უნდა შექმნას ერთობლივი ინსპექტირებისა და კონსერვაციის მექანიზმი მის დასაცავად. 

მაგალითად, თურქეთში 9 სანტიმეტრზე ნაკლები სიგრძის თევზის გაყიდვა არ შეიძლება, საქართველოში კი 7 სანტიმეტრის სიგრძის თევზის დაჭერა შეგიძლიათ. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ქმედება“ – აღნიშნავს მეცნიერი. 

ამავე თემაზე: 

ზღვის სარგებელი ეკონომიკაში

 

შსს-ს თქმით, წელს ქრთამის აღების ფაქტები შემცირდა, სამსახურებრივი სიყალბე კი – გაიზარდა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 111.76 პროცენტით გაიზარდა საქართველოში სამსახურებრივი სიყალბის მაჩვენებელი. წელს, ოქტომბრის ჩათვლით, 36 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი სიყალბის კუთხით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 17 საქმე იყო ასეთი.

მთლიანობაში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი [სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლიდან 342-ე მუხლის ჩათვლით] გაზრდილია 8.3 პროცენტით.

მაგალითად, გაზრდილია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების რაოდენობაც: თუკი გასულ წელს 332-ე მუხლით 56 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, წელს ეს მაჩვენებელი 77-მდე გაიზარდა.

ქრთამის აღების მაჩვენებელი კი, პირიქით, შემცირდა. გასულ წელს 338-ე მუხლით გათვალისწინებულ 32 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, წელს – 23-ზე. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მაჩვენებელი 28.13 პროცენტით შემცირდა.

შემცირდა სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევებიც 2.17 პროცენტით. წელს, ოქტომბრის ჩათვლით, 342-ე მუხლით 45 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, გასულ წელს კი, 46 შემთხვევაზე იმუშავეს სამართალდამცველებმა.

წელს 50%-ით გაიზარდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები – შსს

სრულწლოვანი პირების შემთხვევაში გაუპატიურების მაჩვენებელი საქართველოში 42 პროცენტით გაიზარდა. საუბარია ოფიციალურ სტატისტიკაზე პირველი იანვრიდან პირველ ნოემბრამდე. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა.

დანაშაულის შესახებ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს გაუპატიურების 142 შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს – 100.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეჯამებული სახით აქვეყნებს ინფორმაციას სხვა სახის სექსუალური ძალადობის შესახებ [სისხლის სამართლის კოდექსის 138-დან 141-ე მუხლების ჩათვლით], რომელიც ასახავს სექსუალური ძალადობის შემთხვევებს ბავშვებთან.

ამ მუხლებზე დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი 50.26 პროცენტითაა გაზრდილი.

წელს 287 ასეთი შემთხვევა დააფიქსირეს სამართალდამცველებმა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 191.

„უკან საბერძნეთში – არც ის იცი, თუ დაბრუნდები საერთოდ“ – ემიგრანტი ქალი

ნონა თანიაშვილმა საქართველო 21 წლის წინ დატოვა და სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა. ამ წლების განმავლობაში ორჯერ სცადა უკან დაბრუნება. პირველად ერთი წლით ჩამოვიდა, მაგრამ სამსახური ვერ იპოვა და ისევ ემიგრაციაში დაბრუნდა. მეორედ საქართველოში სამუდამოდ დაბრუნების გადაწყვეტილება წელს, სექტემბერში მიიღო. ათენში ნაქირავები ბინა დაცალა, ყველა ნივთი წამოიღო და თქვა, რომ უკან, საბერძნეთში აღარ დაბრუნდებოდა.

სამი თვის შემდეგ იძულებული გახდა გადაწყვეტილება შეეცვალა – კიდევ ერთხელ ალაგებს ბარგს და უკან საბერძნეთში მიდის. ამჯერად არ იცის, როდის დაბრუნდება ან დაბრუნდება თუ არა საერთოდ.

„წარმოშობით თიანეთიდან ვარ. 6-7 წელი გამგეობაში ვმუშაობდი, მაგრამ ხელფასს ვერ ვიღებდი. შვილი მყავდა, რომელიც უნდა მიმეყვანა სკოლაში და უამრავი საჭიროება მქონდა – იქ წიგნი, იქ რვეული და გადავწყვიტე წავსულიყავი საზღვარგარეთ. თავიდან გერმანიაში ვაპირებდი წასვლას. შევიტანე საბუთები პასპორტზე,  მაგრამ ეს კაცი, ვისაც უნდა წავეყვანე, გაქრა.

ჯგუფი უკვე შემდგარი იყო. პროცენტიანი ვალი მქონდა გამოტანილი და ეს პროცენტიც მემატებოდა. მითხრეს, თუ გინდა გაგიშვებთ საბერძნეთშიო. მეთქი, კარგი, სადაც გინდათ, ოღონდ შევძლო ჩემი ოჯახის რჩენა-მეთქი,“ – გვიყვება ნონა.

ნონა იხსენებს, რომ  საბერძნეთში ჩასულს მასაც იგივე პრობლემები შეხვდა, რაც ზოგადი მიგრაციის მახასიათებელია – ენის არ ცოდნა, პირველი რთული სამსახური, საბუთის არ ქონა.

„აქედან სხვა მოლოდინი გაქვს, სხვანაირად წარმოგიდგენია იქ მუშაობა, რეალობა კი სულ სხვაა. ეს არის შოკი, რომ ჩადიხარ და უნდა იყო ვიღაცის მოახლე.

აქედანაც წარმოგიდგენია, ხო, მერე რა დავალაგებ სახლს, მაგრამ იქ სულ სხვაა. იქ სხვანაირად გთხოვენ. მეც როგორც ყველა, შევეჯახე ამ პრობლემას, შევეჯახე იმას, რომ ვერ ვშოულობდი სამსახურს – უენო არავის არ სჭირდებოდა. თუ არ შეხვედი და დაიწყე მუშაობა, ენას ვერ ისწავლი,“ – ამბობს ის.

ნონა ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება წელს მეორედ მიიღო. ეცადა ბათუმში დაფუძნებულიყო, სამსახური ეპოვა და საკუთარ ქვეყანაში გაეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა უშედეგოდ.

„ჩემი შვილი, შვილიშვილი და დისშვილები ბათუმში ცხოვრობენ და მუშაობენ. მეც ბათუმში ჩამოვედი და აქ ცხოვრება გადავწყვიტე. ბათუმი ევროპის ქალაქებს ჰგავს. ათენში სასტუმროსა და კაფეში ვმუშაობდი. დიდი გამოცდილება მაქვს. ვიფიქრე წავალ საქართველოში, ვიცხოვრებ ბათუმში ჩემს შვილთან ერთად და ამ გამოცდილებას, რაც აქ დავაგროვე, გამოვიყენებ იქ. მეგონა სამსახურს ვიპოვიდი. ჩამოვედი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე და ახლა ისევ უკან, საბერძნეთში უნდა დავბრუნდე,“ – ამბობს ნონა.

ნონას თქმით, არ ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველოში დაბრუნებულს ვინმე ხელგაშლილი დახვდებოდა, თუმცა არც ისე ეგონა, რომ ყველაფერი ასეთი უცხო იქნებოდა მისთვის.

„მთავარი სირთულე ისაა, რომ უცხო ხარ, შენს ქვეყანაში ხარ უცხო. აღარ იცი გზებიც კი. აღარ გყავს ნაცნობები, არ იცი რა გააკეთო. სად წახვიდე? ხარ უცხოსავით – ყველაფერი ახალია, ყველაფერი უცხოა. შენს ქვეყანაში ხარ და ყველაფერი უცხოა.

მე ახლა ათენში რომ ჩავალ, ყველა კუთხე-კუნჭული ჩემთვის ნაცნობია. იქ მყავს ნაცნობები, მეგობრები. აქ მომინდა სიტყვაზე ყავაზე გავიდე, კი მყავს დისშვილები, მყავს ჩემი შვილი, მაგრამ ქალები ვართ, დაქალი გვინდა, ჩვენი სამეგობრო წრე გვინდა. არავინ არ გყავს.

ყველაზე დიდი სიმწარე ეგაა, რომ გაუცხოებული ხარ შენს ქვეყანაში, მაგას რომ ხვდები. წასვლა გინდა ვთქვათ, სად უნდა წავიდე? ეგეც  აღარ ვიცი. რა არის სანახავი. იქ მთელი კუნძულები მაქვს მოვლილი, უმეტეს კუნძულებზე ნამყოფი ვარ, საქართველოში იმდენი რამ მაქვს სანახავი, არც მინახია და ალბათ ვერც ვნახავ.

„რომ ჩამოვდივარ, ვერ ვიცლი“ – არ არის გამართლება, უბრალოდ, მარტო ხომ ვერ წახვალ. აქ ყველას თავის ცხოვრება აქვს, მუშაობს. საცოდავად აქვთ ის სამსახური ნაშოვნი და შენი გულისთვის წამოვლენ, შენ გატარონ ექსკურსიებზე? იქ პრომეთეს მღვიმე მინდა ვნახო, რა ვიცი, ათასი რამე გაკეთდა საქართველოში. ვერა. ვერ მივდივარ. აი, ესაა საშინელება“.

რა უნდა გააკეთოს საქართველომ ემიგრანტებისათვის

“მე მინდა, რომ ჩემმა ქვეყანამ იზრუნოს თავის მოქალაქეებზე, მომცეს ერთი სამსახური. არ ვითხოვ რაღაც სასწაულებს. ისეთი სამსახური, რომ შევძლებ საარსებო წყარო მქონდეს.

აღარ ვიფიქრო წასვლაზე, გაქცევაზე. მე არ ვადარებ იქაურ ხელფასს, აქაურ ხელფასს. სისულელეა და უაზრობაა. მინდა, რომ დავკავდე რაღაცით. მე მილიონებით რომ ჩამოვსულიყავი, უსაქმოდ მაინც ვერ გავჩერდებოდი. მინდა რაღაც გავაკეთო. იმის საშუალება მქონდეს ქვეყანაში, დავკავდე რაღაცით, მქონდეს საარსებო წყარო. მქონდეს იმხელა ხელფასი, რომ შიმშილით არ მოვკვდე. 400-500 ლარით ვერავინ ვერ იარსებებს. აი, ეს მინდა და ამას ვითხოვ. ყველა ამას ვითხოვთ. არავინ არ ვითხოვთ, რომ ჩამოვიდეთ და ვინმემ ფულები დაგვირიგოს. ხალიჩები გაგვიშალოს. არავინ ამას არ ითხოვს, არცერთი ემიგრანტი.

წასულების 1 პროცენტი არ ფიქრობს აქ დაბრუნებაზე, მაგრამ 99% იმ იმედით ვცოცხლობთ, რომ დადგება ის დღე, როცა შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებას. შევძლებთ, რომ აქ ვიარსებოთ. იქ ფუფუნებაში კი არ ვცხოვრობთ ჩვენ. იქაც ვმუშაობთ. აქაც ვიმუშავებთ, ოღონდ მიღირდეს და ვიცოდე, ხელფასს რომ ავიღებ, ის მეყოფა, შიმშილით არ მოვკვდე. ჩემს შვილსაც დავეხმარო. მქონდეს ელემენტარული ადამიანური პირობები”.

ემიგრაციის მთავარი სირთულე

“საქართველოში მყოფები ვერ იგებენ ემიგრაციის სევდას. მოდი წაიყვანეთ ადამიანი თავისი სახლიდან და მიიყვანეთ სხვაგან.

შენ ხარ იქ უცხო. შენ იქ არავინ არ გიღებს. რაც არ უნდა კარგი იყო, შენ მაინც ჩასული ხარ, „ქსენი“ ხარ (უცხო – ბერძ.). ჩვენი ტკივილი რა არის – იქაც უცხოები ვართ, აქაც უცხოები ვართ. ამას ვერ გაიგებს აქ მყოფი. მოდი სცადოს ვინმემ, ერთი კვირა მეზობელთან გავიდეს და იმასთან იცხოვროს. იმის ხუშტურებზე იცხოვროს. როცა ეტყვის ადგეს – ადგეს, როცა ეტყვის დაწექი, დაწვეს, როცა ეტყვის ჭამე, ჭამოს, შეძლებს?

ვერ იცხოვრებს და ჩვენ იქ წლები ვცხოვრობთ ვიღაცის ოჯახებში და საკუთარი მე არ გაგვაჩნია. „შენ“ – არ არსებობს. ისინი რასაც გეტყვიან და როგორც გეტყვიან, ისე უნდა გააკეთო.

გეტყვიან 7 საათზე ადგები – უნდა ადგე,  როცა გეტყვიან ჭამე – უნდა ჭამო, როცა გეტყვიან გადი – უნდა გახვიდე. ზოგი თვეების განმავლობაში საერთოდ არ გადის გარეთ. მე მიმუშავია მასეთ სამსახურში – თვეში ერთი დღე გავდიოდი. თვეში ერთი დღე რომ ვერ ჩამოხვალ კორპუსიდან დაბლა და ხარ ერთი თვე გამოკეტილი, ეს არის ციხეში ყოფნა.

ახლა ლოქდაუნები რომ იყო, რა დაემართა ხალხს? ჩვენ მუდმივად მაგ სიტუაციაში ვართ. ასეთი სამსახური გვაქვს. ბანკის ვალები აქვთ, ის სამსახური რომ დაკარგონ, არ იციან, როდის იშოვიან. იძულებული ხდებიან, წლები იცხოვრონ ამ ციხეში.

შენი ნებით შედიხარ ციხეში და ცხოვრობ. მაგრამ ციხეში იცი რამდენი წელი გაქვს მისჯილი და როდის გახვალ. იქ არ ვიცით, როდის დამთავრდება ჩვენი სასჯელი.

ჩვენ, საქართველო, ვამარაგებთ მთელ ევროპას იაფი მუშახელით და მერე ვითხოვთ, რომ პატივი გვცენ. მერე ვამბობთ – ვაიმე, იცით რა მაგარი ქვეყანა ვართ, იცი რა მაგარი ხალხი ვართ?

რანაირად ხართ მაგარი ქვეყანა? ჩვენი პრემიერ-მინისტრი რომ ჩამოდიოდა საბერძნეთში მე ქართული საიტებიდან ვიგებდი, იქ არც აშუქებდნენ. შენ როგორ გცემენ პატივს, შენ, პრემიერ-მინისტრი რომ ხარ, როცა შენი მოსახლეობა იქ, მონებად მუშაობს?

ეგ იგივეა, რომ შენ ჩაიცვა ბოლო მოდის შარვალ-კოსტუმი, გქონდეს ბოლო მოდელი მანქანა და გამოხვიდე სახლიდან მასე, და შენი ცოლ-შვილი იქვე მათხოვრობდეს. ეს იგივეა“.

ქობულეთის საკრებულოს წევრი დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა

დღეს, 14 დეკემბერს, ქობულეთის საკრებულოში დაპირისპირებისას საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან იამზე ცალქალამანიძე შეუძლოდ გახდა. მანამდე მას საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი გოგიტიძე ეკამათებოდა და როგორც ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, მან კოლეგა სიტყვიერად შეურაცხყო გენდერული ნიშნით.

„ქალივით არ იქცევი, სახლში წადი და ბავშვებს მოუარეო“ .

ბრალდებას გიორგი გოგიტიძე უარყოფს და და აცხადებს, რომ კოლეგისთვის ეს სიტყვები არ უთქვამს:

„მე ვუთხარი, რომ მათი ქმედება, საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში შევარდნა, ყვირილი და შეურაცხყოფის მიყენება იყო არაადეკვატური ქცევა. ეს არ არის საკრებულოს წევრის ქმედების ფორმა.“

თავად იამზე ცალქალამანიძეს ინციდენტიდან რამდენიმე საათში ტელეფონით დავუკავშირდით, თუმცა კომენტარზე უარი გვითხრა: „ახლა ამის შესახებ საუბარი არ შემიძლია.“

ქობულეთის საკრებულოში დაძაბულობა იყო დღეს დილიდან. 12:00 საათზე დაანონსებულ ბიუროს სხდომამდე საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა აქცია გამართეს, ისინი ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარისგან ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ:

„გვაინტერესებს, ითხოვს თუ არა ის ამ საქმის  დროულად გამოძიებას, ასევე სოლიდარულია თუ არა ოჯახის მიმართ, თუ ასეა, განცხადებას რატომ არ აკეთებს“, – გვითხრა ქობულეთის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ, ლაშა კომახიძემ.

საკრებულოს წევრები დღეს პოლიციამ შენობის ფოიეში შეაჩერა და მათ ბიუროს სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცა. საკრებულოს წევრი გიორგი გოგიტიძე ამასაც უარყოფს და აცხადებს, რომ საკრებულოს წევრებისთვის გადაადგილება შეზღუდული არ ყოფილა:

„მხოლოდ საკრებულოს წევრებისთვის გადაადგილება არ იყო შეზღუდული. საქმე იმაშია, რომ მათ სურდათ აქციის სხვა მონაწილეების, მათი მხარდამჭერების შემოყვანაც, რომლებიც არ არიან საკრებულოს წევრები და იქცევიან დესტრუქციულად, ამიტომაც იყო პოლიცია მობილიზებული და მათაც შეექმნათ შეფერხება“, – აცხადებს გიორგი გოგიტიძე.

დაპირისპირების კადრებში კარგად ჩანს, როგორ ითხოვენ საკრებულოს კონკრეტული წევრები, რომ მათ სხდომათა დარბაზში შესვლის საშუალება მიეცეთ.

კანონით საკრებულოს ბიუროს სხდომა ღია უნდა იყოს ასევე დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც საკრებულოს სხდომა.

ფოიეში დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარესთან სასაუბროდ მის სამუშაო ოთახში შესვლა მოახერხეს. სწორედ თავმჯდომარის კაბინეტში დაპირისპირების შემდეგ გახდა იამზე ცალქალამანიძე შეუძლოდ.

ხვალ ბიზნესდაჯილდოების ფინალი გაიმართება

თიბისის პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2021“ ფინალი ხვალ საღამოს გაიმართება. გამარჯვებულების გამოვლენას შეგიძლიათ Facebook Live-ის მეშვეობის ადევნოთ თვალი, რომელიც თიბისის და თიბისი ბიზნესის Facebook გვერდებზე ზუსტად 19:45 საათზე დაიწყება.

თიბისი მეექვსე წელია, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესის მხარდაჭერაა. დაარსებიდან დღემდე დაჯილდოებაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. დაჯილდოება მიზნად ისახავს, წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახალი, საინტერესო და საჭირო შესთავაზონ მომხმარებელს, იქნება ეს მათზე ორიენტირებული თუ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება.

წელს ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ტარდება. დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაციაც დაემატა და ჟიური საუკეთესო ბიზნესებს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:

  • საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
  • საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობა
  • განსაკუთრებული როლი რეგიონის განვითარებისთვის

საუკეთესოს გამოსავლენად ბიზნესის სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ადამიანებმა, ასევე, სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იზრუნებს, რომლებიც ამ პროცესში კონკურსის გამოცხადების დღიდან არიან ჩართული.

სულიკო თებიძე აჭარის განათლების ფონდის დირექტორად დანიშნეს

ბათუმის ბოლო მოწვევის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე სულიკო თებიძე, აჭარის განათლების ფონდის და ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორად დანიშნეს. ის ახალ თანამდებობაზე დღეს, 14 დეკემბერს, აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა წარადგინა.

სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გახდებოდა, სულიკო თებიძე განათლების მინისტრის ერთი-ერთი მოადგილე იყო.

სამინისტროს ინფორმაციით, სულიკო თებიძე დღეს ფონდში დასაქმებულ პირებს შეხვდა და „მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს“. სულიკო თებიძის დანიშვნამდე ფონდში დირექტორის მოვალეობას რუსუდან ქავთარაძე ასრულებდა.

როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ის ამავე ფონდში დირექტორის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას.

სულიკო თებიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წლის 20 ნოემბერს აირჩიეს. ის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა.

ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ახალ თანამდებობაზე წარადგინეს.

6 სახლი მიუსაფარი ცხოველებისთვის ბათუმში – სტუდენტების ინიციატივა

ბათუმში სტუდენტებმა მიუსაფარი ძაღლებისთვის ექვსი სახლი დადგეს.

ამ ინიციატივის ავტორები არიან „ჯიპას“ სტუდენტები  – ზურა დევაძე, დავით გელაძე და თემო ბერიძე.

„ბევრი მიუსაფარი ცხოველია ბათუმში. ზამთარი მოდის. მოვიფიქრეთ, რომ დავკავშირებოდით სამშენებლო კომპანიებს და მათი დახმარებით დაგვემზადებინა სახლები მიუსაფარი ძაღლებისთვის.

ბევრ კომპანიასთან გვქონდა მოლაპარაკება, ბევრგან გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში 3 კომპანია დაგვეხმარა: „კალიგრაფი თაუერსი“, „ალიანსი“ და „ნექსთ გრუპი“. მათი დახმარებით დავამზადეთ სახლები და განვათავსეთ მერიასთან შეთანხმებით ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე.

დარჩენილი თანხით კი მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვები შევიძინეთ და გადავეცით იმ ადამიანებს, რომლებსაც შეფარებული ჰყავთ და უვლიან მიუსაფარ ძაღლებს ბათუმში,“ – გვითხრა ზურა დევაძემ, „ჯიპას“ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა.

სტუდენტების ინიციატივა

სტუდენტებს ამ ინიციატივის განხორციელებაში ბათუმელი ცხოველთა მოყვარულები – თეონა ყურშუბაძე და ნინო ურუშაძე დაეხმარნენ.

„თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბათუმის მერიის მუნიციპალურ სამსახურთან. შესაბამის ორგანოებს დაევალათ ნებართვების გაცემა. სტუდენტებს დახმარება სჭირდებოდათ და, რა თქმა უნდა, ჩავერთეთ. ყველა ინსტანციაში ვრეკავდით ან დავყვებოდით. გავინაწილეთ საქმე და შედეგად 6 სახლუკას დადგმა გახდა შესაძლებელი მიუსაფარი ცხოველებისთვის.

მათ შორისაა თავდადებულის ქუჩაზე, „ნიკორას“ მაღაზიის ძალიან ცნობილი ცუგა,“ – გვითხრა თეონა ყურშუბაძემ.

სახლი „ნიკორას“ შეფარებული ძაღლისთვის

ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ადმინისტრაციულ ცენტრებსა და სოფლებში, ათასობით მიუსაფარი ცხოველია. მიუხედავად სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამებისა, რომლებიც დიდ ქალაქებში ხორციელდება, მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების რაოდენობა მზარდია, რადგან საქართველოში არ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა და ცენტრალიზებული მიდგომა, რომლის ფარგლებშიც გაკონტროლდება ადამიანებმა ქუჩაში არ მიატოვონ კომპანიონი ცხოველები, იზრუნონ მათზე და ხელი არ შეუწყონ პოპულაციის უკონტროლო ზრდას.

ბოლო წლებში საქართველოს ქალაქებში, მათ შორის, ბათუმშიც, მოხალისეები ქალაქის ქუჩებში დგამენ პატარა სახლებს, რომ მიუსაფარმა ცხოველებმა თავის შეფარება შეძლონ.

 

 

ქობულეთში საკრებულოს წევრებს შენობაში არ უშვებენ – მობილიზებულია პოლიცია

დღეს დილიდან დაძაბული ვითარებაა ქობულეთის საკრებულოს შენობაში, საკრებულოს წევრებს ოპოზიციიდან შენობაში არ უშვებენ. პოლიცია შენობის პირველი სართულის ფოიეშია განლაგებული – ოპოზიციონერები მეორე სართულზე ცდილობენ ასვლას.

დღეს დილას მერიისა და საკრებულოს შენობასთან ოპოზიციამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმის დროულად გამოძიებას ითხოვენ. უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, მათი პარტიის წევრები ბიუროს სხდომაზე ცდილობდნენ შესვლას.

დღეს, 14 დეკემბერს, 12 საათზე, ქობულეთის საკრებულოს ბიუროს სხდომა იყო ჩანიშნული. სხდომაზე ვერ შევიდა ბიუროს წევრი და ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე – ლაშა კომახიძეს სხდომაზე დასწრების უფლება და ასევე ვალდებულებაც აქვს.

აურზაური ქობულეთის საკრებულოს შენობაში

ქობულეთის საკრებულოში 39 წევრია. მათგან მმართველ პარტიას 24 მანდატი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 13, „გახარია- საქართველოსთვის“ კი – 2 მანდატი.

საქართველოდან წელს 73.8 მლნ აშშ დოლარის თხილი გაიტანეს ექსპორტზე

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2021 წლის პირველი აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 16.1 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 73.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სამინისტროს ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4.0 ათასი ტონით (33%), ხოლო ღირებულება 8.9 მლნ აშშ დოლარით (14%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (6,590 ტონა), გერმანიაში (3,124 ტონა), ესპანეთში (446 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (284 ტონა), საფრანგეთში (278 ტონა), ბულგარეთში (132 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

ასევე, ქართული თხილი ექსპორტზე გააქვთ: სომხეთში (1,076 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), უკრაინაში (278 ტონა), რუსეთში (358 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (251 ტონა), ბელარუსში (208 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (95 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არგენტინაში (77 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (61 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (44), უზბეკეთში (44 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა), ტუნისში (15 ტონა), იორდანიაში (14 ტონა).

აჭარაში კოვიდის 239 ახალი შემთხვევაა

14 დეკემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 511 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 265 ინფიცირებული.

დღეის მონაცემებით აჭარაში 124 მძიმე პაციენტია, მათგან 38 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

14 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 3988 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.

დადასტურდა 3988 ახალი შემთხვევა – კოვიდის სტატისტიკა საქართველოში

14 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3988 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 53 255 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 49 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 699 შემთხვევა, აჭარაში – 239, იმერეთში – 658, ქვემო ქართლში – 215, შიდა ქართლში – 312, გურიაში – 158, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 301, კახეთში – 170, მცხეთა-მთიანეთში – 131, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

13 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.15%.

რა არის თურქული ლირის გაუფასურების მიზეზი და რა ელის მას

13 დეკემბერს, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის მონაცემების თანახმად, ლირის გაუფასურების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა: დღეს საღამოს 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 13.82 ლირაა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყანაში უცხოური ვალუტის გაუფასურება უკავშირდება პრეზიდენტის, რეჯეფ დაიფ ერდოღანის ზეწოლით რეფინანსირების განაკვეთის, იმავე მონეტარული პოლიტიკის 16 პროცენტიდან 15 პროცენტამდე შემცირებას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაცხადებული პოლიტიკის თანახმად, იგი უცხოური ბანკებისა და ე.წ. „საპროცენტო მაფიის“ ანუ მაღალი საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ მოქმედებს. ამ გეგმით ერდოღანი ცდილობს ბანკებში სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

ერდოღანის მიხედვით, დაბალი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, თურქეთი ამ გზით ეკონომიკურ დამოუკიდებლობას მოიპოვებს.

თუმცა ოპონენტებისა და ეკონომისტების განცხადებით, ერდოღანის მიერ არჩეული სტრატეგია მეცნიერულ მონაცემებს არ ემყარება და რეფინანსირების განაკვეთის ხელოვნური შემცირება ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, იგივე რეფინანსირების განაკვეთი, ცენტრალური ბანკის ინსტრუმენტია, რომლის ცვლილება საბაზრო საპროცენტო განაკვეთების არხით ერთობლივ მოთხოვნას ცვლის. ეს კი, საბოლოო ჯამში, ინფლაციის დინამიკაზე აისახება.

გარდა საპროცენტო განაკვეთებისა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკაზე ზეგავლენას ახდენს საკრედიტო, გაცვლითი კურსის და მოლოდინების არხებითაც.

ხელფასი 200 დოლარიც აღარ გამომივა – თურქეთში დასაქმებული ქალი ლირის გაუფასურებაზე

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია ან ამგვარი მოლოდინები არსებობს, როგორც წესი, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, თუმცა თურქეთის შემთხვევაში პირიქით მოხდა და რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა, რამაც ოპონენტების განცხადებით, კიდევ უფრო მძიმე დარტყმა მიაყენა ვალუტას და ინფლაციას.

თურქეთის მკვლევრის, სანდრო ბაკურაძის განცხადებით, ერდოღანი წარსულში მის მიერვე ნაცადი რიტორიკის გამოყენებას ცდილობს, რომ თურქეთი ამჟამად ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ომს აწარმოებს და საპროცენტო განაკვეთებთან ბრძოლაც სწორედ ამ პროცესის ნაწილია.

მისი განცხადებით, საპროცენტო განაკვეთების შემცირება, რაც მოსახლეობის რეალური მოთხოვნაცაა, ერდოღანს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების საშუალებად ესახება.

„ერდოღანის ეკონომიკურ პოლიტიკაში, საპროცენტო განაკვეთებთან ბრძოლა ისლამური საფარველითაა გამოხატული, რომლის მიხედვითაც, მევახშეობას რელიგია კრძალავს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პოლიტიკა ვერ ახერხებს რეალურად ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ეს იმის ნიშანია, რომ ედროღანს შეზღუდული აქვს შესაძლო პოლიტიკური სვლების შესაძლებლობა და ეს საკუთარი პოლიტიკური კარიერის გადარჩენის ერთ-ერთი ბოლო გზაა“, – განაცხადა სანდრო ბაკურაძემ.

ერდოღანმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას კვლავ გააგრძელებს.

___

ვრცლად წაიკითხეთ, რა გავლენა აქვს თურქული ლირის გაუფასურებას საქართველოზე

ემიგრანტებმა დაინახეს, როგორ ცხოვრობენ უცხოეთში, მთავრობა მათ ვეღარ გააჩერებს | პოდკასტი

მედეა კონცელიძემ საქართველო 12 წლის წინ დატოვა. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მან სამსახური დაკარგა და მის მეუღლესაც ავტონაწილების ბიზნესი ჩაუვარდა. ოჯახს გაუჭირდა და ცოლ-ქმარს ახალი გზების ძიება დასჭირდა შვილების სარჩენად.

  • რატომ წავედი ემიგრაციაში 

„2008 წლის 16 სექტემბერს, დიდი წყალდიდობის შედეგად, ჩვენი სახლი დაიმეწყრა. ნახევარი სახლი დაგვენგრა, გეოლოგებმა გამომასახლეს, მაგრამ ვერანაირი დახმარება ვერ მივიღე, 1 წელი ვიცადე და წამოვედი ემიგრაციაში.

მედეა კონცელიძე, ემიგრანტი სტამბოლიდან

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს თავდაცვაში ვმუშაობდი. დაიხურა ჯარის სასადილო, სადაც ვმუშაობდი.

მთავრობაზე განაწყენებული ჯარი რომ ჩამოვიდა, ზოგი სახლში წავიდა, ზოგი დაიღუპა. რამდენი ჩემი ახლობელი იყო მათ შორის… გავნადგურდი…

ჩემს ოჯახს ავტონაწილების მაღაზია ჰქონდა ხოფის ბაზრობაზე, ომის მერე ეს ვაჭრობაც მოისპო. ნაწილები ჯართად დარჩა.

  • მეშინია საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების

იძულებული ვიყავი, რამე მომეფიქრებინა და ოჯახი მერჩინა. საზღვაო აკადემიის პირველკურსელი შვილი მყავდა მაშინ და მისი ხათრით წამოვედი სტამბოლში.

ორი ოჯახი გამოვიცვალე, კარგი ხალხი შემხვდა, მაგრამ მითენდება და მიღამდება დარდით.

შენი მოწყენილი სახე იქ არავის უნდა, უნდა იყო გაღიმებული და მხიარული, ყველაზე მეტად ამ როლის მორგება გამიჭირდა. ერთხელ შემაშინეს: დილით თუ ნამტირალევი თვალებით გამოხვალ, სამსახურიდან გაგიშვებთო.

ერთი წლით ჩამოვედი და უკვე 12 წელია აქ ვართ. ჩემი მეუღლეც აქ არის.

იმედი გვქონდა და გვეგონა ჩვენი ქვეყნის საქმე დღეს, ხვალ ან ზეგ გამოსწორდებოდა, მაგრამ ახლაც, საქართველოში რომ ჩამოვდივარ და დაღვრემილი, მოწყენილი ადამიანების სახეებს ვხედავ, დაბრუნების სურვილი მიქრება, მეშინია საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების.

საქართველოში როცა ხალხს გაუჭირდა, ქალების მხრებზე დადგა ყველაფერი. ქალებმა არჩინეს საშუალო ფენის ოჯახები.

ჩვენი ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას საშუალო ფენასა და გლეხზე არ უფიქრია, ამიტომაა ქართველი ქალების უმრავლესობა დღეს საზღვარგარეთ.

3 შვილი მყავს, მათი დარდი არ მაქვს, რომ რამეს დააშავებენ, ცუდს ჩაიდენენ, ერთხელაც არ დაურეკავთ ჩემს შვილებს ჩემთვის დედა, ფული გამოგვიგზავნე და სადმე წავალთ, ვიქეიფებთო. მადლობა ჩემს შვილებს იმის გამო, რომ ჩემი და მამამისის გაგზავნილი ფული უმისამართოდ არ დახარჯულა.

შვილიშვილები ჩვენ გარეშე, ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარულის გარეშე გაიზარდნენ.

ემიგრანტი მედეა კონცელიძე მეუღლესთან ერთად

ახლა 57 წლის ვარ, 43 წლის წამოვედი ემიგრაციაში, რომ ჩამოვედი, 3 თვეში დამემართა დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული გავხდი.

12 წელია აქ ვარ, მაგრამ დღესაც არ მაქვს ზუსტი პასუხი, როდის დავბრუნდები საქართველოში. ლირის ინფლაციამ ცუდ დღეში ჩაგვაგდო ემიგრანტები და ახლაღა დავფიქრდი წამოსვლაზე.

  • ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯე, ნორმალურ საქართველოში მინდა ვიცხოვრო

თურქ ხალხსაც შეეხო ინფლაციის ცუდი შედეგები, მაგრამ ემიგრანტებზე უფრო მწვავედ იმოქმედა ამან.

ლირის კურსის ცვლილებისთანავე, იმავე თვეში, აქ, თურქეთის მოქალაქეებს  ხელფასი და პენსია გაუზარდეს. თურქეთის ეკონომიკა უძლებს ამ რყევას ჯერჯერობით. გაჭირვება აქ არავის ეტყობა.

ჩვენ, ემიგრანტებს, ხელფასს დოლარზე გვიხდიან და როცა დოლარის კურსი გაიზარდა, გაუჭირდათ გადახდა.

მე ახლა 5500 ლირა მაქვს ხელფასი, აქ რომ დავიწყე მუშაობა, ეს 800 დოლარი იყო. ახლა 450 დოლარია. განახევრდა. აღარ ღირს აქ შრომად.

საქართველოს ხელისუფლებამ ხალხს უნდა მიაქციოს ყურადღება. ვისი მთავრობა უნდა იყოს, თუ საქართველო დაიცალა? მარტო მთავრობის მთავრობა უნდა იყოს საქართველოში? საშუალო ფენის, გლეხების და ხალხის მთავრობა გვინდა.

მე არ მინდა ხელისუფლება, რომელიც კანონებს საკუთარი თავისთვის წერს. ხალხისთვის რომ დაწერს კანონებს, ხალხს რომ დაეხმარება, არ დაახრჩობს ვალებში, მისცემს დაბალპროცენტიან სესხს, სულის მოთქმის, ფეხზე დადგომის საშუალებას რომ მისცემს მოქალაქეებს, ასეთი მთავრობა მინდა.

ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს და კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთნაირი.

  • ემიგრანტებმა ძალიან კარგად იციან, ნორმალური ადამიანი როგორ უნდა ცხოვრობდეს

სადაც კანონი კანონობს, იქ ხალხიც კარგადაა და ერთმანეთს შეურაცხყოფას არ აყენებენ, განსხვავებულ აზრს არ ლანძღავენ, არ თათხავენ.

ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯე, ნორმალურ საქართველოში მინდა ვიცხოვრო.

დავიღალე ხელისუფლებების ცვლილებით, დაპირებებით და მოტყუებებით. ხელისუფლებაში მყოფებს ნასწავლი აქვთ საზღვარგარეთ და ძალიან კარგად იციან, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი. ნუ სხედან და თვლემენ იქ, პარლამენტში. გლეხს მიხედონ, საშუალო ფენას მიხედონ, დააბრუნონ ემიგრანტები საქართველოში.

ემიგრანტი მედეა კონცელიძე სტამბოლიდან

ძალიან კარგად იციან, რომ მანდ ხალხს კი აჩერებენ, მაგრამ ევროპაში ნაცხოვრები და მდიდარ ოჯახებში ნამუშევარი ემიგრანტები რომ დაბრუნდებიან, მათ ვეღარ გააჩერებენ.

ემიგრანტებმა კარგად იციან საკუთარი უფლებები, ძალიან კარგად იციან ნორმალური ადამიანი როგორ უნდა ცხოვრობდეს. 12 წელია ვხედავ, როგორ ცხოვრობს სტამბოლში საშუალო ფენა. მდიდრებს აქ მილიონერებს და მილიარდერებს ეძახიან. საშუალო ფენა კი ცხოვრობს კარგად.

 

ბათუმელი ბუღალტერი, რომელიც გამხმარი ყვავილებისგან სამკაულებს ქმნის

23 წლის ბათუმელი ხატია ხოზრევანიძე პროფესიით ბუღალტერია, თუმცა პანდემიის დროს სხვა საქმიანობამაც გაიტაცა და აგერ უკვე წელიწადზე მეტია ჰერბარიუმისგან სამკაულებს ამზადებს. 

„ზოგადად, ძალიან მიყვარს ბუნება, ყვავილები განსაკუთრებით. როცა ვხედავდი უცხოურ საიტებზე მსგავს ნაკეთობებს, ყოველთვის აღფრთოვანებით ვუყურებდი და გამიჩნდა სურვილი, მეც გამეკეთებინა.

ყვავილები ძალიან მიყვარს და ყველაზე მეტად ის აღმაფრთოვანებს, რომ მათთვის ახალი სიცოცხლის მიცემა და სამუდამოდ შენახვა შემიძლია,“ – ამბობს ხატია. 

მოკლე ხანში ბრენდიც შექმნა და მას „ლულუნა“ დაარქვა:

ლულუნა ვარ მე, მეგობარმა შემარქვა და ძალიან მიყვარს, თან შეიცავს მთვარეს – ისიც ძალიან მიყვარს და ხშირად ვაკეთებ მთვარის აქსესუარებსაც. იდეაც ძალიან  მომეწონა – ლულუნას ლულუნები“. 

სამკაულების დამზადება ინტერნეტის საშუალებითა და კომპეტენტური ადამიანების რჩევებით ისწავლა, ნელ-ნელა ყველაფერი გამოუვიდა. 

ხატიას დამზადებული სავარცხლები. ფოტო: ლულუნა • Luluna/facebook

აქსესუარი, რომელიც პირველად შექმნა, ტელეფონის დამცავი იყო:

„2020 წლის გაზაფხულზე შევქმენი ტელეფონის ქეისი, რომელიც საკმარისად კარგი არ გამომივიდა  და შემდეგ დავიწყე ყელსაბამების კეთება.

ყოველთვის მქონდა გამხმარი ყვავილები. ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის შევქმენი, მერე ეს ჰობი ვაქციე ბიზნესად“.

გვირილა ხატიას  საყვარელი ყვავილია, აქსესუარშიც გამოიყენა და პირველი სამკაული, რომელიც ტელეფონის დამცავის შემდეგ დაამზადა, სწორედ გვირილას ყელსაბამი იყო.

„გიფსოფილები [მცენარე] მიყვარს ძალიან, ხშირად ვამზადებ აქსესუარებს მათი გამოყენებით“ – ამბობს ხატია.  

სამკაულებს ეპოქსიდისა და ჰერბარიუმისგან ამზადებს, ფორმებს ყალიბების საშუალებით ანიჭებს.

ხატიას დამზადებული ყელსაბამები. ფოტო: ლულუნა • Luluna/facebook
ხატიას დამზადებული ყელსაბამები. ფოტო: ლულუნა • Luluna/facebook

ხატია ამბობს, რომ აქსესუარებში გამოყენებულ მცენარეებს თავიანთი მნიშვნელობა აქვთ:

„ყვავილებს აქვთ თავიანთი დატვირთვა იმ კუთხით, რომ სამახსოვროდ შენახულ მცენარეებს ვიყენებ. მაგალითად, ჩემსას, მეგობრის ან მომხმარებლის, მაგრამ, ძირითადად, მაინც გემოვნების საკითხია“. 

დღისით თავისი ძირითადი პროფესიით მუშაობს, ამიტომ აქსესუარებს საღამოობით ამზადებს.

„ფიზიკურად არ მაქვს დრო, რომ დღისით ვიმუშაო, ამიტომ სამკაულებს ღამით ვამზადებ, თუმცა შექმნის პროცესი იმდენად სასიამოვნოა ჩემთვის, რომ არასოდეს ვიღლები.

თანაც ძალიან მოსწონთ მომხმარებლებს ჩემი ნაკეთობები, განსაკუთრებით, გვირილებიანი აქსესუარები და მათზე მოთხოვნაც დიდია.

ისეც ყოფილა, რომ გვიან ღამით შემხმიანებია მომხმარებელი და დაძინების ნაცვლად აქსესუარები გამიკეთებია.

კეთებისას დროს ვერასდროს ვაკონტროლებ.

ჩემს ნაკეთობებს ინდივიდუალიზმი ახასიათებს. მათ სიყვარულით ვქმნი, მომხმარებლის სურვილს ვითვალისწინებ და ბუნებრივ ყვავილებს ვიყენებ,“ – ამბობს ხატია. 

ხატიას დამზადებული ბეჭდები. ფოტო: ლულუნა • Luluna/facebook
ხატიას დამზადებული ყელსაბამები. ფოტო: ლულუნა • Luluna/facebook

სამკაულები რამდენჯერმე ფესტივალებსა და  გამოფენებზეც გაუტანია, მაგრამ, უმეტესად, სოციალური ქსელების დახმარებით ყიდის:

„ძირითადად, ვყიდი ონლაინ, ერთ-ერთ მაღაზიაშიც მიდევს სამკაულების ნაწილი.

გამოფენებზეც გამიტანია – შავი ზღვის ფესტივალზე და მანდარინის ფესტივალზე.

გამოფენებმა თავდაჯერებულობა შემმატა იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი დადებითი შეფასება იყო მომხმარებლებისგან.

ამან მოტივაცია მომცა, რომ გამეგრძელებინა ამ საქმის კეთება“. 

ამბობს, რომ სამკაულს, რომელიც თავისთვის დაიმზადა, არასოდეს გაყიდის:

„ჩემთვის მაქვს დამზადებული ერთი ყელსაბამი ნეკერჩხლის ფოთლით, რომელსაც არ გავყიდი“. 

ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ამჯერად ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს. უცნობია, როდემდე იქნება ის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბათუმის სასამართლოში თავმჯდომარის დანიშვნას არ ჩქარობს.

2016 წლიდან 2021 წლის აგვისტომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი იყო. ის სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა. აგვისტოდან სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მოსამართლე დავით კეკენაძე ასრულებდა, რომელიც უკვე პენსიაში გავიდა.

რატომ არ ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს? – საბჭოს პრესცენტრში განმარტეს, რომ კანონი არ აწესებს კონკრეტულ ვადას თავმჯდომარის დასანიშნად, ხოლო თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება ჯუმბერ ბეჟანიძეს დაეკისრა.

„უახლოეს პერიოდში საბჭო იმსჯელებს ამ საკითხზე, კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით,“ – გვითხრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში.

ჯუმბერ ბეჟანიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა 1999 წლიდან. 2004 წელს ის ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეც გახდა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2005 წლის 16 აგვისტოს, იგი უშუალოდ პრეზიდენტის დადგენილებით გაათავისუფლეს. 2008 წელს ჯუმბერ ბეჟანიძე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გახდა, 2009 წლიდან კი, ჯუმბერ ბეჟანიძე ისევ ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.

2019 წლიდან ჯუმბერ ბეჟანიძე უვადო მოსამართლედ გაამწესეს.

ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში სულ 10 მოსამართლეა, მათ შორის, 3 მოსამართლე განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მოსამართლეობისთვის თავის დანებებას აპირებს თამარ ბეჟანიშვილი, თუმცა ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დაგვიდასტურეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

„თუ ადამიანს კიდური არ აქვს, ამოუვა?“ – რატომ ითხოვს სახელმწიფო შშმ სტატუსის გადამოწმებას

რატომ არ გადადის სახელმწიფო შშმ პირის სტატუსის მინიჭების სოციალურ მოდელზე და რა პრობლემის წინაშე აყენებს ეს შშმ პირებს?

საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას გაეროში 2009 წელს მოაწერა ხელი, რითაც დაადასტურა სახელმწიფოს მიზნების თანხვედრა იმ მიზნებსა და პრინციპებთან, რომლებსაც აღნიშნული კონვენცია ეყრდნობა.

2013 წლის 28 დეკემბერს კი, საქართველოს პარლამენტმა ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რომელიც მომდევნო წელს შევიდა ძალაში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესებიდან ცხრა წელი გავიდა, საქართველო დღემდე არ გადასულა სოციალურ მოდელზე და, შესაბამისად, არც შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებულა ქვეყანაში. ამ ფაქტს 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველიც გამოეხმაურა.

შშმ პირების თქმით, ხელისუფლებას ამ ხნის მანძილზე არც ერთი რეალური რეფორმა არ გაუტარებია. დღემდე არ არის შემუშავებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შეფასების სოციალური მოდელი, არ შექმნილა გაეროს კონვენციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი მექანიზმი, არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი სტატისტიკა და ასე შემდეგ.

„ბათუმელები“ ესაუბრა დეა ერემაშვილს, რომელიც შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის – „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კონსულტანტია და ასევე, თავადაც არის შშმ პირი.

დეას თქმით, სტატუსის მინიჭების დროს ბიუროკრატიული ბარიერების წინაშე დგანან შშმ პირები და ასევე არ არის გათვალისწინებული ინდივიდუალური საჭიროებები.

„მაგალითად, პრობლემაა ის, რომ არასრულწლოვნების შემთხვევაში სტატუსის გადამოწმება ხდება ყოველ წელს და იმისათვის, რომ გაუგრძელდეს შშმ პირს სტატუსი, გარკვეული სამედიცინო კვლევებია ჩასატარებელი.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, გარკვეულ კვლევებს სახელმწიფო 70 პროცენტით აფინანსებს, თუმცა გვაქვს შემთხვევები, როცა გარკვეული სამედიცინო დაწესებულებები მაინც 100 პროცენტით ახდევინებენ თანხას.

ნერვოლოგის და ფსიქიატრის მომსახურების გარდა ყველა სხვა კვლევა უფასოდ უნდა მიიღონ შშმ პირებმა, თუმცა ასე არ ხდება. ჩვენ ვიცით ერთ-ერთი შემთხვევა, როცა 120 ლარი გადაახდევინეს სტატუსის მინიჭებისთვის.

თუ ექიმის კონსულტაცია 50 ლარი ღირს და სახელმწიფო 70%-ით მაფინანსებს, 120 ლარი რატომ უნდა გადაახდევინოს კლინიკამ შშმ პირს? იმასაც კი არ ეუბნებიან, რაში ახდევინებენ ამ თანხას“, – გვეუბნება დეა ერემაშვილი.

მისი აზრით, ასევე გაუგებარია, თუ რატომ სთხოვს სახელმწიფო სტატუსის გადამოწმებას ისეთ შშმ პირებს, ვის შემთხვევაშიც წლების გასვლის შემთხვევაშიც, რეალურად, არაფერი შეიცვლება.

„მაგალითად, ადამიანს კიდური აქვს ამპუტირებული. ყველა ორ წელიწადში რომ სტატუსის გადამოწმებას სთხოვს, რა, კიდური ამოუვა იმ ადამიანს? სმენის არმქონეს ან დაუნის სინდრომის მქონეს, რატომ სჭირდება ყველა ორ წელიწადში გადამოწმება, დიაგნოზი შეიცვლება? ანუ ორ წელიწადში დაუნის სინდრომი აღარ ექნება ადამიანს? ვფიქრობ, ფულს აკეთებენ უბრალოდ“, – ამბობს დეა.

დეა აქცენტს აკეთებს იმ შშმ პირების მდგომარეობაზეც, რომლებიც სოფლად ან მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ.

„თოვლი რომ მოვა და გზა ჩაიკეტება, ამ პერიოდში თუ მოუწევს პირს სტატუსის გადამოწმება და ვერ მოასწრებს, პენსია უჩერდება. ეს ნორმალურია?

ჩვენი თანამშრომლის შვილი ახლახან გახდა 18 წლის და, წესით, მუდმივი სტატუსი უნდა მიენიჭებინათ. მიანიჭეს მხოლოდ 1 წლით, რატომ? აუტიზმის სპექტრი ერთ წელიწადში გაქრება?“ – კითხულობს დეა ერემაშვილი.

მის თქმით, მსგავსი ხარვეზების აღმოფხვრას სწორედ სოციალური მოდელი შეუწყობს ხელს, რომელზეც სახელმწიფო აქამდე ჯერ კიდევ არ გადავიდა.

„სოციალური მოდელი ამას აღმოფხვრის, რადგან ამ მოდელით შეფასების მენეჯერი გადაამოწმებს შშმ პირის მდგომარეობას და თუ სხვა რაიმე დამატებითი სერვისი გჭირდება, დაამატებენ“.

დეას თქმით, პანდემიის პერიოდში შშმ პირებმა ვერ მიიღეს 100-ლარიანი დახმარება მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სისტემამ შეუშალა ხელი.

„როცა შშმ პირი გადადის ასაკობრივი პენსიის მიმღებთა ბაზაში, იქ არ მიჰყვება სტატუსი და სისტემა ვერ ხვდება, რომ ესა თუ ის ადამიანი შშმ პირია. შესაბამისად, მას უწყდება შშმ პირის პენსია. ამ პრობლემით მოგვმართა 7-მა ადამიანმა პანდემიის პერიოდში, რადგან სახელმწიფო დახმარებების გაცემის დროს ისინი ასაკობრივი პენსიის ბაზაში გადავიდნენ, ვეღარ დაინახა სისტემამ და 100-ლარიანი დახმარება დაკარგეს. მივმართეთ სახელმწიფოს და კვლავ აისახა მათი სტატუსი, მაგრამ ეს პროცესი დროშია გაწელილი და  შშმ პირის 2 თვის პენსია ვეღარ აიღეს“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის კოორდინატორი აჭარაში თომა კაკაბაძე ასევე საუბრობს არსებული მოდელის ხარვეზებზე.

მისი თქმით, დღეს არსებული სამედიცინო მოდელი ხედავს მხოლოდ დიაგნოზს და ამაზე დაყრდნობით ანიჭებს სტატუსს, ერთი დიაგნოზის ქვეშ კი რამდენიმე ადამიანი შეიძლება ერთიანდებოდეს. მაგალითად, ერთ ადამიანს ცერებრალური დამბლა შესაძლოა მსუბუქი ფორმით ჰქონდეს და დამოუკიდებლადაც გადაადგილდებოდეს, მაგრამ მეორე შემთხვევაში, შესაძლოა ეტლით მოსარგებლე იყოს პირი.

ერთ შემთხვევაში შესაძლოა არ ჰქონდეს ინტელექტუალური შეზღუდვა პირს, მეორე შემთხვევაში შესაძლოა ეტლშიც იჯდეს და სხვა მრავლობითი დარღვევებიც ჰქონდეს. ეს ყველაფერი შესაძლოა გაერთიანებული იყოს ერთი დიაგნოზის ქვეშ.

„ამიტომ ახალი, სოციალური მოდელი, ამის დიფერენცირებას მოახდენს და კონკრეტულ ადამიანს,  რა საჭიროებაც აქვს, იმის მიხედვით მიენიჭება სტატუსი. ამასთან, სახელმწიფო ზუსტად განსაზღვრავს და მიზნობრივ პროგრამებს შეიმუშავებს იმის მიხედვით, თუ ვის რა საჭიროებები გააჩნია და არ ექნება ვარაუდზე აგებული პროგრამები.

რის გამოც წელიწადში ორჯერ უწევთ ბიუჯეტის შეცვლა და მაინც არ არის საკმარისი, მუდმივად მომლოდინეთა რიგებია. უფრო ნათელი გახდება, ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება ადამიანს, თუ მხოლოდ დამხმარე საშუალებებიც საკმარისია; პერსონალური ასისტენტი სჭირდება, თუ შინ მოვლის პროგრამა. ამ ყველაფერს კი ბიო-ფსიქოსოციალური მოდელი შემოიტანს“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

მისი თქმით, თუ ამ მოდელით მიანიჭებენ სტატუსებს, ეს სახელმწიფოს მისცემს სრულყოფილ და ზუსტ სტატისტიკას შშმ პირების რაოდენობაზე.

სოციალურ მოდელზე გადასვლის გეგმა სახელმწიფომ 2023 წლის პირველ იანვრამდე უნდა შეადგინოს. თუმცა როგორც შშმ პირები ამბობენ, რეალურ ძვრებს ამ მიმართულებით ვერ ხედავენ.

Exit mobile version